ვინ უკაპიტნებს დედამიწელებს უცხოპლანეტელების წინააღმდეგ?

ცოტა ხნის წინათ გაუწყებდით, რომ ლეგენდარულმა გერმანელმა ფეხბურთელმა ფრანც ბეკენბაუერმა საზოგადოებას ვიდეომიმართვა გაუგზავნა, რომელშიც ის უცხოპლანეტელების დედამიწაზე ჩამოსვლასა და მათთან ფეხბურთის თამაშზე საუბრობდა. ბეკენბაუერის თქმით, თუ უცხოპლანეტელები დედამიწელებს მოუგებენ, ჩვენი პლანეტა განადგურდება, ასე რომ მხოლოდ ფეხბურთელებს შეუძლიათ ჩვენი ხსნა. ამ განცხადების გავრცელების შემდეგ, ზოგმა თქვა, ბეკენბაუერი გაგიჟდაო, ზოგმაც, ეს სარეკლამო კამპანიააო. მომდევნო ვიდეოს გავრცელებამ საიდუმლოს ფარდა ახადა: ეს ცნობილი ელექტრონული კომპანიის სარეკლამო რგოლია.

ახალ ვიდეოში ცნობილი ხდება, თუ ვინ უკაპიტნებს დედამიწელებს უცხოპლანეტელების წინააღმდეგ.

გთავაზობთ ვიდეომასალას.

 

 

ბეკენბაუერი: „უცხოპლანეტელები მეწვივნენ, საფრთხე გვემუქრება“ (ვიდეომიმართვა)

ლეგენდარულმა გერმანელმა ფეხბურთელმა ფრანც ბეკენბაუერმა საზოგადოებას ვიდეომიმართვა გაუგზავნა.

კაიზერ ფრანცს ასეთი კითხვა დაუსვეს: „ნება მომეცით, გკითხოთ: როგორ ფიქრობთ, არსებობენ უცხოპლანეტელები? თამაშობენ ისინი სპორტულ სახეობებს?“

ბეკენბაუერმა ასე უპასუხა: „დიახ! წუხელ ისინი ჩემთან მოვიდნენ. მათ ჩვენს წინააღმდეგ ფეხბურთის თამაში უნდათ, თუმცა პრობლემა ის არის, რომ თუ წავაგებთ, ჩვენს პლანეტას გაანადგურებენ. ჩვენი ამოცანა გუნდის შეკრებაა. მხოლოდ ფეხბურთელებს შეუძლიათ პლანეტის გადარჩენა“.

ვითომ, ბეკენბაუერი ჭკუიდან შეიშალა? ალბათ, არა. შესაძლოა, მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდარული ფიგურა სარეკლამო კამპანიაში მონაწილეობდა, თუმცა რა შუაშია უცხოპლანეტელები, ეს ჯერჯერობით უცნობია. ბეკენბაუერი კავშირზე გამოსვლას ნოემბრის დასაწყისში აპირებს.

ბექა დოგრაშვილი