“სარბიელის” საიუბილეო ნომერი გამოიცა

დღეს, 11-წლიანი პაუზის შემდეგ გაზეთ “სარბიელის” საიუბილეო ნომერი გამოიცა. ზუსტად 30 წლის წინ, 1990 წლის 28 დეკემბერს აღნიშნული გამოცემის პირველი ნომერი დაიბეჭდა. მას შემდეგ წლების განმავლობაში “სარბიელი” მკითხველს უამრავ საინტერესო მასალას აწვდიდა და რაც მთავარია, ეს არ იყო გაზეთის ფურცლებზე სტანდარტული სიტყვებით მშრალი ინფორმაციის გადმოცემა. “სარბიელის” ჟურნალისტებმა სპეციფიკური წერის მანერით შეძლეს ის, რომ გაზეთს საკუთარი სტილი ჩამოუყალიბდა, რისი წყალობითაც მისი გამორჩევა სხვა უამრავ გამოცემას შორის იყო შესაძლებელი. ყველაზე მთავარი კი საქმისადმი პასუხისმგებლობა და ის გულწრფელობა გახლდათ, რომლისთვისაც ამ გაზეთის ავტორებს ყველაზე კრიტიკულ პერიოდებშიც არ უღალატიათ, საქებს აქებდნენ, საკრიტიკებელს აკრიტიკებდნენ. მკითხველმაც მალე შეიყვარა “სარბიელი” და ყოველდღიურობის ნაწილად აქცია.

დღევანდელი საიუბილეო-საკოლექციო ნომერიც ტრადიციულ სტილშია გადაწყვეტილი, ისევ იმ ხალხის მიერაა შედგენილი, ისევ იმ ენით, ისევ ისე საინტერესოდ, ისევ იმ ფასად, განსხვავება კი ისაა, რომ გამოცემა 32-გვერდიანია.

ვულოცავთ “სარბიელს” 30 წლის იუბილეს!

ომი და მშვიდობა იტალიურ ფეხბურთში: ულტრასები და დაძმობილებული გუნდები

ულტრასული დაჯგუფება სპორტული გუნდის მხარდასაჭერად შექმნილ ქომაგთა ორგანიზებულ ჯგუფს ნიშნავს. მას საფუძველი 50-იანი წლების დასაწყისში ჩაეყარა და განვითარების პიკს 80-იან წლებში მიაღწია, როდესაც თითქმის ყველა საფეხბურთო კლუბს ჰყავდა ულტრასდაჯგუფება. ულტრასების ხსენებისას ხშირად ასოცირება ინგლისელ ხულიგნებთან ხდება, თუმცა ეს სტერეოტიპული წარმოდგენაა. მიუხედავად ამისა, ვერ უარვყოფთ იმ ფაქტს, რომ ულტრასდაჯგუფებებს შორის ძალადობა ხშირია, თუმცა ეს მათი არსებობის შედეგი უფრო არის, ვიდრე მიზანი.

ულტრასები ძირითადად სტადიონის ქვედა იარუსზე, კარის მახლობელ სექტორებზე თავსდებიან და იქიდან ქომაგობენ თავიანთ გუნდს სხვადასხვა შეძახილებითა თუ სიმღერებით, ხშირად თვალსასეირო პერფორმანსებსაც დგამენ. ულტრასსამყაროში პოლიტიკაც ღრმად არის ფესვგადგმული. დაჯგუფებები ძირითადად მკვეთრად მემარცხენე ან მემარჯვენე მიმართულების პოლიტიკური იდეოლოგიის მატარებლები არიან და ხშირად ეს განსაზღვრავს სხვადასხვა გუნდების ფანკლუბების ერთმანეთთან დაახლოებას. ამასთან, მხოლოდ პოლიტიკა არ არის ორი ულტრასდაჯგუფების ერთმანეთთან დაძმობილების მიზეზი.

“ლაციო” და “ინტერი”
იტალიაში სხვადასხვა კლუბთა ულტრასდაჯგუფებებს შორის მეგობრობის ერთ-ერთი ყველაზე კარგი მაგალითია რომის “ლაციოსა” და მილანის “ინტერის” ფანთა შემთხვევა. “ლაციოს” ულტრასები ცნობილნი არიან თავიანთი მკვეთრად მემარჯვენე შეხედულებებით, მათთვის არც სვასტიკის დემონსტრირებაა უცხო. ამ გარემოების გამო ისინი “ინტერის” ულტრასებს დაუძმობილდნენ. მართალია, “ნერაძურის” ფანდაჯგუფება ასეთივე ექსტრემალური შეხედულებებით ცნობილი არ არის, თუმცა მათ გარკვეული კავშირი აქვს იტალიის სხვადასხვა მემარჯვენე ჯგუფებთან, მათ შორის “შავ გულთან”.

აღნიშნული გუნდების ულტრასები ხშირად კიდებენ ტრიბუნებზე ერთმანეთის მიმართ პატივსაცემ ბანერებს. პოსტერი წარწერით “Da sempre fieri del nostro gemellaggio alla nord di Milano rendiamo omaggio” (“ვამაყობთ და პატივს ვცემთ ჩვენს დაძმობილებას მილანის ჩრდილოეთთან”) ამის ერთ-ერთი მაგალითია.

ამ ორ კლუბს შორის კავშირი კარგად გამოჩნდა 2010 წელს გაჩაღებულ სკუდეტოსთვის ბრძოლაში. გათამაშების დასრულებამდე ორი ტურით ადრე “ლაციო” “ინტერს” მასპინძლობდა, რომელსაც საჩემპიონო რბოლაში მხოლოდ გამარჯვება აძლევდა ხელს. ტიტულისთვის ბრძოლაში მილანელთა უშუალო კონკურენტი “ლაციოს” თანაქალაქელი და პრინციპული მეტოქე “რომა” იყო, რომელიც ლიდერ “ინტერს” მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩებოდა. ის შეხვედრა “ლაციომ” თითქმის უბრძოლველად, ანგარიშით 0:2 დათმო და ორ კვირაში “ინტერმა” ისტორიაში მე-18 სკუდეტოს მოგება იზეიმა.

“მილანი” და “ბრეშა”
იტალიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი ძმობა “მილანსა” და “ბრეშას” აკავშირებთ. მათი დამეგობრება პოლიტიკურმა შეხედულებებმა განაპირობა და მიუხედავად იმისა, რომ “მილანის” ულტრასდაჯგუფებაში იდეოლოგია შეიცვალა, ამ კლუბების ფანებს შორის ძმობა გრძელდება. ისინი ხშირად სტუმრობენ ერთმანეთის სტადიონებს დაძმობილებული გუნდის გასამხნევებლად. აღსანიშნავია, რომ “ბრეშასთან” დამეგობრებამ “მილანს” ურთიერთობა გაუფუჭა ბერგამოს “ატალანტასთან”.

“ატალანტა” და “ტერნანა”
თავის მხრივ, “ატალანტას” ულტრასდაჯგუფება ნაკლებად ცნობილია. პოლიტიკური იდეოლოგიის თვალსაზრისით ისინი მემარცხენეები არიან და ეს გახდა მათი საფეხბურთო კლუბ “ტერნანას” ფანებთან დაძმობილების მიზეზი. ასე რომ, თუ “ატალანტას” ქომაგთა შორის “ტერნანას” წითელ-მწვანე ფორმასაც მოკრავთ თვალს, არ გაგიკვირდეთ.

“ფიორენტინა” და “ვერონა”
განსხვავებული პოლიტიკური იდეოლოგია არ არის ფანკლუბების დაძმობილებისთვის ხელის შემშლელი ფაქტორი, თუმცა ასეთი შემთხვევები იშვიათია. “ფიორენტინას” ულტრასები მემარცხენეები არიან, ხოლო “ვერონასი” – მემარჯვენეები. ამ განსხვავების მიუხედავად, მათ ერთმანეთთან საკმაოდ მყარი ურთიერთობა აკავშირებთ.

“ფიორენტინა” და “ტორინო”
ორი სხვადასხვა კლუბის ულტრასები შესაძლოა, საერთო მოძულე გუნდმა გააერთიანოს. მაგალითად, “ტორინოსა” და “ფიორენტინას” ფანები ერთმანეთთან “იუვენტუსის” სიძულვილმა დაამეგობრა. ამ გუნდების ულტრასები სტადიონზე ერთმანეთს თბილი შინაარსის ბანერებით ესალმებიან: “Il popolo Fiorentino saluta la vera Torino” (“ფლორენციელი ხალხი მიესალმება ნამდვილ ტურინს”).

მარტოხელა “იუვენტუსი”
“იუვენტუსი” იტალიაში გარკვეულწილად მარტოხელა კლუბია. “ბებერი სინიორას” ულტრასებს სხვა გუნდის ფანებთან ალიანსი არ შეუქმნიათ და ამას მრავალი მიზეზი აქვს, რომელთაგან ორია გამოსაყოფი: “იუვენტუსი” იტალიის მასშტაბით ყველაზე წარმატებული გუნდია და ეს სხვა გუნდის ფანებისთვის დამაბრკოლებელი ფაქტორია, ხოლო მეორე მიზეზად “კალჩოპოლის” სკანდალი უნდა მივიჩნიოთ. მართალია, “იუვენტუსმა” ძველი დიდება მალევე დაიბრუნა, თუმცა ტიტულების მოგებაზე რთული გატეხილი სახელის აღდგენა აღმოჩნდა. “იუვეს” ულტრასები მეგობრებს იტალიის გარეთ ეძებენ და ყველაზე მყარი კავშირი ნიდერლანდურ “დენ ჰააგის” ფანებთან აქვთ.

“პარმა” და”სამპდორია”
იტალიურ ფეხბურთში ერთმანეთთან დაძმობილების შედარებით ნაკლებად ცნობილი შემთხვევებია “პარმასა” და “სამპდორიას” ფანებისა და “ნაპოლისა” და “ჯენოას” ულტრასების მეგობრობა. “პარმასა” და “სამპდორიას” ფანების ძმობა ოც წელზე მეტს ითვლის. 2009 წლის კოპა იტალიის ფინალურ მატჩში გენუელთა საქომაგოდ “პარმას” ფანები რომში საგანგებოდ ჩავიდნენ კიდეც.

“ნაპოლი” და”ჯენოა”
“ნაპოლისა” და “ჯენოას” დამეგობრებას საფუძველი 1982 წელს ჩაეყარა. იმ სეზონის ბოლო ტურში გენუელებს სერია A-ში დასარჩენად კინკილა ქულა ჰყოფნიდათ, თუმცა “სან პაოლოზე” 0:1 მარცხდებოდნენ. საბოლოო ჯამში, ის შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა, “ჯენოამ” გადასარჩენად საჭირო ქულა მოიპოვა და სერია B-ში მის ნაცვლად “მილანი” დაქვეითდა. ამ ისტორიულმა მოვლენამ “ჯენოას” ულტრასების “ნაპოლის” ფანებთან დამეგობრება განაპირობა.

დარღვეული ძმობა
ყოფილა შემთხვევებიც, როდესაც ძლიერი და ერთი შეხედვით დაუშლელი ძმობა დარღვეულა. “ინტერისა” და “ვერონას” ულტრასთა მეგობრობა 80-იან წლებში დაიწყო და 2001 წლამდე გაგრძელდა. შემდეგ “ვერონას” ულტრასდაჯგუფების სათავეში ახალი ხალხი მოვიდა და “ინტერთან” “მეგობრობის ხელშეკრულებაც” გაუქმდა.

სხვადასხვა კლუბების ულტრასების ერთმანეთთან დამეგობრების შემთხვევები იტალიურ ფეხბურთს ლამაზ, რომანტიკულ ელფერს სძენს და ეს ისტორიები დასტურია იმისა, რომ ულტრასკონცეფცია უფრო მეტია, ვიდრე ხულიგნებთან ასოცირებული სტერეოტიპული შეხედულება.

“ინტერი” — “უდინეზეს” მატჩი თავისი უნიკალურობით სერია A-ს ისტორიაში შევიდა

იტალიის სერია A-ს 35-ე ტურში მილანის “ინტერსა” და “უდინეზეს” შორის მიმდინარე მატჩი თავისი უნიკალურობით ისტორიაში შევიდა. ტურნირის არსებობის მანძილზე პირველად მოხდა ფაქტი, რომ მატჩში მონაწილე გუნდების სასტარტო განაცხადში არცერთი იტალიელი ფეხბურთელი არ გახლავთ. მოედანზე ყველაზე მეტნი ბრაზილიელი მოთამაშეები არიან (6): სამ-სამი თითოეული გუნდის შემადგენლობაში.

რეზერვში “ინტერს” ოთხი იტალიელი ფეხბურთელი ჰყავს, სათადარიგოთა სკამზე “უდინეზეს” ამდენივე იტალიელი მოთამაშე უზის.

 

მიხეილოვიჩი: „პირველი გაშვებული გოლის შემდეგ პანიკა დავიწყეთ“

„მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა სინიშა მიხაილოვიჩმა „უდინეზესთან“ იტალიის სერია ა-ს მე-6 ტურის მატჩი შეაფასა, რომელიც მისმა გუნდმა ანგარიშთ 3:2 მოიგო. სათქმელია, რომ შეხვედრის პირველი ნახევარი „როსონერის“ გამარჯვებით, 3:0 დასრულდა, მეორე ტაიში კი მილანელებმა თავის კარში ორი ბურთი მიიღეს.

„პირველი ტიამი გამოგვივიდა და თამაში მხოლოდ ერთი გუნდის ნახევარზე მიმდინარეობა. ანგარიშით 3:0 ვიგებდით, თცმა შესვენებაზე ფეხბურთელებს ვუთხარი, რო მატჩი არა 45, არამედ 90 წუთი გრძელდება. შესვენების შემდეგ გოლი სწრაფად გავუშვით, რის შემდეგაც პანიკა დაგვეწყო. ვფიქრობ, ეს გუნდის განვითარების პროცესია და ასეთ მომენტებს უნდა გავუმკლავდეთ“, – განაცხადა სერბამ სპეციალისტმა.

ასევე მიხაილოვიჩმა მარიო ბალოტელის თამაშიც შეაფასა:

„მას ჩინებული თამაში გამოუვიდა. მთელი შეხვედრის განმავლობაში მას ფეხებში ურტყამდნენ, მაგრამ ის სიმშივდეს მაინც ინარჩნებდა. ბალოტელიმ ემოციები აკონტროლა და ჩინებულადაც ითამაშა. დღეს მარიო საუკეთესო იყო“.

“ინტერმა” ცხრაკაციანი “უდინეზე” პოდოლსკის სადებიუტო გოლით დაამარცხა (ვიდეო)

იტალიის ჩემპიონატის 33-ე ტურში ანდრეა სტრამაჩიონის “უდინეზემ” მილანის “ინტერი” მიიღო და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

ანგარიში სტუმართა არგენტინელმა თავდამსხმელმა მაურო იკარდიმ თერთმეტმეტრიანი დარტყმით გახსნა, თუმცა ორ წუთში მასპინძელთა გამოცდილმა ფორვარდმა ანტონიო დი ნატალემ წონასწორობა აღადგინა. რობერტო მანჩინის გუნდს სამი ქულა ლუკას პოდოლსკის შესანიშნავმა დარტყმამ  მოუტანა. გერმანელი ფეხბურთელისთვის ეს “ნერიაძურის” რიგებში გატანილი სადებიუტო გოლია.

აღსანიშნავია, რომ “უდინეზე” 58-ე წუთის შემდეგ მოედანზე ცხრა კაცით თამაშობდა. მე-40 წუთზე მინდვრიდან მაურინციო დომიცი გააძევეს, 58-ე წუთზე კი მთავარი არბიტრის შეურაცხყოფისთვის მის გზას ემანუელ აგიემანგ-ბადუ გაუყენეს.

“ინტერმა” აქტივში 48 ქულას მოუყარა თავი და ახლა სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილი უკავია. “უდინეზე” 38 ქულით მე-13 პოზიციაზე გახლავთ.

იტალიის ჩემპიონატი
33-ე ტური
“უდინეზე” — “ინტერი” 1:2 (0:0)

გოლები: დი ნატალე 50′ — იკარდი 48′ (პენ), პოდოლსკი 65′.
გაფრთხილებები: პინცი 14′, დომიცი 25′, კარნეზისი 46′, ვიდმერი 51′ აგიემანგ-ბადუ 58′ — გუარინი 19′, პოდოლსკი 70′, პალასიო 83′, მედელი 90+3′.
გაძევებები: დომიცი 40′, აგიემანგ-ბადუ 58′.

ბუფონმა დი ნატალეს სილა გააწნა

იტალიის სერია A-ს XXI ტურში “უდინეზესა” და ტურინის “იუვენტუსს” შორის გამართული მატჩის დაწყებამდე “ბებერი სინიორას” მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი მეტოქე გუნდის ვეტერან კაპიტან ანტონიო დი ნატალეს ორიგინალურად მიესალმა. ხელის ჩამორთმევის ნაცვლად, ჯიჯიმ დი ნატალეს სილა გააწნა. ეს, რა თქმა უნდა, მეგობრული ჟესტი იყო.

მატჩი უგოლოდ დასრულდა.

დი ნატალემ სერია A-ში ჩატარებულ მე-400 მატჩში მე-200 გოლი გაიტანა

იტალიის ჩემპიონატის XII ტურში “უდინეზესა” და “კიევოს” შორის გამართულ მატჩში (1:1) მასპინძელთა ვეტერანმა თავდამსხმელმა ანტონიო დი ნატალემ სერია A-ში თავისი მე-200 გოლი გაიტანა.

გარდა ამისა, აღნიშნული შეხვედრა იტალიელი თავდამსხმელისთვის ქვეყნის უმაღლეს დივიზიონში ჩატარებული მე-400 შეხვედრა გახლდათ.

37 წლის დი ნატალეს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 11 შეხვედრაში შვიდი გოლი აქვს გატანილი.

დი ნატალე „ნაპოლისთან“ მატჩს გამოტოვებს

„უდინეზეს“ თავდამსხმელმა ანტონიო დი ნატალემ თავისი გუნდის დღევანდელ ვარჯიშზე ტრავმა მიიღო.

რისკის თავიდან ასაცილებლად, კლუბის ექიმებმა ვეტერან ფორვარდს დასვენების საშუალება მისცეს. აქედან გამომდინარე, ტოტო იტალიის სერია ა-ს უახლოესი ტურის მატჩს გამოტოვებს, რომელშიც მისი თანაგუნდელები გასვლაზე „ნაპოლის“ დაუპირისპირდებიან.

ცნობისთვის, ზემოხსენებული შეხვედრა ხვალ, თბილისის დროით 23 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

ალექსანდრე მატევოსოვი

„იუვენტუსის“ მატჩს 12 200 ბავშვი დაესწრო

იტალიის სერია A-ს XIV ტურში ტურინის „იუვენტუსსა“ და „უდინეზეს“ შორის გამართულ მატჩს (1:0) 12 200 ბავშვი დაესწრო.

მოგეხსენებათ, 10 ნოემბერს, „ნაპოლის“ წინააღმდეგ შემდგარ მატჩში გულშემატკივრები არასათანადოდ მოიქცნენ, რის გამოც „იუვენტუსის“ სტადიონის ჩრდილოეთისა და სამხრეთის ტრიბუნებს დისკვალიფიკაცია მისცეს. ცარიელი ადგილების ბავშვებით შევსების ინიციატივით ყოველდრიური გაზეთი „ტუტოსპორტი“ გამოვიდა, რასაც მხარი იტალიური ფეხბურთის ხელმძღვანელობამაც დაუჭირა.

„იუვენტუსმა“ „უდიენეზე“ ანგარიშით 1:0 დაამარცხა, ერთადერთი გოლი ფერნანდო ლორენტეს ანგარიშზეა.

ბექა დოგრაშვილი

40 წლის ხავიერ ძანეტი „ინტერის“ განაცხადში ბრუნდება

იტალიის სერია A-ს მე-11 ტურში მილანის „ინტერი“ „უდინეზეს“ ესტუმრება. „ნერიაძურის“ მთავარმა მწვრთნელმა ვალტერ მაცარიმ გუნდის განაცხადში 6-თვიანი პაუზის შემდეგ კვლავ შეიყვანა უბერებელი კაპიტანი ხავიერ ძანეტი.

მოგეხსენებათ, გასულ სეზონში ძანეტიმ სერიოზული ტრავმა მიიღო და მისი კარიერა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, თუმცა არგენტინელმა ფეხბურთელმა პენსიაზე გასვლა არ ისურვა.

„აღდგენითი პროცესი კარგად მიმდინარეობს. გუნდთან ერთად ვვარჯიშობ და იმედი მაქვს, მალე ვითამაშებ. მოვლენების დაჩქარება არ მინდა. ვფიქრობ, იანვრამდე თამაშს შევძლებ.

კარიერის დასრულებაზე არ ვფიქრობ, ახლა ჩემი მიზანი გამოჯანმრთელება და თამაშია. მომავალში ჩემს თავს ვხედავ როგორც „ინტერის“ დირექტორად და არა – როგორც მწვრთნელად“, – განაცხადა ძანეტიმ.

მატჩი „უდინეზესა“ და „ინტერს“ შორის დღეს, თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

ბექა დოგრაშვილი

ბირსას ჩინებული გოლი „უდინეზეს“ კარში

იტალიის სერია ა-ს VIII ტურის მატჩი „მილანმა“ „უდინეზეს“ წინაამღდეგ გამართა. მასიმილიანო ალეგრის შეგირდებმა 22-ე წუთზე ვალტერ ბირსას გოლის წყალობით მინიმალური ანგარიშით იმარჯვეს.

წარმოგიდგენთ აღნიშნული გოლის ამსახველ ვიდეო მასალას: