უნებლიე შეცდომის შედეგი – ნიანგი ჩემპიონთა ლიგას გამოტოვებს

„მილანის“ დირექტორის, უმბერტო განდინის ერთი შეხედვით უნებლიე შეცდომა კლუბის თავდამსხმელ მბაიე ნიანგისთვის საბედისწერო გამოდგა. ფრანგი ფეხბურთელი უეფას ჩემპიონთა ლიგის 2013/14 წლების სეზონს გამოტოვებს. საქმე იმაში გახლავთ, რომ იტალიურმა კლუბმა საჩემპიონთალიგო განაცხადის „A“ სიაში სტეფან ელ შაარავი შეიყვანა. არადა, 20 წლის იტალიელი ფეხბურთელი „B“ სიაში უნდა აღმოჩენილიყო. აღნიშნულ სიაში ის მოთამაშეები შეჰყავთ, რომლებიც 1992 წლის პირველი იანვრის შემდეგ დაიბადნენ და კლუბში არანაკლებ ორი სეზონის განმავლობაში თამაშობენ. ელ შაარავის „A“ სიაში შეყვანით განაცხადი შეივსო და შემადგენლობაში ნიანგის ადგილი აღარ დარჩა. მილანელთა სამწუხაროდ,  აღნიშნული შეცდომის გამოსწორება უკვე შეუძლებელია. განდინიმ კლუბისა და გულშემატკივრების წინაშე კი მოიბოდიშა, მაგრამ ბოდიში რომ საქმეს ვეღარ უშველის, ფაქტია.

ამრიგად, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე „მილანის“ განაცხადი ასეთია:

მეკარეები: აბიატი, ამელია, კოპოლა;
მცველები: აბატე, ბონერა, კონსტანტი, დე შილიო, მექსესი, სილვესტრე, ძაკარდო, საპატა;
ნახევარმცველები: ბირსა, კრისტანტე, დე იონგი, ემანუელსონი, კაკა, მონტოლივო, მუნტარი, ნოჩერინო, პოლი;
თავდამსხმელები: ბალოტელი, რობინიო, ელ შაარავი, მატრი, პაცინი.

შეგახსენებთ, რომ „მილანი“ H ჯგუფში მოხვდა. კლუბის კალენდარი ასეთია:

ოთხშაბათი, 18 სექტემბერი: „მილანი“-„სელტიკი“

სამშაბათი, 1 ოქტომბერი: „აიაქსი“-„მილანი“

სამშაბათი, 22 ოქტომბერი: „მილანი“-„ბარსელონა“

ოთხშაბათი, 6 ნოემბერი: „ბარსელონა“-„მილანი“

სამშაბათი, 26 ნოემბერი: „სელტიკი“-„მილანი“

ოთხშაბათი, 11 დეკემბერი: „მილანი“-„აიაქსი“

ბექა დოგრაშვილი