დინამოს სპარინგები

დინამოელები 26 იანვრიდან 10 თებერვლამდე ანთალიაში მოემზადებიან. გუნდი თურქეთში რამდენიმე ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. შეკრებაზე ჩვენი გუნდის სავარაუდო მეტოქეები იქნებიან.

28 იანვარი – შტურმი (გრაცი, ავსტრია)
30 იანვარი – ვორსკლა (პოლტავა, უკრაინა)
3 თებერვალი – სპარტა (პრაღა, ჩეხეთი)
6 თებერვალი – დომჟალე (დომჟალე, სლოვენია)
9 თებერვალი – ილიჩევეცი (მარიუპოლი, უკრაინა)

FCDinamo.GE

პირველი წრის შეჯამება – თბილისის „დინამო“

Fanebi.com საქართველოს უმაღლესი საფეხბურთო ლიგის პირველი ნახევრის შეჯამებას ასრულებს. დღეს გათამაშების ცხრილის ამჟამინდელ ლიდერ თბილისის „დინამოზე“ ვისაუბრებთ.

თავიდანვე „დინამოელთა“ სტარტი საინტერესო უნდა ყოფილიყო. შეიძლება ითქვას, ზაფხულში კლუბში რევოლუციური ცვლილებები განხორციელდა – „აკტობესთან“ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდიდან გავარდნის შემდეგ გუნდი ბევრმა ფეხბურთელმა დატოვა, მათ შორის გიორგი ლორია, გიორგი მერებაშვილი და ელგუჯა გრიგალაშვილი იყვნენ. წასული მოთამაშეების ადგილი კი ახალგაზრდა ფეხბურთელებმა დაიკავეს. შეიცვალა გუნდის მთავარი მწვრთნელიც, მიხაელ ბილეკი კახა გოგიჩაიშვილმა შეცვალა. როგორც „მტკვრისპირელთა“ პრეზიდენტმა, რომან ფიფიამ განაცხადა, ყველა ეს ცვლილება ახალ გეგმას ემსახურება, რომელიც კლუბის გაახალგაზრდავებაზეა გათვლილი.

ჩემპიონატი თბილესელებმა საკმაოდ კარგად დაიწყეს. საწყის სამ ტურში „დინამომ“ „სამტრედია“, „სიონი“ და „ზესტაფონი“ დაამარცხა. დედაქალაქელთა წაუგებელი სერია რუსთავში შეწყდა, სადაც „დინამომ“ „მეტალურგთან“ ანგარიშით 3:0 წააგო. თუმცა, ამას შვიდმატჩიანი წაუგებელი სერიაც მოჰყვა, რომლის დროსაც „დინამომ“ ხუთჯერ გაიმარჯვა, ორი შეხვედრა კი გატანილი გოლების გარეშე დაასრულა – თბილისელებს გორის „დილა“ და მარტვილის „მერანი“ დაუზავდნენ. აღსანიშნავი იყო ცხინვალის „სპარტაკთან“ ანგარიშით 6:1 მოგებული მატჩი, გუნდთან, რომელიც ამჟამად მეოთხე ადგილს იკავებს. საინტერესო გამოდგა თბილისელთა მატჩში პრინციპულ მეტოქე ქუთაისის „ტორპედოსთან“, რომელიც გოგიჩაიშვილის ფეხბურთელებმა გასვლაზე ანგარიშით 2:1 დაამარცხეს.

სამწუხაროდ, თბილისელებს პირველი წრის მეორე ნახევარი არც თუ ისე წარმატებული გამოუვიდათ, რაც სატურნირო ცხრილში არსებულ ვითარებაზეც აისახა. „ტორპედოსთან“ გამარჯვების შემდეგ დედაქალაქელები შინ ბათუმის „დინამოსთან“ მინიმალური ანგარიშით 0:1 დამარცხდნენ. ერთადერთი გოლი იმ მატჩში უკვე მესამე წუთზე გელა გოგიტიძემ გაიტანა. ჩემპიონატში ამის შემდეგ „დინამო“ გასვლაზე „ზუგდიდს“ შეხვდა და რთულ მატჩში 70-ე და 87-ე წუთებზე პარუნაშვილისა და ჩისკოს გოლებით მეტოქეს ანგარიშით 2:1 სძლია. თითქოს, ამის შემდეგ თბილისურ კლუბს დარჩენილ ორ მატჩში უკეთესად უნდა ეთამაშა, მაგრამ „დინამოელებმა“ ჯერ შინ „გურიასთან“ 1:2 წააგეს, შემდგომ კი გასვლაზე „ჩიხურასთან“ 0:1 დამარცხდნენ.

„გურიასთან“ მატჩში „ლურჯ-თეთრები“ საგრნობ უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა ამის მიუხედავად, აქტივში ქულის მომატება ვერ შეძლეს. იმ შეხვედრაში ანგარიში 42-ე წუთზე „დინამოს“ ექს-კაპიტანმა, დღეს კი „გურიას“ მოთამაშემ, ალექსანდრე კოშკაძემ გახსნა. თუმცა, ტაიმის ბოლო წუთზე მარცხენა ფლანგიდან ლაშა შერგელაშვილმა ძლიერად დაარტყა და მეტოქის კარში ლამაზი გოლი გაიტანა. მეორე ნახევრის მეორე წუთზევე მასპინძლებმა მეორე გოლი გაუშვეს – თავი კობა შალამბერიძემ გამოიჩნა, რომელიც ამ მატჩში თავისი გუნდის რიგებში საუკეთესო იყო.

გაცილებით რთული გამოდგა „ჩიხურასთან“ გასვლითი მატჩი, რომლის ერთადერთი გოლი 44-ე წუთზე თორნიკე მუმლაძემ გაიტანა. აღსანიშნავია, რომ იმ შეხვედრის მეორე ნახევარში ჩისკომ გოლი გაიტანა, რომელიც მსაჯმა საეჭვო თამაშგარიდან არ ჩათვალა.

რამდენიმე დღის შემდეგ „დინამო“ „ჩიხურას“ სუპერთასზეც შეხვდა და იმ მატჩში ერთადერთი გოლი დამატებით დროში ჩისკომ გაიტანა, რომლისთვისაც „ლურჯ-თეთრთა“ რიგებში ეს ბოლო მატჩი აღმოჩნდა. მოგვიანებით, ესპანელი სამშობლოში დაბრუნდა, სადაც რანგით მესამე ლიგაში მოასპარეზე „ჰიმნასტიკში“ გადაბარგდა. კლუბი ასევე ირაკლი ძარიამ, ომარ მიგინეიშვილმა და ნიკა საბანაძემ დატოვეს.

გატანილი გოლების მაჩვენებლით, საუკეთესო გიორგი პაპუნაშვილი იყო, რომელმაც პირვერ წრეში მეტოქეთა კარი შვიდჯერ აიღო.

პირველი წრის შემდეგ „დინამოს“ მონაგარი 29 ქულას შეადგენს. ამჟამად თბილისელები უახლოეს მდევარ გორის „დილას“ მხოლოდ 1 ქულით უსწრებენ.

სათქმელია, რომ მიმდინარე სატრანფერო ფანჯრის დროს კლუბმა სლოვენიელი მეკარე ლიბორ ჰრდლიჩკა დაიმატა, რომელიც აქამდე უკრაინულ ზაპოროჟიეს „მეტალურგში“ თამაშობდა. სულ მალე თბილისელები თურქეთში გაემგზავრებიან, სადაც სეზონის მეორე ნახევრისთვის მზადებას გააგრძელებენ და რამდენიმე ამხანაგურ მატჩსაც ჩაატარებენ.

თბილისის „დინამოს“ პრეზიდენტის საახალწლო მილოცვა

თბილისის „დინამოს“ პრეზიდენტმა რომან ფიფიამ კლუბის ოფიციალური საიტის დახმარებით გულშემატკივრებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა:

„ახალი წელი თავისთავად განსაკუთრებული დღესასწაულია, რომელიც ყოველთვის დაკავშირებულია სიახლის მოლოდინთან და იმედთან, რომ რაღაც უკეთესობისკენ შეიცვლება.

მინდა ყველას მოგილოცოთ ახალი 2015 წელი!

ყველა თაობის დინამოელს, დინამოს აკადემიის პატარებს, მათ მშობლებს, მწვრთნელებსა და პერსონალს, ვეტერანებს, ჩვენი საყვარელი გუნდის ფანებს, სხვადასხვა თაობის ერთგულ ქომაგებს და მთელ საქართველოს მინდა გისურვოთ წარმატებები, სურვილების ასრულება,სიხარული, სიმშვიდე და ჯანმრთელობა.
ბედნიერი შობა-ახალი წელი!“, – ნათქვამია განცხადებაში.

კვარაცხელია: „დინამომ“ მოგება დაიმსახურა“

„დინამოსა“ და „სოხუმის“ მატჩის დასრულების შემდეგ სპორტკომპლექს არენას საპრესკონფერენციო დარბაზში ორივე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მატჩი შეაფასა.

ირაკლი ხოშტარია („დინამოს“ თავკაცი): „პირველ რიგში დამდეგ შობა-ახალ წელს გილოცავთ, მინდა, როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე თქვენს საქმიანობაში წარმატება გისურვოთ.

დღეს წლის ბოლო თამაში იყო. უკვე აღვნიშნე, რომ წინა თამაშები არც თუ ისე სახარბიელოდ ჩავატარეთ. წინა ტურში წავაგეთ, თასის შეხვედრაშიც დამაჯერებლად ვერ ვითამაშეთ. დღეს მობილიზება მოვახერხეთ და გავიმარჯვეთ. სეზონის პირველი ნახევარი პირველ ადგილზე დავასრულეთ, რის გამოც ჩემი ბიჭების მადლიერი ვარ.

არ გამოვყოფ რომელიმე კონკრეტულ მოთამაშეს, თუმცა გუნდის კაპიტნის მიმართ საქებ სიტყვებს მაინც ვიტყვი. იგი მნიშვნელოვან როლს როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ ასრულებს. იმედია, მეორე წრეში სხვა მოთამაშეებიც მოუმატებენ, მათ საამისოდ ნიჭი გააჩნიათ.

დღეს უპირტესობა უკვე მეორე ათ წუთში მოვიპოვეთ, რის შემდეგ თამაშის შანსი სხვა მოთამაშეებსაც მივეცი.

მოსულ გულშემატკივრებს დღეს მხარდაჭერისთვის მადლობა მინდა გადავუხადო“.

ირაკლი ხოშტარია_6086646

ვაჟა კვარაცხელია („სოხუმის“ მთავარი მწვრთნელი): „დინამოს“ გამარჯვებას ვულოცავ. დღეს ამ გუნდის მოგება ლოგიკური იყო. 5-5-ზე კალათბურთი დიდი ხანი არ გვითამაშია. ვარჯიში 6-კაციანი შემადგენლობით მოგვიწია. ცუდი პირველი ნახევარი გვქონდა. დასვენების პერიოდში ახალი კალათბურთელების დამატებაზე უნდა ვიფიქროთ“.

ვაჟა კვარაცხელია_9568545

„დინამომ“ „სოხუმი“ უპრობლემოდ დაამარცხა

დღეს, სპორტკომპლექს „არენაში“, საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის 2014 წლის ბოლო მატჩში ერთმანეთს თბილისის „დინამო“ და „სოხუმი“ დაუპირისპირდნენ. შეხვედრა თბილისელთა დამაჯერებელი გამარჯვებით, 104:78 დასრულდა.

გიორგი ორმოცაძე_97646

პირველი მეოთხედი დინამოელებმა 6 ქულით – 22:14 მოიგეს. მეორე მეოთხედში კი ირაკლი ხოშტარიას კალათბურთელებმა მეტოქეს 14 ქულით აჯობეს (26:12). საბოლოოდ, დიდი შესვენების წინ „დინამო“ 48:26 იგებდა.

დინამო-სოხუმი_605664

დინამო-სოხუმი_6077766

მეორე ნახევარში სოხუმელებმა მეტოქეს, ასეა თუ ისე, წინააღმდეგობა გაუწიეს. მესამე მეოთხედი „სოხუმმა“ მხოლოდ ერთი ქულით დათმო (30:31), ბოლო ათ წუთში კი „დინამომ“ 3 ქულით იმარჯვა.

საბოლოოდ, 104:78 და „დინამო“ ახალ წელს სუპერლიგის ლიდერის სტატუსით ხვდება.

დინამო-სოხუმი_6056556

ბესიკ ლეჟავა_9057464

„დინამო“ – „სოხუმი“ 104:78 (22:14, 26:12, 31:30, 25:22)

„დინამო“: ლონდარიძე (25 ქ. 7 მ. 3 ა.), ლეჟავა (19 ქ. 5 მ. 6 ა.), ვახანია (18 6 მ. 5 ა.), გამყრელიძე (13 ქ. 3 მ. 7 ა.), მათიაშვილი (12 ქ. 1 მ.)

„სოხუმი“: ფარღალავა (18 ქ. 3 მ. 5 ა.), შვანგირაძე (18 ქ. 1 მ.), ბააკაშვილი (9 ქ. 5 მ. 4 ა.), პერიაშვილი (7 ქ. 13 მ. 1 ა.), დვალიშვილი (7 ქ. 3 მ. 1 ა.)

ლაშა ფარღალავა_958454

ილია ლონდარიძე_076665

დინამოს აკადემიის U-8 გუნდი

ვიტალი დარასელიას სახელობის დინამო თბილისის საფეხბურთო აკადემიის 2006 წელს დაბადებულ ბავშვთა გუნდმა, რომლის მთავარი მწვრთნელიც სოსო ჭიკაძე გახლავთ, მორიგი ვარჯიში გამართა. დინამოელებმა ელიტ ლიგის პირველი წრე დაასრულეს. 11 ჩატარებული მატჩიდან დედაქალაქელებმა 7 გამარჯვება მოიპოვეს სამჯერ ფრედ ითამაშეს და ერთხელ დამარცხდნენ. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი 50/12. 24 ქულა და მეოთხე ადგილი სატურნირო ცხრილში. დინამო TV პატარა დინამოელების ვარჯიშს დაესწრო და გუნდის მთავარ მწვრთნელს გაესაუბრა.

FCDinamo.GE

ვლადიმერ გუცაევი – 62

დღეს ჩვენი კლუბის ლეგენდარული ფეხბურთელი– ვლადიმერგუცაევი 62 წლის გახდა. ბატონი ვოვა დინამოს ფერებს 1971- დან 1986 წლამდე იცავდა. ჩვენი კლუბის შემადგენლობაში ჩაატარა 438 მატჩი (რეკორდი დინამოს რიგებში) და გაიტანა 83 გოლი. არის საბჭოთა კავშირის ჩემპიონი 1978, პირველობის მეორეადგილოსანი 1977 და ხუთგზის ბრინჯაოს მფლობელი 1971, 1972, 1976 (გაზ-შემ), 1981. ბროლის თასის 2- გზის გამარჯვებული 1976, 1979 და ვერცხლისმედალოსანი 1980. 6-ჯერ დასახელდა 33 საუკეთესო ფეხბურთელს შორის. 1972, 1978, 1979 წლებში პირველ ნომრად, ხოლო 1976, 1977, 1981 წლებში მეორე ნომრად. 1981 წლის ევროპის თასების მფლობელთა თასის გამარჯვებული. სსრკ– ს ნაკრებში ჩატარებულ  11 შეხვედრაში გაიტანა 1 გოლი. 1976 წლის ევროპის ახალგაზრდული პირველობის ჩემპიონი. არის სპორტის დამსახურებული ოსტატი.

დინამოელები ვულოცავთ ბატონ ვოვას 62 წლის იუბილეს, ჯანმრთელობას და ბედნიერებას ვუსურვებთ მას.

FCDinamo.GE

თბილისის „დინამოს“ ექს-თავკაცი მინსკის „დინამოში“ იმუშავებს

გუშინ მინსკის „დინამომ“ ახალი მთავარი მწვრთნელი წარადგინა.

ამიერიდან ბელორუსულ კლუბს თბილისის „დინამოს“ ყოფილი დამრიგებელი დუშან უჰრინ-უმცროსი უხელმძღვანელებს. ჩეხ სპეციალისტთან მინსკელებმა ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმეს.

შეგახსენებთ, რომ დუშან უჰრინ-უმცროსი თბილისის „დინამოს“ სათავეში 2012 წლის ზაფხულში ჩაუდგა. საქართველოში მუშაობის პერიოდში „მტკვრისპირელებთან“ ერთად მან საქართველოს ჩემპიონატი და საქართველოს თასი მოიგო. 2013 წლის მიწურულს უჰრინი სათავეში „ვიქტორია პლზენს“ ჩაუდგა, საიდანაც მიმდინარე წლის აგვისტოში გაუშვეს.

ჩისკო ესპანეთის მესამე ლიგის გუნდში გადავიდა

თბილისის „დინამოს“ უკვე ყოფილი ნახევარმცველი ჩისკო მუნიოსი ესპანეთის სეგუნდა B-ს მესამე ჯგუფში მოასპარეზე ტარაგონას „ჰიმნასტიკში“ გადაბარგდა.

როგორც კლუბის ოფიციალური საიტი წერს, მხარეებმა კონტრაქტი 2016 წლამდე გააფორმეს. ოფიციალურად ჩისკოს ახალ კლუბში სამშაბათს, ადგილობრივი დროით, 12 საათსა და 30 წუთზე წარადგნენ.

ამჟამად „ჰიმნასტიკი“ 29 ქულით გათამაშების ცხრილის მესამე ადგილზე იმყოფება და პირველ ადგილზე მყოფ „ჰერკულესს“ მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება.

შეგახსენებთ, რომ ჩისკო „დინამოში“ 2011 წლის ზაფხულში გადაბარგდა და ამ პერიოდში თბილისურ კლუბთან ერთარ ორჯერ საქართველოს ჩემპიონი, ორჯერ საქართველოს თასისა და ერთხელ ქვეყნის სუპერთასის გამარჯვებული გახდა. „ლურჯ-თეთრების“ მაისურით თავისი ბოლო მატჩი ესპანელმა 11 დეკემბერს ჩაატარა, როდესაც „დინამო“ სუპერთასის შეხვედრაში საჩხერის „ჩიხურას“ შეხვდა. აღსანიშნავია, რომ ერთადერთი გოლი ხსენებულ თამაშში 90-ე წუთზე სწორედ ჩისკომ გაიტანა.

ჩისკოს წერილი

…ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს აქ გუშინ ჩამოვედი. გუშინდელი დღესავით მახსოვს, თუ როგორ მაფიქრებდა ოჯახისგან მოშორებით ყოფნა, პირველ დღეებში. თავიდან მაფიქრებდა ენის ბარიერიც, უცხო კულტურა, უცხო მხარე და ადამიანები- რამდენად კარგად შევეწყობოდი მე მათ და რამდენად ადვილად მიმიღებდნენ ისინი მე. მაგრამ ამ სამ ნახევარმა წელიწადმა აქაურობა ჩემს სახლად აქცია. ზუსტად არც კი მახსოვს, როგორ გაქრა ყველა კითხვის ნიშანი და როგორ ვიგრძენი აქ თავი შინაურად, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს ეს ჩემი სახლიცაა.

მინდა მადლობა გადავუხადო დინამოს თითოეულ თანამშრომელს, რომლებმაც თავი განსაკუთრებულ ადამიანად მაგრძნობინეს და მეტწილად მათი დამსახურებაცაა ის, რომ დღეს ასე მასევდიანებს თბილისიდან წასვლა.

დინამოში გატარებული ყოველი დღე, კლუბის წევრებთან თუ თანამშრომლებთან შეხვედრა განსაკუთრებული იყო ჩემთვის. მადლობა მინდა ვუთხრა ყველას იმის დამტკიცებისათვის, რომ დინამო ერთი დიდი ოჯახია. განსაკუთრებული მადლობა მათ ვინც ჩრდილში აკეთებენ დინამოს საქმეს, ვინც არც მოედანზე და არც ტელევიზორის ეკრანებზე არ ჩანან, მაგრამ მუხლჩაუხრელად შრომობენ დინამოს უკეთეს გუნდად ჩამოყალიბებისათვის და მისი ყოველდღიურობის გასალამაზებლად. მადლობა იმ ბიჭებს ვის გვერდითაც ამდენი შეხვედრა ჩავატარე, ვისთან ერთადაც განვიცდიდი და მიხაროდა. მადლობა მწვრთნელებს და გუნდის პერსონალს, ყველა მათგანს ერთი რამ აერთიანებდა – ეს იყო დინამო და სურვილი ის უკეთეს გუნდად ექციათ. უღრმესი მადლობა დინამოს ქომაგებს, რომელთა მხარდაჭერა და სიყვარულიც ყოველთვის დამატებითი მოტივაცია იყო ჩემთვის.

ცალკე მინდა მადლობა ვუთხრა გუნდის პრეზიდენტს, რომელმაც ყველანაირი წინაპირობა შექმნა, დინამოს ძველი დიდების დასაბრუნებლად და მჯერა, შორს არ არის ის დღე, როცა მისი და დინამოს გულშემატკივრის ოცნება ასრულდება.

მივდივარ, მაგრამ არ გემშვიდობებით. მე ხომ ამ წლებმა დინამოს განუყოფელ ნაწილად მაქცია.

fcdinamo.ge

ძარიამ „დინამოს“ „გლადიატორების“ სექტორიდან უქომაგა

მოგეხსენებათ, ხუთშაბათს „დინამო არენაზე“ თბილისის „დინამოსა“ და საჩხერის „ჩიხურას“ შორის საქართველოს სუპერთასის მატჩი გაიმართა, რომელიც დინამოელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა. ერთადერთი გოლი 90-ე წუთზე ჩისკომ გაიტანა, რომელმაც ამით თავისი პროფესიული კარიერა დაასრულა.

„დინამოს“ შემადგენლობას 26 წლის ნახევარმცველი ირაკლი ძარიაც ტოვებს, რომელიც კარიერას უცხოეთში გააგრძელებს. აღსანიშნავია, რომ თბილისურ კლუბს ირაკლიმ ფანკლუბ „გლადიატორებთან“ ერთად 90 წუთის განმავლობაში უქომაგა, მატჩის დასრულების შემდეგ კი, გამარჯვებაც აღნიშნა.

საქართველოს მორიგი სუპერთასი, რომელიც უცნაურ დროს ტარდება

ხუთშაბათს, 11 დეკემბერს, საქართველოს 2014 წლის სუპერთასის მატჩი გაიმართება, რომელშიც, შარშანდელი მატჩის მსგავსად, ერთმანეთს თბილისის „დინამო“ და საჩხერის „ჩიხურა“ შეხვდებიან. 2013 წლის 22 დეკემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩატარებული მატჩი სოსო ფრუიძის გუნდის გამარჯვებით დასრულდა – ერთადერთი გოლი შეხვედრის 57-ე წუთზე დიმიტრი ტატანაშვილმა გაიტანა.

ზოგადად კი, საქართველოს სუპერთასს საკმაოდ უცნაური ისტორია აქვს. წესით, უამრავ სხვა ქვეყანაში, თუ ეს შეხვედრა ამ პერიოდში ტარდება, მაშინ ამ ქვეყანაში ჩემპიონატი ზამთარი-შემოდგომის სისტემით ტარდება. თუმცა, არა საქართველოში… საბედნიეროდ, უშუალოდ ჩემპიონატი შემოდგომა-გაზაფხულის სისტემით ტარდება, რითაც ქართული ფეხბურთი ერთ პრობლემას ავტომატურად იცილებს, სამაგიეროდ, ბევრი სხვა პრობლემა კვლავ მოუგვარებელია. წარმოიდგინეთ, რა რთული იქნებოდა სეზონის დაწყება იმ გუნდებისთვის, რომელთა სტადიონებზეც ცუდი მინდორია ან რომლებსაც საშინაო მატჩების ჩატარება რეგულარულად ნეიტრალურ სტადიონებზე უწევთ. მსგავსი კლუბები დღევანდელ 16-გუნდიან ჩემპიონატში დღეს მრავლადაა… არსებობს განათების პრობლემაც, რაზეც თუნდაც ის მეტყველებს, რომ რამდენიმე სტადიონიდან სატელევიზიო რეპორტაჟის წარმოება რთულია. ამის გამო დეკემბერში და თებერვალში მატჩები ადრე იწყება.

ქართულ ფეხბურთში მუდმივი და ჯერჯერობით არაფრის მომტანი ცვლილებების ჩამოთვლა რომ მოგვინდეს, ალბათ, საკმაო დროის დახარჯვა მოგვიწევს. სამწუხაროა, რომ ამ ცვლილებებს სათანადო შედეგი ჯერჯერობით არ მოუტანიათ. როგორც უკვე აქამდე ერთ-ერთ სტატიაში აღვნიშნეთ, 16-გუნდიანმა ჩემპიონატმა თავისი უარყოფით მხარეები ამ მცირე პერიოდში უკვე გვაჩვენა. საქართველოს დამოუკიდებელი ჩემპიონატის შექმნის პერიოდიდანვე უმაღლეს ლიგაში გუნდების რაოდენობა მუდმივად იცვლებოდა, იყო შემთხვევებიც, როდესაც გუნდი სეზონის მიმდინარეობისას არსებობას წყვეტდა. მსგავს მაგალითს დღევანდელ ჩემპიონატში ქუთაისის „ტორპედო“ წარმოადგენს. მართალია, კლუბი არ დაშლილა, თუმცა მისი რიგები მწვრთნელთან და სპონსორ „ვისოლთან“ ერთად უამრავმა ფეხბურთელმა დატოვა.

როდესაც საქართველოს სუპერთასის უცნაურ ისტორიაზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში, მისი ჩატარების თარიღს ვგულისხმობთ. უმაღლესი ლიგის გუნდების რაოდენობის არ იყოს, აქაც მუდმივი ცვლილებებია, ოღონდ ეს ცვლილებები მატჩის ჩატარების თარიღთანაა დაკავშირებული. თუ შარშანდელი სუპერთასი დეკემბერის ბოლოს ჩატარდა, 2013 წელს, „ზესტაფონისა“ და გორის „დილას“ შეხვედრა 22 თებერვალს შედგა. იმავე „ზესტაფონმა“ „გაგრასთან“ 2012 წლის სუპერთასისთვის საერთოდ 29 მაისს ითამაშა.

აღსანიშნავია, რომ 2000 წლიდან 2004 წლამდე საქართველოს სუპერთასი არც კი ჩატარებულა.

ასეთი არასტაბილურობა, როგორც ზოგადად ქართული ფეხბურთისთვის, ასევე უშალოდ ქართული კლუბებისთვის მხოლოდ ზარალის მომტანია. წესით, ეს მატჩი სეზონს უნდა ხსნიდეს და წინა სეზონის ტრიუმფატორები ახალ სათამაშო წელს სწორედ ამ შეხვედრით უნდა ხსნიდნენ. უცხოეთში ბევრი გუნდი სუპერთასს სწორედ ახალი სეზონისთვის მოსამზადებლად იყენებს. ეს შეხვედრა მოახლოებულის სეზონისთვის მოსამზადებლად მართლად კარგია, რადგან ერთმანეთს უშუალო კონკურენტები უპირისპირდებიან და მათ ერთმანეთის მინუსებისა და პლუსების გაგების კარგი შესაძლებლობა აქვთ. შემთხვევით არაა, რომ სუპერთასზე ბევრი გუნდი ძირითადი შემადგენლობით არ გამოდის.

იმედი ვიქონიოთ, რომ უახლოეს წლებში საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დადებით ცვლილებას ამ მხვრივაც შეიტანს. მანამდე კი, ხვალინდელ მატჩს დაველოდოთ, რომელიც მართლაც საინტერესო უნდა იყოს. „დინამომ“ ჩემპიონატში ბოლო ორი მატჩი წააგო (ერთ-ერთი სწორედ „ჩიხურასთან“). კახა გოგიჩაიშვილის ფეხბურთელებს არამხოლოდ ბოლო დროინდელი ცუდი სტატისტიკის გამოსწორების, არამედ, შარშან სუპერთასის წაგებისთვის რევაშის აღების შანსი აქვთ. ამავდროულად „ჩიხურა“, მოგების შემთხვევაში, საქართველოს სუპერთასს ზედიზედ მეორედ დაეუფლება და მეოთხე ქართული კლუბი გახდება, რომელიც ამ წარმატებას მაიღწევს. აქამდე სუპერთასი ზედიზედ ორჯერ თბილისის „დინამომ“ (1996 და 1997 წლებში), თბილისის „ამერმა“ (2006, 2007) და „ზესტაფონმა“ (2011, 2012) მოიგეს.

ყველაზე მეტჯერ სუპერთასი თბილისის „დინამომ“ მოიგო. „მტკივრისპირელებმა“ აქამდე რვაჯერ ითამაშეს და ხუთი მატჩი მოიგეს. მეორე ადგილს ორ-ორი თასით „ზესტაფონი“ და „ამერი“ იყოფენ, თუმცა, თბილისურ კლუბთან განსხვავებით, ზესტაფონელები სუპერთასზე სამჯერ გამოვიდნენ (2008 წელს „ზესტაფონმა“ სუპერთასის თამაში „დინამოსთან“ წააგო).