ვაჟა ტაბატაძე იმ ფეხბურთელთა შორისაა, ვინც ქუთაისური გუნდისთვის დიდ ძალას წარმოადგენს. 22 წლისას უკვე ბევრჯერ დაუმტკიცებია საფეხბურთო მოედანზე თუ რაოდენ საჭირო მოთამაშეა. დასანანია, რომ ამ ეტაპზე, „ტორპედო“ მის გარეშე ატარებს მატჩებს, გეცოდინებათ, მან მარჯვენა ფეხზე მენისკის ოპერაცია გაიკეთა. ეს მნიშვნელოვანი ქირურგიული პროცედურა 3 კვირის წინ, სტამბულში ჩატარდა, ახლა იგი სარეაბილიტაციო კურსს გადის, პარალელურად კი, მიუხედავად ყავარჯნებით სიარულისა, შეძლებისდაგვარად, „ტორპედოს“ ვარჯიშებსაც ესწრება და თანაგუნდელებთან სიახლოვეს არ კარგავს. მის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ჩვენ თავად ვაჟას ვესაუბრეთ…
– როგორ შეაფასებ თურქეთში ჩატარებულ ოპერაციას?
– ძალიან კარგად, ვიცოდი, რომ მაღალი დონის სპეციალისტები მემსახურებოდნენ და სანერვიულო ნაკლებად მქონდა. როგორც ოპერაციამდე, ისე მის შემდეგაც, თითქმის, ყოველ წუთს ყურადღების ქვეშ ვიყავი. განსაკუთრებული მადლიერება მინდა გამოვხატო საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის შოთა არველაძის მიმართ, რომელმაც თურქეთში ყოფნისას ყველანაირი დახმარება გამიწია, რაც კი დამჭირდა. იქ ჩასვლისთანავე შოთასთან მივედით, რომელმაც მისი გაწვრთნილი „კასიმფაშას“ მთავარ ექიმს გამასინჯა და მეორე დღეს მანვე წამიყვანა კლინიკაში, სადაც გუნდის ექიმი ყოველდღე მოდიოდა მოსანახულებლად და ვითარების გასაკონტროლებლად, რისთვისაც უღრმესი მადლობა შოთას.
– როგორ მიდის სარეაბილიტაციო კურსი? ვხედავ, ყავარჯნებით დადიხარ, თავიდან ძალიან გაგიჭირდებოდა მათთან „დამეგობრება“…
– რასაკვირველია, სარეაბილიტაციო კურსებით გათვალისწინებულ პროცედურებს ზედმიწევნით ვასრულებ და თანდათან შედეგსაც ვგრძნობ. თვენახევარში კიდევ მომიწევს გასასინჯად თურქეთში ჩასვლა და ალბათ, იმ დროისთვის ყავარჯნებსაც მოვიშორებ, მართალია, მათ ტარებას ძნელად ვეგუები, მაგრამ სხვა რა გზაა?!
– ყოველდღიური რეჟიმი როგორი გაქვს?
– ძირითადად ვწევარ, დროგამოშვებით კი, სპეციალურ ვარჯიშებს ვაკეთებ. პირველად ვმკურნალობ ამგვარ ტრავმას და ცოტა არ იყოს, რთულია ჩემთვის ასეთი ცხოვრების წესი, მაგრამ, რა თქმა უნდა, მოთმენა მომიწევს. ორ დღეში განსხვავებული ტიპის ვარჯიშები ჩამომივა, რომელთა დანიშნულება უშუალოდ ტრავმირებული მუხლის აღდგენა იქნება.
– ვიცი, ერთი სული გაქვს, როდის ითამაშებ ფეხბურთს, თუ მკურნალობა ასევე კარგად გაგრძელდა, სავარაუდოდ, ვარჯიშის დაწყებას რამდენ ხანში შეძლებ?
– როგორც ვიცი, ეს ტრავმა ფეხბურთელებში საკმაოდ ხშირია და მათ მაგალითზე ვამბობ, რომ, სამწუხაროა, მაგრამ, ალბათ, მიმდინარე სეზონში ვეღარ დავეხმარები ჩემს გუნდს. მკურნალობის კარგად განვითარების შემთხვევაში, ღმერთის ნებით, ხუთ თვეში დავიწყებ ვარჯიშს.
– ბუნებრივია, ძალიან განიცდი ყოველივეს, როგორ ცდილობ ამ უსიამოვნების შემსუბუქებას? ვისი ან რისი დახმარებით?
– ამას, მარტო ჩემით ვერ მოვახერხებ, მეგობრები და ახლობლები გვერდში მიდგანან, რაც შეუძლიათ და მათზეა დამოკიდებული, ყველანაირად მეხმარებიან ამ მძიმე პერიოდის გადასატანად.
– რამდენად გრძნობ ჩვენი კლუბის ყურადღებას?
– სასიამოვნოა, რომ ყურადღება არ მაკლია და ყოველდღიურად ვგრძნობ კლუბის თანადგომას, თურქეთში „ტორპედოს“ აღმასრულებელ დირექტორ გიორგი პაპიაშვილთან ერთად ვიყავი და როგორც ის, ასევე, კლუბის სხვა ხელმძღვანელებიც დიდად დაინტერესებულნი არიან ჩემი მდგომარეობით. ასევეა გუნდის წევრებიც. ძალიან გამიხარდა, როცა გორის „დილასთან“ მატჩში ჩემი თანაგუნდელები ჩემს მხარდასაჭერ მაისურებში გამოვიდნენ მოედანზე.
– ქუთაისელ გულშემატკივრებში აქტუალურია შენი ტრავმის თემა. ისინი თვლიან, რომ „ტორპედოს“ ძალიან აკლიხარ…
– დიდი მადლობა თითოეულ მათგანს იმ ერთგული დამოკიდებულებისთვის, რასაც ჩემდამი იჩენენ. მთავარია, რომ, როცა გამოვჯანმრთელდები, საქმით გადავუხადო მადლობა.
– თვალს თუ ადევნებ „ტორპედოს“ თამაშებს და როგორ ფიქრობ, რა არის ბოლოდროინდელი ჩავარდნის მიზეზი?
– დიახ, სახლის თამაშებზე დავდივარ, გასვლით მატჩებს კი ინტერნეტის მეშვეობით ვუყურებ. ვფიქრობ, თბილისის „დინამოსთან“ მარცხმა, რომელმაც ძალიან ცუდად იმოქმედა გუნდზე, სათავე დაუდო დანარჩენ წაგებულ მატჩებს. მას მერე დაღლაც დაეტყო „ტორპედოს“, თუმცა მჯერა, მალევე დასრულდება ეს ჩავარდნა.
– დიდი მადლობა, მალე გამოჯანმრთელებას გისურვებ.
FCTorpedo.GE