ბენიტესი: “იმედია, “ლივერპული” ევროპის ლიგას მოიგებს”

ინგლისის პრემიერლიგის 35-ე ტურში “ლივერპულსა” და “ნიუკასლ იუნაიტედს” შორის გამართული შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა. მატჩის შემდეგ “კაჭკაჭთა” მთავარმა მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმა თავის ყოფილ კლუბს წარმატებები უსურვა.

“ლივერპულთან” და მის ფანებთან კარგი ურთიერთობა მაკავშირებს. ისინი ძალზედ თბილად შემხვდნენ. ეს ჩემთვის მეტად ემოციური მომენტი იყო. იმედი მაქვს, “ლივერპული” ევროპის ლიგას მოიგებს. იურგენ კლოპი გუნდთან ერთად შესანიშნავად მუშაობს”, – განაცხადა ბენიტესმა.

შეგახსენებთ, რომ რაფაელ ბენიტესი მერსისაიდულ გუნდს 2004-დან 2010 წლამდე თავკაცობდა. ამ პერიოდის განმავლობაში მან “წითლებთან” ერთად ინგლისის თასი და სუპერთასი მოიგო (2006 წ), ასევე დაეუფლა ჩემპიონთა ლიგის თასსა და უეფას სუპერთასს (2005 წ).

 

ბენიტესმა “რეალიდან” გათავისუფლების შემდეგ განცხადება გამოაქვეყნა

მადრიდის “რეალის” აწ უკვე ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმა პოსტიდან გათავისუფლების შემდეგ განცხადება გამოაქვეყნა.

“ჩემთვის დიდი პატივი იყო იმ კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობა, სადაც გავიზარდე როგორც მოთამაშე და როგორც ადამიანი.
ჩემთვის პატივი იყო ის, რომ “რეალის” სახელით მომიწია მუშაობა. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ამ თვეების განმავლობაში ჩემი სამუშაოს შემსუბუქებას ცდილობდა.
წარმატებას ვუსურვებ ჩემს შემცვლელ ზინედინ ზიდანს, ასევე – ყველა მოთამაშესა და კლუბის თანამშრომელს.
პატივისცემითა და სიყვარულით გემშვიდობებით. მადლობა ყველაფრისთვის”, – ეს განცხადება ბენიტესმა თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნა.

 

“რეალის” ფანების ნაწილი ბენიტესს აეროპორტში დახვდა და მისი გადადგომა მოითხოვა

მადრიდის “რეალის” ფანების ნაწილი გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან რაფაელ ბენიტესის გათავისუფლებას მოითხოვს.

ესპანელმა სპეციალისტმა შობა ლივერპულში აღნიშნა, ესპანეთის დედაქალაქში დაბრუნებულს კი უსამოვნო ფაქტი შეემთხვა. მადრიდის “ბარახასის” აეროპორტში ბენიტესს “რეალის” ფანთა დიდი ჯგუფი დახვდა და მისგან პოსტის დატოვება მოითხოვა. ესპანელი მწვრთნელი მათ მახლობლად გაჩერდა, მოთხოვნები მოისმინა, თუმცა საპასუხოდ არაფერი უთქვამს.

 

ბენიტესი: “ქომაგები მე მისტვენდნენ? მე მათ პატივს ვცემ”

ესპანეთის პრიმერადივიზიონის მე-14 ტურში მადრიდის “რეალმა” შინ “სეტაფე” ანგარიშით 4:1 დაამარცხა.

მატჩის შემდეგ “სამეფო კლუბის” მთავარმა მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმა გუნდის თამაშით კმაყოფილება გამოთქვა.

“ჩვენ ავიღეთ სამი ქულა და დავამტკიცეთ, რომ კარიმ ბენზემა, გარეტ ბეილი და კრიშტიანუ რონალდუ დიდ ძალას წარმოადგენენ, თუ ისინი შეთანხმებულად იმოქმედებენ. ბენზემამ დიდი სამუშაო გასწია. მის მიერ გატანილი ორი გოლი ამის დამადასტურებელია.

შესანიშნავი პირველი ტაიმი ჩავატარეთ, მეორე ნახევარში კი თამაშის მიმდინარეობას ვაკონტროლებდით, თუმც აქტივობა შევამცირეთ, რადგან საქმის დიდი ნაწილი უკვე გაკეთებული იყო. პირველ ტაიმში გუნდმა მთელი პოტენციალი აჩვენა. გვესმოდა, რომ ადვილი შეხვედრა არ იქნებოდა, მაგრამ გუნდმა იცოდა, რა უნდა გაეკეთებინა.

ქომაგები მისტვენდნენ? მე მათ ვაფასებ. ჩვენ მათთვის ყველაფერს ვაკეთებთ. გუნდი საქმეზე არის კონცენტრირებული”, – ბენიტესის კომენტარი “ასმა” გამოაქვეყნა.

 

ბენიტესმა ბოლო 17 წელიწადში ახალი პირადი ანტირეკორდი დაამყარა

ესპანეთის პრიმერადივიზიონის მე-12 ტურში მადრიდის “რეალმა” “ბარსელონასთან” სრული ფიასკო განიცადა. “სამეფო კლუბი” საკუთარი ინჩადას თვალწინ ანგარიშით 0:4 განადგურდა.

აღსანიშნავია, რომ “რეალის” მთავარ მწვრთნელ რაფაელ ბენიტესს ბოლო 17 წლის მანძილზე ასეთი მარცხი არ უგემია.

ბოლოს ბენიტესი ასე სამარცხვინოდ შორეულ 1999 წელს დამარცხდა, როდესაც მის მიერ დამოძღვრილი “ესტრემადურა” მადრიდის “ატლეტიკოსთან” ანგარიშით 0:5 განადგურდა.

 

ბენიტესმა შესაძლოა, “რეალი” დატოვოს

ესპანური გამოცემა “დონ ბალონი” წერს, რომ მიმდინარე სეზონის ბოლოს რაფაელ ბენიტესმა შესაძლოა, მადრიდის “რეალი” დატოვოს.

ესპანელ სპეციალისტს ესმის, რომ მადრიდელები შედეგს მოითხოვენ და სასურველი მიზნის ვერმიღწევის შემთხვევაში, მასთან კონტრაქტს გაწყვიტავენ. ამიტომ, ბენიტესი აქედანვე იწყებს კარიერის გაგრძელების ვარიანტების განხილვას. ერთ-ერთ ალტერნატივად კი ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი მოიაზრება.

როგორც მოგეხსენებათ, 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ვისენტე დელ ბოსკე “ფურია როხას” თავკაცის პოსტს დატოვებს.

 

ბენიტესი: “რეალის” პრობლემა მომენტების გამოუყენებლობაა”

ესპანეთის პრიმერადივიზიონის VI ტურში მადრიდის “რეალსა” და “მალაგას” შორის “სანტიაგო ბერნაბეუზე” გამართული შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 0:0 დასრულდა.

მატჩის შემდეგ “სამეფო კლუბის” მთავარმა მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმა ეს შედეგი მომენტების გამოუყენებლობას დააბრალა.

“ბევრი მომენტი შევქმენით, მაგრამ ერთიც კი ვერ გამოვიყენეთ. “რეალს” საკმარისი მომენტები ჰქონდა იმისთვის, რომ გაემარჯვა. ფიზიკური კონდიციების მხრივ გუნდი კარგად არის მომზადებული. შეხვედრის მიმდინარეობისას მხოლოდ ერთი ცვლილება განვახორციელე. ასე რომ, გუნდის პრობლემა არა დაღლილობა, არამედ მომენტების გამოუყენებლობაა”, – ბენიტესის კომენტარი Football Espana-მ გამოაქვეყნა.

ცნობისათვის, “რეალმა” ესპანეთის პრიმერადივიზიონის საწყის ექვს ტურში 14 გოლი გაიტანა და მხოლოდ ერთი მიიღო, რაც საუკეთესო მაჩვენებელია.

 

ბენიტესი: “ჯერარდი ცდება”

“ლივერპულის” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმა კომენტარი გააკეთა სტივენ ჯერარდის ახალ ავტობიოგრაფიულ წიგნში მოცემულ მონაკვეთზე, რომელშიც ესპანელ მწვრთნელსა და ინგლისელ ფეხბურთელს შორის არსებულ ურთიერთობაზეა საუბარი.

“წავიკითხე მისი სიტყვები და ვფიქრობ, რომ ის ცდება. სტივის, “ლივერპულისა” და მისი გულშემატკივრების პატივისცემის, ასევე იმის ნიშნად, რამდენად ვაფასებ ამ ფეხბურთელს, ვფიქრობ, ეს ისტორია კომენტარის გარეშე უნდა დავტოვო.

სტივიმ წიგნი გამოსცა, მე ახლა “რეალს” ვთავკაცობ და ეს ყველაფერი გაყიდვაში დაეხმარება”, – ციტირებს ბენიტესის სიტყვებს “გარდიანი”.

 

ჯერარდი: “ბენიტესს არ მოვწონდი, როგორც ადამიანი”

24 სექტემბერს სტივენ ჯერარდის ახალი ავტობიოგრაფიული წიგნი “ჩემი ამბავი” გამოიცემა. წიგნში ინგლისელი ფეხბურთელი სხვადასხვა საინტერესო ისტორიებს იხსენებს. ერთ-ერთი მონაკვეთი მასსა და “ლივერპულის” ყოფილ თავკაც რაფაელ ბენიტესსთან ურთიერთობას ეხება. როგორც ჯერარდი წერს, მათ შორის იდეალური ურთიერთობა არ ყოფილა და კონტაქტი ამ დრომდე არ აქვთ.

“არ ვფიქრობ, რომ რაფას მოვწონდი, როგორც ადამიანი. ამაში დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ ეს გრძნობა დამრჩა. ალბათ, ეს ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც იგი დედაჩემს შეხვდა. ეს მანამდე იყო, ვიდრე პირველად გამესაუბრებოდა.

რაფა “ლივერპულის” თავკაცად 2004 წლის ზაფხულში დაინიშნა. მაშინ მე პორტუგალიაში ევროპის ჩემპიონატზე ვთამაშობდი.

Gerrard - Benitez6

მიუხედავად იმისა, რომ რაფამ ჟერარ ულიე შეცვალა, ამ უკანასკნელს მაინც უყვარდა “ლივერპული” და ჩემთან ახლო ურთიერთობას ინარჩუნებდა. იგი დედაჩემთან ერთად პორტუგალიაში გამოემგზავრა, რომ ხორვატიის ნაკრებთან ჩემი თამაშისთვის ეცქირათ. ისინი შემთხვევით რაფას შეხვდნენ.

ჟერარმა დედაჩემს რაფა გააცნო. რაფა დედას მიესალმა, ხელი ჩამოართვა და ძალიან უხერხული კითხვა დაუსვა: “უყვარს სტივენს ფული?”

ნორმალური მისალმების ნაცვლად, სწორედ ეს იყო მისი პირველი სიტყვები. ეს რა კითხვაა?

Gerrard - Benitez5

“ლივერპულის” ნებისმიერ ყოფილ მწვრთნელთან შემიძლია დარეკვა, რაფას გარდა.

ეს ძალიან ცუდია, რადგან 2005 წელს ჩემპიონთა ლიგის საოცარი ფინალი ერთად მოვიგეთ, ჩვენ კი დღემდე არ გვაქვს ერთმანეთთან კონტაქტი.

Gerrard - Benitez1

პრესკონფერენციებზე მას შეეძლო, ფეხბურთელების სახელებით მოხსენიება, თუმცა ჩემზე საუბრისას ყოველთვის გვარს ამბობდა. იგივე მდგომარეობა იყო გასახდელშიც: სხვებს მეტსახელებით მიმართავდა, მე კი – “ჯერარდით”.

Gerrard - Benitez4

“სტივის” დაძახებით უკეთ კი არ ავთამაშდებოდი, არა, სულაც არაა საინტერესო, რას დამიძახებდა. მე მაინც ყოველ თამაშში მოსაგებად გავიდოდი მოედანზე და რაფაც დაგვეხმარებოდა გამარჯვების მიღწევაში. იგი ტაქტიკაში საუკეთესო მწვრთნელია, ვისთან ერთადაც ოდესმე მიმუშავია.

ჩვენ ერთმანეთთან ულტრაპროფესიონალური ურთიერთობა გვქონდა და მისი სიცივე უკეთეს ფეხბურთელად გახდომის საშუალებას მაძლევდა. მინდოდა, რომ მისგან კომპლიმენტი მიმეღო და მინდოდა დამემტკიცებინა, რომ მე მას ვჭირდებოდი, როგორც მოთამაშე. ჩვენ ერთმანეთთან ცეცხლი და ყინულივით ვიყავით. განცდებით ვიყავი დამუხტული, რაფა კი სტრატეგიულად აზროვნებდა.

Gerrard - Benitez2 Gerrard - Benitez3

ხვალ ერთმანეთს შემთხვევით სადმე რომ შევხვდეთ, უსიამოვნო ფაქტი არ იქნება, თუმცა შესაძლოა, დადგეს ის დღე, როდესაც უფრო ღრმა და მეგობრული საუბარი გვექნება იმ ყველაფრის შესახებ, რაც “ლივერპულში” ერთად გამოვიარეთ”, – წერს ჯერარდი.

 

“რეალში” ათი მეტრის წესი შემოიღეს

მადრიდის “რეალი” დამდეგი სეზონისთვის ემზადება. “სამეფო კლუბის” ახალი მთავარი მწვრთნელი რაფაელ ბენიტესი გუნდში თავის მეთოდებს ნერგავს. როგორც აღმოჩნდა, ესპანელი სპეციალისტი განსაკუთრებულ აქცენტს დაცვაში ორგანიზებულ თამაშზე აკეთებს.

ბენიტესმა გუნდში ახალი წესი დანერგა. ის თვლის, რომ ფეხბურთელები მჭიდროდ უნდა მოქმედებდნენ, ამიტომ სათამაშო ხაზებსა და მცველებს შორის მანძილი ათ მეტრს არ უნდა აღემატებოდეს. ბენიტესის აზრით, ამ დისტანციის დაცვა მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს სამოქმედო არეალს მნიშვნელოვნად შეუზღუდავს. გარდა ამისა, ამ პრინციპის დაცვის შემთხვევაში, ცენტრალური ნახევარმცველების უკან ცარიელი ზონა არ უნდა დარჩეს.

ავსტრალიური ტურნეს დაწყებამდე ბენიტესმა გულდასმით შეისწავლა კარლო ანჩელოტის დროინდელი “რეალის” თამაში და შენიშნა, რომ წინა სეზონში გუნდის
ერთ-ერთი მთავარი პრობლემა სწორედ ხაზებს შორის წყვეტა და თავისუფალი ზონების გაჩენა იყო.

რაფა ბენიტესმა ათი მეტრის წესი ყველა გუნდში დაამკვიდრა, სადაც მუშაობდა. სპეციალური კომპიუტერული პროგრამაც კი შეიქმნა, რომელიც ფეხბურთელებს შორის საჭირო მანძილის დაცვას აკონტროლებს.

 

“რეალმა” ბენიტესი წარადგინა (ფოტოები)

მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე უკვე ოფიციალურად დაინიშნა რაფაელ ბენიტესი. “სამეფო კლუბმა” ესპანელი სპეციალისტი დღეს წარადგინა.

მხარეებს შორის სამწლიანი კონტრაქტი გაფორმდა. გავრცელებული ინფორმაციით, ბენიტესი წელიწადში ჯამაგირის სახით 4 მილიონ ევროს მიიღებს.

“დღეს ემოციური დღეა, რადგან სახლში დავბრუნდი. იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება, ტიტულებს მოვიგებთ და გუნდი კარგადაც ითამაშებს. მადლობას ვუხდი კლუბს იმისთვის, რომ ნდობა გამომიცხადა”, – ბენიტესის სიტყვები “რეალის” ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

შეგახსენებთ, რომ რაფა ბენიტესი მადრიდის “რეალის” სამწვრთნელო შტაბში 1986-დან 1995 წლამდე მუშაობდა. 1993–1995 წლებში ის მეორე გუნდს წვრთნიდა.

 

რატომ გაუშვა პერესმა ანჩელოტი? ვინ მეთაურობდა გუნდს გასახდელში?

როგორც ესპანური გამოცემა “მარკა” წერს, მადრიდის “რეალის” პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან კარლო ანჩელოტი იმიტომ გაუშვა, რომ ის გუნდს მხოლოდ ფორმალურად ხელმძღვანელობდა, სინამდვილეში კი გასახდელში კრიშტიანუ რონალდუ და სერხიო რამოსი ლიდერობდნენ.

წყაროს თანახმად, კლუბის პრეზიდენტსა და აწ უკვე ყოფილ თავკაცს შორის გამართული ბოლო შეხვედრის მთავარი თემა სწორედ ეს საკითხი გახლდათ. პერესი უკმაყოფილო იყო იმით, რომ იტალიელი სპეციალისტი გუნდს სათანადოდ ვერ მეთაურობდა.

“რეალის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე რაფაელ ბენიტესი ინიშნება, რომელსაც უკვე მიეცა პირველი დავალება: გუნდს ერთპიროვნულად იგი უნდა ხელმძღვანელობდეს, რონალდუსა და რამოსს მის ფუნქციებში ჩარევის შესაძლებლობა არ უნდა მიეცეთ. პერესის დავალებაა, რომ გუნდში იერარქია რაც შეიძლება მალე აღდგეს.