გაგამ მაკე-კოში გაიფორმა, ჰაკუჰომ – ჩემპიონობა

ქართველმა გოლიათმა გაგა ჯუღელმა, სამწუხაროდ, ვერ შეძლო ჩვენი იმედების გამართლება, დადებით ბალანსზე გასვლასთან დაკავშირებით და ბაშოს დასრულებამდე 1 ტურით ადრე მაკე-კოში (უარყოფითი ბალანსი) გაიფორმა, რაც მე-9 მაეგაშირად განთესილ ჩვენებურს რეიტინგში კიდევ უფრო დააქვეითებს მომდევნო ტურნირისთვის.

აკი ბაშოს მე-14 ტურში გაგამარუ იაპონელ ტამაასუკასთან იორიკირით დამარცხდა. ჩვენმა გოლიათმა იაპონელი მე-15 მაეგაშირას მიძალებას ვერაფერი დაუპირისპირა და შერკინებიდან 6 წამში ტავარას (დოჰიოს ხაზი) მიღმა აღმოჩნდა. არადა, ტამაასუკა ნამდვილად არ განეკუთვნებოდა გაგასთვის უძლეველი ან უხერხული მეტოქეების რიცხვს, რაც კიდევ უფრო გულდასაწყვეტია.

თუ დღეს გაგა ბოლო შერკინებას მოგებას მაინც მოახერხებს, რეიტინგში უკუსვლა შედარებით მცირე ექნება. თუმცა, დღეს მას ერთ-ერთ ყველაზე უხერხულ მეტოქე, იაპონელ ჰომაშოსთან მოუწევს დაპირისპირება. დღემდე იაპონელთან გამართული 8 ორთაბრძოლიდან რვავე (!!!) წაგებული აქვს ჩვენებურს.

ამასობაში, იოკოძუნა ჰაკუჰომ ბაშოს დასრულებამდე 1 დღით ადრე ნაადრევად გაიფორმა ჩემპიონობა და დღეს უკვე ოფიციალურად, 27-ედ ჩაიბარებს იმპერატორის თასს! ამ მიღწევით იგი ნელ-ნელა უახლოვდება ლეგენდარული იოკოძუნების, ტაიჰოსა და ჩიონოფუჯის აბსოლუტურ რეკორდებს, რომელთაც შესაბამისად 32 და 31 ბაშო აქვთ კარიერაში მოგებული. მონღოლ იოკოძუნას კი, როგორც ჩანს, მათი რეკორდების დამხობა დაუსახავს მიზნად, რაც მისი ასაკიდან და სპორტული ფორმიდან გამომდინარე სავსებით რეალურად მოჩანს.

დღის ცენტარლურ პაექრობაში “თეთრმა ფენიქსმა” მისი უახლოესი მდევარი და საჩემპიონო რბოლაში უშუალო კონკურენტი, იაპონელი ოძეკი კისენოსატო ჰატაკიკომით დასცა დოჰიოზე და ყველა კითხვას საბოლოოდ გასცა პასუხი.
ჰაკუჰო: 13 მოგება, 1 მარცხი.
კისენოსატო, ჰარუმაფუჯი, გოეიდო: 10 მოგება, 4 მარცხი.

სექტემბრის ბაშო ოფიციალურად დღეს დასრულდება.

AJ201203120084M

 

330698-sumo_hakuho_092010_cup1_super

30_hakuho_vence_01

hakuho (1)

hakuho-2008-11-26-3-9-27

sumo-hakuho-yusho-0310

ox281286668626983528

 

გაგა კაჩი-კოშის შანსს ინარჩუნებს, ჰაკუჰო კი ჩემპიონობას მიუახლოვდა

ქართველი სუმოისტი გაგა ჯუღელი დადებითი ბალანსის მოპოვების შანსს კვლავ ინარჩუნებს. ამისათვის გაგამარუმ ორივე დარჩენილი ბრძოლა უნდა მოიგოს აკი ბაშოზე.

თავისი მე-6 გამარჯვება ჩვენმა გოლიათმა გუშინ იაპონელ მე-12 მაეგაშირა, ტენკაიჰოსთან იზეიმა. გაგამ საკმაოდ ჭკვიანურად წარმართა გუშინდელი ორთაბრძოლა და იაპონელი გოლიათი ჰატაკიკომით დასცა დოჰიოზე.

პასივში ჩვენებურს ისევ 7 მარცხი რჩება და როგორც გითხარით, თუკი კაჩი-კოშის გაფორმება სურს, ორივე ორთაბრძოლის მოგება მართებს.

პირველ მათგანს გაგა იაპონელ მე-15 მაეგაშირა, ტამაასუკასთან გამართავს დღეს, რომელსაც უკვე 8 მარცხი აქვს ბაშოზე და სავარაუდოდ, ჯურიოში დაქვეითებას ვერ აცდება. ჩვენი გოლიათი იაპონელს აქამდე 3-ჯერ შეხვედრია დოჰიოზე და აქედან 2-ჯერ დამარცხებული ყავს. მეორე მეტოქის ვინაობა მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ძალიან მიუახლოვდა თავის 27-ე საჩემპიონო ტიტულს მონღოლი იოოკოძუნა ჰაკუჰო, რომელმაც გუშინ თანამემამულე ოძეკი კაკურიუს სძლია და მე-12 მოგება მიითვალა ბაშოზე (13 შესაძლებლიდან). მისმა უახლოესმა მდევარმა, იაპონელმა ოძეკი კისენოსატომ კი მე-3 მარცხი იწვნია და უკვე 2 მოგებით ჩამორჩება “თეთრ ფენიქსს”. კისენოსატოს დამარცხება ამჯერად მისმა თანამემამულე სეკივაკე გოეიდომ შეძლო, რომელიც საკმაოდ კარგად გამოიყურება მიმდინარე ტურნირზე.

იაპონელი ოძეკი ჰაკუჰოსთან ჩამპიონობაში შეცილებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუკი იგი დარჩენილ ორივე ბრძოლას მოიგებს, ხოლო მონღოლი იოკოძუნა ორივეში დამარცხდება. ასეთ შემთხვევაში კისეს და ჰაკუჰოს თანაბარი 12-12 მოგება მოუგროვდებათ და აკი ბაშოს ჩემპიონის ვინაობას მათ შორის დანიშნული დამატებითი ორთაბრძოლა, იგივე კეტტეი-სენი გადაწყვეტს. თუმცა, ჯერ მანამდე კისემ განრიგით დანიშნულ მე-14 ტურის შერკინებაში უნდა დაამარცხოს “თეთრი ფენიქსი”, ხოლო დანარჩენ შესაძლებლობებზე მერე ვისაუბროთ.

მოკლედ, საკმაოდ საინტერესო ფინიში გველის ამ შაბათ-კვირას, ბაშოზე.

Hakuho

Day 14