რამოსი “პსჟ”-თან კონტრაქტს უახლოეს დღეებში გააფორმებს

35 წლის ესპანელი მცველი სერხიო რამოსი “პარი სენ-ჟერმენთან” შრომით ხელშეკრულებას უახლოეს პერიოდში გააფორმებს.

“იესპიენის” ცნობით, მხარეებმა დეტალებზე შეთანხმებას მიაღწიეს და კონტრაქტს ხელს უახლოეს დღეებში მოაწერენ. გავრცელებული ინფორმაციით, ხელშეკრულება ერთწლიანი იქნება, გახანგრძლივების პერსპექტივით.

როგორც მოგეხსენებათ, 16 ივნისს მადრიდის “რეალმა” გამოაცხადა, რომ სერხიო რამოსი გუნდს დატოვებდა. ის “სამეფო კლუბის” ღირსებას 2005 წლიდან იცავდა და 2015 წლიდან გუნდის პირველი კაპიტანი იყო.

სერხიო რამოსმა “რეალის” შემადგენლობაში ესპანეთის ჩემპიონატი ხუთჯერ, ქვეყნის თასი ორჯერ, სუპერთასი ოთხჯერ, ჩემპიონთა ლიგა ოთხჯერ, უეფას სუპერთასი სამჯერ, საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატი კი ოთხჯერ მოიგო.

კასილასი “რეალიდან” რამოსის წასვლას გამოეხმაურა

მადრიდის “რეალის” ყოფილი მეკარე იკერ კასილასი “სამეფო კლუბიდან” სერხიო რამოსის წასვლას გამოეხმაურა.

“ჩემო მეგობარო, საკუთარ სახლს ტოვებ, მაგრამ სამუდამოდ დარჩები “რეალის” ლეგენდად! ჩემთვის პატივი იყო შენთან ერთად ბევრი დიდებული დროის გატარება. სამომავლოდ ყოველივე საუკეთესოს გისურვებ. დიდებული ფეხბურთელი და დიდებული პიროვნება ხარ!” – დაწერა საკუთარ მიკრობლოგზე კასილასმა.

შეგახსენებთ, რომ სერხიო რამოსი “რეალის” ღირსებას 2005 წლიდან იცავდა. ესპანელმა მცველმა მადრიდულ კლუბთან ერთად ხუთჯერ ესპანეთის პრიმერადივიზიონი, ორჯერ ქვეყნის თასი, ოთხჯერ სუპერთასი, ოთხჯერ ჩემპიონთა ლიგა, სამჯერ უეფას სუპერთასი და ოთხჯერ საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო.

შესაძლოა, სერხიო რამოსმა ევროპის ჩემპიონატი გამოტოვოს

შესაძლოა, მადრიდის “რეალისა” და ესპანეთის ნაკრების მცველმა სერხიო რამოსმა ევროპის ჩემპიონატი გამოტოვოს.

35 წლის ფეხბურთელს ევრო-2020-ზე თამაში სურს, თუმცა ოლიპიურ თამაშებზე მონაწილეობის მიღების სურვილიც აქვს და ამისთვის შესაძლოა, საფეხბურთო ტურნირი გამოტოვოს.

“მარკას” თანახმად, სერხიო რამოსი უახლოეს მომავალში ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელ ლუის ენრიკეს შეხვდება და აღნიშნულ თემაზე დაელაპარაკება.

ევროპის ჩემპიონატი 11 ივნისიდან 11 ივლისამდე გაიმართება, ხოლო ოლიმპიური თამაშები 23 ივლისს იწყება, უშუალოდ საფეხბურთო ტურნირი კი 27 ივლისს აიღებს სტარტს.

ევრო-2020-ის ჯგუფურ ეტაპზე ესპანელები შვედებს, პოლონელებსა და სლოვაკებს ეთამაშებიან, ოლიმპიური თამაშების საფეხბურთო ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე კი “ფურია როხა” ეგვიპტის, არგენტინისა და ავსტრალიის ნაკრებებს დაუპირისპირდება.

ეს ორივე სპორტული მოვლენა გასულ წელს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ კორონავირუსული პანდემიის გამო შარშან მათი გამართვა ვერ მოხერხდა.

სერხიო რამოსი “პსჟ”-ში არ გადავა

მადრიდის “რეალის” კაპიტნის, სერხიო რამოსის “პარი სენ-ჟერმენში” ტრანსფერი არ განხორციელდება.

ფრანგული მედიის ცნობით, პარიზელები და მადრიდელები შეთანხმდნენ, რომ ერთმანეთის ფეხბურთელების გადაბირებით არ დაკავდებიან. აღნიშნული კლუბები მხოლოდ კონკრეტულ ფეხბურთელებთან დაკავშირებულ ოფიციალურ შემოთავაზებებს განიხილავენ.

34 წლის სერხიო რამოსს მადრიდის “რეალთან” მოქმედი შრომითი ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება. მხარეები კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ჯერჯერობით ვერ თანხმდებიან.

სერხიო რამოსი ევროპელთაგან საუკეთესოა, რონალდუ ათეულშია

ესპანეთის ეროვნული გუნდის მცველმა სერხიო რამოსმა მორიგი სანაკრებო მატჩი ჩაატარა. ერთა ლიგის მეხუთე ტურში შვეიცარიის ნაკრების წინააღმდეგ გამართული შეხვედრა (1:1) ესპანელი ფეხბურთელისთვის საერთაშორისო დონეზე ჩატარებული 177-ე მატჩი გამოდგა. სერხიო რამოსმა ჯანლუიჯი ბუფონის (176 მატჩი) შედეგი გააუმჯობესა და სანაკრებო დონეზე ჩატარებული შეხვედრების რაოდენობით ყველა დროის საუკეთესო ევროპელი ფეხბურთელი გახდა. ტოპ-ათეულშია შესული პორტუგალიის ნაკრების ლიდერი კრიშტიანუ რონალდუც, რომელსაც საერთაშორისო დონეზე 169 შეხვედრაში უთამაშია.

აქვე გთავაზობთ სანაკრებო დონეზე ჩატარებული მატჩების რაოდენობით საუკეთესო მოთამაშეთა ათეულს:

ფეხბურთელი ქვეყანა წლები მატჩი
აჰმედ ჰასანი (ნახევარმცველი) ეგვიპტე 1995-2012 184
აჰმად მუბურაქი (ნახევარმცველი) ომანი 2003-3019 179
მოჰამედ ალ-დეაია (მეკარე) საუდის არაბეთი 1993-2006 178
ბადირ ალ-მუტავა (თავდამსხმელი) ქუვეითი 2003-2019 178
კლაუდიო სუარესი (მცველი) მექსიკა 1992-2006 177
სერხიო რამოსი (მცველი) ესპანეთი 2005-დღემდე 177
ჯანლუიჯი ბუფონი (მეკარე) იტალია 1997-2018 176
ჰუსამ ჰასანი (თავდამსხმელი) ეგვიპტე 1985-2006 176
ამირ შაფი (მეკარე) იორდანია 2002-დღემდე 174
კრიშტიანუ რონალდუ (თავდამსხმელი) პორტუგალია 2003-დღემდე 169

სერხიო რამოსი “ელ კლასიკოში” მეხუთედ გააძევეს

ესპანეთის პრიმერადივიზიონის 33-ე ტურში მადრიდის “რეალსა” და “ბარსელონას” შორის გამართული მატჩის (2:3) 77-ე წუთზე ლიონელ მესი მიერ წამოწყებული სწრაფი კონტრშეტევა სერხიო რამოსმა უხეში ვარდნით შეაჩერა, რისთვისაც პირდაპირ წითელი ბარათი მიიღო.

ესპანელი მცველი “ბარსელონას” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრებში მეხუთედ გააძევეს, რაც ანტირეკორდია. “ელ კლასიკოს” მონაწილე არცერთი ფეხბურთელი არ გაუძევებიათ მოედნიდან ამდენჯერ.

აღსანიშნავია ისიც, რომ სერხიო რამოსს კარიერის განმავლობაში წითელი ბარათი სულ 22-ჯერ აქვს მიღებული. “რეალის” ისტორიაში მოედნიდან ყველაზე ხშირად სწორედ ესპანელი ფეხბურთელი გაუძევებიათ.

უეფამ სერხიო რამოსს “ნაპოლისთან” გატანილი მეორე გოლი გაუუქმა

უეფამ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე “ნაპოლისა” და მადრიდის “რეალს” შორის გამართულ მატჩში ესპანური გუნდის მიერ გატანილი მეორე გოლი დრის მერტენსის ავტოგოლად ჩათვალა.

შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად ეს გოლი სერხიო რამოსს მიაკუთვნეს, თუმცა დღეს ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ მომენტი მერტენსის ავტოგოლად შეაფასა. მატჩი “რეალის” გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა.

სერხიო რამოსი: “ბედნიერი ვიქნები, თუ “ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშება”

მადრიდის “რეალის” მცველი სერხიო რამოსი იმედს გამოთქვამს, რომ “ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში “პარი სენ-ჟერმენთან” საოცრებას ვერ მოახდენს და ტურნირს გამოეთიშება. შეგახსენებთ, რომ წყვილის პირველი შეხვედრა პარიზელთა გამარჯვებით, ანგარიშით 4:0 დასრულდა.

სერხიო რამოსს თავი ქუდში აქვს. ესპანელმა მცველმა წუხელ “ნაპოლის” კარში ორი ბურთი გაიტანა, მისმა გუნდმა კი ნეაპოლიტანელები ორი მატჩის ჯამში ანგარიშით 6:2 დაამარცხა და ტურნირის მეოთხედფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა.

“უფრო ბედნიერი ვიქნები, თუ “ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშება. თუ “ბარსა” დამარცხდება, უკეთ დამეძინება”, – ციტირებს რამოსის სიტყვებს Goal.com-ი.

შეგახსენებთ, რომ “ბარსელონასა” და “პარი სენ-ჟერმენს” შორის მატჩი დღეს, თბილისის დროით 23 საათსა და 45 წუთზე დაიწყება. შეხვედრას დენიზ აითექინის ხელმძღვანელობით გერმანელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.

“რეალმა” ნეაპოლშიც იმარჯვა (ვიდეო)

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე “ნაპოლისა” და მადრიდის “რეალის” წყვილში გამარჯვებული “სამეფო კლუბი” გამოვიდა. ნეაპოლიტანური გუნდის ფეხბურთელებმა “სან პაოლოზე” გამართული საპასუხო მატჩი აქტიურად დაიწყეს, თამაშს მთელი პირველი ნახევრის განმავლობაში აკონტროლებდნენ და 24-ე წუთზე დრის მერტენსის მიერ გატანილი გოლით დაწინაურდნენ, მაგრამ მეორე ტაიმში “სამეფო კლუბისგან” სამი უპასუხო ბურთი მიიღეს: სერხიო რამოსმა წონასწორობა აღადგინა, შემდეგ მერტენსმა ავტოგოლი გაიტანა, მატჩის საბოლოო წერტილი კი ალვარო მორატამ დასვა — 1:3, ორი მატჩის ჯამში 2:6.

ჩემპიონთა ლიგა
მერვედფინალი (II მატჩი)
“ნაპოლი” — “რეალი” 1:3 (1:0)
გოლები: მერტენსი 25′ — სერხიო რამოსი 51′, მერტენსი 57′ (ა.გ.), მორატა 90+1′.

სერხიო რამოსი: “კატასავით ცხრა სიცოცხლე გვაქვს”

მადრიდის “რეალის” მცველმა სერხიო რამოსმა ესპანეთის პრიმერადივიზიონის 25-ე ტურში “სანტიაგო ბერნაბეუზე” “ლას პალმასთან” ბრძოლაში მიღწეული საყაიმო შედეგის (3:3) შემდეგ შექმნილი სიტუაციის შესახებ ისაუბრა.

“უნდა მოვუმატოთ. სიტუაცია კარგად არ მიდის და ჩვენც შეცდომის დაშვების სულ უფრო და უფრო ნაკლები უფლება გვაქვს. თითოეული ქულა უნდა დავაფასოთ.

თუ “რეალში” თამაშობ, სეზონის დაწყებისთანავე დიდი წნეხის ქვეშ ექცევი. მაშინაც კი, როდესაც სატურნირო ცხრილში “ბარსელონას” მნიშვნელოვნად ვუსწრებდით, არ ვფიქრობდით, რომ ტიტული უკვე მოგებული გვქონდა. მთელი ბრძოლა ჯერ კიდევ წინ არის და ყველაფერი ჩვენს ხელშია.

მსაჯობაზე საუბარი არ მინდა. ხანდახან ისინი ჩვენ სასარგებლოდ ცდებიან, ხანდახან კი პირიქით ხდება. ერთი მატჩით ნაკლები გვაქვს ჩატარებული. უბრძოლველად არაფერს დავთმობთ. კატასავით ცხრა სიცოცხლე გვაქვს”, – სერხიო რამოსის კომენტარი “რეალის” ოფიციალურ ვებგვერდე გამოქვეყნდა.

შეგახსენებთ, რომ პრიმერადივიზიონის სატურნირო ცხრილს “ბარსელონა” 57 ქულით ლიდერობს. კატალონიურ გუნდზე ერთი ქულითა და ერთი მატჩით ნაკლები აქვს მადევარ “რეალს”.

სერხიო რამოსი: “ვერ ვიტყოდი, რომ “ბარსელონას” მარცხმა არ გამახარა”

მადრიდის “რეალის” მცველმა სერხიო რამოსმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე პარიზში “ბარსელონას” განადგურების (0:4) შესახებ კომენტარი გააკეთა. ჟურნალისტის კითხვას, გაუხარდა თუ არა კატალონიური გუნდის მარცხი, ესპანელმა ფეხბურთელმა ასე უპასუხა:

“ვერ ვიტყოდი, რომ ბარსელონას” მარცხმა არ გამახარა. გაკვირვებული არ ვარ, ჩემპიონთა ლიგაზე მოდუნება არ შეიძლება. თუ ამ ტურნირზე სუსტად ითამაშებ, წაგებას ვერ გადაურჩები. “პარი სენ-ჟერმენმა” მშვენივრად ითამაშა, პრესინგი კარგად გამოიყენა”.

“ჩემი მეგობრების ტრანჯვის ხილვა არ მუსრს, მაგრამ “ბარსას” გამარჯვება უფრო არ მინდა”, – ციტირებს სერხიო რამოსის სიტყვებს ESPN.

სერხიო რამოსი: “ტოტი სამაგალითოა”

მადრიდის “რეალის” მცველმა სერხიო რამოსმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე “რომას” წინააღმდეგ გამართული განმეორებითი მატჩის შემდეგ მაისური იტალიური კლუბის ლეგენდარულ ფეხბურთელს ფრანჩესკო ტოტის გაუცვალა, რითაც ესპანელი ფრიად ნასიამოვნები დარჩა.

“ახალგაზრდობაში ტოტის თამაში ძალიან მომწონდა. მატჩის შემდეგ მას მაისურის გაცვლა ვთხოვე და გავცვალეთ კიდეც.

ტოტის მაისური ადგილს, რა თქმა უნდა, ჩემს პირად მუზეუმში დაიდებს. ტოტი სამაგალითო ფეხბურთელია. იგი 40 წლისაა და ჯერ კიდევ თამაშობს უმაღლეს დონეზე”, – ციტირებს რამოსის სიტყვებს Goal.com-ი.