2018 წელს შესაძლოა, ალტერნატიული მსოფლიოს ჩემპიონატი ჩაატარონ

ევროპული ფეხბურთის მაღალჩინოსნები 2018 წელს ალტერნატიული მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარებაზე ფიქრობენ. ამ ინფორმაციას “ინდეპენდენტი” ავრცელებს.

ეს იდეა დანიის ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრ ალან ჰანსენს ეკუთვნის.

პროექტის მიხედვით, ალტერნატიულ მსოფლიოს ჩემპიონატში უნდა ითამაშონ ევროპული ქვეყნების ნაკრებებმა და სამხრეთ ამერიკის ეროვნულმა გუნდებმა.

აღნიშნულ საკითხზე 5 ივნისს იმსჯელებენ.

მანამდე უეფას პრეზიდენტ მიშელ პლატინისაც აქვს ნათქვამი, რომ 2018 წელს რუსეთში გასამართი მსოფლიოს ცემპიონატისთვის ბოიკოტის გამოცხადებას არ გამორიცხავს.

 

ბლატერი: “პლატინიმ ჯერ ვისკი შემომთავაზა, შემდეგ კი…”

ფიფას ახალარჩეული პრეზიდენტი იოზეფ ბლატერი უეფას ხელმძღვანელ მიშელ პლატინისთან შეხვედრის დეტალებს იხსენებს. მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს პრეზიდენტი ამბობს, რომ მას პლატინიმ გადადგომისკენ მოუწოდა.

“პლატინიმ ჯერ პირადი შეხვედრა მთხოვა, შემდეგ კი მეგობრულად ვისკი შემომთავაზა. როდესაც უარი ვუთხარი, მან სრული სერიოზულობით მითხრა, რომ ფიფას პრეზიდენტის პოსტი უნდა დამეტოვებინა.

ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა იმედები გამიცრუა. ვიცი, რომ არჩევნების წინა ღამეს პლატინიმ ყველა ფედერაციას მიწერა, ჩემ წინააღმდეგ ხმის მიცემა და პრინც ალის მხარდაჭერა სთხოვა”, – ბლატერის სიტყვები ინტერნეტპორტალ blick.ch-ზე გამოქვეყნდა.

რამდენიმე დღის წინათ თავად პლატინიმაც განაცხადა, რომ ბლატერს ფიფას პრეზიდენტის პოსტის დატოვება შესთავაზა.

 

“ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებზე ალი ჰუსეინი ევროპიდან მინიმუმ 45 ხმას მიიღებს”

დღეს ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებია. ერთ-ერთმა კანდიდატმა ალი ბინ ალ ჰუსეინმა უეფას ამცნო, რომ დამდეგ არჩევნებზე ევროპის საზღვრებს გარედან 60 ხმას ელის.

თავის მხრივ, უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ ალ ჰუსეინს მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენი ხმის იმედი შეიძლება ჰქონდეს ევროპული ფეხბურთის ოჯახიდან.

“ევროპული ასოციაციების დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს პრინც ალის. მინიმუმ 45-46 (53-დან) და ვეცდები, სხვებიც დავარწმუნო”, – აღნიშნა პლატინიმ.

შეგახსენებთ, რომ არჩევნებში მონაწილეობას იღებს ფიფაში შემავალი 209 ასოციაცია. როგორც ცნობილია, საქართველო მხარს ალ ჰუსეინს უჭერს.

 

პლატინი: “დღეს ბლატერს გადადგომა ვთხოვე, მან კი მიპასუხა…”

უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი დღეს ფიფას ხელმძღვანელ იოზეფ ბლატერს პირისპირ შეხვდა. როგორც მოგეხსენებათ, გუშინ მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს 14 პირი კორუფციულ მაქინაციებში ამხილეს. უკანასკნელი ორი დღის განმავლობაში ფიფას გარშემო დიდი სკანდალია, ხვალ კი ორგანიზაციის საპრეზიდენტო არჩევნებია.

მიშელ პლატინიმ ზეპ ბლატერთან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა.

“მიყვარს ფიფა, პატივს ვცემ მის ისტორიას, მაგრამ ეს ყველაფერი უკვე ყველანაირ საზღვარს ცდება.

ბლატერს ვუთხარი: “ზეპ, ჩვენ ერთად ვმუშაობდით და ერთად გავიმარჯვეთ, მაგრამ დღეს მე შენ გადადგომას გთხოვ”.

მან მიპასუხა: “მიშელ, ჩვენ ერთმანეთს დიდი ხანია ვიცნობთ, მაგრამ დღეს გადადგომა უკვე ძალიან დაგვიანებული იქნება, ვერ გადავდგები, კონგრესამდე ერთი დღე დარჩა”.

ზეპს გადადგომა ვთხოვე იმიტომ, რომ მან ფიფას იმიჯს დიდი ზიანი მიაყენა. რთულია, მეგობარს უთხრა, რომ ის უნდა წავიდეს, თუმცა რეალობა ასეთია. ძალიან სამწუხაროა. ფიფა უკვე ბევრმა სკანდალმა მოიცვა.

მე მას ვუთხარი: “ზეპ, ჩვენ ბევრს გვაკრიტიკებენ”. მან კი მიპასუხა: “არც ისე ბევრს, როგორც – მე”, – პლატინის კომენტარს Get French Football News-ი აქვეყნებს.

მიშელ პლატინის თქმით, უეფას წევრ ქვეყანათა უმეტესობა ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარს იორდანიის პრინც ალი ბინ ალ ჰუსეინს მისცემს ხმას. როგორც ცნობილია, საქართველოც იორდანელს უჭერს მხარს.

“პრინცი ალი პრინცია და ის ფულით არ დაინტერესდება”, – აღნიშნა უეფას ხელმძღვანელმა.

მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს პრეზიდენტად კვლავ ზეპ ბლატერის არჩევის შემთხვევაში, მიშელ პლატინი არ გამორიცხავს, რომ უეფა ფიფას გამოეყოს.

შეგახსენებთ, რომ ფიფას საპრეზიდენტო არჩევნები 29 მაისს გაიმართება.

ოფიციალურად: ჩემპიონთა ლიგის ფინალის მთავარი მსაჯის ვინაობა ცნობილია

უეფა-მ 6 ივნისს, ბერლინში, „იუვენტუსსა“ და „ბარსელონას“ შორის ჩასატარებელი ჩემპიონთა ლიგის ფინალის მთავარი მსაჯი დანიშნა. როგორც ცნობილია, ტურნირის მთავარ შეხვედრას თურქი ჩუნეიტ ჩაკირი გაუძღვება.

38 წლის ჩაკირი საერთაშორისო დონეზე 2006 წლიდან მუშაობს. ჯამში მან უეფა-ს ეგიდით ჩატარებლ 70 შეხვედრაში იმსაჯა.

მიმდინარე სეზონში ჩაკირიმ ჩემპიონთა ლიგის ოთხ შეხვედრაში იმუშავა.





რატომ არ იღებს პლატინი ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას?

უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ ფიფას მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე ისაუბრა, რომელიც 29 მაისს ჩატარდება.

— გსურთ, რომ პრეზიდენტად კვლავ ზეპ ბლატერი აირჩიონ?
— უკვე დიდი ხანია ვამბობ, რომ ფიფას ახალი პრეზიდენტი სჭირდება. წინა არჩევნებზე მხარი ბლატერს დავუჭირე, თუმცა ახლა ამას აღარ ვიზამ. ფიფას სუფთა ჰაერი სჭირდება.

— თუ ასეა, თავად თქვენ რატომ არ იღებთ მონაწილეობას არჩევნებში?
— მე ფიფასა და უეფას შორის არჩევანი უნდა გამეკეთებინა. უეფა ავირჩიე. ეს ევროპული ფეხბურთია, აქ საუკეთესო ფეხბურთელები თამაშობენ, საუკეთესო საკლუბო ჩემპიონატები ტარდება. თავს ფეხბურთში უფრო კარგად ვგრძნობ, ვიდრე პოლიტიკაში.

— ფიფაში მართლაც არის კორუფცია?
— სიმართლე გითხრათ, არ ვიცი. ამ თემის გარშემო ბევრი ხმაურია. სამწუხაროდ, ზუსტი ინფორმაცია არ გვაქვს. შესაძლოა, ეს ყველაფერი სიმართლეც იყოს. თუ აღმოჩნდება, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყნად ყატარის არჩევის დროს რაღაც ისე არ მოხდა, მაშინ ტურნირის მასპინძელი ხელახლა უნდა ავირჩიოთ.

 

უეფამ შესაძლოა, “დნიპრო” დასაჯოს (ფოტოები)

უეფამ დნეპროპეტროვსკის “დნიპროს” შესაძლოა, გარკვეული სანქციები დაუწესოს.

ევროპის ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე “დნიპროსა” და “ნაპოლის” შორის გამართული მატჩის (1:0) მიმდინარეობისას უკრაინული გუნდის ქომაგებმა პიროტექნიკა გამოიყენეს, შეხვედრის შემდეგ კი, გამარჯვების აღსანიშნავად მოედანზე გავიდნენ. მატჩის დელეგატმა ტრიბუნაზე რასისტული ბანერიც დააფიქსირა.

აღნიშნულ საკითხზე 21 მაისს იმსჯელებენ.

 

ბლატერმა პლატინის მიულოცა

ფიფას პრეზიდენტმა იოზეფ ბლატერმა მიშეილ პლატინის უეფას პრეზიდენტად მესამე ვადით არჩევა მიულოცა.

„მიშეილ პლატინის უეფას პრეზიდენტის პოსტზე დარჩენას ვულოცავ. ევროპული საფეხბურთო კავშირის მხრიდან ეს დიდ ნდობაზე მეტყველებს“, – დაწერა ბლატერმა თავისი „ტვიტერის“ გვერდზე.

პლატინი უეფას პრეზიდენტად მესამე ვადით აირჩიეს

დღეს უეფას მოქმედი პრეზიდენტი მიშელ პლატინი აღნიშნულ პოსტზე მესამე ვადით ერთხმად აირჩიეს. ამის შესახებ ორგანიზაციის კონგრესზე გაცხადდა, რომელიც ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ამ წუთებში მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ უეფას საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატების დარეგისტრირების ვადა გასული წლის 24 დეკემბერს დასრულდა. პლატინი ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს საპრეზიდენტო არჩევნებზე ერთადერთი კანდიდატურა გახლდათ.

მიშელ პლატინი უეფას 2007 წლიდან ხელმძღვანელობს, 2011 წლის მარტში ის მეორე ვადით აირჩიეს. ამრიგად, ფრანგი ფუნქციონერი ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოს 2019 წლამდე უთავკაცებს.

 

უეფა და კონმებოლი შეთანხმდნენ

როგორც მოგეხსენებათ, უეფას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ფინალური მატჩი ოდნავ განსხვავებულ დროს — 6 ივნისს ჩატარდება. აღსანიშნავია ისიც, რომ კოპა ამერიკა იმავე თვის 11 რიცხვში იღებს სტარტს, რაც ჩემპიონთა ლიგის დასკვნით შეხვედრაში გამსვლელი ლათინოამერიკელი ფეხბურთელებისთვის ერთგვარ პრობლემას ქმნიდა.

კონმებოლისა და უეფას ხელმძღვანელებმა აღნიშნულ საკითხზე იმსჯელეს და გადაწყვიტეს, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩში გამსვლელ გუნდებში მოთამაშე ლათინოამერიკელ ფეხბურთელებს კოპა ამერიკაზე ოდნავი დაგვიანებით ჩასვლის უფლება მიეცემათ.

შეგახსენებთ, რომ წელს ლათინური ამერიკის მთავარი სანაკრებო ჩემპიონატი
ჩილეში გაიმართება.

 

ჩემპიონთა ლიგის ახალი ბურთი

უეფამ ჩემპიონთა ლიგის ახალი ბურთი წარმოადგინა, რომლითაც ამ ტურნირის პლეიოფში და ფინალში ითამაშებენ.

ბურთის დიზაინი ნათელ ფერებშია გადაწყვეტილი. გარდა ამისა, ბურთზე აღბეჭდილია ბერლინის ხედები და დათვის გამოსახულება. შეგახსენებთ, რომ დათვი გერმანიის დედაქალაქის სიმბოლოდ ითვლება. სწორედ ბერლინში გაიმართება ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი გათამაშების ფინალური მატჩი, რომელიც 6 ივნისს ჩატარდება. პლეიოფის სტადია ხვალიდან აიღებს სტარტს.

UCL Ball

თემურ ქეცბაიამ წლის სიმბოლური გუნდი შეადგინა

საქართველოს ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ 2014 წლის სიმბოლური გუნდი შეადგინა.

მეკარე: მანუელ ნოიერი;

— მსოფლიოს ჩემპიონატის შვიდ მატჩში მხოლოდ ოთხი გაშვებული გოლი და ოქროს მედალი ნათლად მიუთითებს ნოიერის საიმედოობაზე. გარდა ამისა, ის სტაბილურია კლუბშიც. ნოიერს ბევრი ძლიერი მხარე აქვს და წელს ის უკონკურენტო იყო.

მცველები: დავიდ ალაბა, მატს ჰუმელსი, ვენსან კომპანი, ფილიპ ლამი;

— ალაბა ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად პროგრესირებადი ფეხბურთელია, რომელსაც “ბაიერნში” საკმაოდ კარგი წელი ჰქონდა. მიუნხენური კლუბის დაცვაში დიდი კონკურენციაა, ამიტომ ალაბას შედეგი დასაფასებელია.

მიუხედავად იმისა, რომ დორტმუნდის “ბორუსია” მიმდინარე სეზონში არასტაბილურად გამოიყურება, ჰუმელსი ცენტრალური მცველის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესოა. მან მსოფლიოს ჩემპიონატზე პორტუგალიისა და საფრანგეთის ნაკრებების კარში გადამწყვეტი გოლები გაიტანა.

ბოლო წლებში ბელგიის ნაკრები ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო გუნდი გახდა, რაშიც კომპანის დამსახურება დიდია. მან “მანჩესტერ სიტისთან” ერთად ერთბაშად ორი ტიტული — ინგლისის ჩემპიონატი და თასი მოიგო.

ლამი “ბაიერნისა” და გერმანიის ნაკრების უნივერსალი ფეხბურთელია. მსოფლიოს ჩემპიონატზე ის ერთ-ერთი საუკეთესო იყო, რაც მაძლევს იმის საშუალებას, რომ წლის სიმბოლურ გუნდში შევიყვანო. მან შესანიშნავად დაასრულა საერთაშორისო კარიერა.

ნახევარმცველები: ტონი კროოსი, პოლ პოგბა, არიენ რობენი;

— მსოფლიოს ჩემპიონატზე ნაჩვენები შესანიშნავი თამაშის შემდეგ კროოსმა მადრიდის “რეალშიც” დაიმკვიდრა თავი. მიუხედავად იმისა, რომ კროოსი ტიპიური გერმანელი ცივსისხლიანია, იგი ტექნიკითაც გამოირჩევა – განსაკუთრებით საგოლე პასებითა და შორეული დარტყმებით.

პოგბა ჩემს გუნდში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია. მან ყურადღება ჯერ კიდევ საფრანგეთის ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშისას მიიქცია. მასში ვხედავ პოტენციალს, რომელიც საშუალებას მაძლევს, არამხოლოდ შევიყვანო წლის სიმბოლურ გუნდში, არამედ ინდივიდუალური ჯილდოც მივაკუთვნო.

მსოფლიოს ჩემპიონატზე ასეთ რთულ ჯგუფში ჰოლანდიის ნაკრების ბრწყინვალე თამაში ბევრ სპეციალისტს გაუკვირდა. არიენ რობენმა ამაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა. ის შესანიშნავი დრიბლიორი და ლიდერის თვისებებით დაჯილდოებული მოთამაშეა.

თავდამსხმელები: ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ლიონელ მესი, კრიშტიანუ რონალდუ.

— დღევანდელ ფეხბურთში ბევრი ვარსკვლავია. მათ შორის ღირსეული ადგილი უკავია “პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელს. როდესაც იბრაჰიმოვიჩი მოედანზეა, გოლი შესაძლოა, ნებისმიერი წერტილიდან გავიდეს.

მესი და რონალდუ მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ფეხბურთელები არიან. ასეთი აღიარების მოპოვება ძალიან რთულია და ეს ყველაფერზე მეტყველებს. გოლს გოლზე იტანენ და თავიანთი გუნდების ლიდერებად გვევლინებიან. ერთმანეთთან დუელი აქვთ გაჩაღებული, რაც სპორტულ სულისკვეთებას ძალიან უხდება.

ჩემი გუნდის წევრთა უმეტესობა გერმანიის ნაკრების ფეხბურთელია და ეს იმიტომ მოხდა, რომ ბრაზილიაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე, სადაც ძალზედ სერიოზული კონკურენცია იყო, გერმანელებმა ძალიან კარგი თამაში აჩვენეს.