„ტორპედოს“ კაპიტანი – თავდამსხმელობიდან გამოყოლილი გოლების სიყვარული

ვაგრძელებთ ინტერვიუების ციკლს „ტორპედოს“ ფეხბურთელებთან. შემდეგი ჩვენი რესპონდენტი – თენგიზ ჩიკვილაძე გახლავთ, რომელიც ყოველთვის საინტერესო მოსაუბრეა. მან ქუთაისს კარიერა პირველად 2010 წელს დაუკავშირა, როცა რიონისპირელები უმაღლეს ლიგაში მეორედ აღზევნდნენ. შარშან იგი ისევ აქ დაბრუნდა და მთელი წლის განმავლობაში ჩინებულადაც ასპარეზობდა. თასზე და ჩემპიონატში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ექსწევრმა „ტორპედოში“ დღემდე 81 მატჩი ჩაატარა და 13 გოლიც გაიტანა, აქედან რამდენიმე ძალზედ ეფექტური გამოდგა. კარიერის განმავლობაში უმეტესად მცველის პოზიციაზე უთამაშია, თუმცა მის მიერ შესრულებული „სტანდარტები“ მეტოქეს უმეტესად დიდ პრობლემებს უქმნის. ტიტულები მხოლოდ თბილისის „ამერთან“ ერთად მოიპოვა – 2-ჯერ ეროვნული თასი და ამდენივეჯერ სუპერთასი. დადებითი თვისებების გამო 31 წლის ფეხბურთელს ქუთაისელ გულშემატკივრებშიც საკმაო ავტორიტეტი აქვს. იგი ისევ ჩვენი გუნდის კაპიტანი და 7-ნომრიანი მაისურის მფლობელი იქნება.

– თენგო, საუბარი ფეხბურთში შენი პირველი ნაბიჯებით დავიწყოთ…

– ფეხბურთის თამაში სპორტსკოლა „ავაზაში“ დავიწყე. ცხონებული მიშა მესხი მაშინ ცოცხალი იყო. დამეთანხმებით, საქართველოს ჩემპიონატს „ავაზა“ ყოველთვის კარგი ფეხბურთელებით ამარაგებს. პროფესიონალ ფეხბურთელად ჩემ ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა საფეხბურთო სკოლა „ოლიმპიკმა“, რომლის მწვრთნელი გიგლა იმნაძე იყო, ხოლო პრეზიდენტი კარლო მჭედლიძე, კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო მათ, რადგან ბევრი რამ მასწავლეს. ჩემი პირველი მწვრთნელი ანზორ ზუკაკიშვილი იყო. იგი ახლაც „ავაზაში“ მუშაობს. რა თქმა უნდა, მასაც დიდი მადლობა.

6 წლის ვიყავი ფეხბურთში რომ შევედი. მანამდე ჯერ ლაპარაკიც არ ვიცოდი და თურმე „ბახ გოლს“ ვიძახოდი. მშობლებს ვეხვეწებოდი ფეხბურთზე შევეყვანეთ, სხვაზე არაფერზე ვფიქრობდი. სხვათა შორის, მაშინ ჩატარდა მეორე არხის ტურნირი, რომლის ყველა თამაში ტელევიზიით გადაიცემოდა, მე „ავაზას“ კაპიტანი ვიყავი და ჩემპიონობა ვიზეიმეთ, მაშინ თავდამსხმელად ვთამაშობდი და ბომბარდირიც გავხდი. ოჯახის წევრებმა რომ ეს ტელევიზორში ნახეს, ირწმუნეს, რომ შესაძლებელი იყო ფეხბურთს გავყოლოდი.

– პოზიციის შეცვლა რა მიზეზით გადაწყვიტე?

– „ავაზაში“ ერთი წლით უფროსებთან ერთად ვიყავი გუნდში, ბავშვებში ასეთი სხვაობაც შესამჩნევია. გარკვეულ პერიოდში მე ფიზიკურად დავიჩაგრე იმ უფროსებთან რომ ვიყავი და ძალაუნებურად დამხიეს უკან. საერთოდ „ავაზაში“ სამ ასაკში ვთამაშობდი. ისე, ეზოში თამაშის დროს კარში ჩადგომა მიყვარდა.

– „ტორპედოს“ რა ადგილი უჭირავს შენს პროფესიულ კარიერაში?

– ქართულ ფეხბურთში ქუთაისის „ტორპედო“, ქუთაისი და ქუთაისელი გულშემატკივარი ყველაფერი არის ჩემთვის. დიდი პატივისცემით, მადლობა მინდა გადავუხადო მათ ასეთი სიყვარულისთვის ზოგადად ფეხბურთისა და კლუბის მიმართ. ყოველთვის გვერდით გვიდგანან და არამარტო ქუთაისში, არამედ გასვლით თამაშებშიც ვგრძნობთ მათ ძალას. „ტორპედო“ ყველაზე განსაკუთრებულია ჩემს კარიერაში და ძალიან მიყვარს ეს ქალაქიც. ვუსურვებ ქუთაისს იმ ფეხბურთის დაბრუნებას, რომელსაც იმსახურებს.

– როგორც ვიცი, „ტორპედოში“ გატანილ თითოეულ გოლს ყოველთვის ჩვენს გულშემატკივრებს უძღვნი, ასეა?..

– დიახ, გოლებს მათ იმიტომ ვუძღვნი, რომ ფეხბურთი გულშემატკივრებისაა. შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს, მაგრამ ერთგული გულშემატკივარი მის საყვარელ კლუბს არასდროს უღალატებს. დარწმუნებული ვარ, „ტორპედოს“ გულშემატკივარი მომავალში ამ კლუბზე წინ სხვას არ დააყენებს. ქუთაისში ერთგული ადამიანები არიან, ყველანაირ ამინდში გვამხნევებენ სტადიონზე და ყველაზე მეტად სწორედ მათ უხარიათ წარმატება. ამიტომ ჩემგან ერთგვარი დაფასება და სიყვარულის გამოხატვა არის ეს ჟესტი. მინდორზე ჩვენი უმთავრესი ამოცანაა თამაშების მოგება, გარდა ამისა, არის სხვა ნიუანსები, რითაც ვცდილობთ, მაქსიმალურად გავახაროთ ერთგული ქუთაისელი გულშემატკივრები.

– როგორ გგონია, ყველაზე მეტად რამ განაპირობა პირველი წრის შემდეგ „ტორპედოს“ ასეთი დაცემა?

– ბევრ თამაშში უიღბლობა გვქონდა – თბილისისა და ბათუმის „დინამოებთან“, „გურიასთან“ და „ჩიხურასთან“ პირველი ტაიმები მოვიგეთ, მაგრამ მეორეში ვერ ვახერხებდით ანგარიშის შენარჩუნებას. მიზეზი ბევრი შეიძლება იყოს, მაგრამ რაც არის ეს არის. ესეცაა, რომ არასწორად კეთდებოდა რაღაცები. საერთოდ არაპროფესიონალურად როცა მიუდგები საქმეს, არ არსებობს, რომ არ დაისაჯო, იმიტომ, რომ ღმერთი ხედავს ამ ყველაფერს. ალბათ, მაინც ყველამ დავაკელით რაღაც.

– განახლებულ გუნდზე რას იტყვი?

– ვფიქრობ, რომ ჩემპიონატში ყველასთვის ანგარიშგასაწევი ძალა ვიქნებით. შეიძლება ითქვას, რადიკალურად შეიცვალა სიტუაცია სასიკეთოდ. გვყავს ახალი მწვრთნელი, რომელმაც კარგი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. დიდი იმედი მაქვს, რომ ერთად ბევრს მივაღწევთ. ბატონ გიორგის შემტევი ფეხბურთი უყვარს. ქუთაისშიც დიდი ხანია უკვე, რომ ამას ითხოვენ. რაც წინა სეზონებში აკლდა „ტორპედოს“, მგონია, რომ შეივსება. გუნდის მუშაობიდან და ხელმძღვანელობის საქმისადმი მიდგომიდან გამომდინარე ლოგიკურად ყველაფერი აქეთკენ მიდის.

– ამ შემადგენლობას რისი პოტენციალი აქვს ახლანდელ სეზონში?

– კარგია, რომ ახლა იწყებოდეს ახალი ჩემპიონატი. ეს ყველაზე კარგი ვარიანტი იქნებოდა ჩვენთვის, რადგან მეორე წრეში უფრო რთულია ქულების აღება, ვიდრე პირველში. გავიმეორებ, საქმისადმი პროფესიონალურ მიდგომას ვხედავ, ფეხბურთელებიდან დაწყებული ხელმძღვანელობით დამთავრებული. ოთხეულში მოხვედრა წელს მაქსიმუმი იქნება. ისეა გათანაბრებული გუნდების დონე, რომ შეიძლება პირველი წრის შემდეგ გასავარდნ ზონაში მყოფი ევროპაზე გავიდეს ან პირიქით. იცით, როგორი არაპროგნოზირებადიც იყო პირველი წრე. დღეს ისეთი კოლეტივია „ტორპედოში“, რომ ევროპაზე გასვლა მოსალოდნელია, როგორც ჩემპიონატიდან, ისე თასიდანაც. მით უმეტეს, რომ წელს უკვე მე-4 ადგილიც გადის ჩემპიონატიდან, თასის ფინალისტის ნაცვლად. ჩემი აზრით, თასზე გამოსვლა უფრო სარისკოა, თუმცა ჩვენ არ გვეშინია არც ერთი მეტოქის და ამ ტიტულისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ.

– გასულ წელს ზოგჯერ ნახევარდაცვაშიც გიწევდა თამაში, დღევანდელ გუნდში რომელ პოზიციაზე მოიაზრები?

– ნუ, წინა წრეში ხუთ მცველს ვთამაშობდით ძირითადად და მწვრთნელი მარცხენა მცველადაც მაყენებდა ხოლმე. ახლაც ამ პოზიციაზე მოვიაზრები, თუმცა ცენტრალურ მცველად თამაში უფრო კომფორტულია ჩემთვის. თავიდან ამ ადგილზე დავიწყე თამაში და შემდეგ ისე განვითარდა მოვლენები, თითქმის ყველგან მარცხენა მხარეს ვასპარეზობდი. ასე რომ, ეს ორივე პოზიცია მისაღებია.

– შენი, როგორც ტორპედოელის, ყველა გოლი გვახსოვს, თუმცა ცხინვალის „სპარტაკთან“ დამატებულ წუთზე გატანილს(იხილეთ ვიდეო) მაინც პირველ ადგილზე დავაყენებდით. თავად როგორ გაიხსენებ იმ საოცარ ეპიზოდს?

– „ტორპედოსთან“ დაკავშირებით ბევრი სამახსოვრო მატჩი ჩამიტარებია და ყველაზე დაუვიწყარი ჩემთვის სწორედ ეგ თამაშია. 91-ე წუთი მიმდინარეობდა და ცოტა არ იყოს გაბრაზებული ვიყავი ჩვენს თავდამსხმელებზე, რადგან იმ დრომდე ბურთი კარში არ დაურტყამთ, ისე ცუდად წაგვივიდა თამაში. უკმაყოფილო გულშემატკივრების შეძახილებიც მესმოდა ტრიბუნებიდან. იმ მომენტში წესით საჯარიმოში უნდა ჩავსულიყავი და თავით მეთამაშა – ასეთი დავალება მქონდა, თუმცა მეტოქის ნახევარზე ცარიელი სივრცე რომ დავინახე სევასტი თოდუას დავუყვირე, რომ პასი მოეცა ჩემთვის, მან პირველ დაძახებულზე არ გამიგონა, ხოლო მეორედ როცა გაგიჟებული თვალებით მოვთხოვე, შემომხედა, ალბათ, იფიქრა, ჯანდაბასო(იცინის) და ბურთი დამიგორა, მეც მთელი ბრაზი ჩავაქსოვე დარტყმულში. რომ ვუყურებდი, ბურთმა ბოლო ათ მეტრში შეიცვალა ტრაექტორია და მეკარემ ამიტომ ვერ მოახერხა რეაქციის გამოვლენა. ალბათ, კიდევ ასჯერ რომ დავარტყა იქედან შეიძლება ერთიც არ გავიდეს. ჭკუაზე აღარ ვიყავით, ისე გაგვიხარდა. ვინ სად გარბოდა არ იცოდა, კამერებმაც კი დაკარგეს ფეხბურთელები(იცინის). სხვათა შორის, „სპარტაკთან“ იმ თამაშზე 6-7 ათასი მაყურებელი იყო მოსული და ახლაც ნოსტალგია მაქვს იმ პერიოდის. დღეს უკვე მენატრება ამდენი ხალხი ტრიბუნებზე.

– წარმატებებთან ერთად იყო იმედგაცრუებებიც, ყველაზე უფრო რომელი მატჩის ვერმოგებაზე დაგწყდა გული „ტორპედოში“ ყოფნის დროს?

– რა თქმა უნდა, „გაგრასთან“ თასის ფინალში მარცხი ძალიან მტკივნეულად მახსენდება. სულ ეროვნული თასის 5 ფინალი მაქვს წაგებული, მაგრამ ყველაზე ცუდად ამ ფინალს ვიხსენებ მაინც. ამაში დავრწმუნდი, რომ ფინალში მესამე ლიგის გუნდიც რომ მონაწილეობდეს, შანსები მაინც 50/50-ზე იქნება.

– რას თვლი იმის მთავარ ფაქტორად, რომ ქართული ფეხბურთი ვერ პროგრესირებს?

– ამბობენ, რომ თაობა არ გვყავსო. მე კი, ვფიქრობ, სახელმწიფოს მიდგომა არის არასწორი, არამარტო ფეხბურთის, არამედ სპორტის მიმართ. მათ უნდა მიიღონ ისეთი კანონი, რომ ბიზნესმენები კი არ უნდა გარბოდნენ ქართული ფეხბურთიდან, არამედ, პირიქით, აქტიურად უნდა ცდილობდნენ ფულის ჩადებას. თითქმის ყველა ქვეყანაში ასეა, მაგრამ ჩვენთან პოლიტიკოსები სცოდავენ. ალბათ, უფრო თავიანთ კეთილდღეობაზე ფიქრობენ, ვიდრე სპორტის დონის აწევაზე. ფეხბურთი არის უპირველესი სპორტის სახეობა, სამწუხაროდ, ვერ ხვდებიან, რომ თუ რაიმეს მიღწევა უნდათ, ამ საკითხზე უნდა იზრუნონ, რადგან ხალხს უყვარს ფეხბურთი და ისევ მათი სახელი იქნება. ამ მთავრობის იმედი მაქვს, ვიცე-პრემიერი კახი კალაძეა და ფეხბურთის ფედერაციაშიც ცვლილებებია მოსალოდნელი. იქნებ სასიკეთო სიახლეები იყოს.

– დაახლოებით 2 წლის წინ, კლასიკური ფეხბურთიდან ფუტსალში გადახვედი, როგორ აღმოჩნდი იქ და რა განსხვავებებთან მოგიწია შეჩვევა?

– ვინაიდან კარიერის გასაგრძელებლად ვარიანტები მქონდა საზღვარგარეთიდან, ქართულ კლუბებს უარი ვუთხარი შემოთავაზებებზე. საბოლოოდ, ის ვარიანტები არ გამოვიდა. ჩემპიონატი უკვე დაწყებული იყო და ფორმა რომ არ დამეკარგა, ფუტსალის გუნდ “GIEC”-ში მივედი, რომელიც საქართველოს ჩემპიონატში გამოდიოდა. იქ ჩემი მეგობარი ზაალ ქუთათელაძე იყო პრეზიდენტად. ძალიან დიდი დატვირთვა არის ფუტსალში. 20 წუთიანი ტაიმებია და ვერც ერთი მოთამაშე ვერ ძლებს ბოლომდე, ამიტომ შეცვლების ლიმიტი შეუზღუდავია. დიდ ფეხბურთში არის მომენტები, როცა ამოსუნთქვის საშუალება გაქვს, იქ კი თითქმის არ ჩერდები. კიდევ ის განსხვავებაა, რომ 6 ჯარიმის მერე ყველა წესის დარღვევა პენალტია. ძალიან სუფთად უნდა ითამაშო. ყველაფერი დამუშავებული უნდა გქონდეს. კუთხური, ჯარიმა კომბინაცია და ა. შ..

– საქართველოს ჩემპიონატში მონაწილე ფორვარდებიდან რომელს გამოარჩევდი?

– ვერავის ვერ გამოვარჩევ, რადგან საერთოდ ვინც ძლიერია, იმასთან უფრო მობილიზებული ხარ და ვინც სუსტია იმასთან უფრო გიჭირს ხოლმე თამაში. გინდა-არგინდა ფსიქოლოგიური მომენტია, რომ სუსტ მეტოქესთან გგონია, რომ ყველაფერი იოლია.

– დასასრულ, რომელია შენი ფავორიტი კლუბი და ნაკრები?

– ბავშვობაში მანჩესტერ „იუნაიტედის“ ვგულშემატკივრობდი. სანაკრებო დონეზე კი, მარადონას გამო არგენტინის ნაკრებს ვუჭერდი მხარს. 7 წლის ვიყავი, როცა ტელევიზორში ვუყურე 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს არგენტინასა და გერმანიას მონაწილეობით, რომელიც გერმანელებმა მოიგეს 1:0. ამის გამო, მახსოვს, ტირილი დავიწყე. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ქართულ კლუბებს და საქართველოს ნაკრებს ვგულშემარკივრობ.

– დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებ.

FCTorpedo.GE

სპარინგი დუბლშემადგენლობასთან

თურქულ შეკრებაზე გამგზავრებამდე ერთი კვირით ადრე ქუთაისის „ტორპედომ“ საკუთარი საწვრთნელი ბაზის ბუნებრივსაფარიან მოედანზე თავის სათადარიგო გუნდთან გამართა სპარინგ-მატჩი და ანგარიშით 3:0 იმარჯვა. დუბლი შეასრულა ბუდუ ზივზივაძემ, ერთხელ კი ბექა ტუღუშმა გამოიჩინა თავი. გიორგი დარასელიამ პირველ და მეორე ტაიმებში სხვადასხვა თერთმეტეული ათამაშა. აღსანიშნავია ისიც, რომ ქუთაისელთა მთავარ გუნდში დღეს პირველად გამოჩნდა 21 წლის მეკარე ლევან ტყეშელაშვილი, რომელიც აქამდე პირველ ლიგაში თბილისის „დინამო-2“-ის კარს იცავდა.

FCTorpedo.GE

ზაზა ჭელიძე თასის აღებას წელს რეალურად მიიჩნევს

ზაზა ჭელიძე ქუთაისის „ტორპედოში“ მეორედ დაბრუნდა. მისი პროფესიონალური კარიერის საწყისი კლუბიც ეს იყო, სადაც 17 წლის ასაკში მწვრთნელმა რევაზ ბურკაძემ აიყვანა, ოღონდ უმაღლეს ლიგაში მატჩის ჩატარება მაშინ არ მოუწია. წარმოშობით რაჭიდანაა, თუმცა თბილისში დაიბადა და გაიზარდა. ფეხბურთს 10 წლიდან თამაშობს. თავიდან სპორტსკოლა „ნორჩი დინამოში“ დადიოდა.

„ტორპედოში“ მისი პირველი დაბრუნება 2012/13 წლების სეზონის წინ შედგა. შეგახსენებთ, რომ ტორპედოელებმა იმ ჩემპიონატში მე-3 ადგილი დაიკავეს. სულ კი მან ჩვენს გუნდში დღემდე სეზონნახევარი გაატარა(52 მატჩი – 2 გოლი). უთამაშია ბელორუსიულ „დინამოსა“ და „გომელშიც“. 28 წლის ცენტრალური მცველი მოედანზე კორექტული თამაშითაც გამოირჩევა. 250-მდე ოფიციალურ მატჩში იგი ერთადერთხელ გაუძევებიათ მოედნიდან. ეგ კი არა, ყვითელ ბარათსაც კი იშვიათად იღებს. იგი ძირითადად „ტორპედოსთან“ დაკავშირებით გვესაუბრა.

– ზაზა, ქუთაისში თამაში უკვე გამოცდილი გაქვს, როგორ შეაფასებ აქაურ გარემოს?

– ლაპარაკიც ზედმეტია, რომ ქუთაისი ოდითგანვე გამოირჩეოდა ფეხბურთისადმი სიყვარულით, რაც სტადიონზეც ჩანს. გულშემატკივრები ყოველთვის გვერდით უდგანან ამ კლუბს. „ტორპედო“ ჩემთვის არაა უცხო და აქ თამაში ძალიან ბევრს ნიშნავს. ყველაფრის გათვალისწინებით, იგი ყოველთვის მინიმუმ სამეულში მაინც უნდა იყოს და საქართველოს ჩემპიონობისთვის იბრძოდეს. ძალიან მიხარია აქ მეორედ დაბრუნება.

– ამჟამად როგორ მოგწონს ჩვენს გუნდში შექმნილი ვითარება?

– „ტორპედოში“ საკმაოდ ძლიერმა ფეხბურთელებმა მოიყარეს თავი. მაღალი დონის მწვრთნელიც გვყავს. ყველანი მაქსიმალურად ვვარჯიშობთ და ველით კარგ შედეგებს. ვერ გამოვკვეთავ იმას, თუ რომელი რგოლი იქნება ყველაზე ძლიერი. ეს, ალბათ, თამაშებში გამოჩნდება. მთავარია, რომ ყველა მობილიზებული და მონდომებულია წარმატების მისაღწევად. ყველანაირი პირობა გვაქვს იმისთვის, რომ ნორმალურად მოვემზადოთ. სიმართლე გითხრათ, პირადად მე ამჟამად არ ვარ ოპტიმალურ ფორმაში, მაგრამ მოსამზადებელი ეტაპები ნაყოფიერად უნდა გამოვიყენო. ბევრი ახალწეული ვართ და შეთამაშება გვჭირდება.

ჭელიძე ფიქრობს, რომ წელს ეროვნული თასის აღება „ტორპედოსთვის“ რეალურია, ჩემპიონატში კი რაც შეიძლება მაღალი ადგილის დაკავება სურს.

ფეხბურთში მისი მიზანია – რაც შეიძლება მეტი სიამოვნება მიიღოს, რასაც ამატებს, რომ ეს საქართველოში ადვილად იქნება შესაძლებელი, როცა რეგიონებში იფუნქციონირებს ბავშვთა სკოლები და სახელმწიფო უფრო აქტიურად ჩაერთვება ჩემპიონატის განვითარებაში. სამწუხაროდ, ამ კუთხით ბელორუსიაში უკეთესი მდგომარეობაა.

FCTorpedo.GE

ირაკლი კლიმიაშვილი – გზა „ტორპედომდე“, ქუთაისელი ნათლია, დელ პიერო და სხვა…

ირაკლი კლიმიაშვილს ქართული ფეხბურთის მოყვარულთა წინაშე დიდი წარდგენა არ სჭირდება. თბილისის „ვიტ ჯორჯიაში“ ჩამოყალიბებულ 26 წლის ფეხბურთელს უკვე საკმაოდ ბევრი აქვს ნანახი. მისი პირველი სერიოზული წარმატებები სწორედ „ვეტერინარებს“ უკავშირდება, რომელთა რიგებში ასპარეზობისას იგი ჩემპიონიც გახდა, თასის მფლობელიც და სუპერთასის გამარჯვებულიც. 5 ოფიციალური თამაში ეროვნულ ნაკრებშიც აქვს ჩატარებული, ხოლო „ახალგაზრდულში“ – 12. გარდა საქართველოსა, მისი კარიერა სამ უცხოურ კლუბსაც მოიცავს, რუსული „ანჟი“, უზბეკური „პახტაკორი“(სადაც თასიც აიღო) და ლატვიური „სკონტო“. იგი არცთუ იშვიათად დაუსახელებიათ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად. არასრულწლოვანი კლიმიაშვილის მონაპოვარს რომ თავი დავანებოთ, პროფესიონალურ დონეზე თამაშმაც მას უამრავი აღიარება მოუტანა. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, იგი დღესდღეობითაც საკმაოდ მოთხოვნადი ფეხბურთელია. სხვა სიკეთესთან ერთად ირაკლი უშუალო და კომუნიკაბელური ადამიანიცაა, ამიტომაც არ გასჭირვებია მას ქუთაისის „ტორპედოში“ ადაპტაცია.

ზემოხსენებულის გათვალისწინებით, სხვადასხვა თემაზე მისი მოსაზრებები საინტერესო უნდა იყოს თქვენთვის.

– ირაკლი, პირველ რიგში, გულშემატკივრებს გააცანი შენი თავი.

– დავიბადე 1988 წლის 30 მაისს, ქალაქ თბილისში. დავიბადე იმ უბანში, სადაც იყო „დინამოს“, „ლოკომოტივისა“ და „ავაზას“ სტადიონები. სწორედ „ავაზაში“ დავიწყე 5 წლიდან ფეხბურთის თამაში, სადაც ნუგზარ ჩიტაურის მწვრთნელობით მთელი ბავშვობა გავატარე. როცა სკოლიდან გამოვდიოდი, ჩემმა მშობლებმა არ იცოდნენ, ისე ვთამაშობდი ფეხბურთს. ერთ მშვენიერ დღესაც მწვრთნელმა მითხრა, რომ პატრონი მიმეყვანა და ვინაიდან დედაჩემს არ უნდოდა რომ ამ სპორტს გავყოლოდი, მამა წამომყვა, თუმცა იმდენად დიდი იყო ჩემი სურვილი ფეხბურთელობისა, რომ შემდეგ მთელი ოჯახი ხელს მიწყობდა ყველანაირად.

14 წლის ვიყავი, როცა „ავაზადან“ „ვიტ ჯორჯიას“ ჭაბუკთა გუნდში გადავედი, შემდეგ დუბლებში მიშა კალმახელიძემ გადამიყვანა. 17 წლისამ კი მთავარ გუნდშიც მოვხვდი და უმაღლესი ლიგაც ვითამაშე. ძლიერი გუნდი გვყავდა. მწვრთნელი ნესტორ მუმლაძეც მენდობოდა და ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. სხვათა შორის, მე და გურამ ადამაძე ვიყავით ერთად. ფეხბურთის კუთხით, ყველაზე მეტად მახსენდება სწორედ „ვიტ ჯორჯიაში“ გატარებული პერიოდი, როცა საქართველოში ყველა გათამაშება მოვიგეთ.

ვარ დაოჯახებული, მყავს 2 წლის ქალიშვილი – ანასტასია. ამჟამად, ქუთაისში მეუღლესთან ერთად ვცხოვრობ.

– „ვიტ ჯორჯიაზე“, ალბათ, კიდევ ბევრს ილაპარაკებ, რადგან პროფესიონალურ დონეზე შენთვის ყველაფერი ამ კლუბით იწყება…

– დაუნახავი უნდა ვიყო, რომ ამ კლუბს მადლობა არ გადავუხადო. ჩემ ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში უდიდესი წვლილი „ვიტ ჯორჯიას“ მიუძღვის. გამიმართლა, რომ ისეთ კოლექტივში მოვხვდი. ყველანი კეთილგანწყობილად იყვნენ ჩემ მიმართ, რაც ძალიან მეხმარებოდა.

– ბევრი აღიარება მოგიპოვებია, მათგან რომელი იყო შენთვის განსაკუთრებული?

– ქართულ და უცხოურ გაზეთებშიც ბევრჯერ დამასახელეს სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულად. „სკონტოში“ თამაშისას ლატვიის ჩემპიონატის წლის სიმბოლურ ნაკრებშიც მოვხვდი. უზბეკეთში, სადაც თასის ფინალში დუბლი შევასრულე, საუკეთესო ლეგიონერის წოდება მომცეს და ა. შ.. ჩემთვის ყველა განსაკუთრებული იყო.

– საქართველოს ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების წევრიც იყავი, რას გაიხსენებდი ქვეყნის ღირსების დაცვისას?

– დღესაც, რომ ვუყურებ ბიჭების თამაშს, მეც მგონია, რომ იმათთან ერთად ვარ, რადგან ის ყველაფერი გამოცდილი მაქვს. ყველა ფეხბურთელის ოცნება ნაკრებში თამაშია და მადლობა ღმერთს, რომ ეს პატივი აქამდეც მქონდა და იმედია, კიდევ მომეცემა შანსი. ეროვნულ ნაკრებში ისეთ ფეხბურთელებთან ერთად მომიწია ყოფნა, როგორებიც არიან: კახი კალაძე, ლევან კობიაშვილი, მალხაზ ასათიანი, და სხვანი, რომელთა მაისურებს, ხელმოწერებსა და სურათებს ბავშვობაში ვაგროვრებდი.

21-წლამდე ნაკრებს რაც შეეხება, იქ, ვინც ვთამაშობდით თითქმის ყველანი ბავშვობიდან ერთად მოვდიოდით, ვძმაკაცობდით და ერთი ოჯახივით ვიყავით. ოთარ გაბელიამ ძალიან მეგობრული გუნდი ჩამოაყალიბა. ყველაზე სამახსოვრო იყო ზესტაფონში ჩატარებული მატჩი თურქების წინააღმდეგ, რომლებსაც 4:0 მოვუგეთ.

– „ვიტ ჯორჯიადან“ „ანჟიში“ გადახვედი, რომელსაც იმ დროს დიდი მიზნები ჰქონდა. რობერტო კარლოსთან ერთადაც ვარჯიშობდი. როგორ ფიქრობ, იქ, დიდი კონკურენციის გამო ვერ დაიმკვიდრე ადგილი?

– შეიძლება, თუმცა მაგაზეც არ მწყდება გული, იმიტომ, რომ იქ კარგი სკოლა გავიარე. თუნდაც, მხოლოდ კარლოსთან ერთად ვარჯიში რად ღირს, მსოფლიო დონის ვარსკვლავთან. მინდა აღვნიშნო, რომ „ანჟიში“ რევაზ ჩელებაძემ წამიყვანა, ვისიც, რა თქმა უნდა, მადლობელი ვარ. მაშინ მწვრთნელად გაჯი გაჯიევი იყო, მასთან კარგი ურთიერთობა მქონდა, ყოველთვის მეუბნებოდა, რომ მომცემდა შანსს, მაგრამ, სამწუხაროდ, მხოლოდ ამხანაგურ თამაშებში მივიღე მონაწილეობა.

– იქედან იჯარით გაგანათხოვრეს ტაშკენტის „პახტაკორში“, უზბეკეთში როგორ განვითარდა მოვლენები?

– ინტერვიუებშიც მაქვს ნათქვამი, რომ არ მინდოდა უზბეკეთში წასვლა, რადგან წარმოდგენაც არ მქონდა იქაურ ფეხბურთზე. შემდეგ, ჩემმა მეგობარმა კახი მახარაძემ, რომელიც „პახტაკორში“ თამაშობდა, ყველაფერი ამიხსნა და როცა ჩავედი, ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. უზბეკებისთვის „პახტაკორი“ პირველი კლუბია და ტაშკენტში ფეხბურთი აღმატებულ ხარისხშია აყვანილი. თითქმის ყველა თამაშზე ანშლაგი იყო. გასვლით მატჩებზეც კი, ყველგან ივსებოდა სტადიონი, სადაც სტუმრად „პახტაკორი“ ჩადიოდა. გეტყვით ერთ მომენტს, როცა სტადიონზე მისვლისთანავე მინდვრის სანახავად გავედით ფეხბურთელები და ტრიბუნები იმ დროსაც სავსე იყო. ცდილობენ, რომ უცხოელებით აამაღლონ ჩემპიონატის დონე. როგორც იცით, იქ თამაშობდა რივალდოც და მწვრთნელებად უმუშავიათ ზიკოსა და სკოლარს.

– შემდეგ ისევ ევროპაში დაბრუნდი და მესამე უცხოური კლუბი, რომელსაც კარიერა დაუკავშირე რიგის „სკონტო“ იყო…

– მოგეხსენებათ, „სკონტო“ ლატვიური კლუბია და ევროპაში მაინც სხვანაირად უყურებენ ყველაფერს. აქეთ მაინც უფრო მოწესრიგებულია ინფრასტრუქტურა, ტექნოლოგიები და სხვანი. გამიმართლა, რომ თამაზ პერტია მყავდა მწვრთნელი, მისგან ბევრი რამ ვისწავლე. მას შეუძლია, სხვანაირად შეგახედოს ყველაფერს. ამასთან, დიდი ფსიქოლოგიცაა და ბრწყინვალე ანალიზის უნარიც აქვს. მწვრთნელებში ძირითადად ყველგან გამიმართლა. „სკონტო“ მთელ ბალტიისპირეთში ყველაზე გამოკვეთილი გუნდია. ჩვენ იქ ადვილი თამაში არ გვქონია. ისეთ ფეხბურთს ვთამაშობდით, ბურთი უმისამართოდ არ უნდა მოგვეშორებინა, ამიტომ ბურთის ფლობა გვქონდა 60-70 პროცენტი და მეტი.

– დროა, „ტორპედოზე“ გადმოვერთოთ, ადაპტაცია ხომ არ გაგჭირვებია?

– არანაირად, ეს ბიჭები ჩემი ძველი ნაცნობები და მეგობრები არიან. იცით, რომ გორის „დილაში“ ყოფნის დროს გიორგი დარასელიასთან ერთად ნამუშევარი მაქვს და შეიძლება ითქვას, უსიტყვოდ ვუგებთ ერთმანეთს. ანუ, რომ გამომხედავს ვიცი უკვე, რაც უნდა ვქნა.

– ქუთაისსა და „ტორპედოს“ თავის გულშემატკივრებთან ერთად რამდენად კარგად იცნობ?

– „ტორპედო“ გამორჩეულია იმით, რომ ჰყავს ერთგული გულშემატკივრები, ქვეყნის საფეხბურთო ცხოვრებაში აქვს თავისი ნიშა და მდიდარი ისტორიაც. ქუთაისში ბევრჯერ მითამაშია „ტორპედოს“ წინააღმდეგ და რომელ ადგილზეც უნდა ყოფილიყო ეს გუნდი, სულ სხვა ატმოსფერო სუფევდა სტადიონზე. ამას, იმიტომ არ ვლაპარაკობ, რომ დღეს „ტორპედოს“ ფეხბურთელი ვარ. ვიცი, რომ ფეხბურთელების მიმართ აქ სხვანაირი დამოკიდებულება აქვთ. ეს ჩვენთვის კარგია, რადგან სულ ტონუსში ვიქნებით. როცა „ვიტ ჯორჯიას“ უწევდა ქუთაისში ჩასვლა, ყოველთვის გვსიამოვნებდა, იმიტომ, რომ ვიცოდით ხალხი მოვიდოდა სტადიონზე. ეს დიდ სტიმულს გვაძლებდა. ბოლო დროს, თუ დასწრებამ იკლო, ამას ხალხს ნუ დავაბრალებთ. ჩვენ უნდა შევძლოთ რომ დავაბრუნოთ ისინი სტადიონზე. მივცეთ იმის სურვილი, რომ იარონ თამაშებზე და ისიმოვნონ.

სანამ ახალ გუნდში გადახვალ, პირველ რიგში, ფეხბურთელი კითხულობს იმ გუნდის ამბიციას. აქ ითქვა, რომ „ტორპედოს“ ამ სეზონში აქვს ევროასპარეზზე გასვლის ამბიცია. შემდეგი სეზონიდან კი დარწმუნებული ვარ, რომ ჩემპიონობის ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტი იქნება. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო გიორგი დარასელიას ფაქტორიც, საერთოდ, თუ იცი მწვრთნელის მიდგომა, ფსიქოლოგია, იდეოლოგია და გსიამოვნებს მასთან ურთიერთობა, ამას რა ჯობია?! მინდა გითხრათ, რომ ქუთაისში მყავს ერთადერთი ნათლია ზურა ცინცაძე, რომელიც უნივერსიტეტის პროფესორია.

– როგორ გუნდად ყალიბდება „ტორპედო“?

– გუნდში ძალიან კარგი განწყობაა, ბიჭები ერთი საათით ადრე მოვდივართ ვარჯიშზე. ვფიქრობ, ეს ყველაფერი კარგ შედეგს გამოიღებს. კლუბის ხელმძღვანელობაც ყველაფერს აკეთებს, რომ გუნდი ეტაპობრივად გაძლიერდეს. კი, ყველას სწრაფად გვინდა წარმატებები, მაგრამ ეს ადვილი არაა. მშვიდად მუშაობის საშუალება მოგვეცემა და ყველაფერი ისე იქნება, როგორც ჩვენ, ასევე ქუთაისელ გულშემატკივრებს გვინდა.

– ვინ არის ფეხბურთელი, რომელთანაც თამაში ყველაზე უკეთ გამოგდის?

– თუ იმათზე ვიტყვი, ვინც ჩემს პოზიციაზე თამაშობს, ძალიან მსიამოვნებდა კახი მახარაძის გვერდით თამაში, კარგი წყვილი ვიყავით. ასევე, „ვიტ ჯორჯიაში“ უსიტყვოდ ვუგებდით ერთმანეთს მე და ჯაბა ლიპარტია. „სკონტოში“ იყო ლატვიელი იური ლაიზენცი, მასაც მშვენივრად ვეწყობოდი.

– ორივე ფეხით თამაში ერთნაირად შეგიძლია, ამიტომ გკითხავ, რომელ პოზიციაზე გრძნობ თავს ყველაზე კომფორტულად?

– „ვიტ ჯორჯიაში“ მარცხენა ნახევარმცველად მათამაშებდნენ. ტაშკენტის „პახტაკორსა“ და რიგის „სკონტოში“ კი – შუა ნახევარმცველად. არც ფლანგზე თამაშია ჩემთვის პრობლემა, მაგრამ „ცენტრალურად“ ყოფნა იმიტომ მიყვარს, რომ მატჩის განმავლობაში ბურთს უფრო ხშირად ვეხები და თამაშის წაყვანაც მეტად შემიძლია.

– ფეხბურთში და ცხოვრებაშიც უკვე საკმაოდ ბევრი გინახავს, კმაყოფილი ხარ წარსულით?

– დიახ, პირველი გოლებიდან და თამაშებიდან მოყოლებული დღემდე განვლილი გზით კმაყოფილი ვარ. დღევანდელი გამოცდილებიდან შეიძლება ისეთი ნაბიჯები არ გადამედგა, როგორიც ადრე, მაგრამ მაინც არ ვნანობ არაფერს. ალბათ, ასე იყო საჭირო.

– საინტერესოა, რომელ ევროპულ საფეხბურთო კლუბს გულშემატკივრობ?

– ბავშვობიდან ტურინის „იუვენტუსს“ ვგულშემატკივრობ. ამ კლუბის სიყვარულის გამო დავიწყე ფეხბურთზე სიარული. დელ პიერო იყო ჩემი კუმირი. სახლში მასზე დაწერილ სტატიებსა და ციტატებსაც ვაგროვებდი, მათ შორის მახსოვს ზინედინ ზიდანის სიტყვებიც მქონდა კედელზე გამოკრული, სადაც ეწერა, რომ მისთვის საუკეთესო ფეხბურთელი სწორედ დელ პიერო იყო. შესაბამისად, იტალიის ნაკრებსაც ვგულშემატკივრობ.

– დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებ.

FCTorpedo.GE

ცვლილებები “ტორპედოში” და გადასვლა ბუნებრივ მინდორზე

ჩვენი გუნდი საკუთარ ბაზაზე აქტიურად ემზადება. გიორგი დარასელიამ დღეს მისი შეგირდები ბუნებრივ მინდორზე ავარჯიშა. „ტორპედოს“ საწვრთნელ პროცესში პირველად მონაწილეობდა გორის „დილას“ ყოფილი მეკარე 31 წლის ბექა შეყრილაძე. რაც შეეხება მეკარეებს საშა მიშიჩს, კახაბერ მეშველიანსა და მცველ მალხაზ გაგოშიძეს, ისინი ქუთაისში აღარ გააგრძელებენ კარიერას. ბოლო ორი მათგანის შემთხვევაში ამის მიზეზი ისაა, რომ ს. კ. „ზესტაფონთან“ მათ მოქმედი კონტრაქტები აკავშირებთ, ამიტომ ზემოიმერული კლუბი ტრანსფერის სანაცვლოდ კომპენსაციის სახით საკმაოდ დიდ თანხას ითხოვს.

ხვალ და ზეგ “ტორპედო” დღეში ერთ ვარჯიშს ჩაატარებს, შემდეგი ორი დღის განმავლობაში კი – ორ-ორს.

ნიკა საბანაძე: „ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ საკუთარ სახლში დავბრუნდი“

ნიკა საბანაძე ის ფეხბურთელია, რომელიც ფართო საზოგადოებამ ქუთაისის „ტორპედოში“ გაიცნო. სპორტსკოლა „ავაზადან“ გადმოსულმა პროფესიონალური კარიერა სწორედ აქ დაიწყო. პროგრესის შედეგად, 2011/12 წლების სეზონიდან უკვე ძირითად შემადგენლობაშიც დაიმკვიდრა ადგილი. ფორვარდის წარმატებული თამაში შეუმჩნეველი არც საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების სამწვრთნელო შტაბს დარჩენია – მან 21-წლამდე ნაკრებშიც ჩაატარა მატჩები. ქუთაისელთა რიგებში კი, 111 ოფიციალური თამაში ჰქონდა გამართული, როცა ს. კ. „ზესტაფონში“ გადავიდა, იქედან – თბილისის „დინამოში“, სადაც ასევე ნახევარი სეზონი გაატარა და ქუთაისში დაბრუნდა. მისი თანამემამულე არაერთი მეკარის შეფასებით, ეროვნულ პირველობაზე მონაწილეთა შორის იგი საჯარიმოში ერთ-ერთი ყველაზე სახიფათოა.

23 წლის ფორვარდი ჩვენი საიტის რესპონდენტია…

 – ნიკა, ალბათ, გახსოვს, 5 წლის წინ, შენთან პირველი ინტერვიუ რომ ჩავწერეთ, როგორც „ტორპედოს“ ახალბედა ფეხბურთელთან, რა შეიცვალა მას შემდეგ შენს ცხოვრებაში?

– როგორ არ მახსოვს?! პირველად, როცა „ტორპედოში“ მოვედი, ბევრი გამოცდილი ფეხბურთელი დამხვდა გუნდში. მათგან საკმაოდ ბევრი რამ ვისწავლე. თანდათან თამაშებითაც მივიღე გამოცდილება. სხვანაირად შევხედე ცხოვრებას და საზოგადოდ, ფეხბურთს, რაც მთავარია, უფრო პროფესიონალურად. მას მერე 180 გრადუსით შეიცვალა ყველაფერი უკეთესობისკენ.

 – ფეხბურთის მოყვარულებმა სწორედ „ტორპედოში“ გაგიცნეს, რა როლი ითამაშა ამ კლუბმა შენს განვითარებაში?

– ამ კლუბმა ჩემს პერსპექტივაში ხელი ძალიან შემიწყო, წინსვლა და წარმატება მომიტანა აქ ყოფნამ. „ტორპედო“ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე სახელოვანი და ტრადიციული კლუბია. საერთოდ, ქუთაისში ყველაზე შესამჩნევი საფეხბურთო გარემოა. ჩემი აზრით, აქ ყველაზე მეტად უყვართ ფეხბურთი და საუკეთესოდ აფასებენ ფეხბურთელებს, ამასთან ერთად, იციან კიდეც ფეხბურთიც. ქუთაისი მოსიყვარულე ქალაქია. თავის დროზე აქაურებმა ძალიან თბილად მიმიღეს, ახლა კი, თითქმის ყველა მიცნობს. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ საკუთარ სახლში დავბრუნდი.

 – ამჯერად რა მიზანი გექნება „ტორპედოსთან“ ერთად?

– „ტორპედო“ ისტორიაში მე-13 ადგილზე ჯერ საერთოდ არ ყოფილა და ძალიან უხერხულია ეს, მაგრამ ჩვენ იმისთვის მოვედით, რომ წინ და წინ წავიყვანოთ გუნდი. აუცილებლად გამოვასწორებთ საქმეს. მნიშვნელოვანი თამაშები გველის, თუნდაც ამ სეზონშიც. სამეულში შესვლა წელს იდეალური იქნება. შესაძლებელია, თასიც ავიღოთ. ჩვენს გულშემატკივრებს მოვუწოდებ, რომ ყველამ ერთად ვიბრძოლოთ გამარჯვებებისთვის. მინდა, კიდევ ბევრჯერ დავამახსოვრო ქუთაისელებს თავი.

 – „ტორპედოში“ დღემდე 28 ოფიციალური გოლი გაქვს გატანილი, მათგან ყველაზე სამახსოვრო რომელი იყო შენთვის?

– ყველაზე ლამაზი გოლი, ვიტყოდი, რომ 25-ე ეროვნული ჩემპიონატის მე-2 ტურში სტუმრად „ზესტაფონთან“ გავიტანე, როცა დუბლიც შევასრულე და ჩემმა გუნდმაც მოიგო(3:2). ყველაზე ისტორიული კი ის იყო, როცა ევროპის ლიგაზე ყაზახურ „აქტობესთან“ მატჩში გავხსენი ანგარიში. მუდამ დაუვიწყარი იქნება ორივე ჩემთვის. წარსული კარგია, ხალხს ახსოვს, თუმცა მე მხოლოდ მომავალს ვუყურებ…

საქართველოს წამყვან კლუბებში გითამაშია, თუმცა ჯერჯერობით გუნდური ტიტული არ გაქვს მოგებული…

– ყველაზე ახლოს „ტორპედოსთან“ ერთად ვიყავი, მაგრამ თასის ფინალში არ გაგვიმართლა და „გაგრასთან“ წავაგეთ. გულდასაწყვეტი იყო ყველა ჩვენგანისა და მთლიანად ქუთაისისთვის. გეთანხმებით, ლიდერ კლუბებში როცა ხარ, ტიტული აუცილებელია. ეს ერთგვარი გვირგვინია, გაღებული შრომის შემდეგ. იმედია, მომავალში მაინც მექნება ეს ბედნიერება.

 – სხვათა შორის, თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში ერთ-ერთი ყველაზე კარგი მატჩი სწორედ ქუთაისში ჩაატარე. ფაქტობრივად, შენმა გოლებმა გადაწყვიტა „ქართულ კლასიკოში“ გამარჯვებულის ბედი. იმ დღეს როგორ გაიხსენებ?

– ის გოლებიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. მე მაშინაც ვგრძობდი, რომ ქუთაისში ვუყვარდი ადამიანებს. არ დამავიწყდება, თამაშის შემდეგ როგორი ტაშით გამაცილეს მოედნიდან. როგორც ვიცი, ასეთი ჟესტი აქამდე სხვა არც ერთი დინამოელის მიმართ არ ჰქონიათ. ისე მიხაროდა, თბილისამდე მთელი გზა ეიფორიაში ვიყავი. ვეცდები ყველანაირად, რომ ჩემი კიდევ ერთი ვალიც გადავიხადო ქუთაისელი ქომაგების მიმართ და შემდეგ „კლასიკოში“ უკვე „ტორპედოს“ მაისურით გავიტანო გოლები(იცინის).

– საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებშიც გითამაშია, თუმცა უკვე იმ ასაკში აღარ ხარ, რომ კიდევ 21-წლამდელებში ითამაშო. როგორ ფიქრობ, ეროვნულ ნაკრებში რომ გამოგიძახონ, სათამაშოდ მზად ხარ?

– რა თქმა უნდა, მე ყოველთვის მზად ვარ. ძალიან დიდი პატივი იქნება, თუ კახი ცხადაძე შანსს მომცემს. ყველაფერს გავაკეთებ იმის დასამტკიცებლად, რომ ნაკრებში თამაშის ღირსი ვიყო.

 – „ტორპედოს“ არაერთ მწვრთნელთან გქონდა შეხება, გიორგი დარასელიასთან ერთად კი პირველად მუშაობ…

– ბატონი გიორგი „ტორპედოში“ დაბრუნების შემდეგ გავიცანი. იგი ძალიან დადებითი პიროვნება და თავისი საქმის პროფესიონალია. მოედნის გარეთ ბიჭების მეგობარია, მოედანზე კი არანაირი დანდობა და ძმაკაცობა არ არსებობს. მის მიდგომას ვიზიარებ, რომ, თუ იმსახურებ, მიიღებ კიდეც. სხვანაირად მაღალი დონის გუნდი არ გვეყოლება.

 – დღევანდელი „ტორპედო“ რა სიძლიერის გუნდია?

– რა თქმა უნდა, ყველა მეტოქეს პატივს ვცემთ, თუმცა ჩვენი კონტიგენტიდან გამომდინარე, ვფიქრობ, ყველა ქართულ გუნდს შეგვიძლია მოვუგოთ. მინიმუმ, სერიოზულ წინააღმდეგობას მაინც გავუწევთ ყველას.

  – თურქული შეკრებაც ახლოვდება, რას ელოდები ამ ეტაპისგან?

– პირველ რიგში, შეთამაშებას. რამდენიმე ფეხბურთელთან შეხება აქამდე არ მქონია. ჯერ არც ერთი ამხანაგური თამაში არ გვითამაშია, ამიტომ ყველანი ველოდებით ახალ მოსამზადებელ ეტაპს. ვეცდებით, რომ რაც შეიძლება მალე მოვახერხოთ გუნდის დალაგება. დიდი იმედი მაქვს მთავარი მწვრთნელის და რასაკვირველია, ბიჭებიც ხელს შევუწყობთ.

 – წინა ხაზში საკმაო კონკურენცია შეიქმნა, ამ საკითხს როგორ ხედავ?

– თუ გუნდში კონკურენცია არაა და განაღდებული გაქვს თამაში, ეს ფეხბურთელის მოდუნებას იწვევს. როცა ესა თუ ის მატჩი „ჩაგივარდება“, უკვე ჩვეულებრივ ამბად აღიქვამ. ამიტომ აუცილებელია კონკურენცია, რათა სულ მობილიზებულად იყო. საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო წინა ხაზი ჰყავს დღეს „ტორპედოს“.

 – და ბოლოს, ცოტა შორს წავიდეთ… შენი ფავორიტი ფეხბურთელი შვედი ზლატან იბრაჰიმოვიჩია, რომელსაც თამაშის მანერით გამგვანებენ კიდეც…

– ჰოლანდიურ „აიაქსში“ ყოფნიდან მოყოლებული, როცა მე ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი, მართლაც ჩემი ფავორიტია. მისი ეფექტური გოლები არამარტო მოწონებას იმსახურებს. მეც ფორვარდი ვარ და თამაშით სტილით ვცდილობ, რაღაცებში მაინც მივბაძო, მაგრამ რამდენად გამომდის ეგ არ ვიცი(იცინის).

– დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებ.

FCTorpedo.GE

ისევ „ორჯერადები“ და მატება რეზერვიდან

ქუთაისის „ტორპედო“ საკუთარ საწვრთნელ ბაზაზე ორჯერად ვარჯიშებს აგრძელებს. გეგმის მიხედვით, ტორპედოელები უცხოურ შეკრებაზე გამგზავრების წინა დღემდე აღარ დაისვენებენ. დღევანდელი საწვრთნელი პროცესის ფარგლებში ორმხრივი თამაშებიც ჩატარდა. გიორგი დარასელიას განკარგულებაში 26 ფეხბურთელი გახლდათ, მათ შორის იყვნენ დუბლშემადგენლობიდან დამატებული 18 წლის მოთამაშეებიც, ნახევარმცველი ზაურ გოგუაძე და თავდამსხმელი ლაშა ჩიხლაძე. როგორც ჩვენი გუნდის თავკაცმა განაცხადა, ასეთი ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება.

FCTorpedo.GE

„ტორპედომ“ ვარჯიშები განაახლა, პლუს – ადამაძე

დილა-საღამოს ვარჯიშების რეჟიმზე გადასვლის შემდეგ „ტორპედომ“ ორი დღე შეისვენა და მზადება განაახლა. დღეს ქუთათურებმა საკუთარი საწვრთნელი ბაზის ხელოვნურ მინდორზე ერთი ვარჯიში ჩაატარეს და დაახლოებით ასი წუთი დაჰყვეს. აქედან მეტი დრო ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებას დაეთმო. შემდეგ კი, ნახევარ მოედანზე ორმხრივი თამაშიც გაიმართა.

დღევანდელ ვარჯიშზე ნამატი იყო – „ტორპედოს“ 26 წლის გურამ ადამაძეც დაუბრუნდა, რომელიც ბოლოს გორის „დილაში“ გამოდიოდა და მან ამ კლუბის დადებით შედეგებში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. ცენტრალურმა მცველმა ალეკო ჩაკვეტაძის ადგილი შეავსო, რომელიც უკვე ფოთის „კოლხეთს“ შეუერთდა. მადლობას ვუხდით მას ჩვენი კლუბისთვის გაწეული სამსახურისთვის და სამომავლო წარმატებებს ვუსურვებთ.

FCTorpedo.GE

“ტორპედო” ყაზახებსა და ბულგარელებსაც შეხვდება

მოგეხსენებათ, ქუთაისის „ტორპედო“ ორკვირიანი შეკრების გასავლელად 29 იანვარს თურქეთში გაემგზავრება, სადაც, რასაკვირველია, საკონტროლო თამაშებსაც ჩაატარებს. დღეისთვის სამი მეტოქის ვინაობაა ცნობილი. როგორც უკვე გაუწყეთ, 7 თებერვალს გიორგი დარასელიას გაწვრთნილი გუნდი უნგრულ „დებრეცენს“ გაეჯიბრება. რაც შეეხება სხვა სპარინგებს: 1 თებერვალს „ტორპედო“ ყაზახეთის 2-გზის ჩემპიონ პავლოდარის „ირტიშს“ შეხვდება, 10 თებერვალს კი – ბულგარეთის ჩემპიონატის პირველი დივიზიონის წარმომადგენელ პლოვდივის „ბოტევს“.

FCTorpedo.GE

გაბრიელ თებიძე: “მინდა, რომ “გურიას” ნდობა გავამართლო”

20 წლის გაბრიელ თებიძემ უმაღლესი ლიგის მიმდიანრე სეზონში “ტორპედოს” ძირითადში შეძლო ადგილის დამკვიდრება და 10 შეხვედრაც ჩაატარა. ახალგაზრდა მეკარე ახალი წლიდან “გურიას” ღირსებას დაიცავს და მასთან საუბარი სწორედ ახალი გუნდის შესახებ დავიწყეთ.

– უმაღლესი ლიგის მეორე წრეს “გურიაში” გაატარებ. რას გვეტყვი შენს ახალ გუნდზე? 

– ძალიან გამიხარდა, რომ “გურიამ” მთავარ გუნდში მომცა თავის გამოჩენის საშუალება. ტრადიციულია გუნდია, რაც ჩემთვის ბევრს ნიშნავს.

– პირველ წრეში შენს თამაშს როგორ შეაფასებდი? 

– დადებითად ვერ შევაფასებ. “ტორპედომ” გათამაშება მე-13 ადგილზე დაასრულა, რაც ამ გუნდს ნამდვილად არ შეეფერება. იმედი მაქვს, რომ “გურიაში” შეცდომებს გამოვასწორებ.

– “ტორპედოს” ძირითადს გაუშინაურდი და გუნდიდან შენი წამოსვლა ცოტა გასაკვირიც იყო…

– კონტრაქტი დამიმთავრა და ქუთაისიდან არავინ დამკავშირებია. როგორც ჩანს, “ტორპედოში” ფიქრობენ, რომ მათ მოთხოვნებს ამ ეტაპზე ვერ ვაკმაყოფილებ. ამ დროს ინტერესი “გურიამ” გამოიჩინა და მეც დავთანხმდი. ამ ეტაპზე ჩემთვის მთავარი სათამაშო პრაქტიკაა. მინდა, რომ “გურიას” ნდობა გავამართლო.

– ზურგს საკმაოდ დიდი სანაკრებო გამოცდილება გიმაგრებს… 

– ასაკობრივ ნაკრებებში მართლაც დიდი გამოცდილება მივიღე, რაც ეროვნული ჩემპიონატის მატჩებშიც მეხმარება. სანაკრებო პერიოდი ყოველთვის სასიამოვნო გასახსენებელია. ევროპის ჩემპიონატზე გასვლა ჩვენი ქვეყნისთვის პატარა მოვლენა არ არის.

– ალბათ, 21 წლამდეთა ნაკრებში მოხვედრაზეც ფიქრობ…

– რა თქმა უნდა, მაგრამ საამისოდ დიდი შრომაა საჭირო და მინიმუმ უმაღლესი ლიგის გუნდში სტაბილურად ძირითად შემადგენლობაში თამაში. იმედია, “გურიაში” ამას შევძლებ.

– ბოლოს ისევ უმაღლეს ლიგაზე გკითხავ. ვინ მიგაჩნია გათამაშების მთავარ ფავორიტად? 

– წლევანდელი ჩემპიონატი საკმაოდ თანაბარია. ფავორიტი რა თქმა უნდა “დინამოა”, მაგრამ კონკურენციაც დიდია და დაძაბული მეორე წრე გველის.

განახლებული „ტორპედოს“ პრეზენტაცია

დღეს ქუთაისის ცენტრალური საფეხბურთო სტადიონის საპრენსკონფერენციო დარბაზში განახლებული „ტორპედოს“ პრეზენტაცია გაიმართა. ჩვენი ქალაქის მერის მოადგილემ, ბატონმა ნოდარ მიქიაშვილმაპრესისა და მედიის წარმომადგენელთა წინაშე კლუბის ახალი წევრები წარადგინა.

აღნიშნულ ღონისძიებაზე კომენტარები გაკეთდა, რომლებსაც ქვემოთ გთავაზობთ.

ნოდარ მიქიაშვილი: „ქუთაისის „ტორპედოს“ დიდი წარდგენა არ სჭირდება. კლუბს ამიერიდან ეყოლება ახალი სამწვრთნელო შტაბი, აღმასრულებელი დირექტორი და რასაკვირველია, ფეხბურთელებიც. მადლობა გიორგი დარასელიას, რომ მან ჩვენს შეთავაზებას დადებითად უპასუხა. ასევე მადლობა კომპანია „ვისოლს“ ქუთაისური ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. როგორც იცით, ქუთაისის „ტორპედო“ უკვე მერიის საკუთრებაა. სპორტულ მხარესთან ამ ეტაპზე თითქმის ყველაფერზე შეთანხმებული ვართ და ქალაქის დახმარებით ყველა ნახავს გაცილებით უკეთეს გუნდს. მომავალ საკრებულოს სხდომაზე საბოლოოდ გადაწყდება დაფინანსების საკითხი. ვფიქრობ, სეზონის დასრულებამდე 800 000 ლარზე ოდნავ მეტს მიიღებს კლუბი ქალაქისგან. ეს საკმარისი უნდა იყოს უფრო კარგი შედეგების მისაღებად. მართალია, ქუთაისის ბიუჯეტში შედის ეს ხარჯი, თუმცა ქალაქის მკვიდრთა ფეხბურთისადმი სიყვარულის გამო ამ თანხის გაღება ნორმალური იქნება. ასევე აღვნიშნავ, რომ ქალაქის მერია „ტორპედოზე“ მანამ იზრუნებს, სანამ მას ახალ მფლობელს მოუძებნის“.

„ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელი, გიორგი დარასელია: „მადლობას ვუხდი ქალაქისა და კლუბის ხელმძღვანელობას ასეთი დაფასებისთვის, რომ დღეს მე ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელი ვარ. განწყობა ამაღლებულია, იმიტომ, რომ ამ კლუბისადმი, სადაც ფეხბურთელის კარიერა დავიწყე, სიყვარული დიდი ხანია, რაც მაქვს. მჯერა, ერთმანეთის გვერდით დგომით გამოვასწორებთ სიტუაციას და ქუთაისს ისეთ ფეხბურთს დავუბრუნებთ, რომელიც ეკუთვნის. ასევე მოგახსენებთ, წინა გუნდიდან მე არც ერთი ფეხბურთელი არ გამიშვია. მათ კონტრაქტები ამოეწურათ და მათმა ნაწილმა უკვე დატოვა კლუბი. ვეძებთ ახალ ფეხბურთელებს, რომლებიც გუნდს გააძლიერებენ. ვეცდებით, რომ უცხოურ შეკრებაზე გამგზავრებამდე გუნდი საბოლოოდ დავაკომპლექტოთ“.

„ტორპედოს“ აღმასრულებელი დირექტორი, დავით ფრუიძე: „ვინც მიცნობს, იცის, რომ სპორტთან დიდი ხანია, რაც შეხება მაქვს. ჩვენი მოთხოვნა უპირველესად იქნება – მკაცრი დისციპლინა. ამასთან ერთად, ჩვენ შევქმნით ისეთ პირობებს, რათა ფეხბურთელებმა თავი კომფორტულად იგრძნონ. უკვე გადაწყვეტილია, რომ გუნდი წავა უცხოურ შეკრებაზე. იქნება ახალი ეკიპირება. ვფიქრობთ ასევე სიმბოლიკის შეცვლაზე. უნდა გაკეთდეს საფეხბურთო სკოლაც და გვინდა, რომ ეს ყველაფერი დაფუძნებული იყოს ტრადიციებზე. გასულ წელს იყო საუბარი, რომ თითქოს გუნდს უჭირდა არსებობა, რაც სიმართლეს არ შეესაბამებოდა. დღესდღეობით, მოვიწვიეთ ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც გვჭირდება ჩვენი ამოცანების გადასაწყვეტად. მე კმაყოფილი ვარ გიორგი დარასელიას მუშაობის დასაწყისით და დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს. რაც შეეხება დაფინანსების საკითხს, ქალაქის მერისა და მისი მოადგილის დახმარებით ამ სეზონში კლუბი ნორმალურად იცხოვრებს“.

პრეზენტაციას „ტორპედოს“ სამი ახალწვეული ესწრებოდა:

ნიკოლოზ საბანაძე – „ზესტაფონის“ გავლით თბილისის „დინამოდან“ დაბრუნებულმა 23 წლის ფორვარდმა, რომელსაც ახალგაზრდულ ნაკრებშიც უთამაშია, პროფესიონალური კარიერა სწორედ ქუთაისელთა კლუბში დაიწყო, მაშინ, როცა „ტორპედო“ ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მეორედ აღზევდა(2010 წელს). მან ჩვენი გუნდის რიგებში 111 ოფიციალური მატჩი ჩაატარა და 28 გოლი გაიტანა. იგი 9-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.

ზაზა ჭელიძე – ქუთაისის „ტორპედო“ არც 27 წლის ცენტრალური მცველისთვისაა უცხო. მან სეზონნახევრის განმავლობაში ჩვენი გუნდის 52 ოფიციალურ თამაშში მიიღო მონაწილეობა და 2 გოლიც გაიტანა. ამის შემდეგ იგი ს. კ. „ზესტაფონში“ გადავიდა, საიდანაც ბელორუსიის „გომელს“ მიაშურა.

ირაკლი კლიმიაშვილი – თბილისის „ვიტ ჯორჯიაში“ სახელმოხვეჭილ ნახევარმცველს განსხვავებით მისი ზემოხსენებული თანაგუნდელებისა, პირველად მოუწევს „ტორპედოს“ ღირსების დაცვა. მას „ვეტერინარებთან“ ერთად საქართველოში ყველა გათამაშება(ჩემპიონატი, თასი, სუპერთასი) აქვს მოგებული, აქედან მოყოლებული, შემდეგ კლუბებში ირიცხებოდა: მახაჩყალის „ანჟი“, ტაშკენტის „პახტაკორი“, გორის „დილა“, ბოლნისის „სიონი“ და ბოლოს რიგის „სკონტო“. 26 წლის ნახევარმცველი, რომელსაც საქართველოს 21-წლამდე ნაკრებშიც უთამაშია(12 თამაში), „ტორპედოს“ 13-ნომრიანი მაისურით გავა მოედანზე.

„ჩვენთვის დიდი პატივია ქუთაისის „ტორპედოს“ ფეხბურთელობა. დიდი სიამოვნებით დავთანხმდი ამ წინადადებას, მით უმეტეს, რომ გიორგი დარასელიასთან ერთად აქამდეც მაქვს ნამუშევარი და ჩემთვის ეს ფაქტორი იყო გადამწყვეტი. ბევრ ლაპარაკს ჯობია ფეხბურთელებმა ყველაფერი მინდორზე დავამტკიცოთ. ვიცი, რომ ქუთაისში მშვენიერი საფეხბურთო ატმოსფეროა და იმედია, გულშემატკივრებს ამჯერად „ტორპედოს“ ფეხბურთელის რანგში გავახარებ“, – თქვა კლიმიაშვილმა.

FCTorpedo.GE

წლის პირველი ვარჯიში განახლებული გუნდით

2015 წლის დადგომიდან მე-3 დღეს ქუთაისის „ტორპედო“ საკუთარ საწვრთნელ ბაზაზე შეიკრიბა და ამჟამინდელი საფეხბურთო სეზონის მეორე ეტაპისთვის მზადებას შეუდგა. გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელის, გიორგი დარასელიას ხელმძღვანელობით ხელოვნურსაფარიან მოედანზე ჩატარებულ ორსაათიან საწვრთნელ პროცესში, რომელსაც გულშემატკივრებთან ერთად ქუთაისის ვიცე-მერი ნოდარ მიქიაშვილიც დაესწრო, 24 ფეხბურთელი მონაწილეობდა. აქედან მხოლოდ 9 მათგანი იყო წინა შემადგენლობიდან.

ესენი არიან: თორნიკე გეგუჩაძე(მეკარე), მიხეილ მახვილაძე, ზურაბ გელაშვილი, ალეკო ჩაკვეტაძე, ოლეგ მამასახლისი, გოგი გოგიჩაიშვილი, შოთა ბაბუნაშვილი, თეიმურაზ მარკოზაშვილი და ოთარ კვერნაძე.

„ტორპედოს“ დაუბრუნდა შემდეგი ოთხეული: 27 წლის მცველი ზაზა ჭელიძე(ბელორუსიის „გომელიდან“), 31 წლის ნახევარმცველი ლაშა ქებაძე(„სამტრედიადან“) და ფორვარდები – 23 წლის ნიკოლოზ საბანაძე(თბილისის „დინამოდან“) და 26 წლის ვახტანგ კვარაცხელია(„ზუგდიდიდან“).

ახალწვეულების რანგში ივარჯიშეს, მეკარეებმა: 27 წლის სერბმა საშა მიშიჩმა, რომელიც ბოლოს ბოსნიის ჩემპიონატში მოასპარეზე „მლადოსტში“ გამოდიოდა და ექსზესტაფონელმა კახაბერ მეშველიანმა.ნახევარმცველებმა: ირაკლი კლიმიაშვილმა, „ტორპედომდე“ იგი ლატვიურ „სკონტოში“ თამაშობდა და „ზესტაფონის“ კიდევ ერთმა ყოფილმა ფეხბურთელმა, 23 წლის გიორგი ჭანკოტაძემ. პლუს, თბილისის „დინამოდან“ წამოსულმა 20 წლის თავდამსხმელმა ბუდუ ზივზივაძემ.

მთავარი მწვრთნელის განკარგულებაში ასევე იყვნენ ახალგაზრდა მცველები: მალხაზ გაგოშიძე(„ზესტაფონიდან“), რომეო კანკია, საბა ადამაშვილი(ორივე „ზუგდიდიდან“) და ბექა ბანძელაძე.ვარჯიშზე მყოფთაგან ამ უკანასკნელთან ერთად ბოლოს წყალტუბოს „სამგურალში“ თამაშობდნენ ნახევარმცველები, თენგიზ ბრეგვაძე და ბექა კაკუშაძე. სხვათა შორის, მისი ქალაქის გუნდის მაისური კაკუშაძესაც მოურგია, უმაღლესი ლიგის სამ შეხვედრაში.

ერთ კვირაში ჩვენს გუნდს შეუერთდება ს. კ. „ზუგდიდის“ ყოფილი უკანახაზელი ბაქარ მირცხულავაც.

ზემოხსენებულ ფეხბურთელთა უმეტესობასთან კონტრაქტები მოკლე ხანში გაფორმდება, რასაც ოპერატიულად გაცნობებთ.

ფეხბურთელთა შემადგენლობისგან განსხვავებით სრულად დაკომპლექტდა გუნდის სამწვრთნელო შტაბი – გიორგი დარასელიას თანაშემწე გარდა გიორგი მეგრელაძისა, ნუკრი გაბრავაც იქნება. მეკარეებს კი თამაზ ოდიკაძე გაწვრთნის.

8 იანვრიდან „ტორპედო“ ორჯერად ვარჯიშებზე გადავა და საწვრთნელ ბაზაზე ორმხრივ თამაშებსაც ჩაატარებს. 29 იანვარს კი ორკვირიანი შეკრების გასავლელად თურქეთში, კერძოდ დაბა ბელეკში გაემგზავრება, სადაც ოთხ ამხანაგურ მატჩსაც გამართავს: 1, 4, 7 და 10 თებერვალს. მეტოქეთა ვინაობა ოდნავ მოგვიანებით დაზუსტდება.

FCTorpedo.GE