რონალდუ ჩემპიონთა ლიგის ფინალს გამოტოვებს?

მადრიდის „რეალის“ ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ ესპანეთის პრიმერადივიზიონის 38-ე ტურში „ესპანიოლის“ წინააღმდეგ გამართულ მატჩამდე გახურებისას ტრავმა მიიღო.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელმა ფეხბურთელმა 7 მაისს, „ვალიადოლიდთან“ გამართული მატჩის მიმდინარეობისას მყესი დაიზიანა და შესაცვლელი შეიქნა, თუმცა მალევე მომჯობინდა და პრიმერადივიზიონის უკანასკნელ ტურში სათამაშოდ ემზადებოდა. გახურებისას რონალდუმ თავი შეუძლოდ იგრძნო და მინდორი დატოვა, სასტარტო შემადგენლობაში კი ის ისკომ ჩაანაცვლა.

პრიმერადივიზიონის ბოლო ტურის მატჩის გამოტოვებით პორტუგალიელმა „ოქროს ბუცის“ ერთპიროვნულად დაუფლების შანსიც დაკარგა, ვინაიდან, მის მსგავსად, 31 გოლი „ლივერპულის“ თავდამსხმელ ლუის სუარესს აქვს გატანილი. ახლა ეს საპატიო ჯილდო ამ ორ ფეხბურთელს შორის განაწილდება.

გარდა ამისა, რონალდუს თამაში ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩშიც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. რაც შეეხება მსოფლიოს ჩემპიონატს, წესით და რიგით, პორტუგალიის ნაკრების კაპიტანმა მუნდიალამდე მომჯობინება უნდა მოასწროს.

ბექა დოგრაშვილი

ჩემპიონთა ლიგის კვირის სიმბოლური გუნდი

უეფას ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე კვირის სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა. კვირის გუნდი მხოლოდ მადრიდის „რეალისა“ და „ატლეტიკოს“ ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული.

მეკარე: ტიბო კურტუა („ატლეტიკო“);
მცველები: ხუანფრანი („ატლეტიკო“), სერხიო რამოსი („რეალი“), პეპე („რეალი“), ფილიპე ლუისი („ატლეტიკო“);
ნახევარმცველები: ლუკა მოდრიჩი („რეალი“), არდა თურანი („ატლეტიკო“), ანხელ დი მარია („რეალი“);
თავდამხმელები: კრიშტიანუ რონალდუ („რეალი“), დიეგო კოსტა („ატლეტიკო“), გარეტ ბეილი („რეალი“).

 

სიმეონე: „ჩაფიქრებული გვქონდა მეტოქესთვის ჩვენი თამაშის თავსმოხვევა“

უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე ლონდონის „ჩელსისა“ და მადრიდის „ატლეტიკოს“ შორის განმეორებითი  მატჩი შედგა, რომელიც ესპანელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა. ამრიგად, ტურნირის ფინალში მადრიდული დერბი გველის: „რეალი“ — „ატლეტიკო“.

„ჩელსისა“ და „ატლეტიკოს“ შორის გამართული მატჩი მადრიდელთა მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ შეაფასა.

„ძალიან კარგად ვითამაშეთ. ჩაფიქრებული გვქონდა მეტოქე გუნდისთვის ჩვენი თამაშის თავიდანვე თავსმოხვევა. მეორე ტაიმში „ჩელსის“ კარგად შევეჭიდეთ და მოწინააღმდეგეს ჩვენზე წნეხის განხორციელების საშუალება არ მივეცით. ტორესის გოლმა, რა თქმა უნდა, ამოცანა გაგვირთულა, თუმცა მშვენივრად ვითამაშეთ და ფინალში გასვლა დავიმსახურეთ.

რა მითხრა მოურინიომ? ეს საიდუმლოდ დარჩეს. ფეხბურთი იმით არის საინტერესო, რომ მწვრთნელი ყოველ წუთს უნდა ფიქრობდეს, როგორ ათამაშოს გუნდი. არ უნდა დავუკარგოთ იმ გუნდებს, რომლებიც დაცვით თამაშზე არიან ორიენტირებულნი, რადგან თავდაცვა ძალიან რთული საქმეა.

გვერჩივნდა თუ არა ფინალში „ბაიერნი“ მეტოქედ? არა. ახლა მხოლოდ „ლევანტესთან“ გასამართ დამდეგ მატჩზე ვფიქრობ“, – სიმეონეს სიტყვები „ტუტომერკატომ“ გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი 24 მაისს, ლისაბონში მდებარე სტადიონ „ეშტადიუ და ლუჟზე“ გაიმართება.

ბექა დოგრაშვილი

დიეგო კოსტა: „ჩვენ ტორესის გოლსაც მშვიდად შევხვდით“

უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე ლონდონის „ჩელსისა“ და მადრიდის „ატლეტიკოს“ შორის განმეორებითი  მატჩი შედგა, რომელიც ესპანელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა. ამრიგად, ტურნირის ფინალში მადრიდული დერბი გველის: „რეალი“ — „ატლეტიკო“.

„ჩელსისა“ და „ატლეტიკოს“ შორის გამართული მატჩი მადრიდელთა გაესპანელებულმა გოლეადორმა დიეგო კოსტამ შეაფასა.

„ფინალში გასასვლელად ძალისხმევა არ დავიშურეთ. მაშინაც კი, როდესაც ფერნანდო ტორესმა გოლი გაგვიტანა, ჩვენ მშვიდად ვიყავით, რადგან ვიცოდით, რომ ერთი გატანილი ბურთის შემთხვევაში, ფინალში ჩვენ გავიდოდით“, – დიეგო კოსტას სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი ციტირებს.

ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი 24 მაისს, ლისაბონში მდებარე სტადიონ „ეშტადიუ და ლუჟზე“ გაიმართება.

ბექა დოგრაშვილი

მოურინიო: „მატჩის ბედი მცირე დეტალმა გადაწყვიტა“

უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე ლონდონის „ჩელსისა“ და მადრიდის „ატლეტიკოს“ შორის განმეორებითი  მატჩი შედგა, რომელიც ესპანელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა. ამრიგად, ტურნირის ფინალში მადრიდული დერბი გველის: „რეალი“ — „ატლეტიკო“.

„ჩელსისა“ და „ატლეტიკოს“ შორის გამართული მატჩი „პენსიონერთა“ თავკაცმა ჟოზე მოურინიომ შეაფასა.

„მატჩში გადამწყვეტი მომენტი იყო. თავდაპირველად მეტოქე გუნდის მეკარემ წარმოუდგენელი ბურთი მოიგერია, შემდეგ პენალტი დაინიშნა, რამაც ინტრიგა მოკლა. ნახევარფინალები მცირე დეტალებისგან შედგება და ეს ის პატარა მომენტი იყო, რამაც დაპირისპირების ბედი გადაწყვიტა. ვულოცავ „ატლეტიკოს“. ძლიერი გუნდია, რომელიც ესპანეთის ჩემპიონატში ფანტასტიურად ასპარეზობს, ახლა კი ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც გავიდა“, – მოურინიოს სიტყვები უეფას ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გამოაქვეყნა.

ბექა დოგრაშვილი

„ჩელსი“ – „ატლეტიკო“ (სასტარტო შემადგენლობები)

დღეს, თბილისის დროით 22:45 საათზე სტარტს აიღებს უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე ლონდონის „ჩელსისა“ და მადრიდის „ატლეტიკოს“ შორის გასამართი განმეორებითი მატჩი. უკვე ცნობილია გუნდების სასტარტო შემადგენლობები:

„ჩელსი“: შვარცერი, ივანოვიჩი, კეჰილი, ტერი, კოული, დავიდ ლუისი, რამირესი, ასპილიკუეტა, ვილიანი, ტორესი, აზარი.

„ატლეტიკო“: კურტუა, ხუანფრანი, მირანდა, გოდინი, ფილიპე ლუისი, მარიო სუარესი, ტიაგო, ადრიანი, კოკე, არდა თურანი, დიეგო კოსტა.

მატჩს ნიკოლა რიცოლის თავკაცობით იტალიელმსაჯთა ბრიგადა განსჯის.

 

გვარდიოლა: „ამ მარცხს ერთადერთი მიზეზი აქვს“

უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე მიუნხენის „ბაიერნსა“ და მადრიდის „რეალს“ შორის გამართული მატჩი „სამეფო კლუბის“ დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 4:0 დასრულდა. ამრიგად, ფინალში მონაწილე ერთი გუნდის ვინაობა გაირკვა.

მატჩი „ბაიერნის“ თავკაცმა ხოსეპ გვარდიოლამ შეაფასა.

„კარიერის განმავლობაში რამდენიმე მძიმე დარტყმა მიმიღია, ეს კი ერთ-ერთი მათგანია. მარცხის ერთადერთი მიზეზი ისაა, რომ ცუდად ვითამაშეთ. სხვა მიზეზი არ არსებობს. მოედანზე აღფრთოვანებული განწყობით გავედით და „რეალისგან“ სწრაფი გოლიც მივიღეთ. შემდეგ, პირველი შეხვედრის შედეგიდან გამომდინარე, სხვა ვარიანტი არც გვქონია“, – გვარდიოლას სიტყვებს ესპანური გამოცემა „ასი“ ციტირებს.

ბექა დოგრაშვილი

ანჩელოტი: „იდეალური მატჩი ჩავატარეთ“

უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე მიუნხენის „ბაიერნსა“ და მადრიდის „რეალს“ შორის გამართული მატჩი „სამეფო კლუბის“ დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 4:0 დასრულდა. ამრიგად, ფინალში მონაწილე ერთი გუნდის ვინაობა გაირკვა.

მატჩი მადრიდული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ შეაფასა.

„დღეს იდეალური მატჩი ჩავატარეთ. ჩემი გუნდი ყოველდღიურად მაკვირვებს. პირველ ტაიმში ფანტასტიურად ვითამაშეთ. სტანდარტული სიტუაციების დროს განსაკუთრებით მარჯვედ ვმოქმედებდით, რადგან ვიცოდით, რომ მეტოქეს ასეთ დროს პრობლემები შეექმნებოდა.

მიუნხენში „ბაიერნის“ წინააღმდეგ კარგი სტატისტიკა მაქვს, მაგრამ ახლა ყველაზე მთავარი ისაა, რომ 12 წლის შემდეგ „რეალი“ კვლავ ფინალშია.

გადამწყვეტ მატჩში თამაშის უფლების მოპოვება ჩვენი მთავარი მიზანი იყო. ეს არ ყოფილა ადვილი გასაკეთებელი, მაგრამ ამოცანას თავი კარგად გავართვით. ტურნირზე ერთადერთი ცუდი მატჩში ჩავატარეთ, როდესაც დორტმუნდის „ბორუსიას“ გასვლაზე ვეთამაშეთ“, – ანჩელოტის სიტყვები ესპანურმა გამოცემა „მარკამ“ გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი 24 მაისს, ლისაბონში მდებარე სტადიონ „ეშტადიუ და ლუჟზე“ გაიმართება.

ბექა დოგრაშვილი

ჩემპიონთა ლიგის კვირის სიმბოლური გუნდი

უეფას ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე კვირის სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა. კვირის გუნდი უმეტესად ლონდონის „ჩელსისა“ და მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული.

მეკარე: მარკ შვარცერი („ჩელსი“);
მცველები: სეზარ ასპილიკუეტა („ჩელსი“), გარი კეჰილი („ჩელსი“), ჯონ ტერი („ჩელსი“), ფაბიო კოენტრაუ („რეალი“);
ნახევარმცველები: ლუკა მოდრიჩი („რეალი“), დავიდ ლუისი („ჩელსი“), კოკე („ატლეტიკო“);
თავდამხმელები: არიენ რობენი („ბაიერნი“), კარიმ ბენზემა („რეალი“), ანხელ დი მარია („რეალი“).

 

„რეალი“ – „ბაიერნი“ (სასტარტო შემადგენლობები)

დღეს, თბილისის დროით 22:45 საათზე სტარტს აიღებს უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე მადრიდის „რეალსა“ და მიუნხენის „ბაიერნს“ შორის გასამართი მატჩი. უკვე ცნობილია გუნდების სასტარტო შემადგენლობები:

„რეალი“: კასილასი, პეპე, სერხიო რამოსი, კოენტრაუ, კარვახალი, ალონსო, მოდრიჩი, ისკო, დი მარია, რონალდუ, ბენზემა.

„ბაიერნი“: ნოიერი, რაფინია, ბოატენგი, დანტე, ალაბა, ლამი, შვაინშტაიგერი, კროოსი, რობენი, რიბერი, მანჯუკიჩი.

მატჩს ჰოვარდ უების თავკაცობით ინგლისელ მსაჯთა ბრიგადა განსჯის.

 

მოურინიო: „ანგარიშით 5:0 გამარჯვება მინდოდა“

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე მადრიდის „ატლეტიკოსა“ და ლონდონის „ჩელსის“ შორის გამართული პირველი მატჩი საყაიმო ანგარიშით 0:0 დასრულდა. შეხვედრის შემდეგ ლონდონელთა მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ უგოლო ფრე მისი გუნდისთვის საუკეთესო ანგარიში არ ყოფილა.

„მე, რა თქმა უნდა, ანგარიშით 5:0 გამარჯვება და ფინალში გასვლა მინდოდა, მაგრამ მესმის, რომ „ატლეტიკოს“ სტადიონზე არწაგებაც რთული საქმეა. ვერ ვიტყოდი, რომ ჩვენთვის უგოლო ფრე დიდებული შედეგია, თუმცა განმეორებითი შეხვედრა „სტემფორდ ბრიჯზე“ გაიმართება.

გარი კეჰილმა დიდი სამუშაო გასწია. დავიდ ლუისმა თამაში ნახევარდაცვაში დაიწყო და მისთვის ადვილი არ ყოფილა ცენტრალურ დაცვაში გადანაცვლება. ეშლი კოულმა რამდენიმე კვირიანი უქმობის შემდეგ საოცრად ითამაშა. ნანდო ტორესიც შესანიშნავი იყო. თითოეულმა ფეხბურთელმა ძალ-ღონე არ დაზოგა. ჩემი გუნდით კმაყოფილი ვარ.

გოლი გატანის რამდენიმე შანსი გვქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. წყვილის ბედს „სტემფორდ ბრიჯზე“ გასამართი მატჩი გადაწყვეტს“, – მოურინიოს სიტყვები უეფას ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

შეგახსენებთ, რომ „ჩელსისა“ და „ატლეტიკოს“ შორის განმეორებითი მატჩი „სტემფორდ ბრიჯზე“, 30 აპრილს გაიმართება.

ბექა დოგრაშვილი

სიმეონე: „ჩელსიმ“ უპირატესობა მიიღო“

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე მადრიდის „ატლეტიკოსა“ და ლონდონის „ჩელსის“ შორის გამართული პირველი შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 0:0 დასრულდა. მატჩის შემდეგ მადრიდელთა მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ განაცხადა, რომ საყაიმო შედეგით ინგლისელებმა უპირატესობა მიიღეს.

„რთული მატჩი იყო, გამარჯვების გოლის გატანა ვერ მოვახერხეთ. თამაში მჭიდრო ბრძოლაში წარიმართა, ორივე გუნდი ფინალში გასასვლელად იბრძვის. საყაიმო შედეგით მეტოქემ უპირატესობა მიიღო, თუმცა ფინალში ის გუნდი გავა, რომელიც მატჩს მოიგებს“, – სიმეონეს სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი აქვეყნებს.

განმეორებითი მატჩი „სტემფორდ ბრიჯზე“, 30 აპრილს გაიმართება.

ბექა დოგრაშვილი