ბათუმის “დინამომ” ლიდერობა დათმო

ქობულეთის ჩელე არენაზე უმაღლესი ლიგის 22-ე ტურის შეხვედრაში ბათუმის „დინამომ“ ქუთაისის „ტორეპდოს“ უმასპინძლა. საკმაოდ დაძაბულ და უხვგოლიან შეხვედრაში გამარჯვება სტუმრებმა მოიპოვეს და ბათუმელებს 2015 წლის პირველი მარცხი აგემეს.

მასპინძლებმა მატჩი აქტიურად დაიწყეს და მე-5 წუთზე პირველი მომენტიც შექმნეს, თუმცა ბერიაშვილის დარტყმა კარს მცირე მანძილით ასცდა. ზუსტად 3 წუთში კი „დინამოს“ მცდელობა შედეგიანი აღმოჩნდა. მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთს მაღალ ნახტომში ტატანაშვილი შესწვდა და ჩვეულ სტილში, თავით გადაგზავნა მეტოქის კარში – 1:0.

გაშვებული გოლის შემდეგ „ტორპედომ“ მოუმატა და უპირატესობასაც დაეუფლა, თუმცა ბათუმელები გაცილებით სახიფათოდ უტევდნენ. მე-20 წუთზე გატანის შანსი კვლავ ტატანაშვილს მიეცა, რომლის თავური ამჯერად მიზანს ასცდა. 34-ზე ბერიაშვილის პასით კარგ პოზიციაში ქავთარაძე აღმოჩნდა, თუმცა მისი მცდელობაც არაზუსტი გამოდგა.

უშანსოდ არც ქუთაისელები ყოფილან. მარცხენა ფლანგიდან კვერნაძის გამჭოლი გადაცემის შემდეგ ქუთაისელ შემტევებს მცველებმა დაასწრეს, ტუღუშის დარტყმა კი ალავიძემ მოიგერია.

თამაშის სცენარი არც შესვენების შემდეგ შეცვლილა. გუნდები საგოლე მომენტების გარეშე თამაშობდნენ, რაც 65-ე წუთამდე გაგრძელდა. დიასამიძის ჩაწოდების შემდეგ საჯარიმოში ბურთი ბერიაშვილმა მიიღო, რომელმაც შონიას დაუგორა. ბათუმელთა ნახევარმველის ძლიერი დარტყმა „ტორპედოს“ მცველისგან კუთხურზე გადავიდა. მასპინძლებმა სტანდარტი უხეიროდ მოაწოდეს და მეტქოეს სწრაფი კნტრშეტევის განხორციელების საშუალება მისცეს, რომელიც კირკიტაძის დარტყმით დასრულდა. ამ ეპიზოდში „დინამოს“ მეკარემ, ალავიძემ იყოჩაღა და ბურთი კუთხურზე მოიგერია, თუმცა სტანდარტის შემდეგ საქართველოს ნაკრების კიპერმა კარის მშრალად შენახვა ვეღარ შეძლო. საჯარიმოში არეულობით ადამაძემ ისარგებლა და წონასწორობა აღადგინა. 74-ე წუთზე „ტორპედომ“ დაწინაურებაც მოახერხა. მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში შეჭრილმა კირკიტაძემ შორეულ კუთხეში ზუსტად დაარტყა – 1:2.

გაშვებული გოლის შემდეგ ბათუმელები შეტევაში წავიდნენ და ბოლო წუთებზე კიდევ ერთი გოლი გაუშვეს 83-ე წუთზე ალავიძემ ერთი დარტყმა კი მოიგერია, მაგრამ დამატებაზე კვერნაძეს ვეღარ აჯობა, რომელმაც საკუთარი გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა.

მართალია, „დინამომ“ მსაჯის მიერ კომპენსირებულ წუთებზე შონიას ლამაზი გოლით სხვაობა შეამცირა, თუმცა მეტის გაკეთება ბათუმელებმა ვეღარ შეძლეს და სატურნირო ცხრილში პირველი პოზიცია თბილისის “დინამოს” დაუთმეს.

 

დინამო ბათუმი 2-3 ტორპედო

გოლები: ტატანაშვილი 8′ (1:0); ადამაძე 66′ (1:1); კირკიტაძე 74′ (1:2); კვერნაძე 83′ (1:3); შონია 90′ (2:3)

დინამო ბათუმი: ალავიძე, ქორიძე, ტეტუნაშვილი, სუხიაშვილი, მახარაძე, შონია, ვარშანიძე (მუჯირი 77′), დიასამიძე (აბუსელიძე 83′), ქავთარაძე (მაკარიანი 49′) ტატანაშვილი, ბერიაშვილი.  

ტორპედო: შეყრილაძე, ადამაძე, მირცხულავა, ტუღუში (გოგუაძე 46′), კლიმიაშვილი, კირკიტაძე, ქიმაძე, ჭელიძე, მამასახლისი (ბაბუნაშვილი 67′), იოსელიანი, კვერნაძე (ქებაძე 84′).

ირაკლი კლიმიაშვილმა “ცხინვალის” კარში გოლი კუთხურიდან გაიტანა (ვიდეო)

18 მარტს, საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში ქუთაისის “ტორპედომ” საკუთარ მოედანზე “ცხინვალი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

შეხვედრაში პირველი გოლი 28-ე წუთზე, ირაკლი კლიმიაშვილმა გაიტანა. 26 წლის ფეხბურთელმა მეტოქის კარში ბურთი კუთხურიდან ჩაახვია.

გაფართოებულ შემადგენლობას საბანაძეც დაემატა

გუშინ, 9 მარტს, კახა ცხადაძე საქართველოს დავით ყიფიანის სახეობის თასის მეოთხედფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრას დაესწრო ქუთაისში და ნამატჩევს ჩვენი გუნდის მთვარმა მწვრთნელმა ეროვნული ნაკრების გაფართოებულ სიას ქუთაისელთა თავდამსხმელი ნიკოლოზ საბანაძე დაამატა. იგი კვლავ აგრძელებს ეროვნული ჩემპიონატის მოთამაშეებზე დაკვირვებას და სიახლეები შესაძლოა მომავალშიც ვიხილოთ.

საქართველოს ეროვნული ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა შემდეგნაირად გამოიყურება:

მეკარეები: გიორგი ლორია „ოფი“, (საბერძნეთი), ნუკრი რევიშვილი „ტოსნო“, (რუსეთი), ომარ მიგინეიშვილი „დილა“, (გორი, საქართველო) რევაზ თევდორაძე „სამტრედია“, (სამტრედია, საქართველო);

მცველები: უჩა ლობჟანიძე „ომონია“, (კვიპროსი), გურამ კაშია „ვიტესი“ (ჰოლანდია), ზურაბ ხიზანიშვილი „სამტრედია“ (სამტრედია,საქართველო), გიორგი ნავალოვსკი („ტოსნო“, რუსეთი), ლაშა თოთაძე „დინამო“ (თბილისი,საქართველო), გიორგი ფოფხაძე „იაგელონია“ (პოლონეთი), სოლომონ კვერკველია „რუბინი“ (რუსეთი), ალექსანდრე ამისულაშვილი, ლაშა სალუქვაძე ორივე „ინტერი“ (აზერბაიჯანი), ლაშა დვალი „ქასიმფაშა“ (თურქეთი);

ნახევარმცველები: ნიკა ძალამიძე „იაგელონია“ (პოლონეთი), გიორგი ჭანტურია „კლუჟი“ (რუმინეთი), ლევან ყენია „სლავია“ (ჩეხეთი), ჯანო ანანიძე „სპარტაკი“ (რუსეთი), ჯაბა კანკავა „დნიპრო“ (უკრაინა), მურთაზ დაუშვილი „კარპატი“ (უკრაინა), კახა მახარაძე „ფახთაქორი“ (უზბეკეთი), სანდრო კობახიძე „ვოლინი“ (უკრაინა), ვალერი ყაზაიშვილი „ვიტესი“ (ჰოლანდია), თორნიკე ოქრიაშვილი „გენკი“ (ბელგია), გიორგი მერებაშვილი „ოფი“ (საბერძნეთი);

თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე „ემპოლი“ (იტალია), მათე ვაწაძე „ორჰუსი“ (დანია), ბაჩანა ცხადაძე „ინტერი“ (აზერბაიჯანი), ოთარ მარცვალაძე „ტოსნო“ (რუსეთი), ნიკოლოზ საბანაძე „ტორპედო“ (ქუთაისი, საქართველო)

GFF.GE

„ტორპედომ“ წმინდა გიორგის ტაძარს ხატი შესწირა

დღეს, ქუთაისის „ტორპედომ“ ბაგრატის საკათედრო ტაძრის უკან მდებარე წმინდა გიორგის სახელობის მრავალსაუკუნოვან ტაძარს წმინდა ნიკოლოზის ხატი შესწირა. ჩვენი გუნდის წევრები კვირის წირვასაც დაესწრნენ, რომელიც მამა ზინობმა აღავლინა. ტაძრის მრევლთან ერთად დეკანოზმა მადლიერება გამოხატა ტორპედოელთა მიმართ და სამომავლო წარმატებები უსურვა მათ. ამავე სასულიერო პირმა „ტორპედოს“ საწვრთნელი ბაზაც აკურთხა და ფეხბურთელებს, მწვრთნელებსა და კლუბის სხვა მუშაკებს უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის მიერ დაწერილი მთავარანგელოზების ხატები უსახსოვრა.

ფოტომასალა იხილეთ – Facebook-ზე

FCTorpedo.GE

ქულა მარტვილელებთან

5 მარტს, საქართველოს 26-ე ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მე-18 ტურის მატჩები გაიმართა. ქუთაისის „ტორპედომ“ საკუთარ კედლებში მარტვილის „მერანს“ უმასპინძლა.

გაზაფხულის მე-5 დღეს ქუთაისში არასაფეხბურთო ამინდი დაემთხვა. დილიდანვე წვიმდა. გუნდების მატჩისწინა მოთელვის დროს კი, თოვლიც წამოვიდა. საშინელი სუსხისა და სიცივის მიუხედავად, „ცენტრალურის“ ტრიბუნებზე ჩვენი გუნდის რამდენიმე ასეული ქომაგი მაინც შეიკრიბა. „ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი დარასელიამ თავიდანვე შეტევითი ტაქტიკა აირჩია და წინა ხაზში თავდამსხმელთა ტრიო, საბანაძე-კვარაცხელია-კვერნაძე გაამწესა. თუ ერთ ეპიზოდს არ ჩავთლით, როცა ჯღამაიამ არაზუსტად დაარტყა თავით, საწყისი 20 წუთი მხოლოდ ქუთაისელთა მიერ შექმნილი სახიფათო მომენტებით ხასიათდებოდა. კლიმიაშვილმა საჯარიმო დარტყმით ვერ მოახვედრა ბურთი მიზანში, ხოლო კირკიტაძისა და კვარაცხელიას ბოლო დარტყმებს მერანელები გადაეღობნენ. მე-13 წუთზე, დაწინაურების რეალური შანსი ვერ გამოიყენა კვერნაძემ, რომელმაც ჩიკვილაძის ჩაწოდებით სამიოდე მეტრიდან იმ მიმართულებით გაუშვა ბურთი, სადაც მამალაძე იდგა. აქედან ერთ წუთში იყო ჭელიძის გასროლა და მეკარის მიერ ბურთის კუთხურზე მოგერიება. „მერანის“ გამოცოცხლებას მასპინძელთა კარში გატანილი გოლი მოჰყვა, 32-ე წუთზე, ტორპედოელ მცველებს საბა ლომია გაეპარათ, მეკარესთან პირისპირ გასულმა ფორვარდმა მცირე რიკოშეტის შედეგად ანგარიში გახსნა – 0:1. ანგარიშში ჩამორჩენის შემდეგ ტორპედოელებს ოდნავი დაბნეულობა შეეტყოთ, ამით ქიქავასა და წყაროზიას შეეძლოთ ესარგებლათ, თუმცა კარს ააცილეს. საპირისპირო კართან იგივე გააკეთა კვარაცხელიამაც. პირველი ტაიმის დამატებულ წუთზე „ტორპედომ“ საქმე კვლავ ნულიდან დაიწყო, მეტოქის საჯარიმოს მისადგომებთან ორთაბრძოლაში კვარაცხელიამ ივარგა და მარჯვნივ კირკიტაძეს გაუგორა ბურთი, დათომ იდეალური პასით ნიკა საბანაძე მონახა, რომელმაც ზედიზედ მეორე მატჩში გამოიჩინა გოლით თავი – 1:1.

მეორე ტაიმში ქუთაისელებმა სრული სათამაშო უპირატესობა მოიპოვეს. 65-ე წუთამდე მარტვილელები მეტოქის ნახევარზეც კი სულ რამდენიმეჯერ გადავიდნენ. „ტორპედოდან“ დაწინაურების შესაძლებლობა კვარაცხელიას, ქიმაძეს, საბანაძესა და კვერნაძეს ჰქონდათ. მათგან ყველაზე მაღალპროცენტიანი შანსი სწორედ ამ უკანასკნელს მიეცა, მან დრიბლინგის შემდეგ ხელსაყრელი პოზიციიდან დაარტყა მეკარისგან მარცხენა კუთხეში, მაგრამ მამალაძემ კარგი რეაქცია გამოავლინა და ბურთიც მოიგერია. სხვათა შორის, კვერნაძემ ამ მომენტამდე ცოტა ხნით ადრე გოლიც გაიტანა, რომელიც ოფსაიდის გამო არ ჩაითვალა. 66-ე წუთზე, კონტექსტიდან ამოვარდნილს ჰგავდა გეგეჭკორის დარტყმა, ბურთი კარს მიღმა წავიდა. 71-ე წუთზე, კირკიტაძის ჩაწოდებით კვლავ კვერნაძე ცდილობდა თავით გატანას, თუმცა ისევ მეკარემ ივაჟკაცა. ერთ წუთში კლიმიაშვილის შესრულებული „სტანდარტით“ „მერანი“ ადამაძისგან გადაურჩა გოლს, ტორპედოელმა ფეხით ოდნავ არაზუსტად იმოქმედა. 83-ე წუთზე, საბანაძემ „საჯარიმო“ დაარტყა და მცირე მანძილით ააცილა „ჩარჩოს“. შეტევაზე ორიენტირებულ „ტორპედოს“ სტუმართა ერთი-ორი სახიფათო კონტრშეტევის დროს მოუწია ნერვიულობა, მათ შორის 90-ე წუთზე, ციცხვაიას უშედეგო თავური დარტყმით. მეორე ტაიმზე დამატებულ 4 წუთშიც მომენტის რეალიზება არ მოხდა და საბოლოო ანგარიშიც პირველი ტაიმის დაფიქსირდა – 1:1.

FCTorpedo.GE

„მერანთან“ ნავსის გასატეხად

5 მარტს, მიმდინარე პირველობის მორიგ ტურში ქუთაისის „ტორპედო“ საკუთარ არენაზე მარტვილის „მერანს“ მიიღებს. 15:00 საათზე დასაწყისი თამაშის ინტერნეტ-ტრანსლაციას, ტრადიციულად, ჩვენს ვებგვერდზე შემოგთავაზებთ. შეგახსენებთ, რომ ჩვენი კლუბის ხელმძღვანელთა გადაწყვეტილებით, ამ სეზონში „ტორპედოს“ ყველა საშინაო მატჩზე დასწრება უფასოა.

ჩვენი მომდევნო მეტოქე გასულ 17 ტურში დაგროვილი 21 ქულით სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზე იმყოფება. სანამ მეორე წრეს დაიწყებდა, სადაც სასტარტო მატჩები თბილისის „ვიტ ჯორჯიასთან“(2:2) და „ცხინვალთან“(0:2) ჩაატარა, „მერანმა“ ზამთრის მოსამზადებელი ეტაპი თურქეთში გაიარა. უკრაინელი თავკაცის, ვლადიმერ ლობასის გუნდმა რამდენიმე ახალ ფეხბურთელთან ერთად უცხოურ შეკრებაზე 4 საკონტროლო მატჩი გამართა.

მიმდინარე სეზონში ქუთაისელები 3-ჯერ შეხვდნენ მარტვილელებს, ჩემპიონატში მეტოქემ 3:1 მოგვიგო, თასზე კი, მერანელები ჩვენმა გუნდმა 1/8 ფინალიდან გამოთიშა გათამაშებას(3:0, 3:4). გთავაზობთ ამ მატჩების პროტოკოლებს:

„მერანი“ – „ტორპედო“ 3:1 – http://fctorpedo.ge/index.php?geo&game=250

„მერანი“ – „ტორპედო“ 0:3 – http://fctorpedo.ge/index.php?geo&game=261

„ტორპედო“ – „მერანი“ 3:4 – http://fctorpedo.ge/index.php?geo&game=263

დისკვალიფიკაციის გამო დამდეგ მატჩში ქუთაისის „ტორპედოს“ 3 ფეხბურთელი – თენგიზ ჩიკვილაძე, გივი იოსელიანი და ბექა ტუღუში დააკლდება, რომლებმაც ჩემპიონატის წინა ტურში მესამე ყვითელი ბარათები მიიღეს.

აღსანიშნავია, რომ გასული წლის ჩათვლით, ჩემპიონატში „ტორპედოს“ ზედიზედ 11 თამაშია, რაც არ მოუგია, „მერანმა“ კი, 5 მატჩში ვერ მოახერხა გამარჯვება.

აქვე მარტვილის „მერანთან“ ურთიერთშეხვედრების სტატისტიკაზეც მოგახსენებთ. სულ გუნდებს შორისუმაღლეს ლიგასა და ეროვნულ თასზე 14 მატჩია გამართული, რომელთაგან 7 „ტორპედომ“ მოიგო, 5 – „მერანმა“, 1 კი ფრედ დასრულდა. ბურთების შეფარდება ქუთაისელთა სასარგებლოდაა – 25:17.

ურთიერთშეხვედრების ისტორიაში „ტორპედომ“ „მერანი“ უდიდესი ანგარიშით – 5:1, 2014 წლის 18 აპრილს დაამარცხა, საპირისპიროდ კი, ანგარიშით 0:3 ორჯერ იწვნია მარცხი.

ქვემოთ გთავაზობთ „მერანის“ წინააღმდეგ ზემოხსენებულ შეხვედრებში ტორპედოელ მეგოლეებს.

4 გოლი – ოთარ კვერნაძე

3 გოლი – თენგიზ ჩიკვილაძე

2 გოლი – ნიკოლოზ საბანაძე, გრიგოლ დოლიძე, გიორგი კუხიანიძე, თეიმურაზ მარკოზაშვილი

1 გოლი – რევაზ გოცირიძე, ვალერი ბოლქვაძე, მერაბ გიგაური, თორნიკე კაპანაძე, ზაზა ჭელიძე, ირაკლილექვთაძე, მამუკა ღონღაძე, ვაჟა ტაბატაძე, ალეკო ჩაკვეტაძე, ნიკო კვასხვაძე.

FCTorpedo.GE

უმაღლესი ლიგა. “დინამომ” წააგო, “დილა” გალიდერდა

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა საქართველოს უმაღლესი ლიგის კიდევ ექვსი შეხვედრა.

მატჩები საქართველოს რამდენიმე ქალაქში გაიმართა. Fanebi.Com გთავაზობთ მათ ანგარიშებს.

“სიონი”(ბოლნისი”) 2:1 “დინამო”(თბილისი)

გოლი: ლუის ალბერტო ’45+, დაჩი ცნობილაძე ’49 – მათე ცინცაძე ’35

“დილა”(გორი) 2:1 “ტორპედო”(ქუთაისი)

გოლი: კვეკვესკირი ’14, ჩიკვილაძე ’41(ს.კ) – საბანაძე ’70

“მერანი”(მარტვილი) 0:2 “სპარტაკი”(ცხინვალი)

გოლი: მარკოზაშვილი ’45, შინდაგორიძე ’51

“მეტალურგი”(რუსთავი) 0:1 “ზუგდიდი”(ზუგდიდი)

გოლი: გუგუჩია ’12

“ვიტ-ჯორჯია”(თბილისი) 0:1 “სამტრედია”(სამტრედია)

გოლი: ილია კერძევაძე ’34

“ზესტაფონი”(ზესტაფონი) 2:1 “ჩიხურა”(საჩხერე)

გოლი: სიხარულიძე ’15, ილურიძე ’78 – მუმლაძე ’55

მწვრთნელებმა „სამტრედია” – „ტორპედო” შეაფასეს

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის პირველ მეოთხედფინალურ შეხვედრაში ქუთაისის „ტორპედო“ სტუმრად „სამტრედიასთან“ დამარცხდა(2:1). აღნიშნული გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა მატჩისშემდგომი კომენტარები გააკეთეს.

ზაზა ზამთარაძე(„სამტრედია“) : „სათასო დაპირისპირებები ყოველთვის რთულია და ორივე მატჩიც ძალზედ მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მეტოქე სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილში იმყოფება , ველოდით, რომ „ტორპედო“ მედგარ წინააღმდეგობას გაგვიწევდა, ასეც მოხდა. ცუდი პირველი ტაიმის შემდეგ ჩემმა გუნდმა მეორე ტაიმი მეტ-ნაკლებად უკეთესად ჩაატარა. ყველაფერი ქუთაისში გადაწყდება“.

გიორგი დარასელია(„ტორპედო“) : „ბიჭებმა დღეს იბრძოლეს და მათი დიდად მადლიერი ვარ. ჩვენ ორივე ტაიმი ერთნაირად ვითამაშეთ და ტაქტიკა დაწინაურების შემდეგაც არ შეგვიცვლია, მაგრამ, სამწუხაროდ, ელემენტარული შეცდომების გამო დავისაჯეთ. ვულოცავ „სამტრედიას“ გამარჯვებას. მომდევნო თამაში სახლში გვაქვს და სწორედ ქუთაისში გამოჩნდება, თუ რომელი გუნდი უფრო იმსახურებს ნახევარფინალში გასვლას“.

FCTorpedo.GE

წლის პირველი ოფიციალური მატჩის მოლოდინში

18 თებერვალს, საქართველოს ოფიციალური საფეხბურთო გათამაშებები დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის პირველი 1/4 ფინალური მატჩებით განახლდება. მათგან ერთ-ერთს სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს, სადაც ქუთაისის „ტორპედო“ სტუმრის რანგში ითამაშებს ს. კ. „სამტრედიას“ წინააღმდეგ. შეხვედრა 14:00 საათზე დაიწყება და მის ინტერნეტ-ტრანსლაციას ჩვენს ვებ-გვერდზე შემოგთავაზებთ.

„სამტრედიამ“, რომელმაც მიმდინარე ჩემპიონატის პირველი წრე მე-3 ადგილზე დაასრულა, სათასო გათამაშების 1/4 ფინალამდე ქედის „ბეთლემისა“(3:0, 4:1) და ბათუმის „დინამოს“(1:4, 3:0) ბარიერები გადალახა. ქუთაისელთა მსგავსად, უცხოური შეკრება სამტრედიელებმაც თურქეთის კურორტ ბელეკში გაიარეს, სადაც მათ 4 საკონტროლო მატჩი შემდეგ გუნდებთან ჩაატარეს: პოლონური „პიასტი“(1:3), სამხრეთკორეული „ჟეჟუ იუნაიტედი“(1:1), მოლდოვური „შერიფი“(0:1) და რუსული „ტერეკი“(1:1).

ზაზა ზამთარაძის გაწვრთნილ გუნდში რამდენიმე ახალწვეულია. საქართველოს ნაკრების ყოფილ ფეხბურთელ ზურაბ ხიზანიშვილთან(თბილისის” დინამოდან”) ერთად „სამტრედიაში“ ჩაირიცხნენ რევაზ თევდორაძე(“ზუგდიდიდან”), თორნიკე გრიგალაშვილი, ლევან შარიქაძე, თორნიკე კაპანაძე(სამივე „ზესტაფონიდან“) და დავით ბოლქვაძე(„მერანიდან“). სამტრედიელთათვის ასევე ძალას წარმოადგენენ – დავით კვირკველია, გულვერდ თომაშვილი, გიორგი დათუნაიშვილი, გიგა ბეჭვაია, გრიგოლ დოლიძე, თორნიკე გორგიაშვილი, რევაზ გეწაძე, გიორგი გაბედავა, ილია კერძევაძე და სხვანი.

მიმდინარე სეზონში პირველი(ჯერჯერობით უკანასკნელიც) იმერული დერბი ჩემპიონატის მე-6 ტურში შედგა. სამტრედიაში „ტორპედომ“ რევაზ ძოძუაშვილის თავკაცობით გელა სანაიას გაწვრთნილი „სამტრედია“ ოთარ კვერნაძის გოლით დაამარცხა(1:0). გთავაზობთ 21 სექტემბერს ჩატარებული მატჩის პროტოკოლს – http://fctorpedo.ge/index.php?geo&game=253.

ბოლოსკენ, გუნდებს შორის არსებულ საერთო სტატისტიკაზეც უნდა ვთქვათ – დამოუკიდებელი ეროვნული ჩემპიონატის ჩატარების დღიდან „ტორპედო“(ძველად – „ქუთაისი“) 5 სხვადასხვა სახელწოდების მქონე სამტრედიურ გუნდსაა შენახვედრი(„შევარდენი“, „ლოკომოტივი“, „იბერია“, „სანავარდო“ და „სამტრედია“). მატჩების საერთო ბალანსი ასეთია: სულ უმაღლეს ლიგაში იმერეთის ქალაქების წარმომადგენლებმა 25 ურთიერთშეხვედრა გამართეს, რომელთაგან 13 ქუთაისელებმა მოიგეს, 7 – სამტრედიელებმა, ხოლო 5 კი ფრედ დასრულდა. ბურთების შეფარდებაშიც უპირატესობა „ტორპედოს“ მხარესაა – 39:24. საპირისპირო სურათია სათასო დუელებში, აქ უპირატესობა „სამტრედიას“ აქვს – 4-დან 3 მატჩი ჩვენი მეტოქის გამარჯვებით დასრულდა, 1-ც კი ფრედ მორჩა. ბურთების შეფარდება – 1:6.

ყველაზე დიდი ანგარიშით ქუთათურებმა სამტრედიელები 5:0, 1999 წელს დაამარცხეს, ხოლო უდიდესი ანგარიშით კი 1:3, 1997 წელს დამარცხდნენ.

მაშასადამე, ამ ქალაქებს შორის დამდეგი ოფიციალური იმერული დერბი რიგით 30-ე იქნება.

FCTorpedo.GE

„ტორპედომ“ ბაგრატის ტაძარი მოილოცა

თურქული შეკრებიდან ქუთაისში დაბრუნების შემდეგ ჩვენმა გუნდმა საკუთარ საწვრთნელ ბაზაზე გააგრძელა ამ წლის პირველი ოფიციალური მატჩისთვის მზადება. გიორგი დარასელიას შეგირდები 18 თებერვალს სტუმრად ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე საქართველოს თასის პირველ 1/4 ფინალურ შეხვედრას ს. კ. „სამტრედიასთან“ გამართავენ.

დღეს „ტორპედო“ სრული შემადგენლობით ბაგრატის ტაძარს ეწვია. სტუმრები ჯერ ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტმა მეუფე კალისტრატემ დალოცა და მათ რწმენის მნიშვნელობაზე უქადაგა. შემდეგ კი, ღვთისმშობლის მიძინების სახელობის(ბაგრატის) ტაძარში მღვდელმონაზონმა, მამა ნეოფიტემ გუნდის სახელზე საჯანმრთელო პარაკლისი გადაიხადა.

ვრცელი ფოტომასალა იხილეთ – Facebook-ზე

FCTorpedo.GE

„ტორპედო“ სამშობლოში დაბრუნდა

ქუთაისის „ტორპედომ“ ორკვირიანი უცხოური შეკრება დაასრულა. თურქეთის ხმელთაშუა ზღვისპირა კურორტ ბელეკიდან 11-საათიანი მგზავრობის შემდეგ ჩვენი კლუბის 35-კაციანი დელეგაცია სამშობლოში დაბრუნდა.

როგორც უკვე გაცნობეთ, გიორგი დარასელია მის ფეხბურთელებს „ტორპედოს“ საწვრთნელ ბაზაზე ხვალ შეკრიბავს და ამჟამინდელი სეზონის განახლებისთვის მზადებას ადგილზე გააგრძელებს.

თურქეთში განვლილი მზადების ვრცელი ფოტოკოლაჟი იხილეთ – Facebook-ზე

FCTorpedo.GE

გიორგი დარასელიამ თურქული შეკრება შეაფასა

ქუთაისის „ტორპედომ“ თურქული შეკრება დაასრულა. გუნდი ორი კვირის განმავლობაში ბელეკში ემზადებოდა, სადაც გიორგი დარასელიას შეგირდებმა ხუთი სპარინგ–მატჩი გამართეს. „ტორპედომ“ გამარჯვება პირველივე ტესტ–მატჩში , ყაზახურ „ირტიშთან“ მოიპოვა (2:0), შემდეგ კორეულ „ჟეჟუ იუნაიტედთან“ (0:4) და ტაშკენტის „პახტაკორთან“ (0:1) დამარცხდა, ხოლო ბოლო ორი შეხვედრა უნგრულ „დებრეცენთან“ (2–2) და ბულგარეთის „ბოტევთან“ (1:1) ფრედ დაასრულა.

„ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი დარასელიამ თურქული შეკრება შეაფასა:

გიორგი დარასელია: ნაყოფიერი და კარგი შეკრება გამოვიდა. თურქეთში ორი კვირის განმავლობაში, ინტენსიურად ვემზადებოდით და ამხანაგური თამაშებიც საკმაოდ გავმართეთ. ჩვენ ახალი გუნდის შენების პროცესში ვართ და ვიცოდით, შეკრებაზე ბევრი მუშაობა მოგვიწევდა. პირველივე “ამხანაგურში” ვიმარჯვეთ ყაზახებთან. სამწუხაროდ, დანარჩენ შეხვედრებში გამარჯვება ვერ მოვახერხეთ, მაგრამ შეკრებები იმისთვის ხდება, რომ გუნდი საფუძვლიანად მოემზადოს, შემადგენლობა შეირჩეს და ახალი ტაქტიკური მონახაზი გაკეთდეს. ჩვენმა სპარინგ-მეტოქეებმა კარგი შთაბეჭდილება დატოვეს, მაგრამ მაინც ტაშკენტის „ფახტაკორსა“ და უნგრულ „დებრეცენს“ გამოვარჩევდი.

– დასრულებულია თუ არა ამ ეტაპზე გუნდის შევსება?

– ჩვენ კიდევ გვჭირდება გაძლიერება, ამიტომ არ გამოვრიცხავ ახალი ფეხბურთელებიც ვიხილოთ გუნდში.

– 18 თებერვალს საფეხბურთო სეზონი განახლდება. რას უნდა ელოდოს მეორე წრეში ქუთაისელი ქომაგი?

– საწყისი თამაშები ყოველთვის რთულია, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სეზონი კარგი სტარტით დავიწყოთ. ჩემპიონატში რთული სატურნირო მდგომარეობა გვაქვს, რაც „ტორპედოს“ ნამდვილად არ ეკადრება, ამიტომ ვეცდებით მაქსიმალურად კარგი შედეგი ვაჩვენოთ.

FCTorpedo.GE