დღეს ჩემპიონთა ლიგის ახალი, 2017-2018 წლების სეზონი იწყება სადაც ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი, ფრანგული “პსჟ” იქნება. პარიზელები წინა სეზონში კატალონიის “ბარსელონასთან” სენსაციურად დამარცხდნენ (1-6) და გათამაშებას მოულოდნელად გამოეთიშნენ.
“პსჟ”-ს კაპიტანმა, ტიაგო სილვამ გლაზგოში “სეტლიკთან გასამართი შეხვედრის წინასამატჩო პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მან განცხადა, რომ კლუბმა ძველი ჭრილობები დაივიწყა და ახლა ახალი ძალებით შეეცდება წარმატების მიღწევას.
“ჩვენ “ბარსელონასთან” დაკავშირებული მოგონებები დავივიწყეთ. ვიცით, რომ ეს ტურნირი განსაკუთრებულია. ახლა ძალიან მოტივირებულები ვართ. გვინდა, “სელტიკის” წინააღმდეგ ბოლომდე დავიხარჯოთ და დამაჯერებელ გამარჯვებას მივაღწიოთ. ამისთვის, მთელი თამაშის კონტროლს ვაპირებთ. დიახ, ჩვენ გვინდა სამი ქულა, თუმცა მეტოქეს დიდ პატივს ვცემთ. “სელტიკი” ჩემპიონთა ლიგაზე წარსულშიც გამოდიოდა.”
“ნეიმარმა და დანიმ (ალვეში, ავტ.) დიდი პოზიტივი და გამოცდილება შემოიტანეს. მათ უკვე მოგებული აქვთ ჩემპიონთა ლიგა ისევე, როგორც დი მარიას. ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს, თუნდაც იულიან დრაქსლერი და კევინ ტრაპი, რომლებმაც დიდი ტიტულები მოიპოვეს. ჩვენ ძალიან მოტივირებულები ვართ, შესანიშნავად მოვემზადეთ და აქ, რაც შესაძლებელი იქნება, ყველაფერს გავაკეთებთ,” – აცხადებს სილვა.