სტროტმანი: “ევროპის ყველა კლუბი ცდილობდა რაჯას გადაბირებას”

კევინ სტროტმანმა პრესასთან საუბრისას “რომას” სატრანსფერო პოლიტიკა შეაქო მიუხედავად იმისა, რომ კლუბმა მუჰამედ სალაჰის, ანტონიო რუდიგერისა და ლეანდრო პარადესის შენარჩუნება ვერ მოახერხა.

“ბედნიერი ვარ, რომ ნაინგოლანი და დანიელე დე როსი მომავალ სეზონშიც “რომაში” ითამაშებენ. დე როსი ჩვენი კაპიტანია, რაჯას გადაბირება კი ევროპის ყველა კლუბს უნდოდა, მაგრამ მან დარჩენა გადაწყვიტა, რაც ძალიან მახარებს.

საბოლოო ჯამში, “რომას” უფროსებმა ძალიან კარგი სამუშაო გასწიეს მათი შენარჩუნებით, ჩვენი გუნდი ახალ სეზონს უფრო ძლიერი შეხვდება,” – აცხადებს სტროტმანი.

გონალონი: “მარეზი “რომასთან” ერთად დიდ წარმატებას მიაღწევს”

მაქსიმ გონალონმა, რომელიც ახლახან შეუერთდა “რომას”, “ლესტერ სიტის” ალჟირელ ნახევარმცველს მიმართა, რომელიც ძალიან ახლოსაა “მგლების” ბანაკში გადასვლასთან.

“მარეზს ყველა ძალიან კარგად იცნობს და ვიცით, რომ მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლია. მას განსაკუთრებული გასაღები აქვს, რაც ყველანაირი დაცვის კარს აღებს.

ის მოედანზე ძალიან ბევრ რამეს აკეთებს, თანაგუნდელებსაც ეხმარება და მოტივაციას უმაღლებს.

მარეზს “რომასთან” ერთად წარმატებების მიღწევა და ბევრი კარგი რაღაცის შექმნა შეუძლია. ახლა ის “ლესტერის” ფეხბურთელია და სამწუხაროდ, მეტს ვერაფერს ვიტყვი,” – აცხადებს “ლიონის” ყოფილი მოთამაშე.

დე როსი: “იუვენტუსს” სუსტი მხარეები უბრალოდ არ გააჩნია”

“რომას” კაპიტანი, დანიელე რე როსი მიიჩნევს, რომ ახალ სეზონში ტურინის “იუვენტუსის” შეჩერება განსაკუთრებულად რთული იქნება გამომდინარე იქიდან, რომ “ბებერმა ქალბატონმა” თითქმის ყველა ხარვეზი გამოასწორა.

“იუვენტუსის” წინააღმდეგ თამაში ყოველთვი განსაკუთრებული სირთულით გამოირჩევა: ისინი საკმაოდ მწყობრად და ორგანიზებულად იცავენ თავს და ასევე მოქმედებენ მოედნის სხვა მონაკვეთებშიც. მათ სუსტი მხარეები პრაქტიკულად არ გააჩნიათ.

უფრო გამიხარდებოდა, ტიტული სხვა კლუბს რომ მოეგო? სულაც არა. თუ “იუვე” არ გახდება ჩემპიონი, მინდა ეს ტიტული ჩვენ მოვიგოთ. მაქსიმალურად ვეცდებით მათ შეჩერებას,” – აცხადებს დე როსი.

ფრანჩესკო ტოტიმ ფეხბურთელის კარიერა ოფიციალურად დაასრულა

იტალიური ფეხბურთის ცოცხალი ლეგენდა, ფრანჩესკო ტოტი “რომაში” დარჩა – მართალია, მან ფეხბურთელის კარიერა ოფიციალურად დაასრულა, მაგრამ ამიერიდან ტოტი კლუბის მართვაზე იზრუნებს.

“ფეხბურთელის კარიერას ოფიციალურად ვასრულებ და ცხოვრების მეორე, არანაკლებ ეტაპზე გადავდივარ. სანამ გადავწყვეტ, თუ რომელი პოზიცია უფრო შემეფერება, დაფიქრება მომიწევს.28 მაისამდე მხოლოდ ფეხბურთის თამაშზე ვფიქრობდი, ახლა კი ახალ საფეხურზე გადავდივარ.

როგორ უნდა მომმართოთ? კვლავ ფრანჩესკო დამიძახეთ,” – ვკითხულობთ იტალიელი ფეხბურთელის მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაში.

ცნობისთვის გეტყვით, რომ 40 წლის “რომაელმა” იტალიური გრანდის მაისურით 786 მატჩი ჩაატარა.

“რომა” დე შილიოს ტრანსფერით ინტერესდება

“მილანის” 24 წლის მცველმა, მატია დე შილიომ უკვე განუცხადა კლუბის ხელმძღვანელებს, რომ კლუბიდან წასვლა სურს. ამ ინფორმაციას Fotball Italia-ს რედაქცია გვატყობინებს.

რაც შეეხება იტალიელი ფეხბურთელის ტრანსფერით დაინტერესებულ მხარეებს, “იუვენტუსის”, “ლივერპულისა” და “ბაიერნის” მფლობელებთან ერთად, მის ტრანსფერზე მუშაობას “რომაც” იწყებს.

როგორც იცით, დე შილიო “როსონერის” აკადემიაში აღიზარდა და კლუბთან კონტრაქტი 2018 წლამდე აკავშირებს. მას დაცვის ორივე ფლანგზე შეუძლია თამაში, ისევე როგორც ნახევარმცველის პოზიციაზე.

ამ დროისთვის მისი გადაბირების მთავარი ფავორიტი ტურინის “იუვენტუსია”, რომელიც ახლახან დატოვა ლეონარდო ბონუჩიმ.

მარეზმა არჩევანი “რომასა” და “არსენალს” შორის უნდა გააკეთოს

ინგლისურ პრესაში რიად მარეზის “ლესტერ სიტიდან” წასვლას გარდაუვლად თვლიან, მისი გადაბირების მთავარი კანდიდატები კი “რომა” და “არსენალი” არიან.

როგორც ხდება, თავად ფეხბურთელს კარიერის გაგრძელება “რომაში” ურჩევნია, მაგრამ იტალიური კლუბი “ლესტერთან” შეთანხმების მიღწევას ამ დრომდე ვერ ახერხებს.

ლონდონის “არსენალი” კი, კილიან მბაპეს ტრანსფერზე უარის მიღების შემდეგ, მზადაა საჭირო თანხა გადაიხადოს ალჟირელი ფეხბურთელის ტრანფერში, რომელიც 2015/16 წლების პრემიერ ლიგის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

სპალეტი ადასტურებს: “ინტერი” ნაინგოლანის ტრანსფერზე მუშაობს

ლუჩიანო სპალეტი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც მილანის “ინტერის” უფროსები ბელგიელი რაჯა ნაინგოლანის ტრანსფერზე მუშაობენ.

“ეს ისეთი რამ არის, რაზეც დირექტორები მუშაობენ,” – განაცხადა სპალეტიმ, როდესაც “რომას” ფეხბურთელთან მიმდინარე მოლაპარაკებების მდგომარეობაზე დაუსვეს კითხვა.

“როგორც უკვე ვთქვი, რამდენიმე ვარიანტს განვიხილავთ და ნაინგოლანი ერთ-ერთი მათგანია, ამაზე საუბარი დიდი ხანია, რაც მიდის.

ჩვენი გუნდი საკმაოდ კარგი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული, რომლებიც მაქსიმალურად ცდილობენ თავიანთი შესაძლებლობებით გუნდის დახმარებას, ახალწვეულები კი კიდევ უფრო მეტად დაგვეხმარებიან წარმატების მიღწევაში,” – აცხადებს სპალეტი.

“რომა” მარეზის ტრანსფერზე მუშაობს

გუნდიდან მუჰამედ სალაჰის გაშვების შემდეგ, “რომას” ხელმძღვანელებმა “ლესტერ სიტის” ალჟირელი ნახევარმცველის, რიად მარეზის ტრანსფერზე დაიწყეს მუშაობა.

როგორც იცით, “მელიების” ერთ-ერთმა ლიდერმა, რომელმაც საჩემპიონო სეზონში 17 გოლის გატანა მოახერხა, ინგლისური კლუბის ხელმძღვანელებს ტრანსფერზე დაყენება მოსთხოვა – უარზე არც “ლესტერია”.

აქამდე რიად მარეზის გადაბირების სურვილს “არსენალიც” აქტიურად გამოთქვამდა, მაგრამ ამ დროისთვის მისი ყიდვის რეალური კანდიდატი მხოლოდ “რომაა”.

დიდი ალბათობით, ტრანსფერი ფასის შეთანხმებიდან რამდენიმე დღეში გაოფიციალურდება.

“იუვენტუსს” შჩესნის გადაბირება კვირის ბოლომდე უნდა

ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელებს ლონდონის “არსენალის” პოლონელი მეკარის, ვოიცეხ შჩესნის გადაბირება კვირის ბოლომდე უნდათ. ამ ინფორმაციას Goal ავრცელებს.

როგორც ცნობილი ხდება, სერია ა-ს ჩემპიონებმა უკვე მიაღწიეს შეთანხმება “არსენალის” კუთვნილებაში მყოფ ფეხბურთელთან 5-წლიანი კონტრაქტის თაობაზე. წყაროს ცნობით, ის სეზონში 4 მილიონ ევროს მიიღებს ხელფასის სახით.

ასე რომ, “იუვენტუსში” 27 წლის ვოიცეხის ტრანსფერს მხოლოდ ერთი რამ, “არსენალთან” ტრანსფერის ფასის შეთანხმება უდგას. სავარაუდოდ, “მეთოფეები” მის სანაცვლოდ 14.7 მილიონ ევროს მიიღებენ.

ნაინგოლანი მიდის? ბელგიელმა სტროტმანის პოსტზე უცნაური კომენტარი დატოვა

“რომას” ბელგიელმა ფეხბურთელმა, რაჯა ნაინგოლანმა, რომლის გადაბირებასაც არაერთი ევროპული გრანდი ცდილობს, კევინ სტროტმანის პოსტზე საკმაოდ უცნაური კომენტარი დატოვა, რომელიც გუნდიდან მის შესაძლო წასვლაზე მიგვანიშნებს.

როგორც უკვე გაცნობეთ, “მგლების” რიგები ამ დღეებში კიდევ ერთმა ფეხბურთელმა, ანტონიო რუდიგერმა დატოვა, რომელიც კარიერას ლონდონის “ჩელსიში” აგრძელებს.

რუდიგერის წასვლას კევინ სტროტმანი გამოსამშვიდებელი წერილით გამოეხმაურა, სადაც იმედი გამოთქვა, რომ ანტონი ბოლო ფეხბურთელი იქნებოდა, რომელთანაც გამომშვიდება მოუწევდა, რასაც ნაინგოლანმა უპასუხა: “არ ვიცი”.

რუდიგერი ლონდონში სამედიცინო შემოწმებას გადის, ტრანსფერის ფასი 34 მილიონია

იტალიურ სერია ა-ში მოასპარეზე “რომას” მცველი, ანტონიო რუდიგერი ლონდონში ჩავიდა სამედიცინო შემოწმების გასავლელად. ამ ინფორმაციას Sky Sports-ის რეპორტიორი, კავე სოლჰეკოლი აცხადებს.

როგორც ცნობილი ხდება, რუდიგერმა უკვე შეათანხმა პირადი კონტრაქტი ლონდონის “ჩელსისთან”, რაც შეეხება მისი ტრანსფერის ფასს, ის 34 მილიონი ევროთი განისაზღვრება.

მართალია, “რომას” 24 წლის ფეხბურთელის გაყიდვა არ უნდოდა, მაგრამ იძულებული იყო ნაინგოლანის შესანარჩუნებლად მსხვერპლი გაეღო და მსგავსი ნაბიჯი გადაედგა.

აგენტი ადასტურებს: მარიო რუი “ნაპოლიში” ითამაშებს

“რომას” ცენტრალური მცველის, მარიო რუის აგენტი ადასტურებს ინფორმაციას, რომ “ნაპოლის” ხელმძღვანელებმა დედაქალაქურ გრანდთან მარიო რუის ტრანსფერი შეათანხმა.

“ყველაფერი კარგადაა, მხარეებმა ტრანსფერის ყველა საკითხი შეათანხმეს,” – აცხადებს მარიო ჯუფრედი LaRoma24-თან საუბრისას.

როგორც იცით, ნეაპოლიტანელებმა უკვე დაიწყეს ახალი სეზონისთვის მზადება და ახლა დიმაროში იმყოფებიან. მარიო რუი კი მაურისიო სარის გუნდს უახლოეს მომავალში უნდა შეუერთდეს.

რაც შეეხება ამ ტრანსფერის ფასს, ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, ეს ტრანსფერი “ნაპოლის” 9.25 ევრო დაუჯდება.