უმაღლესი ლიგა: “სიონმა” “ზუგდიდი” დაამარცხა, “გურიამ” – “ტორპედო”

დღეს სტარტი აიღო უმაღლესი ლიგის მეხუთე ტურმა. შაბათ დღეს წთელი ჯგუფის სამივე შეხვედრა გაიმართა.

ბოლნისის “სიონი” – ზუგდიდის “ზუგდიდი”

ამ ტურში “სიონმა” “ზუგდიდს” უმასპინძლა. შეხვედრა მთლიანად ბოლნისლების უპირატესობით წარიმართა. 30-ე წუთზე ძარიამ შეძლო “სიონის” დაწინაურება. პირველი ტაიმის მესამე დამატებთ წუთზე სუშკინმა ორამდე გაზარდა ანგარიში.

ბოლნისური კლუბი არც მეორე ტაიმში გაჩერდა. 61-ე წუთზე მათ მესამე გოლის გატანაც მოახერხეს – ეს კობახიძემ გააკეთა. ნარმანიამ 73-ეზე ერთი ბურთი გაქვითა. 90-ეზე კი ბოლნისელმა ჯანელიძემ საბოლოო ანგარიში – 4-1 დააფიქსირა.

ლანჩხუთის “გურია” – ქუთაისის “ტორპედო”

კიდევ ერთი მატჩი, რომელიც ამ ტურში გაიმართა, “გურიასა” და “ტორპედოს” დაპირისპირებაა. აქაც მასპინძლები დომინირებდნენ – ანგარიშის გახნსა 27-ე წუთზე სწორედ “გურიამ” შეძლო; ეს ლეგიონერმა მოროზენკომ გააკეთა.

მეორე ტაიმში, 55-ე წუთზე კვერნაძემ გაათანაბრა. “გურიამ” მაინც მოიგო – 68-ე წუთზე ჩადუნელმა აიღომ მეტოქის კარი და მის გუნდს 2-1 გაამარჯვებინა.

ცხინვალის “ცხინვალი” – თბილისის “ლოკომოტივი”

“ცხინვალმა” “ლოკომოტივის” წინააღმდეგ გააგორა ბურთი. მთელი მატჩის მანძილზე სტუმრები დომინირებდნენ. “ლოკომოტივმა” პირველი გოლი მე-11 წუთზე გაიატანა – ეს დიასამიძემ გააკეთა. თბილისლებმა მეორე გოლის შეგდება მესამოცე წუთზე შეძლეს – დუბლი დიასამიძემ შეასრულა.

ერთი გოლის გაქვითვა “ცხინვალის” მხრიდან ჯაბა დვალმა მოახერხა და, საბოლოოდ, ეს შეხვედრა 1-2 დასრულდა.

უმაღლესი ლიგის პირველი ტური – პრევიუ

2016 წლის 7 აგვისტოს სტარტს აიღებს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ფეხბურთში. იგი განახლებული ფორმატით ჩატარდება. გუნდები ორ – წითელ და თეთრ ჯგუფებში გადანაწილდენენ. თითოში – 7 კლუბია. ჯგუფების პირველადგილოსნები სეზონის ბოლოს ერთმანეთს დაუპირისპირდებიან და ისე გამოავლენენ ჩემპიონს. სწორედ 7 აგვისტოს გაიმართება უმაღლესი ლიგის პირველი ტურის ექვსივე შეხვედრა. გამომდინარე იქედან, რომ ჯგუფებში კლუბების კენტი რაოდენობაა, ყოველ ტურში თითო-თითო გუნდს უქმობა მოუწევს.

Fanebi.Com-ი გთავაზობთ ნახსენები მატჩების პრევიუს.

საჩხერისჩიხურა” – თბილისისდინამო

ეროვნული ჩემპიონატის პირველი ტურის ცენტარლური შეხვედრა, საჩხერის სოფელს ივანწმინდაში, “ივანწმინდა არენაზე” 17:30 საათზე გაიმართება. აღნიშნულ თამაშში საჩხერის “ჩიხურა” თბილისის “დინამოს” დაუპირისპირდება. იმერულმა გუნდმა წინა სეზონი მეოთხე ადგილზე 57 ქულით დასრულა. კლუბმა წინასასეზონო მომზადება თურქეთში გაიარა და ევროპის ლიგის საკვალიფიკაციოზეც იასპარეზა, თუმცა მოლდოვურ “ზიმბრუსთან” მოულოდნელად გამოვარდა. საჩხერლებმა ბევრი ფეხბურთელი დაიმატეს და ძალიან ძლიერი კოლექტივი შეკრიბეს, განსაკუთრებით, შეტევის მხრივ. რაც შეეხება, თბილისურ გუნდს, მის ფეხბურთელებს, მიმდინარე ზაფხულზე დასვენებისთვის ძალიან ცოტა დრო მიეცათ. მათ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩართვა მეორე საფეხურიდან მოუწიათ. “ალაშკერტის” ბაირეირის დაძლევის შემდეგ, ზაგრების “დინამოსთან” დამარცხდნენ ორივე შეხვედრაში და ევროპის ლიგის ფლეი-ოფში გადაინაცვლეს. ამდენი მატჩის ჩატარების შემდეგ, გუნდი საკმაოდ შეთამაშებულია და წესით, “ჩიხურასთან” ასპარეზობა არ უნდა გაუჭირდეს. თუმცა, უკვე აღვნიშნეთ, რომ საჩხერლებს საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა ჰყავთ. დაველოდოთ მატჩს და მოვლენების განვითარებას.

ლანჩხუთისგურია” – ცხინვალისცხინვალი

ზუსტად იმავე დროსა და იმავე საათზე აიღებს სტარტს “გურიასა” და “ცხინვალის” დაპირისპირება ევგრაპი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე, ლანჩხუთში. “გურია” წინა სეზონში მე-11 ადგილზე გავიდა ეროვნულ ჩემპიონატში. მასპინძლებმა ზაფხული პროდუქტიულად გაატარეს. მათ, მცირეხნიანი არდადეგების შემდეგ, 6 ამხანაგური შეხვედრა გამართეს “ტორპედოსთან”, “შუქურასთან” (2 მატჩი), ბათუმის “დინამოსთან”,  “კოლხეთთან” და “სამტრედიასთან”. გურულებმა 3 თამაში მოიგეს, სამი კი წააგეს. რაც შეეხება გასულ სეზონში მე-7 ადგილზე გასულ გუნდს, “ცხინვალს”… ამ კლუბმა რამდენიმე მოთამაშე გაუშვა. მაგალითად, ლეკვთაძე, ივანიშვილი, გორგიაშვილი და კაკუბავა “ჩიხურაში” წავიდნენ. მოვიდნენ ახალი მოთამაშეებიც. კახა კაჭარავას შეგირდებმა მზადება ივნისის შუა რიცხვებში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრ “ბასაზე”. მათ პირველი ამხანაგური “გაგრასთან” დათმეს, ანგარიშთ 1-3. ამას დაემატა “მცხეთა პარკზე” “ვიტ ჯორჯიასთან” წაგებული შეხვედრაც – 0-1. ცუდი ამბების შემდეგ, იყო პოზიტივიც – 19 ივლისს “ბასაზე” “ცხინვალმა” “სიონს” სძლია ანგარიშით 4-2.

მოკლედ, ორივე გუნდში ბევრი ცვლილება მოხდა. საინტერესო იქნება, ახალ სეზონის პირველ ოფიციალურ შეხვედრაში როგორ იასპარეზებენ ეს გუნდები.

ზუგდიდისზუგდიდი” – ფოთისკოლხეთი

აღნიშნული მატჩი 17:30 საათზე ზუგდიდის ცენტრალურ სტადიონზე დაიწყება. მეგრელებმა წინა სეზონი მე-14 ადგილზე დაასრულეს. ზაფხულზე გუნდს მთავარი მწვრთნელი შეეცვალა – აღნიშნული თანამდებობა ლეგენდარულმა ქართველმა მეკარემ, ოთარ გაბელიამ დაიკავა. კლუბში მოვიდნენ ახალი ფეხბურთელები. “ზუგდიდმა” საქართველოში “მეშახტესთან” ამხანაგური მატჩი ჩაატარა. ქართულმა კლუბებმა თითო-თითო გოლი გაცვალეს. ამის შემდეგ მეგრული გუნდი თურქეთის კურორტ კარტეპეში გაემგზავრა და იქ 5 ამხანაგური მატჩი ჩაატარა. “ზუგდიდმა” “ალ ფაისალთან” 0-2 წაგების შემდეგ, “შაგადამთან” და “ალ ფეიჰთან”, შესაბამისად, 3-2 და 3-1 იმარჯვა. ამას მოჰყვა ორი ნულოვანი ფრე “ალ რაედთან” და “ალთაისთან”. რაც შეეხება ფოთის “კოლხეთს”, ფოთელებმა ეროვნული ჩემპიონატი მე-12 ადგილზე დაასრულეს. ამ გუნდმა, სხვების მსგავსად, რამდენიმე ამხანაგური საქართველოში ჩაატარა და შემდეგ თუქრეთში წავიდა წინასასეზონოდ მოსამზადებლად. სწორედ იქ შეუერთდა “კოლხეთს” უკვე ერთ-ერთი ახალწვეული, აზერბაიჯანის ნაკრების ვეტერანი მცველი, რასიმ რამალდანოვი. თურქულ შეკრებაზე ქართულმა გუნდმა 4 ამხანაგური მატჩი ჩაატარა. ჩვენმა კლუბმა პირველი შეხვედრა აფრიკელი თავისუფალი აგენტებისგან შემდგარ კოლექტივს 2-0 მოუგო, “ადანადემირსპორთან” 1-1 ითამაშა, ბაქოს “ინტერთან” 1-0 მოიგო, “სივასპორთან” უგოლო ფრე გააგორა.

ვნახოთ, როგორ წარიმართება მეგრული დერბი. წესით, თანაბარი და დაძაბული მატჩი უნდა გამოვიდეს.

ბათუმისდინამო” – სამტრედიისსამტრედია

წითელი ჯგუფის კიდევ ერთ შეხვედრაში, “ჩელე არენაზე” აჭარული “დინამო” სამტრედიის “სამტრედიას” დაუპირისპირდება. გასულ სეზონში ბათუმის გუნდი მერვე ადგილზე გავიდა. “დინამომ” საქართველოში სულ სამი ამხანაგური მატჩი ჩაატარა. მან ხობის “კოლხეთთან” 4-1 იმარჯვა. ამას დაემატა “ტორპედოსთან” გასვლაზე მოგებული მატჩი, ანგარიშით 0-2.  “დინამომ” მესამე თამაშიც მოიგო. ამ შემთხვევაში კლუბმა ლანჩხუთის “გურიას” მინიმალური ანგარიშით – 1-0 სძლია. ამის შემდეგ იყო თურქული შეკრება, სადაც ბათუმის გუნდმა 4 შეხვედრა ჩაატარა. მოკლედ, “დინამო” საკმაოდ მომზადებული ხვდება პირველი ტურის შეხვედრას. “სამტერდიაზეც” ვთქვათ ორი სიტყვა… გუნდმა, რომელმაც წინა სეზონი მეორე ადგილზე დაასრულა, ევროპის ლიგის” საკვალიფიკაციო ეტაპზე საშინელი შთაბეჭდილება დატოვა – იგი აზერბაიჯანულ გაბალასთან განადგურდა. ამის შემდეგ იყო მოსამზადებელი მატჩები ახალი სეზონისთვის.

საერთო ჯამში, არც ამ შეხვედრას უნდა აკლდეს დაძაბულობა და სანახაობა.

 ბოლნისის “სიონი” – თბილისისსაბურთალო

“სიონმა” ზაფხული შედეგიანად გაატარა. არდადეგების შემდეგ, გუნდი სწრაფად მობილიზდა და რამდენიმე სპარინგი გამართა საქართველოში. ბოლნისური კლუბის მეტოქეები, როგორც ქართული, ასევე უცხოური გუნდები იყვნენ. განსაკუთრებით, აღსანიშნავია უკვე ნახსენებ “გაბალასთან” დაპირისპირება. “სიონმა” აზერბაიჯანელებთან ზედიზედ 2 შეხვედრა ჩაატარა. ერთში 0:4 განადგურდა, შემდეგ კი ფრე ითამაშა. რაც შეეხება “საბურთალოს”, თბილსურმა გუნდმა ბულგარეთში გაიარა მოსამზადებელი ეტაპი. კლუბის რამდენიმე უცხოურ გუნდს გაეჯიბრა და საკმაოდ პროდუქტიული სპარინგები გამოუვიდა.

ვნახოთ, რას გახდება “სიონი” “საბურთალოს” წინააღმდეგ.

ქუთაისის “ტორპედო” – ქობულეთის “შუქურა”

ერთადერთი მატჩი, რომელი პირველ ტურში ექვს საათზე დაიწყება, “ტორპედოსა” “შუქურას” დაპირისპირებაა. იმერულმა კლუბმა, არდადეგების შემდეგ, თურქული შეკრება გაიარა. იქ ადგილობრივ გუნდებს დაუპირისპირდა. მათ შორის იყო სამუელ ეტო’ოს “ანტალიასფორი”, რომელთანაც ფრე გააგორა (1-1). შარშან “ტორპედო” მეექვსე ადგილზე გავიდა. ვნახოთ, როგორ იასპარეზებს პირველ შეხვედრაში და, ზოგადად, ახალ ჩემპიონატში ქუთაისური გუნდი. ხოლო, “შუქურა”  მეათე ადგილზე გავიდა წინა სეზონში. წელს გუნდმა რამდენიმე ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა წინასასეზონოდ და ხვალ იმერულ კლუბს მათ მოედანზე ესტუმრება.

 

გიორგი კუხიანიძემ თბილისის “ლოკომოტივს” ბრწყინვალე პენალტი გაუტანა (ვიდეო)

13 მაისს, საქართველოს უმაღლესი ლიგის 29-ე ტურში, თბილისის “ლოკომოტივმა” საკუთარ მოედანზე ქუთაისის “ტორპედო” მიიღო და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

მატჩის 56-ე წუთზე სტუმართა გუნდის ფეხბურთელმა, გიორგი კუხიანიძემ თერთმეტმეტრიანი ბრწყინვალედ შეასრულა.

ქუთაისის “ტორპედოს” გულშემატკივრების განცხადება

ქუთაისის “ტორპედოს” გულშემატკივრები ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებენ. ისინი გუნდში ირანელი ფეხბურთელების მიყვანას ეწინააღმდეგებიან და ამბობენ, რომ მათი ქუთაისურ კლუბში ჩარიცხვა სხვა მიზნებს ემსახურება.

ქუთაისის ტორპედოს ირგვლივ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები არ გვაძლევს იმის უფლებას რომ ამ მოვლენებს ვუყუროთ შორიდან და…

Posted by FC Torpedo Kutaisi on Thursday, 31 March 2016

TOP 10: საქართველოს ჩემპიონატში გატანილი საუკეთესო გოლები ნოემბერში (ვიდეო)

ტრადიციულად, სპორტული ვებ-გვერდი Fanebi.Com-ი გთავაზობთ ვიდეოს, რომელშიც ჩვენი ვერსიით, 2015-16 წლების სეზონში, საქართველოს უმაღლეს ლიგაში, ნოემბერში გატანილი ათი საუკეთესო გოლია ნაჩვენები.

ვიდეოს ნახვის შემდეგ, თქვენ საშუალება გეძლევათ ათი გოლიდან თქვენი რჩეული დაასახელოთ.

ტრადიციულად, სპორტული ვებ-გვერდი Fanebi.Com-ი გთავაზობთ ვიდეოს, რომელშიც ჩვენი ვერსიით, 2015-16 წლების სეზონში, საქართველოს უმაღლეს ლიგაში, ოქტომბერში გატანილი ათი საუკეთესო გოლია ნაჩვენები!ვიდეოს ნახვის შემდეგ შეგიძლიათ საუკეთესო გოლი აირჩიოთ: http://fanebi.com/top-10-saqarthvelos-chempionatshi-gatanili-sauketheso-golebi-noembershi-video/

Posted by Fanebi.Com on Wednesday, 2 December 2015

დებიუტანტების მატჩები და განახლებული „დინამო არენა“ – უმაღლესი ლიგის პირველი ტურის პრევიუ

დღეს საქართველოს 2015/16 წლების სეზონის უმაღლესი ლიგის გათამაშება იწყება. წლევანდელი ჩემპიონატი, მისი წინამორბედის მსგავსად, ასევე 16-გუნდიანი იქნება.

„ცხინვალი“ – „საბურთალო“

პირველი დღე ორი მატჩით გამოირჩევა, რომელშიც მონაწილეობას ელიტარულ ლიგაში ასული ორი გუნდი მიიღებს. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე „ცხინვალი“ დებიუტანთ „საბურთალოს“ მიიღებს, რომლისთვისაც ეს შეხვედრა, შეგვიძლია, ისტორიულად ჩავთვალოთ.

ცხინვალელთათვის გასული სეზონი წარმატებული გამოდგა. კახა კაჭარავას გუნდმა ჩემპიონატში მეოთხე ადგილი დაიკავა და პირველად თავისი არსებობის ისტორიაში ევროტურნირებზე თამაშის უფლება მოიპოვა – ევოპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე მისი მეტოქე რუმინული „ბოტოშანი“ იყო, რომელთანაც ორი მატჩის ჯამში, ანგარიშთ 2:4 დამარცხდა.

რაც შეეხება „საბურთალოს“, პირველ ლიგაში გუნდმა ქულათა რეკორდული რაოდენობა (87) დააგროვა და უახლოეს მდევარ „ლოკომოტივს“ 19 ქულით გაუსწრო. ზაფხულში საბურთალოელებს არაერთი მოსამზადებელი მატჩი ჩაუტარებიათ. 30 ივლისს, „ბენდელაზე“, მათ სწორედ „ცხინვალი“ მიიღეს, რომელსაც, სხვათა შნორის, ანაგრიშით 2:1 სძლიეს. ბოლო ადროს ახალი სეზონისთვის „საბურთალო“ დუშეთში ემზადებოდა.

ერთი თვის წინ „საბურთალო“ ერთ-ერთმა გამორჩეულმა მოთამაშემ, 19-წლამდელთა ნაკრების მცველმა გიორგი თევზაძემ დატოვა, რომელიც თბილისის „დინამოში“ გადაბარგდა. სამაგიეროდ, იმავე „დინამოდან“ „საბურთალომ“ ნახევარწლიანი იჯარით ლაშა თოთაძე გადაიბირა. ასევე გუნდს გამოცდილი თავდამსხმელი ჯაბა დვალი შეუერთდა.

საინტერესოა, როგორი იქნება გასული სეზონის უმაღლესი ლიგის გამორჩეული გუნდის შეხვედრა ახალგაზრდულ დებიუტანტთან…

„ჩიხურა“ – „ლოკომოტივი“

ინვანწმინდაში „ჩიხურა“ ხუთწლიანი პაუზის შემდეგ უმაღლეს ლიგაში დაბრუნებულ თბილისის „ლოკომოტივს“ მიიღებს.

„ლოკომოტივს“ ნაყოფიერი ზაფხული ჰქონდა. ქართულ კლუბებთან სპარინგმატჩების გარდა, „რკინიგზელებმა“ ავსტრიაში შეკრება გაიარეს, სადაც ისრაელის „მაკაბი ფეტაჰ-ტიკვას“ ანგaრიშთ 2:1 მოუგეს და ზაგრების „დინამოს“ მეორე გუნდს დაუზავდნენ. ასევე „რკინიგზელები“ „ალ-აჰლის“ შეხვდნენ, რომლის შემადგენლობაში გამოცდილი თავდამსხმელი მირკო ვუჩiნიჩი და ნახევარმცველი ჯეფერსონ ფარფანი გამოდიან. იმ შეხვედრაში „ლოკომ“ ანგარიშით 1:3 წააგო – დუბლი ვუჩნიჩმა შეასრულა. შეკრების ბოლო ამხანაგურ მატჩში კი „ლოკომოტივმა“ თურქულ „ესკისეისპორთან“ გამანადგურებელი ანაგრიშით, 0:7 წააგო.

„დილა“ – „კოლხეთი“

ხვალინდელი სათამაშო დღე 17:00 საათზე ერთდროულად სამი მატჩით დაიწყება. მათ შორის ყველაზე დიდ ინტერესს გორში ჩასატარებელი შეხვედრა იწვევს, რომელშიც ადგილობრივი „დილა“ ფოთის „კოლხეთს“ მიიღებს.

გორელებს მძიმე ზაფხული ჰქონდათ. თუ წინა სეზონებში ამ დროისთვის ისინი ევროტურნირებზე გამოდიოდნენ, წელს განსხვავებული მდგომარეობაა. უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე გორელები, ორი მატჩის ჯამში, ბელგრადის „პარტიზანთან“ ანგარიშით 0:3 დამარცხდნენ.

„კოლხეთმა“ შეკრება თურქეთში გაიარა, სადაც რამდენიმე სპარინგშეხვედრა ჩაატარა. პირველ მატჩში ფოთელებმა აზერბაიჯანული „ზირე“ 1:0 დაამარცხეს.

ზაფხულში „კოლხეთს“ რამდენიმე ახალწვეული დაემატა, რომელთა შორის ამბერკ ინჯიბაშვილიც არის, რომელიც მშობლიურ კლუბში დაბრუნდა. ასევე ფოთელებმა უკრაინელი ნახევარმცველი ნიკიტა პოლულიახი გაიფორმეს. ფოთელების ღირსებას ახალ სეზონში გამოცდილი, ერთ დროს თბილისის „დინამოს“ კაპიტანი, ალექსანდრე კოშკაძეც დაიცავს.

„დინამო ბათუმი“ – „ზუგდიდი“

ევროტურნირებზე საქართველოს სახელით გამოსული კიდევ ერთი კლუბი ბათუმის „დინამო“ ჩემპიონატის პირველ ტურში „ზუგდიდს“ მიიღებს. ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „დინამო“, ორი მატჩის ჯამში, კვიპროსის „ომონიასთან“ ანგარიშით 1:2 დამარცხდა. არადა, ზესტაფონში პირველი შეხვედრა აჭარელთა გამარჯვებით, 1:0 დასრულდა.

გასულ სეზონში დებიუტანტი ბათუმური კლუბის არა თუ მეორე ადგილზე, არამედ სამეულში შესვლაც მოულოდნელი იყო.

რაც შეეხება „ზუგდიდს“, მეგრულმა კლუბმა ზაფხულში „ბაიას“ ბაზაზე არაერთი მოსამზადებელი თამაში ჩაატარა. გასულ სეზონში გუნდმა უმაღლეს ლიგაში ადგილი შეინარჩუნა და მე-13 ადგილზე გავიდა.

საინტერესოა, მოახერხებს თუ არა „დინამო“ კვლავ საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლას და იფიქრებს თუ არა ისევ უმაღლესში ადგილის შენარჩუნებაზე მეგრული კლუბი.

„სამტრედია“ – „შუქურა“

გასული სეზონის მე-6 და მე-7 ადგილოსნები „სამტრედია“ და ქობულეთის „შუქურა“ ერთმანეთს უკვე პირველივე ტურში შეხვდებიან. გასული სეზონის პირველ წრეში „სამტრედიას“ სამეულში შესვლის პრეტენზია ჰქონდა, თუმცა მეორე ნახევარში მოვლენები ისე განვითარდა, რომ საბოლოოდ, სამტრედიელები სამეულს მთელი 13 ქულით ჩამორჩნენ. სამაგიეროდ, გუნდი საქართველოს თასის ფინალში გავიდა, სადაც, მართალია, „დინამო თბილისთან“ ანგარიშით 0:5 განადგურდა. ზაფხულის დასაწყისში გუნდი გამოცდილმა ალექსანდრე იაშვილმა და დავით კვირკველიამ დატოვეს. პირველი თბილისის „დინამოში“ დაბრუნდა, ხოლო მეორემ კვლავ გორის „დილას“ მაისური მოირგო.

თავის მხვრივ, „შუქურამ“გამორჩეული მცველები არჩილ ტვილდიანი და დავით ხოჭოლავა გაუშვა. პირველი თბილისის „დინამოს“ დაუბრუნდა, მეორე კი, უკრაინაში, ოდესის „ჩერნომორეცის“ ძირითად შემადგენლობაში გამოდის.

„გურია“ – „სიონი“

ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე ეროვნული ჩემპიონატის პირველი ტურისთვის მზადება სრული დატვირთვით მიმდინარეობს. ლანჩხუთელები პირველ ტურში ბოლნისის „სიონს“ მიიღებენ.

ზაფხულში „გურიაში“ ბევრი ცვლილება განხორციელდა. გუნდს კახი გოგიჩაიშვილის სახით ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. გარდა ამისა, კლუბმა არაერთი მოთამაშე გაუშვა, რომელთა ადგილი ახალწვეულებმა დაიკავეს. ახალწვეულთა შორის მცველი ლევან ქურდაძეცაა, რომელიც ლანჩხუთელებს ერთწლიანი განშორების შემდეგ დაუბრუნდა.

„სიონი“ გასულ სეზონში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძოდა და უმაღლეს ლიგაში დარჩენის გარანტია მხოლოდ რამდენიმე ტურით ადრე მიიღო. ცოტა ხნის წინ ბოლნისელებმა პორტუგალიელი ლეგიონერი, 23 წლის თავდამსხმელი ლუის ალბერტო ბათუმის „დინამოში“ გაუშვეს.

გასულ კვირას „სიონმა“ ჩემპიონატის მიმდინარე სეზონის პირველ ორ თვეში საშინაო მატჩების მშობლიურ ქალაქში ჩატარების უფლება მოიპოვა. პირველი საშინაო თამაში გუნდს თასზე 18 აგვისტოს „რუსთავთან“ უწევს, მანამდე კი ბოლნელებს რთული გასვლა ელით.

„ტორპედო“ – „მერანი“

სეზონის წინ „ტორპედოში“ მორიგი ცვლილებებია. ახალწვეულთა შორის აღსანიშნავია გამოცდილი ნახევარმცველი გიორგი ნერგაძის დაბრუნდება.

სათქმელია, რომ ქუთაისელებმა კვლავ ლოგო შეცვალეს. ასევე ახალ სეზონში ისინი სხვა ფერებით ითამაშებენ – ამჯერად იმერლები შავ-მწვანე ფერით გამოვლენ.

შეხვედრა ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე 19:00 საათზე დაიწყება

„დინამო თბილისი“ – „საპოვნელა“

უეფას სუპერთასის მასპინძლობის შემდეგ სამ დღეში ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენა“  პირველი ტურის ბოლო მატჩს უმასპინძლებს, რომელშიც თბილისის „დინამო“ უმაღლესი ლიგის კიდევ ერთ დებიუტანტს თერჯოლის „საპოვნელას“ მიიღებს.

რთული ზაფხული საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბსაც ჰქონდა. წინა სეზონის ბოლოს კახი გოგიჩაიშვილის ნაცვლად მთავარი მწვრთნელის პოსტზე გია გეგუჩაზე დაინიშნა. ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „დინამო“ აზერბაიჯანულ „გაბალასთან“, ორი შეხვედრის ჯამში, ანაგრიშთ 2:3 დამარცხდა, რის შემდეგაც სეზონსითვის მომზადება თბილისში გააგრძელა. ამ პერიოდში კლუბმა რამდენიმე ახალწვეული დაიმატა. როგორც აღვნიშნეთ, ერთ-ერთ მათგანი საქართველოს 19-წლამლდეთა ნაკრების მცველი გიორგი თევზაძეა, რომელიც დინამოელებს „საბურთალოდან“ შეუერთდა. ასევე „დინამომ“ ალექსანდრე იაშვილი, ბაჩანა არაბული, გიორგი გურული, ზაზა ჭელიძე და გიორგი ქვილითაია დაიმატა. „შავ-თეთრებმა“ ასევე თურქეთიდან მცველი გიორგი რეხვიაშვილი დაიბრუნეს.

„დინამოს“ ტრანსფერებს შორის, რასაკვირველია, აღსანიშნავია გიორგი პაპუნაშვილი ბრემენის „ვერდერში“ გადასვლა. ქართველი ნახევარმცველი გერმანიაში სადებიუტო სეზონს მესამე ბუნდესლიგაში ატარებს, სადაც „ბრემენელი მუსიკოსელის“ მეორე გუნდში ირიცხება. 2015/16 წლების სეზონში პაპუნაშვილი „ვერდერში“ იჯარის წესით ითამაშებს.

საინტერესოა, რა მიზნები ექნება ახალ სეზონში „საპოვნელას“. პირველივე ტურში თერჯოლელებს ჩემპიონატის გამორჩეული გუნდი ერგოთ, შესაბამისად, გუნდის პოტენციალის შეფასება, სავარაუდოდ, მინიმუმ პირველი ხუთი ტურის შემდეგ შეგვეძლება.

“დინამო” ბათუმი – “ტორპედო” 3:2

24 ივლისს ქუთაისის „ტორპედომ“ მორიგი საკონტროლო მატჩი ბათუმში, კერძოდ კი სპორტკომპლექს „ადელის“ სტადიონზე გამართა, სადაც გასული ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორ ბათუმის „დინამოს“ ესტუმრა.

როგორც იცით, ბათუმელთა გუნდმა ცოტა ხნის წინ ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე კვიპროსულ „ომონიას“ წინააღმდეგ იასპარეზა, მაგრამ ორი მატჩის ჯამში(1:2) აღნიშნული ბარიერი ვერ გადალახა.

რაც შეეხება დღევანდელ მატჩს, იგი საკმაოდ უხვგოლიანი გამოდგა. ანგარიში მე-5 წუთზე დათა სიჭინავამ გახსნა, რომელმაც ოდიკაძისგან მიიღო ბურთი და მეორე შეხებით საჯარიმოს გარედან ლამაზად გაისროლა. სიჭინავა მოგვიანებით ტრავმის გამო გახდა შესაცვლელი, იგივე მიზეზით მეორე ტაიმში გოგუაძეც გავიდა მოედნიდან. 33-ე წუთზე ანგარიში ექსტორპედოელმა გიორგი ბერიაშვილმა გაათანაბრა და ტაიმიც ასეთი ანგარიშით დასრულდა. აღსანიშნავია, რომ მატჩის მომსახურე მსაჯთა(არბიტრი – ზვიად ტუღუში) გადაწყვეტილებები დღეს არცთუ იშვიათად იწვევდა ტორპედოელთა პროტესტს.

მეორე ტაიმის დაწყებიდან თხუთმეტ წუთში მასპინძლები უკვე ორბურთიანი სხვაობით იყვნენ წინ. ჯერ მეკარესთან პირისპირ გასულმა დიმიტრი ტატანაშვილმა გამოიყენა გატანის შანსი, შემდეგ კი ლევან კვანტალიანმა ეფექტურად შეძლო კარის აღება. 85-ე წუთზე, ქიმაძის პასით თორნიკე კაპანაძემ ძლიერი დარტყმით გაახვია ბურთი ბადეში და ამ შეხვედრაში წერტილი დასვა. 3:2 ბათუმელთა სასარგებლოდ.

გიორგი დარასელიამ „ტორპედო“ ასეთი შემადგენლობით ათამაშა: სომხიშვილი(თევდორაძე 46), ოდიკაძე, ადამაძე, მირცხულავა(ნიკონოვი 85), ქიმაძე, კლიმიაშვილი(კაპანაძე 58), სიჭინავა(ბაბუნაშვილი 30), კუხიანიძე(მამასახლისი 58), კახელიშვილი(გოგუაძე 75, ნაცვლიშვილი 83), კირკიტაძე(ხურციძე 75), შინდაგორიძე(კვერნაძე 46).

FCTorpedo.GE

მიხეილ მახვილაძე „ტორპედოს“ მწვრთნელ-კონსულტანტად იმუშავებს

36 წლის ასაკში მიხეილ მახვილაძემ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა და იგი „ტორპედოს“ მწვრთნელ-კონსულტანტი გახდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით გვინდა, რომ მახვილაძის ჩვენ მიერ მომზადებული პორტრეტი შემოგთავაზოთ.

   მიხეილ მახვილაძე – სუფთა ფეხბურთის ტიტულოვანი მახვილი

ქუთაისის „ტორპედოში“ ცოტას თუ ჰქონდა ფეხბურთელის ისეთი სამაგალითო კარიერა, როგორიც მიხეილ მახვილაძეს. დავიწყოთ იქიდან, რომ იგი „ტორპედოს“ სამივე ჩემპიონობის ერთ-ერთი შემოქმედია, პლუს, ერთხელ ქვეყნის თასიც აქვს მოპოვებული. გარდა ამისა, იგივე ტიტულები თითოჯერ თბილისის „ლოკომოტივშიც“ მოიგო. ყურადსაღებია ისიც, რომ ქართულ უმაღლეს ლიგაში ჩატარებული მატჩების რაოდენობის მიხედვით, „ოთხასიანთა“ კლუბში შესულ ოთხ ფეხბურთელს შორისაა. ამ თამაშების თითქმის ნახევარი „ტორპედოს“ უკავშირდება. დიდებულია, როცა ასეთი მოსწრების მქონე ფეხბურთელის კარიერას პიროვნული მხარეც ალამაზებს…

ფეხბურთის თამაში ქუთაისში დაიწყო. მშობლები ადრეულ ასაკში გარდაეცვალა და მისი აღზრდა სოფელ გეგუთში ბებიამ იტვირთა, რომლის დახმარებითაც მძიმე მდგომარეობიდან გამოსვლა შეძლო და დასახული მიზნისკენ სვლა განაგრძო. ასე ჩამოყალიბდა დიდი სულისკვეთების მქონე პროფესიონალ ფეხბურთელად. მოედანზე მუდამ თავდადებას ამჟღავნებდა და ამხანაგურ მატჩებშიც კი თავს არ ზოგავდა, რის გამოც ყოფილა შემთხვევები, როცა მეტოქესთან ორთაბრძოლისას გონებაც დაუკარგავს. თბილისის „დინამოსთან“ საჩემპიონო მატჩში, რომელიც „ტორპედომ“ მალხაზ ასათიანის პენალტით მოიგო, იგი სიცხიანი იბრძოდა ოქროს მედლებისთვის. მისი სიძლიერე შეუმჩნეველი არც საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მაშინდელ მწვრთნელს არ დარჩენია…

„მიხო“ ცხოვრებისეული ინტელექტითა და წესიერებითაც გამოირჩევა. არის ძალიან უშუალო ადამიანი, ამგვარად, მასთან საერთო ენის გამონახვა არ გაგიჭირდებათ. ცენტრალური მცველი სპორტსმენის რეჟიმისა თუ სხვა ზნეობრივი ნორმების დაცვაშიც მისათითებელი იყო.

საფეხბურთო „კულისებში“ მომხდარი ამბებიც ხშირად არ იმალება, მახვილაძე იქაც მუდამ სიმართლის სადარაჯოზე იდგა. მას ბევრჯერ გაუცრუებია იმედები იმ მავანი ადამიანებისთვის, რომელთა ინტერესები თამაშების გაყიდვაში მდგომარეობდა. იგი ამ მავნე სენს აქტიურად ეწინააღმდეგებოდა. ასე რომ, წლების განმავლობაში ფეხბურთელ მახვილაძესაც მცირედი წვლილი შეჰქონდა ქუთაისის „ტორპედოს“ კარგი იმიჯის შექმნაში…

გვინდა, რომ მომავალი თაობის წარმომადგენლებისთვის მახვილაძისნაირი დიდი ტორპედოელები მისაბაძი იყვნენ და დაიმახსოვრონ – საქმისადმი მხოლოდ ასეთი მიდგომით შეძლებენ იმას, რომ მთელი ქალაქის სიყვარული დაიმსახურონ.

„საქართველოში ბევრ კლუბში მითამაშია, მაგრამ ჩემი მშობლიური კლუბი „ტორპედოა“, რომლისშემდეგაც მოდის „მეტალურგი“, კარიერის უდიდესი დრო სწორედ ამ გუნდებში მაქვს გატარებული“, – ეს მისი სიტყვებია და, ალბათ დამეთანხმებით, როგორც ფეხბურთელისთვის ბოლო მატჩი, მახვილაძის კარიერისსიმბოლური გვირგვინი იყო. რუსთავის „მეტალურგსა“ და „ტორპედოს“ შორის შეხვედრაში მანქუთაისელებს უკაპიტნა.

იგი ამაყად ემშვიდობება ფეხბურთელის პროფესიას, თუმცა არასდროს დაემშვიდობება ყველაზე რთულ პროფესიას, რასაც კაცობა ჰქვია.

დაბოლოს, მადლობა „ტორპედოს“ თავკაც გიორგი დარასელიას, რომელმაც მიხეილ მახვილაძეს ამაგი დაუფასა და მის გვერდით დაიყენა. მახვილაძის გამოცდილება, განათლება, ხედვა და პატიოსნება გვაძლევს იმის ვარაუდის საშუალებას, რომ მისი საფეხბურთო ცხოვრება მომავალშიც წარმატებული იქნება.

FCTorpedo.GE

ამხანაგური თამაში გულშემატკივრებთან

დღეს ქუთაისის „ტორპედოს“ საწვრთნელ ბაზაზე ამხანაგური თამაში გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს ჩვენი კლუბის ადმინისტრაციისა და სამწვრთნელო შტაბისგან დაკომპლექტებული გუნდი და ქომაგთა კლუბ „ჯუნგლების“ გუნდი შეხვდა. მატჩში მონაწილება მიიღეს „ტორპედოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ბატონმა ზურაბ ჩაკვეტაძემ და მთავარმა მწვრთნელმა გიორგი დარასელიამაც.
კლუბის წევრთა სრული შემადგენლობა კი ასეთი იყო:

გელა კიკალეიშვილი, მიხეილ მახვილაძე, დევიზ ჯურხაძე(შმაგი შოთაძე), ვლადიმერ ჭყონია, თამაზ ოდიკაძე, ბონდო გოცირიძე, გიორგი დარასელია, რევაზ კვერნაძე, ზურაბ ჩაკვეტაძე, მიხეილ აშვეთია, ზურაბ იონანიძე.

მიუხედავად მისი შინაარსისა, შეხვედრის ორივე ტაიმი საკმაოდ საინტერესო გამოდგა. თუ თამაშის პირველ ნახევარში „ჯუნგლები“ ტოლს არ უდებდნენ მეტოქეს, მეორე ნახევარში ტორპედოელთა ოსტატობამ იჩინა თავი და მატჩიც მათი გამარჯვებით, ანგარიშით 4:3 დასრულდა. ჰეთ-თრიქი შეასრულა საქართველოს ნაკრების ვეტერანმა ფეხბურთელმა მიხეილ აშვეთიამ, რომელიც ამიერიდან ჭაბუკთა ლიგაში მოასპარეზე „ტორპედოს“ 15-წლამდე გუნდის მთავარი მწვრთნელი იქნება. რაც შეეხება რევაზ კვერნაძეს, იგი 17-წლამდე გუნდის მთავარ მწვრთნელად იმუშავებს. განსაკუთრებით ლამაზი აშვეთიას მესამე გოლი გამოვიდა, როცა მან რამდენიმე მეურვეს აუარა გვერდი და ტექნიკურად დაარტყა. სხვათა შორის, ყოფილი თავდამსხმელისთვის „ტორპედოში“ გატანილი გოლები უცხო ნამდვილად არაა, რამეთუ მას ოფიციალურ მატჩებში ქუთაისელთა კლუბის მაისურით 78-ჯერ აუღია მეტოქეთა კარი. დღევანდელ მატჩში ერთი გოლი საქართველოს ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირმა, ზურაბ იონანიძემ გაიტანა, რომელიც აშვეთიასა და კვერნაძეს „ტორპედოს“ ასაკობრივი გუნდების გაწვრთნაში დაეხმარება.

მსგავსი ხასიათის ღონისძიებების ჩატარებას კლუბი მომავალშიც გეგმავს.

FCTorpedo.GE

“ტორპედოს” ახალი ლოგო და ფორმა

ქუთაისის “ტორპედოს” ახალ ლოგოსა და სათამაშო ფორმასთან დაკავშირებით კონკურსი ჩატარდა. სპეციალურად შექმნილმა კომისიამ გამარჯვებულად კონკურსზე წარმოდგენილი ლოგოს მე-12 ვარიანტი და მაისურის მე-6 ვარიანტი დაასახელა, რომელთა ავტორი სოსო ბაბუნაშვილი აღმოჩნდა.

გამარჯვებულს თითოეულ ნომინაციაში გათვალისწინებული საპრიზო თანხა – 150 ლარი (ჯამურად 300 ლარი) ერგო.

“სასიამოვნოა, რომ კლუბის ისტორიაში უპრეცედენტო იყო ამ სახით ახალი ლოგოსა და ძირითადი სათამაშო ფორმის დიზაინის მიღება. მინდა მადლობა გადავუხადო კონკურსის ყველა მონაწილეს, რომლებიც არამარტო ქუთაისიდან იყვნენ წარმოდგენილნი. გამარჯვებული ლოგო მუდამ იქნება ქუთაისის „ტორპედოს“ იმიჯისა და წარმატების შემადგენელი ნაწილი. მოხარული ვარ, რომ კლუბისთვის ასეთი ისტორიული ფაქტი სიმბოლურად დაემთხვა ჩემი შვილის, ნიკას დაბადების დღეს, აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და მივულოცავ მას დღევანდელ დღეს”, – ციტირებს “ტორპედოს” აღმასრულებელი დირექტორის, ზურაბ ჩაკვეტაძის სიტყვებს კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.

წარმოგიდგენთ კლუბის ახალ ლოგოსა და სათამაშო მაისურის დიზაინს.

Torpedo logoTorpedo kit

“საბურთალო” – “ტორპედო” 3:1

9 ივლისს ქუთაისის „ტორპედომ“ მიმდინარე მოსამზადებელ ეტაპზე მეორე საკონტროლო მატჩი გამართა. ჩვენი გუნდი სტუმრად „ბენდელას“ სტადიონზე უმაღლესი ლიგის კიდევ ერთ დებიუტანტს, თბილისის „საბურთალოს“ შეხვდა.

   გიორგი დარასელიას გაწვრთნილებიდან დღევანდელ სპარინგ-მატჩში 22-მა ფეხბურთელმა მიიღო მონაწილეობა. თამაშის პირველ ტაიმში ანგარიში გიორგი ხარაიშვილმა გახსნა. მეორე ტაიმის დასაწყისში კაპანაძის პასით ოთარ კვერნაძემ გაათანაბრა, თუმცა დარჩენილ დროში გიორგი ხარაიშვილისა და გურამ გოშთელიანის გოლებით საბოლოოდ, მასპინძლებმა ანგარიშით 3:1 მოიგეს.

„ტორპედოს“ შემადგენლობა ასეთი იყო:

I ტაიმში: შეყრილაძე, ადამაძე, მირცხულავა, ოდიკაძე, ადამაშვილი, სიჭინავა, კლიმიაშვილი, კირკიტაძე, კახელიშვილი, შინდაგორიძე, ხურციძე.

II ტაიმში: შეყრილაძე(ხაინდრავა), შალიკაშვილი, ნაცვლიშვილი, ფანცხავა, ნიკონოვი, ბაბუნაშვილი, ფურცხვანიძე, გოგუაძე, მამასახლისი, კაპანაძე, კვერნაძე.

FCTorpedo.GE

წინგადადგმული ნაბიჯი – „ტორპედო“ საფეხბურთო სკოლას აფუძნებს

სასიამოვნო სიახლე – მრავალწლიანი პაუზის შემდეგ ფუნქციონირებას დაიწყებს ქუთაისის „ტორპედოს“ საფეხბურთო სკოლა, რომელიც რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონის ტერიტორიაზე დაფუძნდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება ქუთაისის მერიაში გამართულ კრებაზე მიიღეს, რომლის თავმჯდომარე ქალაქის მერი, ბატონი შოთა მურღულია იყო.

რა პირობებში და როდიდან იფუნქციონირებს „ტორპედოს“ ბავშვთა საფეხბურთო სკოლა, ამ და სხვა დეტალებზე ჩვენი კლუბის აღმასრულებელი დირექტორისგან შეიტყობთ.

ზურაბ ჩაკვეტაძე: „ქუთაისის მერიაში ჩატარდა სხდომა, სადაც ჩემ მიერ წარდგენილი წინადადება სკოლის პროექტთან დაკავშირებით მოიწონეს და ხელი მოეწერა გადაწყვეტილებას სკოლის დაფუძნების შესახებ. მინდა გითხრათ, რომ ქუთაისის „ტორპედოს“ ბავშვთა საფეხბურთო სკოლის შექმნა ჩემი ოცნება იყო და სასიხარულოა, რომ ჩემი დანიშვნიდან უმოკლეს დროში  ქალაქის ხელმძღვანელობის უდიდესი თანადგომით გადაწყდა ეს საკითხი და ქუთაისში ფეხბურთის განვითარებისთვის აუცილებელ საქმეს ჩაეყარა საფუძველი, თუმცა ეს ყველაფერი ჯერ დოკუმენტების დონეზეა და წინ დიდი სამუშაო გვაქვს. აქამდე სტადიონის ტერიტორიაზე არსებობდა სხვადასხვა საფეხბურთო სკოლა, მაგრამ ისინი „ტორპედოს“ არ ეკუთვნოდა. როდესაც სხვა სკოლიდან გვიწევს ბავშვის აყვანა, დადგენილი წესია, რომ აუცილებლად ვიხდით აღზრდა-განვითარების თანხას იმ სკოლის სასარგებლოდ, რისი ფუფუნებაც ჩვენ არ გაგვაჩნია, უმჯობესი იქნება ეს თანხა მოხმარდეს სკოლის განვითარებას და აღიზარდონ ისეთი ბავშვები, რომლებიც გამოადგებიან “ტორპედოს” ძირითად შემადგენლობას. თავიდანვე უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენ არავითარ ფინანსურ მოგებაზე არ გვაქვს გათვლა. ვინაიდან, კლუბის ბიუჯეტში ამ ეტაპზე არ იყო გათვალისწინებული სკოლასთან დაკავშირებული ხარჯები, ამიტომ ჩვენი გადაწყვეტილებაა, ეს სკოლა იყოს ფასიანი და მშობელი იმ თანხას, რომელსაც შეიტანს „ტორპედოს“ ანგარიშზე, მოხმარდეს მწვთნელებს და საზოგადოდ, სკოლის განვითარებას.

ჩვენ ვესაუბრეთ იმ სკოლების წარმომადგენლებს, რომლებიც აქამდე სარგებლობდნენ ჩვენი სტადიონის ტერიტორიაზე არსებული მწირი სავარჯიშო საშუალებებით. გამოითქვა სხვადასხვა აზრი, თუმცა წინააღმდეგი არავინაა, რომ “ტორპედოს” ბავშვთა სკოლის სტრუქტურას შემოუერთდეს. ჩვენ გვინდა, რომ არ დავკარგოთ არც ერთი კარგი ბავშვი და კვალიფიციური მწვრთნელი. ისინი თავიანთი საქმის სპეციალისტები არიან, რომლებსაც დაემატება კიდევ რამდენიმე ახალგაზრდა მწვრთნელი. მათი დაინტერესებაც ის იქნება, რაც უფრო მეტი ბავშვი ეყოლებათ, მით მეტი ექნებათ ანაზღაურებაც, მაგრამ ბავშვები რომ მოვიდნენ, ამისათვის შესაფერისი ინფრასტრუქტურაა საჭირო, ამიტომ ჩვენ ასეთი გადაწყვეტილება მივიღეთ. როგორც იცით, „ტორპედოს“ ბაზაზე გვაქვს თითო სტანდარტული ბუნებრივსაფარიანი და ხელოვნურსაფარიანი მოედანი. ასევე, გვაქვს ჯერ კიდევ გამოუყენებელი ხელოვნურსაფარიანი მოედნის მოსაწყობი მასალა. გუნდის მთავარ მწვრთნელთან შეთანხმებით, გადავწყვიტეთ, რომ იგი სტადიონზე წამოვიღოთ და ჩვენი ძალებით გავაკეთოთ 60X40-ზე მეტრი ზომის სინთეტიკურსაფარიანი მოედანი ბავშვებისთვის. გარდა ამისა, გაკეთდება პატარა ტრიბუნაც.

ალბათ, მიმდინარე წლის აგვისტოში უკვე გამოვაცხადებთ ახალი საფეხბურთო სკოლისთვის ბავშვების მიღებას და სექტემბრის შუაში მოვაწყობთ სკოლის პრეზენტაციას. ფაქტობრივად, შიშველი ხელებით დავიწყეთ ეს საქმე და თანდათან უფრო გავაუმჯობესებთ. ასეთი ჩანაფიქრი გვაქვს და ღმერთის ნებით, ყველაფერი კარგად იქნება“.

ბატონმა ზურაბმა გუნდის დაკომპლექტებასა და მიმდინარე კონკურსის შესახებაც ისაუბრა:

„მცირე დეტალებიღა დარჩა დასაზუსტებელი და გუნდიც საბოლოოდ ჩამოყალიბდება ახალი სეზონისთვის. როგორც ვფიქრობთ, გუნდი საკმაოდ ძლიერი იქნება. მოლაპარაკებების რთული პროცესი გავიარეთ, რათა კლუბის ბიუჯეტის ფარგლებში ჩავმჯდარიყავით. ბიჭებიც გარკვეულ დათმომებზე წავიდნენ და ყველა მათგანი გვერდით დაგვიდგა. მნიშვნელოვანია, რომ კლუბში ასეთი ურთიერთგაგებაა, რამაც კარგი შედეგი უნდა მოიტანოს.

რაც შეეხება კიდევ ერთ საკითხს, მოგეხსენებათ, ჩვენ გამოვაცხადეთ კონკურსი ახალ ლოგოსა და ძირითადი სათამაშო ფორმის დიზაინთან დაკავშირებით. თუ ვიმსჯელებთ მოცემულობიდან გამომდინარე, ბოლოდროინდელი ლოგოს შეცვლა აუცილებელი იყო, რადგან გაუგებრობას იწვევდა მისი ფერები, როცა ყვითელ-მწვანეს წითელიც დაემატა, ამიტომ ჩვენ სათანადოდ ვიხელმძღვანელეთ და კონკურსის მოთხოვნად დავაწესეთ ქალაქის ფერებთან შესაბამისობა. ჩვენ უნდა გვქონდეს ახალი ლოგო, ამ უკანასკნელის შესაბამისი ფერების ძირითადი ფორმა, პლუს, 2 სათადარიგო. აქვე აღვნიშნავ, რომ არსებული თეთრი და შავი ფორმა ისევ ექნება გუნდს.

ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით ვესაუბრეთ კომპეტენტურ ადამიანებს და დავაზუსტეთ, რომ „ტორპედო“ საბჭოთა კავშირის დროს ძირითადად თამაშობდა თეთრი და წითელი ფერის მაისურებით, ხოლო დამოუკიდებლობის მიღებიდან, ცოტა არ იყოს რთული სიტუაცია იყო, რადგან გუნდი საშუალების მიხედვით იძენდა ფორმებს და არც ლოგო იყო ჩამოყალიბებული და სტაბილური. იმ პერიოდისგან განსხვავებით, ჩვენ შევქმნით კარგად აღსაქმელ და მუდმივ იერსახეს კლუბისა. მოხარული ვარ, რომ კონკურსის ნამუშევრები ყოველდღიურად შემოდის. სხვათა შორის, ამ ბოლოს შემოვიდა 1-2 ისეთი ნამუშევარიც, რომელთა საფუძველზე, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ გვექნება ძალიან მაგარი ლოგო. როგორც იცით, კონკურსის პირველი ეტაპი 15 ივლისამდე გაგრძელდება. შექმნილი კომისია, სადაც იქნებიან ისეთი ადამიანები, რომელთა გადაწყვეტილება იქნება ობიექტური და ყველასთვის მისაღები, შეარჩევს ორ საუკეთესო ვარიანტს, რომლებიც ინტერნეტში განთავსდება და გამოკითხვის გზით გულშემატკივრებს ექნებათ არჩევანის გაკეთების საშუალება. მოკლედ, ჩვენ გვექნება მოწესრიგებული იერსახე, გვეყოლება ძლიერი გუნდი და გვექნება წარმატებული საფეხბურთო სკოლა, დანარჩენი კი მოედანზე გადაწყდება“.

FCTorpedo.GE