ჯერარდმა შესაძლოა, “ლივერპული” დეკემბერშივე დატოვოს

“ლივერპულის” კაპიტანმა სტივენ ჯერარდმა დაახლოებით ერთ თვეში შესაძლოა, საკუთარი კარიერის შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს. კერძოდ, 34 წლის ნახევარმცველს მერსისაიდულ გუნდთან მოქმედი შრომითი ხელშეკრულება ზაფხულში ეწურება, თუმცა არ არის გამორიცხული, მან კონტრაქტი იანვარშივე გაწყვიტოს და რომელიმე კლუბს შეუერთდეს.

ჯერარდის მიმართ ინტერესს ამერიკული “ტორონტო” და იტალიური “ინტერი” იჩენენ.

სტივენ ჯერარდმა ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში 13 მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა. საერთოდ კი, მას მერსისაიდული გუნდის რიგებში ჩატარებულ 687 შეხვედრაში 176 ბურთი აქვს გატანილი.

 

სტივი ჯი — “ლივერპულის” გულის ფეთქვა

“ლივერპულს” ჰყავს მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი და მას სტივენ ჯერარდი ჰქვია. მერსისიადულ გუნდის კაპიტანი თანამედროვე ფეხბურთის ნამდვილი მოვლენაა, ყველასგან გამორჩეული ფიგურაა. მას აქვს უნარი და შესაძლებლობა, გაარღვიოს ნებისმიერი გუნდის დაცვა, გაიტანოს მოედნის ნებისმიერი წერტილიდან.

რა შეგვიძლია ვთქვათ ჯეროს შესახებ ისეთი, რაც აქამდე არ უთქვამთ? მისი ელეგანტურობა, მისი სიძლიერე, ბურთის ბრწყინვალე კონტროლი, ბარიერების დაძლევის უნარი ყველას კარგად მოეხსენება. ჯერარდი ყოველთვის საომრადაა შემართული, მეგობრებს თავგანწირვის საუკეთესო მაგალითს აძლევს. მას აქვს უდიდესი ფიზიკური ძალა და უნარიც შესწევს მისი გამოყენებისა. ის პირველი წუთიდან უკანასკნელამდე იბრძვის მოედანზე, ინარჩუნებს საწყის ტემპს და დიდ ფიზიკურ ძალასაც ხარჯავს. ხშირად იგი კომბინაციებსაც თვითონ იწყებს და თვითონვე აგვირგვინებს ხოლმე. ჯერარდი მოედანზე ამინდის შემქმნელია. სტივი ჯი გუნდის მესაჭეა, უდიდეს გავლენას ახდენს მოთამაშეების სულიერ მხნეობაზე, მისი საბრძოლო განწყობა გადამდებად მოქმედებს როგორც ფეხბურთელებზე, ასევე გულშემატკივრებზე. ის ასევე დიდებულად თამაშობს უბურთოდ. ჯერარდი გააფრთებული იბრძვის უკანასკნელ წუთამდე, საჭირო დროს უკან ჩამოდის და თამაშობს როგორც მცველი. მოქმედებს გუნდურად და თავის გაწირვაც შეუძლია თამაშის გადასარჩენად. აქვს ორიენტაციის უტყუარი გრძნობა. ჯერარდი იბრძვის მთელ მოედანზე, მაგრამ ამავდროულად არ კარგავს ღირსების გრძნობას. სწორედ ამიტომ ის საკმაოდ დიდი გავლენით სარგებლობს როგორც თანაგუნდელებში და გულშემატკივრებში, ასევე მეტოქე გუნდის ფეხბურთელებში.

Gerrard

1998 წლის 29 ნოემბერს – ზუსტად 16 წლის წინ “ლივერპულში” სტივენ ჯერარდის დებიუტი შედგა. “ბლექბერნ როვერსის” წინააღმდეგ მატჩის უკანასკნელ წუთზე მოედანზე პირველად გამოჩნდა ჯერარდი, ფეხბურთელი, რომელსაც ათ წელიწადზე ნაკლები დასჭირდა იმისთვის, რომ კლუბის თილისმა გამხდარიყო.

ჩვენს საუკუნეში “ლივერპულთან” თუ ვინმე ასოცირდება, პირველ რიგში ეს ჯეროა. ჯერარდი, რომელმაც მთელი თავისი საფეხბურთო კარიერა, ნიჭი და შესაძლებლობა “ლივერპულს” მიუძღვნა, “ენფილდროუდელთა” ამ საუკუნის მთავარი ტიტულის შემოქმედად შეიქმნა. ჩემპიონთა ლიგის 2005 წლის ფინალში მთელი თავისი არსით გამოისახა “ლივერპულისა” და ჯერარდის სული.

ერთადერთი რამ, რაც სტივიმ საკლუბო დონეზე ამ დრომდე ვერ მოიგო, ეს პრემიერლიგის თასია, შარშან ასე ახლოს რომ იყო მის დასაკუთრებასთან.

ჯერარდს “ლივერპულის” რიგებში თითქმის 700 შეხვედრა აქვს ჩატარებული, ინგლისის ნაკრების ფორმა კი 114-ჯერ მოირგო. დაგვეთანხმებით, აქტივში ასეთ შედეგებს მხოლოდ გამორჩეული მოთამაშეები თუ მოაგროვებენ.

Gerro

ჯეიმი კარაგერი (“ლივერპულის” ყოფილი ფეხბურთელი):
“სტივი ჯი “ენფილდის” ისტორიაში ყველაზე დიდი ფეხბურთელია. ჩემთვის დიდი პატივია მის გვერდით თამაში. სტივი არის ფეხბურთელი, რომელიც ყოველ 10 ან 15 წუთში გუნდისთვის რაიმე სასიკეთო ქმედებას სჩადის, ეს შეიძლება იყოს მეტოქის შეჩერება, დიდებული ჩაწოდება, დარტყმა ან თავით თამაში”.

ზინედინ ზიდანი (მადრიდის “რეალის” ყოფილი ფეხბურთელი):
“არის თუ არა ჯერარდი მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო? შეიძლება მას ლიონელ მესისა და რონალდუს მსგავს ყურადღებას არ აქცევენ, მაგრამ ის ერთ-ერთი საუკეთესოა. თუ მისი დარის მოთამაშე არ გყავთ, რომელსაც ოთახში ყველაფრის დალაგება შეუძლია, მაშინ გუნდი წარმატებას ვერ მიაღწევს. ჯერარდი გულის ფეთქვაა”.

ჟერარ ულიე (“ლივერპულის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი):
“სტივენ ჯერარდი ეს “ლივერპულია”, რადგან კლუბის ხარისხს ის განსაზღვრავს. ის ძალზედ სწრაფია და საჭირო გადაცემას დროულად აკეთებს”.

დევიდ ტომპსონი (“ლივერპულის” ყოფილი ფეხბურთელი):
“ვფიქრობ, ის ნომერ პირველია, ამას გულწრფელად გეუბნებით. ის გენეტიკურად დაჯილდოებული ფეხბურთელია, რისი წყალობითაც ამ დონემდე მიაღწია. მე მას ნომერ პირველად მივიჩნევ, რაც პრემიერლიგაში მეტად რთულად მოსაპოვებელი წოდებაა. მისი გონებრივი ძალა და ერთგულება კლუბის ახალგაზრდა მოთამაშეებს იდეალურ მაგალითს აძლევს”.

გრემ ტეილორი (ინგლისის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი):
“ჩემი აზრით, ის მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო ნახევარმცველია”.

პელე (ბრაზილიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი):
“ჩემთვის ის მსოფლიოს ერთ-ერთი სუპერნახევარმცველია. ჯერარდი შესანიშნავი ფეხბურთელია”.

კაკა (“მილანისა” და მადრიდის “რეალის” ყოფილი ფეხბურთელი):
“ჩემი აზრით, ბრწყინვალე ფეხბურთელია. ის თანამედროვე მოთამაშეა, რადგან დარბის, აკეთებს საჭირო პასებს, იცის ჩაწოდება, იტანს გოლებს და მოედანზე არის ლიდერი. ასე რომ, მე მის თანაგუნდელობას ვისურვებდი”.

ალექს ფერგიუსონი (“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი):
“თუ როი კინის იდეალური შემცვლელის ვინაობას მკითხვათ, გეტყვით, რომ ეს ჯერარდია. ის ინგლისში ყველაზე გავლენიანი ფეხბურთელია”.

 

„ლივერპული“ ჯერარდთან ახალი კონტრაქტის დეტალებს განიხილავს

„ლივერპულის“ ხელმძღვანელობა სტივენ ჯერარდთან კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებას დაიწყებს.

მერსესაიდელებთან მოქმედი შეთანხმება სტივი ჯის მიმდინარე სეზონის ბოლომდე აკავშირებს, თუმცა მის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით ხმარეებს აქამდე არ უსაუბრიათ. ამასთან, ზაფხულში „ლივერპული“ ამ პროცესის ფორმალურობაზე საუბრობდა.

გასაკვირი არაა, რომ ამ ყველაფერმა ჯერარდის შესაძლო წასვლასთან დაკავშრებული ჭორები გამოიწვია. ასე, რამდენიმე დღის წინ სტივის „ტორონტოში“ შესაძლო გადასვლაზე უკვე მოგახსენეთ.

ასეა თუ ისე, კლუბმა ახალი შეთანხმების გაფორმებაზე ფიქრი უკვე დაიწყო. „The Guardian“-ის ცნობით, მიმდინარე კვირის ბოლოს მერსესაიდელები შუახაზელის აგენტსაც შეხვდებიან და დიდი ალბათობით, სწორედ ჯერარდის დარჩენას განიხილავენ.

სტივ ჯერარდის ალტერნატივები

“ლივერპულის” კაპიტან სტივენ ჯერარდს მიმდინარე სეზონის ბოლოს კლუბთან კონტრაქტი ეწურება და სულ უფრო აქტიურად საუბრობენ მისი “ენფილდიდან” შესაძლო აბარგების შესახებ.

ცნობილია, რომ 34 წლის ნახევარმცველის მიმართ რამდენიმე კლუბი იჩენს ინტერესს, მათ შორის “მანჩესტერ სიტიც”, თუმცა უფრო ხშირად ჯერარდის აშშ-ში შესაძლო გადასვლაზე საუბრობენ. ბრიტანულ პრესის ინფორმაციით, ინგლისელი ფეხბურთელით MLS-ის კიდევ ერთი კლუბი – “ტორონტო” დაინტერესდა.

არც ის არის გამორიცხული, რომ სტივ ჯერარდი “ლივერპულში” დარჩეს, თუმცა ამ შემთხვევაში, მისი ჯამაგირი მნიშვნელოვნად შემცირდება. კერძოდ, ახლა “წითლების” ლიდერი კვირაში 180 ათას ფუნტს იღებს, კონტრაქტის გახანგრძლივების შემთხვევაში კი, კვირაში 90 ათას ფუნტს უნდა დაჰყაბულდეს, 2016-17 წლების სეზონში ხელფასი სულაც 60 ათას ფუნტამდე შეუმცირდება. “ლივერპულის” ხელმძღვანელობა იმაზეც ფიქრობს, თუ რა ამპლუა მოარგონ ჯერარდს საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ. შესაძლოა, სტივი კლუბის ერთ-ერთი მწვრთნელი გახდეს, ან “წითლების” ელჩის პოზიცია მოირგოს.

 

შესაძლოა, ჯერარდმა “რეალთან” გასამართი მატჩი გამოტოვოს

დღეს უეფას ჩემპონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მორიგი ტური გაიხსნება. “სანტიაგო ბერნაბეუზე” მადრიდის “რეალი” “ლივერპულს” უმასპინძლებს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა, მერსისაიდული გუნდის კაპიტანმა სტივენ ჯერარდმა აღნიშნული მატჩი გამოტოვოს. ამის მიზეზად “წითლების” დატვირთული გრაფიკი სახელდება.

“ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა განაცხადა, რომ ჯერარდისთვის დამატებითი დასვენების დღის მიცემაზე ფიქრობს.

“უნდა გადავწყვიტოთ, რა არის სტივენისთვის და გუნდისთვის პრიორიტეტული: “რეალთან” ჩასატარებელი შეხვედრა თუ შაბათს ლონდონის “ჩელსისთან” გასამართი მატჩი. თუ ჯერარდი მადრიდში არ ითამაშებს, მაშინ მიხვდებით, რა ყოფილა ჩვენთვის პრიორიტეტული”, – ციტირებს როჯერსის სიტყვებს Goal.com-ი.

მატჩი “რეალსა” და “ლივერპულს” შორის დღეს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება. შეხვედრას ვიქტორ კაშაის ხელმძღვანელობით უნგრელ მსაჯთა ბრიგადა განსჯის.

 

სტივენ ჯერარდი პელეგრინისაც სურს

“მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი მანუელ პელეგრინი გამოტყდა, რომ სიამოვნებით იხილავდა მის გუნდში “ლივერპულის” ნახევარმცველ სტივენ ჯერარდს.

ერთ-ერთ ინტერვიუში მერსისაიდული გუნდის კაპიტანმა განაცხადა, რომ თუ “ლივერპულის” ხელმძღვანელობასთან მოქმედი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე შეთანხმებას ვერ მიაღწევს, არაა გამორიცხული, მან კარიერა სხვა კლუბში გააგრძელოს.

Pellegrini

“ფეხბურთელებს ასაკის მიხედვით არ ვაფასებ. ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია მოთამაშის ღირებულება და ის, თუ კიდევ რამდენი წლის განმავლობაში შეუძლია ფეხბურთელს უმაღლეს დონეზე თამაში.
ფრენკ ლამპარდის მსგავსად, სტივენ ჯერარდიც ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა და მას შეუძლია უმაღლეს დონეზე კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში თამაში”, – პელეგრნის სიტყვები “დეილი მეილმა” გამოაქვეყნა.

ცნობისათვის, 34 წლის ჯერარდს “ლივერპულთან” მოქმედი კონტრაქტი 2015 წლის 30 ივნისს ეწურება.

 

ჯერარდი: „არ მჯერა, რომ სუარესი „ოქროს ბურთის“ მოგების კანდიდატი არ არის“

„ლივერპულის“ ნახევარმცველმა სტივენ ჯერარდმა ყოფილი თანაგუნდელის ლუის სუარესის „ოქროს ბურთს“ მოგების კანდიდატთა შორის არყოფნაზე ისაუბრა.

„ამის უბრალოდ არ მჯერა. ნუთუ ფეხბურთში პოლიტიკა ჩაერთო?

მან 31 გოლი გაიტანა და მსოფლიოს უძლიერესი საფეხბურთო ლიგის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, იგი კი „ოქროს ბურთის“ კანდიდატთა შორის არ შეიყვანეს. ეს რაღაც საოცრებაა.

ფაქტია, სუარესი კრიშტიანუ რონალდუსთან „ოქროს ბურთისთვის“ უნდა იბრძოდეს“, – განაცხადა ჯერარდმა.

ჯერარდი “ლივერპულის” აწმყოსა და საკუთარი მომავლის შესახებ

“ლივერპულის” კაპიტანმა სტივენ ჯერარდმა განაცხადა, რომ მიმდინარე სეზონის ბოლოს პროფესიული კარიერის დასრულებას არ აპირებს. ინგლისელმა ნახევარმცველმა მერსისაიდული გუნდის არასტაბილური შედეგების მიზეზებზეც ისაუბრა.

“დამდეგ ზაფხულს კარიერის დასრულებას არ ვაპირებ. დამდეგ სეზონს სრულად ჩავამთავრებ. უნდა დაველოდოთ და შემდეგ ვნახავთ, დავრჩები “ლივერპულში” თუ სადმე წავალ. ამას “ლივერპული” გადაწყვეტს.

ვიცოდი, რომ ლუის სუარესის წასვლის შემდეგ ასეთი მდგომარეობა გვექნებოდა. როდესაც ტიტულს ასე უახლოვდები, მნიშვნელოვანია, რომ მთავარი მოთამაშეები შეინარჩუნო. ყველა ერთად უნდა ცდილობდეს წარმატების მიღწევას: ახალმოსული თუ გუნდში აქამდე მყოფი ფეხბურთელები.

“ლივერპულში” სესკ ფაბრეგასის ან დიეგო კოსტას ხილვას ვისურვებდი, თუმცა გასათვალისწინებელია ის, თუ რამდენად შეუძლიათ კლუბის მფლობელებს ასეთი ტრანსფერების განხორციელება. მე “ლივერპულის” ფეხბურთელი ვარ და არა “ჩელსის” ან “მანჩესტერ სიტის”.

სეზონის სტარტზე ჩვენი გუნდის წარუმატებელი თამაშის გამართლებას არ ვცდილობ. ერთი მთავარი ფეხბურთელი დავკარგეთ, მეორემ ტრავმა მიიღო. გასულ სეზონთან შედარებით, ძალზედ არ გაგვიმართლა. პრემიერლიგის სხვა გუნდები მნიშვნელოვნად გაძლიერდნენ: “ჩელსიმ” რამდენიმე კარგი ფეხბურთელი დაიმატა. “სიტი” ფინანსურად მდგრადი კლუბია და ყოველწლიურად ძლიერდება. აი, ამიტომ არის, რომ ცხრილის ზედა ნაწილში არ ვართ”, – ჯერარდის სიტყვები ბრიტანულმა “ტელეგრაფმა” გამოაქვეყნა.

 

ანჩელოტი ჯერარდს “მილანში” უხმობდა

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე “ლივერპულის” წინააღმდეგ გასამართ მატჩამდე მერსისაიდული გუნდის ლიდერ სტივენ ჯერარდთან დაკავშირებული ერთი ისტორია გაიხსენა. თურმე, იტალიელი სპეციალისტი “მილანის” თავკაცის პოსტზე მუშაობის პერიოდში ჯერარდის გადაბირებას ცდილობდა.

Gerrard

“ჯერარდი ლიდერია. ის დიდებულ ფეხბურთელია, “ლივერპულის” ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა. ჯერარდი მერსისაიდელი პაოლო მალდინია.

ის ერთ-ერთი ფეხბურთელია, ვის ყოლასაც ვისურვებდი ჩემს გუნდში. “მილანში” მუშაობის პერიოდში მის მოწვევაზე ბევრი მიფიქრია, თუმცა ამ ტრანსფერის განხორციელება შეუძლებელი იყო, რადგან ჯერარდი “ლივერპულთან” მჭიდროდ არის დაკავშირებული. მაშინ ჩვენ მას დავუკავშირდით, თუმცა მისი დარწმუნება შეუძლებელი აღმოჩნდა.

არ მახსოვს, ეს რომელ წელს იყო, თუმცა მის გადმობირებას ნამდვილად ვცდლობდით. მინდოდა, რომ მოედნის ცენტრში სტივენ ჯერარდი და ანდრეა პირლო შემეწყვილებინა. ეს ფანტასტიური დუეტი იქნებოდა”, – ციტირებს ანჩელოტის სიტყვებს “სქაი სპორტსი”.

ცნობისათვის, “ლივერპულსა” და “რეალს” შორის მატჩი 22 ოქტომბერს გაიმართება და თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

 

ბალოტელიმ ჯერარდი პირლოს შეადარა

“ლივერპულის” თავდამსხმელი მარიო ბალოტელი ამბობს, რომ გუნდისთვის სტივენ ჯერარდი შეუცვლელი ფიგურაა. 24 წლის იტალიელმა ფეხბურთელმა ჯერარდსა და ანდრეა პირლოს შორის პარალელი გაავლო.

“ჯერარდი დიდებული ფეხბურთელია. ამ სეზონამდე მის მიერ ჩატარებული რამდენიმე მატჩი მქონდა ნანახი, მხოლოდ სანაკრებო შეხვედრები. ის უბრალოდ საოცარი მოთამაშეა. მე მას პირლოს შევადარებდი. მას მოედნის საოცარი ხედვა და ტექნიკა აქვს. გარდა ამისა, ფიზიკურადაც ძლიერია. სტივის მოედანზე ყველაფრის გაკეთება შეუძლია. “ლივერპულს” მომავალში მისი შემცვლელის მოძებნა ძალიან გაუჭირდება”, – ბალოტელის სიტყვები Goal.com-მა გამოაქვეყნა.

 

სტივ ჯერარდი საზღვარგარეთ თამაშზე დაფიქრდა

“ლივერპულის” კაპიტანმა სტივენ ჯერარდმა მზადყოფნა გამოთქვა, რამდენიმე წლის შემდეგ ფრენკ ლამპარდს მიბაძოს და საკუთარი ძალები საზღვარგარეთ გამოსცადოს. ამის შესახებ 34 წლის ინგლისელმა ნახევარმცველმა აშშ-ში ყოფნის დროს განაცხადა, სადაც საერთაშორისო ამხანაგური ტურნირი მიმდინარეობს.

ჯერარდს მერსისაიდულ გუნდთან მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს, თუმცა მომავალში თუ მას რომელიმე უცხოური კლუბი დაუკავშირდება, სტივი წინადადებას განიხილავს.

„არ ვიცი, შესაძლოა ერთხელ მეც ასე მოვიქცე. ეს თემა არასდროს განმიხილავს და არც არავისთვის მითქვამს რაიმე ამ საკითხთან დაკავშირებით. შესაძლოა, ერთხელ მართლაც მოვისურვო “ლივერპულიდან” მცირე ხნით წასვლა, რათა ახალი რამ გამოვცადო.

ვფიქრობ, ფრენკმა შესანიშნავი გადაწყვეტილება მიიღო (“ნიუ-იორკ სიტიში” გადავიდა, – ავტ.). მან საოცარი კარიერა მოიწყო და ინგლისში დასამტკიცებელი აღარაფერი ჰქონდა.

ფრენკმა “ჩელსისთან” ერთად რეკორდები დაამხო და ყველა შესაძლო ტიტული მოიგო. ჩემი აზრით, მან იდეალური გადაწყვეტილება მიიღო“, – ციტირებს ჯერარდის სიტყვებს Four Four Two.

სტივენ ჯერარდს ინგლისის პრემიერლიგის ეგიდით ჩატარებულ 475 მატჩში 111 გოლი აქვს გატანილი.

 

როჯერსი: „კარგია, რომ ჯერარდი ნაკრებიდან წავიდა… სუარესს ჩვენთვის არ უღალატია“

„ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელი ბრენდან როჯერსი იმედოვნებს, რომ სტივენ ჯერარდის სანაკრებო კარიერის დასრულება კლუბზე დადებითად იმოქმედებს. მერსისაიდული გუნდის თავკაცის თქმით, საერთაშორისო კარიერის დასრულება ჯერარდს საშუალებას მისცემს, რომ მთელი სეზონი საღსალამათად გაატაროს.

„ჯერარდი ინგლისის ნაკრებისთვის შესანიშნავი კაპიტანი იყო, თუმცა ჩემი აზრით, სანაკრებო კარიერის დასრულება ისევ სტივენისთვის იქნება სახეირო. საერთაშორისო კარიერის დასრულებამ დადებითად უნდა იმოქმედოს მის თამაშზე „ლივერპულში“. ვფიქრობ, მომდევნო სეზონს ის უფრო საღსალამათად ჩაატარებს“, – ციტირებს როჯერსის სიტყვებს „სქაი სპორტსი“.

„ლივერპულის“ თავკაცმა გუნდიდან ლუის სუარესის წასვლის შესახებაც ისაუბრა. როჯერსმა სინანული გამოთქვა, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ გუნდი პროგრესირებას განაგრძობს.

„ლუისს გარკვეული პრობლემები ჰქონდა, თუმცა ეს ყველაფერი წარსულში დარჩა. მას არც ჩემთვის და არც კლუბისთვის არ უღალატია, ლუისმა ყველაფერი გააკეთა „ლივერპულისთვის“. სამწუხაროა, რომ დაგვტოვა, თუმცა გუნდი მის გარეშეც გააგრძელებს წინსვლა-განვითარებას“, – აღნიშნა როჯერსმა.