ეფენბერგი: „გვარდიოლა სკოლის მასწავლებელივით მოიქცა“

ვინც გერმანიის ბუნდესლიგის მეცხრე ტურში, მიუნხენის „ბაიერნსა“ და „მაინცს“ შორის გამართულ მატჩს (4:1) მიადევნა თვალყური, შეხვედრის ბოლოს არიენ რობენის გაბრაზებულ სახეს შენიშნავდა. საქმე იმაში გახლავთ, რომ 82-ე წუთზე „მაინცის“ კარის მიმართულებით დანიშნული თერთმეტმეტრიანი დარტყმის შესრულებას ჰოლანდიელი ფეხბურთელი აპირებდა, თუმცა „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელის, ხოსეპ გვარდიოლას მოთხოვნით პენალტი თომას მიულერმა დაარტყა.

მატჩის შემდეგ გვარდიოლამ ტელეკომპანია „სქაისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა:

„მინდოდა, რომ პენალტი მიულერს დაერტყა. მე ვარ გუნდის თავკაცი და ამით ყველაფერია ნათქვამი“.

აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა „ბაიერნის“  ყოფილი ნახევარმცველი და ამჟამად სატელევიზიო კომენტატორი შტეფან ეფენბერგი, რომელმაც გვარდიოლას ქცევა დაუწუნა.

„80 ათასი ადამიანის წინაშე ასე არ უნდა მოიქცე. ხელში ბურთი გიკავია, საკუთარ თავში ბოლომდე დარწმუნებული ხარ და ამ დროს მწვრთნელი სკოლის მასწავლებელივით გეუბნება, რომ პენალტი მიულერმა უნდა დაარტყას. ასეთ სიტუაციაში ნებისმიერი ფეხბურთელი თავს შეურაცხყოფლად იგრძნობდა. ეს გადაწყვეტილება ახსნას მოითხოვს და არ არის საკმარისი მხოლოდ იმის თქმა, რომ გვარდიოლა მწვრთნელია და გადაწყვეტილებასაც ის იღებს“, – აღნიშნა ეფენბერგმა.

ბექა დოგრაშვილი