“ტორპედო” – “სამგურალი” 3:1

დღეს, ქუთაისის „ტორპედოს“ სავარჯიშო ბაზას იმერეთის რეგიონისა და ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების ხელმძღვანელები ესტუმრნენ. ესენი იყვნენ: ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელი – შოთა მურღულია, საკრებულოს თავჯდომარის პირველი მოადგილე – ლევან კირკიტაძე, იმერეთის გუბერნატორი – ზაზა მეფარიშვილი, ერთ-ერთი ვიცე-გუბერნატორი – დავით უშხვანი, რეგიონული პროექტების კოორდინირების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი – სოსო ხახალეიშვილი. შეხვედრები შედგა როგორც ჩვენი კლუბის ფეხბურთელებთან და მწვრთნელებთან, ასევე გულშემატკივრებთანაც.

გუბერნია და მერია ბოლომდე მზადაა „ტორპედოს“ ერთგულად უპატრონოს, სანაცვლოდ კი გუნდს საქმისადმი მაქსიმალური მონდომება სთხოვეს და დასძინეს, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები სამომავლოდაც ჩატარდება, რათა უშუალოდ მოხდეს ფეხბურთელებთან ურთიერთობა და მათი ახალი წინადადებების გაცნობა-დაკმაყოფილება.

დღესვე, „ტორპედო“ ბაზის ბუნებრივ მინდორზე პირველლიგელ წყალტუბოს „სამგურალს“(მწვრთნელი – გიორგი გოგიაშვილი) გაეჯიბრა ამხანაგურად და მეორე ტაიმში გატანილი გოლებით ანგარიშით 3:1 დაამარცხა მეტოქე. თორნიკე ჩადუნელის ახლო მანძილიდან გატანილ თავურ გოლს სტუმრებმა ონისე ჩინჩალაძის ზუსტი დარტყმით უპასუხეს, მალევე კი ოთხწუთიან მონაკვეთში დუბლი შეასრულა შეცვლაზე შესულმა ოთარ კვერნაძემ, რომელმაც ჯერ მახვილი კუთხიდან ჭკვიანური დარტყმით მიაღწია მიზანს, მერე კი მეკარესთან პირისპირ გასვლით ისარგებლა.

გუნდების შემადგენლობები -http://www.fctorpedo.ge/index.php?geo&game=229

მომდევნო სპარინგ-მატჩს რევაზ ძოძუაშვილის შეგირდები ხვალ გამართავენ. „ტორპედოს“ ბაზას ამჯერად საფეხბურთო კლუბი „სამტრედია“ ეწვევა. თამაში 15:30 საათზე დაიწყება.

FCTorpedo.GE

“ტორპედო” ლატვიელი ფეხბურთელით ძლიერდება

სავარაუდოდ ქუთაისის “ტორპედოს” ლატვიელი ფეხბურთელი, იგორ სავჩენკოვსი გააძლიერებს.  31 წლის მცველს საკუთარ ქვეყანაში ყველა ტიტული აქვს მოგებული. სავჩენკოვსი წლების განმავლობაში “ვენტსპილსის” იცავდა ღირსებას. ასევე უთამაშია რიგის “სკონტოში” და “იელგავაში”. ბოლოს კი “დაუგავა დაუგავსპილსის” შემადგენლობაში ასპარეზობდა.

სავჩენკოვსკი ფიზიკური მონაცემებითაც გამოირჩევა. მისი სიმაღლე 195 სანტიმეტრს აღწევს. წესით და რიგით, ლატვიელმა ფეხბურთელმა “ტორპედო” უნდა გააძლიეროს.

„ტორპედო“—„ჩიხურას“ მატჩის ბედი ბოლო წუთზე გადაწყდა

11 თებერვალს, ქუთაისის „ტორპედომ“ მისივე საწვრთნელი ბაზის ბუნებრივსაფარიან მოედანზე ტესტ-მატჩი უმაღლეს ლიგაში მე-2 ადგილზე მყოფ საჩხერის „ჩიხურას“(მწვრთნელი – სოსო ფრუიძე) წინააღმდეგ გამართა.

ამხანაგურ იმერულ დერბიში ორივე გუნდმა არსებული რესურსებიდან გამომდინარე საკმაოდ ძლიერი შემადგენლობით ითამაშა, მეტიც, სტუმართა განაცხადი თითქმის ოპტიმალური იყო. ერთობ საინტერესოდ ჩავლილი სპარინგის ბედი კი ბოლო წუთზე გადაწყდა, როცა თენგიზ ჩიკვილაძის მიერ კუთხურიდან მოწოდებულ ბურთს ახლო ძელთან თეიმურაზ მარკოზაშვილმა საგოლედ დაუხვედრა თავი – 1:0. მოკლედ, რევაზ ძოძუაშვილის შეგირდებმა ტესტი წარმატებით ჩაბაარეს.

„ტორპედოს“ ოფიციალური ვებ-გვერდი

“ტორპედო” – “გურია” 1:1

საკონტროლო მატჩების ჩატარებას აგრძელებს ქუთაისის „ტორპედო“, ქუთაისურმა გუნდმა დღეს საწვრთნელი ბაზის ხელოვნურ მინდორზე უმაღლეს ლიგაში მე-4 ადგილზე მყოფი დავით მახარაძის დამოძღვრილი ლანჩხუთის „გურია“ მიიღო.

შეხვედრაში, რომელიც გარკვეული მიზეზის გამო დაგეგმილზე საკმაოდ გვიან დაიწყო, გამარჯვებული არ გამოვლენილა, რამეთუ გუნდებმა შედეგიანი პენალტები გაცვალეს. 70-ე წუთზე, ქუთაისელთაგან მამუკა ღონღაძემ მისივე წაქცევისთვის დანიშნული თერთმეტმეტრიანი დარტყმა შეასრულა უშეცდომოდ. ორ წუთში კი „გურიადან“ გიორგი გაგნიძემ გვიპასუხა საპირისპირო საპენალტო ნიშნულიდან ზუსტი დარტყმით – 1:1.

გუნდების შემადგენლობები – http://www.fctorpedo.ge/index.php?geo&game=227

მომდევნო სპარინგ-მატჩს რევაზ ძოძუაშვილის გაწვრთნილი გუნდი 11 თებერვალს, ისევ საკუთარ ბაზაზე, ამჯერად კი საჩხერის „ჩიხურასთან“ ჩაატარებს.

FCTorpedo.GE

“ვიტ ჯორჯია” – “ტორპედო” 6:1

არაოფიციალური გათამაშების „ბენდელას თასის“ ერთ-ერთი მერვედფინალური მატჩი „მცხეთა პარკზე“ გაიმართა, სადაც ქუთაისის „ტორპედო“ თბილისის „ვიტ ჯორჯიას“ ესტუმრა.

შეხვედრა მასპინძლებმა სოლიდური ანგარიშით 6:1 მოიგეს. პირველ-მეორე ტაიმში „ვიტ ჯორჯიამ“ თანაბრად, 3-3-ჯერ შეძლო მეტოქის კარის აღება. ნიკა სიჭინავასა და ელგუჯა ლობჯანიძის გოლებს ქუთაისელებმა(გიორგაძის პასით) მამუკა ღონღაძის გოლით უპასუხეს, რომელიც, როგორც შემდეგში აღმოჩნდა, პრესტიჟის იყო სტუმართა მხრიდან. აქედან მოყოლებული ანგარიშის სხვაობას თანდათან ნიკა მაისურაძე, გიორგი გეთიაშვილი, ლევან ცაბაძე და ლევან კუხალეიშვილი ზრდიდნენ. „ბენდელას თასის“ ნახევარფინალშიც „ვიტ ჯორჯია“ იასპარეზებს. აქვე აღსანიშნავია, რომ რევაზ ძოძუაშვილმა აღნიშნულ მატჩში სინჯებზე მყოფი კიდევ რამდენიმე ახალი სახე გამოცადა.

გუნდების შემადგენლობები – http://www.fctorpedo.ge/index.php?geo&game=226

მორიგ საკონტროლო მატჩს ქუთაისის “ტორპედო” ხვალ საკუთარ საწვრთნელ ბაზაზე გამართავს. მეტოქე ლანჩხუთის „გურია“ იქნება. თამაშის დასაწყისი 15:30 საათზე.

FCTorpedo.GE

“ტორპედო” – “ზესტაფონი-2” 2:1

დღეს, „ბენდელას თასის“ ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრები შედგა. ქუთაისის „ტორპედოს“ საწვრთნელი ბაზის ხელოვნურსაფარიან მოედანზე ჩვენმა გუნდმა ს/კ „ზესტაფონის“ მეორე გუნდი(მწვრთნელი – გიორგი მიქაძე) მიიღო.

შეხვედრა ძლიერი ქარისა და სიცივის ფონზე მიმდინარეობდა, რაც ორივე გუნდს ხელს უშლიდა თავიანთი თამაშის ჩვენებაში. მიუხედავად ამისა, საგოლე მომენტების დეფიციტი ნამდვილად არ ყოფილა. მე-20 წუთზე „ტორპედო“ ღონღაძის პასით გიორგი გიორგაძემ გაიყვანა წინ, რომელმაც მარცხენა მახვილი კუთხიდან ზუსტი დარტყმით გამოიჩინა თავი – 1:0. მასპინძლებმა უპირატესობა მეორე ტაიმში გაზარდეს, 62-ე წუთზე, მეტოქის საჯარიმოს ხაზიდან ბექა ტუღუშმა ეფექტურად და შედეგიანად დაჰკრა ბურთს – 2:0. სხვაობის მინიმუმამდე დაყვანა სტუმრებმა 65-ე წუთზე შეძლეს, ეგუტიძის მიერ მარჯვენა ფლანგიდან გაკეთებულ გადაცემას იონა კალაჯიშვილი გამოეხმაურა – 2:1. მალევე მსაჯთან კამათისთვის მოედნიდან ოთარ კვერნაძე იქნა გაძევებული, თუმცა დარჩენილ დროში კაცნაკლულმა „ტორპედომ“ თამაში გამარჯვებამდე მიიყვანა(2:1) და „ბენდელას თასის“ მეოთხედფინალში გავიდა, სადაც მომდევნო მეტოქე კენჭისყრის შემდეგ გაირკვევა.

„ტორპედო“: საბა ცაბუტაშვილი, ბაქარი ლაღაძე(ნიკა ხარაბაძე 46), თორნიკე ჩადუნელი(ოლეგ მამასახლისი 46), გურამ ადამაძე, დავით მეგრელიშვილი(ირაკლი ჩუბინიძე 46), გიორგი ჭედია(გიგა ჯუღელი 46, გიგა ცაბუტაშვილი 72), ლევან ბერუაშვილი(ბექა ტუღუში 46), თენგიზ ჩიკვილაძე(ლევან მაჭავარიანი 46), ზაალ ელიავა(გიორგი ალიბეგაშვილი 46)გიორგი გიორგაძე(თეიმურაზ მარკოზაშვილი 46), მამუკა ღონღაძე(ოთარ კვერნაძე 46).

„ზესტაფონი-2“: გია მახათაძე, მირიან რობაქიძე, მორის გელაშვილი, თორნიკე ჭურაძე, გიგა წურწუმია(დავით მოსიძე 63), ვაჟა ქიქავა, ანრი არველაძე, მიხეილ ვაჭარაძე(იონა კალაჯიშვილი 57), ავთანდილ ეგუტიძე(ლაშა რაზმაძე 84), ბერიკა ბარბაქაძე(შალვა გოგია 80), ბექა მიქელთაძე.

FCTorpedo.GE

“ტორპედო” – “ზუგდიდი” 1:2

ქუთაისის „ტორპედომ“ საკუთარ სავარჯიშო ბაზაზე „ბენდელას თასის“ მე-4 ტურის მატჩი ზუგდიდელთა წინააღმდეგ გამართა, რომელიც ქუთაისში დუბლშემადგენლობით იყო ჩამოსული.

   თამაშის ანგარიში სტუმრებმა 58-ე წუთზე გახსნეს, ახლო მანძილიდან საგოლედ ცოტნე სამუშიამ დაარტყა – 0:1. მასპინძლებმა გათანაბრება მალევე მოახერხეს, გოგიჩაიშვილის მიერ შესრულებულ საჯარიმოს ლევან ბერუაშვილის ზუსტი თავური დარტყმა მოჰყვა – 1:1. ზუგდიდელებმა 3 ქულა მე-80 წუთზე გატანილი გოლით მოიპოვეს, როცა მარცხენა მხრიდან დიმიტრი ლაშქარავამ ქარის მიმართულება გაითვალისწინა და კუთხური გარდასახა გოლად – 1:2. აღსანიშნავია, რომ მატჩში „ტორპედოს“ მაისურით იასპარეზეს ქუთაისელი გულშემატკივრებისთვის საკმაოდ ნაცნობმა ფეხბურთელებმა: სევასტი თოდუამ და თენგიზ ჩიკვილაძემ.

 „ტორპედო“: საბა ცაბუტაშვილი, გურამ ადამაძე, სევასტი თოდუა, თენგიზ ჩიკვილაძე(ლევან ბერუაშვილი 46), დავით მეგრელიშვილი, ბექა ტუღუში(გიორგი ხეცურიანი 53, გიგა ჯუღელი 80), გოგი გოგიჩაიშვილი, გიორგი ალიბეგაშვილი(ლევან თვალავაძე 25, ნიკა ხარაბაძე 46), ოთიკო კვერნაძე(გიორგი გიორგაძე 58), თეიმურაზ მარკოზაშვილი, მამუკა ღონღაძე.

„ზუგდიდი“: ვახტანგ ჯომიდავა(ირაკლი ქირია 85), კოკა ქომეთიანი, ლაშა მჭედლიშილი, გიორგი ქვარცხავა, გრიგოლ ზუროშვილი, ბაკური ნიკოლაძე, ლუკა კობერიძე(დათო მიქავა 50), მანუჩარ ლომაია(ნიკა ქირია 62), ცოტნე სამუშია(გიორგი როგავა 55), დიმიტრი ლაშქარავა, გიორგი ბულია(დიმიტრი თუთბერიძე 70).

ქუთაისის “ტორპედო” მოსკოვის ცსკა-ს ფეხბურთელს იმატებს

კულუარებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მოსკოვის ცსკა-ს ფეხბურთელი დავით ხურციძე კარიერას ქუთაისის “ტორპედოში” გააგრძელებს. ხურციძე 1993 წელს არის დაბადებული. წარმოშობით ქართველია, თუმცა რუსეთის მოქალაქეობას ფლობს. მოსკოვურ კლუბთან ერთად ხურციძეს ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაშიც აქვს თამაშის გამოცდილება. უკანასკნელი ნახევარი წელი 20 წლის ნახევარმცველმა პენზის “ზენიტში” იყო განათხოვრებული და 15 შეხვედრაში 2 გოლის გატანა მოახერხა.

სავარაუდოდ ხურციძე ტორპედოს სამშაბათს შეუერთდება.

გოგა პაპიაშვილი „ტორპედოს“ დაემშვიდობა

მოგეხსენებათ, გასული წლის ბოლოს, კომპანია „ვისოლმა“ ქუთაისის „ტორპედოს“ დაფინანსება შეწყვიტა. მოსვლის დღიდან, ნავთობკომპანიამ ჩვენი კლუბის ფეხზე დასაყენებლად, განსავითარებლად და მოწინავეთა რიგებში ადგილის დასამკვიდრებლად არაერთი ინფრასტრუქტურული თუ სხვა ტიპის პროექტი განახორციელა. დიდი ხნის პაუზის შემდეგ „ტორპედომ“ ევროსარბიელზე ზედიზედ ორჯერ ითამაშა და შიდა ასპარეზზე კი ანგარიშგასაწევ ძალად ჩამოყალიბდა. ამ ხნის განმავლობაში თავის გამოჩენის საშუალება მიეცა უამრავ ახალგაზრდას, რომელთა ნაწილი დღეს უკვე საკმაოდ მაღალი დონის ფეხბურთელები არიან.

„ტორპედოდან“ მფლობელის წასვლამ, ბუნებრივია, კლუბში თანამდებობრივი ცვლილებები გამოიწვია. სხვა პირებთან ერთად საკუთარი პოსტი უკვე დატოვა გოგა პაპიაშვილმაც. „ტორპედოს“ ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს კომენტარი მაშინ ვთხოვეთ, როცა იგი თავის ძველ კაბინეტს მისი პირადი ნივთებისგან ათავისუფლებდა…

გოგა პაპიაშვილი: „ვფიქრობ, ჩემგან რეკომენდირებული არ იქნება „ტორპედოში“ განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენების შესახებ საუბარი. მხოლოდ იმას მოგახსენებთ, რომ გადაბარების პროცესში ჩემს წილ პასუხისმგებლობას ბოლომდე შევასრულებ და მაქსიმალურად შევეცდები, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში მოხდეს ყოველივე.

აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და ძალიან დიდ მადლობას გადავუხდი ქუთაისელ გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის. ჩვენ მართლაც წვიმასა და ქარში ერთად ვიდექით გუნდის საკეთილდღეოდ. მინდა იცოდეთ, რომ თუ რომელიმე ქართულ კლუბს ვგულშემატკივრობ, ჩემთვის პირველი ყოველთვის „ტორპედო“ იქნება. ძალიან მინდა, რომ 9 მარტს თბილისის „დინამოსთან“ თამაშზეც ჩამოვიდე და მხარი დაგიჭიროთ.

საერთოდ სენტიმენტალობა არ მახასიათებს, მაგრამ ძალიან მიჭირს ამ ყველაფრის დატოვება. აქაურობა ჩემი მეორე სახლი იყო. მთელი გულით წარმატებებს ვუსურვებ „ტორპედოს“ და ზოგადად ქუთაისს”.

დიდ მადლობას ვუხდით ბატონ გოგას “ტორპედოსთვის” გაწეული შრომისთვის და წარმატებებს ვუსურვებთ მომავალში.

FCTorpedo.GE

“ტორპედო” – “კოლხეთი” 0:1

დღეს, ქუთაისის „ტორპედომ“ საკუთარ საწვრთნელ ბაზაზე მიმდინარე მოსამზადებელ ეტაპზე მორიგი საკონტროლო მატჩი გამართა, ამჯერად მეტოქე პირველი ლიგის A ზონის ლიდერი ფოთის „კოლხეთი“(მწვრთნელი – ზაზა ინიაშვილი) გახლდათ.

შეხვედრა მინიმალური ანგარიშით 1:0 სტუმართა სასარგებლოდ დასრულდა. ეს ერთადერთი გოლი თამაშის 22-ე წუთზე ლაშა კუკავამ გაიტანა, რომელმაც „ტორპედოს“ მეკარესთან პირისპირ გასვლით ისარგებლა. დღევანდელ სპარინგ-მატჩში რევაზ ძოძუაშვილმა რამდენიმე ახალი ფეხბურთელი გამოცადა, მათ შორის იყო ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი ზაალ ელიავაც.

fctorpedo.ge

ქუთაისურ დერბი “ტორპედოს” გამარჯვებით დასრულდა

დღეს, ქუთაისის „ტორპედოს“ სავარჯიშო ბაზაზე „ბენდელას თასის“ ჯგუფური ეტაპის შეხვედრა გაიმართა, სადაც ქუთაისურ დერბიში ერთმანეთს ს/კ „ტორპედო“ და რეგიონალურ ლიგაში მოასპარეზე ს/კ „ქუთაისი“(მწვრთნელი – როლანდ ცუცქირიძე) შეხვდნენ.

„ბენდელას თასზე“ გამართული წინა შეხვედრის მსგავსად „ტორპედოს“ დამრიგებელმა რევაზ ძოძუაშვილმა დღესაც შერეული შემადგენლობით ათამაშა მისი გუნდი. სიახლე იყო “ტორპედოს” კარის დამცველად მეკარე როინ კვასხვაძის გამოჩენა. ქუთაისური მატჩის ბედი კი მთლიანად თამაშის განმავლობაში განხორციელებულმა ერთმა საგოლე დარტყმამ გადაწყვიტა, რომლის ავტორი 76-ე წუთზე ბექა ტუღუში გახდა, ტორპედოელმა გოგიჩაიშვილთან გათამაშებული კედლის შემდეგ გაახვია ბურთი ბადეში. აღსანიშნავია, რომ ტორპედოელებმა მას შემდეგ შეძლეს დაწინაურება, რაც მსაჯმა მათ რიგებს თეიმურაზ მარკოზაშვილი მეორე ყვითელი ბარათის ჩვენების შემდეგ გამოაკლო. 1:0 „ტორპედოს“ გამარჯვებით.

„ტორპედო“: როინ კვასხვაძე, გურამ ადამაძე, ნიკა ხარაბაძე, ოლეგ მამასახლისი, ზურა გელაშვილი, ლევან ბერუაშვილი, ლევან მაჭავარიანი(ბექა ტუღუში 46), გოგი გოგიჩაიშვილი, დავით მეგრელიშვილი, თეიმურაზ მარკოზაშვილი, გიორგი ჭედია(გიორგი ხეცურიანი 20, ოთარ კვერნაძე 46).

„ქუთაისი“: ბექა ფანცხავა, გიგა ბერიშვილი, საბა თვალავაძე, რამაზ ხურციძე, გივი კოხრეიძე, გიგა ტვილდიანი, გიორგი მაღლაკელიძე(თამაზ გორგოძე 70), ირაკლი ანთია, გიორგი ბულისკერია, შალვა გაბუნია(გაგა ჯებაშვილი 46), თორნიკე შენგელია.

FCTorpedo.GE

ჩიკვილაძე “ტორპედოში” დაბრუნდა

თენგიზ ჩიკვილაძე კარიერას ქუთაისის “ტორპედოში” გააგრძელებს. 30 წლის მცველი პირველ ეტაპზე ლანჩხუთის “გურიას” ღირსებას იცავდა.

აღსანიშნავია, რომ ჩიკვილაძე ტორპედოში უკვე უთამაშია და ეროვნულ ჩემპიონატში 39 ჩატარებულ შეხვედრაში 4 გოლიც აქვს გატანილი.

ასევე, მცველს “სიონის” და “დინამოს” ღირსებაც დაუცავს. უდავოა, რომ ჩიკვილაძის დონის ფეხბურთელი ქუთაისურ კლუბს გააძლიერებს.