რუნი დედამიწის უცხოპლანეტელებისგან გადარჩენას შეეცდება

„მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელი უეინ რუნი „სამსუნგის“ ახალ სარეკლამო კამპანიაში მიიღებს მონაწილეობას.

აღნიშნულ კამპანიაში 28 წლის ფორვარდი ლიონელ მესისთან, რადამელ ფალკაოსთან, იკერ კასილასთან, მარიო გიოტცესთან და მსოლფიო ფეხბურთის სხვა ვარსკვლავებთან ერთად ვირტუალურ საფეხბურთო მატჩში გუნდს „გალაქსი 11“-ის ღირსებას დაიცავს, რომელიც ვირტუალურ მატჩებში გამარჯვებით დედამიწის უცხოპლანეტელებისგან გადარჩენას შეეცდება.

მონაწილეთა სრული შემადგენლობა ჯერჯერობით უცნობია, თუმცა კამპანიაში მონაწილეობას ასევე ახალგაზრდა მოთამაშეები: ოსკარი, ვიქტორ მოზესი და სტეფან ელ შაარავი მიიღებენ, ხოლო გუნდ „გალაქსი 11“-ის მთავარი მწვრთნელის როლს ლეგენდარული ფრანც ბეკენბაუერი შეასრულებს.

დეკემბრის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში საზოგადოებას ექნება საშუალება თვალყური “გალაქსი 11“-ის ვარსკვლავებს ადევნოს, რომლებიც პლანეტის გადარჩენას შეეცდებიან.

„ჩემთვის ასეთ მოთამაშებთან ერთად მუშაობა დიდი პატივია. იმედია, კამპანიაში ჩემი ინგლისური ხასიათის ჩვენებას მოვახერხებ და შემდეგი წელი წარმატებული როგორც ჩემთვის, ასევე ჩემი კლუბისთვის, ნაკრებისთვისა და რა თქმა უნდა, ამ ვირტუალური გუნდისთვის იქნება. ამიტომაც, ჩვენს კამპანიას თვალყური ყურადღებით ადევნეთ“, – განაცხადა „წითელი ეშმაკების“ ლიდერმა.

რუნი: „პირადად მე არაფრის არ მეშინია“

ინგლისის ნაკრების თავდამსხმელმა უეინ რუნიმ 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის წილისყრის შედეგები შეაფასა. ინგლისელი ფეხბურთელის თქმით, გუნდი უმაღლესი პოზიციებისთვის იბრძოლებს.

„საშინელი არაფერი მომხდარა. მსოფლიოს ჩემპიონატზე პლანეტის საუკეთესო ნაკრებები თამაშობენ. აქედან გამომდინარე, თუ გინდა, რომ ტიტულისთვის იბრძოლო, ძლიერ მეტოქეებთან შესახვედრად მზად უნდა იყო. პირადად მე მოუთმენლად ველი მუნდიალს და არაფრის არ მეშინია“, – განაცხადა რუნიმ.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის ნაკრები D ჯგუფში ურუგვაის, კოსტა რიკისა და იტალიის ნაკრებებთან ერთად მოხვდა.

ბექა დოგრაშვილი

მოიესი: „დარწმუნებული ვარ, რომ რუნი კლუბთან ახალ ხელშეკრულებას გააფორმებს“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთვნელი დევიდ მოიესი დარწმუნებულია, რომ უეინ რუნი კლუბთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს.
„ამ მომენტისთვის დაზუსტებით ვერაფერს გეტყვით. თუმცა პროგრესი იგრძნობდა და სიტუაცია შედარებით გამოსწორდა. რა თქმა უნდა, კონტრაქტს გავაფორმებთ და ამას საჭირო დროს გავაკეთებთ“, – განაცხადა შოტლანდიელმა სპეციალისტმა.
შეგახსენებთ, რომ „წითელ ეშმაკებთან“ მოქმედი კონტრაქტი რუნის 2015 წლამდე აკავშირებს.
ალექსანდრე მატევოსოვი

რონალდუ თანამედროვე მოდასა და თავის შეცდომებზე

როგორც მოგეხსენებათ, ცოტა ხნის წინათ მადრიდის „რეალისა“ და პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელმა კრიშტიანო რონალდუმ საცვლების საკუთარი ხაზი გამოუშვა. ფეხბურთის პორტუგალიელმა ვარსკვლავმა ვებ-გვერდ shortlist.com-ისთვის მიცემულ ინტერვიუში თანამედროვე მოდის შესახებ ისაუბრა და იქვე გამოტყდა, რომ ყმაწვილკაცობაში ცუდი იმიჯი ჰქონდა მორგებული.

„პატარაობაში მოდა არ მაინტერესებდა. უფრო მეტად ჩემს ყურადღებას კარგად მოთამაშე ფეხბურთელები იქცევდნენ. როდესაც ლისაბონის „სპორტინგში“ ვთამაშობდი, სულ რუი კოშტასა და ფიგუს ვუყურებდი. ყოველთვის მინდოდა, ვყოფილიყავი პროფესიონალი ფეხბურთელი და ეს ოცნება ავიხდინე. 16 წლის ასაკიდან პროფესიონალი ფეხბურთელი ვარ, რაც მახარებს.

ზოგჯერ ადამიანები გიჟურად იცვამენ. უნდა ჩაიცვა ის, რაშიც თავს კომფორტულად გრძნობ. სხვისი კოპირება არ ღირს მხოლოდ იმიტომ, რომ ის ვარსკვლავია. ზოგიერთს ჰგონია, რომ თუ ცნობილი ადამიანის მსგავსად ჩაიცვამს, მასაც ისევე მოუხდება. არა, ასე არ ხდება.

წარმოვიდგინოთ კაცი, რომელსაც კარგი კოსტიუმი და თეთრი წინდები აცვია. საშინელებაა (იცინის). ცხადია, ის ვერ იქნება თანამედროვე. შეიძლება კარგი წინდები იყოს, მაგრამ კოსტიუმი და თეთრი წინდა?! მაიკლ ჯექსონს დაემსგავსებით.


როდესაც იმ ფოტოებს დავცქერი, რომლებზეც 16-17 წლისა ვარ, ერთი კითხვა მებადება: „რაებს ვაკეთებდი?“ ჩემს ვარცხნილობასა და თმის ფერს ვგულისხმობ. როდესაც „მანჩესტერ იუნაიტედის“ ღირსებას ვიცავდი, თავზე სპაგეტი მქონდა – გრძელი თმა ყვითელი ბოლოებით.

ეს ასაკის ბრალია. ასაკი ძალზედ მნიშვნელოვანია, რადგან ახალგაზრდობაში განსხვავებულად ჩაცმა გინდა. ბევრი შეცდომა დავუშვი, თუმცა ამ შეცდომებზე ვისწავლე.

ტანისამოსში გადახდილ ფულს არ ვითვლი, თუმცა მიმაჩნია, რომ ბევრის დახარჯვა არ მიწევს, რადგან ჩემი ბრენდი მაქვს“, – აღნიშნა რონალდუმ.

ჟურნალისტმა ინტერვიუს ბოლოს პორტუგალიელ ფეხბურთელს ჰკითხა, თუ რომელი ვარცხნლობის მორგებას ურჩევდა უეინ რუნის, რაზეც რონალდუმ ასე უპასუხა:

„არ ვთვლი, რომ მას ჩემი რჩევა სჭირდებოდეს. მას თავისი სტილი აქვს. თმა ძალიან უხდება, ახლა უკეთ გამოიყურება. ადრე ცოტა უშნო კი იყო, მაგრამ ახლა ის გაცილებით სიმპათიურია“.

ბექა დოგრაშვილი

იუბილარი რუნი – ხუთი კარიკატურა

დღეს „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და ინგლისის ნაკრების თავდამსხმელ უეინ რუნის 28 წელი შეუსრულდა. Fanebi.Ge გთავაზობთ იუბილარის კარიკატურულ გალერეას.

მეტსახელად შრეკი:

საინტერესოა, პირველმა ვინ შეადარა რუნი შრეკის. ალბათ, ამას ვერასდროს გავიგებთ. ერთი რამ ფაქტია, ინგლისელს ეს მეტსახელი მოუხდა, განსაკუთრებით ფანებში იყო გავრცელებული რუნის შრეკთან შედარება. თმის ტრანსპლანტაციის შემდეგ, უეინს უფრო ნაკლებად ამსგავსებენ ანიმაციურ პერსონაჟს.

„სარკევ, ვინ არის ყველაზე ლამაზი?“

რუნისა და კრიშტიანო რონალდუს განსხვავებულ წლებში ჰქონდათ „მანჩესტერ იუნაიტედში“ დებიუტი. ორი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ვარსკვლავი. რონალდუ – გლამურული პერსონა. იგივეს ნამდვილად ვერ ვიტყვით რუნიზე. ომარ მომანის ცნობილ კარიკატურაზე კლუბის გასახდელია გამოსახული. იმ დროს, როდესაც ალექს ფერგიუსონი დაფაზე ჯვარსა და ნოლიანს ხატავს (ნეტავ რატომ?), რონალდუ სარკეში საკუთარ თავს უღიმის. პორტუგალიელ ფეხბურთელს გვერდით რუნი უზის, რომელსაც სრულიად განსხვავებული გამომეტყველება აქვს. სხვათა შორის, ეს კარიკატურა რეალობას მოკლებული სულაც არ გახლავთ. რუნი თავის ერთ-ერთ წიგნში ასეთ რამეს წერს: „ყოველი შეხვედრის წინ ის ამგვარ ცერემონიალს აწყობდა: იცვამდა ფორმას, ბუცებს და იყურებოდა სარკეში. ასეთი თავდაჯერებული ადამიანი ჩემს სიცოცხლეში არ მინახავს“.

ვირივით ჯიუტი

მიმდინარე წლის 22 სექტემბერი: „მანჩესტერ სიტი“ თანაქალაქელ „იუნაიტედს“ ანგარიშით 4:1 ანადგურებს. თუ დევიდ მოიესის გუნდი იმ მატჩში ზარმაც ვირს შეადარეს, მანუელ პელეგრინის „სიტი“ მოედანზე მორბენალ უსწრაფეს ცხენს ჰგავდა. „იუნაიტედის“ ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც მეტოქის კართან ჯიუტად ქმნიდა მომენტებს, ეს სწორედ რუნი გახლდათ.

ახალგაზრდა მელოტი

ერთ მშვენიერ დღეს რუნი მიხვდა, რომ მისი ასაკისთვის ზედმეტად მელოტი იყო და თმის გადანერგვა გადაწყვიტა. ინგლისელი ფეხბურთელის თქმით, ეს სიამოვნება 20 ათასი ფუნტი დაჯდა. და აი, რუნი კლავ დამშვენდა თმით, თუმცა არც ისე, როგორც ეს სურათზეა ნაჩვენები.

ბეწვზე გადარჩენილი

ამ გალერეას ვიდეო აგვირგვინებს. ამ სცენამ, რომელშიც რუნი მონაწილეობს, ორი წლის წინათ სარეკლამო რგოლების პოპულარული ფესტივალის – „კანის ლომების“ გრან-პრი მიიღო. რგოლში ნაჩვენებია გამოგონილი სათამაშო მომენტები, სუპერვარსკვლავთა წარმატება და უიღბლოთა მარცხი. უეინი არაზუსტ პასს აკეთებს, რის გამოც მის გუნდს მარცხი, რუნის კი ფეხბურთიდან წასვლა ემუქრება. თუმცა, დღევანდელი იუბილარის ისტორია ამ კლიპში ჰეფი ენდით სრულდება.

ბექა დოგრაშვილი

რუნიმ რონალდუს პრანჭიაობაზე ისაუბრა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდი უეინ რუნი თავის ახალ წიგნში ბევრ საინტერესო თემასთან ერთად კრიშტიანო რონალდუს შესახებაც საუბრობს, რომელიც „წითელი ეშმაკების“ რიგებში” 2003–2009 წლებში გამოდიოდა.

„გასახდელში, რონალდუს ადგილთან ახლოს სარკე ეკიდა. იმ დროის განმავლობაში, როცა ის ჩვენთან ერთად თამაშობდა, ერთ გარემოებას მივაქციე ყურადღება: კრიშტიანოს უბრალოდ არ შეეძლო სარკესთან ჩავლა საკუთარი თავის შექების გარეშე და ეს იმ შემთხვევაშიც ხდებოდა, როცა ცხვირწინ მატჩი გვქონდა“, – ეს გახლავთ ციტატა რუნის წიგნიდან „ჩემი ათწლეული პრემიერლიგაში“.

„ყოველი შეხვედრის წინ ის ამგვარ ცერემონიალს აწყობდა: იცვამდა ფორმას, ბუცებს და იყურებოდა სარკეში. ასეთი თავდაჯერებული ადამიანი ჩემს სიცოცხლეში არ მინახავს“, – წერს „მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელი თავის წიგნში.

რუნიმ გვერდი არ აუარა მასსა და რონალდუს შორის 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში გამართულ ჩხუბს. შეგახსენებთ, რომ მაშინ ინგლისელმა ფეხბურთელმა რიკარდო კარვალიუს უხერხულ ადგილზე ფეხი განზრახ ჩაარტყა, რონალდუ კი მსაჯთან მივარდა და რუნისთვის წითელი ბარათის ჩვენება მოითხოვა, რაც არბიტრმა გააკეთა კიდეც. ამას „სამი ლომის“ თავდამსხმელის გაღიზიანება მოჰყვა და მოედნის დატოვებამდე ინგლისური გინებების მარაგი სულ პორტუგალიელზე დახარჯა.

„როდესაც მინდვრიდან გვირაბში გავედი, მივხვდი, რომ რონალდუ დამნაშავე არ იყო. ის საკუთარი ნაკრების გამარჯვებისკენ იყო მოწადინებული, – ამბობს რუნი. – ვიცოდი, რომ ჩვენს შორის სიტუაცია დაცხრებოდა და როდესაც გვირაბში ერთმანეთს შევხვდით, მე მას ვუთხარი: „გულშემატკივრები ამ ამბისგან დიდ სკანდალს ააგორებენ და მთელი ზაფხული ამაზე ილაპარაკებენ“. მან მე გამიგო. მოგვიანებით გაზეთებში დაიწერა, რომ ის მადრიდის „რეალში“ მიდიოდა, ჩვენ კი ერთმანეთს არ ვესაუბრებოდით. ეს სრული სისულელე იყო. სიმართლე კი ისაა, რომ კრიშტიანო ყოველთვის მომწონდა. კარგია, როცა ასეთი თანაგუნდელი გყავს“.

ბექა დოგრაშვილი

მოიესი რუნისთან კონტრაქტის გახანგძლივებაზე საუბარს ერიდება

მოგეხსენებათ, ზაფხულს, ”მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელი უეინ რუნი სხვა კლუბის რიგებში გადასვლასთან იყო ახლოს, თუმცა, სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ, პრესა მის ”წითელ ეშმაკებთან” მოქმედი კონტრაქტის გახანგძლივებაზე ალაპარაკდა. აღნიშნულ თემას მანჩესტერელთა მთავარი მწვრთვნელი დევიდ მოიესი გამოეხმაურა.

”ყველაფერი ნელ-ნელა უნდა გადავიწყვიტოთ. მაგალითად, უახლოეს მატჩში რუნი კიდევ ორ გოლს თუ გაიტანს, მისი დარჩენის შანსი კიდევ უფრო გაიზრდება. არ მეთანხმებით? მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ იგი კარგად თამაშობს და ყველას გვსურს, რომ მსგავსი თამაშის ჩვენება უეინმა მომავალშიც გააგრძელოს”, – განაცხადა მოიესმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

რომელი ინგლისელი ფეხბურთელი მოსწონს ყველაზე მეტად ზლატანს?

ფრანგული „პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა განაცხადა, რომ ინგლისელი ფეხბურთელებიდან ყველაზე მეტად „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდი უეინ რუნი მოსწონს. შვედმა დაამატა, რომ რუნისთან ერთად თამაშს ისურვებდა.

„მომწონს, როგორ თამაშობს რუნი. მე მას საოცარ ფეხბურთელად ვთვლი. წარმომიდგენია, როგორ ითამაშებდა ის ჩემთან ერთად ერთ გუნდში. ვთვლი, რომ რუნი მხოლოდ ფეხბურთელი არ არის, რომელიც სეზონში 40 გოლს იტანს. ის ორი-სამი მოთამაშის სამუშაოს ასრულებს და თანაგუნდელებს ბევრი გოლის გატანის საშუალებას აძლევს. როგორც ჩანს, მას გამარჯვებულის სული აქვს. ჩემს მსგავსად, არც მას უყვარს წაგება“, – ციტირებს იბრაჰიმოვიჩის სიტყვებს „ბიბისი“.

„ვთვლი, რომ მის გარშემო გიჟური ამბები ხდება. ჩემს მსგავსად, ისიც იმპულსური ბიჭია. ფეხბურთში იდეალური არავინ არის. ის თავისივე შეცდომებზე სწავლობს, რაც ძალიან მომწონს. ის ისეთია, როგორიც არის და ეს მნიშვნელოვანია. ინგლისელი ფეხბურთელებიდან ყველაზე მეტად სწორედ რუნი მომწონს“, – დაამატა ზლატანმა.

ბექა დოგრაშვილი

ჟურნალისტებმა ტრავმირებული რუნის სურათი გაავრცელეს

”მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელს უეინ რუნის, ბრიტანელი ჟურნალისტები დასვენების საშუალებას არ აძლევენ.

შეგახსენებთ, რომ ”ლივერპულთან” მატჩისთვის მოსამზადებელი პროცესის დროს, ინგლისელმა ფორვარდმა ფილ ჯონსთან შეჯახების შედეგად, თავის ტრავმა მიიღო. ზუსტად ამის გამო უეინს უკრაინის ეროვნულ ნაკრებთან მოახლოებული შეხვედრის გამოტოვებაც მოუწევს.

დღეს კი ცნობილმა გამოცემა ”მირორმა” სურათი გამოაქვეყნა, რომელზეც რუნის ტრავმირებული თავია ასახული. გარდა ამისა, 27 წლის ფეხბურთელის ტრავმაზე ”არსენალის” თავდამსხმელმა თეო უოლკოტმა ისაუბრა.

”სიმართლე რომ გითხრათ, უეინის მიერ მიღებული ტრავმა ძალიან ცუდად გამოიყურება. ეს ძალიან დიდი ჭრილობა, რომლის ნახვაც არც ისე სასიამოვნოა. აღნიშნული ჭრილობა საშინელებათა ფილმებს მაგონებს”, – განაცხადა ”მეთოფეთა” ფეხბურთელმა.

ალექსანდრე მატევოსოვი