რევაზ ძოძუაშვილი: “ვფიქრობ, ვინც თამაშზე მოვა, ნასიამოვნები დარჩება“

გუშინ, საღამოს, ქუთაისის „ტორპედომ“ ბათუმის „დინამოსთან“ ხვალინდელ მატჩამდე საკუთარ საწვრთნელ ბაზაზე დასკვნითი ვარჯიში გამართა. ტრადიციულად, ქვემოთ დამდეგი ქუთაისური თამაშის წინ ტორპედოელთა კომენტარებს გთავაზობთ.

რევაზ ძოძუაშვილი: „საზოგადოდ, როცა გუნდი სატურნირო მდგომარეობის მაღალ საფეხურზე დგას, თვითონ საქმე გეუბნება, რომ ყველაფერი ნორმალურად მიდის, მაგრამ, ლაპარაკიც არ უნდა, რომ უკეთესი უნდა შევქმნათ. ჩვენ გვინდა, რომ ქუთაისში ჩამოყალიბდეს ქართული ფეხბურთის ბირთვი. ამის საშუალება და უნარი ქუთაისს ყოველთვის ჰქონდა. „ტორპედო“ სწორ გზაზე დგას. მოხარულები ვართ, რომ წინა თამაში ჩვენი გამარჯვებით დასრულდა. „სამტრედია“ ის გუნდია, რომელმაც მოახერხა საუკეთესო ქართველი ფეხბურთელების თავმოყრა, ადენად, ეს გამარჯვება კარგი საზომი არის იმის დასადგენად, თუ რას წარმოვადგენთ. რაც შეეხება ხვალინდელ თამაშს, ბათუმის „დინამო“ დიდი ტრადიციების კლუბია. ვფიქრობ, ვინც ხვალინდელ თამაშზე მოვა, ნასიამოვნები დარჩება“.

შოთა ბაბუნაშვილი: „ჩემი საფეხბურთო კარიერა „ტორპედოში“ დავიწყე და ძალიან მინდა, რომ აქვე დავასრულო. იმედი მაქვს, მომავალშიც ვიქნები ამ გუნდისთვის გამოსადეგი ფეხბურთელი. დღესდღეობით საკმაოდ გამოცდილი გუნდი შევიკრიბეთ. ლოგიკურად მივიჩნევ, რომ ჩემპიონატში ერთ-ერთ მოწინავე ადგილზე ვართ, ალბათ, მეტიც შეგვეძლო, დასანანი ქულები რომ არ დაგვეკარგა. რეალურად რომ ვთქვათ, სამეულში შესვლა შეგვიძლია, თუმცა ჩემპიონობისთვისაც ვიბრძოლებთ. მართალია, ამჟამად ძლიერი ჩემპიონატი არ გვაქვს, მაგრამ ისიც პროგრესია, რომ ნებისმიერი თამაშის შედეგზე პროგნოზის გაკეთება ძალიან გართულდა. ვიცით, რომ ხვალ იოლი მატჩი არ გვექნება, მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ“.

დღესვე, ერთი მისასალმებელი ფაქტიც იყო – ჭყონდიდის ეპარქიაში მომსახურე მამა გიორგიმ(ბასილაია) ჩვენი გუნდის ფეხბურთელების, მწვრთნელებისა და მომსახურე პერსონალის სახელზე საჯანმრთელო პარაკლისი გადაიხადა, შემდეგ კი საცხოვრებელი შენობა და მთლიანად „ტორპედოს“ ბაზაც აკურთხა.

FCTorpedo.Ge

რევაზ ძოძუაშვილი: “მშვიდად მუშაობის საშუალება გვაქვს და რაც შეიძლება უკეთ უნდა მოვემზადოთ”

როგორც იცით, ქუთაისის „ტორპედომ“ მიმდინარე ჩემპიონატის საწყის სამ ტურში ყველა სახის შედეგი აჩვენა: ფოთის „კოლხეთთან“ მოგებას(3:0) გორის „დილასთან“ ფრე(0:0) და მარტვილის „მერანთან“ მარცხი(1:3) მოჰყვა. მართალია, უმაღლესი ლიგის გასული ნაწილი მთლიანის სულ რაღაც მეათედს შეადგენს, თუმცა თუ ამჟამად სატურნირო ცხრილს ჩავხედავთ, ქუთაისელები იქ მე-6 პოზიციას იკავებენ. როგორ აფასებს ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელი ყოველივეს, ასევე, რას ამბობს „ტორპედოსთან“ დაკავშირებულ სხვა საინტერესო თემებსა და ეროვნული ნაკრების მომავალ მატჩზე ამას, რევაზ ძოძუაშვილის ინტერვიუდან შეიტყობთ.

– ბატონო რევაზ, რამდენად კმაყოფილი ხართ ჩემპიონატში „ტორპედოს“ სტარტით?

– სტარტი არაა დამაკმაყოფილებელი. იმიტომ, რომ დავკარგეთ ისეთი ქულები, რომლებიც არ უნდა დაგვეკარგა, ვგულისხმობ „დილასა“ და „მერანთან“ მატჩებს. ჩვენ იმისკენ მივისწრაფვით, რომ ჩემპიონატში რაც შეიძლება მაღალი ადგილი დავიკავოთ. თუმცა ვიტყოდი, რომ ცუდთან ერთად ის კარგიც იყო, რომ ამ თამაშებმა ჩვენი ნაკლოვანებები გვაჩვენა.

ჩემპიონატისწინა მოსამზადებელ პერიოდში ყველა ფეხბურთელმა წარმოაჩინა თავისი შესაძლებლობები, თუმცა ის, რომ ჩვენ 8-9 საკონტროლო თამაში არ წაგვიგია, ამან, გარკვეულწილად, სრული ანალიზის საშუალება არ მოგვცა, რადგან მარცხის შემთხვევაში უფრო მეტი დეტალი ჩანს გუნდის თამაშში.

– ახალწვეულ უკრაინელებს როგორ დაახასიათებთ და რომელ პოზიციაზე მოიაზრებთ მათ?

– ორივე უკრაინელი ჩვენ ჯერ მხოლოდ ამხანაგურ თამაშებში გამოვცადეთ, მათ შორის ბოლოს, რამდენიმე დღის წინ, საჩხერის „ჩიხურასთან“ შეხვედრაში ისინი დაცვაში გავამწესე, სადაც კარგად გაართვეს თავი დაკისრებულ მოვალეობებს, თუ რას წარმოადგენენ რეალურად, ამას ოფიციალურ მატჩებში დავინახავთ.

– იმის გათვალისწინებით, რომ გუნდში საკმაო რაოდენობის უკანახაზელია, რატომ გადაწყვიტეთ ამავე ამპლუის ლეგიონერების დამატება?

– იქედან გამომდინარე, რომ ბოლო თამაშში დაცვაში ისეთმა ფეხბურთელებმა მიიღეს ტრავმები, როგორებიც აბრამიძე და ტაბატაძეა, ამან, ჩვენი დაცვა მნიშვნელოვნად შეასუსტა. ამიტომ მიზანმიმართულად წავედით იმაზე, რომ დაგვემატებინა ნიჭიერი მცველები და ამ გზით შეგვევსო გუნდი. რას ვიზამთ, ტრავმას ვერ გავექცევით და ახალი ფეხბურთელების მოყვანაც სწორედ ამით არის განპირობებული.

– თუ შეიძლება აბრამიძისა და ტაბატაძის მდგომარეობაზე უფრო კონკრეტულად გვითხარით…

– ამ ეტაპზე, აბრამიძე ვერ ვარჯიშობს და მკურნალობს გადის. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მომავალ თამაშს იგი ვერ ითამაშებს. რაც შეეხება ვაჟას, მას მუხლი ტრავმა აქვს და ჯერჯერობით არასრული დატვირთვით ვარჯიშობს.

 – მათ გარდა, კიდევ თუ გვყავს ტრავმირებული ფეხბურთელ(ებ)ი?

– სამწუხაროდ, ჩვენს თავდამსხმელ მამუკა ღონღაძეს თითქმის მორჩენილი ტრავმა გაუმიზეზდა და ოპერაცია სჭირდება. არადა, იგი ჩვენი გუნდის საუკეთესო ბომბარდირი იყო. იმედია, მალე დაგვიბრუნდება, თუმცა იქამდე იმის ძებნაშიც ვართ, თუ როგორ შევავსოთ მისი დანაკლისი. ასევე, მიკრო-ტრავმები აქვს რამდენიმე ფეხბურთელს.

 – მიმდინარე სანაკრებო შესვენებას როგორ იყენებთ გუნდისთვის?

– რასაკვირველია, კარგია ეს პაუზა. იმიტომ, რომ ამ დროს უფრო მეტი ანალიზის გაკეთება შეიძლება. პლუს, გუნდში ახალწვეულებიც დავიმატეთ. ერთი ნაყოფიერი ამხანაგური მატჩი უკვე ვითამაშეთ შინ „ჩიხურასთან“. 7 სექტემბერს კი, სტუმრად ქობულეთის „შუქურასთანაც“ ვისპარინგებთ. მშვიდად მუშაობის საშუალება გვაქვს და რაც შეიძლება უკეთ უნდა მოვემზადოთ.

– გამორიცხულია თუ არა „ტორპედოში“ კიდევ გამოჩნდეს ახალი ფეხბურთელი?

– ჩვენ ის ბზარები, რაც გაგვიჩნდა, უცებ შევავსეთ. ყველაფერს მომავალი თამაშები დაგვანახებს. ღმერთმა გვაშოროს, თუ იქნება ტრავმა ან ჩავარდნა, შევსებას და გაძლიერებას ყოველთვის უნდა ველოდოთ, ასეთია გუნდის ცხოვრება.

– და ბოლოს, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებამდე ორი დღეა დარჩენილი, საქართველო ირლანდიას დაუპირისპირდება, რას ელოდებით ეროვნული ნაკრებისგან?

– ყველაფერი იმისკენაა მიმართული, რომ საქართველოს ნაკრებმა რაც შეიძლება კარგად ითამაშოს. თემურ ქეცბაიას მიზანი ამჯერად ფინალურ ეტაპზე გასვლაა. მას აქვს საკმარისი გამოცდილება და ეს სიტყვები „მშრალზე“ არ უთქვამს. ეს უკვე კარგი მიდგომაა და ყველას პოზიტიურად განაწყობს. ირლანდია არაა ის ნაკრები, რომ მასთან საქართველოს მოგების შანსი მცირე იყოს. სავსებით არის იმის შესაძლებლობა, რომ საქართველოდან ისინი წაგებულები გავუშვათ. აქვე სიხარულით აღვნიშნავ, რომ როგორც იქნა, საქართველოს ისევ ეღირსა ახალი სანაკრებო სტრატეგია, რასაც წლების განმავლობაში ვემხრობოდით ვეტერანი ფეხბურთელები, ჩამოყალიბდა ე. წ. მეორე ნაკრები, რომელიც საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული. ასეთი შეკრებები აუცილებებლია, რათა მეტი წარმოდგენა შეგექმნას ამა თუ იმ ფეხბურთელზე.

  – დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ.

მარტვილის „მერანთან“ მომავალ პაექრობამდე

კვირას, ქუთაისის „ტორპედოს“ მიმდინარე ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგის მე-3 ტურში გასვლითი მატჩი აქვს, უფრო ზუსტად კი, სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე ჩვენს გუნდს მარტვილის „მერანი“ უმასპინძლებს. შეხვედრა უჩვეულო დროს, 17:15 საათზე დაიწყება.

გასულ ჩემპიონატში ბოლო ადგილზე გასვლის შემდეგ მარტვილელთა შემადგენლობა საზაფხულო შესვენების დროს საკმაოდ შეიცვალა. გუნდში მთავარი მწვრთნელის პოსტი 44 წლის უკრაინელმა ვლადიმერ ლობასმა დაიკავა. მისი ხელძღვანელობით „მერანმა“ საქართველოში გაიარა შეკრება და შევსება შემდეგი ახალწვეულებით მიიღო: სერგი ორბელაძე,დავით ბოლქვაძე(ორივე „დილადან“), ვაჟა ლომაშვილი(„ჩიხურადან“), აკაკი წყაროზია(„ვიტ ჯორჯიადან“), ბესიკ ჩიმაკაძე(„მეტალურგიდან“).

26-ე შიდა ჩემპიონატის დაწყებიდან ჩვენმა მომდევნო მეტოქემ სასტარტო მატჩები დათმო, პირველ ტურში „ვიტ ჯორჯიასთან“(0:2) და მეორე ტურში – „სპარტაკთან“(0:1), რომელშიც ბოლო წუთზე შეცდომის შედეგად გაშვებული პენალტით დამარცხდა. სხვათა შორის, წინა ჩემპიონატიდან მოყოლებული “მერანს” უმაღლეს ლიგაში ბოლო 8 მატჩი აქვს წაგებული. თუმცა 2 დღის წინ, სათასო გამოსვლა მათ წარმატებით დაიწყეს და ოზურგეთის „მერცხალთან“ სტუმრად მოპოვებული გამარჯვებით(4:1), პრაქტიკულად, გადაწყვიტეს ამ წყვილში შემდეგ ეტაპზე გამსვლელის ბედიც.

აქვე მარტვილის „მერანთან“ ურთიერთშეხვედრების სტატისტიკაზეც მოგახსენებთ. სულ გუნდებს შორის უმაღლეს ლიგაში 10 მატჩია გამართული, რომელთაგან 6 „ტორპედომ“ მოიგო, 3 – „მერანმა“, 1 კი ფრედ დასრულდა. ბურთების შეფარდება ქუთაისელთა სასარგებლოდაა – 18:10.

ქვემოთ გთავაზობთ „მერანის“ წინააღმდეგ „ტორპედოს“ ყველა გატანილი გოლის ავტორებს.

2 გოლი – ნიკოლოზ საბანაძე, გრიგოლ დოლიძე, გიორგი კუხიანიძე, ოთარ კვერნაძე, თეიმურაზ მარკოზაშვილი.

1 გოლი – რევაზ გოცირიძე, ვალერი ბოლქვაძე, მერაბ გიგაური, თორნიკე კაპანაძე, ზაზა ჭელიძე, ირაკლი ლექვთაძე, მამუკა ღონღაძე, თენგიზ ჩიკვილაძე.

fctorpedo.ge

“ჩხერიმელა” – “ტორპედო” 0:1

20 აგვისტოს, დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის პირველი მეთექვსმეტედფინალური მატჩები გაიმართა. ქუთაისის „ტორპედო“ ხარაგაულს ესტუმრა და ადგილობრივ საფეხბურთო კლუბ „ჩხერიმელას“ დაუპირისპირდა.

დღევანდელ შეხვედრაში „ტორპედოს“ მაისურით პირველი ოფიციალური მატჩი გამართეს: გაბრიელ თებიძემ, ალექსი ბენაშვილმა და გიორგი გიორგაძემ. ჩვენს გუნდში დაბრუნების შემდეგ ასევე პირველად იასპარეზა შოთა ბაბუნაშვილმა. პირველლიგელ იმერლებთან პაექრობა საშუალო ტემპში დაიწყო. მართალია, დაძაბულობა თან ახლდა მას, თუმცა ხეირიანი იერიშები იშვიათად ხორციელდება. „ჩხერიმელას“ შემადგენლობაში ყველაზე მეტად ექსმერანელი ლეგიონერი რაფაელ ჩუკურანი აქტიურობდა, რომელსაც ტორპედოელები მუდამ მზადყოფნაში ჰყავდა. პირველ ტაიმში თებიძეს ორჯერ მოუწია ნახტომის გაკეთება, ორივე შემთხვევაში მან მეტოქეთა დარტყმულის შემდეგ კუთხურზე გადააგდო ბურთები. ერთხელაც 19 წლის მეკარემ ადგილზე გამოავლინა კარგი რეაქცია. „ტორპედოს“ მასპინძელთა კართან მიახლოებას კი ხიფათი ვერ მოჰქონდა, შესაბამისად, მცირე უპირატესობაც ზემოიმერელთა მხარეს იყო. მიუხედავად ამისა, სტუმრებმა გაიტანეს, ოღონდ თამაშგარედან, ბენაშვილის შესრულებული საჯარიმოთი ბურთი „ცოცხალ კედელს“ მოხვდა და ჭედიას მიუვიდა, ამ უკანასკნელმაც ბადე შეარხია, მაგრამ გვერდით მსაჯს ამ დროს ალამი აწეული ჰქონდა და გოლიც გაუქმდა.

ტაიმებს შორის შესვენების შემდეგ „ტორპედო“ უფრო სწრაფად აგორებდა ბურთს და შეტევებზეც მეტად იყო ორიენტირებული, ამან მალევე გამოიღო შედეგი. 55-ე წუთზე, მარჯვენა ფლანგზე ბურთი ჭედიამ დაამუშავა, ამავე მხრიდან საჯარიმოში შეიჭრა და კარის გასწვრივ დაბალი ტრაექტორიით გააკეთა გადაცემა, ვარდნაში მას მოედანზე 3 წუთის წინ შესული ცოტნე ქებურია გამოეხმაურა, 19 წლის ფეხბურთელმა ოპონენტს წამით დაასწრო რეაგირება და კარში გადაამისამართა ბურთი, რომელმაც კარის ხაზი სულ მცირედიდ გადაკვეთა და მსაჯმაც ცენტრისკენ გაიშვირა ხელი – 0:1. დაწინაურებამ ქუთაისელებზე დადებითად იმოქმედა და აქედან ორ წუთში, ფიფიას აუღო მეკარემ ბურთი. 67-ე წუთზე, ჭედიას პასით ბაბუნაშვილი ურტყამდა მეკარისგან დაუცველ კარში, თუმცა ბურთი ერთ-ერთმა მცველმა მოიგერია. მალევე მამასახლისმა დაჰკრა ბურთს შორიდან, მაგრამ მიზანს ააცილა. შემდეგ კვერნაძეს ქუსლით უნდოდა გატანა, მაგრამ არ გამოუვიდა. დარჩენილ დროში „ჩხერიმელას“ გათანაბრების შანსები მიეცა, მაგრამ ხარაგაულელებმა ვერც ერთი მათგანი ვერ გამოიყენეს. ეს, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი შეხვედრა ბოლო ნაწილში ამინდმა „გახადა“ უფრო სამახსოვრო… ტრიბუნებზე შეკრებილ რამდენიმე ასეულ გულშემატკივართა უმეტესობა, რომელთა შორის „ტორპედოს“ ქომაგთა კლუბი „ჯუნგლებიც“ იყო, არც მას მერე დაშლილა, რაც თამაშის დასრულებამდე 20 წუთით ადრე ხარაგაულში თქეში წამოვიდა, ამას ემატებოდა ძალზედ ცუდი ხილვადობა და მინდორზე დამდგარი წყლის გუბეები, რაც ფეხბურთის თამაშის საშუალებას არ იძლეოდა და ბოლო წუთები ფეხბურთელებისთვის ნამდვილ წვალებად იქცა. საბოლოოდ, „ტორპედომ“ მატჩი მინიმალური ანგარიშით გამარჯვებამდე მიიყვანა(1:0). აღნიშნულ ეტაპზე გუნდებს შორის საპასუხო მატჩი სექტემბერში გაიმართება, ჩემპიონატის კალენდარში შესული ცვლილებების გამო, ჯერჯერობით ზუსტი თარიღი უცნობია.

შემადგენლობები, სტატისტიკა, ფოტოგალერეა – http://fctorpedo.ge/index.php?geo&game=249

FCTorpedo.GE

ქუთაისის “ტორპედოს” ახალი პრეზიდენტი ჰყავს

ქუთაისის „ტორპედოს“ ახალი პრეზიდენტი ჰყავს. ეს ჩვენი კლუბის აწ უკვე ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი გიორგი პაპიაშვილია.

ვულოცავთ ბატონ გიორგის და წარმატებებს ვუსურვებთ ამ მეტად მნიშვნელოვან საქმეში.

FCTorpedo.GE

ქუთაისის “ტორპედო” გორის „დილასთან“ ძველი ანგარიშების გასასწორებლად

პარასკევს, 15 აგვისტოს, ქუთაისის „ტორპედო“ საკუთარ სტადიონზე 26-ე ეროვნული ჩემპიონატის მე-2 ტურში გორის „დილას“ მიიღებს. შეხვედრა 17:30 საათზე დაიწყება და მასზე დასწრება ყველა მსურველს უფასოდ შეეძლება.

2013-2014 წლების ეროვნულ სეზონში „ტორპედოსთვის“ „დილა“ აუღებელი ციხე-სიმაგრე იყო. გასულ ჩემპიონატში სა სათასო გათამაშებაში ყველაზე უარყოფითი ბალანსიც სწორედ გორელებთან გვქონდა(1 ფრე და 5 მარცხი, ბურთები: 1:14) და ამით, მათ ურთიერთშეხვედრების სტატისტიკაში შესამჩნევად გაიუმჯობესეს მდგომარეობა. თუმცა ისიც სათქმელია, რომ მიუხედავად ასეთი ცუდი შედეგებისა, ქუთაისელები ქვედა ექვსეულში პირველ ადგილზე გავიდნენ და 7 ქულით ჩამოიტოვეს ისინი.

ჩვენმა მომდევნო მოწინააღმდეგემ სეზონისწინა მოსამზადებელი პერიოდი ახალი მთავარი მწვრთნელის, 25 წლის უჩა სოსიაშვილის თაოსნობით საქართველოში გაიარა. მან გუნდში შემდეგი ახალწვეულები მიიყვანა: გიორგი სომხიშვილი(„ჩიხურადან“), დავით ხურცილავა, ნიკა კვეკვესკირი და ირაკლი მოდებაძე(სამივე თბილისის „დინამოდან“), გიორგი სეთურიძე(„მეტალურგიდან“), ლაშა ჯაფარიძე(მოლდოვური „ტირასპოლიდან“), ბაჩანა არაბული(ესპანური „ალკორკონიდან“ დაუბრუნდა) და გურამ ადამაძე(„ტორპედოდან“). ამგვარი შევსების შემდეგ „დილამ“ ჩემპიონატი შინ ცხინვალის „სპარტაკთან“ დამაჯერებელი მოგებით(2:0) დაიწყო.

რაც შეეხება გორულ გუნდთან „ტორპედოს“ საერთო სტატისტიკას, იგი ასეთია – პირველი ეროვნული ჩემპიონატის ჩატარების დღიდან, ქუთაისის “ტორპედო” (საწყის სამ ჩემპიონატში ჩვენი გუნდი “ქუთაისის” სახელით გამოდიოდა) გორის “დილას” უმაღლეს ლიგაში 48-ჯერ, ხოლო თასის გათამაშებაში 8-ჯერაა შენახვედრი. ამ მატჩების საერთო ბალანსი ასეთია: “ტორპედომ” 31 შეხვედრა მოიგო, “დილამ” 19, ფრედ კი 6 დამთავრდა. ბურთების შეფარდებაც ჩვენი გუნდის საგრძნობ უპირატესობას ადასტურებს – 105:68.
აქვე დავაკონკრეტებთ ჩემპიონატისა და თასის მონაცემებს. ჩემპიონატზე “ტორპედომ” 29 მოიგო, 5 ფრედ ითამაშა და 15 წააგო (ბურთები 96:59), ხოლო თასზე 3 მოიგო, 1 ფრედ ითამაშა და 4 წააგო (ბურთები 8:9).

ყველაზე დიდი ანგარიშით ქუთაისელებმა გორელები 8:3, პირველ ეროვნულ ჩემპიონატში დაამარცხეს, ხოლო ყველაზე დიდი ანგარიშით მარცხი 2014 წლის 4 აპრილით თარიღდება – 0:4.

ქვემოთ გთავაზობთ იმ ფეხბურთელთა სიას, რომელთაც “ტორპედოს” მაისურით სხვადასხვა დროს გორის „დილას“ კარში 1 და მეტი გოლი გაუტანიათ.

15 გოლი – გიორგი მეგრელაძე

13 გოლი – დავით ჯანაშია

6 გოლი – მიხეილ აშვეთია, ზაზა ვაჩიბერაძე

5 გოლი – ზურაბ იონანიძე

4 გოლი – მამუკა ხუნდაძე

3 გოლი – კახა კვეტენაძე, დავით გამეზარდაშვილი, გიორგი ფანცულაია

2 გოლი – მერაბ მეგრელაძე, გიორგი დარასელია, მირზა მაღლაკელიძე, გიორგი გაბიდაური, მიხეილ ბობოხიძე, ანდრეი პოროშინი, რობერტ ზირაქიშვილი, გიორგი ბერიაშვილი, გრიგოლ დოლიძე

1 გოლი – ალეკო დვალიშვილი, ვასილ შენგელია, ჯაბა წიკლაური, გრიგოლ თევზაძე, როსტომ თორღაშვილი, ივანე ჯუღელი, მალხაზ მორგოშია, მამუკა მანაგაძე, დავით ჩხეტია, გიორგი წიქარიშვილი, გიორგი სუხიაშვილი, ვასილ გიგიაძე, ლევან ქებაძე, გიორგი გოგიაშვილი, გრიგოლ იმედაძე, ჯონი შალამბერიძე, შოთა ჩომახიძე, გივი დიდავა, გიორგი ნერგაძე, ალექსანდრე კოშკაძე, გიორგი დარსაძე, რევაზ ჯიქია, თენგიზ უგრეხელიძე, დავით ბოლქვაძე, ლაშა შერგელაშვილი, ნიკა საბანაძე, გიორგი კუხიანიძე, ოთარ კვერნაძე.

FCTorpedo.GE

„ტორპედოს“ საშინაო მატჩებზე დასწრება უფასო იქნება

ქუთაისის „ტორპედოს“ ხელმძღვანელების გადაწყვეტილებით, ჩვენი გუნდის მონაწილეობით ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე გასამართ ეროვნული ჩემპიონატისა და სათასო გათამაშების მატჩებზე დასწრება უფასო იქნება.

შეგახსენებთ, რომ ახალ სეზონში „ტორპედო“ საკუთარ არენაზე პირველ თამაშს 15 აგვისტოს გორის „დილას“ წინააღმდეგ ჩაატარებს. ზემოხსენებული სიახლეც სწორედ ამ შეხვედრიდან ამოქმედდება.

FCTorpedo.GE

ფოთის „კოლხეთი“ – “ტორპედოს” პირველი მეტოქე 26-ე ეროვნულ ჩემპიონატში

შაბათს, 9 აგვისტოს, ახალი ეროვნული ჩემპიონატის გახსნის ნიშნად სახელმწიფო ჰიმნის ფონზე საქართველოს ქალაქებში 26-ედ აღმართავენ ეროვნულ დროშას. ეს პირველობა წინამორბედებისაგან განსხვავებული იქნება, რადგან მასში 16 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. ამრიგად, მის მიმართ ინტერესი დიდია.

პირველი წრის პირველ ტურში ქუთაისის „ტორპედო“ ერთწლიანი დაქვეითების შემდეგ უმაღლეს ლიგაში დაბრუნებული ფოთის „კოლხეთის“ წინააღმდეგ სტუმრად იასპარეზებს. ფოთში ფაზისის სტადიონზე დარჩენილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო შეხვედრა ლანჩხუთში ევგრაფის შევარდნაძის სახელობის სტადიონზე შედგება და 17:00 საათზე აიღებს სტარტს.

ცოტა რამ დღევანდელ „კოლხეთზე“ – გასული ჩემპიონატის პირველ ლიგაში ფოთელთა წარმატებული გამოსვლის შემდეგ გუნდის ძირითადი ბირთვი უცვლელი დარჩა. ზაზა ინაშვილის სახით იგივეა მთავარი მწვრთნელიც. ზღვისპირელებმა, გარდა საქართველოში ჩატარებული მოსამზადებელი ეტაპისა, თურქული შეკრებაც ნაყოფიერად გაიარეს, რომლის ფარგლებში 4 ამხანაგური მატჩი გამართეს. რაც შეეხება ახალწვეულებს, მათ შორის არიან: კონსტანტინე სეფიაშვილი(მეკარე), ლუკა გუგუჩია, ნიკა სიჭინავა,ნიგერიელი ჩარლზ ნევუჩე და განელი იბრაჰიმ ადამი.

ეროვნული ჩემპიონატების ჩატარების დღიდან, ქუთაისის “ტორპედო” (საწყის 3 ჩემპიონატში იგი “ქუთაისის” სახელით გამოდიოდა) ფოთის “კოლხეთს“ უმაღლეს ლიგაში 56-ჯერ (კიდევ ერთი მატჩი არ ჩატარდა, 1994 წლის 10 სექტემბერს ფოთში ქუთაისელთა ჩაუსვლელობის გამო), ხოლო თასის გათამაშებაში 6-ჯერაა შენახვედრი. ამ მატჩების საერთო ბალანსი ასეთია: “ტორპედომ” 29 მატჩი მოიგო, “კოლხეთმა” 15, ფრედ კი, 18 დამთავრდა. ბურთების შეფარდებაც ჩვენი გუნდის საგრძნობ უპირატესობაზე მეტყველებს – 97:65.
აქვე დავაკონკრეტებთ ჩემპიონატისა და თასის მონაცემებს. ჩემპიონატზე “ტორპედომ” 26 მოიგო, 16 ფრედ ითამაშა და 14 წააგო (ბურთები 88:59), ხოლო თასზე 3 მოიგო, 2 ფრედ ითამაშა და 1 წააგო (ბურთები 9:6).

ურთიერთშეხვედრების ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით „ტორპედომ“ „კოლხეთი“ 2002 წლის 11 სექტემბერს დაამარცხა – 6:1, ხოლო ფოთელებმა კი უდიდესი სხვაობით 1993 წლის 6 დეკემბერს მოგვიგეს -7:2.
ქვემოთ გაგაცნობთ “კოლხეთთან“ შეხვედრებში იმ ფეხბურთელთა ვინაობებს, რომლებსაც სხვადასხვა დროს 1 და მეტი გოლი აქვთ გატანილი.

19 გოლი – ზურაბ იონანიძე,

9 გოლი – გიორგი მეგრელაძე,

5 გოლი – დავით ჯანაშია, კახა კვეტენაძე

4 გოლი – გივი დიდავა

3 გოლი – მამუკა ხუნდაძე, მიხეილ აშვეთია, რობერტ ზირაქიშვილი, რევაზ გოცირიძე, გიორგი დათუნაიშვილი, ნიკა საბანაძე 59

2 გოლი – ზაზა ვაჩიბერაძე, მერაბ მეგრელაძე, კონსტანტინე მეტრეველი, ვახტანგ ხვადაგიანი, შოთა ბაბუნაშვილი, გიორგი ნერგაძე, სულიკო დავითაშვილი 75

1 გოლი – გრიგოლ თევზაძე, ემზარ ხურცილავა, თამაზ კიკლიაშვილი, დავით ნოზაძე, გიორგი შენგელია, გიორგი ლომიძე, ირაკლი ვაშაკიძე, გრიგოლ იმედაძე, მიხეილ ბობოხიძე, მიხეილ ქობულაძე(საკ. კარში), ზვიად ქუთათელაძე, ლევან სილაგაძე, ანდრეი პოროშინი, ალექსანდრე კოშკაძე, მიხეილ სოსელია, ხარებავა, ქიმუცაძე, ვახტანგ კვარაცხელია, გრიგოლ დოლიძე, ალექსანდრე კვახაძე, ელგუჯა გრიგალაშვილი.

როგორც ხედავთ, გამოკვეთილი მეგოლე ზურაბ იონანიძეა, რომელსაც ფოთელთა წინააღმდეგ ყველა შედეგიანი მატჩის ჯამში 4 დუბლი და 2 ჰეთ თრიკი აქვს შესრულებული.

FCTorpedo.GE

რევაზ ძოძუაშვილი: „უკვე ყველაფერი კალაპოტში ჩადგა“

ქუთაისის „ტორპედოში“ შექმნილი ვითარება ბოლო დღეებია ძალზე აქტუალური არის. ახალი ჩემპიონატის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე გუნდში გარკვეული სახის პრობლემები კვლავაც რჩებოდა, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი, დაფინანსების საკითხი დღეისთვის უკვე მოგვარებულია და მას ისევ კომპანია „ვისოლი“ ითავებს. სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით, ვფიქრობთ, თქვენთვის საინტერესო უნდა იყოს „ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელის მოსაზრება.

რევაზ ძოძუაშვილი: „საბედნიეროდ, „ტორპედოს“ ისევ კომპანია „ვისოლი“ დაასპონსორებს და უკვე დაფინანსების მხრივ ყველაფერი კალაპოტში ჩადგა. ფინანსური კრიზისი წარსულს ჩაბარდა და ახალი ჩემპიონატის სტარტს მშვიდად ვხვდებით. შემიძლია გითრათ, რომ ჩვენ იმაზე უფრო უკეთესი პირობები გვექნება, რაც წინა სეზონში გაგვაჩნდა. ამასთან ერთად, შემადგენლობაც გავაძლიერეთ და შესაბამისად, მიზნებიც გაიზარდა. ბუნებრივია, უკეთესის სურვილი ყოველთვისაა, მაგრამ ფეხბურთელები ამჯერად უკმაყოფილონი არ არიან. ასე რომ, უმაღლესი ლიგის გუნდისთვის შესაფერისი დაფინანსება ნამდვილად გვექნება.

მინდა ჩვენს ქუთაისელ გულშემატკივრებს, იმ ბიჭებს, რომლებიც ბოლო პერიოდში გვერდში გვედგნენ, დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენი მდგომარეობის სასიკეთოდ შეცვლაში შეტანილი წვლილისთვის. ჩვენ ორმაგად გვაქვს ვალი მოსახდელი მათსა და ქალაქის წინაშე.

ახალი იმედებით ველოდებით 16-გუნდიან ჩემპიონატს. ვფიქრობ, გენიალური ფორმატი იქნება. ვუსურვებ ქართული სპორტის ყველა მუშაკსა და გულშემატკივარს, რომ ეს ჩემპიონატი ყოფილიყოს ისეთი წარმატებული და მაღალი დონის თამაშებით დახუნძლული, როგორიც აქამდე არასდროს ყოფილა“.

FCTorpedo.GE

“ტორპედოს” პირველი ვარჯიში ხანგრძლივი შესვენების შემდეგ

გასული საფეხბურთო არდადეგები ქუთაისის „ტორპედოსთვის“ ჩვეულებრივზე უფრო დიდხანს გაგრძელდა. წინა ორი წლისგან განსხვავებით, ევროსარბიელის მიღმა დარჩენილი ქუთათურები ზაფხულის მოსამზადებელ პერიოდს ამჯერად მხოლოდ შიდა ასპარეზისთვის გამოიყენებენ.

უცვლელია გუნდის სამწვრთნელო შტაბი, რომელსაც გამოცდილი სპეციალისტი რევაზ ძოძუაშვილიხელმძღვანელობს. რაც შეეხება „ტორპედოდან“ წასულ ფეხბურთელებს, ამჟამად, მათი რაოდენობა სულ სამია, როინ კვასხვაძე, ირაკლი ლექვთაძე და ბექა ტუღუში კარიერას, შესაბამისად, კვიპროსულ „ოთელოსში“, ბოლნისის „სიონში“ და ს/კ „ზესტაფონში“ გააგრძელებენ. აქვე, მათ მადლობას ვუხდით გაწეული სამსახურისთვის და წარმატებებს ვუსურვებთ ახალ კლუბებში.

დღეს, ქვეყნის 3-გზის ჩემპიონი საკუთარ საწვრთნელ ბაზაზე არასრული შემადგენლობით შეიკრიბა, რაც იმით იყო გამოწვეული, რომ ჯერ კიდევ არ გადაწყვეტილა კლუბის ბიუჯეტის მოცულობა, რომელსაც ნათელი უახლოეს დღეებში უნდა მოეფინოს, აქედან გამომდინარე, გაფორმდება ახალი კონტრაქტებიც.

გარდა ძველი ფეხბურთელებისა, რომელთა შორის იყო ტრავმამორჩენილი მარჯვენა მცველი ვაჟა ტაბატაძეც, გუნდის დღევანდელ საწვრთნელ პროცესში მონაწილეობა მიიღეს ახალმა სახეებმაც: ვაჟა ლომაშვილმა, შოთა ბაბუნაშვილმა და ვახტანგ კვარაცხელიამ. ასევე, ვარჯიშზე მრავლად იყვნენ სინჯებზე მყოფი ფეხბურთელი.

თუ რა სიახლეებია მოსალოდნელი „ტორპედოში“, ამასთან დაკავშირებით ჩვენი გუნდის მთავარ მწვრთნელს ვესაუბრეთ.

„უმჯობესი იქნებოდა, რომ ვარჯიშის განახლებამდე დიდი პაუზა არ გაგვეკეთებინა, მაგრამ ხანდახან არის ხოლმე გადასალახი მსგავსი ბარიერები და კიდევ კარგი, რომ გამოცდილი გვაქვს ასეთი ცხოვრება და ვიცით გაჭირვების დროს, როგორ შემოვატრიალოთ მდგომარეობა ჩვენს სასიკეთოდ.

დასანანია, რომ კვასხვაძის, ტუღუშისა და ლექვთაძის სახით ის სამეული დაგვემშვიდობა, რომელიც ფუნდამენტი იყო გუნდის. ეს დიდი დანაკლისია, მაგრამ ფეხბურთში არის ასეთი კანონებიც და ძლიერი სწორედ მაშინ ხარ, როცა კარგს შეცვლი უკეთესით. ერთია სპორტული მხარე, რომელშიც მოედანზე მწვრთნელებისა და ფეხბურთელების მუშაობა შედის, რაც, ვფიქრობ, რომ გასულ სეზონში ჩვენ წარმატებით შევასრულეთ, მეორე კი ფინანსური მხარეა. ბიზნესის თვალით რომ შევხედოთ, კლუბმა ცუდად იმუშავა, რადგან ისეთი ფეხბურთელები წავიდნენ, რომ, არაა გამორიცხული, მათში ჩვენ ჯამურად მილიონი ლარი აგვეღო. ეს იმის გამოა, რომ კონტრაქტები იყო არასახარბიელო და იმედი მაქვს, გამოსწორდება ეს საქმეც, რისთვისაც ძლიერი ფინანსისტია საჭირო.

ბევრი კარგი დაპირება მივიღეთ ქალაქისა და გუბერნიის ხელმძღვანელებისგან, მაგრამ, ვნახოთ, რეალურად რა იქნენა. უახლოეს დღეებში ბევრი რამ გაირკვევა, უნდა შედგეს სამთავრობო სხდომა, რომლის შედეგებზე ჩვენი მომავალიც იქნება დამოკიდებული.

როგორც ხედავთ, ვარჯიშს დღეს შევუდექით და მინდა გითხრათ, რომ „ტორპედოში“ თამაშის მსურველი ბევრია, მათ შორის ისეთებიც, რომლებსაც უკვე დამტკიცებული აქვთ თავიანთი შესაძლებლობები.

გვაიმედებენ, რომ ახალი სეზონის დაწყებამდე „ტორპედო“ უცხოურ შეკრებასაც გაივლის და გვექნება ახალი ეკიპირებაც, თუმცა საბანი სადამდეც გაგვწვდება, იქამდე უნდა დავიფაროთ. ჩვენ ყველანაირად მზად ვართ, შესაფერისი პირობების შექმნის შემთხვევაში, თუ მიზნად დაგვისახავენ ევროასპარეზზე გასვლას, ასეც მოხდება. შარშან დაგვავალეს უმაღლესი ლიგიდან არ გავარდეთო და ქვედა ექვსეულში პირველი ადგილი ავიღეთ. ამდენად, დაფინანსების შესაბამისი მოთხოვნა იქნება. ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ „ტორპედო“ ისევ იმ სიმაღლეზე იდგება, რომელზეც უნდა იყოს ღირსეულად, რადგან ეს კლუბი ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი ფლაგმანია“ – განაცხადა ძოძუაშვილმა.

FCTorpedo.GE

“ტორპედოს” ასაკობრივი გუნდები – სამბურთიანი სხვაობა და სამი ქულა ბათუმელებთან

დასასრულს მიუახლოვდა ჭაბუკთა ლიგის მორიგი გათამაშება, სადაც დღეს ბოლოსწინა ტურის მატჩები გაიმართა. ქუთაისის „ტორპედოს“ ასაკობრივმა გუნდებმა ჩვენი კლუბის საწვრთნელ ბაზაზე ბათუმის დინამოელები მიიღეს.

16-წლამდელთა შორის ჩატარებული(70-წუთიანი) შეხვედრა მასპინძელთა დამსახურებული გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა. ქუთაისელებმა გოლებს მეორე ტაიმში მოუყარეს თავი. მეტოქის კარი 37-ე, 45-ე და 55-ე წუთებზე, შესაბამისად: ბექა შეყრილაძემ,შოთა წიქარიშვილმა(პენალტით) და დავით მანჯგალაძემ აიღეს.

„ტორპედო U-16”: კვერნაძე(სულაბერიძე 45), შეყრილაძე, სალუქვაძე, ქუთათელაძე(კიკნაძე 55), წიქარიშვილი, ჭანია(ანთიძე 50), ზარნაძე(გურეშიძე 36), თევზაძე(გორდაძე 36), ჯავახაძე, მანჯგალაძე(ხუციძე 60), იონანიძე(თავაძე 45).

სატურნირო ცხრილი და კალენდარი

ასევე, გამართული თამაშის ჩვენებით 3 ქულა აიღო ტორპედოელთა 18-წლამდე გუნდმაც, რომელიც 0:1-ს აგებდა, თუმცა დავით ჯანაძის შესრულებული პოკერით, რაც მან ნახევარი საათის განმავლობაში შეძლო(!), სტუმრები იგივე სხვაობით დაამარცხა – 4:1.

„ტორპედო U-18”: მოდებაძე(გეგუჩაძე 73), ბერძენაძე(ა. ჭიჭინაძე 70), გაგოშიძე, ნაცვლიშვილი, კუჭუხიძე(ჯოხაძე 20), ხვიჩია(მარდალეიშვილი 60), ბიწაძე(ჯიქიძე 73), ბანძელაძე, გოგუაძე(ხეცურიანი 50), ჯანაძე, ო. ჭიჭინაძე(ზაქარიაძე 58).

სატურნირო ცხრილი და კალენდარი

FCTorpedo.GE

ტორპედოელთა მორიგი გამოსვლები ჭაბუკთა ლიგაზე

25 მაისს, ჭაბუკთა ლიგის ორივე ასაკობრივ ტურნირზე მორიგი ტურის მატჩები გაიმართა. ქუთაისის “ტორპედოს” სტუმარი ჩვენი გუნდის საწვრთნელ ბაზაზე ზუგდიდის “ზუგდიდი” იყო.

როგორც წესი, თავდაპირველად, მოედანი 16-წლამდე ფეხბურთელებს დაეთმო, სადაც მასპინძლები უფრო უკეთ გაისარჯნენ და მინიმალური ანგარიშითაც იმარჯვეს – 1:0. რევაზ კვერნაძის გაწვრთნილებიდან გოლით გიგა თავაძე გამოირჩა.

“ტორპედო U-16”: სულაბერიძე(კვერნაძე 65), ჯავახაძე(მაღლაკელიძე 60), შეყრილაძე, ქუთათელაძე, სალუქვაძე, ჭანია, გორდაძე(ხუციძე 55), თევზაძე, ზარნაძე(ანთიძე 50), თავაძე(გოგიაშვილი 60), მანჯგალაძე.

სატურნირო ცხრილი და კალენდარი

წინა შეხვედრისგან განსხვავებით მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა შედარებით უფროსი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდების პაექრობაში, ქუთაისელებმა ამჯერად მატჩის ფავორიტის სახელი ვერ გაამართლეს და მეორე ტაიმში გაშვებული გოლებით ანგარიშით 0:2 დამარცხდნენ.

აკაკი კვერნაძის თავკაცობით”ტორპედო U-18″–მა ასეთი შემადგენლობით ითამაშა: გეგუჩაძე, ფანცხავა(ზაქარიაძე 70), ნაცვლიშვილი, კუჭუხიძე(ო. ჭიჭინაძე 60), მარდალეიშვილი(გაგოშიძე 46), ბიწაძე, ბანძელაძე, ხეცურიანი, გოგუაძე(ხვიჩია 62), ქურდაძე(აშვეთია 75), ჩიხლაძე(ა. ჭიჭინაძე 70).

სატურნირო ცხრილი და კალენდარი

FCTorpedo.Ge