“ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა ჟურნალისტებს მოუწოდა, რომ კლუბის ნახევარმცველების — ჯორდან ჰენდერსონისა და სტივენ ჯერარდის ერთმანეთთან შედარება შეწყვიტონ.
“გეყოფათ ჯორდანზე ზეწოლის განხორციელება. ის, რომ ჰენდერსონი კუთხურებს აწვდის და შორი მანძილიდან ურტყამს, არ ნიშნავს, რომ იგი ახალი ჯერარდია. ჯორდანი ახალგაზრდა ბიჭია, რომელსაც დიდი ნიჭი აქვს, თუმცა სხვა ტიპის ფეხბურთელია. ამავე დროს, ნებისმიერ ახალგაზრდა მოთამაშეს ვურჩევდი, რომ მაგალითი ჯერარდისგან აეღოთ, რომელიც ნამდვილი პროფესიონალია”, – როჯერსის სიტყვები Goal.com-მა გამოაქვეყნა.