საქართველომ ბელგია გაანადგურა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა, 2014 წლის ერთა თასი და 2015 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის მეორე წრე გამარჯვებით დაიწყო.
ბორჯღალოსნებმა “ბელგიის” გუნდს ავჭალის სტადიონზე უმასპინძლეს. მიუხედავად რთული მეტეოროლოგიური პირობებისა, საქართველოს ნაკრების მოთამაშეებმა კარგი თამაში ჩაატარეს და მეტოქე 35-0 დაამარცხეს.

ლელოები კოტე მიქაუთაძემ, მერაბ შარიქაძემ, ირაკლი მაჩხანელმა და გიორგი ჩხაიძემ ჩაიწერეს საკუთარ ანგარიშზე, ორჯერ კი მერაბ კვირიკაშვილმა დაამწუხრა ბელგიელები. ამასთან ერთად, კვირიკაშვილმა ერთი ზუსტი გარდასახვა და ჯარიმა მიითვალა.

დამსახურებული 102-ე ადგილი

გუშინ ფიფამ ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრები კიდევ ერთი პოზიციით დაქვეითდა და ახლა უკვე 102-ე საფეხურზე იმყოფება.
ტრადიციულად, ქართველმა გულშემატკივარმა ეს თემა მტკივნეულად აღიქვა, რაც ბუნებრივია. ჩვენ ხომ ყოველთვის, ნებისმიერ მეტოქესთან მაქსიმალურ შედეგს ვითხოვთ. თუმცა, ერთია ჩვენ რას ვითხოვთ და სულ სხვაა რეალობა, რომელიც  ძალიან განსხვავდება ჩვენი სურვილებისაგან.

ის შედეგი, რაც ეროვნულ ნაკრებს დღეს აქვს ბევრის აზრით თაობათა ცვლის პროცესმა განაპირობა. ეს მართლაც ასეა. ქართულ ფეხბურთს საუკეთესო წლები ნამდვილად არ უდგას და ეს მაღალი კლასის მოთამშეთა დეფიციტით არის გამოწვეული. საქართველოს ნამდვილაღ აღარ ჰყავს არველაძეების, კალაძის და ქინქლაძის  დონის ფეხბურთელები.  დღევანდელი ფორმაციის ეროვნული ნაკრების ლიდერები საუკეთესო შემთხვევაში საშუალო გუნდების სათადარიგოთა სკამებზე ატარებენ უმეტეს დროს. რაც, ბუნებრივია  ქვეყნის მთავარი გუნდის შედეგებზეც აისახება.

ეროვნული ნაკრების პრობლემები დღევანდელობას ნამდვილად არ გამოუწვევია. ეს საკითხი გაცილებით უფრო ღრმა არის. ნაკრების ძირითადი ბირთვი დღეს სწორედ იმ ფეხბურთელებისგან შედგება, რომლებიც სპორტის ამ სახეობაში პირველ ნაბიჯებს საკმაოდ რთულ 90-იანებში დგავდნენ, როდესაც ფეხბურთის შიდა სამზარეულოში ბევრი სიბინძრე ხდებოდა, რაც ადრე თუ გვიან აუცილებლად აისახებოდა ნომერ პირველი სპორტის მდგომარეობაზე ქვეყანაში. როგორც ჩანს, ახლა სწორედ ის დრო დადგა და წარსულში დაშვებული შეცდომების შედეგებს ახლა ვიღებთ.

თუმცა, თავი დავანებოთ ისტორიას და რეალობას დავუბრუნდეთ. ფაქტია, რომ ნაკლებად ცნობილი ფეხბურთელებითაც შეიძლება შედეგის მიღწევა და შორს რომ არ წავიდეთ ამას ჩვენი მეზობელი სომხეთის მაგალითზეც ვხვდებით. სომხების შემადგენლობაში ტოპ-ლიგაში მხოლოდ ერთი ფეხბურტელი, მხითარიანი თამაშობს. თუმცა, მის გარდა ნაკრებში რუსული კლუბების წამყვანი მოთამაშეებიც არიან, მაგრამ ძირითად ბირთვს საშუალოზე დაბალი დონის მოთამაშეები წარმოადგენენ.

სხვათა შორის, ახალი რეიტინგით სომხეთის ნაკრების 38-ე პოზიციაზე იმყოფება. ფაქტობრივად გამორიცხულია, რომ ჩვენსა და სომხეთის ფეხბურთელებს შორის კლასში ამხელა სხვაობა იყოს. ალბათ საქმე მონდომებასა და პასუხისმგებლობაშიას, პასუხისმგებლობაშ ქვეყნის წინაშე. როდესაც გუნდი მოედანზე გადის და რაღაც არ გამოსდის, გულშემატკივარი აპატიებს თუ დაინახავს, რომ ფეხბურთელები იბრძვიან. იბრძვიან მოედნის ყველა გოჯზე და მეტოქეს, თუნდაც გაცილებით უფრო ძლიერს, არაფერს  უთმობენ. სამწუხაროდ, გასულ შესარჩევ ციკლში ეს მხოლოდ ორ გუნდთან, ესპანეთსა და საფრანგეთის ნაკრებებთან დავინახეთ, სადაც მოტივაცია ძალიან დიდი იყო, რასაც თავისი მიზეზები ჰქონდა… ფაქტობრივად ორივე შემთხვევაში გუნდს ეს მონდომება დაუფასდა.

იმედი გამოვთქვათ, რომ მომავალში მაინც ჩვენი მოთამაშეები გაიაზრებენ საკუთარ როლს და მნიშნველობას. ისინი ხომ ჩვენს ქვეყანას წარმოადგენენ ფეხბურთში. ეს სპორტის სახეობა კი უკვე კარგა ხანია გასცდა სპორტს და ქვეყნის პრესტიჟულობის ერთ-ერთ შემადგენელ კომპონენტადაც იქვცა.

დანაკლისი და მატება ეროვნულ ნაკრებში

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, წლის ბოლო ოფიციალური მატჩისთვის უკვე ორი დღეა ქალაქ ალბასეტეში ემზადება. ესპანეთთან შეხვედრისთვის თემურ ქეცბაიამ გუნდი 8 ოქტომბერს შეკრიბა. ამ დროისთვის, გუნდი ალბასეტეში 20 კაციანი შემადგენლობით იმყოფება. ნაკრებმა, გუშინ, საფეხბურთო კლუბ „ალბასეტეს“ საწვრთნელ ბაზაზე ორჯერ ივარჯიშა. ესპანეთში მყოფი ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და მსოფლიოსა და ევროპის მოქმედ ჩემპიონთან მატჩს სრულად მომზადებული ხვდება. სავიზო პრობლემების მოგვარების შემდეგ, გუნდს დღის ბოლოს ბაქოს „ინტერის“ ფეხბურთელი ბაჩანა ცხადაძე და ფამაგუსტას „ანორთოსისის“ წევრი შოთა გრიგალაშვილი შეურთდებიან.

ალექსანდრე ამისულაშვილისა და თორნიკე ოქრიაშვილის ტრავმების შემდეგ კი, ნაკრებს კიდევ ერთი წამყვანი მოთამაშე გამოაკლდა. თემურ ქეცბაიას განკარგულებაში ვერც ჯანო ანანიძე იქნება. „როსტოვის“ ფეხბურთელის არყოფნის მიზეზი არა ტრავმა, არამედ პირადი პრობლემა გახდა. ჰოლანდიის ახალგაზრდულ ნაკრებთან გამართული მატჩის შემდეგ, მას ოჯახთან დარჩენა მოუწია. შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ფეხბურთელმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმარტების გაკეთება და ფედერაციის ვებგვერდს მცირე კომენტარი მისცა.

” ძალიან რთული ოჯახური ვითარება შემექმნა და ამიტომ, რამდენიმე დღით საქართველოში დარჩენა მომიწია. მე არ მივეკუთვნები იმ კატეგორიას, რომელსაც შეუძლია უმნიშვნელო მიზეზის გამო უარის თქმა ეროვნულ ან ახალგაზრდულ ნაკრებში გამოძახებაზე. ეს არც აქამდე გამიკეთებია და არც მომავალში ვაპირებ; მითუმეტეს, რომ გულშემატკივრებისგანაც ყოველთვის ვგრძნობ დიდ სითბოს და სიყვარულს. ნაკრების მაისურით თამაში ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერება და პატივია, თუმცა, დღეს ჩემი ოჯახი განსაცდელშია და ვალდებული ვარ მათ გვერდში ვიყო. მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩემი საქართველოში დარჩენის ერთადერთი მიზეზი ოჯახური მდგომარეობაა”.

ესპანეთთან გამოძახებული მოთამაშეების 22- კაციანი სია ამ დროისთვის ასე გამოიყურება:

მეკარეები: გიორგი ლორია („დინამო“ თბილისი), ნუკრი რევიშვილი („დილა“, გორი), როინ კვასხვაძე („ზესტაფონი“)

მცველები: უჩა ლობჟანიძე („დნიპრო“, უკრაინა), აკაკი ხუბუტია („მორდოვია“, რუსეთი), გურამ კაშია („ვიტესი“, ჰოლანდია), გიორგი ხიდეშელი („ტორპედო“, ქუთაისი), დავით კვირკველია („დინამო“ თბილისი), გულვერდ თომაშვილი, ალექსანდრე კვახაძე (ორივე „დილა“, გორი), გიორგი ფოფხაძე („იაგელონია“, პოლონეთი), მათე ღვინიანიძე („სევასტოპოლი“, უკრაინა)

ნახევარმცველები: ლევან ხმალაძე, ირაკლი ძარია, ელგუჯა გრიგალაშვილი (სამივე „დინამო“ თბილისი), ალექსანდრე კობახიძე („დნიპრო“, უკრაინა), შოთა გრიგალაშვილი („ანორთოსისი“, კვიპროსი), ავთანდილ ებრალიძე („ჟილ ვისენტე“, პორტუგალია)

თავდამსხმელები: ვლადიმერ დვალიშვილი („ლეგია“, პოლონეთი), ნიკოლოზ გელაშვილი („ყარაბაღი“, აზერბაიჯანი), ბაჩანა ცხადაძე („ინტერი“ ბაქო, აზერბაიჯანი), ირაკლი მოდებაძე („დილა“, გორი)

ნაკრების შემადგენლობაში რამდენიმე იძულებითი ცვლილება დისკვალიფიკაციის გამოც განხორციელდა. ყვითელი ბარათების გამო, ესპანეთთან მატჩს ჯაბა კანკავა, დავით თარგამაძე და გია გრიგალავა გამოტოვებენ.

ესპანეთისა და საქართველოს საფეხბურთო დაპირისპირება 15 ოქტომბერს, თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება. შეხვედრის რეპორტაჟს ქალაქ ალბასეტედან საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.

მატჩს გერმანელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარი მსაჯი – ფლორიან მეიერი.

სფფ-ის პრესსამსახური

დელ ბოსკემ საქართველოსა და ბელარუსისათვის შემადგენლობა დაასახელა

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვისენტე დელ ბოსკემ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩებისათვის შემადგენლობა დაასახელა.

ესპანელები ჯერ 12 ოქტომბერს, ბელარუსის, შემდეგ კი 15 ოქტომბერს, საქართველოს ნაკრებს დაუპირისპირდებიან. დელ ბოსკეს შეგირდები ორივე მატჩს ესპანეთში გამართავენ.

მეკარეები: იკერ კასილასი (“რეალი”), ვიქტორ ვალდესი (“ბარსელონა”), პეპე რეინა (“ნაპოლი”.

მცველები: ხუანფრან ტორესი (“ატლეტიკო”), ჟერარ პიკე (“ბარსელონა”), ალვარო არბელოა, სერხიო რამოსი (“რეალი”), რაულ ალბიოლი (“ნაპოლი”), იგნასიო მონრეალი (“არსენალი”), ალბერტო მორენო (“სევილია”).

ნახევარმცველები: კოკე, მარიო სუარესი (“ატლეტიკო”), სერხიო ბუსკეტსი, ჩავი ერნანდესი, ანდრეს ინიესტა, სესკ ფაბრეგასი (“ბარსელონა”), ხესუს ნავასი, დავიდ სილვა (“მანჩესტერ სიტი”), ისკო (“რეალი”).

თავდამსხმელები: დავიდ ვილა (“ატლეტიკო”), ხუან მატა (“ჩელსი”), ალვარო ნეგრედო (“მანჩესტერ სიტი”), პედრო როდრიგესი (“ბარსელონა”).