სუარესი: “მესი მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია!”

კატალონიის “ბარსელონას” თავდამსხმელმა თანაგუნდელ ლიონელ მესიზე ისაუბრა. ურუგვაელის აზრით, სწორედ ლეოა ყველა დროის საუკეთესო მოთამაშე.

“მესი ფეხბურთის ისტორიაში ნომერ პირველია.”

“ის ასევე დიდი ადამიანია. ლეოს შესაშური პიროვნული თვისებები აქვს. როდესაც “ბარსელონაში” მოვედი, იგი ძალიან კარგად შემხვდა და ადაპტაციაშიც დამეხმარა.”

სუარესმა გასულ წლებში “რეალის” მისადმი ინტერესზეც ისაუბრა.

“დიახ, “ბლანკოსს” ჩემი შეძენა სურდა. თუმცა, როცა “ბარსას” წინადადების შესახებ გავიგე, აღარ მიყოყმანია. აქ თავს საოცრად ვგრძნობ და მინდა, კიდევ მეტი ტიტული მოვიგო,” – განაცხადა ლუისმა.

შეგახსენებთ, რომ მესი და სუარესი “ლა ლიგის” ბომბარდირთა სიის სათავეში იმყოფებიან, შესაბამისად, 21 და 20 გატანილი გოლებით.

გვარდიოლა: “ლუის ენრიკეს გადაწყვეტილებამ ძალიან დამამწუხრა”

გუშინ “ლა ლიგის” 25-ე ტურში “ბარსელონამ” “კამპ ნოუზე” “სპორტინგი” გაანადგურა (6:1). დაპირისპირების შემდეგ ლუის ენრიკემ განაცხადა, რომ მომავალ სეზონში იგი კატალონეილტა მთავარი მწვრთნელი აღარ იქნება.

ამ ფაქტს გამოეხმაურა “ბლაგურნას” ყოფილი და “მანჩესტერ სიტის” ამჟამინდელი დამრიგებელი, პეპ გვარდიოლა.

“როგორც გულშემატკივარი, ძალიან დამწუხრებული ვარ, რადგან ჩვენ “ბარსელონასთვის” იდეალური მწვრთნელი დავკარგეთ. ამ ყველაფერს მისი ხასიათიდან და თვისებებიდან გამომდინარე ვამბობ.”

“სამი სეზონის მანძილზე ლუის ენრიკეს დამოძღვრილი “ბარსელონა” ფანტასტიკურ ფეხბურთს თამაშობდა. მადლობა მას იმისთვის, რაც ჩემი გუნდისთვის გააკეთა.”

“როგორც მწვრთნელი, მესმის მისი გდაწყვეტილება და ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ,” – განაცხადა გვარდიოლამ.

ზიდანი: “ბეილმა წითელი ბარათის გამო მოიბოდიშა”

გუშინ “ლა ლიგის” 25-ე ტურის მატჩები გაიმართა. მადრიდის “რეალმა” “სანტიაგო ბერნაბეუზე” “ლას პალმასი” მიიღო და ფრე 3:3 ითამაშა.

საგულისხმოა, რომ შეხვედრის 47-ე წუთზე მადრიდელთა შემტევმა, გარეთ ბეილმა არასპორტული საქციელის გამო წითელი ბარათი მიიღო. სწორედ ამის მერე გაუტანეს “ბლანკოსს” მეორე და მესამე გოლები.

დაპირისპირების შემდეგ მადრიდელთა მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა აღნიშნულ ფაქტზე ისაუბრა.

“ბეილმა მისი საქციელის გამო მოიბოდიშა. იგი მომხდარით შეწუხებულია.”

“ეს ფეხბურთია და მსგავს შემთხვევებს ყველგან აქვს ადგილი. ეს ფაქტი მოხდა და მას ვეღარ შევცვლით.”

“შეხვედრების შემდეგ ხშირად ბედნიერი ვარ ხოლმე, თუმცა ახლა ასეთი სიტუაცია ნამდვილად არაა. რას ვიზამთ, სეზონი დიდი და მომქანცველია, შესაბამისად ვეცდებით, შეცდომები მომდევნო თამაშებში გამოვასწოროთ,” – განაცხადა ზიდანმა.

 

ხორხე სამპაოლი: “სევილიაში” ჩემი დარჩენა გუნდის მიზნებზეა დამოკიდებული”

ხორხე სამპაოლიმ ანდალუზიის “სევილია” გასულ ზაფხულში ჩაიბარა. უნდა ითქვას, რომ 56 წლის არგენტინელი სპეციალისტი ესპანურ გუნდს შესანიშნავად ხელმძღვანელობს. “სევილია” ამჟამად “ლა ლიგაში” მესამე ადგილზეა და მეორეადგილოსან “ბარსელონას” მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება.

სამპაოლიმ მის მომავალზე ისაუბრა და თქვა, რომ მისი გუნდში დარჩენა ანდალუზიელთა სამომავლო მიზნებზეა დამოკიდებული.

“ჩემი კონტრაქტის გახანგრძლივება კლუბის მიზნებსა და სტრუქტურაზეა დამოკიდებული.”

“სევილიამ” ბოლო პერიოდში უამრავი ადამიანის სიმპათია მოიპოვა. საჭიროა, რომ გუნდმა ეს დონე შეინარჩუნოს და ნაშრომი წყალში არ ჩაიყაროს.”

“ვნახავთ, რა სურს გუნდის ხელმძღვანელობას; სამწვრთნელო შტაბთან ერთად რის მიღწევას შეეცდებიან.”

“აუცილებელია, რომ ყველამ დეტალურად ვიცოდეთ, რას გეგმავენ კლუბის მესვეურები. შემდეგ, თუ ჩავთვლით, რომ კონკრეტული რამის მიღწევა შეგვიძლია, სიამოვნებით დავრჩებით კლუბში.”

“ჯერჯერობით, ჩემს კონტრაქტთან დაკავშირებით ოფიციალური შეხვედრა არ გვქონია. კლუბთან ხელშეკრულება მაკავშირებს და ჯერ ამ დროის მანძილზე შევეცდები, წარმატებას მივაღწიო,” – განაცხადა სამპაოლიმ.

“ბარსელონას” “ატლეტიკოსთან” შეხვედრაში მცველი და ნახევარმცველი არ ეყოლება

“ლა ლიგის” 23-ე ტურში “ბარსელონამ” “ლეგანესი” მიიღო და დაძაბულ ბრძოლაში მოახერხა სამი ქულის მოპოვება.

შეხვედრაში კატალონიელთა მხრიდან დაზიანება მიიღო სამმა ფეხბურთელმა: სერხიო ბუსკეტსმა, ხავიერ მასკერანომ და არდა თურანმა.

გაირკვა, რომ არგენტინელი და თურქი ტრავმის მოშუშებას ვერ ახერხებენ. აქედან გამომდინარე, არდასა და მასკერანოს მინიმუმ “ლა ლიგის” 24-ე ტურის მატჩში უქმობა მოუწევთ. ამ დაპირისპირებას “ბლაგურნა” დედალაქ მადრიდში ადგილობრივი “ატლეტიკოს” წინააღმდეგ გამართავს.

სამაგიეროდ, გამომჯობინება მოასწორ სერხიო ბუსკეტსმა, რომელმაც გუნდთან ერთად ივარჯიშა. მას ძირითად შემადგენლობაში უნდა ველოდოთ.

იოვეტიჩი: “სევილია” “ლესტერზე” ძლიერია!”

გუშინ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ შეხვედრაში ანდალუსიის “სევილიამ” “ლესტერ სიტის” უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით, 2:1 დაამარცხა. აღნიშნულ შეხვედრაში საგოლე გადაცემა გააკეთა მონტენეგროელმა თავდამსხმელმა, სტევან იოვეტიჩმა. მან 62-ე წუთზე ხოაკინ კორეას გაატანინა.

27 წლის შემტევმა მატჩის შემდეგ beIN Sports-თან ისაუბრა.

“ძალიან დაძაბული მატჩი გამოვიდა. რთული მეტოქე გვყავდა. “ლესტერი”, მიუხედავად პრემიერ ლიგაში ჩავარდნისა, ჩემპიონთა ლიგაზე შესანიშნავად ასპარეზობს.”

“დღეს უკეთესები ჩვენ ვიყავით. უფრო მეტი შანსი შევქმენით და ყველა ასპექტში უპირატესობა სწორედ “სევილიას” ჰქონდა.”

“ვარდიმ ინგლისელებისთვის მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა. თუმცა, 2-0-ც რომ მოგვეგო, მაინც არაფერი იქნებოდა გადაწყვეტილი. ასე რომ, ახლა ორმაგად უფრო დიდი ყურადღებითა და მონდომებით მოგვიწევს ბრიტანეთში თამაში,” – განაცხადა მონტენეგროელმა.

ზინედინ ზიდანი: “მოედანზე შესვლის წინ ბეილს ვუთხარი, რომ…”

18 თებერვალს მადრიდის “რეალმა” პრიმერა დივიზიონის 23-ე ტურის შეხვედრაში საკუთარ მოედანზე “ესპანიოლი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით, 2-0 დაამარცხა. მატჩის 71-ე წუთზე ალვარო მორატას ნაცვლად მოედნაზე გარეთ ბეილი შევიდა. უელსელს, ტრავმის გამო, ნოემბრის შემდეგ არ ჰქონდა ნათამაშები. 83-ე წუთზე მან მეორე გოლის გატანა შეძლო.

გარეთის დაბრუნებაზე მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა ისაუბრა.

“მოედანზე შესვლის წინ ბეილს ვუთხარი, რომ მინდორზე გასულიყო და საკუთარი სიამოვნებისთვის ეთამაშა.”

“გარეთი გარეთია. ის არ ჰგავს სხვებს. უელსელი განსაკუთრებულია.”

“როგორც ფეხბურთელები, ასევე მეც ძალიან ბედნიერები ვართ მისი დაბრუნებით. ბეილს ძალიან დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია მომდევნო შეხვედრებში,” – განაცხადა “ზიზუმ”.

კრიშტიანუ რონალდუ “ნაპოლისთან” შეხვედრისთვის სრული დატვირთვით ჯერ ვერ ვარჯიშობს

მადრიდის “რეალი”, “ოსასუნას” დამარცხების შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის ოთხშაბათს გასამართი მატჩისთვის (ნეაპოლის “ნაპოლის” წინააღმდეგ) სამზადისს შეუდგა.

საგულისხმოა, რომ ზიდანის განკარგულებაში დღეს არ იმყოფებოდა გუნდის ლიდერი, კრიშტიანუ რონალდუ. პრიმერა დივიზიონის გასულ მატჩში მან მარჯვენა ფეხზე დაზიანება მიიღო. როგორც გაირკვა, ეს მიკროტრავმა არც ისე სახუმაროა. აქედან გამომდინარე, თავის დაზღვევის მიზნით, რონალდუმ, თანამემამულე ფაბიო კოენტრაოსთან ერთად, სატრენაჟორო დარბაზში ივარჯიშა.

როგორც ირკვევა, შესაძლოა, კრიშტიანუმ ხვალაც იმავე რეჟიმში ივარჯიშოს. თუმცა, ეს სულაც არ გამორიცხავს მის “ნაპოლისთან” თამაშსს. ყველაფერს ოთხშაბათს აეხდება ფარდა.

აქვე გეტყვით, რომ პორტუგალიელმა მიმდინარე სეზონში “რეალის” მასიურით 26 მატჩი ჩაატარა და 21 გოლი გაიტანა. თუმცა, მან ჩემპიონთა ლიგაზე, მხოლოდ და მხოლოდ, ორჯერ გამოიჩინა თავი. იგი გასულ სეზონში 16 გატანილი გოლით (12 შეხვედრაში) ტურნირის ბომბარდირი გახდა.

კეილორ ნავასი: “ყურადღებას არ ვაქცევ დე ხეას ტრანსფერზე გავრცელებულ ხმებს”

“მანჩესტერ იუნაიტედის” მეკარეს, დავიდ დე ხეას მადრიდის “რეალს” ისევ უკავშირებენ. ესპანელი 2015 წლის ზაფხულზე ძალიან ახლოს იყო “გათეთრებასთან”, თუმცა ტრანსფერის განხორციელება საბუთების სწრაფად ვერგადაგზავნის გამო ვერ მოხდა და დავიდი “წითელ ეშმაკად” დარჩა.

წელიწად-ნახევრის შემდეგ ისევ დაიწყეს იმაზე წერა და საუბარი, რომ 26 წლის კიპერი “რეალში” მომავალ ზაფხულში გადავა. ამ საკითხზე ჰკითხეს “რეალის” ამჟამინდელ მეკარე, კეილორ ნავასს. კოსტა-რიკელმა სპორტსმენმა განაცხადა, რომ არ აინტერესებს ეს თემა და მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავის განვითარებასა და გუნდის დახმარებაზე კონცენტრირებული.

“ახლა ამაზე საუბრის დრო არაა. არ მაინტერესებს, თუ რა საუბრობენ ჩემს წასვლასთან და ჩემი შემცველის გუნდში გადმოსვლასთან დაკავშირებით. ამაზე ფიქრი მე არაფერს შემმატებს.”

“მხოლოდ და მხოლოდ იმას ვცდილობ, რომ ყოველდღე ბევრი ვიშრომო, საუკეთესო ფორმაში ვიყო და მსგავსი ჭორები დავაიგნორო.”

“მადრიდში საუკეთესო ფეხბურთელები თამაშობენ. მეც სულ იმის ცდაში ვარ, რომ მუდამ პროგრესი განვიცადო და ღირსეულად ვიდგე ამ სპორტსმენებს შორის,” – აცხადებს 30 წლის მეკარე.

როდის ჩატარდება “ვალენსიასა” და “რეალს” შორის გასამართი გადადებული შეხვედრა?

პრიმერა დივიზიონის შეხვედრა, რომელშიც “ვალენსია” და “რეალი” ერთმანეთს “მესტალიაზე” დეკემბერში უნდა დაპირისპირებოდნენ, გადაიდო. ამის მიზეზი ის იყო, რომ “ბლანკოსი” იაპონიაში მსოფლიოს სალუბო ჩემპიონატზე ასპარეზობდა.

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, ვალენსიურ-მადრიდული ჯახი 22 თებერვალს, თბილისის დროით 21:45 საათზე შედგება. გამოდის, რომ ეს მატჩი ჩვეულ დროზე ადრე გაიმართება. ამის მიზეზი ჩემპიონთა ლიგის ის მერვედფინალური შეხვედრებია, რომელიც იმავე დღეს, ცოტა გვიან უნდა ჩატარდეს.

აქვე გეტყვით, რომ გასულ კვირას “სელტასა” და “რეალს” შორის თამაში ვიგოში არსებული უამინდობის გამო გადაიდო. ჯერჯერობით, უცნობია, როდის შედგება ეს დაპირისპირება.

პელე: “ნეიმარი რონალდუზე ტექნიკურია”

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ერთმანეთს “ბარსელონასა” და “რეალის” შემტევები, ნეიმარი და კრიშტიანუ რონალდუ შეადარა და განაცხადა, რომ მისი თანამემამულე უფრო ტექნიკურ მოთამაშედ მიაჩნია.

“ერთადერთი პრობლემა, რაც ნეიმარს აქვს, ეს თავით თამაშია. ის ამ ასპექტში მოიკოჭელბს. რონალდუ მასზე უკეთესი ნამდვილად არაა.”

“ტექნიკურად, ბურთთან მოპყრობის კუთხით, ბრაზილიელი უფრო კარგია. თუმცა, კრიშტიანუ თავით თამაშში შეუდარებელია. ვერ ნახავ, როგორ იტანს ნეიმარი თავით გოლს. რონალდუს მოგებული საჰაერო ორთაბრძოლები კი საოცარია,” – აცხადებს პელე.

ლუის ენრიკე: “ლა ლიგაში მსაჯების სერიოზული პრობლემაა”

29 იანვარს პრიმერა დივიზიონის მე-20 ტურის შეხვედრაში კატალონიის “ბარსელონა” სტუმრად “რეალ ბეტისს” დაუპირისპირდა და ქულები დაკარგა (1-1).

“ბლაგურნას” ერთ-ერთ მომენტში აშკარა გოლი არ ჩაუთვალეს.

მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ამ საკითხზე ლუის ენრიკემ ისაუბრა.

“აღარაფრის თქმა არ მსურს. ტექნოლიგია არსებობს. გაამეორეთ და თავად ნახავთ ფაქტს: აშკარა გოლი იყო.”

“უეჭველია, რომ ლა ლიგაში მსაჯობის დიდი პრობლემაა. დღეს მათმა არაადეკვატურმა გადაწყვეტილებამ ძვირფასი ქულები დაგვაკარგინა,” – განაცხადა ესპანელმა.