ქართული ფეხბურთის მშვენება

საქართველოს ჩემპიონატი მაყურებლებს დიდი სანაობით რომ ვერ ანებივრებს, ამაზე მატჩების ხარისხი, ჩვეულებრივი მაყურებლების დასწრება და კიდევ არაერთი ფაქტი მეტყველებს. თუმცა, ყველაფერს პატარა ნათელი წერტილიც აქვს – გამონაკლისს არც უმაღლესი ლიგა წარმოადგენს. თბილისის „დინამოსა“ და ქუთაისის „ტორპედოს“ დაპირისპირება ყოველთვის ჩემპიონატის მშვენებად ითვლებოდა – ამ ორი გუნდის ყოველი შეხვედრა, როგორც მოედანზე, ისე ტრიბუნებზე, დაძაბულობის პიკს აღწევს და ორივე მხარეს თავისი ქალაქის გუნდის პრინციპული მეტოქის დამარცხების დიდი სურვილი აქვს. ამას თუნდაც შაბათს გამართული შეხვედრა ადასტურებს.

ჯამში „დინამოსა“ და „ტორპედოს“ შორის საქართველოს ჩემპიონატის ეგიდით 59 მატჩი ჩატარდა. აქედან 30 შეხვედრა თბილისელებმა მოიგეს, 14 მატჩი ფრედ დასრულდა, 15 თამაშში კი ქუთაისელებმა იმარჯვეს.

იმ სეზონში, როდესაც „ტორპედო“ უმაღლეს ლიგას დაემშვიდობა, ქუთაისში გამართული შეხვედრა თბილისელთა დამაჯერებელი გამარჯვებით, 5:0 დასრულდა. 2010 წელს უმაღლეს ლიგაში დაბრუნებულმა „ტორპედომ“ თბილისელებთან პირველ ოქტომბერს გამართული შეხვედრა ფრედ 1:1 დაასრულა, ბოლო წრეში თბილისში გამართულ მატჩში კი ქუთაისელებმა ანგარიშით 2:1 იმარჯვეს.

საინტერესო იყო 2011/12 წლების სეზონის შეხვედრები. იმ სეზონის დაწყების წინ „დინამოში“ დიდი ცვლილებები განხორციელდა – კლუბი რომან ფიფიამ შეიძინა და ამ პერიოდში მთავარი მწვრთნელის პოსტზე ალექს გარსიას დანიშვნასთან ერთად აღსანიშნავი ჩისკოს, მიკელ ალვაროს, ალბერტ იაგუესა და კოტოს ტრანსფერებიც იყო. ამ მოთამაშეებზე დიდ იმედს ამყარებდნენ, კლუბმა კი დიდი მიზნები დაისახა. იმ სეზონში „დინამო“ უეფას ევროპის ლიგის პლეიოფამდეც მივიდა, სადაც ათენის აეკ-თან დამატებით დროში გოლი გაუშვა და ევროპის რანგით მეორე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ჯგუფური ეტაპის მიღმა დარჩა.

„ქართულ კლასიკოდ“ წოდებული პირველი შეხვედრა იმ სეზონის ოქტომბერში შედგა, როდესაც გადატანილ მატჩში „ტორპედომ“ შინ ანგარიშით 2:1 გაიმარჯვა, თუმცა თვენახევარში თბილისურ შეხვედრაში „დინამოელებმა“ რევანში აიღეს და ანგარიშით 2:0 მოიგეს. იმავე სეზონში ქუთაისში შემდგარი მეორე შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა, მაისში კი „დინამო“ შინ მინიმალური ანგარიშით 0:1 დამარცხდა.

გამორჩეული გამოდგა 2012/13 წლების სეზონის მატჩები. თბილისელთა და ქუთათურთა პირველი შეხვედრა თბილისში, 18 აგვისტოს გაიმართა. უკვე მეშვიდე წუთზე სტუმრები ალექსანდრე კვახაძემ დააწინაურა, ოთხ წუთში კი დანიშნული პენალტით ანგარიში ჩისკომ გაათანაბრა. ზუსტად ერთ წუთში „ტორპედო“ კვლავ დაწინაურდა, ამჯერად თავი ელგუჯა გრიგალაშვილმა გამოიჩინა. ორწუთიან ინტერვალში ნიკოლოზ ფირცხალავას ორი ყვითელი ბარათის შემდეგ „ტორპედო“ კაცნაკლული დარჩა. სათქმელია, რომ იმ მატჩში ეს ერთადერთი გაძევება არ ყოფილა, ყველაზე საინტერესო მოვლენები მეორე ტაიმშიც მოხდა. „დინამოს“ აქტიურობამ და კარგმა თამაშმა მე-40 წუთზე შედეგი გამოიღო, როდესაც ჩისკომ დუბლი მიითვალა.

მეორე ნახევრის 73-ე წუთამდე ანგარიში უცვლელი იყო, შემდეგ კი თავი თბილისელთა მაშინდელმა კიდევ ერთმა ესპანელმა ლეგიონერმა მიკელ ალვარომ გამოიჩინა, რომელმაც შორეული დარტყმით თავისი გუნდი წინ გაიყვანა და, როგორც აღმოჩნდა, ტაბლოზე საბოლოო ანგარიში – 3:2 დააფიქსირა. ალვაროს გოლის შემდეგ სამ წუთში მეორე ყვითელი ბარათი გიორგი რეხვიაშვილმა მიიღო. 88-ე წუთზე ოთარ ხიზანეიშვილმა მეტოქე თამაშის წესის დარღვევით შეაჩერა, მსაჯმა კი ის ეპიზოდი ბოლო იმედის ჯარიმად შეაფასა და, შესაბამისად, „დინამოს“ მცველი გააძევა. რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ეს ბოლო წითელი ბარათი არ ყოფილა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მთავარ არბიტრს მეკარე თორნიკე ზარქუას გაძევებაც მოუწია, რომელსაც ქუთაისიდან ჩამოსულ ფანებთან შელაპარაკება მოუვიდა. საბოლოოდ, 8 კაცით დარჩენილმა „დინამომ“ 10-კაციან მეტოქეს პრინციპულ შეხვედრაში მოუგო.

დაძაბული ამ გუნდების მეორე წრის დაპირისპირებაც გამოდგა. ორ ნოემბერს გუნდები ერთმანეთს ქუთასში შეხვედნენ და თამაში ამჯერადაც უხვგოლიანი გამოდგა. 29-ე წუთზე ანგარიში ელგუჯა გრიგალაშვილმა გახსნა, რვა წუთში კი წონასწორობა ჯაბა დვალმა აღადგინა. მეორე ნახევარში „ტორპედო“ კვლავ დაწინაურდა, 53-ე წუთზე გრიგალაშვილმა დუბლი შეასრულა. ქუთათურები „დინამოს“ ესპანელმა ლეგიონერმა მიკელ ალვარომ ამჯერადაც დაამწუხრა – 68-ე წუთზე დანიშნული საჯარიმო დარტყმის მეტოქის ნახევრში ჩაწოდებულს სწორედ ესპანელი ნახევარმცველი გამოეხმაურა, რომელმაც ანგარიში გაათანაბრა. საბოლოოდ, იმ მატჩში ორივე გუნდი ერთმანეთს დაუზავდა.

როგორც შემდგომ გაირკვა, მატჩის მიმდინარეობისას „ტორპედოს“ რამდენიმე მხარდაჭერმა თბილისის „დინამოს“ ფანკლუბ „გლადიატორების“ ავტობუსს ქვები ესროლა.

იმ სეზონის მესამე „ქართული დერბი“ ისევ ქუთაისში შედგა, რომელიც კვლავ ფრედ დასრულდა. 29-ე წუთზე ანგარიში გიორგი ბერიაშვილმა გახსნა. პირველი ნახევრის დასრულებამდე 2 წუთით ადრე კი წონასწორობა ჩისკომ აღადგინა.

აღსანიშნავია, რომ ეს ჯერჯერობით ბოლო „ქართული დერბია“, რომელშიც „ტორპედო“ არ დამარცხებოდა. „დინამოს“ ქუთაისელებთან მოგებათა სერია იმ სეზონის ბოლო პრინციპული მატჩის შემდეგ დაიწყო. ოთხ მაისს უკვე გაჩემპიონებული დუშან უჰრინის ფეხბურთელები იმერლებს „დინამო არენაზე“ მასპინძლობდნენ, მატჩის შემდეგ კი უმაღლესი ლიგის თასი უნდა მიეღოთ, ასე რომ, პრინციპული მეტოქის დამარცხება ორმაგად სასიამოვნო უნდა ყოფილიყო.

ხსენებული თამაში მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო – უკვე მე-16 წუთზე უჰრინის გუნდი დვალის ჩინებული გოლით დაწინაურდა – თავდამსხმელმა რამდენიმე მცველი ელეგანტურად მოატყუა და არც მეკარის მოტყუება გაუჭირდა. მიკელ ალვარომ თავი ამჯერადაც გამოიჩინა – „დინამოს“ მაშინდელმა თერთმეტმა ნომერმა გოლი მე-40 წუთზე გაიტანა და თავისი გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა. ანგარიში 79-ე წუთამდე არ შეცვლილა, რის შემდეგაც დვალმა დუბლი შეასრულა. წერტილი კი 87-ე წუთზე პეტერ გრაიციარმა დასვა – „დინამომ“ მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხა და შეხვედრის შემდეგ მოედანზე შესულ ფანებთან ერთად ჩემპიონატის მოგებაც აღნიშნა.

იმ სეზონში თბილისელებმა 78 ქულა დააგროვეს და უახლოეს მდევარ გორის „დილას“ 10 ქულით აჯობეს.

2013/14 წლების სეზონის პირველი შეხვედრა მეტად საინტერესო გამოვიდა. მატჩის უკვე მე-3 წუთზე მსაჯმა „დინამოს“ ესპანელი მცველი უსტარიცი ბოლო იმედის ჯარიმის შემდეგ გააძევა – მთელი შეხვედრის განმავლობაში მასპინძლები უმცირესობაში თამაშობდნენ. ანგარიში კი 32-ე წუთზე სტუმრებმა თორნიკე კაპანაძის გოლით გახსნეს. აღსანიშნავია, რომ პირველი ტაიმის ბოლო „ტორპედოს“ კარის მიმართლებით პენალტი დაინიშნა, რომელიც ჯაბა დვალმა ვერ გამოიყენა. მანამდე კი, ორივე გუნდის ფანებს შორის შეტაკებაც მოხდა.

მეორე ტაიმში „დინამო“ ანგარიშით გათანაბრებას ცდილობდა, მიზანს კი მხოლოდ 78-ე წუთზე მიაღწია, როდესაც „ტორპედოს“ კარის მიმართულებით კვლავ პენალტი დაინიშნა. ამჯერად თერთმეტმეტრიანის ნიშნულთან ლევან ხმალაძე მივიდა, რომელიც, დვალთან შედარებით, ზუსტი აღმოჩნდა – 1:1. დარჩენილ დროში „დინამო“ შეტევას აგრძელებდა, ერთ-ერთი კარგი შანსი პატრიკ ვუოს ჰქონდა, რომლის დარტყმული მეკარე მაქსიმე ქვილითაიას კარს სულ მცირე მანძილით ასცდა. მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის პირველ წუთზე კუთხურის შემდეგ ძლიერი დარტყმით გიორგი გველესიანმა თავისი გუნდი დააწინაურა და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში – 2:1 დააფიქსირა. საბოლოოდ, 10 კაცით თამაშის მიუხედავად, „დინამომ“ აქტივში მნიშვნელოვანი 3 ქულა ჩაიწერა.

მეორე წრის მატჩი საზოგადოებისთვის საინეტერესო მის დაწყებამდეც იყო. „დინამომ“ ანგარიში სწრაფადვე გახსნა – მე-9 წუთზე თავისი გუნდი გიორგი პაპუნაშვილა დააწინაურა, 8 წუთში კი მეორე გოლი მერებაშვილმაც გაიტანა. 58-ე წუთზე შეხვედრა მოედანზე შეჭრილი „ტორპედოს“ ფანების გამო შეწყდა, რის გამოც მასპინძლებს ტექნიკური მარცხი – 0:3 ჩაეთვალათ.

მიმდინარე სეზონის პირველი მატჩი ამ გუნდებს შორის ქუთაისში შედგა. ანგარიში ამჯერადაც „ტორპედომ“ გახსნა – 28-ე წუთზე თავისი გუნდი თენგიზ ჩიკვილაძემ დააწინაურა. პირველი ნახევარი „ტორპეოდს“ გამარჯვებით, 1:0 დასრულდა. მეორე ტაიმში „დინამო“ ანგარიშის გათანაბრებას ცდილობდა, რასაც შედეგი 66-ე წუთზე მოყვა, როდესაც საჯარიმოს ხაზიდან ზუსტი დარტყმით ნიკა საბანაძე გამოირჩა, რომელმაც ათ წუთში მეორე გოლიც გაიტანა. აღსანიშნავია, რომ დუბლის ავტორმა ყოფილი გუნდის კარში არც ერთი გოლი არ აღნიშნა. მეტიც, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს საბანაძე კვლავ ქუთაისში დაბრუნდა.

გასულ შაბათს გამართული შეხვედრა, რომელიც „დინამომ“ ამჯერად 3:2 მოიგო, მიმდინარე სეზონის საუკეთესო შეხვედრად უნდა დასახელდეს. მატჩმა უბრალო მაყურებლის ინტერესიც მიიბყრო და ღრუბლიანი ამინდის მიუხედავად, არამხოლოდ „დინამო არენას“ ფანსქეტორები შეივსო (იხილეთ დაწვრილებით მიმოხილვა).

უშეღავათო ბრძოლა, თამაში ბოლო წუთამდე და მუდმივი დაძაბულობა – ასეთი დონის მატჩები საქართველოს ჩემპიონატში პროგრესის იმედსა და სტადიონზე სიარულის მიზეზს უნდა გვაძლევდნენ. გადახედეთ თუნდაც შეხვედრების ფოტო და ვიდეო მიმოხილვებს, დასკვნები კი თავად გამოიტანეთ.

პაპუნაშვილი: “ჩენპიონობისთვის ბოლო ტურამდე ვიბრძოლებთ”

როგორც იცით, გუშინ “დინამო არენაზე” უმაღლესი ლიგის 26-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა გაიმართა, სადაც ადგილობრივმა “დინამომ” პრინციპული მეტოქე, ქუთაისის “ტორპედო” მინიმალური ანგარიშით, 3:2 დაამარცხა.

Fanebi.Com დაუკავშირდა თბილისის “დინამოს” 19 წლის შემტევს და ზემოთაღნიშნულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით გაესაუბრა.

– გამარჯობა გიორგი. გილოცავ გუშინდელ მატჩში მოპოვებულ ძალიან მნიშვნელოვან სამ ქულას. როგორ შეაფასებდით დაპირისპირებას?

– გაიხარეთ, დიდი მადლობა. თანაგუნდელებს მადლობას ვუხდი თავდაბდებისთვის. რაც შეეხება თამაშს, ვფიქრობ, ყველამ მაქსიმუმი გავაკეთეთ და გამარჯვებაც დავიმსახურეთ.

– ამჟამად, სატურნირო ცხრილში “დინამო” მესამე ადგილს იკავებს და პირველადგილოსან “დილას” ოთხი ქულით ჩამორჩება. რა იქნება მიმდინარე სეზონში გუნდის მთავარი მიზანი?

– მანამ, სანამ მცირე შანსიც კი იქნება, ჩემპიონობისთვის ბოლო ტურამდე ვიბრძოლებთ. იცით, რომ გუნდი თასის ფინალშია. ამ ტიტულის მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ.

– ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე გუნდში ბევრი ახალი ფეხბურთელი მოვიდა. არის თუ არა თანაგუნდელებს შორის შეთამაშების პრობლემა და როგორი ურთიერთობა გაქვს მათთან?

– “დინამო” მიმდინარე სეზონში ბევრმა ფეხბურთელმა დატოვა, მათი უმეტესი ნაწილი კი ძალიან გამოცდილი იყო. გამოცდილი ფეხბურთელების წასვლა პრობლემას წარმოადგენს, მაგრამ ვფიქრობ, ახალი “დინამო” აუცილებლად მოიტანს შედეგს და თავის სიტყვას იტყვის ევროტურნირებზე. ამას დრო და მოთმინება სჭირდება. რაც შეეხება ფეხბურთელებთან ურთიერთობას, ყველაფერი იდეალურადაა.

ლაშა თოთაძემ “ტორპედოს” 35 მეტრიდან ულამაზესი ჯარიმა გაუტანა [ვიდეო]

დღეს საქართველოს ჩემპიონატის 26-ე ტურში თბილისის “დინამომ” პრინციპული მეტოქე ქუთაისის “ტორპედო” 3:2 დაამარცხა.

მაშინ, როდესაც ანგარიში 0:1 იყო, მასპინძელთა კაპიტანმა, ლაშა თოთაძემ წონასწორობა ბრწყინვალე გოლით აღადგინა, რომელიც 35 მეტრიდან გაიტანა.

გოლის ეპიზოდი იხილეთ 0:10 წუთიდან:

„დინამომ“ „ვიტ ჯორჯიას“ უპრობლემოდ სძლია

საქართველოს უმაღლესი ლიგის 24-ე ტურში თბილისის „დინამომ“ „ვიტ ჯორჯიას“ უმასპინძლა და აუტსაიდერი უპრობლემოდ, ანგარიშით 3:0 დაამარცხა.

მე-14 წუთზე მეტოქის საჯარიმოში შესულ პაპუნაშვილს ანგარიშით გახსნა არ გასჭირვებია – 1:0. ორ წუთში მაპსინძლებმა კიდევ ერთხელ შეუტიეს, ამჯერად კიტეიშვილის დარტყმა „ვიტელთა“ კარს ასცდა. „დინამოელები“ შეტევას აგრძელებდნენ, რასაც შედეგი 42-ე წუთზე მოჰყვა, როდესაც თავისი გუნდის უპირატესობა ორამდე მათე ცინცაძემ გაზარდა. პირველი ნახევარი ანგარიშით 2:0 დასრულდა.

მეორე 45 წუთში სიტუაცია არსებითად არ შეცვლილა – გოგიჩაიშვილის ფეხბურთელები შეტევებს აგრძელებდნენ, „ვიტელები“ კი მათ წინააღმდეგობას ვერ უწევდნენ. სტუმართა მხრიდან აღსანიშნავი ამ პერიოდში მხოლოდ 58-ე წუთზე ბადრი დემეტრაშვილის ჩაწოდებაა. 70-ე წუთზე პირველი გოლის ავტორმა გიორგი პაპუნაშვილმა მარჯვენა ფლანგზე ბურთი მიიღო და უძლიერესი დარტმით მეკარე ჯონი შერიოზია უშანსოდ დატოვა და დუბლიც შეასრულა – 3:0. დარჩენილ დროში ტემპი კიდევ უფრო დაეცა – ბურთს კვლავ „დინამო“ ფლობდა. 90-ე წუთზე ტაბატაძის სახიფათო დარტმული შეროზიამ კუთხურზე გაგზავნა.

საბოლოოდ 3:0 და ამ გამარჯვებით თბილისელებმა 47 ქულა დააგროვეს, რითაც ბათუმის „დინამოს“ ორი ქულით გაუსწრეს.

„დინამო“ – „ვიტ ჯორჯია“ 3:0

გოლები: პაპუნაშვილი 14′, 70′, ცინცაძე 42′

„დინამო“: ჰრდლიჩკა, კაკაბაძე (ტაბატაძე 74′), თთაძე, ფერეირა, შერგელაშვილი, ცინცაძე, პარუნაშვილი, პაპუნაშვილი, კიტეიშვილი (ბუკორაცი 64′), ჭანტურიშვილი, ონვუ (ლობჟანიძე 67′)

„ვიტ ჯორჯია“: შეროზია, თათხაშვილი, კალანდია, გეთიაშვილი, მაისურაძე, დავლაშელიძე, კურდღელაშვილი (ლებანიძე 82′), გახატია, დემეტრაშვილი (კახაბრიშვილი 73′), საბაძე, ლოგჯანიძე (დადიანი 87′)

გაფრთხილებები: პაპუნაშვილი 70′ – კურდღელაშვილი 75′

დინამოელებმა 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკეს

დინამო თბილისი ხელმძღვანელობით და სრული შემადგენლობით, ასევე აკადემიის ხელმძღვანელობა და ჭაბუკი ფეხბურთელები 9 აპრილის მემორიალთან მივიდნენ. დინამოელებმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკეს. იქ მისულ დინამოელებს მემორიალთან გლადიატორებიც დახვდნენ, რომლებმაც თავის მხრივ პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.

fcdinamo.ge

ონვუმ ვარჯიში დაიწყო

როგორც Fanebi.com-ისთვის გახდა ცნობილი, თბილისის „დინამოს“ ესპანელმა თავდამსხმელმა მანუელ ონვუმ ვარჯიში განაახლა.

სავარაუდოდ, 27 წლის ფეხბურთელი მოედანზე ორ კვირაში – 19 აპრილს დაბრუნდება, როდესაც „ლურჯ-თეთრები“ „დინამო არენაზე“ „ვიტ ჯორჯიას“ მიიღებენ.

შეგახსენებთ, რომ ონვუ „დინამოში“ იანვარში „ოსასუნადან“ გადავიდა და ამ პერიოდში უმაღლეს ლიგაში სამი გოლით გამოირჩა.

გოგიჩაიშვილი: „დინამომ“ ღირსეულად მოიგო“

„დინამო“ – „დილას“ მატჩი თბილისელთა თავკაცმა კახი გოგიჩაიშვილმაც შეაფასა.

„მეც იმის აღნიშვნა მინდა, რომ შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოდგა. ვცდილობდით, მაქსმალურად ყურადღებით გვეთამაშა. შედეგად, გოლი არ გაგვიშვია. ვფიქრობ, ნახევარფინალში დამსახურებულად გავედით.

არამოგნია, შეტევაში პრობლემები გვქონდეს. გოლებს, თუ არა გოლს, თითქმის ყველა შეხვედრაში ვიტანთ. ჩემპიონატში, ამ მხვრივ, საუკეთესო მაჩვენებელი გვაქვს“, – განაცხადა „ლურჯ-თეთრების“ თავკაცმა.

სოსიაშვილი: „მეტოქეს ჩვენზე მეტი მომენტი არ შეუქმნია“

„დინამოსა“ და „დილას“ საპასუხო სათასო მატჩის შემდეგ „დინამო არენას“ საპრესკონფერენციო დარბაზში გორელთა თავკაცმა უჩა სოსიაშვილმა მატჩი შეაფასა.

„პირველ რიგში, ვიტყვი, რომ შეხვედრა საინტერესო გამოდგა. რაც შეეხება პირველ ტაიმს, ორივე გუნდი საკუთარ ნახევარზე თამაშს ცდილობდა. გოლი უწყინარ სიტუაციაში გავუშვით. სამწუხაროა, რომ დავმარცხდით – მეტოქეზე მეტი მომენტი შევქმენით. „დინამოს“ გაუმართლა. ამ გუნდს ვულოცავ და წარმატებას ვუსურვებ.

ზამთარში გამოცდილი თავდამსხმელის დამატება გვსურდა, მაგრამ ფინანსების გამო ეს ვერ მოხერხდა. რაც შეეხება ირაკლი ძარიას, იგი სულ მალე ვარჯიშს დაიწყებს და ორ კვირაში შემოგვიერთდება“, – განაცხადა სოსიაშვილმა.

„დინამო“ თასის ნახევარფინალში გავიდა

დღეს ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ თბილისის „დინამოსა“ და გორის „დილას“ შორის საქართველოს თასის განმეორებით 1/4-ფინალური მატჩი გაიმართა.

შეხვედრა ინტერესს არაერთი მიზეზის გამო იწვევდა. მათ შორის მთავარი, რა თქმა უნდა, ისაა, რომ ჩემპიონატში „დინამო“ პირველ ადგილზე იმყოფება და გორელებს მხოლოდ ერთი ქულით უსწრებს. გარდა ამისა, პირველი შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. ორივე გუნდი თამაშს დანაკლისით ხვდებოდა – „მტკვრისპირელთა“ რიგებიდან, პირველ რიგში, კაპიტან ნიკა ჭანტურიას გამოყოფა შეიძლება. „ზესტაფონთან“ ჩემპიონატის შეხვედრაში ჭანტურიამ მენისკის ტრავმა მიიღო. გამორიცხული არ არის, მცველმა შემდეგი სეზონის დასაწყისშიც ვერ ითამაშოს. ასევე „ლურჯ-თეთრებს“ ტრავმების გამო შერგელაშვილი და პაპუნაშვილი დააკლდნენ, დისკვალიფიკაციის გამო კი პარუნაშვილმა ვერ ითამაშა. „დილას“ კვლავ ძარია აკლდა, რომელსაც ახალ გუნდში ჯერ არ უთამაშია. ასევე ტრავმის გამო შეხვედრას მოდებაძე ტოვებდა.

მატჩის დასაწყისშივე „დილასთვის“ კარგი ეპიზოდი შეექმნა – მე-11 წუთზე ნიკა კვეკვესკირმა სახიფათოდ დაარტყა, თუმცა ძლიერ დარტყმულს ლიბორ ჰრდლიჩკა გაუმკლავდა. 11 წუთში კი სახიფათო ეპიზოდი უკვე გორელთა კართან შეიქმნა – მარცხენა ფლანგიდან მანუელმა ჭანტურიშვილს პასი გაუკეთა, ამ უკანასკნელის გვერდით კი ოთარ კაკაბაძე აღმოჩნდა, რომელიც ჭანტურიშვილმა საგოლე გადაცემით მოამარაგა. პირველი ნახევარი ამ ანგარიშით დასრულდა.

მეორე ტაიმის უფრო დაძაბული გამოდგა, თუმცა ანგარიში არ შეცვლილა.70-ე წუთზე გიორგი გველესიანის ძლიერი დარტყმის აღნივნა შეიძლება, მაგრამ მიგინეიშვილის კარი ძელმა გადაარჩინა. შეხვედრის ბოლოს მომენტები სტუმრებსაც ჰქონიათ, მაგრამ მასპინძლებმა თავისთვის სასარგებლო ანგარიშით შენარჩნება მაინც შეძლეს. 1:0 და თბილისელები ნახევარფინალში არიან!

დინამო  – დილა 1:0

გოლი: 1:0 კაკაბაძე 22’

„დინამო“: ჰრდლიჩკა, გველესიანი, რენე, თოთაძე,  კაკაბაძე, ბუკორაცი (ჯანელიძე 52′), ჭანტურიშვილი, ცინცაძე, კიტეიშვილი, ლობჟანიძე (ჯიღაური 83), მანუელი (ჩირგაძე 62)

„დილა“: მიგინეიშვილი, ბაგაევი, მარიჩი (წიქარიძე 87), კვახაძე, ფალავანდიშვილი, ხურცილავა, გვალია, თექთურმანიძე (ერისთავი 55′), სეთურიძე, კვეკვესკირი (ახალკაცი 82′), გორელიშვილი

გაფრთხილებები: თოთაძე, მანუელი, ხურცილავა – ბაგაევი

გაძევება: ფალავანდიშვილი

დინამო-დილა_7063753

 

ოთარ კიტეიშვილი _759070535

 

დინამო-დილა_70637535

 

ოთარ კიტეიშვილი _75907095

 

დინამო-დილა_7063524324

დინამოს ახალი აღმასრულებელი დირექტორი ჰყავს

საფეხბურთო კლუბ დინამო თბილისში საკადრო ცვლილებების შედეგად- ნიკოლოზ ჯღარკავა კლუბის აღმასრულებელი დირექტორის პოსტს დაიკავებს.

იგი დინამოს სტადიონზე 2006 წლიდან მუშაობს, 2011- დან კი ქვეყნის მთავარ სპორტულ არენაზე დირექტორის რანგში მოღვაწეობს.

დღეიდან ის დინამო თბილისის აღმასრულებელი დირექტორია და კლუბის საქმეებსაც გადაიბარებს.

ლევან ზუხბაია კი, რომელიც კლუბის დირექტორი გახლდათ, ტექნიკური დირექტორის პოსტს დაიკავებს.

FCDinamo.GE

“დინამოს” მეხუთე მეტოქე პოლონური კორონა

დინამო შეკრებაზე მეხუთე სპარინგს პოლონეთის ექსტრაკლასას წარმომადგენელ- კელცეს კორონასთან გამართავს, რომელიც ჩემპიონატში მე- 14 პოზიციაზე იმყოფება. გუნდი 1973 წელს დაარსდა. კორონამ პოლონეთის ელიტარულ დივიზიონში თამაშის უფლება პირველად 2005 წელს მოიპოვა და პირველივე სეზონი უძლიერესთა შორის  მე- 5 ადგილზე დაასრულა. ჩვენმა მომავალმა მეტოქემ 2007 წელს პოლონეთის თასის ფინალში ითამაშა. კორონას საშინაო არენა Stadion Miejski Kielce 15 550 მაყურებელს იტევს, გუნდის სათამაშო ფორმა კი წითელ და ყვითელ ფერებშია გადაწყვეტილი. პოლონეთის ჩემპიონატის შეხვედრას კორონა 16 თებერვალს გამართავს.

შეკრებაზე პოლონელებმა რამდენიმე მატჩი გამართეს. ბოლო შეხვედრაში 3 თებერვალს რუმინულ იასისთან ფრედ 1:1 ითამაშეს. 31 იანვარს დინამოს უკანასკნელ მეტოქესთან უზბეკურ ნასაფთან 0:2 წააგეს. მანმადე კი ლუგანსკის ზარიას მოუგეს 2:0. დინამო-კორონას მატჩი 6 თებერვალს თბილისის დროით 19.00 საათზე დაიწყება.

FCDinamo.GE

„დინამომ“ თურქულ შეკრებაზე პრაღის „სპარტასთან“ წააგო

თურქეთში შეკრებაზე მყოფმა თბილისის „დინამომ“ რამდენიმე წუთის წინ პრაღირს „სპარტასთან“ საკონტროლო შეხვედრა დაასრულა. მატჩი ჩეხური კლუბის გამარჯვებით 3:1 დასრულდა.

ანგარიში 30-ე წუთზე ნახევარმცველმა შალამ გახსნა. პირველი ნახევარი ანგარიშით 1:0 დასრულდა. თბილისელებმა ანგარიში მეორე ნახევრის მეოთხე წუთზე გაათანაბრეს – თავი გუნდის ახალწვეულმა მანუელომ გამოიჩინა. სამწუხაროდ, დარჩენილ დროში „დინამოელებმა“ ორი გოლი მიიღეს. 53-ე წუთზე გოლი კრეჟციმ გაიტანა, 74-ე წუთზე კი თბილისელთა კარი ბორეკ დოკალმა გაიტანა.

ამრიგად, თბილისელებმა თურქეთში მეორედ წააგეს. შეგახსენებთ, რომ გრაცის „შტურმთან“ „დინამომ“ ფრედ 1:1 ითამაშა, ხოლო პოლტავას „ვორსკლასთან“ ანგარიშით 0:1 წააგო.

შემდეგ მატჩს „ლურჯ-თეთრები“ ექვს თებერვალს ჩაატარებენ, მათი მეტოქე სლოვენიის „დომჟალე“ იქნება.