“ზესტაფონი”-“ვიტ-ჯორჯია” ციფრებში

კვირას, 20 ოქტომბერს, საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ეროვნული საფეხბურთო პირველობის მორიგ მატჩს გამართავს. საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის მეცხრე ტურში ზემოიმერლები დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე თბილისის საფეხბურთო კლუბ ”ვიტ-ჯორჯიას” უმასპინძლებენ.

თბილისის “ვიტ-ჯორჯიას” და საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” დაპირისპირებათა ისტორია იმერელთათვის სადებიუტო 2004-2005 წლების სეზონში იღებს სათავეს. ამ გუნდების შეხვედრები ტრადიციულად პრინციპული ხასიათისა გახლავთ, ყოველთვის ძალიან დაძაბულად და უკომპრომისოდ მიმდინარეობს… რაც შეეხება გუნდების ურთიერთშეხვედრების ისტორიას, აქ უპირატესობას სხვადასხვა წლებში ხან ერთი მხარე ეუფლებოდა ხოლმე, ხანაც მეორე…

პირველ წლებში თვალშისაცემი იყო ძალთა სრული თანაფარდობა, რომელიც ვეტერინართა აღზევების პერიოდში თანდათანობით დაირღვა. თბილისური კლუბისათვის მეორე საჩემპიონო სეზონში (2008-2009 წლების პირველობა) თბილისელებმა ზედიზედ 3 შეხვედრა მოუგეს ზესტაფონელებს და პირადი შეხვედრების სტატისტიკაში სოლიდური “ჰანდიკაპიც” შეიქმნეს. ზემოიმერლებმა სიტუაცია კარდინალურად 2010-2012 წლებში შეცვალეს – ორი ზესტაფონური ოქროს “ჭედვისას” მარგველებმა ხუთჯერ დაამარცხეს ოპონენტი, რასაც გასული ჩემპიონატის პირველ წრეში მოპოვებული გამარჯვებაც (3-2) მოაყოლეს და, იმის მიუხედავად, რომ განვლილი სეზონის მეორე (საშინაო) შეხვედრაში მარცხი (1-2) იწვნიეს, სადღეისოდ დადებითი ბალანსით თავს უკვე დასავლელები იწონებენ.

სულ, ეროვნული ჩემპიონატის შეხვედრებში, საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონსა” და თბილისის “ვიტ-ჯორჯიას” ერთმანეთში 25-ჯერ უასპარეზიათ. აქედან 11 შეხვედრაში გაიმარჯვეს ზესტაფონელებმა, 4 დასრულდა ფრედ, 10 კი მოიგეს ვეტერინარებმა. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი 39:35 იმერელი ფეხბურთელების სასარგებლოდ.

დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის გათამაშებაში ვეტერინართა და მარგველთა გზები ორჯერ გადაიკვეთა – თასის 2005-2006 წლების გათამაშების ნახევარფინალში ზესტაფონელებმა ორჯერ (2-1 და 3-1) დაამარცხეს მეტოქე, ხოლო 2009-2010 წლების გათამაშების მეოთხედფინალის პირველ შეხვედრაში სოლიდურ გამარჯვებას (3-0) მეორე მატჩში დამატებით დროში მარცხი (0-4) მოაყოლეს…

საინტერესოა ის, რომ “ვიტ-ჯორჯიას” კარში ზესტაფონელთაგან ყველაზე ხშირად ნიკოლოზ გელაშვილს გაუტანია – თავის დროზე სწორედ ვეტერინართა რიგებიდან იმერულ კლუბში მოსულ ფეხბურთელს ყოფილი კლუბის ბადე 9-ჯერ აქვს შერხეული. მეორე შედეგი აქვს ნაჩვენები გოგი ფიფიას – 4 გატანილი გოლი…

“ვიტ-ჯორჯიასთან” 20 ოქტომბერს გასამართი შეხვედრა 16:00 საათზე დაიწყება და ამ მატჩის პირდაპირი ინტერნეტ-ტრანსლაცია საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” ოფიციალურ ვებ-გვერდზე გადაიცემა.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

“ტორპედოს” დუბლებმა ქულები დამატებულ წუთებზე დაკარგეს

1 ოქტომბერს საქართველოს 25-ე ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მონაწილე გუნდების დუბლშემადგენლობათა ტურნირის მე-7 ტურის დარჩენილი მატჩი გაიმართა. ქუთაისის „ტორპედოს“ რეზერვისტებმა თბილისის „ვიტ ჯორჯიას“ დუბლშემადგენლობა ჩვენი გუნდის საწვრთნელ ბაზაზე მიიღო.

ქარის თანხლებით მიმდინარე დღევანდელი შეხვედრა ორმხრივ იერიშებსა და თანაბარ ორთაბრძოლებში მიმდინარეობდა. იშვიათი იყო საგოლე მომენტები, თუმცა თამაშს დაძაბულობა არ მოჰკლებია. ქუთაისელები ბურთს უფრო ხშირად ფლობდნენ, სტუმართა მცირე უპირატესობა კი მეტოქეზე უფრო მეტ შექმნილ სახიფათო მომენტებში გამოიხატებოდა. ანგარიში მე-80 წუთზე გაიხსნა, მასპინძელთა მრავალსვლიანი კომბინაცია ტორპედოელთა დუბლშემადგენლობის საუკეთესო მეგოლე მამია გავაშელიშვილმა დააბოლოვა ეფექტური გოლით, რომელმაც გუგუშვილის მიერ კარგად დაგდებული ბურთი მიწაზე დაუშვებლად გაგზავნა თბილისელთა კარში – 1:0. ტორპედოელებს მშვიდად მიჰყავდათ მატჩი გამარჯვებამდე, თუმცა სტუმართა ბოლო შეტევა გამოეპარათ და მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე რევაზ ჩიტიშვილის მიერ ახლო მანძილიდან გატანილი გოლით დასანანი 2 ქულა დაკარგეს. ლაშა ჭაღიაშვილის გაწვრთნილი გუნდის პირველი ფრე მიმდინარე ტურნირზე – 1:1.

„ტორპედო-2“: კუპატაძე, ჭანტურია, მამასახლისი, კუსიანი, ჩიტეიშვილი, სულთანიშვილი, გოგიჩაიშვილი(ყანჩაშვილი 65), კაკუშაძე, მზევაშვილი(კიკაბიძე 46), ახვლედიანი(გუგუშვილი 46), გავაშელიშვილი.

„ვიტ ჯორჯია-2“: ჩილიგავა, ასკილაშვილი, ჩიტიშვილი, ჩიჩუა, ნ. იაშვილი, გახარია, ვაზაგაშვილი, სოფრომაძე, კურდღელაშვილი(კვირკვია 67), გ. გაგნიძე, ხვისტანი.

მსაჯი: თორნიკე ნაკაიძე(ლანჩხუთი)

FCTorpedo.GE

“ტორპედო” 4:1 “ვიტ ჯორჯია”

30 სექტემბერს, საქართველოს ჩემპიონატის მეშვიდე ტურის მატჩში, ქუთაისის “ტორპედომ” საკუთარ მოედანზე თბილისის “ვიტ ჯორჯია” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 4:1 დაამარცხა.

შეხვედრაში ანგარიში 27-ე წუთზე გაიხსნა, როცა მერაბ გიგაურმა თერთმეტმეტრიანი დარტყმა ზუსტად შეარსულა. 48-ე წუთზე, საპენალტო დარტყმით კიდევ ერთი გოლი გავიდა – ამჯერად, გიორგი ჯანელიძემ გაიტანა, რომელმაც ანგარიში გაათანაბრა. დაახლოებით ხუთ წუთში, ქუთაისელები ისევ წინ გავიდნენ – კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთზე პირველი თორნიკე კაპანაძე იყო. 68-ე წუთზე, მეკარესთან პირისპირ გასულ გიორგი ფანცულაის გოლის გატანა აღარ გასჭირვებია. 74-ე წუთზე კი, შეხვედრის საბოლოო ანგარიში მათე ცინცაძემ საჯარიმო დარტყმით დააფიქსირა.

“ტორპედო” – “ვიტ ჯორჯიას” ალექსანდრე კრიჭაშვილი განსჯის

ხვალ, 17:00 საათიდან, „ტორპედოსა“ და „ვიტ ჯორჯიას“ შორის ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე გასამართი მატჩის განსასჯელად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო განყოფილებამ შემდეგი შემადგენლობის მსაჯთა ბრიგადა მოავლინა. მთავარ არბიტრად ალექსანდრე კრიჭაშვილი(თბილისი) დაინიშნა, რომლის ასისტენტები იქნებიან: ზაზა ფიფია(გალი) და კახა ტეფნაძე(ჭიათურა), სათადარიგო მსაჯის ფუნქციებს კი თორნიკე გვანცელაძე(სამტრედია) შეასრულებს.

45 წლის კრიჭაშვილს მთავარი არბიტრის სტატუსით მიმდინარე სეზონში ჯერ-ჯერობით „ტორპედოს“ მონაწილეობით გამართულ არცერთი მატჩს არ მომსახურებია. ბოლოს, მან 17 სექტემბერს ხობში, იქაურ ს/კ „კოლხეთსა“ და „ზუგდიდს“ შორის ჩატარებული ეროვნული თასის საპასუხო მეთექვსმეტედფინალური შეხვედრა განსაჯა, რომელშიც მასპინძლებმა დამატებით დროში იმარჯვეს(2:1).

FCTorpedo.GE