ლონდონის „ჩელსის“ თავდამსხმელმა ფერნანდო ტორესმა განაცხადა, რომ კონკურენციის მიუხედავად, კლუბის დანარჩენ ფორვარდებთან კარგი ურთიერთობა აქვს. ესპანელმა ფეხბურთელმა „ჩელსის“ ახალწვეული სამუელ ეტოო შეაქო.
„ჩელსის“ შეტევით ხაზში კონკურენცია მნიშვნელოვნად გაიზარდა, თუმცა დემბა ბა და სამუელ ეტოო ჩემი მეგობრები არიან და არა – მტრები. ჩვენ თანაგუნდელები ვართ და ერთი მიზნისკენ მივიწევთ. ვფიქრობ, ეს კლუბისთვის კარგია. ეტოო ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია მათ შორის, ვინც კი ოდესმე მინახავს. მის წინააღმდეგ ესპანეთში ბევრჯერ ვითამაშე, როდესაც ის „მალიორკასა“ და „ბარსელონას“ ღირსებას იცავდა. დარწმუნებული ვარ, რომ ის „ჩელსიში“ თამაშით დატკბება. ეტოო ყოველდღე მუყაითად ვარჯიშობს. მას ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ. ეტოოს ყველანაირად დავეხმარები, რისი საშუალებაც მექნება“, – ტორესის სიტყვები „ტელეგრაფმა“ გამოქვეყნა.
ბექა დოგრაშვილი