ტურინის “იუვენტუსის” ახალგაზრდა ფეხბურთელი, პოლ პოგბა აცხადებს, რომ მას “ბიანკონერი” უყვარს.
შეგახსენებთ, რომ 20 წლის ნახევარმცველი ტურინულ კლუბში 2012 წელს, “მანჩესტერ იუნაიტედიდან” გადავიდა.საფრანგეთის ნაკრების მოთამაშემ უკვე მოახერხა ის, რომ “იუვენტუსის” გულშემატკივრებს თავი შეაყვარა.
“იუვენტუსის” ფანებს ჩემი დაკარგვის ეშინიათ? ვფიქრობ, ჯერ კიდევ არ ვარ ის ფეხბურთელი, რომელიც ასეთ დაფასებას იმსახურებს. სიმართლე რომ ვთქვა, ჯერ არაფერი გამიკეთებია.
“იუვენტუსში” დიდებული ფეხბურთელები თამაშობენ. საკმარისია, რომ ანდრეა პირლოსა და ჯანლუიჯი ბუფონს დააკვირდე და მათგან ბევრ რამეს ისწავლი. დავასრულებ თუ არა კარიერას “ბიანკონერიში”? ვფიქრობ, კარიერის დასრულებაზე საუბარი ძალიან ადრეა.
შემიძლია, ვთქვა, რომ ტურინში ძალიან ბედნიერი ვარ. “იუვენტუსი” მიყვარს და სურვილი მაქვს, აქ დიდი ხნით დავრჩე. ამ ეტაპზე, ჩემი თავი სხვა კლუბში არ წარმომიდგენია.”
როგორც, პოგბა ამბობს, მას იტალიური ფეხბურთი მოსწონს და ფიქრობს, რომ იტალიაში მოთამაშეები, ტაქტიკურად, ბევრს სწავლობენ.
“რატომ ავირჩიე იტალია? სერია A ფეხბურთის უნივერსიტეტია. აქ, ტაქტიკურად, ძალიან ბევრ რამეს ისწავლი. ჩემი აზრით, თუ იტალიაში საუკეთესო ნახევარმცველი ხარ, მაშინ მსოფლიოშიც საუკეთესო ხარ. გამიმართლა, რომ ანტონიო კონტე ჩვენი გუნდის თავკაცია. ის მართლაც კარგი მასწავლებელია.”
ბავშვობაში, პოგბასათვის ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელი “მილანის” ნახევარმცველი, რიკარდო კაკა იყო.
“ბავშვობაში, ჩემი კერპი კაკა იყო. თუმცა, ვფიქრობ, რომ ყველაზე მეტად იაია ტურესა და აბუ დიაბის ვგავარ. “იუვენტუსში” ბრწყინვალე ნახევარმცველები გვყავს.”
დიტო ჭიჭინაძე