ფიბა-ევროპამ ევრობასკეტ 2015-ის შესარჩევისთვის გუნდები განთესა

3 თებერვალს, ბარსელონაში, ევროპის 2015 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის კენჭისყრა გაიმართება. სწორედ ამ დღეს შევიტყობთ იმ გუნდების ვინაობას, რომლებთანაც მოგვიწევს კონტინენტის პირველობაზე ზედიზედ მესამედ გასასვლელად ბრძოლა.

ფიბა-ევროპამ კენჭისყრაში მონაწილე 29 გუნდი დღეს რეიტინგის მიხედვით განთესა. ეს განთესვა პირობითია და მასში 1 თებერვალს მცირე ცვლილებები შევა. სწორედ ამ დღეს ფიბა გამოაცხადებს იმ გუნდების ვინაობას, რომლებიც მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის ეგრედ წოდებული “უაილდ ქარდებს” მიიღებენ. სულ 4 “ველური ბარათია”, რომელსაც ევროპიდან 1 ან 2  (უკიდურეს შემთხვევაში ) 3 გუნდი მიიღებს.

ის გუნდები, რომლებიც მიიღებენ მუნდიალის საგზურს, ევროპის 2015 წლის ჩემპიონატზე პირდაპირ დაიშვებიან და ცხადია, მის შესარჩევ ტურნირშიც მონაწილეობას არ მიიღებენ. შესაბამისად, ქვემოთ მოყვანილი რეიტინგი სახეს იცვლის – მუდნიალის “უაილდ ქარდის” მიმღები გუნდი ფიბა-ევროპას რეიტინგიდან ამოვარდება და მის დაბლამყოფი გუნდები 1 საფეხურით აინაცვლებენ.

საქართველო დღევანდელ 29-გუნდიან რეიტინგში მე-14-ეა. ფიბა-ევროპის პრეს-რელიზში აღნიშნულია, რომ შეიქმნება 7 ჯგუფი, თითოეულში 4-4 ნაკრები იქნება, რომლებიც მიმდინარე წლის 10-დან 27 აგვისტომდე 6 მატჩს მიმოსვლით ჩაატარებენ.  

რეიტინგიდან გამომდინარე, უკვე ცნობილია, რომ განთესილ გუნდებს შორის საქართველო მეორე კალათაში იქნება. ანუ ჩვენს ჯგუფში აუცილებლად მოხვდება ქვემოთ მოყვანილი რეიტინგის მოწინავე 7-ეულიდან ერთ-ერთი, თუმც რომელიმე მათგანი სავარაუდოდ მუნდიალის “უაილდ ქარდს” მიიღებს და მის დაბლა მყოფი გუნდები 1 საფეხურით აინაცვლებენ.

შეგახსენებთ, რომ დღესდღეობით ევრო 2015-ზე 16 ვაკანტური საგზურია. როცა 1 თებერვალს “უაილდ ქარდების” მფლობელები გამოვლინდებიან, მერე ფიბა-ევროპასაც და ჩვენც ყველაფერი ზუსტად გვეცოდინება.

ფიბა-ევროპის მიმდინარე რეიტინგი

იტალია

ფინეთი*

ლატვია

საბერძნეთი*

ბელგია

ბოსნია*

გერმანია

მონტენეგრო

ჩეხეთი

დიდი ბრიტანეთი

მაკედონია

ისრაელი*

რუსეთი*

საქართველო

თურქეთი*

შვედეთი

პოლონეთი*

ბულგრეთი

ბელარუსი

შვეიცარია

ავსტრია

ისლანდია

პორტუგალია

სლოვაკეთი

დანია

უნგრეთი

რუმინეთი

ჰოლანდია

ლუქსემბურგი

შენიშვნა: გამუქებული შრიფტით წარმოდგენილია გუნდები, რომლებიც ელოდებიან “ველურ ბარათს”

 

მარკოიშვილი მინიმუმ სამ თვეს იუქმებს

თურქული „გალათასარაის“ ოფიციალური საიტის ცნობით, საქართველოს ნაკრების ფორვარდი მანუჩარ მარკოიშვილი თამაშს მინიმუმ სამი თვის განმავლობაში ვერ შეძლებს – გამოცდილმა მოთამაშემ ბოლო ვარჯიშზე კუნთის მძიმე ტრავმა მიიღო.

აქედან გამომდინარე, „გალათასარაის“ მანუჩარის შესაცვლელად, თავისუფალი აგენტების ძებნა მოუწევს. ევროპული გამოცემების ინფორმაციით, თურქულ გრანდს, შესაძლოა, „არმანი ჯინსის“ ამერიკელი ლეგიონერი მალიკ ჰეირსტონი შეუერთდეს, რომლის გაშვებისთვისაც იტალიური კლუბის ხელმძღვანელები მზად არიან.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, „გალამ“ ასევე ცენტრი ნათან ჯავაი დაკარგა.

ევროლიგის მიმდინარე სეზონის გათამაშების ორ შეხვედრაში მარკოიშვილის საშუალო მონაგარმა სათამაშო დროის 23 წუთში 4,5 ქულა, 2,5 მოხსნა და 2 გადაცემა შეადგინა.

ალექსანდრე მატევოსოვი

საქართველო – ესპანეთი. მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

ევროპის 2013 წლის ევროპის ჩემპიონატის საქართველოსთვის ბოლო მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე მთავარ მწვრთნელ იგორ კოკოშკოვთან ერთად 19 წლის ბექა ბურჯანაძე მივიდა. ეპანელთა მხარე მთავარმა მწვრთნელმა ხუან ორენგამ და ხერმან გაბრიელმა წარმოადგინეს.

ბექა ბურჯანაძე:
„პირველ ნახევარში ესპანეთს თანაბარი ბრძოლა გავუმართეთ, თუმცა შემდეგ მეტოქემ გვაჯობა და ეს იმის ბრალია, რომ ჩვენ 2 წამყვანი მოთამაშე გვაკლდა. გადაღლილი იყო გუნდის ბირთვი და ასეთ სიტუაციაში ძნელია ძლიერ მეტოქესთან თამაში. მოხარული ვარ, რომ მწვრთნელმა ახალგაზრდებს და მათ შორის მეც თავის გამოჩენის საშუალება მოგვცა, რითაც დიდი გამოცდილება მივიღეთ. დარწმუნებული ვარ, მომავალში ჩვენი ნაკრები უკეთეს შედეგს აჩვენებს“.

ხერმან გაბრიელი:
„თამაში თავიდან არ წაგვივიდა, საქართველოს ნაკრებმა სოლიდური წინააღმდეგობა გაგვიწია. შემდეგ რაღაცეები შევცვალეთ და ინიციატივას დავეუფლეთ. საბოლოოდ ყველაფერი ლოგიკურად დასრულდა“.

იგორ კოკოშკოვი:
„ტურნირის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან ვითამაშეთ და მატჩის დაწყებიდან კარგა ხანს მეტოქეს არაფერი დავუთმეთ. მერე კი ესპანეთმა თავისი ძალა გამოაჩინა, რაც მოულოდნელი არ ყოფილა. ჩვენი გუნდის ლიდერები გადაღლილები იყვნენ, შანსი ახალგაზრდებს მივეცით და მათ ღირსეულად ითამაშეს“.

ხუან ორენგა:
„ქართველებმა მატჩი ზონური დაცვით დაიწყეს, რის გამოც პრობლემები შეგვექმნა. თავდაპირველად ვერ ვახერხებდით დაცვის გარღვევას, თუმცა შემდეგ სწრაფმა თამაშმა და სათადარიგო კალათბურთელების აქტიურობამ უპირატესობა მოგვიტანა. საბოლოოდ ლოგიკური გამარჯვება მოვიპოვეთ და მომდევნო ეტაპზე გავედით. ვეცდებით, ფავორიტის სტატუსი გავამართლოთ და ჩემპიონობა მოვიპოვოთ“.

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ოფიციალური საიტი

საქართველომ ევროპის ჩემპიონატი ევროპის ჩემპიონთან ღირსეული თამაშით დაასრულა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა დაასრულა. იგორ კოკოშკოვის გაწვრთნილი ქართველები ევრობასკეტის დასკვნით მატჩში ევროპის მოქმედ ჩემპიონსა და მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთ საუკეთესო ნაკრებს შეხვდნენ. ქართველებმა ესპანეთთან შეხვედრა ერთ-ერთი ლიდერის – მანუჩარ მარკოიშვილის გარეშე ჩაატარეს. ამავდროულად, კოკოშკოვმა სლოვენიაში გამართული მატჩებიდან სწორედ ესპანეთთან მისცა ყველაზე მეტი დრო ახალგაზრდებს, რომლებმაც თავი კარგად წარმოაჩინეს.

საქართველომ მძლავრად ითამაშა მატჩის პირველი მეოთხედი, რომლის მოგებამდეც მცირედი დააკლდა, თუმც სერხიო როდრიგესის საჯარიმოების წყალობით ესპანელებმა ბოლო წამებზე გაათანაბრეს და პერიოდი 17:17 დასრულდა. ქართველები არც მეორე მეოთხედში გატყდნენ და პერიოდის უმეტესი დრო ლიდერობდნენ. ესპანელებმა გარდატეხა პირველი ტაიმის დასრულებამდე 3 წუთით ადრე შეიტანეს, როცა 27:28 ჩამორჩენილებმა 12:0 გაქცევა მოაწყვეს და საბოლოო დიდ შესვენებაზე 12-ქულიანი ლიდერობით გავიდნენ – 41:29.

მესამე პერიოდში ევროპის ჩემპიონებმა შორი სამიზნე გაისწორეს – სერხიო როდრიგესმა, რუდი ფერნანდესმა, სერხიო ლულმა არაერთი შორი სროლა ჩააგდეს და ესპანელთა ლიდერობამ 20 ქულას მიაღწია. სათადარიგოები მანამდეც გამოდიოდნენ ხოლმე მოედანზე პერიოდულად, თუმცა მესამე პერიოდის მიწურულიდან კოკოშკოვმა ახალგაზრდებს მეტი გაქანება მისცა, ხოლო ბოლო პერიოდის უმეტესი დრო მოედანზე სათადარიგოები იყვნენ.

შესანიშნავად წარმოაჩინეს თავი დუდა სანაძემ, ბესო ლეჟავამ, ნიკა მეტრეველმა, ოთო ფხაკაძემ, ბექა ბურჯანაძემ. ყველა მათგანმა იბრძოლა, მოედანზე ბოლომდე დაიხარჯა და პლანეტის რჩეული კალათბურთელების წინააღმდეგ თამაშით უდიდესი გამოცდილება მიიღო. სათადარიგოებით მოთამაშე ქართველებმა ბოლო პერიოდი 1 ქულით დათმეს და მატჩი მთლიანობაში 59:83 წააგეს.

საქართველო ღირსეულად ემშვიდობება ევროპის ჩემპიონატს, სადაც პოლონეთის განადგურებისა და ხორვატია-სლოვენიასთან დასანანი წაგებებით გადაღლილი ჩეხებთან დამარცხდა, ბოლოს კი ახალგაზრდა მოთამაშეების ხარჯზე ესპანეთთან იმედიმომცემი შეხვედრა ჩაატარა.

სლოვენია ქართველებისთვის დასრულდა, წინ კი უკრაინაა – 2015 წლის ევროპირველობა.

სრული სტატისტიკა: http://live.fibaeurope.com/www/Game.aspx?acc=1&gameID=23829&lng=en

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ოფიციალური საიტი

ქართველების დასანანი მარცხი ხორვატიასთან – 76:77

საქართველო – ხორვატია 76:77. ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა ექსსიუგოსლავიური საკალათბურთო სკოლის ერთ-ერთ ძლიერ წამომაგდენელთან 1 ქულით, მატჩის დასრულებამდე 9 წამით ადრე მიღებული ბურთით წააგო. ეს ის შემთხვევაა, როცა მატჩის ბედს ერთი ბურთი წყვეტს. სამწუხაროდ, ეს ბურთი ხორვატებმა – კონკრეტულად კი ანტე ტომიჩმა ჩააგდო.

ზუსტად აღნიშნა მატჩის შემდეგ ხორვატთა მთავარმა მწვრთნელმა: „ეს ისეთი თამაში იყო, მოგებას ორივე გუნდი იმსახურებდაო. საბედნიეროდ, ჩვენ გაგვიმართლა და მოვიგეთ“. სწორედაც რომ გაუმართლათ ხორვატებს. მათმა მოთამაშეებმა 22 ცდიდან 11 სამქულიანი ჩააგდეს, საიდანაც გარკვეული წილი ისეთი იყო, რომლისგანაც თავს ვერ დაიცავ. ბოლო 2 წუთში დანტეი დრეიპერმა და დამირ მარკოტამ სწორედ ასეთი სამქულიანები ჩააგდეს, თუმცა ქართველებს მაინც ჰქონდათ მატჩის მოგების რეალური შანსი. ვიქტორ სანიკიძემ მატჩის დასრულებამდე 21 წამით ადრე უმნიშვნელოვანესი სამქულიანი ჩააგდო და ქართველები 76:75 დააწინაურა. სწორედ ბოლო შეტევაში ჩააგდეს ხორვატებმა გამარჯვების ბურთი, რომლის შესახებაც თავში აღვნიშნეთ.

საქართველოს ნაკრები ისე საიმედოდ ვერ თამაშობდა დაცვაში, როგორც წინა მატჩში, პოლონეთთან. ქართველების პრობლემა ხორვატების შორის სროლები იყო, თუმცა ფარქვეშაც დამაჯერებლად თამაშობდნენ ხორვატები და თითქმის მთელი პირველი ტაიმი იგებდნენ – ხან 1-2, ხანაც 6-8 ქულით. ტაიმის მიწურულს ქართველებმა მოახერხეს ქულით დაწინაურება, რაც უმეტეს წილად რიკი ჰიკმანის 3 სამქულიანისა და რამდენიმე ზუსტი გარღვევის შედეგი იყო. აღსანიშნავია გიორგი შერმადინის დამაჯერებელი გარჯაც, რომელიც ანტე ტომიჩს გაქანების საშუალებას არ აძლევდა.

პირველი ტაიმი ხორვატებმა 1 ქულით მოუგეს, მესამე პერიოდიდან კი ამოქმედდა გიორგი ცინცაძე, რომელიც უმეტეს წილად საკუთარ თავზე იღებდა თამაშს და გარღვევებს თითქმის უშეცდომოდ აგვირგვინებდა. მესამე პერიოდი ქართველებმა 18:15 მოიგეს და ბოლო მეოთხედის წინ 2 ქულით – 52:50 დაწინაურდნენ.

ბოლო პერიოდი დრამატული გამოდგა. ქართველები ჰიკმანის 2-ქულიანის შემდეგ 54:50 დაწინაურდნენ, თუმცა შემდეგ ბოიან ბოგდანოვიჩის ჯერი დადგა, რომელმაც რამდენიმე ბურთი მიჯრით ჩააგდო, მას დრეიპერმაც აუბა მხარი და მატჩის დასრულებამდე 7,52 წუთით ადრე ხორვატები 57:56 დაწინაურდნენ. ბალკანელები მალე 5 ქულით გალიდერდნენ: დამირ მარკოტამ და დანტეი დრეიპერმა მნიშვნელოვანი ბურთები ჩააგდეს.

შემდეგ იყო გიორგი ცინცაძის საპასუხო გარღვევები, რომელიც არ აძლევდა ხორვატებს წინ გაჭრის საშუალებას. სწორედ ცინცაძის მიერ ჩაგდებული სამქულიანის შემდეგ საქართველო კვლავ დაწინაურდა – 68:67 დასრულებამდე 2,50 წუთით ადრე. ამის შემდეგ ჩააგდეს დრეიპერმა, შემდეგ კი მარკოტამ ზემოთნახსენები სამქულიანები და საფინალო სირენამდე 1:41 წუთით ადრე ხორვატები 73:70 გალიდერდნენ.

შემდეგ ქართველები კარგად თამაშობენ დაცვაში და ცინცაძე ჯერ საჯარიმოს, შემდეგ კი ორქულიანს ადგებს – 73:73 დასრულებამდე 57 წამით ადრე. მალევე მანუჩარ მარკოიშვილი ტომიჩზე ჯარიმდება, რომელიც ორივე სროლას აგდებს და 38 წამით ადრე ბალკანელები 2 ქულით გადიან წინ. მატჩში ქართველებისთვის ყველაზე დრამატული მომენტიც ამ დროს მოხდა, როცა ვიქტორ სანიკიძემ ოქროს 3-ქულიანი ჩააგდო და დასრულებამდე 21 წამით ადრე საქართველო 76:75 დააწინაურა.

ბოლო წამები ქართველებისთვის ძალიან გულდასაწყვეტი იყო, ანტე ტომიჩმა დრეიპერის პასი შეირგო და გარღვევა მარცხენა ხელით წარმატებით დააგვირგვინა.

GBF.GE-ს სურათი

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ოფიციალური საიტი

საქართველომ ევრობასკეტი ბრწყინვალე მოგებით

ევროპის 2013 წლის ჩემპიონატი საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა პოლონეთთან ბრწყინვალე გამარჯვებით დაიწყო. იგორ კოკოშკოვის მიერ მომზადებულმა კალათბურთელბმა მეტოქე 17 ქულით დაამარცხეს. პირველი მეოთხედი ქართელმა მოთამაშეებმა 6 ქულით მოიგეს, თავისი უპირატესობის გაზრდა კი მათ მეორე მეოთხედში მოახერხეს, როდესაც ტაბლოზე ანგარიში 39:22 დააფიქსირეს. მესამე მეოთხედის მოგება კოკოშკოვის შეგირდებმა მხოლოდ ერთი ქულით მოახერხეს, ხოლო ბოლო ათ წუთში პოლონელებმა 30 ქულა დააგროვეს, მაშინ, როდესაც ქართველთა მონაგარმა ჯამში 29 ქულა შეადგინა. ამის მიუხედავად, საქართველომ სოლიდური უპირატესობით ემარჯვა. საბოლოოდ – 84:67 – უკეთ სტარტს ვერც კი ვისურვებდით!

საქართველო – პოლონეთი 84:67 (20:14, 19:8, 16:15, 29:30)

საქართველო: ცინცაძე (11 ქ. +7 გ.), მარკოიშვილი (18 ქ. 3 მ.), ფაცაცია (0), სანიკიძე (23 ქ. 6 მ.), შერმანდინი 13 ქ. 9 მ.) – სასტარტო ხუთეული; ჰიკმენი (9 ქ. 4 მ.), ლეჟავა (3 ქ.), ცქიტიშვილი (3 ქ.), მეტრეველი (2 ქ.), ბურჯანაძე (2 ქ.), ფხაკაძე (0 ქ.), სანაძე (0 ქ.)

პოლონეთი: კოშარეკი (3 ქ. 7 გ.) კელატი (2 ქ.), იგნერსკლი (8 ქ. 5 მ.), ლამპე (10 ქ. 5 მ.), გორტატი (12 ქ. 8 მ. 4 გ.) – სასტარტო ხუთეული; ზამოისკი (10 ქ.), კარნოვსკი (9 ქ.), პონიტკა (7 ქ. 7 მ.), ვაშინსკი (3 ქ.), შუბარგა (2 ქ.), ცილინსკი (0 ქ.), ხრიცანიუკი (0 ქ.)

სროლები ახლო დისტანციიდან: 22/36 (61,1%) – 23/44 (52,3%)

სროლები შორი დისტანციიდან: 8/25 (32,0%) – 3/16 (18,8%)

საჯარიმო სროლები: 16/28 (57,1%) – 12/19 (63,2%)

მოხსნები: 35-39; გადაცემები: 16-18; დაკარგვები: 5-12

აქვე გეტყვით, რომ ევრობასკეტზე თავის შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები ხვალ, ხორვატიის წინაამღდეგ ჩაატარებს. აღნიშნული მატჩი თბილისის დროით 16 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.

ალექსანდრე მატევოსოვი

კოკოშკოვმა საბოლოო განაცხადი დაასახელა

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთვნელმა იგორ კოკოშკოვმა ევრობასკეტისთვის გუნდის საბოლოო განცხადი დააახელა.

აღსანიშნავია, რომ ქართველთა განაცხადში NCAA-ში მოთამაშე ორი კალათბურთელი მოხვდა. ამავე დროს, ნაკრებში ევროპის პირველობაზე საქართველოს სუპერლიგაში მოასპარეზე მხოლოდ ერთი კალათბურთელი იქნება.

სათქმელია ისიც, რომ განაცხადიდან ბოლო მომენტში თბილისის ”არმიის” მოთამაშე ანატოლი ბოისა იქნა მოხსნილი.

როგორც მოგეხსენებათ, ნაკრების ერთადერთი ლეგიონერი მიმდინარე წლის ევროპის ჩემპიონატზე რიკი ჰიკმანი იქნება.

სრული განაცხადი კი შემდეგნაირად გამოიყურება:

უკანახაზელები: გიორგი ცინცაძე (თავისუფალი აგენტი), ოთარ ფხაკაძე (”ფეირმონტ სტეიტი”,  NCAA), ბესიკ ლეჟავა (”არმია”), დუდა სანაძე (სან-დიეგო,  NCAA), რიკი ჰიკმენი (თელ-ავივის ”მაკაბი”, ისრაელი)

ფორვარდები: მანუჩარ მარკოიშვილი (”გალათასარაი”, თურქეთი), ვიქტორ სანიკიძე (თავისუფალი აგენტი), ბექა ბურჯანაძე (”კახასოლი”, ესპანეთი), ლევან ფაცაცია (”აზოტი”, უკრაინა);

ცენტრები: ნიკოლოზ ცქიტიშვილი (”ჩემპვილი”, ლივანი), გიორგი შერმანდინი (”სარაგოსა”, ესპანეთი), ნიკოლოზ მეტრეველი (”ნაპოლი”, იტალია)

აქვე გეტყვით, რომ პირველ მატჩს ევრობასკეტზე ქართველი კალათბურთელები ხვალ, თბილისის დროით 16 საათსა და 20 წუთზე პოლონეთის ნაკრების წინაამღდეგ გამართავენ. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს კი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.

ალექსანდრე მატევოსოვი

კოტე ტუღუში: ”ლიტვასთან თამაშით კმაყოფილები ვართ”

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა კაუნასში ლიტვასთან ბოლო საკონტროლო მატჩი გამართა და დამატებით დროში – 83:88 დამარცხდა. საქართველოს ნაკრებმა 16-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა და ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის დამარცხებასთან ახლოს იყო, თუმცა მასპინძლებმა დამატებით დროში, საბოლოოდ მცირე სხვაობით იმარჯვეს. ნამატჩევს კაუნასში ეროვნული ნაკრების ერთ-ერთ მწვრთნელ კოტე ტუღუშს დავუკავშირდით და ინტერვიუ ჩამოვართვით.

– მიუხედავად იმისა, რომ დავმარცხდით, გუნდის თამაშით კმაყოფილები ვართ. ჩვენ ვეთამაშებოდით ნაკრებს, რომელიც ყველა სათამაშო რგოლში ძლიერია და მომავალ ევროპის ჩემპიონატზე მედლის მოგების სამართლიანი ამბიცია გააჩნია. ლიტვა საკუთარი ქომაგების წინაშე თამაშობდა და როგორც ჩვენთვის, მათთვისაც, ეს ბოლო მოსამზადებელი მატჩი იყო და მოგება, ცხადია, ძალიან უნდოდათ. აღსანიშნავია ისიც, რომ ლიტველებმა მიმდინარე მოსამზადებელ ციკლში მხოლოდ 1 მატჩი წააგეს, ისიც ბერძნებთან.

– იყო ეპიზოდი, როცა 16 ქულით ვაგებდით, თუმცა გათანაბრება მოახერხეთ. რისი დამსახურება იყო ეს?

– კონკრეტულად დაცვის, ან შეტევის, ან რომელიმე მოთამაშის დამსახურება იყოო, ვერ ვიტყვი. სხვათა შორის, სერბეთთან მატჩი გაიხსენეთ, როცა სწორედ 16-18 ქულით ვაგებდით და ჩამორჩნა ხომ გავაბათილეთ, საბოლოოდ მოვიგეთ კიდეც ის მატჩი. ახლაც თითქმის ესე მოხდა. მეორე ტაიმში ჩვენი გუნდი ბევრად ჯობდა ლიტვას და ბოლოს რომ ვერ მოვიგეთ, შემთხვევითობის, გამართლების საქმე იყო. შეიძლებოდა ყველაფერი პირიქით დასრულებულიყო. ამას არც ვაქცევთ ყურადღებას, თამაში ოვერტაიმში გადავიყვანეთ, თუმცა საბოლოოდ დავმარცხდით. სასიამოვნოა, როცა გუნდი ასეთი ბრძოლისუნარიანია და მიუხედავად სოლიდური ჩამორჩენისა, არ ტყდება.

– სათადარიგოებზე რას იტყვით?

– მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელ მატჩში ძირითადად სასტარტო ხუთეულის წევრები დაიტვირთნენ, ეს არ ნიშნავს, რომ სათადარიგოების იმედი არ გვაქვს. მათ სლოვენიაშიც მოუწევთ თამაში და იმედი მაქვს, იქ ისეთი სიტუაცია არ შეგვექმნება, რომ დიდი ჩამორჩენის გაბათილება მოგვიხდეს. გუნდის ყველა წევრი მზადაა, ნაკრებს წარმატების მიღწევაში დაეხმაროს.

– ლიტვასთან მატჩი, რომელიც ბოლო საკონტროლო შეხვედრა იყო ევროპის ჩემპიონატამდე, საქართველოს ნაკრებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო გამოდგა. ნიშნავს ეს, რომ ნაკრები ოპტიმალურ ფორმაშია?

– ნაკრები კარგ ფორმაშია, თუმცა მჯერა, რომ სლოვენიაში უფრო გულიანად და შემართებით ითამაშებენ. დღეს ძირითადის წევრები შედარებით მეტად დაიტვირთნენ და შესაბამისად გადაიღალნენ. 3 დღეში თამაში გვაქვს და ძალებს აღიდგენენ. ევროპის ჩემპიონატზე ძალიან რთული გრაფიკია, ყოველ დღეა თითქმის თამაში, მხოლოდ 1 დღე ვისვენებთ და მთავარია, ფორმა შეინარჩუნონ, ენერგიები ოპტიმალურად გადაანაწილონ.

– ბოლოს რიკი ჰიკმანზე გკითხავთ, რომელმაც დღეს ორჯერ აიღო საკუთარ თავზე თამაში გადამწყვეტ მომენტში. ასე იყო ისრაელში მოგებულ მატჩშიც…

– ჰიკმანი დიდებული შემსრულებელია. სხვათა შორის, დღეს მას დაბადების დღე აქვს, რასაც თქვენი საიტითაც ვულოცავ. ძირითადი დროის დასრულებამდე 3 წამით ადრე  მან 2 საჯარიმო ჩააგდო, თუმცა ოვერტაიმის ბოლო წამებზე გამთანაბრებელი 3-ქულიანი ვერ ჩააგდო. თამაშის შემდეგ თქვა, არა უშავს, სლოვენიაში აუცილებლად ჩავაგდებო.

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ოფიციალური საიტი