საფეხბურთო კლუბი ზესტაფონის მიერ გამოთქმული პრეტენზიისა და საქალაქო სასამართლოში შეტანილი სარჩელის კვალდაკვალ, გვსურს გავაკეთოთ განმარტება, თუ რატომ ეთქვა უარი აღნიშნულ კლუბს ახლად დამატებული ფეხბურთელების რეგისტრაციაზე უეფას ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე საასპარეზოდ.
სკ ზესტაფონს, როგორც სფფ-ის წევრ ორგანიზაციას ფეხბურთის ფედერაციის მიმართ გარკვეული უფლება-მოვალეობები გააჩნია. უპირველესად კი იმ ორგანიზაციის წესდების აღიარება და მუხლების დაცვა, რომლის წევრიც გახლავთ.
სფფ-ის წესდება, რომელიც ფიფასა და უეფსა წესდებებთან სრულ შესაბამისობაში მოდის და რომელიც მისი წევრი ორგანიზაციების სრული თანხმობით (მ.შ. სკ „ზესტაფონის“ მიერ) იქნა მიღებული გვამცნობს:
მუხლი 60. იურისდიქცია
- 1. სფფ, მისი წევრები, ფეხბურთელები, ოფიციალური პირები და მატჩისა და მოთამაშეთა აგენტები საფეხბურთო საკითხების მოსაგვარებლად არ მიმართავენ საერთო (ჩვეულებრივ) სამოქალაქო სასამართლოს, თუ ეს სპეციალურად არ არის განსაზღვრული სფფ-ს და ფიფას წესდებებში. ისინი ვალდებულნი არიან ნებისმიერი უთანხმოება განსახილველად წარუდგინონს ფიფას, უეფას და სფფ-ს შესაბამის ორგანოებს;
რაც შეეხება თავად კლუბის დამოკიდებულებას სფფ-ის ორგანოებისა და მათ მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების მიმართ, ეს მათ საკლუბო ლიცენზირების პროცედურის გავლისას, როგორც ლიცენზიის მაძიებელმა კლუბმა წერილობით დაადასტურეს. გთავაზობთ ამონარიდს ამ დოკუმენტიდან:
„ლიცენზიის მაძიებელი შპს ს/კ ზესტაფონი“ წინამდებარე დოკუმენტით ადასტურებს, რომ:
ა) იღებს ვალდებულებას, ყოველთვის დაიცვას ფიფას, უეფას და სფფ-ს წესდებები, დებულებები და გადაწყვეტილებები, აგრეთვე, აღიარებს ლოზანაში არსებული სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოს (CAS) იურისდიქციას, როგორც ეს უეფას წესდების შესაბამის მუხლებშია განსაზღვრული, ასევე სფფ-ის წესდების შესაბამის მუხლებში განსაზღვრული ადგილობრივი საარბიტრაჟოს იურისდიქციას.“
ყოველივე აქედან გამომდინარე, გვსურს დავაფიქსიროთ, რომ სკ ზესტაფონის მიერ საფეხბურთო დავის განხილვის საფეხბურთოდან დავების განმხილველი ორგანოდან სამოქალაქო სასამართლოში გატანა ეწინააღმდეგება სფფ-ის წესდებასა და დებულებებს, რაც პირდაპირ ნიშნავს სფფ-ის იურისდიქციის არ აღიარებასა და მისი მოქმედების აერალიდან გასვლას.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც სკ ზესტაფონის ფეხბურთელების რეგისტრაციას გვავალდებულებს, სფფ წესის სრული დაცვით 5 დღის ვადაში გაასაჩივრებს. აქვე გვინდა განვმარტოთ, რომ სკ ზესტაფონს ამ შემთხვევაში ეკრძალება მხოლოდ იმ ახალწვეულების რეგისტრაცია, რომელთა ხელშეკრულებებშიც საფეხბურთო დავების განმხილველ ორგანოდ მითითებულია სფფ-ის მიერ არ აღიარებული საარბიტრაჟო ორგანიზაცია და არა სფფ-ის მიერ აღიარებული ტრიბუნალი.
სფფ კიდევ ერთხელ აფიქსირებს პოზიციას იმის შესახებ, რომ აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად, კლუბს შესაძლებლობა აქვს (ხელშეკრულებების ჩასწორებამდე) საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის სახელზე შემოიტანოს წერილობითი დასტური იმის შესახებ, რომ სკ ზესტაფონი დავების განმხილველ ორგანოდ აღიარებს სფფ-ს „საფეხბურთო დავების განმხილველ სპორტულ ტრიბუნალს“ და უმოკლეს ვადებში (საჭიროა კონკრეტული ვადის მითითება) მოახდენს ფეხბურთელემის ხელშეკრულებების შესაბამისი შენიშვნის გათვალისწინებით ჩასწორებს.
სფფ-ის პრესსამსახური