გიორგი კუხიანიძე: “მოწინავე პოზიციები არ უნდა დავკარგოთ”

6 ოქტომბერს, ქუთაისის „ტორპედო“ ეროვნული ჩემპიონატის მე-8 ტურის მატჩს სტუმრად სამტრედიაში მარტვილის„მერანთან“ ჩაატარებს. მომავალი შეხვედრისთვის დღეს, ქუთათურთა სავარჯიშო ბაზაზე საწვრთნელი პროცესი გაიმართა. დღეისთვის, ჟერარდ სარაგოსა მულეტის გაწვრთნილ გუნდს აცერთი ფეხბურთელი არ დაკლებია. რაც შეეხება ვარჯიშის მიმდინარეობას, რომელიც საათი და ორმოცი წუთი გაგრძელდა, მისი უმეტესი ნაწილი ფიზმომზადების ესპანელ მწვრთნელ ალბერტო ბეროკალ კორეას მიერ მოცემული დავალებების შესრულებას დაეთმო, შემდეგ კი ძლიერი წვიმის ფონზე ორკარაც შედგა. დამდეგი თამაშის წინ კომენტარი ჩვენი გუნდის „ათიანს“ ვთხოვეთ.

გიორგი კუხიანიძე: „მერანს“ კარგი მწვრთნელი ჰყავს და ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი სიმპათიური გუნდია საქართველოში. მიმდინარე ჩემპიონატში ყველა საშინაო თამაში მოიგო, თანაც, იცით, რომ „ტორპედოსთვის“, ძლიერი მეტოქეა, ქულაც კი არ გვაქვს ჯერ აღებული მათთან გასვლით თამაშებში, ასე რომ, წინ კიდევ ერთი რთული გამოცდა გველის და ვეცდებით, შევცვალოთ ეს ცუდი ტრადიცია, ამჯერად გავიმარჯვოთ და ცხრილში მოწინავე პოზიციები არ დავკარგოთ. როგორც ყველა თამაშში ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ ყველა და ეს შედეგსაც მოგვიტანს“.

FCTorpedo.GE

“ტორპედოს” დუბლებმა ქულები დამატებულ წუთებზე დაკარგეს

1 ოქტომბერს საქართველოს 25-ე ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მონაწილე გუნდების დუბლშემადგენლობათა ტურნირის მე-7 ტურის დარჩენილი მატჩი გაიმართა. ქუთაისის „ტორპედოს“ რეზერვისტებმა თბილისის „ვიტ ჯორჯიას“ დუბლშემადგენლობა ჩვენი გუნდის საწვრთნელ ბაზაზე მიიღო.

ქარის თანხლებით მიმდინარე დღევანდელი შეხვედრა ორმხრივ იერიშებსა და თანაბარ ორთაბრძოლებში მიმდინარეობდა. იშვიათი იყო საგოლე მომენტები, თუმცა თამაშს დაძაბულობა არ მოჰკლებია. ქუთაისელები ბურთს უფრო ხშირად ფლობდნენ, სტუმართა მცირე უპირატესობა კი მეტოქეზე უფრო მეტ შექმნილ სახიფათო მომენტებში გამოიხატებოდა. ანგარიში მე-80 წუთზე გაიხსნა, მასპინძელთა მრავალსვლიანი კომბინაცია ტორპედოელთა დუბლშემადგენლობის საუკეთესო მეგოლე მამია გავაშელიშვილმა დააბოლოვა ეფექტური გოლით, რომელმაც გუგუშვილის მიერ კარგად დაგდებული ბურთი მიწაზე დაუშვებლად გაგზავნა თბილისელთა კარში – 1:0. ტორპედოელებს მშვიდად მიჰყავდათ მატჩი გამარჯვებამდე, თუმცა სტუმართა ბოლო შეტევა გამოეპარათ და მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე რევაზ ჩიტიშვილის მიერ ახლო მანძილიდან გატანილი გოლით დასანანი 2 ქულა დაკარგეს. ლაშა ჭაღიაშვილის გაწვრთნილი გუნდის პირველი ფრე მიმდინარე ტურნირზე – 1:1.

„ტორპედო-2“: კუპატაძე, ჭანტურია, მამასახლისი, კუსიანი, ჩიტეიშვილი, სულთანიშვილი, გოგიჩაიშვილი(ყანჩაშვილი 65), კაკუშაძე, მზევაშვილი(კიკაბიძე 46), ახვლედიანი(გუგუშვილი 46), გავაშელიშვილი.

„ვიტ ჯორჯია-2“: ჩილიგავა, ასკილაშვილი, ჩიტიშვილი, ჩიჩუა, ნ. იაშვილი, გახარია, ვაზაგაშვილი, სოფრომაძე, კურდღელაშვილი(კვირკვია 67), გ. გაგნიძე, ხვისტანი.

მსაჯი: თორნიკე ნაკაიძე(ლანჩხუთი)

FCTorpedo.GE

„ტორპედო“ ქუთაისი კიდევ ერთ საქველმოქმედო აქციას შეუერთდა

ს/კ „ტორპედო“ ქუთაისი კიდევ ერთ საქველმოქმედო აქციაში იღებს მონაწილეობას. ჩვენი კლუბი უერთდება დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდს, რომლის დასახმარებლად ყოველთვიურად გარკვეული რაოდენობის თანხას გაიღებს.

კახაბერ ჯანაშვილი, დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდის დამფუძნებელი და დირექტორი: „ფონდი დიტო ცინცაძის სიცოცხლის გადარჩენის მიზნით შეიქმნა, რაშიც გაერთიანდა საქართველოში არსებული ყველა ტელევიზიიის ცნობილი სახეები. ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა ჟურნალისტების გაერთიანებისა.

საბედნიეროდ, საჭირო თანხა შეგროვდა და დიტო გადარჩა, რის შემდეგაც ჟურნალისტებმა გადაწყვიტეს, რომ ფონდს გაეგრძელებინა საქმიანობა და დახმარებოდა ონკოჰემატოლოგიით დაავადებულ ბავშვებს.

უკვე მოვახერხეთ 16 ბავშვის დახმარება, რაშიც ფონდმა შემოწირული თანხებით 160 ათასი ლარი დახარჯა მათი სიცოცხლის გადარჩენის მიზნით.

მოხარულები ვართ, რომ ქუთაისის „ტორპედო“ პირველი საფეხბურთო კლუბია, რომელიც ჩვენს ფონდს ყოველთვიური შემოწირულობით შემოუერთდა, რისთვისაც დიდ მადლობას გიხდით და ფონდის სახელით, წარმატებებს და ღვთის წყალობას გისურვებთ.

გიორგი პაპიაშვილი, ქუთაისის „ტორპედოს“ აღმასრულებელი დირექტორი: „მოგეხსენებათ, „ტორპედო“ ქუთაისი არაერთ საქველმოქმედო აქციაში იღებს მონაწილეობას. კლუბი ეტაპობრივად ეხმარება ბავშვთა სახლს, ასევე, ჩართულია თბილისში, მახათას მთაზე ეკლესიის მშენებლობაში.

ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ყოველთვიური შემოწირულობებით დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდსაც შევუერთდით. გპირდებით, რომ მომავალშიც გავარძელებთ ასეთი კეთილი საქმეების კეთებას“.

FCTorpedo.GE

“ტორპედო” 4:1 “ვიტ ჯორჯია”

30 სექტემბერს, საქართველოს ჩემპიონატის მეშვიდე ტურის მატჩში, ქუთაისის “ტორპედომ” საკუთარ მოედანზე თბილისის “ვიტ ჯორჯია” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 4:1 დაამარცხა.

შეხვედრაში ანგარიში 27-ე წუთზე გაიხსნა, როცა მერაბ გიგაურმა თერთმეტმეტრიანი დარტყმა ზუსტად შეარსულა. 48-ე წუთზე, საპენალტო დარტყმით კიდევ ერთი გოლი გავიდა – ამჯერად, გიორგი ჯანელიძემ გაიტანა, რომელმაც ანგარიში გაათანაბრა. დაახლოებით ხუთ წუთში, ქუთაისელები ისევ წინ გავიდნენ – კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთზე პირველი თორნიკე კაპანაძე იყო. 68-ე წუთზე, მეკარესთან პირისპირ გასულ გიორგი ფანცულაის გოლის გატანა აღარ გასჭირვებია. 74-ე წუთზე კი, შეხვედრის საბოლოო ანგარიში მათე ცინცაძემ საჯარიმო დარტყმით დააფიქსირა.

“ტორპედო” – “ვიტ ჯორჯიას” ალექსანდრე კრიჭაშვილი განსჯის

ხვალ, 17:00 საათიდან, „ტორპედოსა“ და „ვიტ ჯორჯიას“ შორის ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე გასამართი მატჩის განსასჯელად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო განყოფილებამ შემდეგი შემადგენლობის მსაჯთა ბრიგადა მოავლინა. მთავარ არბიტრად ალექსანდრე კრიჭაშვილი(თბილისი) დაინიშნა, რომლის ასისტენტები იქნებიან: ზაზა ფიფია(გალი) და კახა ტეფნაძე(ჭიათურა), სათადარიგო მსაჯის ფუნქციებს კი თორნიკე გვანცელაძე(სამტრედია) შეასრულებს.

45 წლის კრიჭაშვილს მთავარი არბიტრის სტატუსით მიმდინარე სეზონში ჯერ-ჯერობით „ტორპედოს“ მონაწილეობით გამართულ არცერთი მატჩს არ მომსახურებია. ბოლოს, მან 17 სექტემბერს ხობში, იქაურ ს/კ „კოლხეთსა“ და „ზუგდიდს“ შორის ჩატარებული ეროვნული თასის საპასუხო მეთექვსმეტედფინალური შეხვედრა განსაჯა, რომელშიც მასპინძლებმა დამატებით დროში იმარჯვეს(2:1).

FCTorpedo.GE

სიუჟეტი „ვიტ ჯორჯიასთან“ დაპირისპირების წინ

თბილისის „ვიტ ჯორჯიასთან“ მატჩამდე დღევანდელ საღამოს გასამართ ბოლო ვარჯიშამდე ჩვენი გუნდი სრული შემადგენლობით ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე შეიკრიბა და ფოტოგადაღებაში მიიღო მონაწილეობა. გთავაზობთ ჩვენს მიერ მომზადებულ სიუჟეტს, რომელშიც „ტორპედოს“ მთავარ მწვრთნელ ჟერარდ სარაგოსა მულეტის და ფეხბურთელ მათე ცინცაძის დამდეგი მატჩისწინა კომენტარებიცაა.

FCTorpedo.GE

“ტორპედოს” სამზადისი „ვიტ ჯორჯიასთან“ მატჩისთვის

დღეს, დილით, ქუთათურებმა თბილისის „ვიტ ჯორჯიასთან“ დაპირისპირებამდე, რომელიც ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე 30 სექტემბერს 17:00 საათიდან შედგება, ერთ-ერთი ბოლო ვარჯიში საკუთარ საწვრთნელ ბაზაზე გამართეს.

ტაბატაძის ტრავმის შესახებ უკვე იცით, ვაჟას გარდა დღევანდელ ვარჯიშში მონაწილეობა ფორვარდ რევაზ ბარაბაძესაც არ მიუღია, რომელსაც ტრავმის გართულებისგან თავდაცვის მიზნით მცირეოდენი დასვენების საშუალება მიეცა. ყველა დანარჩენი ტორპედოელი კი მწყობრშია. დამდეგი მატჩის წინ კომენტარი ვთხოვეთ ჩვენი გუნდის მე-9 ნომერს.

დავით ჯიქია: „ჩემპიონატი ჩვენთვის მისაღები შედეგებით დავიწყეთ, მთავარია, არცერთი მატჩი არ წაგვიგია, თუმცა საგოლე მომენტების მეტი რეალიზება გვმართებს და იმედია ამ კომპონენტშიც უფრო გამოვასწორებთ თამაშს. „ვიტ ჯორჯიას“ რაც შეეხება, რომელიც, ვიცით, რომ ყველასთვის უხერხული მეტოქეა და განსაკუთრებით კი „ტორპედოსთვის“, ეს გუნდი სტაბილურია და ჩვენზე უფრო გამოცდილიც, მაგრამ ჩვენი ჟინითა და ახალგაზრდული შემართებით მჯერა, რომ სასურველ შედეგს მივაღწევთ. ჩვენ სახლში ვთამაშობთ ძალიან მგრძნობიარე გულშემატკივრების წინაშე და უფლება არ გვაქვს, რომ ეს მატჩი თუნდაც ფრედ დავასრულოთ“.

FCTorpedo.GE

“ტორპედო” – “სპარტაკი” 2:2 და საბანაძის სუპერგოლი

25 სექტემბერს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის მერვედფინალური ეტაპის პირველი შეხვედრები გაიმართა. ქუთაისის „ტორპედომ“ საკუთარ სტადიონზე ცხინვალის „სპარტაკი“ მიიღო.

დღევანდელ მატჩში ჟერარდ სარაგოსა მულეტმა „ტორპედო“ ოდნავ გადახალისებული შემადგენლობით გაიყვანა მოედანზე.

თამაშის დაწყებისთანავე „ტორპედო“ შეტევაზე იყო ორიენტირებული, „სპარტაკი“ კი კონტრიერიშებით გვპასუხობდა, რაც საკმაოდ სახიფათო გამოდიოდა. მე-18 წუთზე, მეტრეველი დარჩა პირისპირ ქვილითაიასთან, მაგრამ ჩვენმა კაპიტანმა ოპონენტს აჯობა. იქამდე კი ტორპედოელთაგან საბანაძე, მზევაშვილი და სულთანიშვილი ცდილობდნენ ბურთის მიზანში გარტყმას, მაგრამ არცერთ მათგანს არ გამოუვიდა. მე-19 წუთზე, ტორპედოელთა დაცვით ხაზს ვახტანგ ფანცხავა გამოეპარა, რომელმაც ანგარიში გახსნა – 0:1. 25-ე წუთზე, საშუალო დისტანციიდან მზევაშვილი დარტყმული ბურთი მეკარეს მიუვიდა ხელებში. 30-ე წუთზე, „სპარტაკი“ სამჯერ გადაურჩა გათანაბრებას, ჯერ საბანაძეს მოუგერია მეკარემ, მერე კუთხურის შემდეგ ცინცაძეს, ბოლოს კი ჩამატებაზე ჭელიძემ იმოქმედა არაზუსტად. „ტორპედო“ შესვენებაზე მდევრის რანგში გავიდა.

მეორე ტაიმში „ტორპედო“ უფრო მეტად გააქტიურდა, რამაც მალევე გამოიღო შედეგი, 47-ე წუთზე, ნიკა საბანაძემ დაახლოებით 30 მეტრიდან ელეგანტური დარტყმით ბურთი ნანიევის კარში „ჩაჭედა“ და ანგარიში გაათანაბრა – 1:1. 50-ე წუთზე, საბანაძის მორიგი სახიფათო დარტყმა მეკარემ გააუვნებელყო. 53-ე წუთზე, სტუმართა იშვიათი შეტევა გოლით დასრულდა, მარცხენა მხრიდან ჩაწოდებული ბურთი ქვილითაიამ ვერ შეიმაგრა ხელებში, რითაც ვახტანგ ფანცხავამ ისარგებლა და მეორედ გაიტანა – 1:2. 55-ე წუთზე, ნანიევმა ამჯერად კუხიანიძეს მოუგერია ბურთი. 73-ე წუთზე, უბილავამ ბურთი კარგად ჩააწოდა კარის გასწვრივ, სადაც მას ნიკა საბანაძე გამოეხმაურა და ეფექტური თავური დარტყმით მანაც მიითვალა დუბლი – 2:2. დარჩენილი ოც წუთშიც, „სპარტაკმა“ დროის გაყვანის არაერთ ხერხს მიმართა და წარმატებით გამოუვიდა კიდეც და რომ არა, ქვილითაიას მოსაწონი თამაში მათ, 87-ე წუთზე, კიდევ ერთხელ დაწინაურებაც შეეძლოთ.. იქამდე, მე-80 წუთზე, სტუმრებს ხარიხამ „უშველა“, მოკლედ, ანგარიში აღარ შეცვლილა და ამ წყვილს შორის გამარჯვებული საპასუხო მატჩით ოქტომბრის ბოლოს გამოვლინდება.

FCTorpedo.GE