კაგავა „ინტერში“?

Football Italia-ს ცნობით, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველმა სინძი კაგავამ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში შესაძლოა მილანის „ინტერში“ ამოჰყოს თავი.

იაპონელი ფეხბურთელი ინგლისურ კლუბში თავისი ამჟამინდელი მდგომარეობით უკმაყოფილოა. მიმდინარე სეზონში კაგავამ „წითელი ეშმაკების“ რიგებში მხოლოდ 16 მატჩი ჩაატარა.

როგორც მოგეხსენებათ, „ინტერის“ ღირსებას იაპონელი იუტო ნაგატომო იცავს, რომელმაც არ არის გამორიცხული, კაგავას შესაძლო ტრანსფერის განხორციელებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს.

 

შინჯი კაგავა იმდენად ბევრს ჭამს, რომ ფეხბურთს ვეღარ თამაშობს

შინჯი კაგავა „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „ნიუკასლ იუნაიტედს“ შორის გამართული მატჩის (0:1) განაცხადში არ შეიყვანეს. გაინტერესებთ მიზეზი? მან ზედმეტად ბევრი ჭამა, მუცელი გაებერა და ცუდად გახდა. დიახ, ასე ბრძანა „წითელი ეშმაკების“ თავკაცმა დევიდ მოიესმა.

„შინჯი „ევერტონთან“ (0:1) გამართული მატჩის შემდეგ ცუდად გახდა, პარასკევს ცოტა ივარჯიშა, თუმცა არ გავრისკეთ და ტრავმა რომ არ მიეღო, ის არ ვათამაშეთ.
შინჯი ფიქრობს, რომ ზედმეტად ბევრი ჭამა და სწორედ ამიტომაც გაებერა მუცელი. ვფიქრობ, ის უკვე კარგად არის“, – აღნიშნა მოიესმა.

გუშინდელი მატჩის მიმდინარეობისას, კაგავას ავტოგრაფი სთხოვეს. იაპონელმა ფეხბურთელმა გულშემატკივარს ხელმოწერილი ფურცელი ისე დაუბრუნა, რომ მისკენ თავიც არ მიატრიალა. საინტერესოა, ამაშიც გაბერილმა მუცელმა შეუშალა მას ხელი?!

ამრიგად, „მანჩესტერ იუნაიტედი“ 2002 წლის შემდეგ, მიჯრით პირველად დამარცხდა სახლში. გავრცელდა ინფორმაციაც, რომ რობინ ვან პერსიმ ტრანსფერზე დაყენება მოითხოვა. ახლა კი, შინჯკი კაგავა ზედმეტად ბევრს ჭამსო. საინტერესოა, რა ხდება მოიესის თავს.

ბექა დოგრაშვილი

მოიესი: „კაგავას ვირუსი აქვს“

დიდი ალბათობით, „მანჩესტერ იუნაიტედის“ იაპონელი ნახევარმცველი შინჯი კაგავა „ნიუკასლთან“ ინგლისის პრემიერლიგის უახლოესი ტურის მატჩს გამოტოვებს. ამის შესახებ „წითელი ეშმაკების“ თავკაცმა დევიდ მოიესმა განაცხადა.

„კაგავას გრიპის ვირუსი აქვს. ვნახოთ, მოასწრებს თუ არა იგი შაბათამდე გამოჯანმრთელებას, თუმცა, ოთხშაბათს, „ევერტონთან“ თამაშის შემდეგ, იგი შეუძლოდ იყო“, – აღნიშნა ფეხბურთის შოტლანდიელმა სპეციალისტმა.

ამასთან ერთად, მოიესმა აღნიშნა, რომ მისი კლუბი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს იაქტიურებს:

„კლუბი შემადგენლობის გაძლიერებაზე ყოველთვის ფიქრობს. გამონაკლისი არც უახლოესი სატრანსფერო ფანჯარა იქნება“.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ „ნიუკასლთან“ ზემოხსენებულ თამაშს უეინ რუნი გამოტოვებს, რომელსაც დისკვალიფიკაცია აქვს.

ალექსანდრე მატევოსოვი