ვილაშ-ბოაში: ხამეს როდრიგესი შრომისმოყვარე ფეხბურთელია

ხამეს როდრიგესის მადრიდის „რეალში“ ტრანსფერს მთელი მსოფლიოს მასშტაბით საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საკუთარი მოსაზრებები აღიარებულმა საფეხბურთო სპეციალისტებმა არაერთგზის გამოთქვეს. „მარკას“ ჟურნალისტი კოლუმბიელის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, მის ყოფილ თავკაცსა და „ზენიტის“ მთავარ მწვრთნელს, ანდრე-ვილაშ ბოაშს დაუკავშირდა.

 

–         სეუ ანდრე, „პორტუში“ დანიშვნისთანავე, თქვენი ერთ-ერთი პირველი შესაძენი ხამეს როდრიგესი იყო. როგორ დაახასიათებდით კოლუმბიელს?

–         ხამესზე ინფორმაცია „პორტუს“ სკაუტებმა ჯერ კიდევ კლუბში ჩემს მოსვლამდე მოიძიეს. მაშინ როდრიგესი „ბანფილდში“ ასპარეზობდა და კლასიკურ 4-4-2 სქემაში ნახევარდაცვის მარცხენა ფლანგს ამაგრებდა. კრეატიული ფეხბურთელის შეძენა გვინდოდა, ისეთის, რომელიც ჰალკს, ვარელასა და კრისტიან როდრიგესს სათანადო კონკურენციას გაუწევდა. ტრანსფერიც მალევე გავჩარხეთ. სიმართლე რომ გითხრათ, ხამესისგან საწყის ეტაპზე „აფეთქებას“ არ ველოდით, ვიცოდით, რომ ეტაპობრივად პროგრესირებდა და, ადრე თუ გვიან, მისგან ექსტრაკლასის ფეხბურთელი დადგებოდა.

–         როდრიგესზე თქვენ პირველ შთაბეჭდილებებს ხომ ვერ გაიხსენებდით?

–          ხამესი ძალიან მორცხვი და შრომისმოყვარე ბიჭია. ტაქტიკურ დავალებებს ყოველთვის კარგად ასრულებს. თავიდან „პორტუს“ კოლუმბიელ ლეგიონერებს, ფალკაოსა და გუარინს დაუახლოვდა, მოგვიანებით კი სხვა თანაგუნდელებთან მარტივად გამონახა საერთო ენა, როგორც მოედანზე, ასევე მის ფარგლებს გარეთაც.

–         თუმცა ისიც აღვნიშნოთ, რომ თავიდან მას არ სწყალობდით…

–         ეს სრულიად ნორმალური მოვლენაა. ახალ ფეხბურთელს ადაპტაციისთვის გარკვეული დრო სჭირდება. ჰალკი და ვარელა, ხამესის უშუალო კონკურენტები, დიდებულად გამოიყურებოდნენ. როდესაც გუნდი შედეგიანად ასპარეზობს, ძირითად შემადგენლობის მუდმივი როტაცია სახიფათო შეიძლება გამოდგეს. მახსოვს, როდრიგესს პორტუგალიის ჩემპიონატში დებიუტი ოქტომბრის ბოლოს ჰქონდა. თავის გამოჩენის საშუალებას ევროპა ლიგაზეც ხშირად ვაძლევდი. იანვარში ფალკაომ ტრავმა მიიღო, რის გამოც ჰალკი ცენტრალური ფორვარდის პოზიციაზე გადავიყვანე, ხოლო ხამესს გარემარბის ფუნქციების შესრულება დავავალე, რასაც თავი საკმაოდ კარგად გაართვა. მოედანზე სრული თავისუფლების მინიჭების შემდეგ კი საგოლე პასების ჩამორიგება დაიწყო. მართალია, „რეალის“ ახალწვეული ამპლუით გამთამაშებელი უფროა, თუმცა არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ ფლანგზე ასპარეზობამ მისი პროგრესი დააჩქარა.

–         გინდათ თქვათ, რომ კოლუმბიელი გამთამაშებლის პოზიციაზე უფრო ნაყოფიერია?

–         მოდი, განვაზოგადებ: ხამესი კრეატიული ფეხბურთელია და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი მაქსიმალური დონეს მაშინ აღწევს, როდესაც მოედანზე სრულ თავისუფლებას ანიჭებენ.

–         ხამესის საუკეთესო შეხვედრებიდან რომელს გაიხსენებდით?

–         კონკრეტულად რომელიმე დაპირისპირების გამოყოფა მიჭირს, როდრიგესი საკმაოდ სტაბილური ფეხბურთელია და მატჩების უმეტესობას მაღალ დონეზე ატარებს. თუმცა მაინც აღვნიშნავდი მის პირველ გოლს „პორტუს“ რიგებში, „ნასიონალთან“ შეხვედრაში, როდესაც შეცვლაზე შუსულმა მოახერხა თავის გამოჩენა. ხო, რა თქმა უნდა, მთავარი კინაღამ დამავიწყდა, –  პორტუგალიის თასის ფინალი „გიმარაეშთან“, რომელშიც ხამესმა ერთბაშად სამი გოლი გატანა. ეს იყო მისი პირველი ჰეთ-თრიკი „პორტუს“ რიგებში.

–         როგორ ფიქრობთ, „რეალის“ სათამაშო სტილს ალღოს მალე აუღებს?

–         ხამესი ყველა იმ მოთხოვნას ერგება, რასაც „სამეფო კლუბის“ ფეხბურთელი უნდა აკმაყოფილებდეს. დარწმუნებული ვარ, თანაგუნდელები და სამწვრთნელო შტაბიც  მაქსიმალურ დაეხმარება საკუთარი შესაძლებობების სრულად წარმოჩენაში.

„ინტერმა“ „რეალს“ პენალტების სერიაში სძლია

Guinness International Champions Cup-ის ფარგლებში მადრიდის „რეალსა“ და მილანის „ინტერს“ შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა. შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. მე-11 წუთზე გარეტ ბეილმა შორეული დარტყმით ანგარიში გახსნა. იტალიელებმა თერთმეტმერიანი დარტყმით გაათანაბრეს. ნემანია ვიდიჩის მიერ გამომუშავებული პენალტი მაურო იკარდიმ გოლად აქცია. ტურნირის რეგლამენტის მიხედვით, საყაიმო შედეგის გამო, ძირითადი 90 წუთის შემდეგ პირდაპირ პენალტების სერია დაინიშნა. თერთმეტმერიანი დარტყმების სერიაში ვალტერ მაცარის გუნდმა ანგარიშით 3:2 იმარჯვა.

ტურნირის ამავე ჯგუფში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „რომა“ ანგარიშით 3:2 დაამარცხა.

„რეალი“ — „ინტერი“ 1:1 (პენ. 2:3)

„რეალი“: დიეგო ლოპესი (ხესუს კოლადო 46′), კარვახალი, პეპე (მასკარელი 65′), ნაჩო, დიეგო ლორენტე; ილიარამენდი, მედრანი (დერიკი 65′), ისკო; ლუკას ვასკესი, რაულ დე ტომასი (სობრინიო 53′), ბეილი (მარკოს ლორენტე 53′).
მთავარი მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი.

„ინტერი“: ჰანდანოვიჩი (კარიზო 63′), რანოკია (ანდრეოლი 63′), ვიდიჩი, ჟუან ჟეზუსი, დამბროზიო, ჯონათანი (ბონაცოლი 90′), კუზმანოვიჩი (მვილა 63′), ობი (კრჰინი 78′), დოდო (ნაგატომო 78′), ბოტა (ლაქსალტი 78′), იკარდი.
მთავარი მწვრთნელი: ვალტერ მაცარი.

გოლები: ბეილი 11′ — იკარდი 68′ (პენ).

პენალტების სერია: ისკო (X), ლუკას ვასკესი (O), ნაჩო (O) ილიარამენდი (X), მასკარელი (X) — ვიდიჩი (O), ნაგატომო (X), მვილა (X), ჟუან ჟეზუსი (O), იკარდი (O).

მთავარი მსაჯი: რიკარდო სალაზარი (აშშ).

მაჩულისი მადრიდის „რეალში“ გადავიდა

იონას მაჩულისმა მადრიდის „რეალთან“ კონტრაქტი გააფორმა, რის შესახებაც მოთამაშემ ლიტვურ გამოცემა lrytas.lt-ს უამბო.

იონასის თქმით, „პანაითინაიკოსმა“, რომლის შემადგენლოოიბაშიც იგი აქამდე გამოდიოდა, მას ახალი კონტრაქტი არ შესთავაზა, რადგან ბიუჯეტის შემცირებას აპირებს და ფსონს ახალგაზრდა კალათბურთელებზე აკეთებს.

მიმდინარე ზაფხულს მაჩულისმა მოლაპარაკება რუსულ „უნიკსთანაც“ დაიწყო, თუმცა ხმარეებმა შეთანხმება ვერ შეძლეს.

„ბოლოს წინადადება „რეალისგან“ მივიღე, რომელსაც სიამოვნებით დავთანხმდი“, – განაცხადა კალათბურთელმა.

დავამატებთ, რომ განვლილ სეზონში „პანაითინაიკოსის“ მაისურით მაჩულისმა ევროლიგაში 27 მატჩი ჩაატარა, მისმა საშუალო მონაგარმა კი 9,6 ქულა და 4,2 მოხსნა შეადგინა.

ხამეს როდრიგესი: „ამიერიდან მთელი კოლუმბია „რეალს“ უქომაგებს“

მადრიდის „რეალის“ კოლუმბიელი ახალწვეული ხამეს როდრიგესი თვლის, რომ ამიერიდან მთელი კოლუმბია „სამეფო კლუბს“ დაუჭერს მხარს. ფეხბურთელის თქმით, კოლუმბიელები ყოველთვის იმ გუნდს ქომაგობდნენ, რომელშიც თავად როდრიგესი თამაშობდა.

„ამიერიდან 45 მილიონი კოლუმბიელი „რეალს“ უქომაგებს. ისინი მადრიდულ კლუბს წარმატებას უსურვებენ. კოლუმბია ყოველთვის მხარს მიჭერდა, მუდამ ვგრძნობდი განსაკუთრებულ გულშემატკივრობას მათი მხრიდან.

მიყვარს გამოწვევები და გამარჯვებები. შესანიშნავ ადგილას ვარ იმისთვის, რომ ტიტულებს დავეუფლო“, – განაცხადა ხამეს როდრიგესმა ერთ-ერთ კოლუმბიური ტელევიზიის ეთერში.

 

ორ დღეში ხამეს როდრიგესის 345 ათასი მაისური გაიყიდა

მას შემდეგ, რაც ხამეს როდრიგესი ოფიციალურად გამოცხადდა მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელად, მის მაისურებზე მოთხოვნა უმალ გაიზარდა.

„რეალში“ გადასვლიდან პირველ 48 საათში კოლუმბიელი ნახევარმცველის 10-ნომრიანი 345 ათასი მაისური გაიყიდა. ამდენად, საათში საშუალოდ 7 187 ფორმა იყიდება.

ამ გაყიდვების საერთო მოგებამ უკვე 33,4 მილიონი ევრო შეადგინა, რომლის 40 პროცენტი პირდაპირ „სამეფო კლუბის“ ბიუჯეტში შევა.

 

კარმელო ენტონი მადრიდის „რეალის“ ვარჯიშს დაესწრო

„ნიუ-იორკ ნიქსის“ ვარსკვლავმა კარმელო ენტონიმ თავის მეგობარ დონტ დრეიპერთან ერთად ლოს-ანჯელესში მყოფი მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელები მოინახულა. აღსანიშნავია, რომ დრეიპერმა ბოლო ორი სეზონი მადრიდელთა საკალათბურთო გუნდში ჩაატარა.

თავის მხვრივ, ენტონიმ განაცხადა, რომ „ბლანკოსის“ გულშემატკივარია, ხოლო მისი საყვარელი ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუა. ვარჯიშის დროს კალათბურთელმა რამდენიმე საფეხბურთო ილეთიც გააკეთა და ესპანური კლუბის წარმომადგენლებს გაესაუბრა.

ოფიციალურად: ხამეს როდრიგესი „რეალის“ ფეხბურთელია

კოლუმბიელი ნახევარმცველი ხამეს როდრიგესი ოფიციალურად გამოცხადდა მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელად. მხარეებს შორის ექვსწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

„ოცნება რეალობად იქცა. მოხარული ვარ, რომ მსოფლიოს საუკეთესო კლუბის ნაწილი ვხდები“, – აღნიშნა როდრიგესმა.

ხამეს როდრიგესის წარდგენა დღეს, თბილისის დროით 22:00 საათზე მოეწყობა.

არაოფიციალური ინფორმაციის თანახმად, „რეალმა“ 23 წლის კოლუმბიელი ნახევარმცველის სანაცვლოდ 80 მილიონი ევრო გაიღო, რაც საფრანგეთის ჩემპიონატის ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი გახლავთ.

 

„Forbes“-მა ყველაზე მდიდარი სპორტსმენების ათეული გამოაქვეყნა

ჩოგბურთის „დიდი სლემის“ ტურნირების 17-გზის გამარჯვებული როჯერ ფედერერი და გოლფის 14-გზის მეიჯორჩემპიონი ტაიგერ ვუდსი „Forbes“-ის ვერსიით მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული სპორტსმენების სიას ლიდერობენ.

გამოცემის კვლევის შედეგად, 32 წლის შვეიცარელმა და 38 წლის ამერიკელმა 2013 წელს 46-46 მილიონი დოლარი გამოიმუშავეს.

ფედერერის მხოლოდ ტურნირზე დაპატიჟება ორგანიზატორებს მილიონზე მეტი დოლარი უჯდებათ, ხოლო „ნაიკთან“ ათწლიანი კონტრაქტი 100 000 000 დოლარად ფასდება.

აღნიშნული რეიტინგის ათეული კი შემდეგნაირად გამოიყუბა.

1. როჯერ ფედერერი (შვეიცარია), ჩოგბურთი – 46 მილიონი დოლარი

1. ტეიგერ ვუდსი (აშშ), გოლფი – 46 მილიონი დოლარი

2. ლებრონ ჯეიმსი (აშშ), კალათბურთი – 27 მილიონი დოლარი

3. ფილ მიკელსონი (აშშ), გოლფი – 25 მილიონი დოლარი

4. მარია შარაპოვა (რუსეთი), ჩოგბურთი – 23 მილიონი დოლარი

5. მაჰენდრა სინგჰ დჰონი (ინდოეთი), კრიკეტი – 21 მილიონი დოლარი

6. უსაინ ბოლტი (იამაიკა), სპრინტი – 20 მილიონი დოლარი

7. კობი ბრაიანტი (აშშ), კალათბურთი – 19 მილიონი დოლარი

8. ლი ნა (ჩინეთი), ჩოგბურთი – 15 მილიონი დოლარი

9. კრიშტიანუ რონალდუ (პორტუგალია), ფეხბურთი – 13 მილიონი დოლარი

10. ლიონელ მესი (არგენტინა), ფეხბურთი – 13 მილიონი დოლარი

კრიშტიანუ რონალდუ, შესაძლოა, არც კი გაჩენილიყო

მადრიდის „რეალის“ ლიდერის კრიშტიანუ რონალდუს დედამ დოლორეს ავეირუმ ავტობიოგრაფიაში საინტერესო ფაქტზე ისაუბრა, რომელიც „დედის სიმამაცედ“ მოიხსენია.

„მე აბორტის გაკეთება მინდოდა, თუმცა ექიმი ამის წინააღმდეგ იყო. მე გული დამწყდა, რადგან არ მჯეროდა, რომ ოთხი შვილის გაზრდას მოვახერხებდი“, – აღიარა დოლორესმა.

„ამის შემდეგ ყველაფრის გაკეთებას თვითონ ვცდილობდი: ვსვამდი ლუდს და ბევრს ვმოძრაობდი, თუმცა სასურველი შედეგი ვერ მივიღე.

როდესაც კრიშტიანუმ ეს გაიგო მან მითხრა: „დედა, შენ აბორტის გაკეთება გინდოდა, ახლა კი, მე მთელ ჩვენს ოჯახს ვარჩენ“. იგი მართალი აღმოჩნდა“, – დაასრულა კრიშტიანუს დედამ.

ოფიციალურად: ალვარო მორატა „იუვენტუსში“ გადავიდა

ახალგაზრდა ესპანელი თავდამსხმელი ალვარო მორატა კარიერას ტურინის „იუვენტუსში“ გააგრძელებს. მადრიდის „რეალის“ აწ უკვე ყოფილმა ფეხბურთელმა „ბებერ ქალბატონთან“ ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ტრანსფერის ღირებულებამ 20 მილიონი ევრო შეადგინა, რასაც ტურინელები დამდეგი სამი წლის განამვლობაში დაფარავენ.

ამასთან, „რეალი“ უფლებას იტოვებს 2015-16 ან 2016-17 წლების სეზონის ბოლოს მორატა მაქსიმუმ 30 მილიონი ევროს სანაცვლოდ უკან დაიბრუნოს. ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენ მატჩს ჩაატარებს ესპანელი ფორვარდი კონკრეტულ სეზონში.

ალვარო მორატამ გასულ სეზონში „რეალის“ ფორმით ყველა ტურნირზე ერთად 34 მატჩი ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.

 

რონალდო: „რეალმა“ მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე დაიმატა“

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რონალდომ მადირიდს „რეალს“ ტონი კროოსის შეძენა მიულოცა.

„გილოცავთ. თქვენ ბრაზილიაში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი დაიმატეთ“, – აღნიშნა რონალდომ.

შეგახსენებთ, რომ ტონი კროოსმა „რეალთან“ ექვსწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ფეხბურთელი ჯამაგირის სახით წელიწადში 6 მილიონ ევროს მიიღებს.

გერმანული პრესის თანახმად, „სამეფო კლუბმა“ გერმანელი ნახევარმცველის სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო გაიღო.

კროოსი „რეალში“ 8-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

 

„მონაკო“ კასილასით დაინტერესდა

როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის „რეალი“ „მონაკოსთან“ კოლუმბიელ ნახევარმცველ ხამეს როდრიგესის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოლაპარაკების პროცესში „თეთრ-წითლებმა“ იკერ კასილასზე ჩამოაგდეს სიტყვა და მისი დამატების სურვილიც გამოთქვეს.

შეგახსენებთ, რომ „მონაკოს“ ვიქტორ ვალდესის დამატება სურდა, თუმცა ესპანელმა მეკარემ სამედიცინო შემოწმება ჩააგდო და კონტრაქტის გაფორმებაზე უარი ეთქვა.

იკერ კასილასთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავი ცნობებია: ერთნი ამბობენ, რომ ესპანელი კიპერი ამ სეზონსაც „რეალში“ გაატარებს, მეორენი კი ამტკიცებენ, რომ „სამეფო კლუბი“ მზად არის, გამოცდილ მეკარეს ამ ზაფხულსვე შეელიოს.