მსოფლიოს მეორე ჩოგანი, ესპანელი რაფაელ ნადალი დეკემბრის ბოლოს აბუ-დაბის ყოველწლიურ ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.
შეგახსენებთ, რომ არაბეთის გაერთიანებული საემიროების დედაქალაქში ჩასატარებელ ტურნირში მონაწილეობის მიღება ნადალის გარდა ასევე სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა და ბრიტანელმა ენდი მარეიმ დაადასტურეს. ტურნირის დანარჩენი სამი მონაწილის ვინაობა კი მოგვიანებით გახდება ცნობილი.
”შარშან წარმატებული თამაშის შემდეგ, გულშემატკივრებს იმის პირობა მივეცი, რომ არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში დავბრუნდებოდი. მიხარია, რომ ეს სულ მალე მოხდება. ვფიქრობ, ახალი სეზონის დაწყების წინ ეს თავის გამოჩენის კარგი შესაძლებლობაა. დარწმუნებული ვარ, რომ წინ დაძაბული ბძოლა გველის. ამავე დროს, ტურნირის მესამედ მოგების იმედი მაქვს”, – განუცხადა ნადალმა TennisEarth.com-ს.
ცნობისთვის, ტრადიციული ტურნირი სახელად Mubadala World Tennis Championships-ი 26 დეკემბრიდან 28 დეკემბრამდე გაგრძელდება. აქამდე რაფა აბუ-დაბიში ჩატარებული ტურნირის გამარჯვებული 2010 და 2011 წელს გახდა. ამჟამად, აბუ-დაბის ტურნირის მოქმედი ჩემპიონი პლანეტის პირველი ჩოგანი – ნოვაკ ჯოკოვიჩია.
ალექსანდრე მატევოსოვი