ტოტი:”რომ შემეძლოს, ბუფონს დროის მანქანას ვაჩუქებდი”

იტალიური “რომას” ლეგენდამ, ფრანჩესკო ტოტიმ ჯანლუიჯი ბუფონს მეორმოცე დაბადების დღე მიულოცა და პრესასთან საუბრისას რამდენიმე მნიშვნელოვან წვრილმანზეც გაამახვილა ყურადღება.

“პირველი, რაზეც ამან დამაფიქრა, არის ის, რომ ორივე ჩვენგანი უკვე ასაკშია და ეს ნამდვილი სირცხვილია. რას ვაჩუქებდი ბუფონს? რომ შემეძლოს, დროის მანქანას ვაჩუქებდი და იქნებ, მეც თან წავეყვანე.

ყველაფრის შემდეგ, როდესაც ჩემი მეგობრის კარიერას ვაკვირდები, ჩემს საკუთარ ცხოვრებას მახსენებს. ჯიჯის ფანტასტიკური კარიერა ჰქონდა და მინდა, მეორმოცე წელსაც ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ,” – აცხადებს ტოტი.

ჯეკო “ჩელსიში” გადასვლაზე უარს აცხადებს

“რომას” თავდამსხმელის, ედინ ჯეკოს ტრანსფერი ლონდონის “ჩელსიში” ჩაშლის პირასაა. ამ ინფორმაციას წამყვანი ბრიტანული და იტალიური გამოცემები ადასტურებენ.

როგორც ცნობილი ხდება, გუნდებმა ერთმანეთში შეთანხმებას მიაღწიეს. მხარეებმა ემერსონ პალმიერის ტრანსფერზეც მიაღწიეს შეთანხმება. მაგრამ თავად ბოსნიელმა ფეხბურთელმა კატეგორიული უარი განაცხადა “ჩელსიში” გადასვლაზე.

პრესის ცნობით, ედინ ჯეკო მხოლოდ იმ შემთხვევაში დასთანხმდება “არისტოკრატთა” რიგებში გაწევრიანებას, თუ ლონდონელები 31 წლის ფეხბურთელს ორწლიან კონტრაქტს შესთავაზებენ.

გეტყვით იმასაც, რომ ამ ორ ტრანსფერში ინგლისელები 60 მილიონი ევროს გადახდას გეგმავენ.

“რომა” ალეიშ ვიდალის ტრანსფერზე სერიოზულად მუშაობს

კატალონიის “ბარსელონას” მცველმა, ალეიშ ვიდალმა, შესაძლოა, კარიერა იტალიის სერია ა-ში, კერძოდ “რომას” რიგებში გააგრძელოს. ამ ინფორმაციას Sky Sport Italia-ს ჟურნალისტი, ჯანლუკა დი მარციო ავრცელებს.

იტალიელი რეპორტიორის ცნობით, იტალიური კლუბი უკვე კარგა ხანია, რაც “ლურჯ-ბროწეულისფრებთან” აწარმოებს მოლაპარაკებებს 28 წლის ესპანელი ფეხბურთელის ტრანსფერის თაობაზე.

“რომაელებს” ვიდალის არენდის წესით აყვანა სურთ, სეზონის ბოლოს კი მისი გამოსყიდვა 10-11 მილიონად შეეძლებათ.

“ბარსელონაში” გადასვლამდე 28 წლის ვიდალი “სევილიასა” და “ალმერიას” ღირსებებს იცავდა. მისდა სამწუხაროდ, ამ უკანასკნელმა “კამპ ნოუზე” თავის წარმოჩენა სათანადო დონეზე ვერ მოახერხა. მიმდინარე სეზონში ვიდალმა ლა ლიგაში მხოლოდ 35 წუთი ითამაშა.

“ჩელსი” “რომას” მცველის ტრანსფერში 25 მილიონს იხდის

ლონდონის “ჩელსის” ხელმძღვანელები ძალიან ახლოს იმყოფებიან “რომას” მარცხენა მცველის, ემერსონ პალმიერის ტრანსფერთან. ამ ინფორმაციას უცხოური პრესის ავტორიტეტული წარმომადგენლები ადასტურებენ.

როგორც ცნობილი ხდება, “არისტოკრატებმა” უკვე მიაღწიეს შეთანხმებებს “რომაელებთან” და ისინი ამ ტრანსფერში 20-25 მილიონ ევროს გადაიხდიან.

გეტყვით იმასაც, რომ 23 წლის პალმიერი ბრაზილიაში დაიბადა, თუმცა იტალიის მოქალაქეობით სარგებლობს. მარცხენა მცველი “რომაში” გადასვლამდე “პალერმოს” ღირსებას იცავდა.

იტალიელმა ფეხბურთელმა 2017 წლის მაისის თვეში მძიმე ტრავმა მიიღო, რომელიც ბოლომდე ჯერაც არ მორჩენილა. ამ მიზეზით, მან მიმდინარე სეზონში მხოლოდ ორჯერ მოახერხა მოედანზე გასვლა.

ბრაიდამ ვიდალის შესაძლო ტრანსფერზე გააკეთა კომენტარი

“ბარსელონას” სპორტული დირექტორი, არიედო ბრაიდა უარყოფს პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ალეიშ ვიდალი ძალიან ახლოსაა “ბარსელონას” დატოვებასთან.

იტალიურ პრესაში აქტიურად ვრცელდებოდა ცნობები, რომ “ბარსელონას” რიგებში მოთამაშე ვიდალის გადაბირებით “რომას” ხელმძღვანელები სერიოზულად იყო დაინტერესებული.

“მე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს ამ საკითხთან დაკავშირებით, “რომას” ხელმძღვანელებთან არანაირი სახის კონტაქტი არ შემდგარა,” – აცხადებს ბრაიდა.

ცნობისთვის გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში ვიდალმა მხოლოდ ხუთჯერ შეძლო მოედანზე გამოსვლა (ყველა ტურნირზე ერთად).

დე როსი: “ჩვენი წარმატების ძალიან ცოტას სჯეროდა”

“რომაელთა” ერთ-ერთმა ლიდერმა, დანიელე დე როსიმ “ჩელსისთან” გამართულ მატჩზე ისაუბრა (3-0). მისი თქმით, ეს საღამო დიდი ხნის მანძილზე ემახსოვრებათ იტალიელ გულშემატკივრებს.

“რომში ხშირი არაა ასეთი საღამოები. ჩემპიონთა ლიგაზე მოპოვებული გამარჯვებებით განებივრებულები არ ვართ. ფანებს ჯერ კიდევ ახსოვთ “ჩელსისთან” მოგებული წინა მატჩი და ისიც, თუ ვინ გაიტანა გოლები. მათ ასევე დაამახსოვრდებათ ჩვენი სახელებიც.

ჩვენი წარმატების ძალიან ცოტას სჯეროდა. დღეს ჯგუფის სათავეში ვიმყოფებით, თუმცა, საუბედუროდ, ჯერ არაფერი დასრულებულა. წინ ორი ძალიან რთული მატჩი გველის.

მწვრთნელმა შეტევითი ხედვები შეგვაცვლევინა, რასაც ყველა ამჩნევს. ახლა გაცილებით უფრო აგრესიულები ვართ ისევე როგორც შეტევაში, ასევე დაცვაშიც. წინ მივიწევთ, ნაბიჯ-ნაბიჯ,” -აცხადებს დე როსი.

ნაინგოლანი: “რომა” სკუდეტოსთვის იბრძვის”

რაჯა ნაინგოლანი საკმაოდ საინტერესო განცხადებას აკეთებს, რომლის მიხედვითაც, “რომას” მთავარი მიზანი იტალიის ჩემპიონატის მოგებაა, სადაც ამ დროისთვის მეხუთე პოზიციას იკავებს და 7 ქულით ჩამორჩება პირველადგილოსან “ნაპოლის” (ერთი მატჩი რეზერვში აქვთ).

“მართალია, ორ ძალიან მნიშვნელოვან მატჩში დავმარცხდით, მაგრამ “ტორინოსთან” მოპოვებული გამარჯვება და ორ გრანდთან მოპოვებული თითო ქულა იმას ნიშნავს, რომ პირველობა შეგვიძლია.

“სკუდეტოსთვის” ბრძოლა? პირველ რიგში, ჩვენი მიზანი სწორედ ეს არის. “რომა” ამბიციური გუნდია და მხოლოდ გამარჯვებისთვის არის შექმნილი. თუმცა, უნდა ავღნიშნოთ, რომ კონკურენტები ძალიან ძლიერები გვყავს,” – აცხადებს ბელგიელი ფეხბურთელი.

მიმდინარე სეზონში რაჯა ნაინგოლანმა სერია ა-ს შვიდ მატჩში შეძლო მონაწილეობის მიღება და ამ დროში თავის გამოჩენა ერთი გოლითა და ერთი საგოლე გადაცემით მოახერხა.

ანტონიო კონტე: “პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებ”

დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის შეხვედრები გაიმართა. ერთ-ერთ მათგანში ლონდონის “ჩელსიმ” რომის “რომა” მიიღო და უხვგოლიანი ფრე, 3-3 დააფიქსირა.

დაპირისპირების შემდეგ, ჟურნალისტებს “ლურჯების” მთავარი მწვრთნელი, ანტონიო კონტე ესაუბრა.

“გულახდილად  ვიტყვი, შეხვედრის დიდი ნაწილი ცუდად ვითამაშეთ, რაზეც პასუხისმგებლობას მე ვიღებ. მინდოდა, დამეცვა ჩემი გუნდი. პირველ რიგში, ამის გაეკეთება მსურდა იმით, რომ წინ ავწეულიყავით, ცენტრალური მცველები მაღლა, ცენტრში ასულიყვნენ და მეტოქეზე მთელი გუნდით შეგვეტია. თუმცა, ჩვენ თეორიული ცოდნა ვერ გამოვიყენეთ, დამახასიათებელ სტილში ვერ ვითამაშეთ.”

“ვფიქრობ, შედეგი სამართლიანი იყო. პირველი ტაიმში 2-0-ს ვიგებდით, თუმცა შემდეგ ბურთზე კონტროლი დავკარგეთ. კიდევ ერთხელ ვიტყვი, როცა მწვრთნელი ხარ, შენ უნდა მოძებნო პრობლემის გადაჭრის გზა. შესაძლოა, ეს სწორი, ან მცდარი იყოს, თუმცა რთულ სიტუაციაში სწორედ შენ იცი ყველაზე კარგად, რა სჭირდება გუნდს. მიუხედავად იმისა, რომ წავაგეთ, ვაქებ ჩემს ფეხბურთელებს: მათ თავი არ დაზოგეს და ბოლომდე ეცადნენ წარმატების მიღწევას,” – აცხადებს ანტონიო კონტე.

“რომას” ახალგაზრდა ვარსკვლავმა ევროპული გრანდების ყურადღება მიიპყრო

“რომას” ახალგაზრდა ვარსკვლავი, მირკო ანტონუჩი, რომელსაც იტალიურ გრანდთან კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულს ეწურება, ევროპული გრანდების ინტერესთა სფეროშია მოქცეული.

როგორც ცნობილი ხდება, “რომას” 18 წლის გარემარბის გადაბირების სურვილს ამ დროისთვის “მანჩესტერ იუნაიტედის”, “ინტერის”, “მილანისა” და “ლაციოს” ხელმძღვანელებიც გამოთქვამენ. “რომა” კი მასთან ახალი ხელშეკრულების დადებას გეგმავს.

არაა გამორიცხული, რომ “მანჩესტერ იუნაიტედმა” ზამთარშივე შესთავაზოს “მგლებს” გარკვეული თანხა ანტონუჩის ტრანსფერში.

გეტყვით იმასაც, რომ “შაპეკოენსესთან” გამართულ ამხანაგურ მატჩში (4:1) ანტონუჩიმ ჰეთ-ტრიკის გაფორმება შეძლო. იტალიის ახალგაზრდული ნაკრების წევრი ახლა უფეას ახალგაზრდულ ლიგაში ცდილობს თავისი შესაძლებლობების დემონსტრირებას.

“იუვენტუსი” სტროტმანის სანაცვლოდ 45 მილიონ ევროს იხდის

ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელები კევინ სტროტმანის ტრანსფერზე დანებებას არ აპირებენ და “რომას” ახალი წინადადებითაც მიმართეს – “ბებერი ქალბატონი” ჰოლანდიელის სანაცვლოდ 45 მილიონ ევროს იხდის.

მიუხედავად იმისა, რომ “ბიანკონერიმ” უკვე მიიღო უარი “მგლებისაგან”, ტურინელთა თავკაცი დარწმუნებულია, რომ კევინის გადაბირებას მაინც შეძლებს და სატრანსფერო ფანჯრის ბოლო წუთამდე აპირებს ბრძოლას.

გეტყვით იმასაც, რომ სტროტმანის გამოსასყიდი თანხა სწორედ 45 მილიონს შეადგენს, თუმცა კონტრაქტის ეს პუნქტი მომავალ ზაფხულს აქტიურდება. ასე რომ, ყველაფერი “რომაელთა” სურვილზეა დამოკიდებული.

ნაინგოლანი: “აზარს ოქროს ბურთის მოგება შეუძლია”

“რომას” ბელგიელ ნახევარმცველს, რაჯა ნაინგოლანს სჯერა, რომ თავისი თანამემამულე, ედენ აზარი საკმარისად ნიჭიერი და მონდომებულია იმისათვის, რომ მომავალ წელს ოქროს ბურთს დაეუფლოს.

“ვფიქრობ, მას ამ ჯილდოს მოგებისთვის საჭირო ყველა თვისება გააჩნია. ჩემთვის, ის ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია, რომელსაც მატჩის ბედის გადაწყვეტაც შეუძლია.

როდესაც ის მოედანზეა, ყველა ამჩნევს, თუ რამდენ რამეს ცვლის მატჩში. ერთადერთი განსხვავება მასსა და ნეიმარს, კრიშტიანუსა და მესის შორის ისაა, რომ მათ უფრო მეტი გოლი გააქვთ.

ჩემთვის ეს ერთადერთი განმასხვავებელი თვისებაა მათ შორის. აზარს მსოფლიოს 5 საუკეთესო ფეხბურთელთა შორის მივიჩნევ,” – აცხადებს რაჯა.

რიად მარეზი: “დიდი სიამოვნებით მოველაპარაკებოდი “რომას”

“ლესტერ სიტის” ალჟირელმა ვარსკვლავმა, რიად მარეზმა, რომელმაც უკვე გამოთქვა “მელიების” დატოვების სურვილი, იტალიური “რომას” ინტერესზე გააკეთა კომენტარი.

“ვიცი, რომ “რომა” ჩემი ტრანსფერით არის დაინტერესებული, თუმცა ამ შემთხვევაში მე ვერაფერს გავაკეთებ. “რომა” დიდებული კლუბია, მაგრამ სანამ “ლესტერი” თანხმობას არ განაცხადებს, მე არაფერი შემიძლია.

მსიამოვნებს ჩემი ტრანსფერით ასეთი დონის კლუბი რომაა დაინტერესებული, მაგრამ მე ჯერ არავისთან მისაუბრია.

“ლესტერმა” იცის ჩემი სურვილის შესახებ, თუ კლუბი შესაფერის წინადადებას მიიღებს, შემდეგ მე მომიწევს გადაწყვეტილების მიღება. სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ჯერ ერთი თვეა,” – აცხადებს მარეზი.