ლუკაკუ: “იუვენტუსის” შედეგები არ მაინტერესებს. მთავარია, “ინტერმა” მოიგოს”

იტალიის სერია A-ს XI ტურში მილანის “ინტერმა” გასვლაზე “ბოლონია” დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 2:1 დაამარცხა. სტუმართა თავდამსხმელმა რომელუ ლუკაკუმ შეხვედრის 75-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა, კომპენსირებულ დროში კი თერთმეტმეტრიანი დარტყმის წყალობით საკუთარ გუნდს გამარჯვება მოუტანა.

“ეს ძალზედ მნიშვნელოვანი პენალტი იყო, ვინაიდან დღეს აუცილებლად უნდა მოგვეგო. “ბოლონიამ” აქტიურად, ინტენსიურად ითამაშა და ჩემზე დადებითი შთაბეჭდილება დატოვა, თუმცა ჩვენ გუნდური სულისკვეთება გვამოძრავებს და ამით ბედნიერი ვარ.

მიხარია, რომ “ინტერში” ასპარეზობა კარგად დავიწყე, მაგრამ 26 წლის ვარ და გუნდთან ერთად მატჩიდან მატჩამდე უნდა მოვუმატო.

“იუვენტუსის” შედეგები არ მაინტერესებს. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ “ინტერმა” გაიმარჯვოს. დღეს მოვიგეთ და ეს ყველაზე მთავარია”, – აღნიშნა ლუკაკუმ.

სერია A-ს XI ტურის თავზე სატურნირო ცხრილს 29 ქულით “იუვენტუსი” ლიდერობს, რომელსაც ერთი ქულით ჩამორჩება “ინტერი”. აღსანიშნავია, რომ რომელუ ლუკაკუმ მიმდინარე გათამაშებაში უკვე მეცხრე გოლი გაიტანა.

ლუკაკუ და “ინტერი” კონტრაქტზე შეთანხმდნენ

“მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელი რომელუ ლუკაკუ მილანის “ინტერს” სულ უფრო უახლოვდება.

“ლა გაძეტა დელო სპორტის” ცნობით, ბელგიელი ფეხბურთელი და “ნერაძური” პირადი კონტრაქტის დეტალებზე უკვე შეთანხმდნენ. წყაროს თანახმად, მხარეებს შორის კონტრაქტი 2024 წლამდე გაფორმდება, 26 წლის მოთამაშის წლიური ანაზღაურება კი 7,5 მილიონი ევრო იქნება.

ახლა აღნიშნულ ტრანსფერზე კლუბებს მართებთ შეთანხმება. “წითელი ეშმაკები” რომელუ ლუკაკუს სანაცვლოდ 70 მილიონ ევროს ითხოვენ.

რომელუ ლუკაკუმ მინო რაიოლა მიატოვა და თავი ჯეი-ზის სააგენტოს მიანდო

ავტორიტეტული ესპანური გამოცემა, As, საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, რომელუ ლუკაკუმ აწ უკვე ყოფილ აგენტთან, მინო რაიოლასთან არსებული კონტრაქტი გაწყვიტა.

ბელგიელმა ვარსკვლავმა, რომელმაც გასულ ზაფხულს გამოიცვალა კლუბი და ახლა “მანჩესტერ იუნაიტედის” ღირსებას იცავს, თავი ამერიკულ სააგენტოს (Roc Nation Sports) მიანდო, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელიც ამერიკელი რეპერი და პროდიუსერი ჯეი-ზი არის.

გეტყვით იმასაც, რომ აღნიშნულ სააგენტოსთან თანამშრომლობს “ბაიერნისა” და გერმანის საფეხბურთო ნაკრების მცველი ჟერომ ბოატენგი და “გოლდენ სტეიტის უორიორსის” სუპერვარსკვლავი კევინ დურანტი.

რიო ფერდინანდმა ჰარი კეინს შეაქო და რომელუ ლუკაკუ დააკნინა

ლონდონის “ტოტენჰემსა” და “მანჩესტერ იუნაიტედს” შორის გამართული მატჩის (2:0) შემდეგ, რიო ფერდინანდმა რომელუ ლუკაკუ ჰარი კეინს შეადარა და აღნიშნა, რომ ამ დროისთვის მათ შორის განსხვავება ძალიან დიდია.

“ვფიქრობ, დღეს კეინმა ყველას დაუმტკიცა, თუ რატომაა ჩემპიონატის საუკეთესო თავდამსხმელი და ამავდროულად, მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი ფეხბურთელი.

მან ნათლად დაჩაგრა “იუნაიტედის” მცველები. ფიზიკურად მან ყველას აჯობა და სხვა ფეხბურთელებსაც უხსნიდა სივრცეებს. კონტრასტი მასსა და ლუკაკუს შორის საკმაოდ ადვილი დასანახი იყო. განსხვავება დაუჯერებლად დიდი ჩანდა.

როდესაც ბურთი კეინს მისდიოდა, ის მას იწებებდა, ცენტრალურ მცველებს იწვევდა და ამით სხვებს თამაშის საშუალებას აძლევდა. სწორედ ასეთი უნდა იყოს ნამდვილი ცხრა ნომერი,” – აცხადებს ფერდინანდი.

შეგახსენებთ, რომ კეინი პრმეიერ ლიგის ბომბარდირთა დავას 21 გატანილი გოლით ლიდერობს, ლუკაკუს ანგარიშზე კი 11 გოლია.

ლუკაკუს ტრავმა არც ისე სერიოზული აღმოჩნდა

ბელგიის საფეხბურთო ნაკრების სამედიცინო შტაბი “მანჩესტერ იუნაიტედის” გულშემატკივართათვის სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, რომელუ ლუკაკუ მოედანზე უფრო ადრე შეძლებს დაბრუნებას, ვიდრე ჩვენ ვფიქრობდით.

მცირე დაზიანების მიღების შემდეგ რომელუ ლუკაკუს ნაკრებთან ერთად არ უვარჯიშია, რამაც ფანების აფორიაქება გამოიწვია. ბელგიელებმა მალევე გაასაჯაროვეს საჭირო ინფორმაცია და აღნიშნეს, რომ არანაირ მოტეხილობას არ აქვს ადგილი.

“რომელუ ლუკაკუს უკვე ჩაუტარდა სამედიცინო გამოკვლევები. რენტგენმა არანაირი სახის მოტეხილობა არ დააფიქსირა. რამდენიმე დღის მანძილზე მას ინდივიდუალური პროგრამით მოუწევს ვარჯიში. არსებობს რაღაც შანსი, რომ მან ბოსნიასთან, ან კვიპროსთან გასამართ მატჩებში შეძლოს მონაწილეობის მიღება,” – ვკითხულობთ ბელგიელთა ოფიციალურ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ ლიგის მომდევნო ტურში “მანჩესტერ იუნაიტედს” ურთულესი მატჩი ელის – “წითელი ეშმაკები” “ენფილდელებს” უნდა დაუპირისპირდნენ. ასეთ მატჩში კი რომელუ ლუკაკუს მსგავსი ფეხბურთელის არყოფნა მომაკვდინებელიც შეიძლება აღმოჩნდეს.

ანდერ ერერამ გუნდში რომელუ ლუკაკუს როლზე ისაუბრა

“მანჩესტერ იუნაიტედის” ესპანელმა ფეხბურთელმა, ანდერ ერერამ კლუბის 75 მილიონიან დანამატზე, რომელუ ლუკაკუზე ისაუბრა, რომელმაც უკვე მოასწრო სადებიუტო გოლის გატანა.

“ლუკაკუმ ფანტასტიკური გოლი გაიტანა, გადამწყვეტ მომენტში ცივი გონებით იმოქმედა. დარწმუნებული ვარ, რომ ის ჩვენი დახმარებით ძალიან ბევრ გოლს გაიტანს.

ყველაფერთან ერთად, ის ბურთთან ერთადაც ძალიან საშიშია. საჭირო დროს, შეუძლია, გუნდს გადამწყვეტი უპირატესობა მოუტანოს. ასე რომ, ის ჩვენი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა იქნება.

ჩვენ გვყავს ინდივიდუალისტი ფეხბურთელები, ისეთები როგორებიც მიკი (მხითარიანი), მარკუსი და მარსიალი არიან, მაგრამ ლუკაკუსნაირი მოთამაშე მაინც ძალიან გვჭირდებოდა. მას დაცვაში თამაშისა და ბურთის დაჭერის უპირატესობაც აქვს,” – აცხადებს ერერა.

რომელუ ლუკაკუ: “ვინ იტყვის უარს მსოფლიოს საუკეთესო კლუბში გადასვლაზე?”

რომელუ ლუკაკუმ “ევერტონიდან” “მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლის შემდეგ საკუთარ ტრანსფერსა და მომავალ სეზონზე ისაუბრა.

“მანჩესტერ იუნაიტედი” მსოფლიოს საუკეთესო კლუბია და მათი მიზანი ინგლისის ჩემპიონის ტიტულის დაბრუნება და მსოფლიოში დომინირებაა, რაზეც ბავშვობიდან ვოცნებობდი.

როდესაც “მანჩესტერ იუნაიტედი” წინადადებით მოვიდა, ბევრი სულაც არ მიფიქრია. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასეთი დიდი კლუბის ისტორიაში შესვლის შანსი მეძლევა.

ვინ იტყვის უარს მსოფლიოს საუკეთესო კლუბში თამაშზე? საუკეთესო სტადიონი საუკეთესო ფანებით. ბრწყინალე შესაძლებლობაა. ყოველთვის ვამბობდი, რომ ისეთ კლუბში მსურდა თამაში, რომელიც ყოველ ტურნირზე მოსაგებად გადის,” – აცხადებს ლუკაკუ.

რის გამო დააკავა აშშ-ს პოლიციამ რომელუ ლუკაკუ?

“მანჩესტერ იუნაიტედის” ახალწვეული, რომელუ ლუკაკუ შარს ვერც ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოფნის პერიოდში აცდა, სადაც ის პოლ პოგბასთან ერთად ისვენებდა.

TMZ Sports-ის ცნობით, ლუკაკუს ბევერლი ჰილზის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული სახლი აქვს დაქირავებული, სადაც მუდმივად მართავს წვეულებებს.

წვეულებები კი განსაკუთრებული ხმაურით გამოირჩევა, რაც განსაკუთრებულად აწუხებთ ბელგიელი ფეხბურთელის მეზობლებს – ერთ-ერთი მათგანის თქმით, ამ მიზეზით პოლიცია 6-ჯერ იქნა გამოძახებული, თუმცა ლუკაკუ გაფრთხილებებს არ უჯერებდა.

პოლიციელებმა ლუკაკუ ურჩობისთვის დააკავეს, თუმცა მალევე გაათავისუფლეს და ფულადი ჯარიმაც აკმარეს.

პოგბას რეაქცია, როცა ლუკაკუმ “მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლის შესახებ უთხრა

“მანჩესტერ იუნაიტედის” ოფიციალურმა ვებ-გვერდმა უკვე დაადასტურა ბელგიელი თავდამსხმელის, რომელუ ლუკაკუს ტრანსფერი, რომლის განხორციელებაშიც პოლ პოგბამ საკმაოდ დიდი როლი ითამაშა.

ალბათ, თქვენთვისაც ცნობილია, რომ პოლი და ლუკაკუ ერთმანეთის კარგი მეგობრები არიან და ბოლო დროს ისინი ერთადაც ვარჯიშობდნენ. დღეს კი, როდესაც პოგბამ ლუკაკუს ტრანსფერის შესახებ გაიგო, თავისი თავი “აგენტ პოგბად” მონათლა (Agent P).

ლუკაკუ:”ხვალ ვარჯიშზე გნახავ!”
პოგბა: “რა?! სერიოზულად?”
ლუკაკუ:”დიახ, ხვალ, ვარჯიშზე”

See you tomorrow in training @rlukaku9 #bienvenue #AgentP??

A post shared by Paul Labile Pogba (@paulpogba) on

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 8 ივლისი


ოფიციალურად: ლუკაკუ “მანჩესტერ იუნაიტედში” ითამაშებს

“მანჩესტერ იუანაიტედმა” და “ევერტონმა” რომელუ ლუკაკუს თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს, ამ ინფორმაციას სოციალურ ქსელ Twitter-ში მანჩესტერელთა ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

ბელგიელი თავდამსხმელი “იუნაიტედში” სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც კლუბთან კონტრაქტს გააფორმებს.

შეგახსენებთ, რომ ლუკაკუმ პროფესიონალური კარიერა “ანდერლეხტში” დაიწყო, 2011 წელს ის ლონდონის “ჩელსიში” ჩაირიცხა. 2014 წლიდან, ბელგიელი “ევერტონის” საკუთრება იყო.


“ჩელსი” ბელოტისთვის ოფიციალურ წინადადებას ამზადებს

რომელუ ლუკაკუს ხელიდან გაშვების შემთხვევაში, “ჩელსი” მზადაა, მთელი ყურადღება “ტორინოს” ლიდერზე, ანდრეა ბელოტიზე გადაიტანოს. ამ ინფორმაციას Daily Mirror ადასტურებს.

როგორც ცნობილი ხდება, რომელუ ლუკაკუს ტრანსფერში “ჩელსის” მსგავსად “მანჩესტერ იუნაიტედიც” 75 მილიონს იხდის და ახლა ყველაფერი თავად ფეხბურთელზეა დამოკიდებული.


ბეილის ტრანსფერისთვის მიმდინარე ბრძოლას “პსჟ” ლიდერობს

Don Balon-ის გავრცელებული ინფორმაციის ცნობით, მადრიდის “რეალის” უელსელი თავდამსხმელის, გარეტ ბეილის გადაბირებასთან ყველაზე ახლოს “პარი სენ-ჟერმენის” ხელმძღვანელები არიან.

როგორც იცით, უელსელ ფეხბურთელს “მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლასაც უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ ესპანური წყაროს ცნობით, “სანტიაგო ბერნაბეუდან” წასვლის შემთხვევაში, მას საფრანგეთში უნდა ველოდოთ.


სანჩესი მზადაა, კარიერა “მანჩესტერ სიტიში” გააგრძელოს

ჩილური გამოცემა, El Mercurio საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმადაც ლონდონელთა ჩილელმა ლიდერმა, ალექსის სანჩესმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება საკუთარ მომავალთან დაკავშირებით.

როგორც ცნობილი ხდება, ალექსის სანჩესმა უკვე მიაღწია შეთანხმებას პეპ გვარდიოლას “მანჩესტერ სიტისთან” და ამის შესახებ “არსენალის” ხელმძღვანელობასაც აცნობა.


“პალასი” სილესენის ტრანსფერს უმიზნებს

“კრისტალ პალასის” ხელმძღვანელები მზად არიან “ბარსელონას” მეკარისთვის, ჟასპერ სილესენისთვის მიმდინარე ბრძოლაში ჩაერთონ. ამ ინფორმაციას As-ის ჟურნალისტებიც ადასტურებენ.

“არწივების” ახალ თვკაცს, ფრანკ დე ბურს სილესენთან მუშაობის საკმაოდ კარგი გამოცდილება აქვს “აიაქსში” და ახლა ძალიან უნდა, 60 მილიონზე ნაკლებად (რაც მისი გამოსასყიდი თანხაა) შეიძინოს იგი.


კონტე ჩიჩარიტოსაც აკვირდება

The Sun-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, ლონდონის “ჩელსის” იტალიელი თავკაცი, ანტონიო კონტე ჰავიერ ერნანდესის გარშემო არსებულ სიტუაციასაც აკვირდება.

რომელუ ლუკაკუს “მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლის შემთხვევაში, “არისტოკრატები” მზად არიან 13.5 მილიონი ევრო გადაიხადონ მექსიკელი ფეხბურთელის ტრანსფერში.

ლუკაკუ ლოს-ანჯელესში პოგბასთან ერთად ვარჯიშობს (ფოტო)

“მანჩესტერ იუნაიტედისა” და “ევერტონის” ფეხბურთელები, პოლ პოგბა და რომელუ ლუკაკუ ლოს-ანჯელესში იმყოფებიან და ერთობლივადაც ემზადებიან ახალი სეზონისთვის.

როგორც იცით, უცხოური პრესა ბოლო დროს სწორედ რომელუ ლუკაკუს სურათებითაა აჭრელებული და მას “მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლას უწინასწარმეტყველებენ, ტრანსფერის ფასად კი 75 მილიონ ფუნტს ასახელებენ.

გეტყვით იმასაც, რომ ბელგიელი და ფრანგი ფეხბურთელები ერთმანეთთან დიდი ხანია რაც მეგობრობენ და შესაძლოა, ლუკაკუს “მანჩესტერულ” ტრანსფერში სწორედ ამან ითამაშოს მთავარი როლი.

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 6 ივლისი


მოუ ლუკაკუსთვის 100 მილიონ ფუნტს ამზადებს

“მანჩესტერ იუნაიტედი” მზადაა საკუთარი საბანკო ანგარიშიდან 100 მილიონი ფუნტი გაიტანოს “ევერტონის” ბელგიელი ლიდერის, რომელუ ლუკაკუს ტრანსფერისათვის.

Sportsmail-ის ცნობით, ამ დროისთვის “მანჩესტერ იუნაიტედის” ერთადერთი მეტოქე ლონდონის “ჩელსია”, თუმცა ისინი 100 მილიონის გადახდას არ აპირებენ.


“ატლეტიკო” კოშტას ჩინეთში ანათხოვრებს?

ბრიტანული The Telegraph-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, მადრიდის “ატლეტიკოს” ხელმძღვანელები გუნდში ესპანელი თავდამსხმელის, დიეგო კოშტას დაბრუნებას აპირებენ.

სატრანსფერო დისკვალიფიკაციის გამო, მადრიდელებს სურთ, რომ კოშტამ დროის გარკვეული ნაწილი ჩინეთში გაატაროს არენდის წესით და ესპანეთს იანვრის თვეში დაუბრუნდეს.


მუნირი ლაკაზეტის შემცვლელად

ესპანური Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ფრანგული “ლიონი” ალექსანდრე ლაკაზეტის შემცვლელს “ბარსელონას” თავდამსხმელში, მუნირ ელ ჰადადში ხედავს.

მუნირის ტრანსფერით სანკტ-პეტერბურტის “ზენიტია” დაინტერესებული და 15 მილიონსაც სთავაზობს “ბარსას”, მაგრამ თავად ფეხბურთელი რუსეთში გადაბარგების კატეგორიული წინააღმდეგია.


“არსენალი” ლემარის ტრანსფერზე მუშაობს

ლონდონის “არსენალის” ხელმძღვანელები ალექსანდრე ლაკაზეტის გადაბირების შემდეგ, გუნდის გაძლიერებას ტომას ლემარის დამატებითაც გეგმავენ.

უარყოფილი 35-მილიონიანი წინადადების შემდეგ, “მეთოფეებმა” “მონაკოს” ახალი, გაუმჯობესებული შეთავაზება გაუგზავნეს, სადაც ინგლისელები ფრანგებს ბონუსებსაც სთავაზობენ.


“რეალი” “რეალ სოსიედადის” 40-მილიონიანი მცველით ინტერესდება

მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელები “რეალ სოსიედადის” ახალგაზრდა ფეხბურთელის, ალვარო ოდრიოსოლას ტრანსფერზე მუშაობენ იმ შემთხვევისთვის, თუ მადრიდულ კლუბს დანილო დატოვებს.

როგორც იცით, “ბლანკოსის” დაცვის მარჯვენა ფლანგი დანი კარვახალის წყალობით უსაფრთხო ხელშია, მაგრამ კარვახალსაც სჭირდება შემცვლელი, ახალგაზრდა, 21 წლის ოდრიოსოლას კი ნამდვილად შესწევს ამის ძალა.