17 წლამდე ლიგის ბომბარდირი კარიერას თბილისის “ლოკომოტივში” გააგრძელებს

თბილისის ლოკომოტივისა და საფეხბურთო კლუბ ზესტაფონს შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, 17 წლის ფორვარდი, შოთა შეყილაძე კარიერას ჩვენს კლუბში გააგრძელებს. საქართველოს 19 წლამდე ნაკრების წევრსა და ლოკომოტივს შორის 3 წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა.

შეყილაძე საფეხბურთო კლუბ ზესტაფონის აღზრდილია. 2017 წელს, მან საქართველოს 17 წლამდე ლიგაში 44 გოლი გაიტანა და ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

გასულ სეზონში, ზესტაფონმა, 17 წლამდე ლიგის გათამაშება მეორე ადგილზე დაასრულა.

უკვე რამდენიმე დღეა, შოთა ლოკომოტივში ვარჯიშობს. მან მონაწილეობა, 1 თებერვალს, შევარდენი 1906-ის წინააღმდეგ, ამხანაგურ მატჩშიც მიიღო.

მჭედლიძე “აველინოსთან” დამარცხდა

იტალიური “ემპოლი”, რომელიც ამ ტურამდე სერია B-ში პირველ ადგილს იკავებდა, დღეს “აველინოს” ესტუმრა და 0-1 დამარცხდა.

მასპინძლებმა ერთადერთი გოლი შეხვედრის 36-ე წუთზე, თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან გაიტანეს, არბიტრმა ამ ეპიზოდში მხოლოდ პენალტის დანიშვნა არ იკმარა და “ემპოლის” მცველი მოედნიდან გააძევა, რამაც მატჩის შედეგზე დიდი გავლენა იქონია.

“ემპოლის” ქართველი ფორვარდი ლევან მჭედლიძე მოედანზე 59-ე წუთზე, ტავანოს ნაცვლად შემოვიდა, რაც შეეხება ირაკლი შეყილაძეს, ის სათადარიგო გახლდათ.

შეგახსენებთ, რომ ამ სეზონში სერია ბ-ს 7 ტურიდან მჭედლიძემ 4-ში ითამაშა და ოთხივე შემთხვევაში მოედანზე შეცვლაზე შევიდა, გოლი ჯერჯერობით არ გაუტანია. რაც შეეხება შეყილაძეს, მას თავის გამოჩენის შანსი მხოლოდ ერთხელ, 8 სექტემბერს, “ტრაპანისთან” საშინაო მატჩში მიეცა, თუმცა ჯერჯერობით ისიც “მშრალად” ასპარეზობს.