“ზესტაფანები” “დასავლეთის თასის” პრიზიორები გახდნენ

გუშინ ქუთაისის სპორტის სასახლემ უმასპინძლა დასავლეთ საქართველოს თასის გათამაშებას მინი-ფეხბურთში. ეს გახლდათ ტურნირი, რომელიც ქუთაისის „ტორპედოსა“ და ამ გუნდის ქომაგთა კლუბის მიერ იყო ორგანიზებული. მასში ეროვნული ჩემპიონატის მონაწილე გუნდების ფან-კლუბები მონაწილეობდნენ.

სხვა გუნდებთან ერთად, “დასავლეთის თასის” გათამაშებაში მონაწილეობა საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” გულშემატკივართა კლუბის წარმომადგენელმა გუნდმა “ზესტაფანებმაც” მიიღო. უნდა ითქვას, რომ ჩვენი ქალაქის წარმომადგენლებმა ამ ერთდღიან ტურნირში წარმატებით იასპარეზეს და საბოლოოდ მესამე ადგილისათვის განკუთვნილი პრიზიც დაისაკუთრეს. სხვა გულშემატკივრებთან ერთად, ქუთაისის სპორტის სასახლის ტრიბუნებიდან “ზესტაფანებს” საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” რამდენიმე ფეხბურთელიც ამხნევებდა.

ჯგუფური ტურნირი “ზესტაფანებმა” მძიმედ დაიწყეს და პირველი მატჩი ქართული სპორტის ქომაგთა გუნდ “ქომაგებთან” 1-2 დათმეს. იმის გათვალისწინებით, რომ ლანჩხუთელებთან შეხვედრაში გუნდს ტექნიკური გამარჯვება (3-0) ჩაეთვალა, ნახევარფინალში გასასვლელად გადამწყვეტის სტატუსი მიიღო შეხვედრამ ქუთაისელ გულშემატკივართა გუნდ “უნსოსთან”, რომელიც გათამაშების დაწყებამდე მის ერთ-ერთ ფავორიტად მიიჩნეოდა. ზესტაფონელებმა მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს და ის არასაფეხბურთო ანგარიშით 9-0 დაამარცხეს.

“ზესტაფანებისა” და ქუთაისის “ჯუნგლების” ნახევარფინალური შეხვედრა ტურნირის მშვენება გამოდგა. მატჩი ძალიან სანახაობრივი და ამავე დროს დრამატულიც გამოდგა. თავად განსაჯეთ, საფინალო სასტვენამდე 4 წუთით ადრე მარგველები 3-1 ამარცხებდნენ ქუთაისელებს, თუმცა მეტოქეს მატჩის გადარჩენის შესაძლებლობა მისცეს და ძირითადი დროის 3-3 დასრულების შემდეგ, მატჩის შემდგომი პენალტების სერიაში გამარჯვებაც (3-1) და ფინალის საგზურიც “ჯუნგლებმა” მოიპოვეს.

მესამე ადგილისთვის შეხვედრაში “ზესტაფანებმა” ადვილად (7-0) დაამარცხეს ბათუმელი “პირატები”, “დასავლეთის თასის” ტრიუმფატორი კი ზესტაფონელებთან ნახევარფინალის სასწაულებრივად შემომტრიალებელი ქუთათურები გახდნენ – გაადამწყვეტ შეხვედრაში მათ “ქომაგები” 2-0 დაამარცხეს.

მესამე ადგილისათვის განკუთვნილი თასის გარდა, ზესტაფონელებმა კიდევ ორი პრიზი დაისაკუთრეს. ზესტაფანმა გოჩა სულაქველიძემ, რომელმაც თავი 15 გატანილი გოლით გოლით გამოიჩინა, ტურნირის საუკეთესო ბომბარდირისა და საუკეთესო ფეხბურთელისათვის განკუთვნილი პრიზების მფლობელი გახდა.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური