ზურაბ ჩაკვეტაძე: „ამ ეტაპზე უპირატესობას გუნდის შედეგებს მივანიჭებთ“

როგორც უკვე ცნობილია, ქუთაისის „ტორპედოში“ მომხდარი მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილების შედეგად, აღმასრულებელი დირექტორის პოსტი ზურაბ ჩაკვეტაძემ დაიკავა, ვინც ბოლო პერიოდში კლუბის იურიდიულ სამსახურს ხელმძღვანელობდა. როგორია მისი გეგმები, ხედვები, პრინციპები, და პრიორიტეტები „ტორპედოსთან“ დაკავშირებით, ამას დაპირებული ინტერვიუდან შეიტყობთ.

 – ბატონო ზურაბ, პირველ რიგში, გილოცავთ ამ მეტად საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დანიშვნას. ინტერვიუს დასაწყისში გთხოვთ, თქვენ შესახებ გვიამბოთ და გვითხრათ, აქამდე რა შეხება გქონდათ ფეხბურთთან?

– მადლობა მოლოცვისთვის. რაც შეეხება ჩემს ბიოგრაფიას, დავიბადე ქუთაისში, დავამთავრე მე-6 საშუალო სკოლა, ხოლო 1998 წელს – სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. ამავე წელს ქუთაისის „ტორპედოში“ იურისტად დავიწყე მუშაობა. მანამდე კი იყო ასეთი ისტორია: მე და ჩემმა მეგობრებმა დავაარსეთ „ტორპედოს“ ე. წ. გულშემატკივართა კავშირი, რომელიც 1999 წელს დავარეგისტრირეთ იურიდიულად. ეს იყო ერთ-ერთი პირველი იურიდიულად გაფორმებული საფეხბურთო ქომაგთა კლუბი საქართველოში. მაშინდელ წესდებასაც დღემდე ვინახავ. თანამოაზრეებთან ერთად ვიკრიბებოდით იმ რთულ პერიოდში და ვამხნევებდით ჩვენს გუნდს. მე, როგორც ამ კავშირის თავჯდომარე, დავუახლოვდი კლუბის ხელმძღვანელობას და მოხდა ისე, რომ შემომთავაზეს იურისტის სამსახური, სადაც, ზუსტად მახსოვს, 1998 წლის 1 აპრილს მიმიღეს. ამის პარალელურად გულშემატკივრებსაც არ ვწყდებოდი. შემდეგ, ძალიან კარგად განვითარდა მოვლენები, დღესაც ისეთივე სიხარული მაქვს გულში, როგორც მაშინ, როცა „ტორპედო“ 3-ჯერ გახდა ჩემპიონი. მას შემდეგ, რაც „ტორპედოში“ 4 წელი გავატარე, ამდენივე ხანი ვიყავი მოსკოვში, სადაც საკმაოდ დიდი ტურისტული სააგენტოს გენერალური მენეჯერი ვიყავი. 1 წელი მილანში და 5 წელი ბარსელონაში დავყავი. აღნიშნულ ქალაქებში სხვადასხვა საქმიანობას ვეწეოდი, შეხება მქონდა ასევე სამშენებლო საქმიანობასთან და დაცვის სამსახურთანაც, ბარსელონაში კი ვსწავლობდი სპორტული კოლექტივების მართვა-ორგანიზაციას. ათწლიანი განშორების შემდეგ, 2011 წელს დავბრუნდი საქართველოში და 2014 წლის 1 დეკემბრიდან „ტორპედოში“ იურისტად და ლიცენზირების მენეჯერად დავიწყე მუშაობა. ეს ის პერიოდია, როცა კლუბი მერიის ბალანსზე გადადიოდა. აქვე დიდ მადლობას გადავუხდი ქალაქის ხელძღვანელობას ჩემდამი გამოცხადებული ნდობისთვის და ძალიან მინდა, რომ ეს იმედები გავამართლო.

 – კლუბის განსავითარებლად როგორ აპირებთ მუშაობას?

– მაგალითად, ავიღოთ ცნობილი სპორტული ფირმა „ადიდასი“. მისი პროდუქტი, როგორი ხარისხიანიც უნდა იყოს, თუ ამ ფირმის ლოგო არ ადევს, რაც მისი იდენტურობის განსაზღვრელია, ცნობადი აღარ იქნება, ყველაფერს თავისი იმიჯი უნდა ჰქონდეს. რატომ ვამბობ ამას, ჩვენს ქალაქში „ტორპედო“ არის ბრენდი, ამიტომ არასწორად მიმაჩნია ლოგოს ფერებისა და ატრიბუტიკის სისტემატური შეცვლა. იგი მუდმივი უნდა იყოს და შეჯერებული. კომუნისტების ეპოქაში „ტორპედო“ თეთრ-წითელი ფერის მაისურებით თამაშობდა, ხოლო მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც დამოუკიდებლები გავხდით იყო ფერების მუდმივი ცვლა. ამდენად, ვინაიდან ცოტა გაურკვევლობაა ამ კუთხით, გადაწყვეტილი გვაქვს, რომ ჩამოვყალიბდეთ, გამოვაცხადოთ კუნკურსი, ლოგოზე, გულშემატკივართა დროშაზე და გუნდის 1 ძირითადი და 2 სათადარიგო სათამაშო ფერის მაისურის დიზაინზე. ოღონდ გასათვალისწინებელია ის, რომ ეს ყველაფერი იდენტურობაში უნდა იყოს მოყვანილი ქალაქის დროშის ფერებთან და სიმბოლიკასთან. ვფიქრობ, რადგან ქუთაისს წარმოვადგენთ, კლუბის ფერები ქალაქის დროშის ფერებს უნდა შეესაბამებოდეს. შემდეგ უკვე ოფიციალურ საიტსაც იგივე დიზაინს მივცემთ.ვფიქრობთ, კონკურსი ჩავატაროთ ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე მივიღებთ მონაწილეთა მიერ წარმოდგენილ მასალებს, შემდეგ მოწვეული კომისია შეარჩევს სამ საუკეთესოს, რომლებიც განთავსდება ჩვენს საიტზე, რათა გულშემატკივრებსაც ჰქონდეთ არჩევანის საშუალება. იქნება 3 ძირითადი ნომინაცია და თითოეულში გამარჯვებულისთვის გამოიყოფა სიმბოლური თანხა. შესაძლებელია, რომ სამივე ნომინაციაში ერთმა პიროვნებამ გაიმარჯვოს. ამით რიგით გულშემატკივრებს შანსი აქვთ, რომ “ტორპედოს” ისტორიის ნაწილი გახდნენ. აქვე დავამატებ, რომ ეს საიტი ჩვენ უნდა გამოვიყენოთ არა მარტო ინფორმაციის მიწოდებისთვის, არამედ გულშემატკივართა ჩართულობისთვისაც. ჩვენ მოვიფიქრებთ მათთან საკონტაქტო ფორმას, რითაც ისინი შეძლებენ თავიანთი იდეების მოწოდებასა და ჩვენთან ურთიერთობას.

ასევე ვაპირებთ, რომ „ტორპედოს“ სტადიონის ადმინისტრაციულ შენობაში გავაკეთოთ კლუბის მუზეუმი, სადაც გულშემატკივრებს ცალკე კუთხე ექნებათ. თბილისის „დინამოს“ შემდეგ „ტორპედო“ საქართველოში ყველაზე ტიტულოვანი კლუბია და კარგი იქნება, თუ კლუბის მიერ მოპოვებულ თასებსა და მედლებს მუზეუმში დავდებთ.

რაც შეეხება სპორტსკოლას, შეიძლება ამ ეტაპზე არ არის სათანადო საშუალება, თუმცა, საჭიროა, რომ რაც შეიძლება მალე დავაფუძნოთ იგი. ჩვენ გვყავს ახალბედა მწვრთნელები, რომლებთანაც გაფორმდება ხელშეკრულება და ისინიც ჩაერთვებიან ამ საქმეში. ბევრი პროცედურაა გასავლელი, თუმცა, ვფიქრობ, რომ ეს პროცესი არ შეფერხდება და სკოლა იფუნქციონირებს მთავარი სტადიონის ტერიტორიაზე. ბავშვთა ფეხბურთი იქნება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი.

ამ ყველაფერთან ერთად ვეცდებით, რომ კლუბმა რეკლამითაც მიიღოს გარკვეული შემოსავალი, ან თუნდაც ელემენტარული სარგებელი. გვეყოლება სარეკლამო აგენტი და ვიმუშავებთ კომპანიების მოზიდვაზე. რეკლამები კი განთავსდება საიტზე, სტადიონზე და ა. შ..

– რა პრინციპებზე იქნება აგებული კლუბის სტრუქტურა?

– მოგეხსენებათ, საქართველო არაა მატერიალურად მდიდარი ქვეყანა, აქედან გამომდინარე, საბიუჯეტო კლუბი ფინანსურად ისეთი ხელგაშლილი ვერ იქნება, როგორც კერძო ინვესტორის ქვეშ მყოფი, თუმცა ოქროს შუალედის გამონახვა შეიძლება. გულშემატკივარი, რასაკვირველია, ითხოვს შედეგს, რაც დამოკიდებულია შესაძლებლობებზე. იმ რესურსით, რაც ქალაქის ხელმძღვანელობის წყალობით გაგვაჩნია, საქართველოს პირველობაზე დადებითი შედეგი უნდა გვქონდეს. მომავალ სეზონში ჩვენი მიზანი ევროტურნირებზე მოხვედრა იქნება.

ვიცი, ზოგიერთებისთვის, ვისაც არ უყვარს ფეხბურთი, რთული თემაა, თუ რატომ უნდა დაფინანსდეს ქალაქის ბიუჯეტიდან კლუბი, როცა ის საშუალებები შეიძლება სოციალურ პრობლემებს მოხმარდეს, მაგრამ ფეხბურთიც არის სოციალური მოვლენა, რაზეც ბევრი რამაა მიჯაჭვული. არის კლუბი, ახალგაზრდული და ჭაბუკთა გუნდები, სადაც იზრდებიან ბავშვები და ყალიბდებიან პროფესიონალ ფეხბურთელებად. მთავარია, არსებული საშუალებები სწორად გამოვიყენოთ.

ჩემი და მთავარი მწვრთნელის სურვილით, ჩვენი პრინციპი შემდეგი იქნება – მაგალითად, ერთნაირი დონის ორი ფეხბურთელიდან უნდა დავიტოვოთ ის, ვინც კარგი პიროვნებაა, რადგან „ტორპედოში“ სწორედ ასეთი ადამიანები უნდა იყვნენ.

– რაც ყველაზე მთავარია,  რა მოცულობის იქნება „ტორპედოს“ ბიუჯეტი ახალ სეზონში?

– ბიუჯეტი ჯერჯერობით განსაზღვრული არ არის, ვინაიდან, როდესაც მერიას გადაეცა კლუბი, ქუთაისის წლიური ბიუჯეტი უკვე შედგენილი იყო. ამრიგად, ახალი ბიუჯეტი მიმდინარე წლის დეკემბერში გაიწერება, რომელშიც გათვალისწინებული „ტორპედოც“ იქნება. ამჟამად ჩვენ რა საჭიროებაც გვაქვს, ყველანაირად გვეხმარება ქალაქის ხელძღვანელობა. ქუთაისის მერი შოთა მურღულია და ვიცე-მერი ნოდარ მიქიაშვილი გვერდით გვიდგანან, რომ გუნდმა რაც შეიძლება კარგად იასპარეზოს.

– გატყობთ, რომ ძალიან მოტივირებული ხართ…

– როგორ გითხრათ, უდიდესი პასუხიმგებლობა და სიხარულია ჩემთვის, მომეცა იმის საშუალება, რომ ვუხელმძღვანელო ამ კლუბს და ქალაქის ხელმძღვანელებთან შეთანხმებით გარკვეული წვლილი შევიტანო „ტორპედოს“ განვითარებაში. რა თქმა უნდა, ამას მე მარტო ვერ გავაკეთებ, ტექნიკური პერსონალიდან დაწყებული მთავარი მწვრთნელით დამთავრებული ყველანი ერთ მუშტად უნდა შევიკრათ, საქმისადმი სიყვარულითა და თავდადებით განვეწყოთ და ყველაფერი გამოგვივა.

– ინფრასტრუქტურული კუთხით თუ იგეგმება რაიმე სიახლე?

– ჩვენ ან უნდა გვყავდეს სუსტი გუნდი, რომელიც მიუღებელია გულშემატკივრებისთვის, ან მივმართოთ თანხები ინფრასტუქტურაზე. არჩევანის წინაშე ვართ, ამიტომ ამ ეტაპზე უპირატესობას გუნდის მიერ მიღწეულ შედეგს ვანიჭებთ, რათა ევროტურნირებმა გარკვეული შემოსავალი მოგვიტანოს. შემდეგ კი უფრო მეტად ვიფიქროთ ინფრასტუქტურის სრულყოფაზე, თუმცა გარკვეული სამუშაოები ამ კუთხით ამჟამადაც მიმდინარეობს.

– საზოგადოდ, როგორ ხედავთ „ტორპედოს“ ღირსეულ მომავალს?

– ჩვენ არსებული ფინანსებიდან გამომდინარე უნდა გვქონდეს ამბიცია. რა თქმა უნდა, „ტორპედო“ მუდამ საქართველოს ჩემპიონობისთვის უნდა იბრძოდეს, მაგრამ სამეულში მოხვედრაც არ იქნება ურიგო, თუმცა დამდეგ სეზონშიც უმაღლესი ტიტულის მოპოვებისათვის იბრძოლებს გუნდი. ასევე ჩვენი მიზანია, რომ ყოველ მომდევნო წელს პროგრესი გვქონდეს ყველა მიმართულებით.

 – სპორტულ მხარეზეც უნდა გკითხოთ, რას იტყვით ამჟამინდელ კოლექტივზე?

– მართალია, ახალი სეზონისთვის ჯერ ბოლომდე დაკომპლექტებული არაა „ტორპედო“, თუმცა უკვე შემიძლია ვთქვა, რომ ძლიერი და ანგარიშგასაწევი გუნდი იქნება, სადაც პროფესიონალები არიან. მთავარი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ჩვენ გვჯერა ამ ფეხბურთელების, რომ დასახულ მიზანს მიაღწევენ. მათ შორის იმ ახალგაზრდების, რომლებიც, სავარაუდოდ, დუბლშემადგენლობიდან უნდა დაწინაურდნენ და “ტორპედოს” ღირსება წარმატებით დაიცვან.

– დამდეგი სეზონის წინ გაივლის თუ არა გუნდი უცხოურ შეკრებას და დგას თუ არა დღის წესრიგში ახალი ეკიპირების შეძენა?

– ამ ეტაპზე უცხოური შეკრება არ იგეგმება, თუმცა არც გამოვრიცხავთ. დღესდღეობით გუნდს არ აქვს ეკიპირების პრობლემა, ამდენად რაც გვაკლია მხოლოდ მის შევსებაზე ვიზრუნებთ და ეკიპირება იგივე დარჩება. მხოლოდ ერთ დავსძენ, თუ დროულად დამტკიცდა კლუბის ახალი ლოგო, ჩემპიონატის დაწყებამდე შეიძლება მაისურზეც გადავიტანოთ, სანამ ჩვენ არ ჩამოვყალიბებულვართ ფერებთან დაკავშირებით, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ, ამ ეტაპზე ახალი ეკიპირების შეძენა საჩქარო არ არის.

 – დაბოლოს, „ტორპედოს“ გულშემატკივრებს როგორ მიმართავთ?

– ვინაიდან მეც გულშემატკივართა წიაღიდან ვარ და მათი კარგად მესმის, ასევე მჯერა, რომ მათაც კარგად აქვთ გააზრებული, თუ რამდენად ახლოა ყველა ჩვენგანისთვის “ტორპედო”, ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გვწამდეს, რომ ჩვენი ქალაქი, გუნდი და გულშემატკივარი ერთნი ვართ და ამ რწმენით, ნებისმიერ მეტოქეს გავუმკლავდებით.

 – დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ.

FCTorpedo.GE

ენერგოეფექტურობის პროექტი „ტორპედოს“ ბაზაზე

დღეს ქუთაისის „ტორპედოს“ საწვრთნელ ბაზაზე ქალაქის მერიის დაფინანსებით ენერგოეფექტურობის საპილოტო პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. პროექტის ფარგლებში, „ტორპედოს“ ბაზაზე დამონტაჟდება მზის გამანათებელი და წყლის გამაცხელებელი სისტემა, რომლის მიზანია ენერგო გადასახადების შემცირება და ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება. დღესვე დაიწყო ბაზის შენობების ენერგეტიკული აუდიტი. პროექტის განხორციელებაში ქუთაისის მერიას ეხმარება კომპანია „BP საქართველო“ და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო “Winrock საქართველო“. აღნიშნული ტექნოლოგიები, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ბოლომდე დაყენდება.

ღონისძიების ფარგლებში, შედგა ამხანაგური მატჩიც, „ტორპედოსა“ და „მართვეს“ ასაკობრივ გუნდებს შორის. შეხვედრის მონაწილეებსა და დამსწრე საზოგადოებას საჩუქრად ზემოხსენებულ ორგანიზაციათა მიერ დამზადებული სპეციალური ქუდები და მაისურები გადაეცათ.

ვრცელი ფოტომასალა იხილეთ – Facebook-ზე

FCTorpedo.GE

“ტორპედო” სამგლოვიარო აქციას შეუერთდა

თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაგებად დღეს ქუთაისში თეთრ ხიდზე სამგლოვიარო აქცია გაიმართა, სადაც ქუთაისის “ტორპედოს” ფეხბურთელები და მწვრთნელებიც იმყოფებოდნენ.

ჩვენი კლუბის სახელით, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ მომხდარის გამო და სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილთა ოჯახებს.

FCTorpedo.GE

კირკიტაძემ “ტორპედოსთან” გაახანგრძლივა

“ტორპედოს” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, დავით კირკიტაძე მომდევნო სეზონშიც ქუთათურების ღირსებას დაიცავს.

22 წლის ნახევარმცველი ქუთაისურ კლუბს მიმდინარე წლის დასაწყისში დაუბრუნდა. გასული სეზონის მეორე ნახევარში მან „ტორპედოს“ ყველა ოფიციალურ მატჩში ითამაშა და 2-ჯერაც აიღო მეტოქეთა კარი.

მათ შორის გამოსარჩევია ლანჩხუთის „გურიას“ კარში (მე-8 წამზე) გატანილი გოლი, რომელიც საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში რეკორდულად სწრაფი გამოდგა.

“ტორპედო” სამი ფეხბურთელით გაძლიერდა

მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში ქუთაისის “ტორპედოში” პირველი ახალწვეულები ჩაირიცხნენ. ქუთაისელთა რიგებში ნახევარმცველი გიორგი კუხიანიძე, მცველი დავით ოდიკაძე და თავდამსხმელი ლაშა შინდაგორიძე ითამაშებენ.

22 წლის კუხიანიძე ქუთაისის სპორტსკოლის აღზრდილია და მისი პროფესიონალური კარიერაც სწორედ “ტორპედოში” დაიწყო, სადაც მან დღემდე 85 ოფიციალური მატჩი ჩაატარა 11 გოლიც გაიტანა. გასულ სეზონსი კუხიანიძე ქობულეთის “შუქურაში” ასპარეზობდა.

34 წლის ოდიკაძე “ტორპედოში” გუნდში საჩხერის “ჩიხურადან” გადმოვიდა. მანამდე იგი თბილისის “დინამოში”, ბაქოს “ინტერში” და სხვა საფეხბურთო კლუბებშიც თამაშობდა.

22 წლის შინდაგორიძეს აქამდე დანიურ “ორჰუსში”, თბილისის “დინამოსა” და ცხინვალის “ცხინვალში” აქვს კარიერა გატარებული. გარდა ამისა, მას საქართველოს 19-წლამდე ნაკრებშიც უასპარეზია. მიუხედავად იმისა, რომ ცხინვალელებმა ევროპის ლიგის საგზური მოიპოვეს, შინდაგორიძემ კარიერის გაგრძელება მაინც “ტორპედოში” არჩია. 

გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლებელია, რომ “ტორპედოში” ითამაშონ: ნახევარმცველმა დათა სიჭინავამ და ფორვარდებმა გიორგი ჩირგაძემ და გიორგი ქვილითაიამ. 

კლიმიაშვილმა “ტორპედო” დატოვა

ირაკლი კლიმიაშვილმა ქუთაისის “ტორპედო” დატოვა. ქუთაისური კლუბის ვებგვერდის ცნობით, კლუბის ხელმძღვანელობასა და სამწვრთნელო შტაბს მოთამაშის შენარჩუნება სურდა, თუმცა მან წასვლა გადაწყვიტა.

გავრცელებული ინფორმაციით, 27 წლის ნახევარმცველი კარიერას უცხოუეთში გააგრძელებს.

კლიმიაშვილი “ტორეპდოში” გასული სეზონის მეორე ნახევარში გამოჩნდა და 14 შეხვედრაში 2 გოლის გატანა შეძლო.

გურამ ადამაძეც – პლუს ერთი წელი

ქუთაისის “ტორპედოსთან” 2016 წლის 1 ივნისამდე გაახანგრძლივა შრომითი ხელშეკრულება გუნდის კაპიტანმა – გურამ ადამაძემაც.

26 წლის ცენტრალური მცველი “ტორპედოში” მიმდინარე წლის დასაწყისში დაბრუნდა, რის შემდეგ მან ჩემპიონატში 14 მატჩი ჩაატარა და მეტოქეთა კარი 3-ჯერაც აიღო.

FCTorpedo.GE

სიახლეები „ტორპედოს“ სტადიონიდან

ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე მოედნის საფარის გასაუმჯობესებლად სამუშაოები დაიწყო. ამისათვის, ჩვენმა კლუბმა შესაბამისი ტექნიკური მოწყობილობები შეიძინა. სიახლეა ისიც, რომ საფეხბურთო არენაზე არსებული ტაბლო შეკეთდა და კვლავინდებურად იფუნქციონირებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ჩვენ „ტორპედოს“ ტექნიკური მენეჯერი გვესაუბრა.

გიგა ჩუბინიძე: „საფეხბურთო სეზონის დასრულებისთანავე ჩვენ დავიწყეთ სამუშაოები მოედნის გასაუმჯობესებლად. სულ მალე მოხდება მინდვრის შეთესვა, მასზე სასუქისა და ქვიშის შეტანა, ამასთან ერთად, საჭიროა მისი სისტემატური მორწყვაც. ახლახან შევიძინეთ ბალახის საკრეჭი ტრაქტორიც. საბედნიეროდ, სრულად უზრუნველყოფილი ვართ იმისთვის, რომ მინდორს ზაფხულის მაღალმა ტემპერატურამაც პრობლემები ვერ შეუქმნას.

გარდა ამისა, მიმდინარეობს სტადიონის ტერიტორიაზე არსებული სხვა ბუნებრივსაფარიანი მოედნების მოვლაც. ასევე, შეკეთდა ტაბლო, რომლისთვისაც ახალი პროგრამული უზრუნველყოფა გახდა საჭირო, რაც არცთუ მარტივი საქმე იყო. სამუშაო ჯგუფთან ერთად მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ქუთაისის „ტორპედოს“ ყველანაირი პირობა შევუქმნათ სასურველი შედეგების მისაღწევად“.

FCTorpedo.GE

“მეტალურგი-2” – “ტორპედო-2” 3:1

23 მაისს საქართველოს 26-ე ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მონაწილე გუნდების დუბლშემადგენლობათა ტურნირიც დასრულდა. ბოლო ტურში ქუთაისის „ტორპედო-2“(მწვრთნელები – გიორგი სუხიაშვილი, ვლადიმერ ჭყონია) რუსთავში „ფოლადის“ სტადიონზე ადგილობრივი „მეტალურგის“ სარეზერვო გუნდს ესტუმრა.

შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა ორივე გუნდის მიერ თითქმის თანაბრად შექმნილი საგოლე მომენტების უფრო მეტი ნაწილი მასპინძლებმა გამოიყენეს, რომლებიც მეორე ტაიმის დასაწყისისთვის 2:0-ს იგებდნენ, როცა ტორპედოელებმა ერთი გოლი გაქვითეს. გოლით თავი შალვა ფურცხვანიძემ გამოიჩინა. მალევე, ამ უკანასკნელსა და მცველ ბექა შეყრილაძეს არბიტრმა წითელი ბარათი უჩვენა და სტუმრები 9 კაცით დატოვა. ამით რუსთაველებმა(ბოლოს მათაც გაუძევეს ფეხბურელი) ისარგებლეს და სხვაობა ისევ გაზარდეს. მეტჯერ აღარაფერი შეცვლილა და საბოლოო ანგარიშით, 3:1 „მეტალურგმა“ იმარჯვა.

მაშასადამე, „ტორპედოს“ სათადარიგო გუნდმა ეს ჩემპიონატი მე-11 ადგილზე დაასრულა.

„ტორპედო-2“: გეგუჩაძე, შეყრილაძე, კუჭუხიძე, წიქარიშვილი, მარდალეიშვილი(თევზაძე 65), ხვიჩია(ჯავახაძე 46), ფურცხვანიძე, ფანცხავა, ზაქარაშვილი, ჟღენტი(ნამიჭეიშვილი 60), ჩიხლაძე(იონანიძე 55).

FCTorpedo.GE

13 წელი დაუვიწყარი დღიდან

22.05.2002 – დამოუკიდებელი ქართული გათამაშებების დაარსებიდან ეს დღე, მისი მნიშვნელობით,ქუთაისელი გულშემატკივრებისთვის, ალბათ, ყველაზე მაღლა დგას. განსაკუთრებით კარგად ახსოვთ მათ,ვინც იმდროინდელი გივი კილაძის სახელობის სტადიონიდან ადევნა თვალი საქართველოს ყველაზეტიტულოვანი საფეხბურთო კლუბების “კლასიკოს”: ქუთაისის „ტორპედოსა“ და თბილისის „დინამოს“მონაწილეობით. ქომაგებით გადავსებული ტრიბუნების(ოფიციალური მონაცემებით – 27 000 მაყურებლის)წინაშე ქუთათურებმა მე-14 ეროვნული ჩემპიონატის ბოლო ტურის გადამწყვეტ მატჩში მალხაზ ასათიანისმიერ 75-ე წუთზე შესრულებული ზუსტი პენალტის წყალობით დაამარცხეს მეტოქე(1:0) და ზედიზედმესამედ მოიპოვეს ქვეყნის ჩემპიონობა. ტრიუმფის შემდეგ საზეიმო განწყობა ჩვენს ქალაქში დიდხანსსუფევდა.

აი, დიდი გამარჯვების შემოქმედ ტორპედოელთა შემადგენლობაც: ზვიად სტურუა, ლაშა ჭელიძე,ვალერი აბრამიძე, მიხეილ მახვილაძე, სევასტი თოდუა, ვახტანგ ხვადაგიანი, რევაზ ქემოკლიძე, გივიდიდავა(შოთა ბაბუნაშვილი 54), გივი კვარაცხელია(ზვიად ქუთათელაძე 60), მალხაზ ასათიანი,ანდრეი პოროშინი(ზურაბ იონანიძე 54). თადარიგში იყვნენ: ნიკოლოზ ტოგონიძე, დავითგამეზარდაშვილი, რომან ახალკაცი, დავით აკოფიანი.    

   იმ დაუვიწყარი დღიდან ზუსტად 13 ლის თავზე გადავწყვიტეთ, რომ ჩვენს მიერ ინტერნეტში მოძიებულიის ვიდეო შემოგთავაზოთ, რომელშიც ჩემპიონობისშემდგომი ემოციებია „გაცოცხლებული“…

FCTorpedo.GE

“ტორპედოს” ჭაბუკებმა თბილისში იმარჯვეს

ჭაბუკთა ლიგაში 29-ე ტურის მატჩები გაიმართა. ქუთაისის „ტორპედოს“ ასაკობრივი გუნდები სტუმრად თბილისში 35-ე საფეხბურთო სკოლის შესაბამის გუნდებს შეხვდნენ.

„უმცროსების“ შეხვედრა, მიუხედავად მასპინძელთა დაწინაურებისა, ქუთაისელთა გამარჯვებით ანგარიშით 3:1 დასრულდა. ტორპედოელთა მხრიდან თითო გოლი ჯემიკო ზარნაძემ, კახა მაღლაკელიძემ და სერგი კუხიანიძემ გაიტანეს. სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზე მყოფმა რევაზ კვერნაძის გუნდმა ამ მოგებით უახლოეს მდევარს, იგივე დღევანდელ მეტოქეს, ჩემპიონატის დასრულებამდე 5 ტურით ადრე 10 ქულით გაუსწრეს.

„ტორპედო U16”: კიკნაძე, სალუქვაძე, თავაძე, ბელთაძე, გულბიანი, მაღლაკელიძე, წულაია(კვეტენაძე 60), ხინჯაკაძე(ბერეკაშვილი 65), ზარნაძე, დავითულიანი(ელიავა 60), კუხიანიძე(მუკბანიანი 60).

მორიგი მატჩი მოიგეს აკაკი კვერნაძის შეგირდებმაც, რომლებმაც ანგარიშით 2:0 დაამარცხეს მეტოქე. გოლით თავი ვარლამ მარდალეიშვილმა(პენალტით) და ომიკო ჭიჭინაძემ გამოიჩინეს.

„ტორპედო U18”: გეგუჩაძე, წიქარიშვილი, ნიშნიანიძე, ჯოხაძე, მარდალეიშვილი(სილაგაძე 88), შეყრილაძე(ვარდოსანიძე 70), ა. ჭიჭინაძე, გურეშიძე(ჭანია 46), ჯავახაძე(თევზაძე 46), ო. ჭიჭინაძე(ჭოხონელიძე 85), თავაძე(გოგლიჩიძე 46).

FCTorpedo.GE

ქართული ფეხბურთის მშვენება

საქართველოს ჩემპიონატი მაყურებლებს დიდი სანაობით რომ ვერ ანებივრებს, ამაზე მატჩების ხარისხი, ჩვეულებრივი მაყურებლების დასწრება და კიდევ არაერთი ფაქტი მეტყველებს. თუმცა, ყველაფერს პატარა ნათელი წერტილიც აქვს – გამონაკლისს არც უმაღლესი ლიგა წარმოადგენს. თბილისის „დინამოსა“ და ქუთაისის „ტორპედოს“ დაპირისპირება ყოველთვის ჩემპიონატის მშვენებად ითვლებოდა – ამ ორი გუნდის ყოველი შეხვედრა, როგორც მოედანზე, ისე ტრიბუნებზე, დაძაბულობის პიკს აღწევს და ორივე მხარეს თავისი ქალაქის გუნდის პრინციპული მეტოქის დამარცხების დიდი სურვილი აქვს. ამას თუნდაც შაბათს გამართული შეხვედრა ადასტურებს.

ჯამში „დინამოსა“ და „ტორპედოს“ შორის საქართველოს ჩემპიონატის ეგიდით 59 მატჩი ჩატარდა. აქედან 30 შეხვედრა თბილისელებმა მოიგეს, 14 მატჩი ფრედ დასრულდა, 15 თამაშში კი ქუთაისელებმა იმარჯვეს.

იმ სეზონში, როდესაც „ტორპედო“ უმაღლეს ლიგას დაემშვიდობა, ქუთაისში გამართული შეხვედრა თბილისელთა დამაჯერებელი გამარჯვებით, 5:0 დასრულდა. 2010 წელს უმაღლეს ლიგაში დაბრუნებულმა „ტორპედომ“ თბილისელებთან პირველ ოქტომბერს გამართული შეხვედრა ფრედ 1:1 დაასრულა, ბოლო წრეში თბილისში გამართულ მატჩში კი ქუთაისელებმა ანგარიშით 2:1 იმარჯვეს.

საინტერესო იყო 2011/12 წლების სეზონის შეხვედრები. იმ სეზონის დაწყების წინ „დინამოში“ დიდი ცვლილებები განხორციელდა – კლუბი რომან ფიფიამ შეიძინა და ამ პერიოდში მთავარი მწვრთნელის პოსტზე ალექს გარსიას დანიშვნასთან ერთად აღსანიშნავი ჩისკოს, მიკელ ალვაროს, ალბერტ იაგუესა და კოტოს ტრანსფერებიც იყო. ამ მოთამაშეებზე დიდ იმედს ამყარებდნენ, კლუბმა კი დიდი მიზნები დაისახა. იმ სეზონში „დინამო“ უეფას ევროპის ლიგის პლეიოფამდეც მივიდა, სადაც ათენის აეკ-თან დამატებით დროში გოლი გაუშვა და ევროპის რანგით მეორე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ჯგუფური ეტაპის მიღმა დარჩა.

„ქართულ კლასიკოდ“ წოდებული პირველი შეხვედრა იმ სეზონის ოქტომბერში შედგა, როდესაც გადატანილ მატჩში „ტორპედომ“ შინ ანგარიშით 2:1 გაიმარჯვა, თუმცა თვენახევარში თბილისურ შეხვედრაში „დინამოელებმა“ რევანში აიღეს და ანგარიშით 2:0 მოიგეს. იმავე სეზონში ქუთაისში შემდგარი მეორე შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა, მაისში კი „დინამო“ შინ მინიმალური ანგარიშით 0:1 დამარცხდა.

გამორჩეული გამოდგა 2012/13 წლების სეზონის მატჩები. თბილისელთა და ქუთათურთა პირველი შეხვედრა თბილისში, 18 აგვისტოს გაიმართა. უკვე მეშვიდე წუთზე სტუმრები ალექსანდრე კვახაძემ დააწინაურა, ოთხ წუთში კი დანიშნული პენალტით ანგარიში ჩისკომ გაათანაბრა. ზუსტად ერთ წუთში „ტორპედო“ კვლავ დაწინაურდა, ამჯერად თავი ელგუჯა გრიგალაშვილმა გამოიჩინა. ორწუთიან ინტერვალში ნიკოლოზ ფირცხალავას ორი ყვითელი ბარათის შემდეგ „ტორპედო“ კაცნაკლული დარჩა. სათქმელია, რომ იმ მატჩში ეს ერთადერთი გაძევება არ ყოფილა, ყველაზე საინტერესო მოვლენები მეორე ტაიმშიც მოხდა. „დინამოს“ აქტიურობამ და კარგმა თამაშმა მე-40 წუთზე შედეგი გამოიღო, როდესაც ჩისკომ დუბლი მიითვალა.

მეორე ნახევრის 73-ე წუთამდე ანგარიში უცვლელი იყო, შემდეგ კი თავი თბილისელთა მაშინდელმა კიდევ ერთმა ესპანელმა ლეგიონერმა მიკელ ალვარომ გამოიჩინა, რომელმაც შორეული დარტყმით თავისი გუნდი წინ გაიყვანა და, როგორც აღმოჩნდა, ტაბლოზე საბოლოო ანგარიში – 3:2 დააფიქსირა. ალვაროს გოლის შემდეგ სამ წუთში მეორე ყვითელი ბარათი გიორგი რეხვიაშვილმა მიიღო. 88-ე წუთზე ოთარ ხიზანეიშვილმა მეტოქე თამაშის წესის დარღვევით შეაჩერა, მსაჯმა კი ის ეპიზოდი ბოლო იმედის ჯარიმად შეაფასა და, შესაბამისად, „დინამოს“ მცველი გააძევა. რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ეს ბოლო წითელი ბარათი არ ყოფილა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მთავარ არბიტრს მეკარე თორნიკე ზარქუას გაძევებაც მოუწია, რომელსაც ქუთაისიდან ჩამოსულ ფანებთან შელაპარაკება მოუვიდა. საბოლოოდ, 8 კაცით დარჩენილმა „დინამომ“ 10-კაციან მეტოქეს პრინციპულ შეხვედრაში მოუგო.

დაძაბული ამ გუნდების მეორე წრის დაპირისპირებაც გამოდგა. ორ ნოემბერს გუნდები ერთმანეთს ქუთასში შეხვედნენ და თამაში ამჯერადაც უხვგოლიანი გამოდგა. 29-ე წუთზე ანგარიში ელგუჯა გრიგალაშვილმა გახსნა, რვა წუთში კი წონასწორობა ჯაბა დვალმა აღადგინა. მეორე ნახევარში „ტორპედო“ კვლავ დაწინაურდა, 53-ე წუთზე გრიგალაშვილმა დუბლი შეასრულა. ქუთათურები „დინამოს“ ესპანელმა ლეგიონერმა მიკელ ალვარომ ამჯერადაც დაამწუხრა – 68-ე წუთზე დანიშნული საჯარიმო დარტყმის მეტოქის ნახევრში ჩაწოდებულს სწორედ ესპანელი ნახევარმცველი გამოეხმაურა, რომელმაც ანგარიში გაათანაბრა. საბოლოოდ, იმ მატჩში ორივე გუნდი ერთმანეთს დაუზავდა.

როგორც შემდგომ გაირკვა, მატჩის მიმდინარეობისას „ტორპედოს“ რამდენიმე მხარდაჭერმა თბილისის „დინამოს“ ფანკლუბ „გლადიატორების“ ავტობუსს ქვები ესროლა.

იმ სეზონის მესამე „ქართული დერბი“ ისევ ქუთაისში შედგა, რომელიც კვლავ ფრედ დასრულდა. 29-ე წუთზე ანგარიში გიორგი ბერიაშვილმა გახსნა. პირველი ნახევრის დასრულებამდე 2 წუთით ადრე კი წონასწორობა ჩისკომ აღადგინა.

აღსანიშნავია, რომ ეს ჯერჯერობით ბოლო „ქართული დერბია“, რომელშიც „ტორპედო“ არ დამარცხებოდა. „დინამოს“ ქუთაისელებთან მოგებათა სერია იმ სეზონის ბოლო პრინციპული მატჩის შემდეგ დაიწყო. ოთხ მაისს უკვე გაჩემპიონებული დუშან უჰრინის ფეხბურთელები იმერლებს „დინამო არენაზე“ მასპინძლობდნენ, მატჩის შემდეგ კი უმაღლესი ლიგის თასი უნდა მიეღოთ, ასე რომ, პრინციპული მეტოქის დამარცხება ორმაგად სასიამოვნო უნდა ყოფილიყო.

ხსენებული თამაში მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო – უკვე მე-16 წუთზე უჰრინის გუნდი დვალის ჩინებული გოლით დაწინაურდა – თავდამსხმელმა რამდენიმე მცველი ელეგანტურად მოატყუა და არც მეკარის მოტყუება გაუჭირდა. მიკელ ალვარომ თავი ამჯერადაც გამოიჩინა – „დინამოს“ მაშინდელმა თერთმეტმა ნომერმა გოლი მე-40 წუთზე გაიტანა და თავისი გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა. ანგარიში 79-ე წუთამდე არ შეცვლილა, რის შემდეგაც დვალმა დუბლი შეასრულა. წერტილი კი 87-ე წუთზე პეტერ გრაიციარმა დასვა – „დინამომ“ მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხა და შეხვედრის შემდეგ მოედანზე შესულ ფანებთან ერთად ჩემპიონატის მოგებაც აღნიშნა.

იმ სეზონში თბილისელებმა 78 ქულა დააგროვეს და უახლოეს მდევარ გორის „დილას“ 10 ქულით აჯობეს.

2013/14 წლების სეზონის პირველი შეხვედრა მეტად საინტერესო გამოვიდა. მატჩის უკვე მე-3 წუთზე მსაჯმა „დინამოს“ ესპანელი მცველი უსტარიცი ბოლო იმედის ჯარიმის შემდეგ გააძევა – მთელი შეხვედრის განმავლობაში მასპინძლები უმცირესობაში თამაშობდნენ. ანგარიში კი 32-ე წუთზე სტუმრებმა თორნიკე კაპანაძის გოლით გახსნეს. აღსანიშნავია, რომ პირველი ტაიმის ბოლო „ტორპედოს“ კარის მიმართლებით პენალტი დაინიშნა, რომელიც ჯაბა დვალმა ვერ გამოიყენა. მანამდე კი, ორივე გუნდის ფანებს შორის შეტაკებაც მოხდა.

მეორე ტაიმში „დინამო“ ანგარიშით გათანაბრებას ცდილობდა, მიზანს კი მხოლოდ 78-ე წუთზე მიაღწია, როდესაც „ტორპედოს“ კარის მიმართულებით კვლავ პენალტი დაინიშნა. ამჯერად თერთმეტმეტრიანის ნიშნულთან ლევან ხმალაძე მივიდა, რომელიც, დვალთან შედარებით, ზუსტი აღმოჩნდა – 1:1. დარჩენილ დროში „დინამო“ შეტევას აგრძელებდა, ერთ-ერთი კარგი შანსი პატრიკ ვუოს ჰქონდა, რომლის დარტყმული მეკარე მაქსიმე ქვილითაიას კარს სულ მცირე მანძილით ასცდა. მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის პირველ წუთზე კუთხურის შემდეგ ძლიერი დარტყმით გიორგი გველესიანმა თავისი გუნდი დააწინაურა და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში – 2:1 დააფიქსირა. საბოლოოდ, 10 კაცით თამაშის მიუხედავად, „დინამომ“ აქტივში მნიშვნელოვანი 3 ქულა ჩაიწერა.

მეორე წრის მატჩი საზოგადოებისთვის საინეტერესო მის დაწყებამდეც იყო. „დინამომ“ ანგარიში სწრაფადვე გახსნა – მე-9 წუთზე თავისი გუნდი გიორგი პაპუნაშვილა დააწინაურა, 8 წუთში კი მეორე გოლი მერებაშვილმაც გაიტანა. 58-ე წუთზე შეხვედრა მოედანზე შეჭრილი „ტორპედოს“ ფანების გამო შეწყდა, რის გამოც მასპინძლებს ტექნიკური მარცხი – 0:3 ჩაეთვალათ.

მიმდინარე სეზონის პირველი მატჩი ამ გუნდებს შორის ქუთაისში შედგა. ანგარიში ამჯერადაც „ტორპედომ“ გახსნა – 28-ე წუთზე თავისი გუნდი თენგიზ ჩიკვილაძემ დააწინაურა. პირველი ნახევარი „ტორპეოდს“ გამარჯვებით, 1:0 დასრულდა. მეორე ტაიმში „დინამო“ ანგარიშის გათანაბრებას ცდილობდა, რასაც შედეგი 66-ე წუთზე მოყვა, როდესაც საჯარიმოს ხაზიდან ზუსტი დარტყმით ნიკა საბანაძე გამოირჩა, რომელმაც ათ წუთში მეორე გოლიც გაიტანა. აღსანიშნავია, რომ დუბლის ავტორმა ყოფილი გუნდის კარში არც ერთი გოლი არ აღნიშნა. მეტიც, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს საბანაძე კვლავ ქუთაისში დაბრუნდა.

გასულ შაბათს გამართული შეხვედრა, რომელიც „დინამომ“ ამჯერად 3:2 მოიგო, მიმდინარე სეზონის საუკეთესო შეხვედრად უნდა დასახელდეს. მატჩმა უბრალო მაყურებლის ინტერესიც მიიბყრო და ღრუბლიანი ამინდის მიუხედავად, არამხოლოდ „დინამო არენას“ ფანსქეტორები შეივსო (იხილეთ დაწვრილებით მიმოხილვა).

უშეღავათო ბრძოლა, თამაში ბოლო წუთამდე და მუდმივი დაძაბულობა – ასეთი დონის მატჩები საქართველოს ჩემპიონატში პროგრესის იმედსა და სტადიონზე სიარულის მიზეზს უნდა გვაძლევდნენ. გადახედეთ თუნდაც შეხვედრების ფოტო და ვიდეო მიმოხილვებს, დასკვნები კი თავად გამოიტანეთ.