ლამი: “ბაიერნი” მომდევნო ეტაპზე გასვლას იმსახურებდა”

უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე მადრიდის “რეალსა” და მიუნხენის “ბაიერნს” შორის გამართული მატჩი (4:2) გერმანული გუნდის კაპიტანმა ფილიპ ლამმა შეაჯამა.

“ბაიერნმა” მამაცურად ითამაშა. ჩვენ გამარჯვება და მომდევნო ეტაპზე გასვლა გვინდოდა. დამატებით დროში მარცხი მტკივნეულია, მაგრამ ამ დაპირისპირებაში საათზე მეტი რიცხობრივ უმცირესობაში ვიყავით. მძიმე გრძნობაა, რომ ჩემი კარიერის ბოლო სეზონში უფრო შორეულ ეტაპზე გასვლა ვერ მოვახერხეთ. ვფიქრობ, გუნდი მომდევნო ეტაპზე გასვლას იმსახურებდა”, – ლამის კომენტარი უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ლამმა ჩემპიონთა ლიგაზე “ბაიერნის” ფორმით მეასე მატჩი ჩაატარა

უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მიუნხენის “ბაიერნმა” საკუთარ მოედანზე “პეესვე ეინდჰოვენი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 4:1 დაამარცხა.

შეხვედრა სრულად ჩაამთავრა ბავარიელთა მცველმა ფილიპ ლამმა. 32 წლის ფეხბურთელისთვის ეს ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე “ბაიერნის” რიგებში ჩატარებული მე-100 შეხვედრა გახლდათ. მიუნხენური გუნდის შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული მატჩების რაოდენობით ლამი მხოლოდ ოლივერ კანს ჩამორჩება, რომელმაც აღნიშნულ ტურნირზე 103 შეხვედრაში ითამაშა.

ლამი: “იუვენტუსს” მეტოქის ნებისმიერი შეცდომის გამოყენება შეუძლია”

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე ტურინის “იუვენტუსსა” და მიუნხენის “ბაიერნს” შორის გამართული პირველი შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა. ბავარიული გუნდის კაპიტანმა ფილიპ ლამმა მატჩის შემდეგ აღნიშნა, რომ “ბებერ სინიორას” მეტოქის ნებისმიერი შეცდომის გამოყენება შეუძლია.

“მშვენიერი თამაში გამოვიდა. “იუვენტუსი” ძლიერი გუნდია, რომელსაც მეტოქის ნებისმიერი შეცდომის გამოყენება შეუძლია. პირველი 60 წუთის განმავლობაში სრულად ვდომინირებდით, თამაშის მიმდინარეობას ვაკონტროლებდით და მეტოქეს არაფრის გაკეთების საშუალება არ მივეცით”, – ლამის კომენტარი უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

შეგახსენებთ, რომ “ბაიერნსა” და “იუვენტუსს” შორის საპასუხო მატჩი 16 მარტს გაიმართება.

 

ლამი: “გვარდიოლას ვერასდროს გავუგებ”

მიუნხენის “ბაიერნის” მცველმა ფილიპ ლამმა განაცხადა, რომ გუნდის მთავარ მწვრთნელ ხოსეპ გვარდიოლას ვერასდროს გაუგებს. შეგახსენებთ, რომ ესპანელი სპეციალისტი ბავარიულ კლუბს მიმდინარე სეზონის ბოლოს დატოვებს.

“ვიცოდი გვარდიოლას მოტივაციის შესახებ, ვიცოდი, რომ მას ინგლისში მუშაობა სურდა. მის ამ გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ. პირადად მე მას ვერასდროს გავუგებ. სწორედ ამიტომ, “ბაიერნიდან” არასდროს არ წავალ. ამ კლუბში ყველაფერი მაქვს, რაც საჭიროა”, – აღნიშნა ლამმა “კიკერისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

 

ლამი კარიერას 2018 წელს დაასრულებს

მიუნხენის “ბაიერნის” კაპიტანი ფილიპ ლამი 2018 წელს პროფესიონალური კარიერის დასრულებას აპირებს. იმ დროისთვის გერმანელი მცველი 34 წლის იქნება. შეგახსენებთ, რომ ლამმა 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ სანაკრებო კარიერა დაასრულა.

“ერთხელ ვთქვი, რომ არასდროს არ უნდა თქვა “არასდროს” და ეს ისე გაიგეს, თითქოს გადაწყვეტილების შეცვლას ვაპირებდი. ასე არ არის. უკვე გადაწყვეტილი მაქვს, რომ 2018 წელს კარიერას დავასრულებ. მნიშვნელოვანია, რომ ამ მოვლენისთვის მოვემზადო”, – ლამის სიტყვები გერმანულმა გამოცემა “ბილდმა” გამოაქვეყნა.

 

ლამი: “ყველაფერი განმეორებით მატჩში გადაწყდება”

უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე “პორტუმ” მიუნხენის “ბაიერნი” ანგარიშით 3:1 დაამარცხა. მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა ბავარიული გუნდის კაპიტანმა ფილიპ ლამმა.

“ყოველთვის ვცდილობთ, რომ დაცვაში მჭიდროდ ვითამაშოთ, თუმცა ასეთი სტილი შეიძლება საშიში გამოდგეს.

თავს ვერ გავიმართლებთ, შეცდომას ყველა უშვებს. მატჩის დასაწყისში ცუდად არ გამოვიყურებოდით, მაგრამ სწრაფი გოლი მივიღეთ. შემდეგ “პორტუმ” ანგარიში 3:1 გახადა.

იმედგაცრუებულნი ვართ, თუმცა ყველაფერი განმეორებით შეხვედრაში გადაწყვდება”, – ციტირებს ლამის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.

 

რუმენიგე: “შესაძლოა, ლამი “ბაიერნის” ხელმძღვანელი გახდეს”

მიუნხენის “ბაიერნის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე კარლ-ჰაინც რუმენიგე არ გამორიცხავს, რომ ადრე თუ გვიან კლუბის ხელმძღვანელი გუნდის ამჟამინდელი კაპიტანი ფილიპ ლამი გახდეს.

“ვფიქრობ, მომავალში მას ჩემი ადგილი დაკავება შეეძლება, თუ ამის ინტერესი ექნება. მე მას ამის შესახებ კონტრაქტის გაფორმებისას ვესაუბრე. ლამი არამხოლოდ “ბაიერნის” სიმბოლო და შესანიშნავი ფეხბურთელი, არამედ გონიერი ადამიანიც გახლავთ”, – რუმენიგეს კომენტარი გაზეთ Welt am Sonntag-ში გამოქვეყნდა.

შეგახსენებთ, რომ 31 წლის ლამს ბავარიულ კლუბთან მოქმედი შრომითი ხელშეკრულება 2018 წელს ეწურება.

 

ფილიპ ლამი სამ თვეს გამოტოვებს

როგორც გუშინ გაცნობეთ, მიუნხენის “ბაიერნის” კაპიტანმა ფილიპ ლამმა გუნდის ბოლო ვარჯიშზე ერთ-ერთ თანაკლუბელთან ორთაბრძოლისას ტრავმა მიიღო.

დაზიანების შემდეგ გერმანელმა ფეხბურთელმა მოედნის დამოუკიდებლად დატოვება ვერ შეძლო და გერმანულ პრესაშიც უმალ გაჩნდა ინფორმაცია, რომ ტრავმა საკმაოდ სერიოზული სახისაა.

ფილიპ ლამს სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა, რის შემდეგ გაირკვა, რომ ფეხბურთელს მარჯვენა კოჭი აქვს გატეხილი. ლამი ტრავმის გამო სამ თვეს გამოტოვებს.

Philipp Lahm injury

 

ფილიპ ლამმა მძიმე ტრავმა მიიღო

მიუნხენის “ბაიერნის” მცველმა ფილიპ ლამმა დღევანდელ ვარჯიშზე ერთ-ერთ თანაგუნდელთან ორთაბრძოლისას ტრავმა მიიღო.

დაზიანების ხარისხი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა გერმანულ პრესაში უკვე გაჩნდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ლამმა სერიოზული ტრავმა მიიღო. დაზიანების შემდეგ გერმანელმა ფეხბურთელმა მოედნის დამოუკიდებლად დატოვება ვერ შეძლო.

ფილიპ ლამს სამედიცინო გამოკვლევა უტარდება. დიაგნოზი ამ საღამოს უნდა დაისვას.

 

მოურინიო ლიოვს ლამთან დაკავშირებით არ ეთანხმება

ლონდონის „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო თვლის, რომ გერმანიის ნაკრების კაპიტანი ფილიპ ლამი ფლანგის მცველის ამპლუაში უკეთ წარმოაჩენს თავს, ვიდრე ცენტრალურ ნახევარმცველად.

„საოცრად მომწონს ფლანგის მცველის პოზიციაზე ლამის თამაში. არ აქვს მნიშვნელობა, მარცხენა ფლანგი იქნება ეს თუ მარჯვენა. ის ყოველთვის აგრესიულად ერთვება შეტევებში, გამოირჩევა კარგი გადაცემებითა და საჯარიმოში ჩაწოდებებით. მარცხენა ფლანგზე თამაშის დროს, ის დასარტყმელად ცენტრში იწევს. მისი თამაში ძალიან მომწონს, თუმცა იოაჰიმ ლიოვი მას ნახევარდაცვის ცენტრში აყენებს. ლიოვს საკუთარი იდეები და მოსაზრებები აქვს, რასაც პატივი უნდა ვცეთ“, – განაცხადა მოუწინიომ.

 

ლამი: „ეს არ არის ჩვენი სათამაშო სტილი“

უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე მიუნხენის „ბაიერნსა“ და მადრიდის „რეალს“ შორის გამართული მატჩი „სამეფო კლუბის“ დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 4:0 დასრულდა. ამრიგად, ფინალში მონაწილე ერთი გუნდის ვინაობა გაირკვა.

მატჩის შემდეგ ბავარიული კლუბის კაპიტანმა ფილიპ ლამმა კომენტარი გააკეთა.

„იმედგაცრუებულები ვართ. ტაქტიკურად კარგად ვერ ვითამაშეთ, თავიდანვე გავიხსენით. პირველ მატჩში თამაშის მიმდინარეობას ჩვენ ვაკონტროლებდით, დღეს კი მეტოქეს ფართო სივრცე მივეცით. ეს არ არის ჩვენი სათამაშო სტილი. სამაგიეროდ, ასეთი თამაში მოწინააღმდეგეს ძალიან მოეწონა“, – ლამის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი ციტირებს.

ბექა დოგრაშვილი

ლამი: „ასე არ უნდა ვთამაშობდეთ“

მიუნხენის „ბაიერნის“ კაპიტანმა ფილიპ ლამმა „მანჩესტერ სიტისთან“ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩი შეაფასა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ შეხვედრაში მიუნხენელები 2:0-ს იგებდნენ, თუმცა, საბოლოო ჯამში, მაინც დამარცხდნენ.

„იმაზე უკეთესად უნდა ვთამაშობდეთ, ვიდრე დღეს ვითამაშეთ. კარგია, რომ ეს მარცხი სატურნირო ცხრილზე არ იმოქმედებს“, – განაცხადა ლამმა.

ალექსანდრე მატევოსოვი