„არსენალი“ დრაქსლერისთვის ბრძოლაში ფავორიტია

ყოფილი ნორვეგიელი თავდამსხმელის და ამჟამად გერმანიაში მოღვაწე ჟურნალისტის იან ფიორტოფტის ინფორმაციით, გელზენკირხენის „შალკე 04“-ის ახალგაზრდა ნახევარმცველის იულიან დრაქსლერის გადაბირების ყველაზე მეტი შანსი ლონდონის „არსენალს“ აქვს.

სავარაუდოდ, ბრაზილიაში ჩასატარებელი მუნდიალის შემდეგ დრაქსლერის სატრანსფერო ფასი კიდევ აიწევს, თუმცა „მეთოფეები“ მის შესაძენად ნებისმიერი თანხის გადახდისთვის არიან მზად.
აღსანიშნავია, რომ ფიორტოფტი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც რამდენიმე თვის წინ მესუთ იოზილის ლონდონურ კლუბში ტრანსფერის შესახებ წერდა.

ჰუნტელაარი წლის ბოლომდე ვერ ითამაშებს

მოგეხსენებათ, გელზენკირხენის „შალკეს“ თავდამსხმელმა კლას-იან ჰუნტელაარმა ორშაბათის ვარჯიშზე მუხლის ტრავმა მიიღო, რომლის გამოც თამაშს რამდენიმე თვის განმავლობაში ვერ შეძლებს.
მიუხედავად იმისა, რომ კლუბის სამწვრთვნელო შტაბს ჯერ არ გაურკვევია, დასჭირდება თუ არა ჰოლანდიელს ქირურგიული ჩარევა, „შალკეს“ დირექტორის ჰორსტ ჰელდტი თქმით, ჰუნტელაარი თამაშს სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ბოლომდე ვერ შეძლებს.
„გავრისკავ და ვიტყვი, რომ კლას-იანს მიმდინარე წელს მოედანზე ვეღარ ვიხილავთ“, – განუცხადა ჰელდტმა Sport 1-ს.
ალექსანდრე მატევოსოვი