გაგამარუ მდგომარეობას ასწორებს

სუმოს მექად აღიარებულ ტოკიოს რიოგოკუ კოკუგიკანში გრძელდება აკი (სექტემებრის) ბაშოდ წოდებული წლის რიგით მე-5 სუპერტურნირი სუმოში. უკვე ზუსტად 1 კვირა მიილია ბაშოს დაწყებიდან და შეიძლება ითქვას, რომ ასპარეზობებს დღითი-დღე ემატება სანახაობრივი ეშხი.

ჩვენთვის რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქართველმა სუმოისტმა გაგა ჯუღელმა ცუდად აღებული სტარტის შემდეგ, შედარებით გამოისწორა მდგომარეობა და ამ მომენტისთვის უკვე 3 მოგება აქტივში, 4 მარცხის წილ.
აღმოსავლეთის მე-9 მაეგაშირას სტატუსით მებრძოლმა ქართველმა გოლიათმა ბოლო ორ ტურში ერთმანეთის მიყოლებით დაამარცხა ორი ყოფილი სეკივაკე, იაპონელი მე-7 მაეგაშირა ტოიონოშიმა და ასევე იაპონელი მე-15 მაეგაშირა, ვაკანოსატო.

ექს-სეკივაკე ტოიონოშიმა გაგამარუსთვის ერთ-ერთი ყველაზე უხერხული მეტოქეა – ამ შერკინებამდე გაგას მასთან ჩატარებული ექვსივე ორთაბრძოლა წაგებული ჰქონდა, ხოლო გუშინ კი, როგორც იქნა, მოახერხა და გატეხა ნავსი.

იაპონელი სეკიტორი მთელი ორთაბრძოლის მანძილზე თავს არიდებდა ჩვენებურთან ხელჩართულ დაპირისპირებაში შესვლას და თავქუდმოგლეჯილი გაურბოდა გაგას მძლავრ ტორებს, დოჰიოს ერთი კიდიდან მეორემდე. საბოლოოდ კი ჩვენმა გოლიათმა, ერთ-ერთი აქტიური მიძალებისას, ოშიდაშით მიაბრძანა დოჰიოდან ტოიონოშიმა.

რაც შეეხება გაგამარუსა და ვაკანოსატოს დაპირისპირებას, აქ კიდევ უფრო იოლად იმარჯვა ჩვენებურმა. გაგამ თავიდანვე აქტიურად შეუტია მობერებულ იაპონელს და დაახლოებით 5 წამი დასჭირდა იმისთვის, რომ მეტოქე დოჰიოდან გაეძევებინა, ოკურიდაშის ილეთით.

ქართველი გოლიათის შემდეგი მოწინააღმდეგე მაკუუჩი დივიზიონის დებიუტანტი, იაპონელთა ახალი იმედი, მე-13 მაეგაშირა, ენდო შოთა იქნება. ეს უკანასკნელი მხოლოდ მე-4 ბაშოს ატარებს პროფესიულ სუმოში და უკვე მოახერხა იაპონელ ქომაგთა გულების დაპყრობა. დებიუტანტობის მიუხედავად, 23 წლის ენდო უმაღლეს დივიზიონში ძალიან ყოჩაღად გამოიყურება – ქართული სახელის მატარებელ იაპონელს 7 ჩატარებული ორთაბრძოლიდან 5 აქვს მოგებული.

მის ქართულ სახელს რაც შეეხება, იგი დიდი ქართველი ძიუდოისტის, შოთა ჩოჩიშვილის საპატივცემულოდ ატარებს მას. სტაჟიან გულშემატკივარს კარგად ემახსოვრება, რომ 80-იან წლებში ლეგენდარულმა ქართველმა ფალავანმა ძიუდოს სამშობლოში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე უდიდესი ფურორი მოახდინა და ადგილობრივ ქომაგებს მეტად შეაყვარა თავი, რის შემდეგაც იაპონიაში დაბადებული ბიჭების საკმაოდ დიდ რაოდენობას მისივე პატივსაცემად, სახელად შოთას არქმევდნენ. სავარაუდოდ, სწორედ ერთ-ერთი იმ თაობის წარმომადგენელი გახლავთ გაგამარუს ხვალინდელი მეტოქე – ენდო შოთა.

რაც შეეხება სატურნირო მდგომარეობას, 7 ტურის თავზე აკი ბაშოს დაუმარხებლად ლიდერობს მონღოლი იოკოძუნა ჰაკუჰო. მას კვალში თითო წაგებით სამი სეკიტორი უდგას: იაპონელი ოძეკი კისენოსატო, მონღოლი ოძეკი კაკურიუ და იაპონელი მე-8 მაეგაშირა იოშიკაძე. მეორე მონღოლ იოკოძუნა ჰარუმაფუჯის კვლავინდებურად 2 წაგება აქვს პასივში. 2 მარცხი აქვს ასევე იაპონელ ოძეკი კოტოშოგიკუსაც, ხოლო ბულგარელმა ოძეკი კოტოოშუმ, რომელიც მისი თანაგუნდელია სადოგატაკეს სკოლიდან, მე-5 ტურში მიღებული ტრავმის გამო ასპარეზობა ნაადრევად შეწყვიტა და ტურნირიდან თავი მოიხსნა. თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ კოტოოშუმ, რომელსაც 4 გამარჯვება აქვს ტურნირზე, ტრავმა მალე მოიშუშოს და ბაშოს დასკვნით დღეებში კვლავ დაბრუნდეს დოჰიოზე.

შეგახსენებთ, რომ აკი ბაშო 29 სექტემბერს დასრულდება.

irta

 

2012gagamaru2

 

Day 8