“ზესტაფონმა” კუხიანიძე და ფანცულაია დაიმატა

21 წლის ნახევარმცველი გიორგი კუხიანიძე და 20 წლის ფორვარდი გიორგი ფანცულაია საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონში” იასპარეზებენ. კუხიანიძესთან გაფორმებულია ორწლიანი შრომითი ხელშეკრულება, ხოლო ფანცულაია მარგველთა ღირსებას უახლოესი სამი წლის განმავლობაში დაიცავს.

ორიოდე სიტყვით ზემოიმერული გუნდის მორიგი ახალწვეულების შესახებ:

გიორგი კუხიანიძე – ნახევარმცველი; დაბადებული – 01.07.1992; სიმაღლე – 180 სმ, წონა – 73 კგ.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონთან” კონტრაქტის გაფორმებამდე გიორგი კუხიანიძე ქუთაისის ”ტორპედოში” ასპარეზობდა.

“თავისი ტექნიკური არსენალით, პასის კულტურითა და არაორდინარული თამაშით გიორგი ქუთაისური გუნდის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა გახლდათ. მას თანაგუნდელებს პასებით მომარაგება შეუძლია, ამავე დროს, არც თავად ერიდება კარში დარტყმებს და საგოლე ალღოც არ ღალატობს” – ასე ახასიათებდა 2013 წლის მიწურულს გიორგის ასპარეზობას ყოველდღიური სპორტული გაზეთი “ლელო”.

***

გიორგი ფანცულაია – თავდამსხმელი; დაბადებული – 06.01.1994; სიმაღლე – 177 სმ, წონა – 76 კგ.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონთან” კონტრაქტის გაფორმებამდე გიორგი ფანცულაიაც ქუთაისის ”ტორპედოში” ასპარეზობდა. ეროვნულ ჩემპიონატსა და თასის გათამაშებაში 2011-2013 წლებში ნიჭიერმა თავდამსხმელმა ქუთაისელთა მაისურით 46 შეხვედრა ჩაატარა და თავი 9 გატანილი გოლით გამოიჩინა. გიორგი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრია, თავის დროზე მას ჩვიდმეტ- და ცხრამეტწლამდელთა ნაკრებ გუნდებშიც წარმატებით ასპარეზობდა.

***

დღესვე გუნდის ახალწვეულებმა სამედიცინო-დიაგნოსტიკურ ცენტრ “სიტი-სპორტში” სამედიცინო შემოწმება გაიარეს.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

“ზესტაფონი” სამედიცინო შემოწმების გასავლელად შეიკრიბა

2014 წლის 8 იანვარს საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პირველი გუნდი საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის მეორე ნაწილისათვის მზადებას შეუდგა. ზამთრის არდადეგების შემდეგ, გუნდი დღეს თბილისში შეიკრიბა – სამედიცინო-დიაგნოსტიკურ ცენტრ “სიტი-სპორტში” იმერული კლუბის ფეხბურთელებს სამედიცინო შემოწმება უტარდებათ.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

ახალგაზრდა გოლკიპერი “ზესტაფონის” რიგებში

ზემოიმერელთა რიგებს კიდევ ერთი ფეხბურთელი შეემატა – 22 წლის ახალწვეულის სახელია დავით კუპატაძე. ახალგაზრდა გოლკიპერი, რომელიც ბოლო პერიოდში ქუთაისის “ტორპედოში” ასპარეზობდა, “ზესტაფონის” ღირსებას შემდეგი ორი წლის მანძილზე დაიცავს.

ორიოდე სიტყვით ახალწვეულების შესახებ: დავით კუპატაძე – გოლკიპერი; დაბადებული – 06.06.1991; სიმაღლე – 188 სმ, წონა – 80 კგ.

გთავაზობთ დავით კუპატაძის მცირე კომენტარს, რომელიც მან კონტრაქტის ხელმოწერის შემდეგ, ინტერნეტ-საიტ www.fci.ge-სთან საუბარში გააკეთა: “ტორპედოში” სამი წელი გავატარე და, რა თქმა უნდა, შევეჩვიე ამ კლუბს და ქუთაისელ გულშემატკივარს. კი გამიჭირდა ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ ასე იყო საჭირო …

რაც შეეხება ჩემს ახალ გუნდ “ზესტაფონს”, კონტრაქტს ხელი დღეს მოვაწერე და 8-ში სამედიცინო შემოწმებას გავივლი. სავარაუდოდ, ამ დღეებშივე შევუერთდები გუნდს და ვარჯიშსაც დავიწყებ…

რატომ მაინც და მაინც “ზესტაფონი”? დიდი სურვილი მქონდა, რომ სწორედ ამ კლუბში მეთამაშა. მინდა მადლობა გადავუხადო ამ გუნდის მწვრთნელებს იმის გამო, რომ ჩემზე შეაჩერეს არჩევანი. დიდი ხანი არ მიფიქრია მათ შემოთავაზებაზე, მაშინვე დავთანხმდი…

ჯერ-ჯერობით იმედებზე საუბარი ადრეა, მაგრამ “ზესტაფონს” შესანიშნავი მოთამაშეები ჰყავს და მათ შესწევთ იმის ძალა, რომ საქართველოს ჩემპიონობისთვის იბრძოლონ”…

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

საბანაძე: “გულშემატკივრებს მათი გულების ბევრჯერ გახარებას ვპირდები”

ქუთაისის “ტორპედოდან” “ზესტაფონში” გადასულმა ნიკა საბანაძემ მარგველთა ოფიციალური საიტისათვის კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ის ზესტაფონელ გულშემატკივრებს მათი გულების ბევრჯერ გახარებას პირდება.

“ძალიან კმაყოფილი ვარ “ზესტაფონში” გადმოსვლით! რამდენიმე წინადადება მქონდა, მათ შორის ქართული კლუბებიდანაც… საჩხერის “ჩიხურა” და თბილისის “დინამო” მიწვევდნენ, თუმცა მე “ზესტაფონზე” შევაჩერე არჩევანი, რაშიც დიდი როლი გია გეგუჩაძის ფაქტორმაც ითამაშა…

გეგმებს რაც შეეხება – წელს ევროტურნირებზე თამაში მინდა და გაისად ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპისთვის ბრძოლა. ვფიქრობ “ზესტაფონი” ისეთი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, ამის ძალა ნამდვილად შეგვწევს…

გულშემატკივარს ბოლომდე დახარჯვას, მოედანზე ბრძოლას, თავდადებას და, რა თქმა უნდა, მათი გულების ბევრჯერ გახარებას ვპირდები, როგორც ჩემი კარგი თამაშით და გოლებით, ასევე მთელი გუნდის წარმატებული გამოსვლით .”

ესაუბრა დიმა ნებიერიძე

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

“ზესტაფონმა” ნიკა საბანაძე და ზაზა ჭელიძე დაიმატა

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონში” მორიგი მატებაა – მარგველთა რიგებს კიდევ ორი ფეხბურთელი შეუერთდა. 26 წლის მცველმა ზაზა ჭელიძემ და 22 წლის თავდამსხმელმა ნიკა საბანაძემ ჩვენს კლუბთან ორწლიანი შრომითი ხელშეკრულებები გააფორმეს.

ორიოდე სიტყვით საქართველოს ორგზის ჩემპიონ ზემოიმელთა რიგებში მოსული ახალწვეულების შესახებ:

ზაზა ჭელიძე – ცენტრალური მცველი; დაბადებული – 12.01.1987; სიმაღლე – 187 სმ, წონა – 79 კგ.

”ზესტაფონთან” შრომითი ხელშეკრულების გაფორმებამდე ასპარეზობდა შემდეგ საფეხბურთო კლუბებში: ”ნორჩი დინამოელი” (თბილისი) – 2004-2005; “დილა” (გორი) – 2005-2006; “სიონი” (ბოლნისი) – 2006-2007; ”დინამო” (ბათუმი) -2007; “სიონი” (ბოლნისი) – 2008-2009; “ოლიმპი” (რუსთავი) – 2009; ”დინამო” (ბრესტი, ბელორუსი) – 2010-2011; ”მეტალურგი” (რუსთავი) – 2012; ”ტორპედო” (ქუთაისი) – 2012-2013.

***

ნიკა საბანაძე – თავდამსხმელი; დაბადებული – 02.05.1991; სიმაღლე – 188 სმ, წონა – 78 კგ.

ზაზა ჭელიძის მსგავსად, საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონთან” კონტრაქტის გაფორმებამდე ნიკა საბანაძეც ქუთაისის ”ტორპედოში” ასპარეზობდა. ნიჭიერმა თავდამსხმელმა, რომელიც თბილისის საფეხბურთო სკოლა “ავაზას” აღზრდილია, ქუთათურ კლუბში გატარებული 3,5 წლის მანძილზე მონაწილეობა 92 შეხვედრაში მიიღო და თავი 23 გატანილი გოლით გამოიჩინა.

უნდა ითქვას, რომ ორივე ფეხბურთელს გია გეგუჩაძესთან აქამდეც უმუშავია – ქუთაისელთა შემადგენლობაში ჭელიძეც და საბანაძეც 2011-2012 და 2012-2013 წლებში ეროვნული პირველობის ბრინჯაოს მედლების მფლობელები არიან.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

პირველი ეტაპი – ზესტაფონი

Fanebi.com აგრძელებს უმაღლესი ლიგის პირველი ეტაპის შეჯამებას. დღეს ჩვენი სტუმარი, საფეხბურთო კლუბი “ზესტაფონი” იქნება.

ევროთასების გარეშე დარჩენილმა “ზესტაფონმა” სეზონის სტარზე სამეულში დაბრუნება დაისახა მიზნად და ზაფხულში სატრანსფერო ბაზარზე საკმაოდ აქტიურიც იყო. კლუბი როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ფეხბურთელებით გაძლიერდა, რომლებსაც სათავეში სერბი სპეციალისტი, რატკო დოსტანიჩი ჩაუდგა.

დოსტანიჩს საქმე კარგად ნამდვილად არ წაუვიდა. პირველი გამარჯვება “ზესტაფონმა” მხოლოდ მეხუთე ტურში მოიპოვა. ზესტაფონელებმა საკუთარ მოედანზე გორის “დილას” დაამარცხეს. ამ გამარჯვებას შედარებით ნორმალური მატჩების სერია მოჰყვა, სადაც “ზესტაფონმა” ქულების მოგროვება შესძლო. თუმცა, კლუბის ხელმძღვანელობამ მაინც მიიღო რატკო დოსტანიჩის კლუბიდან გაშვების გადაწყვეტილება. საქმე იმაშია, რომ ზესტაფონური კლუბი თასის გათამაშებიდან გამოვარდა, სადაც იმერლებმა ბოლნისის “სიონის” ბარიერი ვერ გადალახეს.

რატკო დოსტანიჩი “ზესტაფონის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე გია გეგუჩაძემ შეცვალა. სწორედ გეგუჩაძის სახელს უკავშირდება ზესტაფონური კლუბის ყველაზე მნიშნელოვანი მიღწევები.

გეგუჩაძის სადებიუტო მატჩი თბილისი “დინამოსთან” ჰქონდა. იმერლებმა საკმაოდ კარგი შეხვედრა ჩაატარეს და რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილებმა, მხოლოდ უკანასკნელ წუთზე გაუშვეს მეორე გოლი და მინიმალური სხვაობით დამარცხდნენ.
ამ მატჩის შემდეგ “ზესტაფონმა” “ტორეპდოსა” და “მეტალურგს” მოუგო და საბოლოოდ ზამთრის არდადეგებზე მეშვიდე პოზიციაზე გავიდა.
ზესტაფონელები მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩებიან მეექვსეზე მყოფ “მეტალურგს”, რაც იმას ნიშნავს, რომ მეორე ეტაპზე ექვსეულისთვის ბრძოლა უკდურესად დაძაბული იქნება.

ახალ წლის შემდეგ “ზესტაფონი” საგრძნობლად გააქტიურდა სატრანსფერო ბაზარზე. ამ ეტაპისთვის იმერულმა კლუბმა უკვე ოთხი ახალი ფეხბურთელი დაიმატა. ესენი არიან: თეიმურაზ ღონღაძე, გრიგოლ დოლიძე, გიორგი გურული (სამივე “დილა”) და დიმიტრი ტატანაშვილი (“ჩიხურა”).

 

“ზესტაფონს” დიმიტრი ტატანაშვილი შეუერთდა

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” მიმდინარე პირველობის საუკეთესო ბომბარდირი შეუერთდა. 30 წლის ფორვარდი დიმიტრი ტატანაშვილი, რომელსაც ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში მრავალ კლუბში წარმატებით უასპარეზია, იმერული კლუბის ღირსებას მომდევნო ორი (1+1 სისტემით) წლის განმავლობაში დაიცავს.

ორიოდე სიტყვით ფეხბურთელის შესახებ: დიმიტრი ტატანაშვილი – თავდამსხმელი; დაბადებულია – 19.10.1983; სიმაღლე – 186 სმ, წონა – 79 კგ.

კარიერის მანძილზე ასპარეზობდა შემდეგ საფეხბურთო კლუბებში: ”ოლიმპიკი” (თბილისი) – 2001-2003; ”სპარტაკი” (ცხინვალი) – 2003-2005; ”ამერი” (თბილისი) – 2005-2008; ”ვიქტორია” (პლზენი, ჩეხეთი) – 2008- 2010; ”კლადნო” (კლადნო, ჩეხეთი) – 2009- 2010; ”მეტალურგი” (ზაპოროჟიე, უკრაინა) – 2010- 2011; ”დინამო” (თბილისი) – 2011; ”მეტალურგი” (რუსთავი) – 2011-2013; ”დინამო” (თბილისი) – 2013; ”ჩიხურა” (საჩხერე) – 2013.

უნდა ითქვას, რომ გამოცდილმა ფორვარდმა, რომელმაც სახელი ჯერ კიდევ თბილისის “ამერში” წარმატებული თამაშით გაითქვა, გასულ სეზონში თბილისის “დინამოს” შემადგენლობაში ქვეყნის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. განსაკუთრებით მდიდარია დიმიტრი ტატანაშვილის სათასო რეგალიების კოლექცია – ის 3-3-ჯერ არის დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასისა და საქართველოს სუპერთასის მფლობელი, გარდა ამისა, ჩეხეთის თასის 2009-2010 წლების გათამაშების გამარჯვებულიც გახლავთ.

როგორც მოგეხსენებათ, ზესტაფონელთა ახალწვეული მიმდინარე ეროვნული ჩემპიონატის ბომბარდირთა დავას სადღეისოდ 12 გატანილი გოლით ერთპიროვნულად ლიდერობს. აქედან გამომდინარე, სულაც არაა გასაკვირი ის, რომ ინტერნეტ-გვერდმა “მსოფლიო სპორტმა” მიმდინარე პირველობის საშემოდგომო ეტაპის საუკეთესო ფეხბურთელად სწორედ დიმიტრი ტატანაშვილი დაასახელა. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში მას 2 მატჩი აქვს ჩატარებული და ამ მატჩებში 1 გოლიც აქვს გატანილი.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

კიდევ ერთი ახალწვეული მარგველთა რიგებში

ზემოიმერელთა რიგებს კიდევ ერთი ფეხბურთელი შეემატა – 25 წლის ახალწვეულის სახელია გიორგი გურული. მარცხენა მცველი, რომელიც ჯერ ქუთაისის “ტორპედოში”, ბოლოს კი გორის ”დილაში” ასპარეზობდა, “ზესტაფონის” ღირსებას შემდეგი ორი წლის მანძილზე დაიცავს.

ორიოდე სიტყვით მოგახსენებთ მარგველთა ახალწვეულისშესახებ: გიორგი გურული – მცველი; დაბადებულია –31.07.1988; სიმაღლე – 184 სმ, წონა – 80 კგ.

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონთან” კონტრაქტის გაფორმებამდე ასპარეზობდა შემდეგ კლუბებში: ”დინამო-2” (თბილისი) – 2004-2006; ”ტორპედო” (ქუთაისი) – 2006-2007;”შახტიორი-2” (ყარაღანდა, ყაზახეთი) – 2007; ”ბორჯომი” – 2007-2008; ”ტორპედო” (ქუთაისი) – 2008-2013; “დილა” (გორი) – 2013.

 

“გურული 25 წლისაა, ნომინალურად მარცხენა მცველია, ტექნიკური, ბურთის ამოტანა რომ შეუძლია” – ასე ახასიათებს ზესტაფონელთა ახალწვეულს მიმდინარე სეზონის საშემოდგომო ნაწილის შეჯამებისას ყოველდღიური სპორტული გაზეთი “ლელო“.

 

გრიგოლ დოლიძის მსგავსად, 2011-2013 წლებში გია გეგუჩაძის ქუთაისის “ტორპედოში” გიორგი გურულიც ასპარეზობდა და ქუთათურ კლუბთან ერთად ზედიზედ ორჯერ გახდა ეროვნული პირველობის ბრინჯაოს მედლების მფლობელი. მიმდინარე სეზონის პირველი ეტაპი მან “დილაში” გაატარა. გორელთა შემადგენლობაში გიორგიმ ევროკომპანიის ექვსივე მატჩში მიიღო მონაწილეობა, ეროვნულ პირველობაზე კი 15 შეხვედრა ჩაატარა და ფეხბურთის მოყვარულთ თავი საიმედო თამაშით დაამახსოვრა.

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

თეიმურაზ ღონღაძე “ზესტაფონში” დაბრუნდა

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონში” თეიმურაზ ღონღაძე დაბრუნდა. 28 წლის გამოცდილი მცველი, რომელიც მარგველთა რიგებში 2011-2013 წლებშიც ასპარეზობდა, იმერული კლუბის ღირსებას მომდევნო ორი წლის განმავლობაში დაიცავს.

ორიოდე სიტყვით ფეხბურთელის შესახებ: თეიმურაზ ღონღაძე – მცველი; დაბადებულია – 08.09.1985; სიმაღლე – 176 სმ, წონა – 70 კგ.

კარიერის მანძილზე ასპარეზობდა შემდეგ საფეხბურთო კლუბებში: ”ივერია” (ხაშური) – 2001-2003, 2004, ”თბილისი” (თბილისი) – 2003-2004, ”საგარეჯო” (საგარეჯო) – 2005, ”ვიტ-ჯორჯია” (თბილისი) – 2006-2007, ”ბორჯომი” – 2007, ”მესხეთი” (ახალციხე) – 2008, ”ოლიმპი” (რუსთავი) – 2008-2009, 2010, ”სიმურგი” (ზაქათალა, აზერბაიჯანი) – 2010, ”დინამო” (თბილისი) – 2011, ”ზესტაფონი” – 2011-2013,”დილა” (გორი) – 2013.

უნდა ითქვას, რომ დაცვის ორივე ფრთაზე ერთნაირად წარმატებულად მოასპარეზე თეიმურაზ ღონღაძე “ზესტაფონის” შემადგენლობაში 2011-2012 წლების სეზონის ტრიუმფატორი გახლავთ – ჩვენი გუნდის შემადგენლობაში მან ჯერ ჩემპიონის ოქროს მედლები დაისაკუთრა, შემდეგ კი სუპერთასის მფლობელიც გახდა.

თეიმურაზ ღონღაძემ მარგველთა მაისურით ორ ევროკომპანიაში იასპარეზა – 2011 წლის ზაფხულზე მან იმერული კლუბის ღირსება მოლდავურ “დაჩიასთან” და ავსტრიულ “შტურმთან” ჩემპიონთა ლიგის და ბელგიურ “ბრიუგესთან” უეფას ევროპალიგის პლეი-ოფის მატჩებში დაიცვა, 2012 წელს კი აზებაიჯანულ “ნეფტჩისთან” გამართულ შეხვედრებშიც ითამაშა. ეროვნული ჩემპიონატის ეგიდით “ზესტაფონის” შემადგენლობაში მან 48 მატჩი ჩაატარა და თავი 2 გატანილი გოლით გამოიჩინა. საქართველოს ეროვნული ნაკრების რიგებში კი თეიმურაზს 2 მატჩი აქვს გამართული.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

“ზესტაფონს” გრიგოლ დოლიძე შეუერთდა

31 წლის ქართველი ფეხბურთელი გრიგოლ დოლიძე ამიერიდან საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” ღირსებას დაიცავს. მარგველთა პრეს-სამსახურის ცნობით, გამოცდილი მარჯვენა ნახევარმცველი იმერულ კლუბში მომდევნო ორი წლის განმავლობაში ითამაშებს.

“ზესტაფონში” გადასვლამდე, დოლიძე “გურიას”, “მერცხალის”, “სპარტაკის”, “სიონის”, “ამერის”, აზერბაიჯანული “სიმურგის”, თბილისის “დინამოს”, რუსთავის “ოლიმპის”, “ზუგდიდის”, “ტორპედოსა” და “დილას” ღირსებას იცავდა.

ზესტაფონელთა ახალწვეულს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ერთი მატჩი აქვს ჩატარებული.

გამგებლის საახალწლო დაპირება

2013 წლის 30 დეკემბერს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობასთან საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” გულშემატკივართა კლუბის წევრები და ფეხბურთის რიგითი მოყვარულები შეიკრიბნენ…

როგორც მოგეხსენებათ, 2014 წლის 1 იანვრიდან კლუბის დაფინანსების საკითხი ისევ გაურკვეველია. სწორედ ამასთან დაკავშირებით ფეხბურთის გულშემატკივართა ჯგუფი დღეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელს, ბატონ ტარიელ თუთარაშვილს ესტუმრა. შეხვედრა საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა. ქომაგებმა მუნიციპალიტეტის წინა ხელმძღვანელობის მიერ ზაფხულში საფეხბურთო ინფრასტრუქტურის შენახვა-დაფინანსებასთან დაკავშირებული პირობაც გაიხსენეს და კლუბის გადარჩენის საქმეში თანადგომა და დახმარება კიდევ ერთხელ თხოვეს.

 

თავის მხრივ, ბატონმა ტარიელ თუთარაშვილმა დამსწრე საზოგადოებას შემდეგი აუწყა: “გავითვალისწინეთ გულშემატკივრებისა და სპორტული საზოგადოების თხოვნა. ის თანხა, რაც ინფრასტრუქტურული ხასიათის ხარჯების დაფარვას სჭირდება, ახალი წლიდან გამოყოფილი იქნება. ეს თანხა დაახლოებით 300 000 ლარია. ასე რომ, ამ კუთხით პრობლემები აღარ შეიქმნება”.

 

fczestafoni.ge

2013 წლის საუკეთესო კურიოზებში ქართული კურიოზიც მოხვდა

ცნობილმა პორტალმა TVGolo-მ 2013 წლის საფეხბურთო კურიოზების კრებული გააკეთა, რომელშიც “ზესტაფონსა” და მარტვილის “მერანს” შორის, ამხანაგურ მატჩში მომხდარი სასაცილო ინციდენტიც მოხდა. შეგახსენებთ, რომ მარტვილელთა ლეგიონერმა, კრის ბანებამ ზესტაფონელთა კარში ბურთის შეგდება რამდენიმე მეტრიდან ვერ მოახერხა.