“პარი სენ-ჟერმენი” ჟერომ ბოატენგის ტრანსფერში სოლიდურ თანხას იხდის

“პარი სენ-ჟერმენის” ხელმძღვანელებს ზაფხულის მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე ახალი ფავორიტი ჰყავთ. Sky Sports-ის ცნობით, პარიზელები ყველაფერს აკეთებენ “ბაიერნის” მცველის, ჟერომ ბოატენგის, გულის მოსაგებად.

საფრანგეთის მოქმედი ჩემპიონები 2018/19 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის მოგებას აპირებენ, რისთვისაც დაცვის ხაზის გაძლიერება სჭირდებათ. ახალი არავისთვის არის ის ფაქტი, რომ ნასერ ალ-ხელაიფი მზადაა, ნებისმიერი თანხა გაიღოს სასურველი მიზნის მისაღწევად.

ბრიტანული გამოცემების თანახმად “პარი სენ-ჟერმენმა” 50 მილიონ წინადადებაზე მიღებული უარის შემდეგ, ფსონი ოცი მილიონით გაზარდა. თუმცაღა “ბავარიელები” 80 მილიონს ითხოვენ.

შეგახსენებთ, რომ 29 წლის გერმანელ მცველს ბოლო 7 სეზონი “ბაიერნში” აქვს გატარებული.

მბაპე კანტეს პარიზში იწვევს: “ჯიბეში წერილი ჩავუგდე”

“პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელი კილიან მბაპე აღიარებს, რომ ნაკრებში ყოფნისას “ჩელსის” ნახევარმცველს, ნგოლო კანტეს ფრანგულ გრანდში გადასვლაზე ესაუბრებოდა.

“პარი სენ-ჟერმენის” პრეზიდენტი ნამდვილად მესაუბრებოდა კანტეს შესახებ. მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას კანტეს მეც ველაპარაკე ამის თაობაზე, თუმცა ჩვენი საუბარი დიდ ხანს არ გაგრძელებულა – ვიცი, რა ხდება, როდესაც ტვინს ტრასნფერზე საუბრით გიტენიან.

სიმართლე გითხრათ, ვარჯიშისას მას ჯიბეში წერილიც ჩავუგდე, რათა შინ დაბრუნებულს წაეკითხა. ასეც მოხდა და მისგან მოკლე პასუხი მივიღე,” – აცხადებს კილიან მბაპე.

ტუჰელი: “მინდა რაბიო დარჩეს, თუმცა ეს მისი გადასაწყვეტია”

ტომას ტუჰელმა “პარი სენ-ჟერმენის” ნახევარმცველზე საუბრისას აღნიშნა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება თავად ფეხბურთელმა უნდა მიიღოს. შეგახსენებთ, რომ ეს უკანასკნელი ზაფხულის მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე “ბარსელონას” ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა.

“რაბიოს მომავალი მის ხელშია, მან უნდა გადაწყვიტოს კონტრაქტის გახანგრძლივება უფრო სწორი იქნება, თუ ახალი გამოწვევები მიიღოს,” – განაცხადა ტუჰელმა “ბაიერნის” წინააღმდეგ გამართული მატჩის შემდეგ.

“რა თქმა უნდა, მინდა, რომ რაბიო დარჩეს, თუმცა ეს მხოლოდ მისი გადასაწყვეტია. ყველამ იცის, თუ რამდენად დიდი პოტენციალის მატარებელია. ჩვენ მისი საუკეთესო ფორმა ჯერაც არ გვინახავს. მასთან დიდი სიამოვნებით ვითანამშრომლებდი,” – დაამატა ტუჰელმა.

ნეიმარმა სიმულაციასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი თემა ნეიმარის სიმულიანტობა იყო. “პარი სენ-ჟერმენის” ფეხბურთელი ამ საკითხზე გულახდილად საუბარს არ მოერიდა.

“თქვენ გგონიათ მინდა, რომ სულ მირტყამდნენ? არა, ეს ძალიან მტკივნეულია. მატჩის შემდეგ ოთხი-ხუთი საათის განმავლობაში ვიდებ ფეხზე ყინულს. რთულია ამ ტკივილის წარმოდგენა, სანამ თავად არ განიცდით.

ხუმრობებს, რა თქმა უნდა, იუმორით ვუყურებ. თუმცა ფაქტია, რომ ჩემი საქმე დრიბლინგია. ვერ დავდგები და მეტოქეს ვერ ვეტყვი, ბოდიში, გოლი უნდა გაგიტანო მეთქი.
მეტოქე უნდა მოვატყუო, უნდა გავცდე ის კი, რა თქმა უნდა, ამის საშუალებას არ მომცემს. ხშირ შემთხვევაში მე უფრო სწრაფი ვარ და ამიტომაც, ის იძულებულია დაჯარიმდეს. მსაჯიც სწორედ იმისთვის არის, რომ ეს შეამჩნიოს,” – აცხადებს ნეიმარი.

“პარი სენ-ჟერმენი” მზადაა, კოუტინიოს ტრანსფერში 270 მილიონი გადაიხადოს

“პარი სენ-ჟერმენის” ხელმძღვანელები არ წყვეტენ ჩვენს გაოცებას. ამჯერად “პარიზელების” მთავარ სამიზნეს “ბარსელონას” ბრაზილიელი ნახევარმცველი ფილიპე კოუტინიო წარმოადგენს.

როგორც ცნობილი ხდება, “პსჟ” მზადაა 26 წლის ფეხბურთელის ტრანსფერში რეკორდული თანხა – 270 მილიონი ევრო გადაიხადოს. თუმცა ეს თანხა არა პირდაპირ კლუბის, არამედ მისი აგენტის ანგარიშზე დაირიცხება.

შეგახსენებთ, რომ ჰავბეკის კონტრაქტში მის გამოსასყიდ თანხად 400 მილიონი ევროა მითითებული, ხელშეკრულებას კი ვადა 2023 წელს ეწურება.

საფრანგეთის ჩემპიონს კოუტინიოს ტრასნფერის იდეა მისმა თანამემამულემ, ნეიმარმა, მიაწოდა, რომელიც “პსჟ”-ში “ბარსელონადან” გადაბარგდა 222 მილიონი ევროს სანაცვლოდ.

კოუტინიო, თავის მხრივ, მიმდინარე წლის ზამთარში გადავიდა “ლივერპულიდან” “ბარსელონაში”. “ლურჯ-ბროწეულისფრებს” მისი ტრანსფერი 125 მილიონი ევრო დაუჯდათ.

რივალდო: “ნეიმარი “პარი სენ-ჟერმენში” ოქროს ბურთს ვერ მოიგებს”

ბრაზილიური ფეხბურთის ლეგენდა რივალდო მიიჩნევს, რომ ნეიმარი ვერასოდეს შეძლებს ოქროს ბურთის მოგებას, თუ “პარი სენ-ჟერმენის” რიგებს არ დატოვებს.

“ჩემი გადმოსახედიდან, ნეიმარი ოქროს ბურთს “პარი სენ-ჟერმენში” ვერასოდეს მოიგებს. თუ მას წარმატებების მიღწევა უნდა, მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში უნდა გადავიდეს.

“პარი სენ-ჟერმენში” ახალი მწვრთნელი ჰყავთ ტომას ტუჰელის სახით, მისი ხელმძღვანელობით კი ის ოქროს ბურთის მოგებას უბრალოდ ვერ შეძლებს. ფეხბურთს, რომელიც მას სჭირდება, ესპანეთში თამაშობენ. ამიტომაც არის ასეთი მნიშვნელოვანი მისთვის “რეალში” გადასვლა.

მჯერა, რომ ყველაფერი გამოვა. “პსჟ” არ არის ისეთი ტრადიციული კლუბი, როგორიც “რეალი”, “ბარსელონა”, “მანჩესტერ იუნაიტედი” და “ბაიერნია”,” – აცხადებს რივალდო.

მბაპემ ვარჯიშზე მიღებული ტრავმის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა

საფრანგეთის ნაკრებისა და “პარი სენ-ჟერმენის” ახალგაზრდა ვარსკვლავმა, კილიან მბაპემ, ვარჯიშისას ტრავმა მიიღო. ეს უკანასკნელი ადილ რამისთან შეჯახებამ დააზიანა.

საბედნიეროდ, 19 წლის ფეხბურთელის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და ის მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობას შეძლებს:”ყველაფერი რიგზე მაქვს. მხოლოდ სილურჯეა, სერიოზული არაფერი. მადლობას გიხდით გამამხნევებელი წერილებისთვის.

და კიდევ, თავი დაანებეთ რამის, მას ეს განძრახ არ გაუკეთებია,” – ვკითხულობთ მბაპეს მიერ გამოქვეყნებულ პოსტში.

ლა ლიგის პრეზიდენტი: “რეალს” შეუძლია, მაგრამ ნეიმარის ტრანსფერში 400 მილიონს არ გადაიხდის”

ესპანური ლა ლიგის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა, პრესასთან ნეიმარის “პარი სენ-ჟერმენიდან” მადრიდის “რეალში” გადასვლის შესაძლებლობაზე საუბრისას აღნიშნა, რომ “პარიზელებმა” ნეიმარის გადაბირებისას დაუწერელი წესები დაარღვიეს.

“არ ვცდილობ “პარი სენ-ჟერმენის” გაკრიტიკებას ნეიმარში გადახდილი კოსმიური თანხის გამო.უბრალოდ საინტერესოა, იმ თანხის წარმომავლობა, რომლითაც ნეიმარი იყიდეს.

“პსჟ”-ს ანგარიშზე ეს თანხა სპორტული პროექტების მოგების ხარჯზე არ დარიცხულა. ნეიმარი მხოლოდ იმიტომ ღირს ამდენი, რომ კატარელმა მილიარდელმა შეძლო ამ თანხის გამოყოფა.

უკვე ვთქვი, რომ “რეალი” არ აპირებს ნეიმარის ტრანსფერში 400 მილიონის გადახდას, მიუხედავად იმისა, რომ “რეალს” სპორტული საშუალებებით დაახლოებით ამდენივე აქვს გამომუშავებული და დახარჯვის უფლებაც აქვს,” – აცხადებს ტებასი.

დანი ალვეში, შესაძლოა, ესპანურ ლა ლიგას დაუბრუნდეს

“პარი სენ-ჟერმენის” ბრაზილიელმა მცველმა, დანი ალვეშმა, შესაძლოა, კლუბი გამოიცვალოს. ამ ინფორმაციას ესპანური გამოცემა Sport ადასტურებს.

როგორც ცნობილი ხდება, 35 წლის დანი ალვეში “სევილიას” ხელმძღვანელებთან აწარმოებს მოლაპარაკებებს. შეგახსენებთ, რომ “დალაქების” ღირსებას ბრაზილიელი 2003-08 წლებში იცავდა.

ესპანური წყაროს ცნობით, “პარი სენ-ჟერმენის” ახალი მთავარი მწვრთნელი, ტომას ტუჰელი, დანი ალვეშს ძირითადის ფეხბურთელად არ მიიჩნევს და მისი გაყიდვა უნდა. ალვეშის მიმდინარე კონტრაქტს კი ვადა 2019 წლის 30 ივნისს ეწურება.

რა უთხრა მოდრიჩმა ნეიმარს შეხვედრის დროს?

გუშინ “ენფილდზე” ხორვატიისა და ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრებებმა ამხანაგური პაექრობა გამართეს, რომელიც სამხრეთ ამერიკელთა გამარჯვებით დასრულდა, ანგარიშით 2-0.

აღსანიშნავია, რომ მატჩის შემდეგ ლუკა მოდრიჩმა და ნეიმარმა მაისურები გაცვალეს. “რეალის” ხორვატმა “ათიანმა” ეს მომენტი გამოიყენა და ნეიმარს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ მადრიდში მას ელიან – “ჩვენ გელოდებით”.

რონალდუს დედა: “პარიზი? მირჩევნია ჩემი შვილი მანჩესტერში დაბრუნდეს”

კრიშტიანუ რონალდუს მადრიდული მომავალი ბურუსითაა მოცული, რასაც არც მისი გარემოცვა უარყოფს. რონალდუს შემდეგი კლუბის შესახებ კითხვა მის დედას, დოლორეშ ავეირუს, დაუსვეს.

“პარიზი ძალიან მომწონს, იქ აქამდეც ვყოფილვარ და მომავალშიც წავალ. ბოლოს პარიზში მაშინ ვიყავი, როდესაც ჩემმა ვაჟმა “ოქროს ბურთი” მოიგო. ყოველ ჯერზე, როდესაც იმ ქალაქში ვარ, პატივისცემას ვგრძნობ, ყველა ძალიან კარგად მექცევა.

სიმართლე გითხრათ, დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ პარიზში გადასვლას მირჩევნია, კრიშტიანუ მანჩესტერში დაბრუნდეს,” – აცხადებს დოლორეშ ავეირუ.

გეტყვით იმასაც, რომ “პარი სენ-ჟერმენმა” უკვე გაუკეთა შეთავაზება მადრიდულ გრანდს – იხილეთ სტატია.

“პსჟ” “რეალს” რონალდუს ტრანსფერში 150 მილიონს სთავაზობს, ფეხბურთელს კი – 45 მილიონს

მადრიდის “რეალის” სუპერვარსკვლავის, კრიშტიანუ რონალდუს, გარშემო არსებულ სიტუაციას სერიოზულად აკვირდებიან ფრანგული “პარი სენ-ჟერმენის” ხელმძღვანელები.

As-ის მიერ გავრცელებული ცნობების თანახმად, პარიზელები უკვე დაუკავშირდნენ “ბლანკოსის” ხელმძღვანელობას და კონკრეტული ციფრებიც დაასახელეს. “პსჟ” 150 მილიონს იხდის მაშინ, როცა რონალდუს გამოსასყიდი თანხა 1 მილიარდს შეადგენს.

საქმე ის არის, რომ “პარი სენ-ჟერმენს” ამ საქმეში რონალდუს დახმარების იმედი აქვს. რონალდუ წელიწადში 45 მილიონი ევროს ოდენობის ხელფასს მიიღებს (ნეიმარი 37 მილიონს იღებს), თუ “რეალთან” კონტრაქტს გაწყვეტს.

როგორც იცით, საფრანგეთის ჩემპიონის მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა, რასაც მბაპე-ნეიმარი-რონალდუს ტრიოს მეშვეობით აპირებს.