22 ნოემბერს, ქუთაისის ცენტრალური სტადიონი მორიგ საჩემპიონატო იმერულ დერბის უმასპინძლებს. ადგილობრივ ს.კ. „ტორპედოსა“ და ს.კ. „ზესტაფონს“ შორის შეხვედრაზე, რომელიც 14:00 საათზე დაიწყება,დასწრება უფასოა.
სანამ „ზესტაფონს“ ვუმასპინძლებდეთ, ტრადიციულად, ჩვენს მომდევნო მეტოქესა და მასთან არსებულ სტატისტიკას წარმოგიდგენთ. 2-გზის ჩემპიონ ზემოიმერელთა(2011-12 წლებში) შემადგენლობა ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვაკურ „ტრნავასთან“(0:0, 0:3) მარცხის შემდეგ მნიშვნელოვნად შეიცვალა. მიმდინარე პირველობაზე გასული 12 ტურის შედეგად დაგროვილი 17 ქულით ისინი მე-7 ადგილზე იმყოფებიან. გია გეგუჩაძის შეგირდებს ჩემპიონატში ბოლო 8 თამაშია არ წაუგიათ, თუმცა აქედან მათ მხოლოდ 3 მოიგეს – „სიონთან“, „ვიტ ჯორჯიასთან“, „სპარტაკთან“ და ზედიზედ 5 ფრე ითამაშეს – „შუქურასთან“, „მეტალურგთან“, „კოლხეთთან“, „დილასთან“ და „მერანთან“. 3 დღის წინ კი „ზესტაფონმა“ ზედიზედ მე-9 წაუგებელი მატჩიც ჩაატარა, ოღონდ ქვეყნის თასის გათამაშების მერვედფინალში სტუმრად „ჩიხურასთან“(0:0).
დისკვალიფიკაციის გამო დამდეგ იმერულ დერბის მხოლოდ „ტორპედოდან“ ეყოლება დანაკლისი – ვალერი აბრამიძის სახით.
რაც შეეხება სტატისტიკას, ეროვნული ჩემპიონატების ჩატარების დღიდან ქუთაისის „ტორპედო“(საწყის სამ ჩემპიონატში „ქუთაისის“ სახელით გამოდიოდა) სამ სხვადასხვა ზესტაფონურ გუნდსაა შენახვედრი: „მარგვეთს“, „მეტალურგსა“ და „ზესტაფონს“. სულ ქუთაისურ და ზესტაფონურ გუნდებს შორის უმაღლეს ლიგაში 40 მატჩია(კიდევ ერთ შეხვედრაში „მეტალურგი“ არ გამოცხადდა) ნათამაშები. 18 რიონისპირელებმა მოიგეს, 13 ყვირილასპირელებმა, 8 ფრედ დასრულდა, ბურთების შეფარდება 58:40 ქუთაისელთა სასარგებლოდაა. 5 მატჩი შედგა ეროვნული თასის გათამაშებებზე – 1 მოგება ქუთაისელთა მხარესაა, 2 მატჩი ფრედ დასრულდა, 2-ჯერ კი ზესტაფონელებმა იმარჯვეს(ბურთების უკეთესი ბალანსი ზესტაფონელთა მხარესაა – 5:3).
ყველაზე დიდი სხვაობით ქუთაისელებს სხვადასხვა ჩემპიონატში 3-ჯერ, ანგარიშით 4:0 დაუმარცხებიათ ზესტაფონური გუნდები. საპირისპიროდ კი, უდიდესი ანგარიშით 1996 წელს, „მარგვეთთან“ ანგარიშით 3:5 გვაქვს წაგებული.
ბოლოს კი, გთავაზობთ ზესტაფონელთა წინააღმდეგ “ტორპედოს“ მიერ გატანილი გოლების ავტორებს, შესაბამისი მაჩვენებლებით.
6 გოლი – გიორგი მეგრელაძე
5 გოლი – მამუკა ხუნდაძე
4 გოლი – ზაზა ვაჩიბერაძე
3 გოლი – კახა კვეტენაძე, მიხეილ აშვეთია
2 გოლი – გიორგი დარასელია, მირზა მაღლაკელიძე, ანდრეი პოროშინი, გიორგი შენგელია, გივი დიდავა, დავით ჯანაშია, დავით გამეზარდაშვილი, დავით ნოზაძე, გიორგი კუხიანიძე, ნიკა საბანაძე
1 გოლი – არჩილ ჩხაბერიძე, გელა კიკალეიშვილი, ლევან ქებაძე, შალვა ხუჯაძე, დიმიტრი პარამონოვი, ზვიად ქუთათელაძე, მალხაზ ასათიანი, ზურაბ იონანიძე, შოთა ბაბუნაშვილი, გაგა ჩხეტიანი, დავით ბოლქვაძე, რევაზ ჯიქია, არმაზ დოღონაძე, თენგიზ ჩიკვილაძე, მერაბ გიგაური, დავით დიღმელაშვილი, რევაზ გოცირიძე, ნიკა ფირცხალავა, გიორგი დათუნაიშვილი, თორნიკე კაპანაძე.
FCTorpedo.GE