ფერგიუსონი ფეხბურთში ახალი ტექნოლოგიების დანერგვის წინააღმდეგ გამოდის

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი თვლის, რომ ფეხბურთში გოლის ავტომატური დაფიქსირების სისტემის დანერგვამ გაამართლა, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ სხვა ნაკლებად თვალსაჩინო ეპიზოდების გასარკვევად ვიდეოგამეორების გამოყენება უმართებულო იქნება.

“ტექნოლოგიები თამაშს აუმჯობესებს, თუმცა მისი ხშირად გამოყენება არ შეიძლება, რადგან ეს მსაჯებისგან დიდ ძალისხმევას მოითხოვს, რაც ერთგვარ ქაოსს გამოიწვევს, თამაში შეწყდება-გაგრძელდება, შეწყდება-გაგრძელდება, შეწყდება-გაგრძელდება. გოლის ფიქსირების სისტემა მშვენიერი რამ გამოდგა. მოდით, აქ გავჩერდეთ. ჯარიმების, ყვითელი და წითელი ბარათების ეპიზოდებში გამეორებები არაა საჭირო”, – ფერგიუსონის სიტყვები “მირორმა” გამოაქვეყნა.

ფერგიუსონს ნეიმარში ეჭვი ეპარება

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი “ბარსელონას” თავდამსხმელის ნეიმარის შექებას ჯერ არ ჩქარობს.

“ნეიმარი თავისი პოტენციალის გამო მეტად რეკლამირებულია, თუმცა ვფიქრობ, რომ მას ჯერ კიდევ დასამტკიცებელი აქვს, რას წარმოადგენს. როდესაც “მანჩესტერ იუნაიტედში” ანდერსონი მოვიყვანე, მის შესაძლებლობებზეც ბევრს საუბრობდნენ.

ჩვენ ჯერ კიდევ ველოდებით იმას, თუ ვინ მოახერხებს რონალდუსა და მესის დონეზე ასვლას”, – ციტირებს ფერგიუსონის სიტყვებს A bola.

 

ფერგიუსონი: „მინდოდა, რონალდუ უფრო ძვირად გაგვეყიდა, მაგრამ…“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა სინანული გამოთქვა იმის შესახებ, რომ კლუბმა მადრიდის „რეალს“ კრიშტიანუ რონალდუ მხოლოდ 96 მილიონ ევროდ დაუთმო.

„ერთადერთი რამ, რაც მე მამწუხრებს, ისაა, რომ დევიდ გილის („მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი) დარწმუნება ვერ შევძელი.

მე მას ვუთხარი, რომ რონალდუ 150 მილიონ ფუნტად (180 მილიონი ევრო) გაგვეყიდა, თუმცა მან მიპასუხა, რომ 150 მილიონს არასდროს არ გადაგვიხდიდნენ.

არადა, ვიცოდი, რომ ფლორენტინო პერესი მზად იყო, ჩვენთვის ეს თანხა გადაეხადა“, – ფერგიუსონის სიტყვებს AS ციტირებს.

ბექა დოგრაშვილი

კალდერონი: „ფერგიუსონს სურდა, რომ რონალდუ „ბარსელონაში“ გადასულიყო“

მადრიდის „რეალის“ ყოფილმა პრეზიდენტმა რამონ კალდერონმა განაცხადა, რომ თავის დროზე კრიშტიანუ რონალდუს მიმართ ინტერესს „ბარსელონა“ იჩენდა, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილ თავკაც ალექს ფერგიუსონს კი სურდა, რომ პორტუგალიელი სწორედ კატალონიურ გუნდში გადასულიყო.

„ფერგიუსონს უნდოდა, რომ რონალდუ არა „რეალში“, არამედ „ბარსელონაში“ გადასულიყო. არც თავად კატალონიელები იყვნენ ამ ტრანსფერის განხორციელების წინააღმდეგნი, თუმცა უარი კრიშტიანუმ თქვა.

სწორედ ამიტომ გადმოვიდა რონალდუ ჩვენთან. ამით ყველა კმაყოფილი დარჩა: „მანჩესტერ იუნაიტედმა“ 80 მილიონი ფუნტი ჩაიჯიბა, ჩვენ მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო ფეხბურთელი დავიმატეთ, კრიშტიანუმ კი ის მიიღო, რაც სურდა. მისნაირ ფეხბურთელებს მხოლოდ ფული კი არა, დიდება აინტერესებთ. ასეთი მოთამაშეები იმ გუნდს ეძებენ, რომელიც ტიტულების მოგების შესაძლებლობას მისცემს“, – კალდერონის სიტყვებს Goal.com-ი ციტირებს.

ბექა დოგრაშვილი

სერ ალექსის არდადეგები

სანამ „მანჩესტერ იუნაიტედი“ დევიდ მოიესთან ერთად წაგებებს ეჩვევა, კლუბის ყოფილი თავკაცი სერ ალექს ფერგიუსონი ბარბადოსზე – ოჯახთან, მეგობრებთან და კარიბელ გოგონებთან ერთად კარგ დროს ატარებს.

გთავაზობთ ფერგიუსონის არდადეგების ამსახველ ფოტომასალას.

ბარტონმა ალექს ფერგიუსონს საქციელი დაუწუნა

ინგლისური ფეხბურთის ეპატაჟურმა ფიგურა ჯოი ბარტონმა ალექს ფერგიუსონს საქციელი დაუწუნა. „ქუინს პარკ რეინჯერსის“ მერსისაიდელმა ნახევარმცველმა შენიშნა რა, რომ სერ ალექსი „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოველ მატჩს ესწრება, მისთვის სოციალური ქსელის მეშვეობით რჩევების მიცემა გადაწყვიტა.

„რა აზრი ჰქონდა ფერგიუსონის გადადგომას? ის მაინც ყოველ მატჩს ესწრება. წადი, არდადეგები მოიწყე, გოლფი ითამაშე… ოჯახთან, ან მეგობრებთან ერთად მაინც გაატარე დრო“, – წერს ბარტონი.

შეგახსენებთ, რომ ფერგიუსონმა „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი გასული წლის გაზაფხულზე დატოვა, თუმცა კლუბის თითქმის ყველა მატჩს ტრიბუნიდან ადევნებს თვალყურს.

ბექა დოგრაშვილი

პოგბა ბავშვობაში „არსენალში“ ან „ბარსელონაში“ თამაშზე ოცნებობდა

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა პოლ პოგბამ აღიარა, რომ ბავშვობაში იგი ლონდონის „არსენალში“ ან კატალონიის „ბარსელონაში“ თამაშზე ოცნებობდა.

„იუვენტუსში“ თავს კომფორტულად ვგრძნობ, თუმცა არ დავმალავ, რომ ბავშვობაში „არსენალში“ ან „ბარსელონაში“ თამაში მინდოდა.

ზინედინ ზიდანის, დავიდ ტრეზეგესა და პეველ ნედვედის ტრიო ჩემთვის „იუვენტუსის“ სახეს წარმოადგენა. ეს ერთადერთი გუნდი იყო, რომელსაც მაღალი კლასი და დისციპლინა გააჩნდა“, – აღნიშნა ახალგაზრდა ნახევარმცველმა.

„მსურს, სერ ალექს ფერგუსონს მადლობა გადავუხადო. მიუხედავად იმისა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ მაისურით თამაში თითქმის არ მიწევდა, მას ჩემი სჯეროდა. ფერგუსონი იტალიაში გადასვლას არ მირჩევდა, იგი რასიზმის შესახებ მაფრთხილებდა და მას ეგონა, რომ იტალიაში თავს ცუდად ვიგრძნობდი.

რაც შეეხება რასიზმს, მისგან არცერთ ქვეყანა არაა დაცული. რასიზმი ინგლისშიც არსებობს. ამისთვის, საკმარისია ჯონ ტერისა და ლუის სუარესის ეპიზოდის გახსენება“, – განაცხადა პოგბამ.

ალექსანდრე მატევოსოვი

წლის საუკეთესო მწვრთნელის წოდებისთვის მებრძოლი სამი კანდიდატი

ფიფამ 2013 წლის საუკეთესო მწვრთნელის სტატუსის სამი კანდიდატი დაასახელა. ჯილდოს მოსაპოვებლად ერთმანეთს შეეცილებიან „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი თავკაცი ალექს ფერგიუსონი, მიუნხენის „ბაიერნის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი იუპ ჰაინკესი და დორტმუნდის „ბორუსიას“ ამჟამინდელი დამრიგებელი იურგენ კლოპი.

ეს ჯილდო 2010 წლიდან მოქმედებს და მისი მფლობელები არიან: ჟოზე მოურინიო (2010), ხოსეპ გვარდიოლა (2011) და ვისენტე დელ ბოსკე (2012).

გამარჯვებული ეროვნული ნაკრებების მთავარი მწვრთნელების, კაპიტნებისა და ჟურნალისტების გამოკითხვის მეშვეობით შეირჩევა.

დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი 2014 წლის 13 იანვარს, ციურიხში გაიმართება.

ბექა დოგრაშვილი

ფერგიუსონი: „გეტყვით, როდის დაკარგა ბექჰემმა ფეხბურთზე აქცენტი“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ექს-თავკაცმა ალექს ფერგიუსონმა განაცხადა, რომ კლუბის ყოფილი ნახევარმცველი დევიდ ბექჰემი მაშინ შეიცვალა, როდესაც მან ვიქტორია ადამსი ცოლად შეირთო. ფეხბურთის შოტლანდიელი სპეციალისტის თქმით, გამორჩეული სპორტსმენიდან დევიდი ჩვეულებრივ სახედ იქცა.

„როდესაც ბექჰემს პირველად შევხვდი, ის 12 წლის იყო. მაშინ მას ფეხბურთის თამაშის დაუოკებელი სურვილი ჰქონდა, უნდოდა, რომ მაღალ დონეზე ეთამაშა. ის გამორჩეული მოთამაშე იყო, რომელიც მუდმივად ვარჯიშობდა და უკეთესობისკენ მიიწევდა. მისი ცხოვრება მაშინ შეიცვალა, როდესაც „The Spice Girls“-ის ერთ-ერთ გოგოს შეხვდა. მან თავისი პრიორიტეტები შეცვალა. სპორტსმენი დევიდისგან ცნობილი სახე მივიღეთ. მან ფეხბურთზე აქცენტი დაკარგა. შემდეგ ჩვენ ის მადრიდის „რეალში“ გავყიდეთ, სადაც ასევე კარგად თამაშობდა, თუმცა ვერაფრით ამიხსნია, რატომ წავიდა „ლოს-ანჯელეს გალაქსიში“. მე იქ არასდროს წავიდოდი. მწვრთნელის რანგში ყველაფერი გავაკეთე, რომ ბექჰემს ისეთ კლუბებში ეთამაშა, როგორებიცაა „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „რეალი“. ამის შემდეგ დევიდმა კვლავ შეცვალა თავისი ცხოვრება. მოხვდა ინგლისის ნაკრებში და ევროთასებზე „მილანის“ ღირსებას იცავდა. ის ყველა მხრივ გასაოცარი ფეხბურთელია. ეჭვგარეშეა, რომ ბექჰემი ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის ნამდვილი ხატია“, – ფერგიუსონის სიტყვები ბრიტანულმა „თაიმსმა“ გამოაქვეყნა.