სვენ-გორან ერიქსონი: “ფერგიუსონი მოკვლით მემუქრებოდა, თუ რუნის მუნდიალზე წავიყვანდი”

ინგლისის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა სვენ-გორან ერიქსონმა გამოცემა “თაიმსს” საინტერესო ინტერვიუ მისცა, რომლის ერთ-ერთი მონაკვეთი “მანჩესტერ იუნაიტედის” ექსთავკაც ალექს ფერგიუსონთან მომხდარ ინციდენტს დაეთმო.

შვედმა სპეციალისტმა ინტერვიუში 2006 წელს მომხდარი ამბავი გაიხსენა. ამ პერიოდში “წითელი ეშმაკების” აწ უკვე ყოფილმა თავდამსხმელმა უეინ რუნიმ ტრავმა მიიღო და გამოჯანმრთელების პროცესი საკმაოდ გაეწელა. ინგლისელმა ფეხბურთელმა მსოფლიოს ჩემპიონატამდე ტრავმის მოშუშება ვერ მოასწრო, თუმცა უშუალოდ ტურნირის მიმდინარეობისას გამოჯამრთელებისა და თამაშის საშუალება ჰქონდა. ამის მიუხედავად, “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარ მწვრთნელ ალექს ფერგიუსონს მუნდიალზე რუნის გაშვება არ სურდა, რასაც ერიქსონთან დაძაბული სატელეფონო საუბარი მოჰყვა.

შვედი სპეციალისტი იხსენებს:

“ალექსი უცნაური კაცი იყო. ასეთი ჩვევა ჰქონდა: დამირეკავდა დილის შვიდ საათზე ან უფრო ადრე და ყოველგვარი მისალმების გარეშე იწყებდა ყვირილით საუბარს. როდესაც ასეთი გაღიზიანებული იყო ხოლმე, მასთან კომუნიკაცია შეუძლებელი ხდებოდა.

მან ის დილაც ჩხუბით დაიწყო. ყვიროდა, რომ მომკლავდა, თუ რუნის მსოფლიოს ჩემპიონატზე წავიყვანდი.

მე მას ვკითხე: “რა ხდება ალექს, რაშია საქმე?” თუმცა, ის მე არ მისმენდა და განაგრძობდა ყვირილსა და მუქარას. საბოლოო ჯამში, ვუთხარი: “რუნის მსოფლიოს ჩემპიონატზე მაინც წავიყვან. კარგი შვებულება, ჩაო” და ტელეფონი გავუთიშე”.

უეინ რუნიმ 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მართლაც ითამაშა, თუმცა “სამი ლომი” ტურნირს მეოთხედფინალურ ეტაპზე პორტუგალიის ნაკრებთან პენალტების სერიაში მარცხის შემდეგ გამოეთიშა.

ანანიძე: “ბეილი ჩემზე ძლიერია, მაგრამ ჩემზე ხშირად ტრავმიანობს, აღნაგობა არაფერ შუაშია”

საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის “სპარტაკის” ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ რუსული კლუბის ოფიციალური ვებგვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში უარყო მოსაზრება, თითქოს მისი ხშირი ტრავმიანობა ფიზიკურ მონაცემებთან არის დაკავშირებული.

“სპარტაკის” ლიდერობა მსურს, თუმცა მესმის, რომ ეს ან ახლა მოხდება ან არასდროს. ვგრძნობ, რომ შემიძლია ისე ვითამაშო, როგორც ამას ჩემგან გულშემატკივრები მოელიან. სამწუხაროდ, ხშირად ტრავმები მიშლიდა ხელს. ფაქტობრივად ათი წლიდან სამი მკურნალობაში მაქვს გატარებული. ხშირად ვკითხულობ, თითქოს ყველაფერი ჩემი აღნაგობის ბრალია, მაგრამ შეხედეთ მადრიდის “რეალის” ფეხბურთელ გარეტ ბეილს. ის ჩემზე სამჯერ მეტს იწონის და კუნთებიც სამჯერ დიდი აქვს, თუმცა ჩემზე ხშირად ტრავმიანობს. მან “რეალში” ყოფნის ექვსი წლიდან მხოლოდ წელიწადნახევარი ითამაშა.

ალბათ, უფროსების წინააღმდეგ თამაში საკმაოდ ადრეულ ასაკში დავიწყე. გარდა ამისა, თავიდან სატრენაჟორო დარბაზებს ხშირად არ ვსტუმრობდი. ახლა გაცილებით ხშირად ვვარჯიშობ. იმას არ ვამბობ, რომ რობოტის დონემდე უნდა მიხვიდე, როცა ბურთსაც ვეღარ გრძნობ, მაგრამ პროფილაქტიკა აუცილებელია, რათა კუნთები და სახსრები კარგ მდგომარეობაში იყოს.

დეკემბრამდე უნდა ვაჩვენო, რა შემიძლია: გოლების გატანა, საგოლე გადაცემები. თამაშის მიმდინარეობის წაყვანა. მთავარი მწვრთნელისგან ნდობას ვგრძნობ და ეს მეხმარება”, – აღნიშნა ანანიძემ.

რუსეთმა ეგვიპტე დაამარცხა და მერვედფინალში თამაშის უფლება თითქმის გაინაღდა (ვიდეო)

მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტური რუსეთისა და ეგვიპტის ნაკრებებს შორის გამართული მატჩით გაიხსნა, რომელიც მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ ეგვიპტელთა ლიდერი მოჰამედ სალაჰი მოედანს დაუბრუნდა. ის სასტარტო განაცხადში იყო და შეხვედრა სრულად ჩაამთავრა. რუსებმა თამაში აქტიურად დაიწყეს და საწყის წუთებში მეტოქეს რამდენჯერმე სახიფათოდ შეუტიეს, თუმცა გატანილ გოლამდე საქმე არ მისულა. სადებიუტო წუთების შემდეგ თამაში გათანაბრდა და ეგვიპტელებმაც შექმნეს მეტნაკლებად სახიფათო მომენტები. საბოლოო ჯამში, ტაიმი დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა, თუმცა უგოლოდ მიილია.

რუსები მეორე ტაიმის სტარტზე კურიოზული ავტოგოლით დაწინაურდნენ: ეგვიპტელთა მეკარემ ჩაწოდების შემდეგ ბურთი მუშტებით მოიგერია, რომან ზობნინმა საჯარიმო მოედანზე ჩააბრუნა, იქ კი აჰმედ ფათჰიმ იმდენად უხეიროდ მოიგერია, რომ ბურთი საკუთარ კარში ჩაიჭრა – 1:0. 59-ე წუთზე მასპინძლებმა უპირატესობა გაზარდეს: მარიო ფერნანდესმა დენის ჩერიშევს საჯარიმოში უპასა, ამ უკანასკნელმა კი ერთი შეხებით გადაგზავნა ბურთი მეტოქის კარში. მეორე გაშვებულმა გოლმა ეგვიპტელები ფსიქოლოგიურად გატეხა და ზუსტად სამ წუთში ანგარიში გამანადგურებელი გახდა: არტიომ ძიუბამ მეტოქის საჯარიმოს მისადგომებთან ბურთი მკერდით ჩამოიღო, ცენტრალურ მცველებს უმარტივესად გაუმკლავდა და ეგვიპტელთა კარის ბადე მესამედ შეარხია. 73-ე წუთზე აფრიკელებს მცირეოდები იმედი დაუბრუნდათ: თამაშის წესის დარღვევისთვის დანიშნული პენალტი მოჰამედ სალაჰმა ზუსტად შეასრულა და ერთი ბურთი გაქვითა – 3:1.

დარჩენილ დროში ეგვიპტის ნაკრებმა მეტის გაკეთება ვეღარ შეძლო. რუსებმა ანგარიშით 3:1 იმარჯვეს და ტურნირის მერვედფინალში თამაშის უფლება თითქმის გაინაღდეს.

მსოფლიოს ჩემპიონატი
A ჯგუფი (II ტური)
რუსეთი — ეგვიპტე 3:1 (0:0)
გოლები: ფათჰი 47′ (ა.გ.), ჩერიშევი 59′, ძიუბა 62′ — სალაჰი 73′.

რომელ საათზე დაიწყება 2018 წლის მუნდიალის მატჩები

ფიფამ 2018 წელს რუსეთში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩების დაწყების დროები დაადგინა.

ტურნირის გახსნისა და ფინალური მატჩები თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

16 ივნისს დაგეგმილი ჯგუფური ეტაპის შეხვედრები 13:00, 16:00 19:00 და 22:00 საათზე დაიწყება. ჯგუფური რაუნდის დანარჩენი მატჩები კი 15:00, 18:00 და 21:00 საათზე აიღებს სტარტს.

გამონაკლის წარმოადგენს დასკვნითი ტურის შეხვედრები. ჯგუფური ეტაპის გადამწყვეტი ტურის, მერვედფინალური და მეოთხედფინალური რაუნდის მატჩები 17:00 და 20:00 საათზე დაიწყება.

ნახევარფინალური შეხვედრები 21:00 საათზე აიღებს სტარტს, ბრძოლა მესამე ადგილისთვის კი 17:00 საათზე.

2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი და ბოლო შეხვედრები მოსკოვში მდებარე “ლუჟნიკის” სტადიონზე ჩატარდება. ტურნირი 14 ივნისიდან 15 ივლისამდე პერიოდში გაიმართება.

 

გიორგი მახათაძემ სამხრეთ აფრიკის ნაკრებს მოედნის ცენტრიდან გაუტანა (ვიდეო)

17 წლამდე ფეხბურთელთა მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე რუსეთის ნაკრებმა სამხრეთ აფრიკის გუნდი ანგარიშით 2:0 დაამარცხა. ორივე გოლი გიორგი მახათაძემ გაიტანა, რომელიც რუსთა ნაკრების საყრდენი ნახევარმცველი და კაპიტანი გახლავთ. მახათაძემ გუნდი ზუსტად შესრულებული პენალტით დააწინაურა, მეორე გოლი კი მოედნის ცენტრიდან გაიტანა. ამ გოლის ვიდეომასალას აქვე გთავაზობთ.

გიორგი მახათაძე 1998 წლის 26 მარტს დონის როსტოვში დაიბადა. მისი მშობლები ქართველები არიან და შესაბამისად, თავადაც ქართველია (ყოველ შემთხვევაში, წარმომავლობით). მას საქართველოს ასაკობრივ ნაკრებში თამაშიც შესთავაზეს, თუმცა იუარა. მახათაძე მოსკოვის “ლოკომოტივში” ირიცხება.

ხელბურთი: რუსმა გოგონებმა რუმინელები დაამარცხეს

ხელბურთში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ეგიდით B ჯგუფში რუსეთისა და რუმინეთის გოგონათა ნაკრებებს შორის გამართული მატჩი რუსების გამარჯვებით დასრულდა. შეგახსენებთ, რომ ამავე ჯგუფში თამაშობს საქართველოს გოგონათა ნაკრებიც, რომელიც ჩეხეთთან დამარცხდა.

რუსებმა თავიდანვე აქტიურად დაიწყეს თამაში და საწყის წუთებში 6 უპასუხო ბურთი გაიტანეს. რუმინელებმა პირველი ქულის აღება მხოლოდ მე-9 წუთზე შეძლეს. ამის მიუხედავად, პირველი ტაიმი რუსეთის ნაკრების არცთუ დიდი უპირატესობით, ანგარიშით 14:10 დასრულდა.

შეხვედრის მეორე ნახევარში რუმინელები თამაშის შემოტრიალებას შეეცადნენ, თუმცა რუსებმა მაინც იმძლავრეს და მატჩი ანგარიშით 23:20 მოიგეს.

დღეს ჯგუფის მეორე ტურის მატჩები შედგება: 18:00 საათზე რუსეთისა და საქართველოს ნაკრებები ითამაშებენ. 20:00 საათზე რუმინელები და ჩეხები გაარკვევენ ერთმანეთში ურთიერთობას. ორივე შეხვედრა უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე ახალი სპორტის სასახლის მცირე დარბაზში გაიმართება, რომელიც შენობის მესამე სართულზეა.

მესამე, დასკვნითი ტურის შემდეგ ჯგუფური ეტაპის საბოლოო შედეგი გვექნება, რის შემდეგაც გაირკვევა, რომელი გუნდები ითამაშებენ ნახევარფინალებში.

პირველ ნახევარფინალში A ჯგუფის გამარჯვებული B ჯგუფის მეორეადგილოსანს შეხვდება. მეორე ნახევარფინალში B ჯგუფის გამარჯვებული A ჯგუფის მეორეადგილოსანს ეთამაშება. დანარჩენი გუნდები მეხუთე-მეექვსე და მეშვიდე-მერვე პოზიციებისთვის ითამაშებენ.

 

ლინეკერმა პუტინსა და ბლატერზე ირონიული კომენტარი გააკეთა

ინგლისის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელმა და ამჟამად საფეხბურთო ექსპერტმა გარი ლინეკერმა 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრის მიმდინარეობის დროს სოციალური ქსელის მეშვეობით რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და ფიფას ხელმძღვანელ იოზეფ ბლატერზე ირონიული კომენტარი გააკეთა.

“ფეხბურთი საიმედო ხელშია”, – დაწერა ლინეკერმა.

Lineker tweet

ფიფას ვიცეპრეზიდენტი: “ასეთ პირობებში რუსეთში მუნდიალის ჩატარება არ შეიძლება”

ფიფას ვიცეპრეზიდენტი და კონკაკაფის ხელმძღვანელი ჯეფრი უები თვლის, რომ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატი რუსეთში არ უნდა გაიმართოს. მიზეზი რასიზმის პრობლემაა, რომელმაც უახლოესი წარსულის განმავლობაში არაერთხელ იჩინა თავი.

“ეჭვგარეშეა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის რუსეთში ჩატარება რასიზმის პრობლემის გამო ფიფასთვის დიდი გამოწვევაა. მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო მუშაობის გატარებაა საჭირო. ამას რუსეთის სპორტის მინისტრი ვიტალი მუტკოც აღიარებს, რომელიც ამავე დროს ფიფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრია.

იმედია, მათ საგანმანათლებლო პროგრამებთან დაკავშირებით გარკვეული გეგმები აქვთ. კარგი შესაძლებლობაა უახლოეს სამ წელიწადში ამის გამოსასწორებლად, ეს აუცილებლად უნდა გაკეთდეს. არ შეიძლება, მსოფლიოს ჩემპიონატის ასეთ პირობებში ჩატარება”, – ჯეფრი უების კომენტარი ESPN-მა გამოაქვეყნა.

 

ინგლისში რუსეთის მუნდიალის ბოიკოტირების ინიციატივით გამოდიან

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის ყოფილი ხელმძღვანელი დევიდ ბერნშტეინი 2018 წელს რუსეთში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატის ბოიკოტირების ინიციატივით გამოვიდა. მისი თქმით, თუ ფიფაში ძირეული რეფორმები არ გატარდება, ძლიერმა საფეხბურთო ქვეყნებმა რუსეთში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობაზე უარი უნდა გამოაცხადონ.

“მხოლოდ ინგლისი სიტუაციაზე ზეგავლენას ვერ მოახდენს, ეს სასაცილოც კი იქნებოდა. თუმცა, თუ უეფას ყველა ქვეყანა გავერთიანდებით, გაცილებით ეფექტიანი იქნება. გერმანიას, ჰოლანდიას, საფრანგეთს, ესპანეთს, იტალიას ფეხბურთში საკმაოდ მძიმე წონა აქვთ და მათ გარეშე მსოფლიოს ჩემპიონატის ნორმალურად ჩატარება შეუძლებელია. ახლა ისევ რომ ვიყო ასოციაციის პრეზიდენტი, ყველაფერს გავაკეთებდი იმისთვის, რომ ეს ქვეყნები ჩვენს პოზიციაზე გადმოგვეყვანა. ვთვლი, რომ ფიფაში ფუნდამენტური რეფორმებია გასატარებელი, პრეზიდენტმა ბლატერმა კი დაკავებულოი პოსტი უნდა დატოვოს. თუ ასე არ მოხდება, მომდევნო მსოფლიოს ჩემპიონატს ბოიკოტი უნდა გამოვუცხადოთ”, – ციტირებს ბერნშტეინის სიტყვებს BBC.

 

ევროპარლამენტარი: “უეფა “გაზპრომთან” გაფორმებულ კონტრაქტს საკუთარ ღირებულებებზე მაღლა აყენებს”

ევროპარლამენტში ფრაქცია “მწვანეების” თავმჯდომარე რებეკა ჰარმსმა უეფა სანქტ-პეტერბურგისთვის ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის მატჩების მასპინძლობის უფლების მიცემისთვის გააკრიტიკა. შეგახსენებთ, რომ ტურნირის მასპინძელი 13 ქალაქიდან ერთ-ერთი რუსეთის მეორე დედაქალაქი გახლავთ. სანქტ-პეტერბურგში ჯგუფური ეტაპის სამი მატჩი და მეოთხედფინალური რაუნდის ერთი შეხვედრა ჩატარდება.

“რუსეთი მეზობელი უკრაინის მიმართ აგრესიულ პოლიტიკას ატარებს. გარდა ამისა, მან საერთაშორისო ფეხბურთის წესი დაარღვა, როდესაც ეროვნულ ჩემპიონატში ყირიმის კლუბები მიიღო. ეს მიზეზები საკმარისი უნდა ყოფილიყო იმისთვის, რომ ევრო-2020-ის მატჩების ერთ-ერთ მასპინძელ ქალაქად სანქტ-პეტერბურგი არ დასახელებულიყო.

თუმცა, ყველაფერი ფულით იმართება. უეფა “გაზპრომთან” გაფორმებულ კონტრაქტს საკუთარ ღირებულებებზე მაღლა აყენებს”, – ციტირებს ევროპარლამენტის წარმომადგენლის სიტყვებს goal.com-ი.

 

ბრიტანეთის ვიცე-პრემიერი: „რუსეთს მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება უნდა ჩამოერთვას“

დიდი ბრიტანეთის ვიცე-პრემიერი ნიკ კლეგი ფიფას მოუწოდებს, რომ რუსეთს 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება ჩამოართვას.

„ვლადიმერ პუტინი მუდმივად ცდის საერთაშორისო თანამეგობრობის მოთმინებას, დესტაბილიზაცია შეაქვს მეზობელ ქვეყანაში და აღმოსავლეთ უკრაინაში შეიარაღებულ სეპარატისტებს იცავს. ამავე დროს, რუსეთს აქვს პრივილეგია და პატივი, რომ 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლოს.

ვთვლი, რომ თუ პუტინი ამ კურსს არ შეიცვლის, 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი რუსეთში არ უნდა გაიმართოს.

რუსეთ-უკრაინის საზღვართან რუსების ამ აგრესიის ფონზე ფეხბურთის ზეიმი ვერ შედგება“, – განაცხადა ბრიტანეთის ვიცე-პრემიერმა „სანდი თაიმსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

რამდენიმე დღის წინათ, ფიფაში თქვეს, რომ 2018 წლის მუნდიალის მასპინძელი ქვეყნის შეცვლას არ აპირებენ.

უეფამ რუსული და უკრაინული კლუბები ერთმანეთს დააშორა

ქვეყნებს შორის არსებული დაძაბული პოლიტიკური ვითარების გამო, უეფამ უკრაინული და რუსული კლუბები ევროსარბიელზე ერთმანეთს დააშორა.

კონკრეტულად არ არის ცნობილი, თუ რა ხნით გაგრძელდება აღნიშნული აკრძალვა. უეფას ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ უკრაინული და რუსული კლუბები ევროპულ დონეზე ერთმანეთს ვერ შეხვდებიან მანამ, სანამ ამასთან დაკავშირებით ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო ახალ ცნობას არ გამოაქვეყნებს.

ეს ნიშნავს იმას, რომ 18 ივლისს გასამართ ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრაში სანკტ-პეტერბურგის „ზენიტი“ და დნეპროპეტროვსკის „დნიპრო“ ერთმანეთს ასცდებიან.

უეფას კიდევ ერთი გადაწყვეტილება ებრაულ კლუბებს ეხება. ღაზის სექტორში არსებული ვითარების გამო, ისრაელში უეფას ეგიდით მატჩების გამართვა აიკრძალა. ებრაულ კლუბებს 2014-15 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის საშიანო მატჩების გასამართად საზღვარგარეთ არსებული სტადიონების მოძიება ეთხოვათ.