ვებ ელისის თასი თბილისშია

4 დღეზე ნაკლები დრო რჩება 2014 წლის ევროპის ერთა თასისა და 2015 წლის მსოფლიო თასის ევროპული საკვალიფიკაციო რაუნდის ფინალურ მატჩამდე – ქართველი ბორჯღალოსნები vs რუმინელი მუხები.

მატჩი 15 მარტს მიხეილ მესხის სტადიონზე, თბილისის დროით 17:00 საათზე გაიმართება. ბილეთები 10 მარტიდან ყოველდღიურად იყიდება მესხის სტადიონის სალაროებში. ბილეთების შეძენა 11:00 საათიდან 19:00 საათის ჩათვლით არის შესაძლებელი და მათი ფასი 3 და 5 ლარს შეადგენს.

ვებ ელისის თასი

მატჩის დიდი მნიშვნელობიდან გამომდინარე, რაგბის საერთაშორისო საბჭოსა და მსოფლიო თასის საორგანიზაციო კომიტეტის გადაწყვეტილებით, თბილისში სარაგბო სამყაროს ყველაზე მნიშვნელოვანი ტროფი – ვებ ელისის თასი ჩამოიტანეს.

ცხადია რაგბის ქომაგებს ძალიან დიდი სურვილი ექნებათ რაგბის მსოფლიო თასის ნახვისა და ფოტოს გადაღების. აქედან გამომდინარე, გაწვდით ვებ ელისის თასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა განრიგს

თასის თბილისური მოგზაურობა

12 მარტი

12:00 საათზე ვებ ელისის თას მიიტანენ კიკეთში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის სარაგბო სკოლაში;

14:00 საათიდან 18:00 საათის ჩათვლით, მსურველებს ვებ ელისის თასის ნახვა და ფოტოს გადაღება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის მუზეუმში შეეძლებათ;

13 მარტი

10:00 საათიდან 10:25 საათამდე, თასის ნახვა და შესაბამისად ფოტოების გადაღება შევარდენის სანაკრებო ბაზაზე იქნება შესაძლებელი. 10:30 საათზე კი დაიწყება ბორჯღალოსნების ღია ვარჯიში, რომელზეც მედია საშუალებების წარომადგენლებს ფოტო-ვიდეო გადაღების წარმოება დაწყებიდან 10 წუთის განმავლობაში შეეძლებათ.

კაპიტნის ვარჯიში

14 მარტი

მატჩამდე ერთი დღით ადრე გუნდები, მესხის სტადიონზე ტრადიციულ კაპიტნის ვარჯიშსა და წინა სამატჩო პრეს-კონფერენციებს გამართავენ, რომელზეც ასევე იქნება შესაძლებელი ვებ ელისის თასის ნახვა

რუმინეთის ნაკრების ვარჯიში 15:00 საათზე დაიწყება, ხოლო პრესკონფერენციას კი 16:15 საათზე გამართავენ;

ბორჯღალოსნების პრესკონფერენცია 16:30 საათზე დაიწყება, ხოლო ვარჯიშს 17:00 საათზე დაიწყებენ.

მედია საშუალებების წარმომადგენლებს ორივე საქართველოსა და რუმინეთის ნაკრები გუნდების კაპიტნის ვარჯიშისას ფოტო-ვიდეო გადაღება შეეძლებათ პირველი 15 წუთის განმვალობაში.

Rugby.GE

საქართველო V რუმინეთი – ბორჯღალოსნების 29 კაციანი რაზმი

ბორჯღალოსნები დაბრუნდნენ მადრიდიდან და დღეიდან სრული შემადგენლობით შეუდგნენ მზადებას 2014 წლის ევროპის ერთა თასისა და 2015 წლის მსოფლიო თასის ევროპული საკვალიფიკაციო რაუნდის ფინალური შეხვედრისათვის – საქართველო v რუმინეთი.

ტრავმები მოიშუშეს და შეკრებაზე იმყოფებიან დავით ზირაქაშვილი და მიხეილ ნარიაშვილი. ნაკრებთან ერთად შეკრებაზე ასევე ანტონ ფეიქრიშვილი იმყოფება. გიორგი შკინინს ტრავმა კვლავ აწუხებს და სამწუხაროდ იგი რუმინეთთან ნაკრებს ვერ დაეხმარება.

ბორჯღალოსნების 29 კაციანი რაზმი:

untitled

Rugby.GE

საქართველო VS რუმინეთი – ბილეთები

2014 წლის ევროპის ერთა თასის ფინალამდე და 2015 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის ევროპულ კულმინაციამდე ერთი კვირა რჩება!

15 მარტს, ქართველი ბორჯღალოსნები რუმინელ მუხებს მიხეილ მესხზე უმასპინძლებენ. მატჩის დასაწყისი 17:00 საათზე.

ამ მატჩით საბოლოოდ გაირკვევა 2015 წლის მსოფლიო თასის ევროპული საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ და მეორე ადგილოსანი ნაკრები გუნდები, რომლებიც შესაბამისად C და D ჯგუფებში მოხვდებიან.

მატჩის დიდი მნიშვნელობიდან გამომდინარე, რაგბის საერთაშორისო საბჭოსა და მსოფლიო თასის საორგანიზაციო კომიტეტის გადაწყვეტილებით თბილისში სარაგბო სამყაროს უმთავრეს ტროფის – ვებ ელისის თასს ჩამოიტანენ. მსოფლიო თასთან დაკავშირებულ თბილისურ ღონისძიებათა განრიგს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

ბილეთების გაყიდვა

საქართველოსა და რუმინეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის გასამართი შეხვედრის ბილეთები 10 მარტიდან (ორშაბათი) გაიყიდება. ბილეთების გაყიდავა მხოლოდ მიხეილ მესხის (ლოკომოტივის) სტადიონის  სალაროებში იწარმოებს და მათი შეძენა ყოველდღიურადდილის 11:00 საათიდან 19:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.

შეგახსენებთ, რომ მატჩზე დასასწრები ბილეთების ფასი 3 და 5 ლარს შეადგენს.

მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი დანომრილი იქნება. ქომაგებისათვის თავიანთ ადგილებზე მისვლის გასაადვილებლად ყველა სექტორის კარი იქნება ღია, შესაბამისად ყველას ექნება პირდაპირ სასურველ სექტორში მისვლის საშუალება.

სრულიად ქართული სარაგბო თემის სახელით, ჩვენი ბიჭების ყველა ქომაგს მოგმართავთ, რომ 15 მარტს, ამ უმნიშვნელოვანეს მატჩზე მობრძანდეთ სტადიონზე,  ყველა მხარში დავუდგეთბორჯღალოსნებს და 1 საათით ადრე გავავსოთ სტადიონი, რათა ჩვენ ბიჭებს სავსე ტრიბუნები დავახვედროთ!

რაგბი ჩვენი თამაშია!

Rugby.GE

დიეგო დუბარდი – ბორჯღალოსნების ბრაზილიელი ქომაგი

დიეგო დუბარდი ბრაზილიელი მორაგბეა. ყველას კარგად მოესხენება, რომ ფეხბურთი ბრაზილიაში ნომერ პირველი სპორტი და ბევრად მეტი ვიდრე სპორტია და აქედან გამომდინარე ხშირად ვერ შევხვდებით ამ ქვეყანაში მაცხოვრებელ მორაგბეებს. შესაბამისად ბევრს არ ეცოდინება, რომ ბრაზილიას რაგბის ნაკრებიც ყავს და რიოს თამაშებისათვის მზადების ფარგლებში ადგილობრივი რაგბის კავშირი აქტიურად ამზადებს თავიანთ რაგბი 7-ს ნაკრებს.

დიეგომ რაგბის შესახებ პირველად 1996 წელს, საფრანგეთში მცხოვრები ბიძაშვილისგან შეიტყო – „ერთ დღესაც მკითხა რაგბის თამაში თუ მინდოდა. რათქმაუნდა მინდათქო და მან მაშინვე ბურთი მესროლა, მაგრამ ამას კაი გვარიანი ბოჭვაც მოაყოლა. 12 წლის ვიყავი და ძალიან გავბრაზდი ბიძაშვილმა ასე, რომ გამაბითურა, მაგრამ სამხრეთ აფრიკის კვართი მაჩუქა და წყენამაც გადამიარა“

2007 წელს დიეგომ რაგბის თამაში დაიწყო. მასზე დდი ზეგავლენა მისმა მეგობარმა გოგონამ იქონია, რომელიც წარმოშობით ბრაზილიის ყველაზე „სარაგბო“ ქალაქ საო ჟოზე დოს კამპოსიდან იყო.

„ბევრს ვარჯიშობდი და ვკითხულობდი რაგბის შესახებ. ყოველთვის შერკინებაში მიწევდა თამაში – მესამე ხაზის სამივე პოზიცია მოვსინჯე და ერთი წლის შემდეგ ჩემი გუნდის კაპიტანი გავხდი. ჩვენ კლუბს პორტუგალიელი მწვრთნელი, ჟოზე ალპუიმი წვრთნიდა, რომელიც თავის დროზე პორტუგალიის ყველაზე ცნობილ კლუბ დირეიტოში თამაშობდა.

„იგი ცდილობდა ჩვენი თამაში დაეხვეწა და მუდმივად გვაძალებდა შერკინებიდან ბურთი ხაზზე გაგვეშვა. სწორედ ამ დროს გავიგე პირველად ქართული რაგბის შესახებ. იგი მუდამ იმეორებდა, რომ საქართველოს უძლიერესი შერკინება ყავს, რომ მათი აგორებული მოლი დაუძლეველი იყო. მე, როგორც მორკინალს ეს ძალიან მომეწონა და იმ დროიდან დავიწყე ქართული რაგბისათვის თვალ-ყურის დევნება. მალევე გავარკვიე, რომ გორგოძე დასახელდა საფრანგეთის საუკეთესო ლეგიონერად და რომ მან ბარბაროსებშიც ითამაშა. ასევე გავარკვიე, რომ ნებისმიერ ბობოლა ფრანგულ გუნდს შემადგენლობაში ერთი ქართველი პირველხაზელი  მაინც ყავდა. მეც მალევე პირველ ხაზში, ბურჯის პოზიციაზე დავიწყე თამაში.“

2012 წელს მეგობრის მამამ, რომელიც საქართველოში ბრაზილიის ელჩი იყო, დიეგოს ბორჯღალოსნების თეთრი კვართი ჩაუტანა.

 

არგენტინული ტესტი

2013 წელს დიეგო, უკვე თავისი საყვარელი გუნდის – ბორჯღალოსნების საგულშემატკივროდ არგენტინის ქალაქ სან ხუანში ჩავიდა.

„თამაშამდე „ჩვენების“ სასტუმროში მივედი. ძალიან მინდოდა პირადად გამეცნო ბიჭები. საათნახევრის განმავლობაში ველოდებოდი მანამ ჩვენებიდან ვინმე გამოჩნდებოდა. ვაჟა ხუციშვილი შევნიშნე. მაშინვე მივედი და ვახარე – ბორჯღალოსნების ბრაზილიელი ქომაგი ვარ და არგენტინაში მხოლოდ და მხოლოდ  თქვენ საგულშემატკივროდ ჩამოვედიმეთქი. მემგონი თავიდან არ დამიჯერა, მაგრამ მერე ბორჯღალოსნების თეთრი კვართი ვანახე გაუკვირდა, ისიც მითხრა აქ როგორ მოახერხე ამის ყიდვაო.

„მოგვიანებით გუნდის ერთ-ერთი მენეჯერი, ოთო გავიცანი და ბევრი ვისაუბრეთ ჩვენი გუნდის თამაშებზე, ჩვენს მორკინალებზე და უკანახაზელებზე. ბიჭები ნელ-ნელა გამოჩნდნენ და ყველამ ჩემ კვართზე ხელი მომიწერა.

„ლევან ჩილაჩავა და სხვა მოთამაშეები მეკითხებოდნენ თუ ვთამაშობდი რაგბის და მაშინვე აყოლებდნენ – ხო ბურჯი ხარო! ეს ჩემთვის დიდი პატივი იყო. ჩვენ ის შეხვედრა დავთმეთ არგენტინაში, მაგრამ სახლში ნასიამოვნები და უამრავი მოგონებებით დავბრუნდი.“

ჩვენი გუნდი

„ვიცი, რომ ჩვენი ნაკრები ოლ ბლექსის ან ქურციკების სიძლიერის არ არის, მაგრამ ამას ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. რაგბიში მხოლოდ მოგება ხომ არ არის მთავარი! მთავარია გულით ითამაშო, ამით იცხოვრო და სიამოვნება მიიღო! ბორჯღალოსნებმა ჩემ გულში სამუდამოდ დაიმკვიდრეს ადგილი. მათ მე არგენტინაში, როგორც თავიანთი მეგობარი და დასაყრდენი ძალა მიმიღეს. მათი მხრიდან დიდ პატივისცემას და სიყვარულს ვგრძნობდი. განსაკუთრებით მინდა მადლობა ლევან ჩილაჩავასა და ირაკლი აბუსერიძეს გადავუხადო.“

ჩვენი ჰიმნი

„სოც-მედიაში ბორჯღალოსნების უამრავი ქომაგი გავიცანი. ძალიან ბევრს ვსაუბრობთ, განვიხილავთ განვლილ მატჩებს და ვუზიარებთ აზრებს მომავალ თამაშებთან დაკავშირებით. მათი დახმარებით ნელ-ნელა ქართულსაც ვსწავლობ.

დიდი სურვილი მაქვს ვისწავლო ჩვენი ჰიმნი, რათა თბილისში, ბორჯღალოსნების თამაშის სანახავად როდესაც ჩამოვალ ისე ვიმღერო თითქოს ქართველად ვყოფილიყავი დაბადებული!“

Rugby.Ge

ესპანეთი VS საქართველო – შემადგენლობა

დღეს, 6 მარტს ბორჯღალოსნები ფრანგული შეკრებიდან მადრიდში გაემგზავრნენ, სადაც ესპანეთთან გამასამართი, ევროპის ერთა თასის 2014 წლის გათამაშების მორიგი მატჩისათვის მზადებას განაგრძობენ.

შეხვედრა გაიმართება „ესტადიო ნასიონალ დე რაგბიზე“ (მადრიდის უნივერსიტეტის სტადიონი), რომლის პირდაპირ რეპორტაჟსაც საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი 8 მარტს, თბილისის დროით 19:00 საათზე შემოგვთავაზებს.

ტრადიციულად მატჩამდე 48 საათით ადრე საქართველოს ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა ბორჯღალოსნების სასტარტო შემადგენლობა დაასახელა.

რაზმი

შერკინება

1. ზურაბ ჟვანია 2. ჯაბა ბრეგვაძე 3. ლევან ჩილაჩავა 4. გიორგი ნემსაძე 5. კოტე მიქაუტაძე 6. გიორგი თხილაიშვილი 7. მამუკა გორგოძე 8. გიორგი ჩხაიძე

ღერძი

9. ვაჟა ხუციშვილი 10. ლაშა ხმალაძე

ხაზი

11. თამაზ მჭელიძე 12. მერაბ შარიქაძე 13. თედორე ზიბზიბაძე 14. ირაკლი მაჩხანელი (კაპ) 15. მერაბ კვირიკაშვილი

მარქაფა

16. შალვა მამუკაშვილი 17. კარლენ ასეიშვილი 18. ანტონ ფეიქრიშვილი 19. შალვა სუთიაშვილი 20. გივი ბერიშვილი 21. გიორგი ბეგაძე 22. ლაშა მალაღურაძე 23. ბექა წიკლაური

Rugby.GE

ბორჯღალოსნების ფრანგული შეკრება

2 მარტს ბორჯღალოსნები საფრანგეთში გაემგზავრნენ, სადაც ესპანეთის წინააღმდეგ გასამართი მატჩის წინ შეკრებას გადიან.

საქართველოს ნაკრების გამგზავრებამდე გამოქვეყნებულ 28 კაციან შემადგენლობაში ორი ცვლილების განხორციელება გახდა საჭირო. ბორჯღალოსნების ბურჯებმა დავით ზირაქაშვილმა და მიხეილ ნარიაშვილმა მცირე ტრავმები მიიღეს. დავით ზირაქაშვილმა კოჭი დაიზიანა, ხოლო მიხეილ ნარიშვილმა კი მუხლი. ორივე ტრავმა მსუბუქი ხასიათისაა და ორივე მოთამაშე დაახლოებით ერთ კვირაში ჩადგებიან მწყობრში. აქედან გამომდინარე, ნაკრების ხელმძღვანელობამ მათი დასვენება გადაწყვიტა.

ზირაქაშვილისა და ნარიაშვილის ნაცვლად, მილტონ ჰეიგმა შეკრებაზე ანტონ ფეიქრიშვილსა და კარლენ ასიეშვილს უხმო.

აღსანიშნავია, რომ კარლენ ასიეშვილმა ბორჯღალოსნების შემადგენლობაში ბოლოს 2012 წელს მადრიდში, ესპანეთის წინააღმდეგ ითამაშა.

ბორჯღალოსნები ფრანგული შეკრებიდან ესპანეთში 6 მარტს გაემგზავრებიან.

1

2

3

4

5

6

7

8

9

Rugby.GE

სახელმწიფო რაგბის დაფინანსებას ზრდის

საქართველოს მთავრობის კანცელარიაში 20 თებერვალს გამართულ მთავრობის სხდომაზე, მინისტრთა კაბინეტმა რაგბის სახელმწიფო მხარდაჭერის ახალი პროგრამა დაამტკიცა.

საქართველოში რაგბის მზარდი პოპულარობის გათვალისწინებით და სპორტის ამ სახეობის განვითარების მიზნით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით „საქართველოში რაგბის განვითარების ფინანსური მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა“ 2014 წლიდან გაიზრდება: 2014-2016 წლებში, ნაცვლად პროგრამით გათვალისწინებული 11 800 000 (თერთმეტი მილიონ რვაასი ათასი) ლარისა, რაგბის განვითარებას სახელმწიფო 33 673 968 (ოცდაცამეტი მილიონ ექვსასსამოცდაცამეტი ათას ცხრაასსამოცდარვა) ლარს მოახმარს.

2014-2016 წლებში გაიზრდება უმაღლესი ლიგის გუნდების საბაზო დაფინანსება: ნაცვლად 100000 (ასი ათასი) ლარისა, თითოეული გუნდი 400000 (ოთხასი ათასი) ლარით დაფინანსდება.

პირველად ქართული რაგბის ისტორიაში, საბაზო დაფინანსება ექნება პირველი ლიგის გუნდებს. საბაზო დაფინანსების გარდა, 2013-2014 წლების ჩემპიონატის შედეგების მიხედვით უმაღლესი ლიგის კლუბებს შორის საპრიზო ფონდიც განაწილდება. პირველი ლიგის გუნდებს შორის საპრიზო ფონდი მომდევნო, 2014-2015 წლების სეზონის შედეგების მიხედვით განაწილდება.

საქართველოში რაგბის განვითარების ფინანსური მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული თანხის – 33 673 968 ლარი – ხარჯვას საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო განახორციელებს საქართველოს რაგბის კავშირის სუბსიდირების გზით.

რაგბის განვითარების ფინანსური მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაში ხსენებული ცვლილება საქართველოს მთავრობის, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და საქართველოს რაგბის კავშირის თანამშრომლობით შევიდა.

Rugby.Ge

საქართველო-რუსეთი – ბილეთების გაყიდვა დაიწყო

როგორც მოგეხსენებათ, 2014 წლის ევროპის ერთა თასის და 2015 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის მორიგ საშინაო მატჩამდე ერთ კვირაზე ნაკლები დრო რჩება. 22 თებერვალს, „დინამო არენაზე“ ქართველი ბორჯღალოსნები რუსეთის ნაკრებს დაუხვდებიან.

მატჩზე დასასწრები ბილეთები უკვე იყიდება და მისი ფასი 3 და 5 ლარი გახლავთ. ბილეთების შეძენა ყოველდღიურად დილის 11:00 საათიდან 18:00 საათამდე მხოლოდ „დინამო არენას“ სალაროებში შეგიძლიათ.

საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს შორის გასამართი მატჩი შაბათს, 17:00 საათზე დაიწყება.

 

საქართველომ ბელგია გაანადგურა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა, 2014 წლის ერთა თასი და 2015 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის მეორე წრე გამარჯვებით დაიწყო.
ბორჯღალოსნებმა “ბელგიის” გუნდს ავჭალის სტადიონზე უმასპინძლეს. მიუხედავად რთული მეტეოროლოგიური პირობებისა, საქართველოს ნაკრების მოთამაშეებმა კარგი თამაში ჩაატარეს და მეტოქე 35-0 დაამარცხეს.

ლელოები კოტე მიქაუთაძემ, მერაბ შარიქაძემ, ირაკლი მაჩხანელმა და გიორგი ჩხაიძემ ჩაიწერეს საკუთარ ანგარიშზე, ორჯერ კი მერაბ კვირიკაშვილმა დაამწუხრა ბელგიელები. ამასთან ერთად, კვირიკაშვილმა ერთი ზუსტი გარდასახვა და ჯარიმა მიითვალა.

მამუკა გორგოძე „ბორჯღალოსნებს“ გამოაკლდა

საქართველოს სარაგბო ნაკრების ლიდერმა მამუკა გორგოძემ საფრანგეთის ტოპ-14-ის განვლილ ტურში, „ბორდოსთან“ გამართულ მატჩში (28–23) ფეხის ტრავმა მიიღო და „ბორჯღალოსნებს“ ბელგიასთან გასამართ ერთა თასის შეხვედრაში ვერ დაეხმარება. გორგოძე ვერც მეორე ტურში, პორტუგალიასთან სტუმრად გასამართ მატჩში ვერ მიიღებს მონაწილეობას. მის ნაცვლად ნაკრებში გამოძახებულია თბილისის „ლოკომოტივის“ მესამეხაზელი გია ბერიშვილი.

ხვალ, 29 იანვარს „ბორჯღალოსნები“ 2014 წლის პირველ ღია ვარჯიშს შევარდენის სანაკრებო ბაზაზე გამართავენ, რომელიც 11:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ერთა თასის 2014 წლის გათამაშების შეხვედრა საქართველოსა და ბელგიის ეროვნულ ნაკრებ გუნდებს შორის პირველ თებერვალს, ავჭალის სარაგბო სტადიონზე გაიმართება და ის 15:00 საათზე აიღებს სტარტს. მატჩზე დასასწრები ბილეთის ფასი 3 ლარს შეადგენს.

 

გია ნიჟარაძის ინტერვიუ

რას ფიქრობთ ჩვენი მეტოქე გუნდების შესახებ?

ნოემბრის ტესტებისათვის უდაოდ ძალიან ძლიერი მეტოქეები გვერგო. კანადაზე ორიოდ სიტყვით მოგახსენებთ – ყველამ კარგად იცის, რომ კანადა პროგრესირებს ძალზედ სწრაფი ტემპებით. როგორც მოგეხსენებათ, IRB-ს ეგიდით ტარდება წყნარი ოკეანის ქვეყნების თასი, სადაც ჩვენ მეტოქეებს კანადასა და აშშ-ს უნიკალური საშუალება აქვთ ეპაექრონ ისეთ ქვეყნებს, როგორებიც არის სამოა, იაპონია, ფიჯი და ტონგა. ამან უდაოდ კიდევ უფრო შეუწყო ხელი კანადური რაგბის განვითარებას. ზოგადად უნდა ითქვას, რომ კანადის რაგბის კავშირი ერთ-ერთი ყველაზე მოწესრიგებული და პროგრესირებადი კავშირია. ისინი ძალიან ბევრს აკეთებენ თავიანთი რაგბის განვითარებისათვის და ჩვენგან უდიდეს პატივისცემას იმსახურებენ. აშშ-ს ნაკრები კანადასთან შედარებით შეიძლება ოდნავ უფრო სუსტ გუნდათ ჩაითვალოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ აშშ არ არის ძლიერი და აგრეთვე სერიოზულად პროგრესირებადი მეტოქე. რაც შეეხება სამოას, აქ კომენტარები ზედმეტია – სამოა არის მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი გუნდი, რომელიც ულამაზეს რაგბს თამაშობს და შემთხვევითი არ არის, რომ დღესდღეობით, მსოფლიო რეიტინგში სამოა მეშვიდე ადგილს იკავებს.

რას ნიშნავს ჩვენთვის ნოემბრის ტეს-მატჩები?

ნოემბრის ტესტ-მატჩები ძალიან სერიოზული გამოცდა იქნება ჩვენთვის. ამ მატჩებმა უნდა გვანახოს თუ რეალურად სად ვართ, რა პრობლემების წინაშე ვდგავართ და რაზე გვაქვს სამუშაო. რაც მთავარია, ჩვენ უნდა ვნახოთ თუ რა გზით უნდა განვაგრძოთ სვლა იმისათვის, რომ 2014 წლის თებერვალ-მარტში ჩვენი უმთავრესი ამოცანა გადავწყვიტოთ, ანუ ევროპის ერთა თასი მოვიგოთ და შესაბამისად 2015 წლის მსოფლიო თასზე მოვხვდეთ „C“ ჯგუფში.

ეს იქნება გამოცდა ეროვნული ნაკრების მწვრთნელების, მოთამაშეებისა და ზოგადად რაგბის კავშირისათვის. ჩვენ ვაცნობიერებთ სრულად ამ უდიდეს პასუხისმგებლობას და ყველაფერს ვაკეთებთ საიმისოდ, რომ ქართული რაგბის გულშემატკივარმა გაიხაროს. აქედან გამომდინარე, ჩვენს ამოცანას წარმოადგენს კანადისა და ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრები გუნდების დამარცხება. რაც შეეხება სამოას, უნდა ვითამაშოთ ღირსეული და ლაღი თამაში, რათა ყველას დავუმტკიცოთ, რომ ჩვენ მსოფლიოს წამყვან გუნდთან შეგვიძლია ღირსეული პაექრობა.

ამ შეხვედრების რეზულტატს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ქართული რაგბის განვითარებისათვის, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ჩვენ ორი წლის განმავლობაში ბევრი ექსპერიმენტი ჩავატარეთ. მწვრთნელები ეცადნენ, რომ რაღაც ახალი შემოეტანათ ჩვენს სათამაშო სტილში და დადგა დრო, რომ ყველამ ერთად მოვითხოვოთ რეზულტატი, როგორც გულშემატკივრებმა, ასევე რაგბის კავშირმა. ბიჭები მზად არიან, მწვრთნელები ძალიან სეროზულად არიან განწყობილნი.

სამწუხაროდ წელს „ეპიდემია“ გვაქვს ტრავმების სახით. ამ თამაშებზე ტრავმების გამო ვერ დაგვეხმარებიან დავით ზირაქაშვილი, ჯაბა ბრეგვაძე, ვასილ კაკოვინი, იური ნატრიაშვილი, გიორგი ჟღენტი და ვახტანგ მაისურაძე. რაც შეეხება გიორგი ჟღენტს, მიუხედავად სერიოზული ტრავმისა კლუბში მას მაინც ათამაშებენ და 8 ნოემბერს ის მკურნალობის სპეციალურ კურს გაივლის, რის შემდეგ ის ორი-სამი კვირის განმავლობაში ვერ ითამაშებს. მინდა ავღნიშნო, რომ გიორგი ჟღენტსაც და ნაკრების სამწვრთნელო შტაბსაც დიდი სურვილი ჰქონდათ, რომ მას ამ მატჩებში მიეღო მონაწილეობა. რამოდენიმე მოთამაშემ, მოგეხსენებათ ახლახანს მოიშუშა ტრავმები. მიუხედავად ყველაფრისა, ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ნაკრებში გამოძახებული ბიჭები გავლენ მოედანზე და ყველაფერს გააკეთებენ, რათა კვლავ გაახარონ გულშემატკივარი.

მოსამზადებელი პერიოდი და სათამაშო არენა

როგორც ყოველთვის გვქონდა პრობლემები იმასთან დაკავშირებით, თუ სად ვითამაშებით. ნოემბერი ზოგადად ქართული სპორტისათვის გამოირჩევა დატვირთული საშეჯიბრო კალენდრით. ორივე დიდი სპორტული არენა, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრები თამაშობს, ნოემბერში დატვირთული იქნება ძირითადად საერთაშორისო საფეხბურთო მატჩებით. აქვე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და დინამოს ხელმძღვანელობას, რომლებმაც თავიანთი დაძაბული საერთაშორისო კალენდრის მიუხედავად გამონახეს საშუალება, რათა მოეცათ ჩვენთვის ამ მატჩების ჩატარების საშუალება. შესაბამისად 9 ნოემბერს საქართველო – კანადის მატჩი გაიმართება დინამო არენაზე (16:30 საათზე), ხოლო 23 ნოემბერს, საქართველოსა და სამოას მატჩი ჩატარდება მ. მესხის სახელობის სტადიონზე (16:30 საათზე). რაც შეეხება 16 ნოემბერს აშშ-სთან გასამართ მატჩს – სამწუხაროდ ეს ორივე სტადიონი არის დაკავებული. აქედან გამომდინარე, ჩვენ ძალიან გვინდოდა, რომ ეს თამაში ჩაგვეტარებინა ქუთაისში და ძალიან ბევრი ვიშრომეთ ამისთვის. რამდენჯერმე ჩავედით ქუთაისში. უამრავი საორგანიზაციო პრობლემა დაგვხდა, რომელიც მოვაგვარეთ, რისთვისაც მინდა დიდი მადლობა გადავუხადო სპორტის სამინისტროსა და კომპანია ვისოლის ხელმძღვანელობას. სამწუხაროდ რაგბის საერთაშორისო საბჭომ ქუთაისში მატჩის გამართვაზე უარი გვითხრა, იმ მიზეზით, რომ ისედაც მოკლე ერთ-ერთი ჩასათვლელი მოედნის უკან, ვისოლის სტადიონზე არის ბეტონის კონსტრუქცია, რომელიც სერიოზულ პრობლემას უქმნის მოთამაშეთა უსაფრთხოებას. გულწრფელად ვამბობ, რომ ძალიან დაგვწყდა გული ამის გამო. ქუთაისი ნამდვილად არის ის სარაგბო ქალაქი, რომელიც ღირსია, რომ იქ ჩატარდეს ასეთი დონის საერთაშორისო მატჩები. ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ ქუთაისში ჩვენი სარაგბო ბაზის დასრულებას, სადაც ცენტრალურ მოედანს 6 ათასამდე გულშემატკივრის დატევის შესაძლებლობა ექნება.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, აშშ-ს ნაკრებ გუნდთან სათამაშოდ უნდა აგვერჩია ან ავჭალის სტადიონი, რომელიც 2000 გულშემატკივარს იტევს, ან რუსთავის სარაგბო სტადიონი, სადაც 3 400 მაყურებლის განთავსება არის შესაძლებელი. შესაბამისად გადაწყდა ამ მატჩის რუსთავის ახლად აშენებულ სტადიონზე 16 ნოემბერს (14:00 საათზე) ჩატარება, რომელიც ყველანაირ საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს. დიდი იმედი გვაქვს, რომ სტადიონი გაივსება და ძალიან მნიშვნელოვანი თამაში ჩვენს სასარგებლოდ დამთავრდება.

ბილეთები და საორგანიზაციო საკითხები

პირველად ჩვენი რაგბის ისტორიაში ჩვენ შევთავაზებთ გულშემატკივარს ორიგინალურ ბილეთს, რომელიც ერთდროულად იქნება ბილეთიც და საინფორმაციო ბუკლეტიც. პირველი გვერდი იქნება შესაბამისად ბილეთი დამახასიათებელი კონტროლის ნიშნითა და ინფორმაციით. მეორე და მესამე გვერდები დაეთმობა გუნდების შემადგენლობებსა და ურთიერთ-შეხვედრების ბალანსა და ისტორიას. ბოლო გვერდი დაეთმობა გულშემატკივართა ქცევის კოდექს, ინფორმაციას იმ ძირითადი წესების შესახებ რომელიც უნდა დაიცვას რაგბის გულშემატკივარმა.

სტადიონის სალაროების გარდა, იგეგმება ბილეთების გარკვეული ოდენობის ვებ-გვერდ Hotsales.ge-ს მეშვეობით გაყიდვა.

კანადისა და სამოას მატჩებზე ბილეთის ფასი იქნება 3 და 1 ლარი, ხოლო რუსთავში, აშშ-ს მატჩზე ბილეთის ფასი იქნება 3 ლარი. ბილეთები გაიყიდება, როგორც თბილისში, ასევე თამაშის დღეს რუსთავში.

იმის გამო, რომ თავდაპირველად სამივე თამაში დანიშნული იყო დღის 2 საათზე, რაც იმ გულშემატკივრებს, რომლებიც შაბათს მუშაობენ დიდ უხერხულობას უქმნიდა, ჩვენ მივმართეთ თხოვნით საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობას, რათა კანადისა და სამოას მატჩების ტელერეპორტაჟის დრო გადაეტანათ. საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობამ, მიუხედავად დიდი სირთულეებისა გაითვალისწინა გულშემატკივრების თხოვნა და შესაბამისად კანადისა და სამოას მატჩების ტელერეპორტაჟი დაიწყება 16:30 საათზე, რისთვისაც საქართველოს რაგბის კავშირი მადლობას უხდის საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობას. რაც შეეხება აშშ-ს მატჩს, ის დაიწყება 14:00 საათზე, რაც გამოწვეულია რუსთავის სტადიონზე ტელერეპორტაჟის გასამართად საჭირო განათების არ ქონით.

ძალიან ბევრს ვმუშაობთ იმისთვის, რომ გულშემატკივარი მოვიზიდოთ სტადიონზე, რადგანაც საქართველოს ნაკრებს ძალიან სჭირდება გულშემატკივრების მხარდაჭერა. გავიხსენოთ 2010 წლის საქართველოსა და ამერიკის შეხვედრა დინამოზე, როდესაც დამატებით დროში ჩვენმა ბიჭებმა გამარჯვების ლელო დაუდეს სტუმრებს და ამაში ჩვენ ბიჭებს უდაოდ დაეხმარა ის მუხტი, რომელიც გულშემატკივრებმა შექმნეს სტადიონზე.

ჩვენ შევცვალეთ ჩვეული სარეკლამო კამპანია. დავნერგეთ ბევრი სიახლე. ინტერნეტ სივრცეში, ვიდეო პორტალ Myvideo.ge-ზე განვათავსეთ ნოემბრის ტესტ-მატჩების პრომო ბანერი. ვატარებთ სხვადასხვა ღონისძიებებს. დავდივართ უმაღლეს სასწავლებლებში, ვხვდებით სტუდენტებს, ვესაუბრებით მათ რაგბზე და რაგბის ფასეულობების შესახებ და გვინდა, რომ ყოველი ასეთი შეხვედრის შემდეგ უნივერსიტეტებში გავაჩინოთ ჩვენი გულშემატკივრების კერები. პარარელურად, რაგბის კავშირის განვითარების ჯგუფის წევრები, ეროვნული ნაკრების მოთამაშეებთან ერთად სკოლებში მართავენ შეხვედრებს. ვფიქრობთ, რომ ღონისძიებები საკმაოდ საინტერესოა სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეებისათვის. შესაბამისად, სტუდენტებსაც და სკოლის მოსწავლეებსაც ჩვენ ვთავაზობთ 1 ლარიან ბილეთებს.

მთელი საქართველოს მასშტაბით საფესტივალო ასაკის მორაგბეებს ჩამოვიყვანთ და უფასოდ დავასწრებთ კანადისა და სამოას თამაშებს, ხოლო რაც შეეხება მატჩს აშშ-ს წინააღმდეგ, იქ რუსთაველ სკოლის მოსწავლეებს დავუთმობთ 400 მაყურებელზე გათვლილ ტრიბუნას უფასოდ, რათა ბავშვები ეზიარონ რაგბს და უგულშემატკივრონ საქართველოს ნაკრებს.

გვქონდა იდეა იმისა, რომ ბილეთები გაგვეყიდა პრესის გავრცელების ჯიხურებში, მაგრამ სამწუხაროდ დიდი საკომისიო გადასახადის გამო, ამ ეტაპზე ამისაგან თავი შევიკავეთ.

პრომო ვიდეო რგოლი

ჩვენ ვმუშაობთ ორი ტიპის ვიდეო რგოლზე. ერთი იქნება სტანდარტული პრომო-რგოლი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას თამაშების ჩატარების ადგილებისა და დროის შესახებ. ასევე ვაწარმოებთ მოლაპარაკებას ერთ-ერთ სარეკლამო კომპანიასთან, რომლის დახმარებით ვგეგმავთ სარაგბო სოციალური ვიდეო რგოლის გადაღებას. იმედია სატელევიზიო ეთერის მეშვეობით მოხდება ამ რგოლის გაშუქება და ყველას ერთად მოგვეცემა ამ ახლებური ქართული სარაგბო რგოლის ნახვის საშუალება.

გარდა ამისა, მიმდინარეობს მოლაპარაკება კინოთეატრ რუსთაველთან და ამირანთან, რათა ყოველი ფილმის ჩვენების წინ, კინოჟურნალში მოხდეს ნოემბრის ტესტ-მატჩების პრომო რგოლის გაშვება. საინფორმაციო რგოლების გაშვება აგრეთვე მოხდება ჩვენ მედია პარტნიორ რადიო-სადგურებში (აფხაზეთის ხმა, რადიო კომერსანტი და რადიო პალიტრა).

ასევე გვაქვს იდეები, რომელთა რეალიზაციას ამ თამაშებისათვის ვერ ვასწრებთ და იმედი გვაქვს, რომ ერთა თასის თამაშებისათვის მოვახერხებთ.

ყველა გულშემატკივარს შევახსენებთ, რომ ჩვენი სლოგანი არის: „რაგბი ჩვენი თამაშია“. იმედი მაქვს, რომ ეს ნამდვილად ჩვენი თამაშია და რომ ჩვენ ყველა ერთად ნოემბრის ტესტ-მატჩებზე ვუგულშემატკივრებთ ბიჭებს და დავეხმარებით მათ უმნიშვნელოვანესი გამარჯვებების მოპოვებაში.

Rugby.GE

ფეხბურთი, როგორც რაგბის საწყისი

ფეხბურთს წარსულშიც უამრავი მოყვარული ჰყავდა, მაგრამ იმის გამო, რომ არ არსებობდა თამაშის საყოველთაოდ მიღებული წესები, იგი უფრო თავშესაქცევს წააგავდა, ვიდრე სპორტის სახეობას. სწორედ ამან განაპირობა ამჟამად სპორტის საკმაოდ პოპულარული სახეობის – რაგბის წარმოშობა.

1823 წლის 7 აპრილს, ინგლისში ქალაქ რაგბის ერთ-ერთი კოლეჯის ეზოში ბიჭები ფეხბურთს თამაშობდნენ.

მატჩის მსვლელობის დროს 16 წლის უილიამ ვებ ელისმა ბურთი მკერდზე მიიკრა და მოწინააღმდეგეთა კარისკენ გაქანდა. თამაშის წესებიდან ასეთი მოულოდნელი გადახვევა მოეწონათ როგორც ფეხბურთელებს, ასევე გულშემატკივრებსც.

მალე ამ კოლეჯის შენობაზე მემორიალური დაფა გაჩნდა: “ეს წარწერა გვახსენებს უილიამ ვებ ელისის დიდებულ ქმედებას, რომელმაც 1823 წელს პირველმა დაარღვია ფეხბურთის თამაშის წესები და საფუძველი დაუდო რაგბის”.

მალე რაგბი პოპულარული გახდა ყველა კონტინენტზე და 1900, 1908, 1920, 1924 წლებში ოლიმპიურ თამაშთა პროგრამაშიც “დაიბადა”.

ბექა დოგრაშვილი