„ლივერპულმა“ „ოლდ ტრაფორდზე“ „მანჩესტერ იუნაიტედი“ დასცა

ინგლისის პრემიერლიგის 30-ე ტურის ცენტრალური მატჩი „ოლდ ტრაფორდზე“ გაიმართა, სადაც „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ლივერპული“ მიიღო. როდესაც ერთმანეთს ეს გუნდები ხვდებიან, ნაკლები მნიშვნელობა ექცევა იმას, თუ რა პოზიციები უკავიათ გუნდებს სატურნირო ცხრილში, ვინაიდან ეს მატჩი გაცილებით პრინციპულ ხასიათს ატარებს. შეხვედრის მნიშვნელობიდან გამომდინარე, თამაში, ტრადიციულად, მეტად მჭიდრო ბრძოლაში წარიმართა. შესაბამისად, ბევრი იყო ჯარიმა, პირველ ტაიმში მარუან ფელაინის სისხლიც კი ადინეს. ფეხბურთელები არც საკუთარ თავს და არც მეტოქე გუნდის მოთამაშეებს არ ინდობდნენ. მჭიდრო ბრძოლის მიუხედავად, განსაკუთრებით ფრთხილად მოქმედებდნენ შეხვედრის საწყის წუთებში.

მატჩის პირველ ნახევარში სათამაშო უპირატესობას „წითელი ეშმაკები“ ფლობდნენ, თუმცა სათქმელია, რომ ბრენდან როჯერსის ფეხბურთელები ტაქტიკურად კარგად იყვნენ მომზადებულნი, პოზიციურადაც მშვენივრად ირჯებოდნენ და მასპინძელთა შანსებიც მინიმუმამდე მცირდებოდა. სამაგიეროდ, სტუმრებმა განახორციელეს რამდენიმე მწვავე შეტევა. განსაკუთრებით აქტიურად ირჯებოდა სუარესი-სტარიჯის დუეტი. ურუგვაელი თავდამსხმელის ერთ-ერთი გალაშქრების დროს კი მასპინძელთა ბრაზილიელ მცველ რაფაელს საკუთარ საჯარიმო მოედანზე ბურთი ხელზე მოხვდა, რაც მთავარ არბიტრს ყურადღების გარეშე არ დაუტოვებია. მარკ კლატენბურგმა თერთმეტმეტრიანი ნიშნულისკენ მიუთითა. ბურთთან „ლივერპულის“ კაპიტანი სტივენ ჯერარდი მივიდა და 34-ე წუთზე ანგარიშიც გაიხსნა — 0:1. ტაიმი მერსისაიდული გუნდის მინიმალური გამარჯვებით დასრულდა.

შეხვედრის მეორე ნახევარი „მანჩესტერ იუნაიტედისთვის“ კოშმარულად დაიწყო. 46-ე წუთზე სტუმართა უელსელი ნახევარმცველი ჯო ალენი ფილ ჯონსმა საკუთარ საჯარიმო მოედანზე წააქცია. კლატენბურგმა უყოყმანოდ მეორე პენალტი დანიშნა. თერთმეტმეტრიანის შესრულება ამჯერადაც ჯერარდმა ითავა და კვლავ გაიტანა — 0:2. მასპინძელთა მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ხუთ წუთში მერსისაიდელთა მცველმა გლენ ჯონსონმა საკუთარ საჯარიმო მოედანზე ხელით ითამაშა, თუმცა არბიტრმა მომენტი უყურადღებოდ დატოვა. სამაგიეროდ, 78-ე წუთზე მასპინძელთა კარის მიმართულებით მესამე პენალტი დაინიშნა. მომენტის განმეორებით ჩვენებაზე გამოჩნდა, რომ ნემანია ვიდიჩს სტარიჯი არ წაუქცევია, თუმცა კლატენბურგმა თამაშის წესის დარღვევა მიიჩნია, სერბი მცველი გააძევა და თერთმეტმეტრიანი დარტყმა დანიშნა. ჯერარდის დარტყმული ამჯერად კარის ძელს მოხვდა. რიცხობრივ უმრავლესობაში დარჩენილმა „ლივერპულმა“ სათამაშო უპირატესობა იგდო ხელთ. გაფუჭებული პენალტიდან ორიოდე წუთში სტარიჯი მართლაც წააქციეს „წითელი ეშმაკების“ საჯარიმოში, თუმცა კლატენბურგმა მომენტი უყურადღებოდ დატოვა. „ლივერპულმა“ მესამე გოლი მაინც გაიტანა. შედეგიანი კომბინაცია მეკარესთან ერთი ერთზე გასულმა სუარესმა დააგვირგვინა. მართალია, მასპინძლები თამაშგარე მდგომარეობის დაფიქსირებას მოითხოვდნენ, მაგრამ არბიტრმა გოლი ჩათვალა — 0:3.

ამრიგად, „ოლდ ტრაფორდზე“ „ლივერპულმა“ „მანჩესტერ იუნაიტედი“ დიდებულ სტილში გამანადგურებელი ანგარიშით 3:0 დაამარცხა. მერსისაიდელებმა 62 ქულას მოიყარეს თავი და სატურნირო ცხრილის მეორე პოზიციას დაუბრუნდნენ. რაც შეეხება დევიდ მოიესის გუნდს, „მანჩესტერ იუნაიტედი“ 48 ქულით მეშვიდე ადგილზე დარჩა.

ინგლისის პრემიერლიგა
30-ე ტური
„მანჩესტერ იუნაიტედი“ — „ლივერპული“ 0:3 (0:1)

„მანჩესტერ იუნაიტედი“: დე ხეა, ვიდიჩი, ევრა, რაფაელი, ჯონსი, კერიკი, ფელაინი (კლევერლი 76′), იანუზაი (უელბეკი 76′), ვან პერსი, რუნი, მატა (ფერდინანდი 87′).
მთავარი მწვრთნელი: დევიდ მოიესი.
„ლივერპული“: მინიოლე, ჯონსონი, აგერი, შკრტელი, ფლანაგანი, ჯერარდი (ლუკას ლეივა 86′), ალენი, ჰენდერსონი, სტერლინგი (კოუტინიო 72′), სუარესი, სტარიჯი (ასპასი 90+2′).
მთავარი მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი.
გოლები: ჯერარდი 34′ (პენ), ჯერარდი 46′ (პენ), სუარესი 84′.
გამოუყენებელი პენალტი: ჯერარდი 78′ (ძელი).
გაფრთხილებები: რაფაელი 32′, ვიდიჩი 71′ — ფლანაგანი 31′, ჯერარდი 37′, შკრტელი 54′.
გაძევება: ვიდიჩი 78′.
მთავარი მსაჯი: მარკ კლატენბურგი.

ბექა დოგრაშვილი

ინგლისის ნაკრებში სპორტული ფსიქოლოგი იმუშავებს

ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა როი ჰოჯსონმა განაცხადა, რომ მის გუნდში ცნობილი სპორტული ფსიქოლოგი სტივ პიტერსი იმუშავებს.

„ეს უბრალო ფსიქოლოგი არ გეგონოთ. ეს დოქტორ სტივ პიტერსი გახლავთ, ამ სფეროში ძალიან ცნობილი პიროვნებაა. მან სპორტის სხვადასხვა სახეობებში უზარმაზარი გამოცდილება დააგროვა, მშვენიერი დოსიე აქვს. გარდა ამისა, ის „ლივერპულშიც“ მუშაობდა.

გუნდში ამ პოსტის შემოღებაზე გარკვეული დროის განმავლობაში ვფიქრობდით და შესაბამის პირსაც ვეძებდით. ბრენდან როჯერსმა პიტერსთან დამაკავშირა. მან ჩვენი შეთავაზება მიიღო, რითაც ძალიან ბედნიერები ვართ“, – ჰოჯსონის სიტყვები Football Italia-მ გამოაქვეყნა.

„ლივერპულის“ კაპიტანმა სტივენ ჯერარდმა განაცხადა, რომ სტივ პიტერსთან კონსულტაციებს 2010 წლიდან გადის.

ბექა დოგრაშვილი

ჯერარდი: „ჩემთვის საუკეთესო სუარესია“

„ლივერპულის“ კაპიტანი სტივენ ჯერარდი მერსისაიდული გუნდის თავდამსხმელ ლუის სუარესს მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო მოთამაშედ მიიჩნევს.

„სუარესის თამაშის აღსაწერად სიტყვების მარაგი უკვე ამომეწურა. დიდი ბედნიერებაა, რომ ინგლისში ასეთი დონის ფორვარდები თამაშობენ.

ჩემთვის სუარესი მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესოა. ამას ყოველგვარი მიკერძოების გარეშე ვამბობ. ლეო მესის და კრიშტიანუ რონალდუს თამაშებსაც ვუყურებ. კი ბატონო, ისინი მსოფლიო დონის მოთამაშეები არიან, მაგრამ მათ გარდა არსებობენ სუარესი და ზლატან იბრაჰიმოვიჩი. მათ დონეებს შორის სხვაობა თითქმის გათანაბრდა.

სუარესი ოთხი თუ ხუთი მატჩი არ იტანდა, თუმცა ბევრ საგოლე გადაცემას აკეთებდა და მეტოქეს ბევრ პრობლემას უქმნიდა.

ლუისი ულმობელია, ის გამარჯვებულია და ბედნიერები ვართ, რომ ასეთი მოთამაშე გვყავს“, – ჯერარდის სიტყვები „სქაი სპორტსმა“ გამოაქვეყნა.

ბექა დოგრაშვილი

„ლივერპულმა“ „ფულემი“ დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა

ინგლისის პრემიერლიგის 26-ე ტურში „ფულემსა“ და „ლივერპულს“ შორის გამართული მატჩი დრამატულად წარიმართა და მერსისაიდული გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 3:2 დასრულდა.

ანგარიში მე-8 წუთზე გაიხსნა, როდესაც „წითლების“ მცველმა კოლო ტურემ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. 41-ე წუთზე სტუმრებმა წონასწორობა აღადგინეს: სტივენ ჯერარდმა მოედნის ცენტრიდან გენიალური პასი გაუკეთა დანიელ სტარიჯს, რომელიც მეკარესთან პირისპირ დარჩა და ანგარიშიც გაათანაბრა. მატჩის 63-ე წუთზე მასპინძლები კვლავ დაწინაურდნენ. მარტინ შკრტელისა და ჯონ ფლანაგანის შეუთანხმებელი თამაშით კირან რიჩარდსონმა ისარგებლა და ლონდონელები დააწინაურა. 72-ე წუთზე „ლივერპულის“ ბრაზილიელმა ნახევარმცველმა ფილიპე კოუტინიომ ანგარიში კვლავ გაათანაბრა. კომპენსირებულ დროში კი ჯერარდმა თერთმეტმეტრიანი დარტყმა ზუსტად გამოიყენა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა — 3:2.

მეოთხეადგილოსანმა „ლივერპულმა“ 53 ქულას მოუყარა თავი, ბოლოადგილოსან „ფულემს“ კი 20 ქულა დარჩა.

ინგლისის პრემიერლიგა
26-ე ტური
„ფულემი“—„ლივერპული“ 2:3 (1:1)

გოლები: ტურე 8′ (ა.გ.), რიჩარდსონი 63′ — სტარიჯი 41′, კოუტინიო 72′, ჯერარდი 90+1′ (პენ).
გაფრთხილებები: კვისტი 9′, რიტერი 50′, რიჩარდსონი 64′, ჰეიტინგა 90+1′ —კოუტინიო 56′, ჰენდერსონი 77′, ჯერარდი 90+2′.

ჯერარდი: „თუ ტატუს გაკეთების სანაცვლოდ პრემიერლიგის მოგებას შემომთავაზებდნენ, დავთანხმდებოდი“

„ლივერპულის“ კაპიტანმა სტივენ ჯერარდმა განაცხადა, რომ ინგლისის ჩემპიონატის მოგების სანაცვლოდ იგი ტატუს გაიკეთებდა.

„თუ ვინმე მეტყოდა, რომ „ლივერპული“ ჩემპიონი გახდება, მე კი ამის სანაცვლოდ ტატუს გაკეთება მომიწევს, სიამოვნებით დავთანხმდებოდი, ამას ხვალაც კი გავაკეთებდი.

მიხარია, რომ პირველობისთვის იანვარშიც ვიბრძვით.

იმ შემთხვევაში, თუ ასე თამაშს გავაგრძელებთ, მედლების მოგების კიდევ უფრო დიდი შანსი გვექნება“, – განაცხადა მერსესაიდელთა კაპიტანმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

სუარესი: „ჯერარდი – „ლივერპულის“ ერთადერთი კაპიტანია“

„ტოტენჰემთან“ ანგარიშით 0:5 მოგებული შეხვედრის შემდეგ „ლივერპულის“ თავდამსხმელმა ლუის სუარესმა განაცხადა, რომ გუნდის შედეგები მისთვის პირად შედეგებზე უფრო მნიშვნელოვანია.

„ის, რომ დღეს გუნდის კაპიტანი ვიყავი, არაფერს ნიშნავს, რადგან, ჩემთვის „ლივერპულის“ ერთადერთი კაპიტანი – სტივენია. დღეს კაპიტნის სამკლაური მეკეთა, თუმცა, ვფიქრობ, ჩვენი ლამაზი თამაში აღნიშნულ საკითხზე უფრო მნიშვნელოვანია. მოედანზე ყველაფრის ჩვენებას ვცდილობ, რისი გაკეთებაც შემიძლია. იქედან გამომდინარე, რომ ფორვარდი ვარ, ჩემი უმთავრესი მიზანი – გოლის გატანაა. გუნდის თამაში ჩემთვის ყველაფერზე მაღლა დგას“, – განაცხადა ურუგვაელმა.

შეგახსენებთ, რომ „ტოტენჰემთან“ შეხვედრაში სამხრეთ ამერიკელმა დუბლი შეასრულა. ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის გათამაშებაში სუარესის ანგარიშზე 15 გოლია და ბომბარდირთა დავას ამჟამად სწორედ იგი ლიდერობს.

ალექსანდრე მატევოსოვი

ოთხი კვირა ჯერარდის გარეშე?

„ლივერპულის“ ნახევარმცველი სტივენ ჯერარდი, სავარაუდოდ, ინგლისის პრემიერლიგის საშობაო პერიოდის მატჩებს გამოტოვებს.

ბრიტანული ინტერნეტ-გამოცემა „ტელეგრაფის“ ცნობით, მერსისაიდული გუნდის კაპიტანმა კვირას სამედიცინო შემოწმება ჩაიტარა, რის შედეგადაც გამოჩნდა, რომ 33 წლის ფეხბურთელს მუხლქვედა მყესის ტრავმა აქვს.

აღნიშნული დაზიანების გამო შესაძლოა, ჯერარდმა ოთხი კვირა იუქმოს. ეს იმას ნიშნავს, რომ ინგლისელი ნახევარმცველი „ტოტენჰემ ჰოთსპირთან“, „კარდიფთან“, „მანჩესტერ სიტისთან“ და ლონდონის „ჩელსისთან“ გასამართ მატჩებს გამოტოვებს.

ბექა დოგრაშვილი

ჯერარდმა პრემიერლიგაში თავისი მე-100 გოლი გაიტანა

„ლივერპულის“ ნახევარმცველმა სტივენ ჯერარდმა ინგლისის პრემიერლიგაში თავისი რიგით მე-100 გოლი გაიტანა. „ნიუკასლ იუნაიტედის“ წინააღმდეგ გამართულ მატჩში მერსისაიდული გუნდის 33 წლის კაპიტანმა თერთმეტმეტრიანი დარტყმა ზუსტად შეასრულა.

როგორც მოგეხსენებათ, სტივ ჯერარდი „ლივერპულის“ აღზრდილია და პირველ გუნდში 1998 წლიდან გამოდის. მერსისაიდულ გუნდში ჯერარდის დებიუტი 1998 წლის 29 ნოემბერს შედგა. ის „ბლექბერნ როვერსის“ წინააღმდეგ გამართული მატჩის უკანასკნელ წუთზე მოედანზე პირველად გამოჩნდა. ამ ხნის განმავლობაში მან 640 მატჩი ჩაატარა და 161 გოლი გაიტანა.

გთავაზაობთ გოლის ამსახველ ვიდეომასალას.

 

ჯერარდი: „პოლონეთის დამარცხება გვსურს“

ინგლისის ნაკრების კაპიტანმა სტივენ ჯერარდმა განაცხადა, რომ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო მატჩის წინ მისი გუნდი ძალიან გამოტივირებულია.

„ჩვენი შანსის გამოყენება გვსურს. პოლონეთის ნაკრების დამარცხების სურვილი გვაქვს. პლეი-ოფის თავიდან აცილება სჯობს, ასე რომ, მუნდიალის საგზურის მოპოვება ახლა არის საჭირო. ჯგუფში პირველი ადგილი უნდა დავიკავოთ. ბრაზილიაში ჩასატარებელი ტურნირი – ნამდვილი კარნავალია, ამიტომ მასში მონაწილეობის მიღება ყველა ფეხბურთელსა და ქომაგს უნდა. შესაბამისად, ამ თამაშის მოგება და დასახული მიზნის მიღწევა – უმნიშვნელოვანესია“, – განაცხადა ჯერარდმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

ჯერარდი: „კარგია, რომ როჯერსი ახალგაზრდებს ენდობა“

„ლივერპულის“ კაპიტანი სტივენ ჯერარდი კმაყოფილია იმით, რომ მისი გუნდის თავკაცი ბრენდან როჯერსი ხშირ შემთხვევაში, ახალგაზრდა ფეხბურთელებს ენდობა.

„ბევრი მწვრთვნელი რისკის თავიდან ასაცილებლად ახალგაზრდა მოთამაშეებს შანსს იშვიათად აძლევს. თუმცა ბრენდან როჯერსს ამის არ ეშინია. გვესმის, რომ გუნდებში ბევრი მაღალი დონის ლეგიონერია, ამიტომაც ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა არც ისე ადვილია“, – აცხადებს ჯერარდი.

ალექსანდრე მატევოსოვი

სტივენ ჯერარდს მოკვლით დაემუქრნენ

„ლივერპულის“ მელვუდის საწვრთნელ  ბაზაზე გუშინ არასასიამოვნო ფაქტი მოხდა. უცნობმა პირმა მერსისაიდული გუნდის კაპიტან სტივენ ჯერარდს პირადი შეურაცხყოფა მიაყენა.

იმ დროს, როდესაც ჯერარდი თანაგუნდელ ფილიპე კოუტინიოსთან ერთად საჯარიმო დარტყმებზე ვარჯიშობდა, უცნობმა პირმა მელვუდის კედლიდან ინგლისელი ნახევარმცველის მისამართით შეურაცხმყოფელი ფრაზების ყვირილი დაიწყო.

თავდაპირველად ჯერარდმა უცნობ პიროვნებას ყურადღება არ მიაქცია, თუმცა ინგლისელ ფეხბურთელს მოთმინების ფიალა მაშინ აევსო, როდესაც საქმე პირად შეურაცხყოფამდე მივიდა.

„ვიცი, სადაც ცხოვრობ. მე შენს დამპალ სახლს გადავწვამ“, – გაჰყვიროდა უცნობი.

„ლივერპულის“ დამხმარე მწვრთნელმა კოლინ პასკომ ძლივს დააკავა ჯერარდი, რომელიც უცხო პიროვნებასთან საქმის გასარკვევად აპირებდა მისვლას.

ლი რედკლიფმა, რომელსაც „ლივერპულის“ ფეხბურთელთა მაისურებით მომარაგება ავალია, სასწრაფოდ გავარდა მოედნიდან, რათა უცნობი პიროვნება დაეჭირა, თუმცა ეს ვერ მოახერხა. უცხო პიროვნება ველოსიპედს მოაჯდა და სასწრაფოდ გაეცალა იქაურობას, თან გაჰყვიროდა:

„შენც მოგკლავ და შენს დამპალ შვილებსაც“.

ბექა დოგრაშვილი