საქართველო vs პოლონეთი – ბილეთების გაყიდვა 10 ნოემბრიდან დაიწყება

ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ მატჩში, 14 ნოემბერს „ჯვაროსნები“ პოლონეთის ეროვნულ გუნდს „დინამო არენაზე“ უმასპინძლებენ.

საქართველოს ეროვნული ნაკრები შეკრებას ორშაბათს, 10 ნოემბერსდაიწყებს. თემურ ქეცბაია პირველ ვარჯიშს ამავე საღამოს, 19:00 საათზე,„დინამო არენაზე“ ჩაატარებს. ნაკრების წევრების დიდი ნაწილი ვარჯიშზე იქნება. გამონაკლისი იქნებიან ის ფეხბურთელები, რომელთაც კვირა საღამოს კლუბებში თამაშები აქვთ. მედიისთვის ვარჯიში ღია იქნება.

გულშემატკივართა საყურადღებოდ!

საქართველო vs პოლონეთის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დაიწყება ორშაბათს, 10 ნოემბერს, დილის 11:00 საათიდან, „დინამო არენასა“ და „მიხეილ მესხის“ სტადიონების სალაროებში.

სალაროები იმუშავებს ყოველდღე, 11-დან საღამოს 18:00 საათამდე.

მატჩის დღეს, 14 ნოემბერს ბილეთები გაიყიდება მხოლოდ „დინამო არენას“ სალაროებში.

ფასი: 5, 7, 10 და 15 ლარი

სფფ-ის პრესსამსახური

გიორგი მერებაშვილი: “ამოვიდა ყელში უკვე”

ბერძნული “ოფის” ქართველი შემტევი გიორგი მერებაშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ში საინტერესო პოსტს აქვეყნებს. 28 წლის ფეხბურთელი წერს, რომ მას ნაკრებში შანსი არასოდეს მისცემია.

14 ნოემბერს, საქართველოს ეროვნული ნაკრები პოლონეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. დღეს ცნობილი გახდა იმ ფეხბურთელთა გვარები, რომლებიც თემურ ქეცბაიამ მომდევნო მატჩისთვის გამოიძახა. ნაკრებში გამოძახებულებს შორის ვერ მოხვდა გიორგი მერებაშვილი, რომელმაც საბერძნეთის ჩემპიონატში ჩატარებულ ბოლო სამ მატჩში ორი გოლის გატანა მოახერხა.

“ერთ რამეს ვიტყვი და ძალიან გთხოვთ, რომ ზედმეტი კითხვებისგან აღარ შემაწუხოთ. ნებისმიერ ადამიანს სადაც უნდა იქ დავუჯდები და დაველაპარაკები. ნაკრებში შანსი არასოდეს მომცემია და ყველგან დავწერ, ამოვიდა უკვე ყელში. თქვენ თუ შანსს ბოლო 15-25 წუთს ეძახით და ისიც იმ ადგილას თამაშს, სადაც ყველაზე ცუდად გამომდის, ესეიგი შანსი მართლაც ვერ გამომიყენებია”, – წერს მერებაშვილი.

შეგახსენებთ, რომ მერებაშვილმა ბოლოს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2011 წლის 9 თებერვალს, სომხეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ მატჩში ითამაშა. თბილისის “დინამოს” ყოფილი ფეხბურთელი მოედანზე 50-ე წუთზე გამოჩნდა.

cats

ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ცვლილებებია

შოტლანდიასთან მატჩის წინ, საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ორი იძულებითი ცვლილება განხორციელდა. სანდრო კობახიძისა და ლაშა
დვალის ნაცვლად, თემურ ქეცბაიამ კვიპროსული „ოთელოსის“ ნახევარმცველი – ლევან ხმალაძე და დანიური „ოდენსეს“ შემტევი – ლადო დვალიშვილი გამოიძახა.
საქართველოს ეროვნული ნაკრები 6 ოქტომბერს, გლაზგოში შეიკრიბება და მატჩისთვის მზადებას დაიწყებს.

აქვე, შეგახსენებთ ეროვნულ ნაკრებში გამოძახებულ
ფეხბურთელთა სიას:

მეკარეები: გიორგი ლორია („ოფი“, საბერძნეთი), როინ კვასხვაძე („ოთელოსი“, კვიპროსი), ომარ მიგინეიშვილი („დინამო თბილისი“)
მცველები: გურამ კაშია („ვიტესი“, ჰოლანდია), უჩა ლობჟანიძე („ომონია“,კვიპროსი), აკაკი ხუბუტია („გოვერლა“, უკრაინა) სოლომონ კვერკველია („რუბინი“, რუსეთი),
გია გრიგალავა („ანჟი“, რუსეთი), გიორგი რეხვიაშვილი („ბოლუსპორი“, თურქეთი), დავით კვირკველია („სამტრედია“)

ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი („კარპატი“, უკრაინა), ჯაბა კანკავა („დნიპრო“,უკრაინა), ვალერი ყაზაიშვილი
(„ვიტესი“, ჰოლანდია), თორნიკე ოქრიაშვილი („გენკი“, ბელგია), ჯანო ანანიძე („სპარტაკი“,რუსეთი), ავთო ებრალიძე („ჟილ ვისენტე“, პორტუგალია“), ლევან ხმალაძე („ოთელოსი“, კვიპროსი), მათე ცინცაძე, გიორგი პაპუნაშვილი, გიორგი პაპავა, ირაკლი ძარია (ყველა „დინამო“, თბილისი)

თავდამსხმელები:
ლევან მჭედლიძე („ემპოლი“, იტალია), ნიკოლოზ გელაშვილი („ფლამურტარი“, ალბანეთი), ვლადიმერ დვალიშვილი („ოდენსე“, დანია)

სფფ-ს პრესამსახური

საქართველოს ნაკრები: გამარჯვება მეორე ტესტ-მატჩში

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის მზადების ფარგლებში მეორე ტესტ-მატჩი ბოლნისის “სიონთან” ჩაატარა და 2-0 მოიგო. გუშინდელის მსგავსად, თემურ ქეცბაიამ ეროვნული ჩემპიონატიდან გამოძახებული ფეხბურთელები ათამაშა.

მატჩი ნაკრების უპირატესობით დაიწყო. გამორჩეული კვლავ გიორგი პაპუნაშვილი იყო. პირველივე წუთებზე მისი სახიფათო გარღვევა “სიონის” მცველებმა თამაშის წესების დარღვევით შეაჩერეს. ჯარიმის შესრულება თავად დაზარალებულმა ითავა და მახვილი კუთხიდან ეფექტური დარტყმით გახსნა ანგარიში.მალევე პაპუნაშვილი კარგი გადაცემით ბათიაშვილთან პირისპირ გრიგოლ დოლიძე გავიდა, რომელმაც ნაკრები ორი ბურთით დააწინაურა.

მეორე ტაიმში შემადგენლობები გადახალისდა და უპირატესობას “სიონი” დაეუფლა. აქტიური იყო უგულავა, რომელსაც რამდენიმე შესაძლებლობა მიეცა. მომენტები ნაკრებსაც ჰქონდა. გოლის გატანასთან ახლოს ჯიღაური და შარიქაძე იყვნენ, თუმცა დარჩენილ წუთებში ანგარიში აღარ შეცვლილა.

საინტერესოა, რომ თეიმურაზ ღონღაძე მთელი მატჩის განმავლობაში ქეცბაიამ მარცხენა მცველად ათამაშა. იქიდან გამომდინარე, რომ ირლანდიელებთან მატჩში ყველაზე პრობლემატური სწორედ მარცხენა ფლანგია, ღონღაძის მთავარ გუნდში მოხვედრა გასაკვირი სულაც არ იქნება.

საქართველო 2-0 სიონი

საქართველო: მიგინეიშვილი, პაპავა, თ.გრიგალაშვილი, გველესიანი, ღონღაძე, ცინცაძე, პარუნაშვილი, პაპუნაშვილი, ძარია, დოლიძე, ჩირგაძე.

შეცვლაზე შევიდნენ: ბეგაშვილი, ჭანტურია, ჭანტურიშვილი, გაბედავა, შარიქაძე, ჯიღაური.

სიონი: ბათიაშვილი, კანდელაკი, სვანიძე, კვარაცხელია, ფოფხაძე, განუგრავა, ცხადაია, ლობჯანიძე, ისიანი, სირაძე, უგულავა.

შეცვლაზე შევიდნენ: მოსემღვდლიშვილი, გიორბელაძე, უგრეხელიძე, გურეშიძე, ფელიპე ლიმა, ჭიკაიძე.

საქართველო-სიონი_9872029 საქართველო-სიონი_9079187 საქართველო-სიონი_6935623 საქართველო-სიონი_0980920 საქართველო-სიონი_691765 საქართველო-სიონი_691621 საქართველო-სიონი_090128 საქართველო-სიონი_88272

მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები

 

თემურ ქეცბაია: “საქართველოში არიან ნიჭიერი ფეხბურთელები”

“სპარტაკთან” გამართული ტესტ-მატჩის შემდეგ ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ მცირე კომენტარი გააკეთა.

თემურ ქეცბაია: “მადლობა “სპარტაკის” ხელმძღვანელობას. ამ შეხვედრის ჩატარება ძალიან სასარგებლო იყო. მეოთხე დღეა ამ ბიჭებთან ვარ და სავარჯიშო პროცესით კმაყოფილი ვარ. ყველა ცდილობს, რომ თავი გამოიჩინოს.

ბიჭებმა დღეს სწორი ფეხბურთი ითამაშეს. დღევანდელმა მატჩმა დაგვანახა, რომ საქართველოში არიან ნიჭიერი ბიჭები, რომლებსაც ფეხბურთის თამაში შეუძლიათ.

სამწუხაროდ ორშაბათიდან ბევრი მათგანი დაგვტოვებს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავას, რომ ისინი ნაკრებში არ მოიაზრებიან. საბოლოო გადაწვყეტილებას ხვალინდელი მატჩის შემდეგ მივიღებთ. 

მადლობა ყველა ამ ფეხბურთელს და მათ კლუბებს, რომ შეკრების მოწყობაზე დაგვთანხმდნენ.”

საქართველოს ნაკრები: ორი ტესტ-მატჩი ქართულ კლუბებთან

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ემზადება. თემურ ქეცბაია უმაღლესი ლიგიდან ნაკრების კანდიდატებით დაკომპლექტებული გუნდით დღეს და ხვალ ორ ტესტ-მატჩს გამარტავს. სპარინგები ცხინვალის “სპარტაკთან” და ბოლნისის “სიონთან” გაიმართება. შეხვედრებს, რომლებიც 19:30-ზე დაიწყება, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს.

ნაკრებში ამჟამად შემდეგი ფეხბურთელები ემზადებიან:

მეკარები: ომარ მიგინეიშვილი („დინამო“ თბილისი), მაქსიმე ქვილითაია („ჩიხურა“ საჩხერე), გიორგი ბეგაშვილი („სამტრედია“), გიორგი ნადირაძე („სპარტაკი“, ცხინვალი)
მცველები: თედორე გრიგალაშვილი („ზესტაფონი“), თემურ ღონღაძე („ჩიხურა“ საჩხერე), დავით კვირკველია („სამტრედია“), ნიკა ჭანტურია, გიორგი გველესიანი (ორივე „დინამო“ თბილისი), გიორგი ფოფხაძე (უგუნდოდ)
ნახევარმცველები: გიორგი პაპავა, გიორგი პაპუნაშვილი, ლაშა პარუნაშვილი, მათე ცინცაძე, ირაკლი ძარია (ყველა „დინამო“ თბილისი), ჯამბულ ჯიღაური („ჩიხურა“ საჩხერე), ლევან შარიქაძე, ვახტანგ ჭანტურიშვილი (ორივე „ზესტაფონი“), გრიგოლ დოლიძე („სამტრედია“)
თავდამსხმელები: გიორგი გაბედავა („სამტრედია“), გიორგი ჩირგაძე („დინამო“ თბილისი.

ირაკლი ღარიბაშვილი ქართველი კალათბურთელების განცხადებას გამოეხმაურა

საქართველოს ნაკრების წევრებმა ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვების შემდეგ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს განცხადებით მიმართეს.

პრემიერმა განცხადებას მალევე უპასუხა და საქართველოს ნაკრებს წარმატება მიულოცა.

“ქართველმა კალათბურთელებმა მორიგი გამარჯვება მოიპოვეს – დაძაბული მატჩების შემდეგ ჩვენი ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში პირველ ადგილზე გავიდა და ზედიზედ მესამედ მოიპოვა ასპარეზობის უფლება. ვულოცავ ჩვენს კალათბურთელებს და ქართული კალათბურთის ყველა გულშემატკივარს ამ დიდ გამარჯვებას.

განსაკუთრებით დასაფასებელია ჩვენი ნაკრების გამარჯვება, რადგან კარგად ვიცი, თამაშის, მომზადებისა და ასპარეზობისთვის რამდენი სირთულისა და პრობლემის გადალახვა უწვეთ მათ, და ეს წლებია გრძელდება. ჩვენი მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ჩვენს კალათბურთელებს ღირსეული პირობები ჰქონდეთ. 
საქართველოში კალათბურთი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობაა, ქართველი გულშემატკივარი არაერთი დიდი წარმატების მომსწრე გამხდარა. ამიტომაც, ჩვენი ვალია ხელი შევუწყოთ ქვეყანაში კალათბურთის განვითარებას, მის პოპულარიზაციას და ეროვნული ჩემპიონატების მაღალ დონეზე ჩატარებას, რაც, დარწმუნებული ვარ, საერთაშორისო ტურნირებში კიდევ ბევრი გამარჯვების წინაპირობა გახდება.”

ირაკლი ღარიბაშვილი

საქართვეოს ნაკრების საგანგებო განცხადება

პორტუგალისთან გამართული მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების წევრებმა პრესასთან საგანგებო განცხადება გააკეთეს. სიტყვით ნაკრების რამდენიმე მოთამაშე და მთავარი მწვრთნელის ასისტენტი, კოტე ტუღუში გამოვიდნენ.

ზაზა ფაჩულია: “ძალიან ამაყი და გახარებული ვარ. დღეს ჩვენთვის ძალიან მაგარი დღეა. უკვე მესამედ გავედით ევროპის ჩემპიონატზე, რაც იოლი არ ყოფილა, თუმცა მიუხედავად უამრავი პრობლემისა, მიზანს მაინც მივაღწიეთ. მაგრამ, დღეს განცდილ სიხარულს მწუხარებაც ახლავს და ეს ქვეყანაში კალათბურთის მდგომარეობას ეხება.

ვთხოვ პრემიერმინისტრს, რომ ამ სპორტის სახეობას მეტი ყურადღება მიექცეს. აუცილებელია, რომ იყოს კარგი ჩემპიონატი. ნაკრების რამდენიმე მოთამაშე ადგილორივ ჩემპიონატჩი ასპარეზობს. მათ აქ უნდა ქონდეთ კარიერული წინსვლის და გაზრდის საშუალება. ამ ეტაპზე საქართველოში ოფიციალურად არსებობს ორი გუნდი, ესენია „რუსთავი“ და „ქუთაისი“. ევროპაში კი ამ დროს ყველა გუნდი უკვე დაკომპლექტებულია.”

გიორგი ცინცაძე: “ხალხიც გაცილებით მეტს იმსახურებს. კალათბურთს აუცილებლად სჭირდება გადარჩენა და ვთხოვთ, რომ ამ პრობლემას ყურადრღბა მალევე მიექცეს”. 

კოტე ტუღუში: “წლებია უკვე “არმიას” ვწვრთნი და ასეთი მდოგმარეობა უბრალოდ არ მახსოვს. თხოვნით მივმართავ პირადად პრემიერმინისტრს, რომ მთავრობა კალათბურთს დაეხმაროს, რათა დღეს განცდილი სიხარული ჩვენს ქვეყანაში წლების განმავლობაში გაგრძელდეს. ფედერაციას აქვს კალათბურთის განვითარების გეგმა და იმედია ჩვენი დღევანდელი განცხადება ამ პროცესებს დააჩქარებს.”

ვიქტორ სანიკიძე: “უკვე მესამედ გავედით ევროპის ჩემპიონატზე და დროა ჩვენს სპორტსაც მიაქციონ ყურადღება. ხალხს ეს სპორტი საქართველოში ძალიან უყვარს. ბევრი ბავშვი ასპარეზობს და სწორედ მათ უნდა ჩაგვანაცვლონ ჩვენ, დღევანდელი თაობა. საცოდაობაა, როდესაც ქვეყანას ასეთი ნაკრები ჰყავს და ამ დროს შიდა ჩემპიონატში უამრავი პრობლემაა. ასეთი რამ სხვა ქვეყანაში უბრალოდ წარმოუდგენელია”.

თორნიკე შენგელია: ეროვნული ჩემპიონატის განვითარება პირველ რიგში ნაკრებისთვის არის კარგი. ეროვნული გუნდი მხოლოდ ლეგიონერების თამაშზე არ უნდა იყოს დამოკიდებული. ეროვნული ჩემპიონატის მოთამაშისთვის ევრობასკეტზე თამაში პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს. მთავარია ძლიერი და კონკურენტუნარიანი ჩემპიონატის ჩამოყალიბება.”

გამარჯვება პორტუგალიასთან და ევროპის ჩემპიონატის საგზური!

თბილისის სპორტის სასახლეში ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის უკანასკნელი შეხვედრა გაიმართა. საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას უმასპინძლა და მეტოქის დამარცხება შესძლო.

შეხვედრა ვიქტორ სანიკიძის ზუსტი სამქულიანით გაიხსნა. მასპინძელთა მე-13 ნომერმა მალე ორქულიანიც მოათავსა. სანიკიძეს დებიუტში მხარი ბურჯანაძე-ფაჩულიამაც აუბეს და საქართველო 8-ქულიანი უპირატესობით დაწინაურდა. სტუმრებმა სხვაობის შემცირება პერეირას და ფერნანდესის ზუსტი თამაშით მოახერხეს, თუმცა მეტრეველის ბოლო წამებზე ჩაგდებულმა ბურთმა საქართველოს ნარკები მცირე შესვენებაზე 7-ქულიანი ჰანდიკაპით გაიყვანა.

იმავე მეტრეველის ზუსტი ორიანით დაიწყო მეორე მეოთხედი, რასაც სანაძის კიდევ ერთი სამქულიანი მოჰყვა და სხვაობა 12 ქულამდე გაიზარდა. თუმცა, სტუმრება ჩამორჩენის შემცირება მოახერხეს. უჩვეულოდ ინტერტული იყო ზაზა ფაჩულია, რომლის აქტივში მეორე მეოთხედის ბოლოს სულ რაღაც 3 ქულა იყო. ნაკრების კაპიტანმა 7 მცდელობიდან მხოლოდ ერთხელ მოათავსა ბურთი კალათში. მისი ვიზავის, კლაუდიო ფონსეკას ანგარიშზე კი ამ დროს 8 ქულა იყო. საბოლოოდ, სწორედ პორტუგალიელთა ცენტრის ძალისხმევით დიდ შესვენებაზე გუნდები 5-ქულიანი სხვაობით გავიდნენ – 36:31.

მესამე პერიოდი ზაზა ფაჩულიას ზედიზედ ორი ზუსტი ტყორცნით დაიწყო, რასაც სანიკიძის შეტევის ბოლო წამზე ჩაგდებული სამიანი მოჰყვა და მასპინძლებმაც 10-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს. პორტუგალიელებმა მეორე პერიოდის მსგავსად მეოთხედის მეორე ნაწილი უკეთ ჩაატარეს და გადამწყვეტი 10-წუთიანი მონაკეთის წინ სხვაობის შემცირება 7 ქულამდე შესძლეს. თუმცა, ფონსეკას ზედიზედ 4 ნასროლი საჯარიმოდან სამი რომ არ აეცილებინა სხვაობა კიდევ უფრო მცირე იქნებოდა.

გადამწყვეტ მეოთხედში სპორტის სასახლეში შეკრებილი 9000 ქომაგი ვიქტორ სანიკიძის რამდენიმე  ეფექტურმა დანქმა გამოაცოცხლა. სანიკიძეს ფაჩულიამ და სანაძემაც მიბაძეს და მასპინძლელთა უპირატესობა 10-ქულიან ზღვარს კიდევ ერთხელ გადასცდა. ამჯერად ქართველებმა მატჩის ბოლომდე შეინარჩუნეს მოპოვებული ჰანდიკაპი. 5 პერსონალურის გამო ლიდერ ფონსეკას გარეშე დარჩენილმა პორტუგალიელებმა ბოლოს ვეღარ გაიბრძოლეს და შეხვედრაც მასპინძელთა დამაჯერებელი გამარჯვებით 71-59 დასრულდა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში საუკეთესო ვიქტორ სანიკიძე გახდა, რომელმაც 20 ქულა შესძინა საკუთარ გუნდს. მასპინძელთა ნაკრების კაპიტან ზაზა ფაჩულიას კი სამმაგ დუბლამდე ერთი გადაცემა დააკლდა. სტუმართა შემადგნელობაში 17-ქულით ყველაზე შედეგიანი ფონსეკა გახლდათ.

იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ უნგრეთის ნაკრებმა საშინაო ასპარეზზე ჩეხეთის დამარცხება მოახერხა, საქართველოს ნაკრებმა საკვალიფიკაციო ჯგუფში პირველი ადგილი და ევროპის ჩემპიონატის საგზური ზედიზედ მესამედ მოიპოვა!

საქართველო 71-59 პორტუგალია

სრული სტატისტიკა

ვიქტორ სანიკიძე_628 საქართველო_პორტუგალია_8085 ზაზა ფაჩულია_6330 გიორგი ცინცაძე_0-5985

მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები

ევრო 2016–ის სამზადისი

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის 2016 წლის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადებას იწყებს. თემურ ქეცბაიას გადაწყვეტილებით 26 აგვისტოდან 30 აგვისტოს ჩათვლით საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელები სპეციალურ შეკრებას გაივლიან. ამ ეტაპისთვის საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ეროვნულ გუნდისთვის 21სავარაუდო კანდიდატი შეარჩია. 29-30 აგვისტოს ამ შემადგენლობით ორი ამხანაგური მატჩი დაიგეგმა,რომელიც საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ბოლნისის „სიონისა“ და ცხინვალის „სპარტაკის“ წინააღმდეგ ჩატარდება.
მეკარები: ომარ მიგინეიშვილი „ დინამო თბილისი“, მაქსიმე ქვილითაია „ ჩიხურა“ საჩხერე, გიორგი ბეგაშვილი „სამტრედია“, გიორგი ნადირაძე „სპარტაკი“ ცხინვალი
 
მცველები: თედორე გრიგალაშვილი „ზესტაფონი“, თემურ ღონღაძე „ჩიხურა“ საჩხერე, დავით კვირკველია „სამტრედია“, ნიკა ჭანტურია, გიორგი გველესიანი ორივე „დინამო თბილისი“, გიორგი ფოფხაძე – უგუნდო
 
ნახევარმცველები: გიორგი პაპავა, გიორგი პაპუნაშვილი, ლაშა პარუნაშვილი, მათე ცინცაძე, ირაკლი ძარია ყველა „დინამო თბილისი“, ჯამბულ ჯიღაური „ჩიხურა“ საჩხერე, ლევან შარიქაძე, ვახტანგ ჭანტურიშვილი ყველა „ზესტაფონი“, გრიგოლ დოლიძე „სამტრედია“
 
თავდამსხმელები: გიორგი გაბედავა „სამტრედია“, გიორგი ჩირგაძე „დინამო თბილისი“ .
 ირლანდიასთან გამოძახებული ლეგიონერების სია მიმდინარე კვირის ბოლოს გახდება ცნობილი. ეროვნული გუნდი ოფიციალურ შეკრებაზე 1 სექტემბერიდან გადავა და ლეგიონერებს  საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე რამდენიმე ფეხბურთელი შეურთდება.
 ევროპის 2016 წლის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ოფიციალური შეხვედრა საქართველოსა და ირლანდიას შორის „დინამო არენაზე“ 7 სექტემბერს, 20 საათზე დაიწყება. მატჩზე დასასწრები ბილეთის ფასი 10.15 20 და 30 ლარი იქნება. მათი გაყიდვა „დინამო არენასა“ და მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სალაროებში 1 სექტემბერს დაიწყება.
სფფ–ის პრესსამსახური

საქართველო ჩეხეთთან დამარცხდა

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ მატჩში საქართველოს ნაკრები ჩეხეთს ესტუმრა, სადაც ადგილობრივ ნაკრებთან გამართა შეხვედრა.

მატჩი ჩეხების უპირატესობით დიწყო და მათივე დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა. მასპინძლებმა ოთხივე მეოთხედში მოახერხეს ჩვენი გუნდის დამარცხება და საბოლოოდ 19-ქულიანი სხვაობით, 86-67 გაიმარჯვეს.

გადამწვყეტი უპირატესობა ჩეხებმა ბოლო პერიოდში მოიპოვეს, რომელიც 11-ქულიანი სხვაობით მოიგეს და საბოლოო ჯამში საქართველოსთან თანაბარი ქულების შემთხვევაში უპირატესობაც დაიბევეს.

მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშეები საქართველოს ნაკრების წევრები ვიქტორ სანიკიძე და თორნიკე შენგელია გახდნენ. ორივე მოთამაშემ 17 ქულას მოუყარა თავი. ჩეხების ლიდერი სატორანსკი გახდა, რომლის მონაგარი 16 ქულას შეადგენს. საკუთარი გუნდის წარმატებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს აუდამ, პუმპრიამ და ჰოუშკამ.

საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ შეხვედრას საქართველო 24 აგვისტოს თბილისის სპორტის სასახლეში უნგრეთის ნაკრებთან გამართავს.

ჩეხეთი 86-67 საქართველო

სრული სტატისტიკა

ჩეხები სატორანსკის მალავენ, ქართველები კი ემზადებიან (ვიდეო)

ჩეხეთის ნაკრების ლიდერმა – ტომაშ სატორანსკიმ წინა ტურის მატჩი უნგრეთთან გამოტოვა და მისმა გუნდმაც ბეწვის ხიდზე გაიარა – მასპინძლებმა მხოლოდ 3 ქულით სძლიეს უნგრელებს. ჩეხების მთავარი მწვრთნელი, რონენ გინცბურგი იმედოვნებს, რომ სატორანსკი გუნდს დღეს, საქართველოსთან მატჩში დაეხმარება.

რატომ არ ითამაშა სატორანსკიმ? უნგრეთთან მატჩის წინა ღამეს მას რაღაც შეემთხვა და ხელზე ნაკერები დაადეს. ეს არ იყო ჩვეულებრივი ტრავმა, რომელსაც მოთამაშე ვარჯიშზე, ან თამაშისას ღებულობს. სატორანსკის გაჭრილი ჰქონდა ხელი (იდაყვთან ახლოს) და 2 ნაკრეის დადება დასჭირდა.

რა შეემთხვა სატორანსკის, ჩეხები ამას არ ახმაურებენ. შესაძლოა, რეალობა ბევრმა არც იცის – ტომაშმა უნგრეთთან მატჩის წინა დღეს გუნდთან ერთად ივარჯიშა დ დარბაზიც უვნებელმა დატოვა, თუმცა მეორე დღეს მას ხელზე ნაკერები ჰქონდა.

გუშინ „ბარსელონას“ ჩეხმა უკანახაზელმა ივარჯიშა, რონენ გინცბურგი კი იმედოვნებს, რომ ის მოედანზე გასვლას შეძლებს. ქართველთა ნაკრების სერბ მწვრთნელს ვინძლო უნდოდეს კიდეც, რომ სატორანსკიმ ითამაშოს. ქართველებმა ჩეხი ვარსკვლავის გაჩერება თბილისში შეძლეს (სატორანსკიმ მხოლოდ 2 ქულა დააგროვა) და მზად არიან, ის ნიმბურკშიც გაანეიტრალონ.

ქართველების გუშინდელი, გენერალური ვარჯიში სწორედ ტაქტიკას, კონკრეტული მოთამაშეებისგან ინდივიდუალურ და გუნდურ დაცვას დაეთმო. კოკოშკოვმა გუნდი თითქმის 2 საათი, ყველა იმკომპონენტში ავარჯიშა, რაც ჩეხეთთან მატჩში გამოადგებათ და მათი ზუსტად შესრულების შემთხვევაში წარმატებაც მოვა.

ჩეხეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელ, რონენ გინცბურგს ვარჯიშის შემდეგ ვიდეოინტერვიუ ჩამოვართვით: „ტომაშ სატორანსკიმ დღეს ივარჯიშა და იმედი გვაქვს, ის ხვალ უკეთესად იქნება. მისი საკითხი თამაშის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე გადაწყდება. რაც შეეხება თამაშს, იგი ძალიან რთული იქნება. ჩვენს ჯგუფში ყველა მატჩი რთულია, თუმცა ამ მატჩს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. გამარჯვებული ძალიან მიუახლოვდება ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვებას“.

gbf.ge