ელ შაარავი: “ინტერთან” ფრე კარგი შედეგია”

იტალიის სერია A-ს 30-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა, რომელიც “რომასა” და მილანის “ინტერს” შორის გაიმართა, ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. მატჩის შესახებ კომენტარი რომაელთა ნახევარმცველმა სტეფან ელ შაარავიმ გააკეთა.

“მას შემდეგ, რაც ანგარიში გავათანაბრეთ, გამარჯვების სურვილიც გაგვიჩნდა და მომენტებიც გვქონდა. “ინტერი ქანცგამოცლილი იყო. მატჩის მიმდინარეობიდან გამომდინარე, ფრე ჩვენთვის კარგი შედეგია. სტაბილურობა და შეტევის დამამთავრებელ ეტაპზე სიზუსტე გვაკლდა. სამწუხაროა, რომ გამარჯვებათა სერია რვა მატჩზე შეწყდა.

ჩვენი მიზანი მესამე ადგილია. თუ “ნაპოლის” მივუახლოვდებით, ამას რა აჯობებს?! თუ გავიხსენებთ იმას, თუ სად ვიყავით რვა ტურის უკან, ამითაც კმაყოფილები უნდა ვიყოთ”, – ელ შაარავის კომენტარი Football Italia-მ გამოაქვეყნა.

 

ელ შაარავი: “რომაში” იმისთვის გადავედი, რომ ყველას დავუმტკიცო, რა შემიძლია”

“რომას” ახალწვეულმა სტეფან ელ შაარავიმ აღნიშნა, რომ კლუბის ხელმძღვანელობის მხრიდან მის მიმართ გამოხატული ნდობა მეტად მნიშვნელოვანია. შეგახსენებთ, რომ “მგლებმა” 23 წლის ფეხბურთელი იჯარის წესით აიყვანეს, თუმც სეზონის ბოლოს მისი სრულად გამოსყიდვის უფლება მიენიჭებათ.

“რომაში” გადავედი იმისთვის, რომ ყველას დავუმტკიცო, რა შემიძლია. უნდა დავუმტკიცო საკუთარ თავს, მწვრთნელსა და მთელ იტალიურ ფეხბურთს. იმედი მაქვს, კლუბის მხრიდან გამოხატულ ამ ნდობას გავამართლებ. 100 პროცენტით დავიხარჯები”, – ელ შაარავის კომენტარი “რომას” ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

“რომამ” სტეფან ელ შაარავის არენდაში “მილანს” 1,4 მილიონი ევრო გადაუხადა, ხოლო მისი სრულად გამოსყიდვისთვის კიდევ 13 მილიონი ევროს გაღება მოუწევს. ფეხბურთელი დედაქალაქური კლუბის რიგებში 22-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

 

ოფიციალურად: ელ შაარავი „მონაკოში“ გადადის

„მილანის“ თავდამსხმელი სტეფან ელ შაარავი კარიერას „მონაკოში“ გააგრძელებს.

22 წლის ფეხბურთელმა საფრანგეთის ლიგა 1-ს მონაწილესთან კონტრაქტი უკვე გააფორმა, რაც კლუბის ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა.

„ელ შაარავის რამდენიმე სეზონის განმავლბოაში მაღალ დონეზე თამაშის გამოცდილება დაუგროვდა. თანაც, მას დიდი მომავალი აქვს. ვთვლით, რომ „მონაკოში“ ტრანსფერი სტეფანს ნიჭის სრულიად გამომჟღავნებაში დაეხმარება“, – განაცხადა „მონაკოს“ ვიცე-პრეზიდენტმა ვადიმ ვასილიევმა.

განვლილ სეზონში ფარაონმა „მილანის“ შემადგენლობაში 19 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 3 გოლი გაიტანა. იტალიის ნაკრების მაისურით სტეფანმა ჯამში 13 შეხვედრაში ითამაშა.

ელ შაარავი ათ კვირას გამოტოვებს

„მილანისა“ და იტალიის ნაკრების თავდამსხმელმა სტეფან ელ შაარავიმ დღეს მარჯვენა ფეხის ოპერაცია გაიკეთა. უცხოური პრესის ცნობით, ფეხბურთელის აღდგენით პროცესს ათი კვირა დასჭირდება.

ამრიგად, 21 წლის ფეხბურთელი მოედანზე გასვლას 2014 წლის მარტის შუა რიცხვებამდე ვერ შეძლებს. შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა თავდამსხმელმა რამდენიმე თვე ძვლის მოტეხილობის გამო უკვე გამოტოვა.

მიმდინარე სეზონში ელ შაარავიმ იტალიის სერია A-ს მხოლოდ სამ მატჩში მიიღო მონაწილეობა.

ბექა დოგრაშვილი

ელ შაარავი 15-20 დღეში დაბრუნდება

Tmw-ს ცნობით, „მილანის“ თავდამსხმელი სტეფან ელ შაარავი, რომელმაც იტალიის სერია А-ს მიმდინარე გათამაშებაში მხოლოდ ორი მატჩი ჩაატარა, მოედანს 15-20 დღეში დაუბრუნდება.

დღეს ჩატარებულმა სამედიცინო შემოწმებამ აჩვენა, რომ იტალიის ნაკრების 20 წლის ფეხბურთელის აღდგენითი პროცესი გართულებების გარეშე მიმდინარეობს.

დამაიმედებელი პროგნოზის მიუხედავად, უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში, „ბარსელონას“ წინააღმდეგ 6 ნოემბერს გასამართ მატჩში ელ-შაარავის თამაში ნაკლებად მოსალოდნელია.

ბექა დოგრაშვილი

უნებლიე შეცდომის შედეგი – ნიანგი ჩემპიონთა ლიგას გამოტოვებს

„მილანის“ დირექტორის, უმბერტო განდინის ერთი შეხედვით უნებლიე შეცდომა კლუბის თავდამსხმელ მბაიე ნიანგისთვის საბედისწერო გამოდგა. ფრანგი ფეხბურთელი უეფას ჩემპიონთა ლიგის 2013/14 წლების სეზონს გამოტოვებს. საქმე იმაში გახლავთ, რომ იტალიურმა კლუბმა საჩემპიონთალიგო განაცხადის „A“ სიაში სტეფან ელ შაარავი შეიყვანა. არადა, 20 წლის იტალიელი ფეხბურთელი „B“ სიაში უნდა აღმოჩენილიყო. აღნიშნულ სიაში ის მოთამაშეები შეჰყავთ, რომლებიც 1992 წლის პირველი იანვრის შემდეგ დაიბადნენ და კლუბში არანაკლებ ორი სეზონის განმავლობაში თამაშობენ. ელ შაარავის „A“ სიაში შეყვანით განაცხადი შეივსო და შემადგენლობაში ნიანგის ადგილი აღარ დარჩა. მილანელთა სამწუხაროდ,  აღნიშნული შეცდომის გამოსწორება უკვე შეუძლებელია. განდინიმ კლუბისა და გულშემატკივრების წინაშე კი მოიბოდიშა, მაგრამ ბოდიში რომ საქმეს ვეღარ უშველის, ფაქტია.

ამრიგად, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე „მილანის“ განაცხადი ასეთია:

მეკარეები: აბიატი, ამელია, კოპოლა;
მცველები: აბატე, ბონერა, კონსტანტი, დე შილიო, მექსესი, სილვესტრე, ძაკარდო, საპატა;
ნახევარმცველები: ბირსა, კრისტანტე, დე იონგი, ემანუელსონი, კაკა, მონტოლივო, მუნტარი, ნოჩერინო, პოლი;
თავდამსხმელები: ბალოტელი, რობინიო, ელ შაარავი, მატრი, პაცინი.

შეგახსენებთ, რომ „მილანი“ H ჯგუფში მოხვდა. კლუბის კალენდარი ასეთია:

ოთხშაბათი, 18 სექტემბერი: „მილანი“-„სელტიკი“

სამშაბათი, 1 ოქტომბერი: „აიაქსი“-„მილანი“

სამშაბათი, 22 ოქტომბერი: „მილანი“-„ბარსელონა“

ოთხშაბათი, 6 ნოემბერი: „ბარსელონა“-„მილანი“

სამშაბათი, 26 ნოემბერი: „სელტიკი“-„მილანი“

ოთხშაბათი, 11 დეკემბერი: „მილანი“-„აიაქსი“

ბექა დოგრაშვილი